Category: სლაიდერი

  • ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

    ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.  შემთხვევა გამთენიისას მოხდა.  ადგილზე სასწრაფოს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • როგორც ყარაბაღში და ლიბიაში შევედით, შეიძლება ისრაელსაც იმავენაირად მოვექცეთ! – ერდოღანი

    “ჩვენ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ, რათა ისრაელმა პალესტინას ასეთი რაღაცები ვერ გაუკეთოს.[…] ისევე, როგორც ყარაბაღში შევედით, ისევე, როგორც ლიბიაში შევედით, ჩვენ შეიძლება, მათაც [ისრაელს] იმავენაირად მოვექცეთ. არაფერია, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ ძლიერები უნდა ვიყოთ”.

    განაცხადა  ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 28 ივლისს სიტყვით გამოსვლისას.

  • რეკორდული სიცხე-2024 წლის ივლისმა ტემპერატურის ისტორიული რეკორდი მოხსნა

    2024-მა წელმა  თავისი ზენიტი ახლახანს გადალახა, და  ადგილი ინდუსტრიული ეპოქის კლიმატური კატაკლიზმების ისტორიაში უკვე გარანტირებულად მოიპოვა. გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში სამი ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა თანამედროვე ისტორიაში და გასული 13 თვიდან თითოეულმა, გამონაკლისის გარეშე, მოხსნა ტემპერატურის ისტორიული რეკორდები.

    ხალხი ექსტრემალური სიცხისგან იღუპება, გაერო საუბრობს ახალ „ეპიდემიაზე“ პლანეტარული მასშტაბით და მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ 2024 წელი ბოლო ცხრას ბედს გაიზიარებს, რომლებიც ყველაზე ცხელი აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში, თანაც სერიოზული სხვაობით.

    ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა დაჩქარდა, მიუხედავად იმისა, რომ  ელ-ნინიოს, ფენომენს, რომელიცწყნარი ოკეანის ზედაპირს  ათბობს,  ლა ნინია ცვლის –  საპირისპირო ფენომენი, რომელიც დროებით ამცირებს გლობალურ ტემპერატურას.

    მსოფლიო საზოგადოება როგორც არასდროს,  გაყოფილია, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის და აშშ-ჩინეთის დაპირისპირების გამო, მაგრამ კლიმატის კრიზისი კაცობრიობის საერთო პრობლემაა– ყველას შეახსენა ამ კვირაში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

    ”დედამიწა თბება, რაც სიცოცხლეს უფრო სახიფათო ხდის ყველასთვის, ყველგან,” – თქვა მან და მოუწოდა ყველა ქვეყანას განავითარონ პროგრამები ექსტრემალური სიცხის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად.

    მან სიცხეს ახალი „ეპიდემია“ უწოდა და თქვა, რომ მან უკვე რამდენიმე მილიარდი ადამიანი დააზარალა. ტემპერატურა ზოგჯერ ადის 50°C-მდე, რაც ნოტიო კლიმატში ადამიანის სიცოცხლესთან შეუთავსებელ პირობებს ქმნის.

    სიცხე გავლენას ახდენს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, მსოფლიოში დასაქმებულთა 70%-ზე მეტი, ანუ თითქმის 2,5 მილიარდი ადამიანი განიცდის ექსტრემალურ ტემპერატურას. როგორც კი თერმომეტრი 34°C-ზე მაღლა იწევს, შრომის პროდუქტიულობა ნახევრდება, გამოთვალეს მეცნიერებმა.

    ტემპერატურასთან ერთად იზრდება ეკონომიკური ზიანი. გაერო 2030 წლისთვის მას 2,4 ტრილიონ დოლარად აფასებს. 1990-იან წლებში ის 10-ჯერ ნაკლები იყო.

    რა არის უჩვეულო ზაფხულის სიცხეში?

    გაერო-ს შეფასებით, სიცხე ყოველწლიურად ნახევარ მილიონ ადამიანს კლავს – 30-ჯერ მეტს, ვიდრე ტროპიკებში დამანგრეველი ქარიშხლები.

    „გასაგებია, რომ ზაფხულში სიცხე ისეთივე ძველია, როგორც სამყარო. მაგრამ ექსტრემალური სიცხე სულ უფრო ხშირი, დიდი და ხანგრძლივია. ის ძირს უთხრის ეკონომიკას, აჩერებს პროგრესს, აძლიერებს უთანასწორობას და კლავს ადამიანებს“, – თქვა გუტერესმა.

    მაგრამ ყველა არ არის თანასწორი სიცხის წინაშე.

    რისკის ქვეშ არიან მოხუცები, ორსული ქალები და ღარიბები. თანამედროვე საზოგადოებაში ჩვეულებრივია მათი მხარდაჭერა საერთო ხარჯებით და ახლა ეს ხარჯი გაიზრდება, რადგან გამოჩნდა სხვა ხარჯების პუნქტი – კლიმატის ცვლილება.

    გლობალური დათბობა  ყველა სტატისტიკის მიხედვით დაჩქარებულია. ყოველი გასული ბოლო 13 თვე უფრო თბილია, ვიდრე ნებისმიერი შესაბამისი რეკორდული თვე კლიმატზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ამას  აჩვენებს ტემპერატურის რამდენიმე მონაცემთა ბაზა, მათ შორის NASA და ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცენტრი.

    გარდა ამისა, ზედიზედ ბოლო 12 თვის განმავლობაში, პლანეტაზე ტემპერატურამ 1,5°C-ით მეტი გადააჭარბა 1850-1900 წლების წინაინდუსტრიულ დონეს. ბარიერი პირობითია, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რისი შენარჩუნებაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ სცადა, როდესაც 2015 წელს ხელი მოაწერეს პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად.

    ეს აქამდე არასდროს მომხდარა

    ისტორიული გადმოსახედიდან, პლანეტას მსგავსი არაფერი განუცდია ასობით ათასი წლის განმავლობაში.

    მაგალითად, ავიღოთ ეს ივლისი,

    2024 წლის 21 ივლისს დედამიწის ზედაპირზე საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ ახალი რეკორდი დაამყარა. ზუსტად ერთი დღე გაგრძელდა და 22 ივლისს დაეცა – პლანეტა 17,16°C-მდე გათბო. მეორე დღე, 23 ივლისი, კვლავ უფრო თბილი იყო, ვიდრე წინა რეკორდი 17,08°C, რომელიც მხოლოდ ერთი წლის წინ, 2023 წლის 6 ივლისს დაფიქსირდა.

    „განსაკუთრებით შთაბეჭდილება მოახდინა ბოლო 13 თვის ტემპერატურამ – დაძლია  ყველა წინა რეკორდი“, – თქვა კოპერნიკის ცენტრის ხელმძღვანელმა კარლო ბუონტემპომ. „ჩვენ შევედით აუთვისებელ ტერიტორიაზე, სადაც ახალი სიურპრიზები აუცილებლად გველოდება უახლოეს თვეებსა და წლებში.

    კაცობრიობის ისტორიაში საშუალო დღიური ტემპერატურის ბოლო ათი რეკორდი დაფიქსირდა ბოლო ათი წლის განმავლობაში – 2015 წლიდან 2024 წლამდე. ახალი რეკორდები უბრალოდ გარდაუვალია.

    მაშინაც კი, თუ ივლისი და მომდევნო თვეები შარშანდელთან შედარებით უფრო გრილი აღმოჩნდება, მთლიანობაში 2024 წელს აქვს 95%-იანი შანსი გახდეს ყველაზე ცხელი წელი ისტორიაში, პროგნოზირებს წამყვანი კლიმატური გამოცემა Carbon Brief წლის პირველი ნახევრის ტენდენციების ანალიზში.

    როგორც მკვლევარები გვაფრთხილებენ, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ივლისში ტემპერატურული რეკორდების საგანგაშო სერია ერთ კვირაზე მეტხანს არ გაგრძელდა, არ უნდა დაგვამშვიდოს. მაშინაც კი, თუ მიმდინარე თვემ ჯამურად ვერ  დაამარცხა 2023 წლის ივლისის მაღალი მაჩვენებელი, ის მაინც იქნება 0,2°C-ით უფრო თბილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ივლისი ისტორიის განმავლობაში.

  • “მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვაზე, არ გავჩუმდები!” – ჰარისმა ნეთანიაჰუს შეხვედრაზე მოუწოდა მიიღოს ზავის პირობები

    “პრემიერ-მინისტრს მოვუწოდე, რომ სწრაფად დაამტკიცოს შეთანხმების პირობები, რათა რაც შეიძლება სწრაფად სწრაფად შეწყდეს ცეცხლი. სწრაფად დავაბრუნოთ მძევლები სახლში და სწრაფად მივაწოდეთ ეს ოდენ საჭირო დახმარება პალესტინელ ხალხს.[…] ისრაელის აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ როგორ აღასრულებს ამ უფლებას. მე მაქვს შფოთვა სამოქალაქო პირებისთვის მიყენებული მასშტაბურ ზიანთან დაკავშირებით, მათ შორის ძალიან ბევრი უდანაშაულო მოქალაქეების მსხვერპლთან. ჩვენ ვერ მივცემთ თავს გაჩუმების უფლებას მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვაზე, მე არ გავჩუმდები.”

    ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა, ისრაელის პრემიერთან, ბიბი ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

    ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა – ამის შესახებ 2024 წლის 24 ივლისით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაში წერია.

    ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრემიერმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ.

    როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  ციხელაშვილის გათავისუფლება მხოლოდ როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება.

    ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა. მანამდე იგი, 2016 წლიდან 2020 წლამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის პოსტს იკავებდა.

  • მოსამართლემ რუსული კანონის მოწინააღმდეგე გიორგი შანიძე პატიმრობაში დატოვა

    პატიმრობაში დატოვეს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძეც (შანო). დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი დადგა,  ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ არ დაუკმაყოფილა.

    შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავება – სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.  პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შაინიძს მიერ, სამეთვალყურეო კამერების დაზიანებაში.

    დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 140 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოს 1 წლამდე, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე.

  • თეონა აქუბარდია და გიორგი ვაშაძე მზად არიან, ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულებს თავდებში ჩაუდგნენ

    ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია და “ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე  აცხადებენ, რომ მზად არიან ლელოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის ინიციატივას შეუერთდნენ და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ 2 ახალგაზრდას თავდებში ჩაუდგნენ.

    “იქამდე, სანამ სექტემბერი მოვა, ქართული ოცნება სამაგალითო/სანიმუშო დასჯაზე გადავიდა იმისთვის, რომ ხალხი კიდევ უფრო დააშინონ და ახალგაზრდა ადამიანებს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, გრძელვადიანად საპატიმროში უშვებენ […] მე არ ვფიქრობ, რომ თავდებობა ამას უშველის, მაგრამ, ბუნებრივია, თუ შესაძლებლობა და საჭიროება იქნება, რომ ეს ხალხი მეც დავიცვა, ამისთვის მზად ვარ”. – განაცხადა აქუბარდიამ.

    განცხადება გააკეთა გიორგი ვაშაძემაც.:

    “ანა ნაცვლიშვილისგან ამ ინიციატივას მივესალმები. მე მზად ვარ, მას შევუერთდე და ჩათვალეთ, რომ ამ დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა არის”. – თქვა ვაშაძემ.

    ანა ნაცვლიშვილმა, შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.

  • კალაძემ აღსრულების ბიუროს TV პირველის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მიმართა

    დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს TV პირველის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავის აღსრულების საკითხზე მიმართა.

    შეტანილი სარჩელი 2022 წლის 5 ივლისს, მაია მამულაშვილის მიერ საავტორო გადაცემა დღის ამბებში მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ცნობას ეხებოდა, რომლის მიხედვით, კახა კალაძემ 60 მილიონი “ჩაიდო ჯიბეში” ტენდერებიდან და კორუფციული გზით.

    TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ თბილისის მერის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას ელიან.  მელაძე აცხადებს, რომ კახა კალაძეს აღნიშნული საქმე იმიტომ გაახსენდა, რომ 27 ივლისს მის დაუდეკლარირებელ ქონებაზე TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავა.

    “ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას.
    აღსრულების მოთხოვნის საფუძველია, აშშ-ის მიერ, კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება – “მამულაშვილის ქეისი”

    რატომ გაახსენდა კალაძეს ეს ქეისი ახლა? ხვალ, შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია. არსებობს მტკიცებულებები რომ ეს ქონება, მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, საქმე, რომელიც “წავაგეთ”. დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა.

    რა შეიძლება მოხდეს? თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება. მაგალითად მიკროფონი, კამერა, სკამი, კომპიუტერი, გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს”, – წერს მელაძე.

  • უკრაინელებმა ყირიმში საკის აეროდრომს დაარტყეს

    უკრაინელებმა გუშინ გვიან  ღამით ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომ “საკის” დაარტყეს. შესაბამისო ინფორმაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დარტყმის შედეგები ზუსტდება.

    “მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აეროდრომი დაფარული იყო „თანამედროვე“ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ ვერ დაიცვეს რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი”, – აცხადებს უკრაინული მხარე.

  • თუ ბიძინამ გადაწყვიტა არჩევნების მოპარვა, ჩამოვალ, სხვებიც ჩამოვლენ, ეს თქვენი უკანასკნელი ბრძოლაა ქართველებო – პავილიონისი

    “3-4 წლის წინ, როდესაც საქართველოში ვიყავი, მაშიონ უკვე დავინახე ბელარუსის მსგავსი ტენდენციები. ეს დადასტურდა რუსული კანონით და ბევრი რამით, რასაც მე ვისმენ ქართველი მეგობრებისგან. ასე ჩანს, რომ ამ კანონით ბიძინა “ქართულ კოშმარს” იოლი გზით გაუძღვება – დახურავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და დაუწყებს დევნას ყველა პოლიტიკოსს, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს. სწორედ ამისთვის სჭირდებათ ეს რუსული კანონი, რათა შემდეგ არჩევნები გადააქციონ ისეთ პროცესად, როგორც ამას ლუკაშენკო აკეთებს ბოლო 30 წელია. ამ დროის დაკარგვით საქართველო კარგავს ევროინტეგრაციის ყველა შანსს, რადგან თქვენ იცით, რომ ვაშინგტონში მიღებულ ნატოს კომუნიკეში საქართველო ნახსენები არ არის. სამწუხაროა, რომ “ქართულ ოცნებას” იქ არ ჰყავდა არც ერთი მეგობარი, რომელიც ამ კომუნიკეში საქართველოს შეტანას მხარს დაუჭერდა. იგივე ხდება ევროკავშირშიც, სადაც მოლაპარაკებები უკვე იწყება უკრაინასთან და მოლდოვასთან, საქართველო კი ქრება ამ პროცესიდან.

    “ქართული ოცნება” იყენებს კომუნისტურ და ორუელისეულ მეთოდებს, როდესაც სიმართლეს უწოდებს ტყუილს და პირიქით. მე ეს ლიეტუვაშიც მახსოვს. ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთს მხარს უჭერს ჩინეთი. თუ ნატოს კომუნიკეს წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ეს იქაც წერია. თუ “ქართული კოშმარი” არ თვლის ასე, მაშინ ამის ალტერნატივა არის რუსეთის ინტერესების გაზიარება, ლავროვისა და პუტინის აზრების გამეორება, რომ ნატო ომის პარტიაა. მაგრამ ნატო 75 წელია რაც მშვიდობას იცავს და აქ, ჩემს უკან თქვენ ხედავთ ლიეტუვას, რომელმაც კეთილდღეობა სწორედ ევროკავშირისა და ნატოს წყალობით მოიპოვა. სტატისტიკით, ჩვენი ახალგაზრდები ყველაზე ბედნიერები არიან მსოფლიოში. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთი მდიდრები და ბედნიერები. ასევე ვართ უსაფრთხოდ და ამას უზრუნველყოფს ნატო და ევროკავშირი.”

    ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.