Category: სლაიდერი

  • ბევრ ქართველ ოპოზიციონერს შევხვდი, ყველა მხარს უჭერს სტატუსის მიღებას – კუბილიუსი

    ბევრ ქართველ ოპოზიციონერს შევხვდი, ყველა მხარს უჭერს სტატუსის მიღებას – კუბილიუსი

    “ქართულ ოცნებას ეშინია ოპოზიციის, რომელიც იბრძვის საქართველოს ინტეგრაციისთვის ევროკავშირში. ოპოზიცია მოახერხებს ამომრჩევლები დაარწმუნოს, რომ მხარი დაუჭირონ მათ და ასე დასრულდება ქართული ოცნება, როგორც დასრულდა პოპულისტური პარტიები მოლდოვასა და უკრაინაში. 

    მე ძალიან ბევრ ქართველ ოპოზიციონერს შევხვდი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ყველა მათგანი აბსოლუტურად მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. ყველას აშფოთებს, როგორ მოიშორონ თავიდან ოლიგარქიული პარტია და როგორ იქნას მიღწეული გამარჯვება შემდეგი წლის არჩევნებში, ეს არ გახლავთ მარტივი ამოცანა”,

    ასე ეხმაურება ფორმულას ეთერში ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას.

  • რა ბედი ეწია ყოფილ Twitter-ს ელონ მასკის მმართველობის ერთი წლის შემდეგ

    2022 წლის 26 ოქტომბერს ამერიკელმა მილიარდერმა ელონ მასკმა დაასრულა მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი სოციალური ქსელის, Twitter-ის შეძენა 44 მილიარდ დოლარად. გასული წლის განმავლობაში მან და მისმა გუნდმა არა მხოლოდ შეიტანა ცვლილებები სოციალური ქსელის მუშაობაში, არამედ მისი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ გაუქმდა. და, ცხადია, ეს მხოლოდ დიდი ცვლილებების დასაწყისია. ამასობაში Twitter (რომელსაც ახლა ერთი ასოთი ჰქვია – X) ისეთ სიტუაციაშია, როდესაც მსოფლიოს უდიდესი მედია წერს: ნუ ენდობით ყველა ინფორმაციას, რომელიც იქ ქვეყნდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სამხედრო კონფლიქტებს ეხება.

    როგორ მოვიდა ილონ მასკი Twitter-ზე

    2023 წლის იანვარში ამერიკულმა გამოცემა Verge-მ გამოაქვეყნა ფართომასშტაბიანი გამოძიება იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა Twitter-ზე ელონ მასკის მიერ მისი შეძენის პირველივე დღეებსა და საათებში. თანამშრომლების პირველი სამსახურიდან გათავისუფლება ჰელოუინის წვეულების დროს მოხდა. ეს დაემთხვა სოციალური ქსელის შეძენის დასრულებას.

    ამ გარიგების წინა დღესაც ბევრი რიგითი თანამშრომელი ენთუზიაზმით ელოდა მას: ყველაზე პროგრესული მილიარდერი, Tesla ელექტრო მანქანებისა და Space-X კოსმოსური ხომალდების შემქმნელი  მოდის ყველაზე პროგრესულ სოციალურ ქსელში, დაახლოებით 250 მილიონი აქტიური მომხმარებელით თვეში მთელ მსოფლიოში.

    ერთ-ერთმა ამ თანამშრომელმა ილონ მასკი ძველი ბერძნული მითების გმირს, მიდასს შეადარა –  ყველაფერი, რასაც ის ეხებოდა, ოქროდ იქეოდა. Verge წერს, რომ მას  ერთმა თანამშრომელმა უპასუხა,: „მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ როგორც ბერძნული მითოლოგიის გულშემატკივარი ბავშვობიდან, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიდადის ამბავი  არ არის დადებითი ამბავი.. ასე ხდება, როცა მხოლოდ სიმდიდრეზე ხარ ორიენტირებული“.

    თანამშრომლები იხსენებენ, რომ მათ მიიღეს ბრძანება მასკისგან: ამოებეჭდათ მათ მიერ დაწერილი კოდის ბოლო გვერდები და   მასთან თათბირზე მისულიყვნენ. პანიკა დაიწყო – ფაქტია, რომ პანდემიის შემდეგ ბევრი ადამიანი მუშაობდა სახლიდან, სადაც პრინტერები არ იყო. პრინტერს ტვიტერის ოფისში წლების განმავლობაში არ იყენებდნენ, მათ ქაღალდი ამოეწურათ, ზოგი კი გაფუჭდა. როდესაც ეს სირთულეები თითქმის გადალახული იყო, მოვიდა ახალი ბრძანება: გადაყარეთ თქვენი ამონაწერი ნაგვის ურნაში და მოიტანეთ თქვენი ლეპტოპები. საბოლოოდ,  შეხვედრა უბრალოდ ჩაიშალა.

    მალე კომპანიის 7,5-8 ათასი თანამშრომლის დაახლოებით ნახევარმა მიიღო არაპერსონალური შეტყობინებები თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასაც თან ახლდა ქაოსი: ზოგიერთმა უცებ აღმოაჩინა, რომ სამუშაო სისტემებზე წვდომა აღარ ჰქონდა, ზოგმა კი წასვლის შემდეგ  წვდომა თვეების განმავლობაში შეინარჩუნა.

    გათავისუფლებული თანამშრომლებიდან ხუთასზე მეტი სამსახურიდან გათავისუფლებას სასამართლოში აპროტესტებს.

    მასკმა ეს შემცირება იმით ახსნა, რომ კომპანია წამგებიანი იყო, მისი შეფასებით, დღეში 4 მილიონ დოლარს კარგავდა. 2023 წლის აპრილში, BBC-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ კომპანიას ახლა დაახლოებით 1,5 ათასი თანამშრომელი ჰყავს.

    Twitter-ის ოფისში გამოჩენისთანავე  ილონ მასკმა პირობა დადო, რომ მოიშორებდა “წყეულ ჩიტს” – ცისფერ ჩიტს, Twitter-ის დიდი ხნის სიმბოლოს.

    2023 წლის ივლისში მან პირობა შეასრულა: რებრენდინგის შემდეგ Twitter-ს მხოლოდ ასო X-ს ეძახიან.  მასკს ამ ასოს მიმართ  დიდი ხნის სისუსტე აქვს – ის მისი სხვა კომპანიების და თუნდაც მისი შვილის სახელშიც არის,  რომელსაც  X Æ A-12 ქვია. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, რომელთაგან ბევრი გაოგნებული ადევნებდა თვალს ცვლილებებს, ტვიტერის პორნოსაიტად გადაქცევის შესახებ ირონიზირება დაიწყეს: ასო X ინტერნეტში ხშირად აღნიშნავს ზრდასრულთა კონტენტს 1990-იანი წლებიდან.

    როგორ შეცვალა ილონ მასკმა Twitter

    დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ Twitter-ის შემქმნელი ჯეკ დორსი და მისი გუნდი ზომიერად კონსერვატიულები იყვნენ სოციალური ქსელის განვითარებაში. ის დაიწყო 140-სიმბოლოიანი შეტყობინებებით მესამე მხარის რესურსზე ბმულის მითითების შესაძლებლობით. მოდერნიზაცია ეტაპობრივად მიმდინარეობდა: წლების განმავლობაში შესაძლებელი გახდა სურათებისა და ვიდეოების ჩასმა, თრედების გაკეთება – სწორედ ასე  შეგიძლიათ გრძელი ამბის მოყოლა ტვიტების ჯაჭვის გამოყენებით.

    2000-იანი წლებიდან Twitter-ს აქვს უფასო გადამოწმების სისტემა მომხმარებლებისთვის, რომლებიც შემდეგ იღებენ ლურჯ ნიშანს თავიანთ სახელზე. თავიდან ეს უფრო ცნობილი ადამიანების სერვისი იყო – რათა არავინ აერიოს ყალბი ანგარიშები რეალურში, მაგრამ შემდეგ ეს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი პროცედურა გახდა.

    ალბათ ყველაზე ფართოდ  განხილული მოვლენა მომხმარებლებში 2010-იან წლებში იყო ტვიტების ზრდა 140-დან 280 სიმბოლომდე. და მაშინაც კი, Twitter-ის მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება არ იყო დაფუძნებული ეკონომიკურ მიზეზებზე – მათ სურდათ, რომ მომხმარებლებს, რომლებიც საუბრობენ სხვადასხვა ენაზე, ჰქონოდათ საკუთარი თავის გამოხატვის ერთნაირი შესაძლებლობა.

    2023 წლის აგვისტოში ამერიკელმა ჟურნალისტმა რონან ფეროუმ გამოაქვეყნა გრძელი სიუჟეტი ელონ მასკის შესახებ ჟურნალ New Yorker-ში. კერძოდ, ფეროუმ თქვა, რომ Twitter-ის შეძენით მასკმა რეალურად დაიწყო იდეის განხორციელება, რომელიც ნაკლებად  იყო დაკავშირებული სოციალური ქსელის თავდაპირველ კონცეფციასთან.

    მისი დიდი ხნის ოცნებაა შექმნას უნივერსალური აპლიკაცია ყველაფრისთვის: კომუნიკაციისთვის, ონლაინ გართობისთვის, შოპინგისთვის, ბანკისთვის. მას ასევე სურს აზიის პოპულარული საკომუნიკაციო აპლიკაციების ტექნოლოგიების ინტეგრირება, როგორიცაა WeChat. ასე რომ, ტვიტები მხოლოდ დიდი სურათის ნაწილი იქნებოდა.

    თუმცა, ამ მიმართულებით ყველა პირველ ნაბიჯს თან ახლდა მნიშვნელოვანი ქაოსი. მასკმა გააუქმა ტრადიციული ვერიფიკაცია, რადგან, როგორც ფეროუ წერს, მას არ მოსწონს “მედია ელიტა” და შემოიღო ფასიანი ვერიფიკაცია. ამან მაშინვე გამოიწვია ყალბი ან ანონიმური ანგარიშების დიდი რაოდენობის გაჩენა, რომელთა შემქმნელებმა უბრალოდ გადაიხადეს 8 დოლარი იმ უფლებისთვის, რომ დაერქვათ საკუთარი თავისთვის  რაც სურდათ.

    შემდეგ მან და მისმა გუნდმა დაიწყეს Twitter-ის კონცეფციის შეცვლა. ფასიანმა ანგარიშებმა დაიწყეს უპირატესობების მიღება უფასო ანგარიშებთან შედარებით: მათთვის სიმბოლოების ლიმიტი კიდევ უფრო შემსუბუქდა, დაშვებული იყო რედაქტირება და მათი ტვიტების პოპულარიზაცია უფრო ფართო აუდიტორიაში.

    წასაკითხად Twitter-ზე ორი არხი გამოჩნდა. ერთი არის ჩვეულებრივი, სადაც კითხულობ მათ, ვისაც თვალს ადევნებ, მეორეში კი პოპულარული ტვიტების გამოჩენა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინოვაციამ ბევრი დააბნია, მთლიანობაში მოწონება დაიმსახურა. Twitter-ის ერთმა ბრიტანელმა მომხმარებელმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა: ხანდახან ახლო მეგობრებთან ერთად მიდიხარ რესტორანში და ხანდახან დადიხარ პაბში უცხო ადამიანების მასასთან  ერთად.

    ამავდროულად, არ შეიძლება ითქვას, რომ პრომოუტირება  იყო პატიოსანი:  ელონ მასკის საკუთარი ტვიტები ფაქტიურად ყველა მომხმარებლის ნიუსფიდში აღმოჩნდა. Gizmodo, თავის წყაროებზე დაყრდნობით, 2023 წლის თებერვალში იტყობინება, რომ მასკმა ინჟინრებს უბრძანა, გაეზარდათ მისი ტვიტების წვდომა ათასჯერ.

    2023 წლის აგვისტოში ვაშინგტონ პოსტმა აღმოაჩინა, რომ სოციალური ქსელი X ხუთი წამით აჭიანურებდა ზოგიერთი რესურსის ბმულებზე დაწკაპუნებას, რომლებსაც ელონ მასკი ასე თუ ისე აკრიტიკებდა. ეს არის ფეისბუქი და ინსტაგრამი, რომლებიც ეკუთვნის კორპორაცია Meta-ს , გაზეთი New York Times და საინფორმაციო სააგენტო Reuters. Washington Post-ის მიერ მოყვანილი კვლევის თანახმად, მომხმარებელთა დაახლოებით 53% ხურავს ჩანართს, თუ ის არ იწყებს კონტენტის ჩვენებას სამი წამის განმავლობაში.

    ხშირად, ყველა ამ ცვლილებას თან ახლდა მნიშვნელოვანი ტექნიკური ხარვეზები. მაგალითად, 2023 წლის 30 ივნისს X-მა შემოიღო ლიმიტი ტვიტების ნახვების რაოდენობაზე, მეტი ფასიანი მომხმარებლებისთვის, ნაკლები უფასო მომხმარებლებისთვის. ამან განაპირობა ის, რომ მთელს მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის, არხი უბრალოდ შეჩერდა რამდენიმე საათის განმავლობაში.

    Twitter-ის თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ იმ დღეს საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა მწვანე ველის ფოტო – წარწერის გარეშე. ეს არის მინიშნება პოპულარულ მემზე 2023 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში: თუ სტრესი გაქვთ, უბრალოდ წადით და შეეხეთ ბალახს.

    კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ილონ მასკი სოციალური ქსელის სუპერ აპლიკაციად ქცევას ცდილობს, გამოჩნდა 2023 წლის აგვისტოში – X-მა გამოაქვეყნა ახალი კონფიდენციალურობის ხელშეკრულება, რომელიც ითხოვს ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების ნებართვას (დაზუსტების გარეშე, რა იგულისხმება და რატომ არის ეს საჭირო).

    როგორ გახდა სოციალური ქსელი X დეზინფორმაციის მასიური წყარო

    რა თქმა უნდა, არ შეიძლება ითქვას, რომ ილონ მასკამდე Twitter-ზე ყალბი ინფორმაცია არ ყოფილა. Science-ის მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, აშკარა სიცრუისა და პროვოკაციების შემცველი ტვიტები ყოველი გახმაურებული მოვლენის შემდეგ ფეთქებადი ტემპით ჩნდებოდა და მათი გავრცელების მაჩვენებელი შვიდჯერ აღემატებოდა სანდო ინფორმაციის გავრცელებას, მაგალითად, ოფიციალური მედიის ანგარიშებიდან.

    ამავდროულად, Twitter-ს ჰქონდა სპეციალური განყოფილება, რომელიც ან ბლოკავდა ყალბი ამბების შემცველ ინფორმაციას, ან მომხმარებლებს აძლევდა უფლებას გაეკეთებინათ სპეციალური განმარტებები პირდაპირ თავდაპირველ ტვიტში, რომ ის შეიცავს სიცრუეს. ელონ მასკის მოსვლასთან ერთად ეს განყოფილება შემცირებაში მოყვა.

    შედეგად, ახლა მსოფლიო მედია, როგორიცაა Bloomberg, Washington Post, Guardian, Al Jazeera და მრავალი სხვა პირდაპირ ეუბნებიან მკითხველს, რომ არ ენდონ ყველა ინფორმაციას Twitter-დან. ევროკომისიამ ჩაატარა კვლევა და 2023 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ Twitter-ზე ყალბი ამბების წილი უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერ სხვა სოციალურ ქსელში.

    2022 წლიდან ასობით ყალბი ამბავი მიეძღვნა რუსეთსა და უკრაინას შორის ომს – სიცრუის შემცველი შეტყობინებები ავრცელებდნენ სხვა ქვეყნებში და სხვა წლებში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს. ევროკომისარმა ვერა ჟუროვამ, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი დეზინფორმაციის ხელშეწყობისთვის მილიონობით ევროს დახარჯვაში. 2023 წელს, მისი თქმით, „კრემლის მიერ მხარდაჭერილი ანგარიშების“ წვდომა და გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.

    ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დაწყებისთანავე დაიწყო ყალბი ინფორმაციის ახალი ტალღა. NBC-ის რეპორტიორმა ბენ კოლინზმა Twitter-ს ამ დღეებში „სიტყვასიტყვით ომის ზონა“ უწოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ მინისტრი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში (ეს არ შეესაბამება სიმართლეს), რომ ისრაელი თავს დაესხა ეკლესიას ღაზას სექტორში (ასევე არ შეესაბამება სიმართლეს). სამი წლის წინ სირიაში ჩხუბის ვიდეო გავრცელდა, როგორც პალესტინის ტერიტორიებზე გადაღებული. და ეს მხოლოდ მაგალითების მცირე ნაწილია.

    თვით ელონ მასკმაც კი მოიხსენია საეჭვო წყაროები მის ანგარიშში 150 მილიონი გამომწერით და შემდეგ  ეს შეტყობინებები წაშალა.

    „ტვიტერის დაღუპვის დაჩქარება არ არის გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სისასტიკე. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მან მოახერხა მსოფლიოს უბედურების გაღრმავება“, – წერს Guardian-ის მედიის მიმომხილველი მარგარეტ სალივანი.

    ასევე მნიშვნელოვნად გაუარესდა რეკლამის ხარისხი  ნიუსფიდში და ნიშანი იმისა, რომ ტვიტი ფასიანია, თითქმის უხილავი გახდა. ასე რომ, ნიუსფიდში  შეგიძლიათ იხილოთ აზარტული თამაშების რეკლამები, შეთავაზებები დახარჯოთ 200 დოლარი და მიიღოთ 5 ათასი კვირაში – და ა.შ.

    ამ ფონზე, ილონ მასკმა მორიგი არამეგობრული ნაბიჯი გადადგა ტრადიციული მედიის მიმართ. ახლა თუ თქვენ გამოაქვეყნებთ მათგან რაიმე მასალის ბმულს X-ში, სოციალური ქსელი დამალავს მის სათაურს. მასკმა დაადასტურა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მისი თქმით, ესთეტიკური მიზეზების გამო.

    „ჩემი გამოცდილება აჩვენებს, რომ დეზინფორმაცია ტვიტერზე კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა.ხალხი იყენებს სისტემას და მიიჩნევს მას სიმართლის კარგ წყაროდ“, – თქვა ილონ მასკმა BBC-სთან ინტერვიუში 2023 წლის აპრილში.

    შეძლებს ვინმე დაიკავოს Twitter-ის ადგილი?

    რა თქმა უნდა, ლოიალური მომხმარებლების დიდი რაოდენობა და ათწლეულების განმავლობაში აშენებული რეპუტაცია სოციალურ ქსელ X-ს ანიჭებს  სიმყარის დიდ რესურსს. მაგრამ კონკურენტები, რომლებმაც შეიგრძნეს ტვიტერის სისუსტე, უკვე მოქმედებენ.

    2023 წლის ივლისში მეტამ შემოიტანა მობილური აპლიკაცია Threads. თავდაპირველად ის ინსტაგრამის ნაწილად იყო ჩაფიქრებული, რაც იქ ტექსტური შეტყობინებების დატოვების შესაძლებლობას აძლევდა მომხმარებელს. მაგრამ X-ის პრობლემების ფონზე, მარკ ცუკერბერგის კორპორაციამ გადაწყვიტა შეექმნა პირდაპირი კონკურენტი.

    შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენი Instagram პროფილის გამოყენებით, დაამატოთ მეგობრები იქიდან, დატოვოთ ხმოვანი ან ტექსტური შეტყობინება 500 სიმბოლომდე, დადოთ ბმული ან სურათი. შეგიძლიათ ხელახლა გამოაქვეყნოთ შეტყობინებები და მოიწონოთ ისინი. მოკლედ, Threads მაქსიმალურად ჰგავს Twitter-ს.

    მაგრამ სოციალურმა ქსელმა დიდი წარმატება ვერ მოიპოვა.ამუშავების  შემდეგ ის 100 მილიონჯერ იქნა გადმოწერილი, მაგრამ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ  ქსელში 8 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი აღარ დარჩა. ყველაზე მეტად ხალხის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ რომ Instagram-თან დაკავშირებული ექაუნთის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ Instagram-თან ერთად.

    Threads-მა ვერ შეძლო დაუყოვნებლივ  ჩაშვება ევროკავშირში; მათ დრო დასჭირდათ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შეესაბამება სოციალური ქსელის მომხმარებლის მონაცემების შეგროვება ევროპულ კანონებს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. რუს აუდიტორიას მცირე შანსი ჰქონდა საერთოდ გაცნობოდა ამ აპლიკაციას, ხელისუფლებამ ის დაბლოკა გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ.

    ეს სოციალური ქსელი ასევე ვერ გახდა “ტვიტერის მკვლელი”, როგორც Threads-ს ეძახდნენ გამოქვეყნებიდან პირველ დღეებში.

    Bluesky სოციალური ქსელი ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს. მისმა თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ მასზე მუშაობა მაშინ დაიწყო, როცა ჯერ კიდევ Twitter-ზე მუშაობდა. მისი იდეა იყო არა მშობელ კომპანიასთან კონკურენცია, არამედ ყველა სოციალური ქსელისთვის კონტენტის კურაციისა და მოდერაციის საერთო სისტემის შექმნა, ღია პროტოკოლზე დაყრდნობით.

    Bluesky-ს ასევე აქვს Twitter-ის ყველა ძირითადი ფუნქცია: შეტყობინებები 300 სიმბოლომდე, ჰეშთეგები, პოპულარული პოსტების ძიება. ახლა მას ჰყავს 1 მილიონი აქტიური მომხმარებელი და იქ მოხვედრა შესაძლებელია მოწვევის მეშვეობით მათგან, ვისაც უკვე აქვს ანგარიში. Bluesky-ის სრული გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

    იგივე იანვრის Verge-ს გამოძიება დასრულდა სიტყვებით, რომლებიც, თითქოს დღეს დაიწერა: „მასკმა არ იცის, თუ რა არის სინამდვილეში გატეხილი. სწორედ კორპორატიულმა კულტურამ აქცია Twitter ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სოციალურ ქსელად მსოფლიოში. ეს არის წესები, რომლებზედაც აშენდა ამ პლატფორმის უსაფრთხოება. და ეს არის მომხმარებლების ნდობა, რომლებიც ყოველდღე ავსებენ მას თავიანთი საუბრებით. ახალი ამბები და თავისებური ხუმრობები – ეს იყო Twitter-ის ნამდვილი ღირებულება და მისი წვლილი მსოფლიოში.”

  • თუ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ვერ გაიმარჯვა, სამუდამოდ ჩაბეტონდება ოლიგარქია – სააკაშვილი

    მომავალი არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია და უტოლდება 1990 წლის არჩევნებს, როდესაც საქართველოში კომუნისტური პარტია დამარცხდა და გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ.

    თუ შემდეგ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ვერ გაიმარჯვა, სამუდამოდ ჩაბეტონდება ოლიგარქის მმართველობა და ქართული სახელმწიფო დაჩქარებული ტემპით წავა დასასრულისკენ.

    სწორედ ამიტომ, ამ არჩევნებში ყველა ქართველის მონაწილეობა გადამწყვეტია, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.

    ჩემი თხოვნით, ამერიკაში “გამარჯვების კოალიციის” დელეგაცია ხვდება დიასპორას – თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ვაშაძე არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებების გაუწევენ კოორდინაციას, სოფო ჯაფარიძე ესპანეთში და იტალიაში ამავე მიზნით იმყოფებოდა, შემდეგი შეხვედრა ექნება შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

    შემდეგ არჩევნებზე, წინა არჩევნებთან შედარებით, ათჯერ მეტი ადამიანი უნდა დავარეგისტრიროთ და მივიყვანოთ, ამიტომაც მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებსაც დიასპორაში: ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, რათა არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა.

    წერს ამის შესახებ, Facebook-ზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

  • “შავი ზღვა ახალი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გრავიტაციის ცენტრი ხდება”- გვარამია კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვაზე

    ”ძალიან კარგია, რომ უკვე ამ კონტექსტში იხილება საქართველო, შავი ზღვის კონტექსტში. შავი ზღვა იხილება, როგორც გრავიტაციის ახალი ზონა, გეოპოლიტიკურიც, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ზონა ევროპაში, როგორც გეოპოლიტიკური, ისევე ეკონომიკური თვალსაზრისით. და ამ კონტექსტში მოხსენიებულია ორი მთავარი ასე ვთქვათ, მოთამაშე, საქართველო და უკრაინა. ეს ძალიან მაგარი რამეა, სინამდვილეში.

    ჩემი ხედვით, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მომავალი სწორედ ეს არის და ეს უნდა გამოვიდეს. ამას ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლება, თავისთავად ცხადია და ეს ფაქტებით ვიცით, “რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაზე”, ეს ბიძინა ივანიშვილის ციტატაა. სხვათაშორის, ჩემს ეთერში ნათქვამი მამუკა ხაზარაძის მიერ პირველად. და ეს ამ ქვეყნის პოზიციაა ამ წუთში და მისი ხელისუფლების, სამწუხაროდ. და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამიტომაც ჩაიშალა. ამერიკაში, სხვათაშორის საუბარი მქონდა ოჩამჩირეზეც, მაშინ არ იყო ეს ამბები მომხდარი და ოჩამჩირე არის კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი ღრმაწყლოვანი პორტის თვალსაზრისით, და ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო ხიდი ოკუპირებულ ტერიტორიასთან. მაგრამ მერე რა მოჰყვა, ახლა ოჩამჩირეში რა ხდება, კი ვხედავთ. და საქართველოს ხელისუფლების ნულოვან რეაგირებასაც ვხედავთ.

    ეს არის საქართველოს მომავალი. ეს არის მისი ევროკავშირში ყოფნის მთავარი შედეგი იქნება, იმიტომ რომ ევროკავშირში მყოფი საქართველო იქნება სტრატეგიულად სანდო პარტნიორი. და, მეორე მხრივ, ეს დააჩქარებს ევროკავშირში შესვლას, ამ ტიპის გეოპოლიტიკური ინტერესი. ევროპისთვის არ არის მარტო ის საკმარისი, რომ საქართველოს აინტერესებს ევროპა. მნიშვნელოვანია, რომ ასევე მას აინტერესებდეს საქართველო. და საქართველო, რეალურად, იქნება მთავარი დამაკავშირებელი გზა კასპიიდან შავ ზღვამდე და კასპიის მიღმა შუა აზიიდან, ჩინეთიდანაც კი, და შავი ზღვის გავლით შეიძლება გაიშალოს ყველა ევროპული მიმართულება – კონსტანცა, რაც რუმინეთია, ვარნა და ბურგოსი, რაც ბულგარეთია და, რა თქმა უნდა, ოდესა ილიჩოვსკი, რაც უკრაინაა და იქიდან უკვე დაიფაროს ყველა ტიპის პროდუქტით, მათ შორის, ენერგომატარებლებით მთელი ევროპა.

    და ამ ვითარებაში უკან იქნება მოტოვებული დღევანდელი ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი ამ სანაპიროზე, აღმოსავლეთ სანაპიროზე შავი ზღვის და ეს არის რუსული პორტი, ნოვოროსიისკი. ეს არის მნიშვნელობა ამ ყველაფრის და მნიშვნელობა არის ის, რომ აი ეს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილება გამოიწვევს უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილებას და ამიტომ, როცა ამხელა ეკონომიკური ინტერესია დასავლეთის მხრიდან, ყოველთვის შემოყვება უსაფრთხოების გარანტიები შეიარაღებული ძალების სახით, დაცვის სახით, ამ ობიექტების. ეს არის ეკონომიკა, რომელსაც უნდა შემოყვეს უსაფრთხოება და არა პირიქით. ეს ყველაზე კარგი სქემაა და დღევანდელი განხილვები ამას ცხადყოფდა.

    ხელისშემშლელი ფაქტორიც დასახელებულ იქნა – ეს არის რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება ერთობლივად. დემოკრატიული არჩევნების და ხელისუფლების ცვლილების გარეშე ეს ამბავი არ გამოვა. ისევე როგორც, არ გამოვა ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია. არ გამოვა და მორჩა”.

    ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია აშშ-ის კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით საუბრობს.

  • შეცდომა იქნებოდა, ივანიშვილმა და სხვებმა იფიქრონ, რომ არ იქნებიან სანქციების სამიზნე – კრამერი

    შეცდომა იქნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და სხვებმა ქართული ოცნებიდან იფიქრონ, რომ ისინი არ იქნებიან სანქციების სამიზნეები. ვფიქრობ, რომ მან [ივანიშვილმა] თვალი უნდა გაისწოროს მიმდინარე მოვლენებს, მაგალითად, რა ხდება მოლდოვაში, როდესაც პრემიერმინისტრის დასანქცირება მოხდა, ასევე უკრაინაშიც, მთავრობის წარმომადგენლების დასანქცირება რომ მოხდა აშშ-ის მხრიდან. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ბატონმა ივანიშვილმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მიმდინარე მოვლენებზე და არ უნდა ჩათვალოს, რომ 5 სანქცია, რომელიც აქამდე დაწესდა, იქნება დასასრული. მე ვიმედოვნებ, რომ დამატებითი სანქციები არ იქნება საჭირო, თუმცა ვღელავ, რომ ეს ასეა და აუცილებლად იქნება ამის საჭიროება.

    აცხადებს ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი ფორმულას ეთერში.

  • საქართველო კარგ ფორმაშია და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიიღოს – ორბანი

    “საქართველო კარგი ქვეყანაა, ის კარგ ფორმაშია და მზად არის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. დღეს ჩვენ ტექსტს შევადგენთ და იმედი მაქვს, რომ ამის შედეგი იქნება საქართველოს მოხსენიება ევროკავშირის მომავალ წევრად.”

    ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში ლიდერების შეხვედრის წინ განაცხადა.

  • “პატრულმა ყველა შემომსვლელი ხომ არ შეიძლება ტიკ-ტოკში ეძებოს” – გომელაური

    “ამ ქალბატონის გვარი ახლა პირველად გავიგე, არ ვიცი, თუ დარღვეული აქვს, პასპორტში თუ ჩარტყმული აქვს ხოლმე, იქიდან გამომდინარე ჯარიმდებიან ხოლმე, ან ქვეყანაში არ უშვებენ, ან ჯარიმდებიან, როგორც კანონია. პატრულის თანამშრომელმა იცის, არმიის წევრი ვინ არის რუსეთში, ან, რა ვიცი, მთელ მსოფლიოში? ყველა შემომსვლელზე ხომ არ შეიძლება ფეისბუქში ეძებონ და ტიკ-ტოკში ეძებონ, სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე, თუ პასპორტში ჩარტყმული აქვს და დარღვეული აქვს, რა თქმა უნდა, დააჯარიმებენ”,

    ასე პასუხობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის არმიის წევრის საქართველოში ყოფნაზე კითხვას.

  • IDF-ი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

    ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ღაზას სექტორში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი, ჰასან ალ-აბდულა მოკლეს.  ჰასან ალ-აბდულა სარაკეტო თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი.

    IDF ამბობს, რომ  შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-აბდულას ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია დაზვერვისგან მიიღეს.

    როგორც ცნობილია, საჰაერო თავდასხმებს “ჰამასის” ტერორისტული ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრი შეეწირა.

  • სულ ამოდიან თბილად, სიყვარულით მერე მიდიან – მლეთაში ლომისის ტაძრის წინამძღვარი რუსებზე

    ” ესენი სულ ამოდიან ასე, ჩვენ არანაირი დაძაბულობას არ გვიქმნიან ისინი, ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მერე მიდიან.” –  აცხადებს მლეთაში ლომისის ტაძრის წინამძღვარი მამა დავით ბურდული რუსებზე საუბრისას.

    “ძალიან საფრთხილო თემაა ამ საზღვარზე ასეთი განცხადებები და მე მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც, რომ როდესაც რაღაც რეპორტაჟს აკეთებენ, რომ ძალიან ფრთხილად გააკეთონ ეს რეპორტაჟი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ე.წ დროებითი საზღვარია და ძალიან სიფრთხილეა საჭირო, რომ ზედმეტი გაღიზიანება აღარ გავაკეთოთ ჩვენ. […] ესენი სულ ამოდიან ასე, ჩვენ არანაირი დაძაბულობას არ გვიქმნიან ისინი, ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მერე მიდიან. ასეთი განცხადებები, რომელიც გავიდა ერთ-ერთი ტელევიზიის არხზე, უფრო მეტ დაძაბულობას შეგვიქმნის ჩვენ აქ და ჩვენი თხოვნაა შემდეგში ჟურნალისტებმა გაითვალისწინონ ეს საკითხი”, – ამბობს ლომისის ტაძრის წინამძღვარი.

    დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ სოფელ მლეთაში ჩავიდა და ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით ისაუბრა. გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილზე რუსი სამხედროები არიან ასულები.

  • სტატუსს მთავრობა ქართველი ხალხის სახელით მიიღებს – პაპუაშვილი

    საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის სახელით მიიღებს. ეს არის ის, რაზეც ჩვენი კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალია დაფუძნებული. ვინც ცდილობს, რომ ასეთი მიდგომები უარყოს, ეს ტიპური რუსული სტილია – როდესაც, ქვეყანაში არა სახელმწიფო და მთავრობა იგულისხმება, არამედ, იგულისხმება რაღაც ჯგუფები, რომლებიც მას მოსწონს […] ის შედეგები, რაც ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ვაჩვენეთ, იმის ოპტიმიზმს მაძლევს, რომ ამას სათანადოდ დაინახავენ, შეაფასებენ და აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება.

    განაცხადა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.