Category: სლაიდერი

  • რუსეთში, ბელგოროდის ოლქში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა

    რუსეთში, ბელგოროდის ოლქში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ბელგოროდის რაიონში ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე ჩამოვარდა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ილ-76–ის ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ბელგოროდის რეგიონში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ,  თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი.

    დეპარტამენტში არ აკონკრეტებენ, არიან თუ არა ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილები.

    მანამდე ტელეგრამის არხებმა და სამხედრო ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია ბელგოროდის რეგიონის კოროჩანსკის რაიონში ილ-76-ის ჩამოვარდნის შესახებ და გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს თვითმფრინავის დაცემა და აფეთქება მიწაზე.

    უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ „ეს მათი ნახელავია“. ეს ციტატა გამოაქვეყნეს Ukrayinska Pravda-მ და RBC-Ukraine-მა. წყაროს ცნობით, ჩამოვარდნილ ილ-76-ს არ გადაჰყავდა პატიმრები, არამედ დიდი ალბათობით გადაჰქონდა რაკეტები S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

    მოგვიანებით, უკრაინსკა პრავდამ დაარედაქტირა ახალი ამბები, და ამოიღო სიტყვები უკრაინელი სამხედროების “ნახელავის” შესახებ.

    ბელგოროდის გუბერნატორმა, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინების გარეშე, მანამდე ტელეგრამის არხზე დაწერა: ”ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. სამუშაო განრიგი შევცვალე და რაიონში წავედი. ყველა დეტალი მოგვიანებით.”

    ილ–76 სოფელ იაბლონევოდან ხუთ-ექვს კილომეტრში დაეცა, ადგილზე ნგრევა არ მომხდარა, განუცხადა TASS-ს ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელმა.

    იყვნენ თუ არა მართლაც ბორტზე უკრაინელი ტყვეები, ამის შესახებ მედიას გასხვავებული ვერსიები აქვს.

    არაფერია უცნაური იმაში, რომ ავიაცია გამოიყენება გაცვლის განსახორციელებლად.
    ტყვეთა გაცვლის კადრებში ჩვეულებრივ ვხედავთ, რომ პატიმრები შეხვედრის ადგილზე ავტობუსით გადაჰყავთ. მაგრამ პატიმრები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნის შემდეგ თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე დაკავების ადგილებში იყვნენ გადაყვანილი, მაშინ ისინი როგორმე უნდა მიუახლოვდნენ საზღვარს და სავსებით შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს პირის დაუყოვნებლივ გადაყვანა ტიუმენიდან ბელგოროდში, ხარკოვის რეგიონის საზღვართან.

    აქამდე გაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცების ნათესავებთან ინტერვიუებში არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ თვითმფრინავები გამოიყენებოდა პატიმრების გაცვლის ადგილზე გადასაყვანად. და ამისთვის ძირითადად ილ–76 გამოიყენებოდა.

  • როგორი ამინდი იქნება 28 იანვრამდე

    როგორი ამინდი იქნება 28 იანვრამდე

    25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 27 იანვრიდან კვლავ  ნალექიანი ამინდი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    თბილისში 25-26 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 27 იანვარს თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი იქნება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -2, +2 გრადუსია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსია მოსალოდნელი.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურას დღის საათებში +4, +6 გრადუსს ვარაუდობენ.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო,): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, -3 გრადუსია მოსალოდნელი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსია მოსალოდნელი.

  • ხაზარაძემ კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

    ხაზარაძემ კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

    პარტია ”ლელოს”  ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.  როგორც  ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს,  კალაძის განცხადება ხაზარაძეზე არის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ცნობების გავრცელება.

    “ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც არის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ცნობების გავრცელება. ჩვენ შეგვაქვს სარჩელი ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით და ვთხოვთ სასამართლოს, რომ კალაძეს დაავალოს ამ ცნობების უარყოფა.  ამ ბოლო დროს სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკაშირებით, ასეთი ტიპის სარჩელებზე ცოტა უცნაური პრაქტიკა დამკვიდრდა, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე საფუძველი იყოს არ მიღების. სახეზე არის ყალბი ცნობების გავრცელება, შესაბამისად, სახეზე არის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას და დანარჩენი, დაველოდოთ სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას” – თქვა ხაზარაძის ადვოკატმა.

  • აუცილებელია აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანზე ავტობუსის ზოლები მოეწყოს – კალაძე

    დანიურმა კომპანია რამბოლმა სამი წლის განმავლობაში იმუშავა თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე. სამუშაოები დასრულდა, წარმოდგენილია დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც შეიცავს რიგ სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებს, რომელთა მიზანია დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება 20 წლიან პერსპექტივაში. შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითისთვის ასეთია თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნების პროექტები, რომლის ფარგლებში ეწყობა საავტობუსო ინფრასტრუქტურა. ასევე 18-მეტრიანი ავტობუსები შევისყიდეთ, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს. […]

    თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი. სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით, ეს შეიძლება იყოს ტრამვაი, შეიძლება იყოს მეტრო.

    ზოგადად დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდ პრობლემას წარმოადგენს, ისეა გადატვირთული აღმაშენებლის ხეივანი, ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ იმისთვის, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს საცობში გაჭედილი, ამისთვის აუცილებელია აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანზე საავტობუსე ზოლები მოეწყოს. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობა უმნიშვნელოვანესი თემაა.

    თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

  • სარფში 128 159 ლარის ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფზე” 128,159 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. 

    “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 128 159 ლარს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

    საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

  • სწორედ რეგულაციების შედეგია ასეთი ძვირი რომაა სესხის აღება – გიგა ბოკერია

    სწორედ რეგულაციების შედეგია ასეთი ძვირი რომაა სესხის აღება – გიგა ბოკერია

    ამ ვითარებაში გამოსავალია არა დამატებითი რეგულაციები, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შანსი, საკუთარი შრომით მოიპოვონ შემოსავალი და ასეთ რთულ და ტრაგიკულ ვითარებაში არ აღმოჩნდნენ. ყველა, ვინც დღეს დამატებითი რეგულაციებს მოითხოვს მდიდარი ევროპული ქვეყნების მაგალითებით, ივიწყებს იმას, რომ ამ სფეროში უამრავი რეგულაცია უკვე შემოტანილია ამ რეჟიმის წყალობით. ზერეგულაციები დაწესდა სწორედ მოქალაქეებზე ზრუნვის მოტივით და მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ რეგულაციების შედეგია, რომ ასეთი ძვირია სესხის აღება და მაგას მიჰყავს შემდგომ მოქალაქეები სწორად ამ კატასტროფულ მდგომარეობამდე. თუ ევროპიდან სოლიდარობის მაგალითები გვინდა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს არ უნდა ჰქონდეთ უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე და ამაზე უნდა ზრუნავდეს საზოგადოება და სახელმწიფო.

    ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია.

  • კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულია 20 პირი, დაწყებულია გამოძიება – შსს-ს განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების დროს შსს-მ ადმინისტრაციული წესით 18, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით, 2 პირი დააკავა.

    ”შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
    მიმდინარე წლის, 23 იანვარს, 11:00 საათიდან, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე ახორციელებდნენ გამოსახლების პროცედურას. მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ საპოლიციო დანაყოფები.

    შეკრებილმა მოქალაქეებმა, პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და მათ არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას.

    პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი.

    გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო.

    ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

    გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით ასევე, დაკავებულია 18 პირი.

    დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • რუსეთმა დღეს დილით უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა – არიან დაშავებულები და დაღუპულები

    რუსეთმა დღეს დილით უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელა. კიევის და ხარკოვის ოლქების დაბომბვა ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის დაიწყო.

    Ту-95МС–ების მიერ გაშვებულმა ფრთოსანმა რაკეტებმა დილის ექვს საათზე უკრაინის საზღვარი გადალახა და მანევრების შემდეგ კიევზე, ხარკოვზე და პავლოგრადზე დარტყმა განახორციელდა. გამოცხადდა საჰაერო განგაში. სოციალურ ქსელებში დაიწყო ინფორმაციის გავრცელება რაკეტების კურსის და მოსალოდნელი სამიზნეების შესახებ. ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. მალევე გამოჩნდა პირველი კადრები, რომლებიც სარაკეტო დაბომბვის შედეგებს ასახავს. დაშავდა ათობით ადამიანი. არიან დაღუპულებიც.

    დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული ეს არის რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მეხუთე კომბინირებული შეტევა. ამჯერადაც რუსეთმა ერთდროულად გამოიყენა ფრთოსანი, ბალისტიკური, საავიაციო და საზენიტო მართვადი რაკეტები. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალერი ზალჟნის ინფორმაციით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დღეს 41 რაკეტა ისროლა, რომელთაგან 21 უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.

    დილით უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად ქვეყანაში 5 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი კიევში. თუმცა, მოგვიანებით ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალი, რომელიც დაღუპულად ითვლებოდა, გადარჩა და საავადმყოფოშია.

    კიევის მერის ინფორმაციით დაშავდა 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

    კიევის სოლომენსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები სპორტკომპლექსის სახურავს და კოლეჯის სახელოსნოს დაეცა. კიევის აქიტექტურის და მშენებლობის კოლეჯის შენობა შიგნიდან მნიშვნელოვნად დაზიანდა. კოლეჯის დირექტორის თქმით ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ქუჩაში მან ბევრი სისხლი და დაჭრილი მამაკაცი დაინახა.

    კიევის სვიატოშინსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები კერძო სახლს დაეცა და ხანძარი გააჩინა. მეზობელ სახლებში ჩაიმსხვრა შუშები, დაზიანდა პარკირებული მანქანები. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ.

    კიევის დარიცინის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები მრავალსართულიან სახლს და საბავშვო ბაღის ტერიტორიას დაეცა. პეჩერსკის რაიონში კი ცეცხლი გაუჩნდა არასაცხოვრებელ შენობას.

    რუსულმა არხებმა გაავრცელეს კიევის თავზე მფრინავი რუსული რაკეტის კადრები, რომელიც სითბურ ხაფანგებს იგერიებს.

    უფრო მნიშვნელოვნად დაზიანდა ხარკოვის საცხოვრებელი უბნები. ხარკოვის დაბომბვის შედეგად ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლი. ფანჯრები ჩაიმსხვრა ათასამდე ბინაში. პოლიცია და მაშველები დაჭრილებს ეხმარებოდნენ და დანგრეული სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს. გარდაიცვალა სამი ადამიანი – ორი ქალი და ერთი მამაკაცი. მინიმუმ 40 ადამიანი დაშავდა.

    ხარკოვი გვიან ღამითაც დაიბომბა, დილით კი სარაკეტო შეტევის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. ხარკოვში რუსების საჰაერო შეტევის შედეგად გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა. არიან დაჭრილები. მათ შორის ბავშვები.

    ერთი ადამიანი – 43 წლის ქალი დაიღუპა პავლოგრადში, დნეპროპეტროვსკის ოლქში მაშინ, როცა სამსახურში მიდიოდა და ქალაქის ერთ–ერთ სკვერში გაიარა. დაშავდა ერთი მამაკაცი. სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა რვა მრავალსართულიანი სახლი და ერთი სკოლა.

    რუსეთსი თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯგუფური შეტევა “მაღალი სიზუსტის შორეული მანძილის იარაღით “ უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსზე განახორციელა და თითქოსდა შეტევის მიზანი მიღწეულია. კრელის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ კიევის და ხარკოვის დაბომბვა არ შეიძლება ჩაითვალოს საპასუხო დარტყმად დონეცკის ბაზარზე განხორციელებულ შეტევაზე, სადაც კვირას 27 ადამიანი დაიღუპა.

    როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ასევე პესკოვი კვლავ ამტკიცებენ, რომ რუსი სამხედროები არ ახორციელებენ დარტყმებს სოციალურ ობიექტებზე, საცხოვრებელ კვარტლებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე, თუმცა ამ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება დღევანდელი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც მორიგი სარაკეტო დარტყმის შედეგებს ასახავენ.

  • გაზი არ გამოგვიყენებია, წიწაკის სპრეი თავად ბინაში მყოფებმა გაუშვეს – აღსრულების ბიურო

    აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს სადაც უარყოფენ, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას გაზის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

    “ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

    აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.

    აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს”. – წერია აღსრულების ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

    კეკელიძის  N1-ში ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლეს. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან არიან შეკრებილნი მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ.

    პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარის, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა მოუწია. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

  • უარს ვამბობთ უკრაინის და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაზე – ლავროვი

    “ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი და ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა მოლაპარაკებებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შენარჩუნდნენ ხელისუფლებაში კიევის რეჟიმის ლიდერები, არამედ ქვეყნის მრავალწლიანი ძარცვისა და მის ხალხზე ძალადობის, უკრაინისთვის ტრაგიკული სიტუაციის მიზეზების აღმოსაფხვრელად.

    ყველა სხვა მშვიდობიანი გეგმა, პლატფორმა და ფორმულა, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი ბატონები უშედეგოდ დაატარებენ, საერთო არაფერი აქვს მშვიდობასთან და მხოლოდ ომის გაგრძელებას ემსახურება. რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამას ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი და ბრიუსელი, მით უკეთესი იქნება უკრაინისთვისაც და დასავლეთისთვისაც”,

    აცხადებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.