Category: სლაიდერი

  • “თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთში მიესალმებიან ასეთ ნაბიჯს” – შამბა

    “თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთში მიესალმებიან შერიგებისკენ პირველ ასეთ ნაბიჯს”

    განაცხადა ამის შესახებ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 9 ოქტომბერს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე გააკეთა.  

  • მდინარაძე იმ სართულზეც ვერ მოვიდოდა ახლოს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა – გახარია

    მამუკა მდინარაძე, იმ დროს, ახლა არ ვიცი, ალბათ, ახლაც, საერთოდ იმ ოთახში შემოშვებაზე კი არა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზეც ახლოს ვერ მოვიდოდა და რასაც ახლა მამუკა მდინარაძე ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად. რეალურად, რა თქმა უნდა, ეს ტექსტი არის ივანიშვილის დაწერილი, რომელსაც ეს შიშები ამოძრავებს.

    საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია მამუკა მდინარაძის განცხადებაზე.

  • “საქართველოს მთავრობა გადაიქცა კრემლის ქსეროქსად” – უკრაინის საგარეო

    “საქართველოს მთავრობა გადაიქცა კრემლის ქსეროქსად” – ასე ეხმაურება, უკრაინის საგარეო უწყება  პრემიერ კობახიძის გუშინდელ გამოსვლას  სამთავრობო “იმედის” ეთერში.

    “საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებების აგდებული ტონის გათვალისწინებით, იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ უკრაინის პოზიცია.
    გასაკვირია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დაჟინებული მცდელობა, წაშალოს ქართველი ხალხის მეხსიერებიდან რუსეთის უამრავი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და აგრძელებს ჩადენას როგორც საქართველოს, ისე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
    სამარცხვინოდ მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ რეკლამაში იყენებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის სურათებს. უკრაინულ უბედურებაზე  თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინელი ხალხისადმი სრულ უპატივცემლობას და მზადყოფნას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უკრაინელი და ქართველი ხალხების ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს პოლიტიკური ქულების გამო.

    14 ოქტომბერს საქართველოში დიდი მართლმადიდებლური დღესასწაულის, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის წინ, განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” პოლიტიკურ რეკლამაში რუსი სამხედრო დამნაშავეების მიერ განადგურებული უკრაინული რელიგიური სიწმინდეების გამოსახულება.

    მწუხარებით ვაცხადებთ, რომ რუსეთის მიდგომების მიბაძვით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფასა და  კონკურენტული საარჩევნო გარემოს მხარდაჭერაში სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობის შეზღუდვაში,  საქართველოს მთავრობა გადაიქცა კრემლის ქსეროქსად.

    კიდევ ერთი სიმართლე უნდა შეგახსენოთ, რომლის გამჟღავნებაც დაავიწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის საპასუხოდ  რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერაზე საქართველოს ხელისუფლების უარმა, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენამ, 2000-იანი წლების დასაწყისში შემოღებული სავიზო რეჟიმის გაუქმებამ და ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურებამ  საქართველო დააბრუნა მოსკოვზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმატში.

    საქართველოს ქალაქებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრედიტებული კერძო რუსული სკოლების გამოჩენა არა მხოლოდ აჩენს ეჭვს განათლების ხარისხთან დაკავშირებით, არამედ რაშისტული პროპაგანდით ქართველი ახალგაზრდების დამუშავების საფრთხეს წარმოქმნის.
    მოვუწოდებთ მათ, ვისაც სიმართლის გამჟღავნება სურს, საკუთარ ხალხსაც აუხსნას, თუ რატომ არის რუსი ოკუპანტების მიერ დანგრეულ ხერსონში, სადაც განზრახ განადგურდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ამჟამად უფრო ნაკლები შეფერხებაა სინათლისა და გაზის მიწოდებაში, ვიდრე მშვიდობიან თბილისში.

    უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ჩვენი სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან. ვიმედოვნებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება მშვიდობიან და დემოკრატიულ პირობებში და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • “იმედი” აცხადებს, რომ ოპოზიციის საარჩევნო ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებენ, სანამ „მთავარი“, “ტვ პირველი”და „ფორმულა“ არ გაუშებენ „ოცნების” კლიპს

    სამთავრობო ტელევიზია, “იმედი” განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ისინი ოპოზიციის საარჩევნო ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებენ, სანამ “მთავარი”, ”ტვ პირველი” და ”ფორმულა” არ გაუშვებენ ”ოცნების” ვიდეოს.

    ”როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მედიასაშუალებები, „მთავარი“, “ტვ პირველი”და „ფორმულა“ აგრძელებენ საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ისინი, მოგონილი არგუმენტებით, უარს ამბობენ თავიანთ ეთერებში განათავსონ კანონის მოთხოვნების დაცვით მომზადებული ვიდეორგოლები. ამ ვიდეორგოლების განთავსებას მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს, რაც ასევე დადასტურებულია კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მათ საჯარო განცხადებებიც გააკეთეს და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ამტკიცებენ, თითქოს ომის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი ომის პროპაგანდაა.

    როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, „თავისუფალი მედიის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს…“.

    მიუხედავად იმისა, რომ „ტელეიმედს“ აქვს მკაფიოდ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა – არ დაუშვას “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, ჩვენ დღემდე ვუშვებდით მათ მიერ მოწოდებულ ვიდეორგოლებს. ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილების საფუძველი რეკლამების განთავსების თუ მის განთავსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით – ყველა მაუწყებელი ვალდებულია გამორიცხოს დისკრიმინაციული მიდგომა და თავისი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოს კონკურენტული საარჩევნო გარემო ქვეყანაში, რაც დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

    სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ნაციონალური მოძრაობის მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი – ანა ნაცვლიშვილი

    “დღეს ჩვენ ვიხილეთ დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც იმის საბოლოო დასტურია, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის არჩევნებს აგებს. ამიტომაც არის ქართული ოცნება პანიკაში. ეს ბრიფინგი კარგად ასახავს, როგორი გამწარებულია მამუკა მდინარაძე და მთელი ქართული ოცნება იმით, რომ კოალიცია ძლიერმა საქართველომ მათ საქართველოს წინააღმდეგ სქემა ჩამოვუშალეთ, რომელსაც მმართველი გუნდი 12 წლის განმავლობაში იყენებდა. ივანიშვილი და მისი გუნდი 12 წლის განმავლობაში ცდილობდა, ქართული პოლიტიკური ველი ორპოლუსიანი, მკვეთრად პოლარიზებული ყოფილიყო და ქართველ ხალხს მხოლოდ 2 არჩევანი ჰქონოდა – ან ქართული ოცნება, ან ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ არჩევნებისთვის მათ მიერ შექმნილი ეს სქემა ჩამოვშალეთ […]

    მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და ის КГБ-ს პარანოიდულ მითს იმეორებს იმის შესახებ, რომ თითქოს, საქართველოში ოპოზიციას დასავლეთი აკონტროლებს. მათ თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს КГБ-ს მიერ შეთხზული ტყუილია”.

    ასე გამოეხმაურა, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებებს .

  • ”ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს, ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს” – ერმაკი ოცნების ბანერებზე

    “ვნახე [ირაკლი კობახიძის] განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს და ამიტომ მხარს უჭერს უკრაინელებს მათ ბრძოლაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ”,

    ასე პასუხობს, პრემიერ კობახიძის განცხადებას უკრაინის ომის კადრების გამოყენებასთან დაკავშირებით საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

  • ენგურჰესის დირექტორი რუსებს ესაუბრება, რომ საარჩევნოდ ენგურის ხიდი დაიკეტოს – წითლიძე

    “ენგურჰესის დირექტორი, ლევან მებონია ორ დანაშაულებრივ ქმედებაშია შემჩნეული. პირველი: მას დავალება აქვს, რომ ენგურჰესის თანამშრომლებს, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილი არიან, პირადობის მოწმობები ჩამოართვას, რომ ამ ადამიანებმა არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა ვერ შეძლონ.

    მეორე და კიდევ უფრო მძიმე დანაშაული: ლევან მებონია მთავარი მომლაპარაკებელია რუს ოკუპანტებთან, რომ 24, 25 და 26 ოქტომბერს ენგურის ხიდი დაიკეტოს. ანუ, რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ხიდი დაკეტონ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, დევნილებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ”

    აცხადებს ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე.

  • პრემიერობის კანდიდატად ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს – გიგი უგულავა

    “სამი დღეა ვუსმენ, გამოდიან ჩვენი კოლეგები, ჩვენი პარტიიდან და სხვა პარტიებიდან, პერსონალიებზე არ ყოფილა საუბარი, არ ვიცით ვის გულისხმობს და ა.შ. ასეთი დამალობანა არ შეიძლება. პრემიერმინისტრი არ შეიძლება უჯრიდან ამოვიღოთ და გამარჯობა ეს იქნება თქვენი პრემიერმინისტრი. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე.

    ამ წუთას, პოლიტიკური “მომენტუმი” აქვს ერთადერთ ადამიანს. ამ ოთხი ძლიერი ცხენის ერთ ეტლად ქცევის პოლიტიკური შანსი და ძალა აქვს მხოლოდ ერთ ადამიანს, ესაა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თვითონ. ჩემი პირადი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად და 10-ის ნახევარზე, როდესაც 4 მთავარი გასული პოლიტიკური ძალის მიერ დაფიქსირდება გამარჯვება, უნდა იდგეს სალომე ზურაბიშვილი, უნდა იყოს 80 დეპუტატი თუ რამდენიც იქნება უმრავლესობა და უნდა გამოაცხადოს, რომ ქართული ოცნება არის დამარცხებული, გაიმარჯვა ქართულმა ოპოზიციამ და გაიმარჯვა ევროპულმა გზამ”,

    აცხადებს ამის შესახებ, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა.

  • ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება  –  სამხარაძე

    ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება – სამხარაძე

    ”ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე განაცხადა.

    „მე ძალიან გამიჭირდება ამ რეზოლუციაზე სერიოზულად საუბარი და ალბათ, ჩემი პარლამენტში 4-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ყველაზე არასერიოზული კომენტარი მექნება, იმიტომ რომ უბრალოდ, წარმოუდგენელია სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ იმ ჩანაწერზე რაც იქ იყო. დავიწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებით – მე მართლა იმედი მქონდა, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციაში მოუწოდებდა, რომ „ვივამედის“ ექიმები ნობელის პრემიაზე წარედგინათ მედიცინის დარგში, რადგან მათ მოახერხეს შეუძლებელი და განკურნეს დემენციით დაავადებული ადამიანი. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, შესაბამისად, იმედი მქონდა, რომ ევროპარლამენტი ამას გააკეთებდა, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი.

    რაც შეეხება ტერიტორიების აღიარებას – ჩვენ არა მხოლოდ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, არამედ გურიის, სამეგრელოს, კახეთის, იმერეთის [აღიარებას] ვაპირებთ და ერთადერთი მიზეზი, რატომაც აქამდე არ გაგვიკეთებია ეს და გაგვიგრძელდა არის ის, რომ ვერ გადავწყვიტეთ რაჭა და ლეჩხუმი ცალ-ცალკე ვაღიაროთ თუ ერთად. მსგავსი სისულელეები წერია რეზოლუციაში. სტალინის კულტზე კიდევ ერთხელ ჩანაწერი გაკეთდა. ჩვენ ალბათ, საქართველოს მოქალაქეები ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს, რომლებიც დგას თავისუფლების მოედანზე თბილისში, სპორტის სასახლის წინ, აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ და მხოლოდ ევროპარლამენტარების ბასრი და მახვილი მზერით ჩანს ეს სტალინის ძეგლები და სტალინის კულტის განდიდება საქართველოში. კიდევ საბჭოთა ნოსტალგიაზეც ეწერა იქ. ჩანაწერი იყო, რომ ჩვენ თურმე საბჭოთა ნოსტალგიით ვართ შეპყრობილები. მე მაგალითად, 10 წლის ვიყავი საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და ჩვენი წევრების დიდი ნაწილი საერთოდ დაბადებულიც არ იყო. მათში, ალბათ, ყველაზე ძალიან არის მომძლავრებული საბჭოთა ნოსტალგია, ვინც ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირს. საერთოდ როგორ შეგვიძლია რომელიმე ამ ჩანაწერზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ?! ეს უკვე აღარც სამარცხვინოა და საერთოდ არაფერში წერია. მსგავსი სისულელეების ერთად თავმოყრილი დოკუმენტი ნამდვილად არასოდეს მინახავს და არასოდეს წამიკითხავს”, – აცხადებს სამხარაძე.

  • საკონსტიტუციო სასამართლომ ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს ლიკვიდაციას მოაწერა – ქეთევან ერემაძე

    სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს ლიკვიდაციას მოაწერა […] საკონსტიტუციო სასამართლო ამ ტვირთს ვერ მოიხსნის, მათ შორის, თაობების შეცვლის შემდეგაც […] საოქმო ჩანაწერი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია […] არცერთი არგუმენტი, რომელიც ყველა სარჩელში საკმარისზე მეტი იყო, სასამართლომ არ გაიზიარა და ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთი ზოგადი პასუხია, რომ თუ გამოუსწორებელი საფრთხე რეალისტური იყო, მაშინ ის აქამდეც დადგებოდაო. საკონსტიტუციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მთლიანად ქვეყანა იუსტიციის სამინისტროს კეთილი ნების იმედად დატოვა […] ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით ცინიკურია 78-ე მუხლთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ ამ კანონსა და ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემას შორის კავშირი ვერ დაინახა.

    ასე აფასებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე.