Category: სლაიდერი

  • ბოლნისში Su-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

    ბოლნისის მუნიციპალიტეტშისაქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის კუთვნილი, Su-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა – შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. როგორც ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, დიმიტრი მოდებაძემ განაცხადა, ვარდნისას პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.

    „ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზეა ჩამოვარდნილი, სამხედრო ბაზის მიმდებარედ… აღნიშნულ ტერიტორიაზე საპარაშუტო სწავლებაა, მაგრამ ეს კონკრეტული სუ არ ემსახურებოდა ამ საქმეს. არ ვიცი, რა სწავლება იყო. გარდაცლილია, ვინც მართავდა. სუ-ს მართავდა და დიდი ალბათობით, სამხედრო იქნებოდა. აფეთქება მოხდა, არის გარდაცვლილი, რომელმაც ვერ მოასწრო კატაპულტირება. დააახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა“- განაცხადა ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, დიმიტრი მოდებაძემ.

    ინფორმაციას ადასტურებს, თავდაცვის სამინისტროც:

    “მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს“ – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში, ვიქტორ ორბანს შეხვდა

    ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევში ჩასულ, უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს, უკრაინის მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა.

    ორბანმა ერთობლივი ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია წვლილი შეიტანოს ბლოკის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში, ამიტომ პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ უნგრეთი პირველი ივლისიდან,  2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

    ორბანი უკრაინაში ბოლოს 2012 წელს იმყოფებოდა, როცა პრეზიდენტი პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო.

  • ალბათ, ჯერ კიდევ წინ არის ის ზეიმი, რაც გველოდება – ხვიჩა კვარაცხელია

    რა თქმა უნდა, ველოდით გულშემატკივრების დახვედრას იმიტომ, რომ ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო საქართველოშიც და აქაც ველოდით, რომ დაგვხვდებოდნენ.

    ალბათ, ჯერ კიდევ წინ არის ის ზეიმი, რაც გველოდება.

    რონალდუსთან თამაში ოცნება იყო და ძალიან ბევრჯერ ვახსენე, რომ ოცნება ამიხდა – მადლობელი ვარ და დიდი გამოცდილება იყო მასთან თამაში.

    განაცხადა  საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ TV პირველთან საუბრისას.

  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – შსს

    მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის საფუძველზე უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციას, შინგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ერაყის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 26 მოქალაქე”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ნაკრების დახვედრის ცერემონიისთვის თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

    თბილისის მერიის ცნობით, თავისუფლების მოედანზე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის გამოც  ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

    12:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ვერ შეძლებენ მოედანზე არსებულ წრეზე შესვლას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად. მძღოლები მოხვევას შეძლებენ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და გადაადგილდებიან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ.

    2 ივლისის 17:00 საათიდან 3 ივლისის 00:00 საათამდე პერიოდში, თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სრულად აიკრძალება. შეზღუდული იქნება თავისუფლების მოედანზე გადაადგილება, როგორც კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებიდან, ისე რუსთაველის გამზირიდან 9 აპრილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება.

    უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს – ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.

    თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრები თავისუფლების მოედანზე დახვდებიან. ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება.

  • მადლობა გულშემატკივარს, რომელიც დაგვხვდა დღეს აეროპორტში! – მამარდაშვილი

    მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, ვინც დაგვხვდა დღეს აეროპორტში. მართლა დასაფასებელია ეს ყველაფერი. არ ვფიქრობ, რომ პირველი ადამიანი ვარ ქვეყანაში, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, უბრალოდ და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.

    პირველ რიგში, უნდა დავისვენო რამდენიმე დღე. ჩემს მომავალს რაც შეეხება, სამი წელი ჯერ კიდევ კონტრაქტი მაქვს ვალენსიასთან და ჯერჯერობით არაფერი მაქვს გადაწყვეტილი, ყველა ერთად დავსხდებით და გადავწყვეტთ ჩემს მომავალს.

    რა თქმა უნდა, ველოდებოდით [ასეთ ემოციებს] იმიტომ, რომ ვიცი, როგორ უყვარს ქართველ ხალხს ფეხბურთი და ვიცი, რა შეუძლია ფეხბურთს.

    ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ საკუთარი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ და იმ საქმეს მიჰყვნენ, რაც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ.

    თქვა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ TV პირველთან საუბრისას.

  • უეფამ, გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი, თურქეთი კი – 25 000 ევროთი დააჯარიმა

    უეფამ, საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის, დორტმუნდში სტადიონზე, მატჩის წინ, გულშემატკივრების ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი, თურქეთი კი – 25 000 ევროთი დააჯარიმა

    ტურნირის მასპინძელი გერმანია ორჯერ დაჯარიმდა, საერთო ჯამში 20 000 ევროთი, სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო – რაც ეხებოდა პორტუგალია-თურქეთსა და პორტუგალია-საქართველოს მატჩების დროს მოედანზე თამაშის დროს შესულ მხარდამჭერებს.

    რვა გუნდი – უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია, გულშემატკივრების ქცევისთვის დააჯარიმეს.

    უეფამ ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა.

  • ამაყი ვარ – ჩვენი პატარა ქვეყნის ისტორია დავწერეთ – ლოჩოშვილი

    ამაყი ვარ, ამ ისტორიულ პერიოდში თქვენს გვერდით რომ ვითამაშე. ერთად ისტორია დავწერეთ ჩვენი პატარა ქვეყნის. ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც მინდორზე მომიწია თამაში. სტაფის, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება. ამაყი ვარ, რომ ამ ერთი დიდი ოჯახის წევრი ვარ. ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივარს ამ ემოციებისთვის, რაც გვაჩუქეს. რაც ერთად გამოვიარეთ ეს ჩვენი, ყველას წარმატებაა. ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყნის მაისური მაცვია. მადლობა!

    წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი.

  • ნურმაგომედოვი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია და ფოტო უამრავ ადამიანთან აქვს გადაღებული – ვოლსკი

    ნურმაგომედოვი მსოფლიოში გამოჩენილი სპორტსმენია და ფოტო უამრავ ადამიანთან აქვს გადაღებული – ვოლსკი

    „ალბათ სპორტული მიღწევებია თემა, რაზეც მათ ისაუბრეს, თუმცა ალბათ ირაკლი კობახიძე ან კახა კალაძე დაადასტურებს, რა თემაზე შეიძლება ელაპარაკათ ადამიანთან, რომელიც ჩემპიონია სპორტში – ბრძოლა წესების გარეშე. დამერწმუნეთ, ამ თემის იქეთ არც იქნებოდა საუბარი.

    თუ ფოტოებითა და ვიდეო ჩანაწერებით ვიმსჯელებთ, მისი ურთიერთობების წრე გაცილებით უფრო ფართოა, რაც რაიმე პოლიტიკურ ინსინუაციებს არ ეხება“,

    ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრემიერ მინისტრის, თბილისის მერისა და “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის UFC-ის მებრძოლთან, დაღესტნელ სპორტსმენ ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრას.

  • საგამოცდო ცენტრებამდე ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

    საგამოცდო ცენტრებამდე ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

    თბილისის მერიის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

    მათ, ვისაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ შემდეგ საგამოცდო ცენტრებში: თბილისის N39, N103, N133 და N147 საჯარო სკოლები. ასევე, N175 საჯარო სკოლა, სადაც განთავსდება ორი საგამოცდო ცენტრი; N177 საჯარო სკოლა; N191 საჯარო სკოლა და N207 საჯარო სკოლა.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც შარშან, წელსაც დაწესდება ავტობუსების დროებითი მარშრუტები, რომლებიც მოქალაქეებს სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან.

    N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია);

    N39, N177 და N191 საჯარო სკოლების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს ასევე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან;

    N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები გადაადგილდებიან მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი);

    N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა, ყოფილი ტრანსპორტის ქუჩა);

    რაც შეეხება N133 და N207 საჯარო სკოლებს, საგამოცდო ცენტრები მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შესაბამისად, მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, უკვე არსებულ მარშრუტებს გამოიყენებენ.