Category: სლაიდერი

  • მე თქვენ ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი, საპროტოკოლო ვერ დავინახე – პაპუაშვილი ელისაშვილს

    “შეგახსენებთ, რომ მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და მე მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ თქვენ ქცევის წესებიდან, თუმცა ბატონო ალეკო, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, კერძოდ მისი 84-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით, არის ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, საქმიანი ან ეროვნული. მე თქვენ ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი, საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხს და ქამარ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ, ამიტომ გთხოვთ, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, ამას მიაქციოთ ყურადღება”

    ასე მიმართა, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენებისას სხდომათა დარბაზში მისი შემოსვლისას, მმართველი პარტია ფეხზე არ წამოდგა და ზურაბიშვილს არ მიესალმა, რაც მისივე თქმით, არც პოლიტიკური და არც ადამიანური კულტურა არ არის.

  • ცუდი იცით რა არის? უმადურობა, ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? – გადადექით! – ინჯია ზურაბიშვილს

    „ყველაზე ცუდი ჩემთვის და ზოგადად, იცით რა არის? უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. რა არის ამაში მიუღებელი? ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე და თქვენ საუბარში გაიჟღერა, რომ კონსტიტუცია, კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენ განაჩენი გამოგიტანათ. თქვენს კომპეტენციაში არ შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, რა გქონდათ თქვენ „ოცნებასთან“ გასაყოფი? რა ვერ გაიყავით? რა იყო გაუგებრობა?.[…] თქვენი ყოველი გამოსვლის ყველა წინადადება მიმაჩნია, რომ ანტისახელმწიფოებრივია, ანტიქართული. თქვენი წინადადებები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ყველაფერი მიმართულია იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებების პლაცდარმი გახდეს, როგორც ეს უკრაინაში მოხდა. უკრაინის მაგალითი თქვენთვის მაგალითი არ არის, სადაც ასიათასობით ადამიანია დახოცილი, ქვეყანა დანგრეულია და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ პოზიციაზე რომ მდგარიყო ეს ხელისუფლება, რა დღეში იქნებოდა, რა სახე ექნებოდა საქართველოს დღეს?“

    ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სადაც მისი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

  • ჩვენ მზად ვართ, მოვიდეთ, მოგისმინოთ, სხვებსაც მოვუსმინოთ, ჩვენი აზრებიც ვთქვათ, აზრები გავცვალოთ – ელისაშვილი პრეზიდენტს

    პარტია მოქალაქეების სახელით ვიტყვი, რომ პრეზიდენტის მხრიდან პლატფორმაზე შემოთავაზება საინტერესო იყო. ჩვენ მზად ვართ, მოვიდეთ, მოგისმინოთ, სხვებსაც მოვუსმინოთ, ჩვენი აზრებიც ვთქვათ, აზრები გავცვალოთ. იქნებ აქედან რაიმე სასიკეთო და სახეირო გამოდნეს. ვინაიდან, მე რასაც ვხედავ, ქართული ოცნება კი არ არის ძლიერი, არამედ, ჩვენ ვართ ერთმანეთს დატაკებული და ერთმანეთს ვჭამთ.

    ასე ეხმაურება პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

  • ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად პოლიციელი დაიღუპა

    ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო.

    თემურ ბარამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა.

    ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

    სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

    სტიქიაა, ასევე, დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში, სადაც შესაბამისი სამსახურები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • თქვენ პასუხისმგებლობა გაკისრიათ! დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა – პრეზიდენტი ოპოზიციას

    ასევე, მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას. თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ, ან გითხრათ გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა.

    ასე მიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებს.

  • ეს თქვენი ქვეყანაა, არავის დაუტოვოთ! მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს – ზურაბიშვილი

    “მივმართავ ახალგაზრდობას, თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც შემდეგი ეტაპისათვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ, გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა ამ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი. ეს თქვენც შეგიძლიათ! დაბოლოს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს, ან კიდევ არცერთი მოგვწონს და ამიტომ თავს ვიკავებთ. დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე ვდგავართ, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი, ახალ, ევროპულ სახელმწიფოს”.

    თქვა პრემიზდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

  • თქვენთან ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, ანტიევროპული რიტორიკა – ზურაბიშვილი კობახიძეს

    მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია.

    მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?

    მიმართა პარლამენტში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს.

  • მურუსიძე-ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც გუშინდელს. თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს – ზურაბიშვილი

    “ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ.
    ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით, კლანებითა და მონებით… აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ.
    დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ძალაუფლება კი, ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს ძალაუფლების ერთ ხელში და ერთ ვერტიკალზე კონცენტრაციას, სასამართლოს და ყველა ძალოვანი უწყებების ძალაუფლების დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენებას. სასამართლო „კლანი“ სწორედ ამ მარადიული სისტემის ინკარნაციად იქცა: მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას.
    ამ სისტემისათვის დამახასიათებელია ოპოზიციის შევიწროების სურვილი. სისტემას არ სჭირდება არც პოლიტიკური კონკურენტი და არც კრიტიკული აზრი. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ხდება ნებისმიერი ალტერნატივის დემონიზაცია, ანუ უაპელაციოდ მოღალატის, აგენტის, რადიკალის იარლიყის მიკერება… „ვინც ჩემს ძალაუფლებაში მეცილება, ესე იგი, ქვეყანას ებრძვის“. კომპრომატები დისკრედიტაციისა და განადგურების იარაღია, მოსყიდვა კი, რბილი ალტერნატივა!”

    აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი წლიურ მოხსენებაში.

  • წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას, მნიშვნელოვანია, მოვისმინო, აპირებს თუ არა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი?! – ვაშაძე ზურაბიშვილზე

    წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას, მნიშვნელოვანია, მოვისმინო, აპირებს თუ არა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი?! – ვაშაძე ზურაბიშვილზე

    „უმნიშვნელოვანესი წელია საქართველოსთვის. ეს არის წელი, როცა ქართველი ხალხი აირჩევს გზას, მივდივართ ეკონომიკური განვითარებისკენ და დასაქმებისკენ, ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციისკენ, თუ მეტი უმუშევრობისკენ, მეტი კლანური და ივანიშვილის მმართველობისკენ, მეტი ჭაობისკენ, მეტად რუსეთისკენ. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვუსმინო პრეზიდენტს, როგორ ხედავს თავის როლს ამ მნიშვნელოვან წელს. ბოლო წელია მისი პრეზიდენტობის და მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების, გარემოს კუთხით, როგორ ხედავს და აფასებს მმართველი გუნდის პერსპექტივას, რომელსაც არ უნდა 9 პუნქტის შესრულება და ევროკავშირი, არაფერს აკეთებს დასაქმებისთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოვისმინო მისგან, წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და აპირებს თუ არა გაათავისუფლოს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისგან?!”

    ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

  • ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ავრცელებს.

    „მე მქონდა საშუალება მასთან მატარებელში მესაუბრა. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარია“, – წერს გონჩარენკო „ტელეგრამის“ არხზე.