Category: სლაიდერი

  • ელისო კილაძე რუსთავის იზოლატორში გადაიყვანეს –  საქმე 20 ტომისგან შედგება

    ელისო კილაძე რუსთავის იზოლატორში გადაიყვანეს – საქმე 20 ტომისგან შედგება

    ჟურნალისტი ელისო კილაძე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი,- ამის შესახებ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ”საქმე მოცულობითია, 20 ტომია”.

    ელისო კილაძე ჯერ არ დაუკითხავთ, მისი დაკითხვა მას შემდეგ მოხდება, რაც საქმის მასალებს გადასცემენ.

    „ელისო კილაძე არ გამოუკითხავთ. ბრალი წაუყენეს. დაკავების ოქმი გადმოგვცეს, გადმოგვცეს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გადმოგცეს განჩინება, ეს იყო 2026 წლის 17 თებერვლით დათარიღებული და დღეს დილით დააკავეს. მტკიცებულებები და საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია. სავარაუდოდ, როგორც გამომძიებელთან შევთანხმდი, ხვალისთვის გადმომეცემა. საქმე მოცულობითია, 20 ტომია. ელისო კილაძე გადაყვანილია რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში ადგილები არ არის და პროკურატურიდან პირდაპირ წაიყვანეს. ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ არის უდანაშაულო“, – განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

    ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

    უწყების ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების – ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. პროკურატურის განცხადებით, ბენ ანორმა „ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას“.

  • სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას – ირაკლი კობახიძე

    სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას – ირაკლი კობახიძე

    „სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო. კოვიდის დროს გაიზარდა, 2020 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი მოქმედებდა ბაზის გადახედვაზე. რეალურად ბაზა არის გადასახედი, არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული.

    ჩვენ, ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის მხოლოდ 8 პროცენტი არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული. არათუ, სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ამ 700-800 ათასიდან დაახლოებით 8% შეძლებულია. რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც 2020 წლის შემდეგ არსებითად არ მომხდარა. ბუნებრივია, ესეც არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა.“

    “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების სისტემაზე და განაცხადა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას და განახლებას.

  • EU-მ დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა

    EU-მ დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა

    „ევროკავშირმა, კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა.

    ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს ჩვენ ვახსოვართ.

    იმედია, ამაზე იქნება საუბარი,“

    ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

     

    „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უკრაინასთან შეერთებული შტატები შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უნდა წავიდეს. მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მეზობელი ქვეყნებიდან მათ გაყვანას, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.ერთ-ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და „რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში“.

  • ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს, ამავე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს

    ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს, ამავე საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს

    საქართველოს პროკურატურის ცნობით,  ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

    ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და “დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს”, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ გიორგი მიქაძეს. პროკურატურის განცხადებით, “ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე”. ყველა მათგანის მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

    ბრალდება ასევე  წარედგინებათ – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, “რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას”. პროკურატურა, “გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით”, მათთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

    “საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

    ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს.

    ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე.

    ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც წინა პერიოდში ჩატარებულ ბრიფინგზეც განვაცხადეთ, 2020-2023 წლებში, მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას, გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე, მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ.

    მოცემულ საქმეზე, საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.

    ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით. ქოლ-ცენტრების ოპერატორები, ხელმძღვანელი პირების მითითებისამებრ, მომხმარებლებს იზიდავდნენ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე, მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების დაპირებით ახდენდნენ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული, დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას, ხოლო შემდგომში უკანონო აქტივების განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას.

    ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, ქოლ-ცენტრის უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა-მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების და მიხედვით, ე.წ. ,,დაუმორჩილებელი კონკურენტების’’ საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას.კერძოდ, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს ქოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.

    ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები – გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას. ამასთან, მონაწილეობდნენ ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.

    აღსანიშნავია, რომ ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

    გაწეული საქმიანობისათვის, გავლენის და საინფორმაციო მფარველები, არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებით დაუფლებული თანხებიდან, ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ.

    რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი, 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.შემდგომში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო საფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განკარგავდნენ, ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული, ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს – ხელფასების და ბონუსების გაცემას, ქოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას, ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.

    ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის,ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    საქართველოს პროკურატურა ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების – ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    საქმეზე გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების, სხვა დაზარალებულთა ვინაობების დადგენის და შესაბამისი ახალი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით”, – განაცხადა სადრაძემ.

  • დააკავეს  ელისო კილაძე – TV პირველი

    დააკავეს ელისო კილაძე – TV პირველი

    “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია – მედიამენეჯერი დღეს დილით,  სპეცდანიშნულების რაზმმა, საკუთარ  საცხოვრებელ სახლთან აიყვანა.  ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.

    ამ ეტაპზე უცნობია, რას ედავებიან ელისო კილაძეს.

    ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 11:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ელისო კილაძის დაკავებას უკავშირდება.

  • განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი –  დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ

    განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი – დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ

    „ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. შესაბამისად, ამას დაჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს, ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ.

    ასევე ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ“,

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

  • ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად “ჯუმათა” საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს – გურიის მოამბე

    ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად “ჯუმათა” საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს – გურიის მოამბე

    55 წლის ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად “ჯუმათა” საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. – ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

    როგორც გამოცემა წერს, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კაცი მანქანაში ჩაჯდა – სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.

    მისი მდგომარეობა მძიმეა.

     

  • იოსელიანი „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს შეხვდა

    იოსელიანი „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს შეხვდა

    სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოადგილესთან ერთად ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს, პატრიცია გრჟებიკს შეხვდა.

    “შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ ზედამხედველობაზე, მათი დაკავების, განთავსების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საკითხზე ისაუბრა.

    ასევე, განიხილა შეკრება-მანიფესტაციის უფლების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და მის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები. ამასთან, სტუმარს აქციაში მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები და ის ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც ის თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს”. – წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

  • ელისაშვილის დაკავებისთანავე აკრძალული აქვს ოჯახთან კომუნიკაცია, მათ შორის ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია – არჩილ ჩოფიკაშვილი

    ელისაშვილის დაკავებისთანავე აკრძალული აქვს ოჯახთან კომუნიკაცია, მათ შორის ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია – არჩილ ჩოფიკაშვილი

    „ალეკო ელისაშვილის დაკავების და დაპატიმრებისთანავე აკრძალული აქვს ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაცია, შეხვედრა, მათ შორის ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია იმ დასაბუთებით, რომ ზემოქმედება არ მოახდინოს საქმის მოწმეებზე, რომლებიც არიან სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები. რამდენად არალოგიკურია, სასამართლოს მანდატურის თანამშრომლებზე ზემოქმედების აკრძალვის მიზნით, აკრძალული გქონდეს ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია.

    ეს ჩვენს სამართლებრივ პრაქტიკაში ერთადერთი საქმეა, რომელიც მიმდინარეობდა ქონების დაზიანების მცდელობის ბრალდებით 2 დღის განმავლობაში, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებების შემდეგ, რომ ეს იყო არა ქონების დაზიანება, არამედ ტერორისტული აქტი, ქმედება გადაკვალიფიცირდა, გამოძიება გაგრძელდა ტერაქტის მცდელობის მუხლით.

    ეს ერთ-ერთი არალოგიკური განვითარებაა. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს და დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპია ადამიანის უფლებების დაცვა, მოვუწოდებთ შესაბამის თანამდებობის პირებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს, ადეკვატური კვალიფიკაციით გაგრძელდეს გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს 29 ნოემბერს მომხდარ შემთხვევას, შეწყდეს ოპოზიციონერი ლიდერის უფლებების განგრძობადი დარღვევა, მისი დემონიზაციის კამპანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაღრმავდება აღქმა, კითხვები და ერთადერთი პასუხი ამ კითხვებზე იქნება ის, რომ ის არის სუს-ის ხელმძღვანელის პირადი შურისძიების ობიექტი, არის პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნის მსხვერპლი. მის მიმართ გამოტანილი რუსული განაჩენის ფაქტობრივი აღსრულების მსხვერპლი“,

  • არ ნიშნავს, ეჭვი ან ბრალდების წინაპირობა არსებობს – ვოლსკი დავითაშვილის სუს-ში დაბარებაზე

    არ ნიშნავს, ეჭვი ან ბრალდების წინაპირობა არსებობს – ვოლსკი დავითაშვილის სუს-ში დაბარებაზე

    „დეტალები არ ვიცით – ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება. ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრი იქნეს დაბარებული ან რომელიმე ადმინისტრაციის რომელიმე დეპარტამენტის, სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მუშაკი. ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს”,

    ამის შესახებ “ქართული ოცნების”  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სუს-ში ლევან დავითაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის დაბარებას გამოეხმაურა.