Category: სლაიდერი

  • შსს-ს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია, გაირკვევა, რამდენიმე ადამიანი როგორ დაშავდა – კალაძე

    შსს-ს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია, გაირკვევა, რამდენიმე ადამიანი როგორ დაშავდა – კალაძე

    “ტყუილია. მატყუარა ტელევიზია ხართ. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადება გაკეთდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა, თუმცა, თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, შესაბამისი განცხადებაც გაკეთდებოდა.

    რაც შეეხება აქციაზე მოქალაქეთა დაშავების ფაქტებს, შსს-მ უკვე დაიწყო მოკვლევა. აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომლებიც საქართველოში არ იყიდება. დასადგენია, საიდანაა ისინი შემოტანილი. ყველაფერი ცხადი გახდება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ისიც გაირკვევა, ეს ადამიანები საიდან და როგორ დაშავდნენ“,

    აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე გუშინდელ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს რეზინის ტყვიები მოხვდათ.

  • საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკან ხევს! – ნაუსედა

    მკაცრად ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მიერ პროევროპულ აქციის მონაწილეებზე ძალადობრივ თავდასხმებს. საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკან ხევს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ეკუთვნის ევროპას. საქართველოს ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება მათ ეს წაართვას

    წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა X-ზე და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება.

  • კიდევ ერთი ამდენი ფორმიანი რომ დაამატოთ, მაინც არ გეყოფათ. სიქას გავაცლით…ბატონმა გაგისხათ -ჯაფარიძე

    “რამდენიმე სიმართლე, რომლებზეც თვალის გასწორება მოგიწევთ სანამ თქვენი პარპაში დასრულდება:
    1. არ იმუშავა თქვენმა დეზინფორმაციის კამპანიამ. ტყუილად ხარჯეთ მილიონები. ტყუილად გაასუქეთ რამიშვილი. ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ამ ქვეყანაში არჩევს სადაა სინათლე და სადაა ფეკალიები. ეს ხალხი შევა 2030-ში ევროკავშირში, მათ შორის სწორედ იმის გამოც რომ ზუსტად იცის რა უნდა.
    2. არ იმუშავა ლაზარეს სამაგალითო დაჭერა/დასჯამ. არა იმიტომ რომ მერე ზურაბიშვილმა შეიწყალა, არა, უბრალოდ არ იმუშავა. არავის ეშინია. კიდია ყველას თქვენი მუქარები და იმდენჯერ და იმდენ ხანს გამოვლენ ქუჩაში რამდენიც მოგებისთვის იქნება საჭირო (განსხვავებით თქვენი ფორმიანი თუ უფორმო დაქირავებული ხალხისგან).
    3. არ გშველით პოლიციელების, დაცვის პოლიციელების, სახელმწიფო დაცვის სპეც სამსახურის, გდდ-ს, წვევამდელების, გადაცმული სპორტსმენებისა და კერძო დაცვის სამსახურების თანამშრომელთა ჯამში გაზრდილი რაოდენობა. აზრი არ აქვს. ტყუილად ეგონა თქვენს ბარტონს რომ ახლა უკვე საკმარისი რესურსი აქვს ქვეყნის გასარუსებლად (შარშან არ გვქონდაო). კიდევ ერთი ამდენი ფორმიანი რომ დაამატოთ, მაინც არ გეყოფათ. სიქას გავაცლით. იქამდე მივიყვანთ რომ ყველანაირი დანამატი და პრემია, რომელსაც ურიცხავთ იმ სისასტიკისთვის რასაც აქციებზე სჩადიან, აზრს დაკარგავს.
    4. არ მუშაობს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი და უმოწყალო ცემა აქეთ ხალხზე. უფრო სწორად, პირიქით მუშაობს. გასააზრებლად თქვენთვის ალბათ ურთულესი, თუ არა შეუძლებელი ამბავია, მაგრამ ეს ხალხი სრული შეგნებით თავისუფლებისთვის იბრძვის და რა სპრეი? რა გაზი?
    5. და ბოლოს, იმდენი იბოდეთ ამ რევოლუციებზე, არეულობაზე და ორგანიზებულ ჯგუფებზე, ბოლოს თავად დაიჯერეთ რომ რაღაც ეგეთი ხდება. მანდ გენძრევათ ზუსტად. ამ ხალხს არ ჰყავს უფროსი. ყველა ცნობადი სახე რომ დაიჭიროთ, მაინც სახეს აგახევენ. ამ ხალხს არ აქვს წინასწარ შედგენილი გეგმა. რამდენი სუსის აგენტიც არ უნდა ჩანერგოთ დემონსტრანტებში ან, მითუმეტეს, პარტიებში, მაინც ვერ შეძლებთ იმის პრევენციას რაც წინასწარ არავინ იცის. ამ ხალხს წიხლზე კიდია პოლიტიკური ბრძოლის გაცვეთილი და ტრადიციული მეთოდები. რამდენიც არ უნდა გეგმოთ პოლიტიკოსების წინა თაობების მიერ გადადგმული ნაბიჯების საწინააღმდეგო ზომები, ეს ახალგაზრდები ყოველ ჯერზე გაგაოცებენ. გონზე არ ხართ ვისთან და რასთან გაქვთ საქმე. მარტო თქვენ კი არა, აქეთ მხარესაც ძალიან ცოტას ესმის რა ფენომენია ეს და ბოლომდე ალბათ არც არავის. ეს თავისუფლება, უფროსისა და ცენტრალური კოორდინაციის არ არსებობა, და სიახლეზე წასვლის სითამამე (ანუ ყველაფერი ის რაც აქეთ მხარეს სისუსტედ აღიქმება ბევრის მიერ) იქნება ის რაც თქვენ სინამდვილეში მოგიღებთ ბოლოს. არა პარტიები, არა პოლიტიკოსები, არამედ კონკრეტულად ეს.
    ვიცი რომ გჯერათ ბატონის შეუცდომლობის. 12 წელი გაქაჩა. აქამდეც ყოფილა შემთხვევები როცა ეჭვი შეგეპარათ მასში, მაგრამ ფაქტია, ყოველ ჯერზე გამოძვრა.
    მაგრამ ამჯერად გაგისხათ.
    ეს ქვეყანა არ გარუსდება არასდროს.
    ეს ქვეყანა 2030-ში გახდება ევროკავშირის წევრი.
    ეს ხალხი გადაჯეგავს ყველას და ყველაფერს ვინც და რაც ამ გზაზე გადაეღობება.”

    წერს ”გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და “ქართულ ოცნებას” მიმართავს

  • სალომე ზურაბიშვილი:ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ევროკავშირისა და აშშ–სთვის ომის გამოცხადებაა

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის – ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადებაა.

    „მათთვის ყველასთვის ომის პარტიის წოდება და ჩემთვის და მათთვის ომის პარტიის აგენტების წოდება, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, პარტიებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროპული მომავლის შენარჩუნება სურთ, რევოლუციისა და დამხობის აგენტების წოდება – ეს არის ზუსტად ის ტერმინები, რასაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წლებია იყენებს.

    დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები, როგორც აქ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რატომ არ ახორციელებდა „ქართული ოცნება“ პირდაპირ და ნათელ ზომებს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, რატომ არ ახორციელებდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ან ახლა, რატომ არ ახორციელებს 9 რეკომენდაციას: იყო ეს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, თუ ამას რუსეთის რაიმე სახის გავლენის ქვეშ აკეთებდა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნათელია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული დეკლარაცია. ყველასთვის, ვინც ამ სიტყვას ტექსტი წაიკითხა, ნათელია, რის გაკეთებას ცდილობენ ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია საქართველოსთვის. ის, რაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • პარლამენტში დღეისთვის დაგეგმილი სხდომები გაუქმდა. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა

    დღეს 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები – ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა, რომელიც  2 მაისს, 14.00 საათამდე იმოქმედებს.

    მიზეზების შესახებ პარლამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

    „1 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები“.

    წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.

    როგორც პარლამენტის განცხადებაში წერია, 2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც  შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.

    1 მაისს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.

    პარლამენტმა „აგენტების კანონის“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.

    გუშინ პარლამენტთან ათეულათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსული კანონის გასაპროტესტებლად.

  • დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და საავტომობილო გზების პარალიზება!წესრიგის დამრღვევების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები – შსს განცხადებას ავრცელებს

    დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და საავტომობილო გზების პარალიზება!წესრიგის დამრღვევების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები – შსს განცხადებას ავრცელებს

    “დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და საავტომობილო გზების პარალიზება!წესრიგის დამრღვევების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები” – შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

    “პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მოვლენების ხელოვნურად ესკალაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

    სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უსაფრთხოდ გამოსვლა.

    ამ დროისთვის, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.

    კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება.

    პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება” – წერია განცხადებაში.

  • გულისტკივილით ვადევნებთ თვალს აღდგომის წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებს –  საპატრიარქო

    გულისტკივილით ვადევნებთ თვალს აღდგომის წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებს – საპატრიარქო

    საქართველოს საპატრიარქო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს.

    ”გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.

    სამწუხაროდ ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის.

    როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყველასთვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცავების მიმართ, ასევე აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება.

    დღეს, საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდოიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს.

    ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი და საქართველო” – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • რომელიმე მოქალაქეს რამე რომ დაემართოს, პასუხს აგებს პერსონალურად კობახიძე – ოპოზიციის საგანგებო განცხადება რუსული კანონის მეორედ მოსმენის შემდეგ

    ”რომელიმე მოქალაქეს რამე რომ დაემართოს, პასუხს აგებს პერსონალურად კობახიძე” – რუსული კანონის მეორე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა. ოპოზიზიონერი დეპუტატები ამბობენ, რომ თუ დღეს აქციის რომელიმე მონაწილეს რამე დაემართება, ეს კობახიძის და იმ 83 დეპუტატის პასუხისმგებლობა იქნება, ვინც კანონს მხარი დაუჭირა.

    “გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის სადარაჯოზე, ევროპული არჩევანის სადარაჯოზე, ამიტომ რომელიმე მართგანს რამე რომ დაემართოს, პერსონალურად ირაკლი კობახიძე და ეს 83 ადამიანი აგებს პასუხს. ახალგაზრდებს მივმართავ, იყავით მედგრად, მშვიდობიანად და მტკიცედ კორძაია”, – თქვა თამარ კორძაიამ.

    განცხადება გააკეთა ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემაც. მისი თქმით, დღეს 83-მა ადამიანმა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას მოაწერა ხელი.

    “გეოპოლიტიკური არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ხალხი, თქვენ, ვინც ახლა გარეთ დგახართ, თითოეული თქვენგანი, ჩვენი შვილებიც, ყველა გარეთ არის, ჩვენი ოჯახები, თითოეული თქვენგანის გეოპოლიტიკური არჩევანი არის ევროპა. ამიტომ, გთხოვთ, ახლა არ არის ტელევიზორების ჯდომის დრო, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და სწორი, კატეგორიული, ხისტი პასუხი გავცეთ ხელისუფლებას ამ სამარცხვინო საქციელზე. 

    მივმართავ პოლიციას, შს მინისტრ გომელაურს, ირაკლი კობახიძეს, ბეწვი არ ჩამოუვარდეთ ჩვენს შვილებს, თავი დაანებეთ ჩვენს შვილებს, ნუ გაქვთ ჩვენს შვილებთან, ახალგაზრდებთან, ქალებთან, გოგოებთან დიდი გული ნიღბიანი სპეცრაზმელების მეშვეობით. არავის დააკაროთ თითი”, – აღნიშნა დეკანოიძემ.

  • “წყლის ჭავლი უკვე გამაგრილებელი შხაპია, ეს თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს” – ჭყონია

    “ის, რომ ეს თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს, ეს ცხადია. მათი შეჩერება არავის და არაფერს შეუძლია. წყლის ჭავლი უკვე გამაგრილებელი შხაპია და აღარ მოქმედებს… არავის ეშინია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მოქალაქეების ასაკსაც, ვინც ამ კანონს აპროტესტებს, რადგან სწორედ ახალგაზრდა თაობას მოუწევს ასეთი კანონის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრება, ამიტომ ისინი მომავლისთვის იბრძვიან”

    განაცხადა ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ BM-სთან.

  • გავიტანთ ამ კანონს, იქნება აქციები – რამდენიმედღიანი დისკომფორტი.. – კობახიძე

    გავიტანთ ამ კანონს, იქნება აქციები – რამდენიმედღიანი დისკომფორტი.. – კობახიძე

    იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, არის აუცილებელი ამ კანონის მიღება. იქნება, რა თქმა უნდა, აქციები დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა, ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში, იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი. თუმცა, ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ამ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან. ეს არის ძალიან პრინციპული, ეროვნული ამოცანა.

    თქვა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 30 აპრილის ღამეს გამართული, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის შემდეგ, ბრიფინგზე.