სასამართლომ “ოცნების” სარჩელი დააკმაყოფილა და კრიტიკულ მედიას “ოცნების” საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვება მოსთხოვა და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მანამდე, “ქართული ოცნების” სარჩელი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განიხილეს. ბექაურის უწყებამ სამი კრიტიკული მედიასაშუალება სამართალდამრღვევად ცნო.
ტელეკომპანია პირველმა, TV ფორმულამ და მთავარმა არხმა ერთობლივი განცხადება 5 ოქტომბერს გაავრცელეს, სადაც წერდნენ, რომ “ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი”.
“ეს არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი. ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამ გარე ჩარევას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი.
თავისთავად სამწუხარო არის ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში – ეს არ არის უბრალოდ სწორი. თუმცა, გეტყვით, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნებათ ვერანაირი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე“,
ასე ეხმაურება, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას.
„სალომე ზურაბიშვილის „ორი პარასკევი“ აქვს დარჩენილი თავის თანამდებობაზე. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს ჩვენთვის პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში 100 მანდატზე მეტს მიიღებს, მყისიერად, უკვე მეორე დღეს პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ამას აქვს სიმბოლური დატვირთვა. თქვენ იცით, რომ ისედაც მხოლოდ ერთი თვით იკვეცება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. მას ისედაც გასდის ვადა დეკემბერში. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტს არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ სტანდარტულად არე დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა; როგორც მოღალატემ. ეს უნდა გაფორმდეს შესაბამისი გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“,
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“სააკაშვილი რომ თარგამაძეს უთვალთვალებდა, ეს აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება” – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მგონი, პროკურატურისთვის და ნებისმიერი იურისტისთვის გასაგებია – სააკაშვილი რომ გივი თარგამაძეს უთვალთვალებდა, ეს თარგამაძის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება. ამ „ნიუსის” გამოფენის მიზანი არის, რომ ხალხს აჩვენონ, რომ სააკაშვილი ისეთი უცნაური ადამიანი იყო 2016 წელს, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ადამიანი დაიქირავა. თორემ, თუ არ გაქვს იმისი მტკიცებულება, რომ ამ თვალთვალის მერე შემდეგი ნაბიჯი ბომბის დამონტაჟება იყო, რა კავშირშია აფეთქებასთან ის, რომ ვიღაც უცნაური ადამიანი სრულიად უცნაური გარემოებებით უთვალთვალებდა.
იმის თქმა, რომ 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს არ ენდობოდა პოლიტიკურად, რა კავშირშია კრიმინალთან, რომელსაც ვიძიებთ.
ვერ გეტყვით გივი თარგამაძე 2016 წელს ვისთან შეიძლება ყოფილიყო კავშირში და ღალატობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს. არც ერთი გამიკვირდება და არც მეორე, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ხშირად ღალატობენ. ვინაიდან გივი თარგამაძის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს და სათანადოდ არ ვიცნობ, მას ვერაფერს დავაბრალებ. ანუ “ოცნება” ამბობს, რომ მიშამ ააფეთქა გივი? შეიძლება შუღლის დათესვა უნდათ “ნაცმოძრაობის” შიგნით, მაგრამ როცა სახელმწიფო ხარ და ყველაფერი შენს ხელშია, საზოგადოებას სადისკუსიოდ მეტი მტკიცებულება უნდა შესთავაზო”, – აღნიშნა ხვიჩიამ.
სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩეხ ტურისტს სტანისლავ კოსკისს ეძებენ.Facebook-ის გვერდ Trekking in the Caucasus-ზე გამოქვეყნდა.
ის სკურიდან ხაიშში გადასვლას გეგმავდა. ბოლოს ის კირნახონას თავშესაფართან ნახეს 28 სექტემბერს.
სტანისლავ კოსკისის ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ:
“იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ეწვია ტობავარჩხილის ტბების მიდამოებს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში (ან იცნობს ვინმეს, ვინც ამ პერიოდში იყო) და შეხვდა მას – ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მისი მდებარეობის, ადგილსამყოფელის ან მოგზაურობის გეგმების შესახებ, რაც მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დაგვეხმარება ძალიან სასარგებლო იქნება.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყების თანახმად, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო ღონისძიებები.
“ერთხმად ვთანხმდებით, რომ [ისრაელში] საარჩევნო უბნის გაუქმების შესახებ საკითხის დღის წესრიგში შეტანის საკითხი იმთავითვე არ დგას. […] უბრალოდ, ორჯერ გაჟღერდა, რომ თებერვალში არჩევნები ჩატარდა ევროპარლამენტისო, თუმცა, ინფორმირების მიზნით, ახლა არის ოქტომბრის თვე, ბუნებრივია, თებერვლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, საგარეოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში საუბარია, რომ 1 ოქტომბერს დაბომბვა განხორციელდა […] იმის თქმა მინდა, რომ ნუ გავიგებთ ამას, ჩვენ ცხადია არ გვაქვს საკმარისი კომპეტენცია, რომ ისრაელში ამა თუ იმ შენობის, თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ ვიმსჯელოთ, რაიმე ფორმით შევაფასოთ ან განვჭვრიტოთ იმ დღისთვის მოსალოდნელი საფრთხეები”.
განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) სხდომაზე თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
“ეს ქარდები ვის მოაფიქრდა, საერთოდ არ ვიცი, არასერიოზული იყო ეს ყველაფერი და კარგია, რომ ამ ქარდების გამოქვეყნება აღარ გრძელდება. კიდევ ერთხელ, არჩევნების შედეგებზე ასეთი ქარდები გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა სერიოზულად აზიანებს ასეთი ქმედებები ამერიკის რეპუტაციას და იმიჯს, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში.
ჩვენ მაქსიმალურად გვინდა გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ გათვლა გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი წლიდან. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება მომავალი წლიდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი.
ვიდრე გრძელდება უკრაინაში ომი, კონკრეტულ ძალებს კვლავაც აქვთ იმის იმედი, რომ საქართველოში გაიხსნება მეორე ფრონტი, როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი, ანუ დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის.
ომის დასრულებამდე გვექნება კვლავაც სერიოზული რისკები, იქნება სერიოზული ინტერესი, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა რამენაირად შეეშველოს პირველ ფრონტს, თუმცა როგორც კი პირველი ფრონტი ამოწურავს თავის თავს, როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე და კონკრეტულად ჩვენს ხელისუფლებაზე – მოიხსნება”,
აცხადებს ამის შესახებ, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმაშტაბიანი შეჭრა დაიწყო. რუსულ აგრესიას ცივილიზებული სამყაროს აღშფოთება მოჰყვა. დასავლური ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. რამდენიმე დღეში უკვე ცხადი გახდა, რომ რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომი ძვირი დაუჯდებოდა.
ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და მათმა პარტნიორებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს რუსეთის სანქცირების პროცესი. ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა იმდენი სანქცია, რამდენიც საერთაშორისო სანქციების არსებობის ისტორიაში არ დაწესებულა.
უკრაინის პარტნიორებმა გადაწყვიტეს რუსეთის ომის მანქანისთვის ძლიერი დარტყმა მიეყენებინათ.
რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს ევროპულმა ქვეყნებმა. რუსეთის ტვირთებს და მოქალაქეებს ჩაეკეტათ ევროპული ქვეყნების საზღვრები.
რუსეთი ამოიღეს სვიფტის საერთაშორისო სისტემიდან.
რუსეთის კომპანიებმა და მოქალაქეებმა წვდომა დაკარგეს საერთაშორისო გადარიცხვებზე,საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემებზე და საბანკო ბარათებზე.
რუსეთში აიკრძალა ევროს და დოლარის კუპიურების ექსპორტი.
რუსეთი დატოვეს დასავლურმა კომპანიებმა და ბანკებმა. დაიხურა ათობით ქარხანა და საცალო ვაჭრობის ქსელი.
ევროკავშირმა რუსეთს სავაჭრო ემბარგო დაუწესა.
ნავთობისა და გაზის ექსპორტი რუსეთიდან მკვეთრად შემცირდა ევროპაში
აიკრძალა მრავალი დასახელების საქონლის ექსპორტი რუსეთში და იმპორტი რუსეთიდან…. მათ შორის ტექნიკის და ტექნოლოგიების, ფუფუნების საგნების და ავტომობილების.
დაიწყო ნადირობა რუსი ოლიგარქების ქონებაზე, სახლებზე, იახტებზე ევროპაში და აშშ–ში…
ეს ყველაფერი მხოლოდ ომის დაწყებიდან პირველ წელს. სანქცირების პროცესი გრძელდება….
საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ არ შეუერთდა. ამის ნაცვლად რუსეთთან საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკურმა ურთიერთობებმა ზრდა დაიწყო.
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე საქართველოს საზღვარს როგორც ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან, ისე საჰაერო გზით რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე მოადგა, რომელთაც ომისგან დროებით გარიდება, ზოგს კი აქ დიდი ხნით დარჩენა უნდოდა. საქართველოში 2022 წელს რუსეთიდან 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. აქედან 62,300 აქ საცხოვრებლად დარჩა.
ომის დაწყებისთანავე ნახტომისებურად – წინა წელთან შედარებით 5–ჯერ გაიზარდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან და 2022 წელს 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა.
რა იყო ამ თანხების მიზნობრიობა დეტალურად უცნობია. თუმცა,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ აღნიშნულია, რომ ასეთი მაღალი ზრდის მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებსაც ფულს რუსეთიდან უგზავნიდნენ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სწორედ ამ გზავნილებით, ასევე ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 14.6% შეადგინა და რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორად აქცია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევაში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ნათქვამია, რომ ეს მაჩვენებელი მანამდე 9.9%–ზე მაღალი არასოდეს ყოფილა.
რუსეთთან ეკონომიკური კავშირები საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად დაასახელა, პროპაგანდამ კი საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების ზრდა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ხდებოდა, და ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, ის საქართველოს არაკეთილმოსურნე იყო.
რისგან შედგებოდა რეალურად ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული რუსული ეკონომიკური სასწაული და რატომ გააჩინა ხელისუფლებამ მოლოდინები იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლიდან მოყოლებული პრობლემებში სულ უფრო ღრმად ეფლობა.
ციფრები გვეუბნება, რომ 2022 წელს რეალურად საქართველოდან რუსეთში ექსპორტი რამდენიმე კომპონენტის ხარჯზე გაიზარდა. ერთ–ერთი ალკოჰოლური სასმელების ექსპორტია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან დეკემბრის ბოლომდე 22%–ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. თუმცა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტად სულ სხვა პროდუქტის ექსპორტმა იმატა.
ციფრები გვიჩვენებს, რომ რეალურად ქართულმა ოცნებამ რუსული ბაზარი ევროპული და ამერიკული წარმოების ავტომობილებს გაუხსნა, რომელთა შეტანა რუსეთში ომის შემდეგ აიკრძალა. საქართველოდან კი მათი გატანა 2022 წელს 5–ჯერ გაიზარდა. საქართველოს ექსპორტი რუსეთთან 2022 წელს ღვინის გარდა, სწორედ ავტომობილების ექსპორტის ხარჯზე გაიზარდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, რომელიც საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა, თუ 2021 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან რუსეთში სულ 15 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, 2022 წლის იმავე პერიოდში ეს თანხა 5–ჯერ, 74 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.ეს ზრდა აისახა საქართველოდან ექსპორტის ზრდის სტატისტიკაში, რამაც 2022 წელს ღვინოსთან და სხვა პროდუქტებთან ერთად ჯამში 6.8 პროცენტიანი ზრდა აჩვენა. ამ ციფრებმა შექმნა წარმოდგენა, რომ საქართველოსთვის რუსული ბაზარი პერსპექტიულია. მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წელს რუსეთიდან იმპორტი – 79%-ით ა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად საწვავის იმპორტი გაიზარდა – 482 მლნ დოლარით . რუსული საწვავის წილმა საწვავის იმპორტში 51% შეადგინა. 2023 წელს კი 61 %–ს მიაღწია. 2022 წელს 45%-ით გაიზარდა კვების პროდუქტების იმპორტი რუსეთიდან. ქართულ ბაზარზე სულ უფრო მეტი კვების და სხვა პირველადი მოხმარების რუსული პროდუქტი გაჩნდა. საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ხორბლის ფქვილზე კი კვლავ მაღალი რჩება. 78% რუსეთზე მოდის.
2023 წელს რუსეთ–საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ შემცირება დაიწყო. მიზეზი რამდენიმეა:
შემცირდა რუსეთიდან საწვავის იმპორტი, – 11 %–ით, რადგან რუსეთში უკრაინასთან ომის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო საწვავის დეფიციტი და გაძვირება დაიწყო, და ნაწილობრივ ექსპორტიც აიკრძალა. მნიშვნელოვნად – 57%–ით შემცირდა საქართველოდან რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი, რადგან რუსეთმა ფეროშენადნობების იმპორტზე ანტიდემპინგური გადასახადი დააწესა.ამ წელს რუსეთთან ექსპორტში კვლავ დიდი წილი ქონდა ავტომობილების ექსპორტს – 67 მილიონი დოლარით, სანამ საქართველომ ეს ექსპორტი სანქციების შიშით არ შეწყვიტა. გაიზარდა სპირტიანი სასმელების და ციტრუსის ექსპორტი, თუმცა ჯამში რუსეთ–საქართველოს სავაჭრო ბრუნვა მაინც 3%–ით შემცირდა.
მუდმივ ვარდნას განიცდის არშემდგარი რუსული ეკონომიკური სასწაულის კიდევ ერთი კომპონენტი – ფულადი გზავნილები. თუ 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 2.1 მილიარდი დოლარი იყო, და საერთო გზავნილების მოცულობაში 47%–ს შეადგენდა, 2023 წელს რუსეთიდან გადმორიცხული თანხის რაოდენობა 1.5 მილიარდამდე შემცირდა, წილი კი მთლიან გზავნილებში 37%–მდე. კლების ტენდენცია გრძელდება :2024 წლის აგვისტოს მონაცემებით რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილმა საერთო გზავნილების მოცულობაში 14% –მდე დაიკლო, სამაგიეროდ 61%–მდე გაიზარდა ევროკავშირიდან და აშშ–დან გამოგზავნილი თანხების ჯამური მოცულობა.
პარტნიორთან ურთიერთობა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ თითქოს პრაგმატული მოსაზრებებით ფსონი დადო, სულ უფრო არასტაბილური, არახელსაყრელი და პრობლემური ხდება. ომის დაწყებიდან პირველი 2 წლის განმავლობაში დასავლეთი სასანქციო პაკეტების შემუშავებით იყო დაკავებული, 2023 წლის ბოლოდან დაიწყო მიზნობრივი მუშაობა სანქციების გვერდის ავლის გამოსარიცხად.
პრაგმატული პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები – ეს არის ის, რითაც რეალურად ქართული ოცნება ბოლო წლებში რუსეთთან პოლიტიკური დაახლოების პროცესს ამართლებდა. თუნდაც პრაგმატული მოსაზრებებით, ღირს თუ არა ეს ყველაფერი იმ ფასად, რაც შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები. საქართველო ორ წელიწადზე მეტია მუდმივად ბეწვის ხიდზე გადის.
ამ გადაცემის ამოცანა რუსეთთან საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დეტალური კვლევა არ არის. რა მოიგო საქართველომ ამ ურთიერთობებიდან რეალურად, ეკონომიკური თვალსაზრისით, დროთა განმავლობაში ციფრები უკეთ ამბობს და იტყვის. ჩვენ დღეს მოგიყვებით რა საფრთხეებს შეიცავს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც სულ უფრო მეტად ეფლობა პრობლემებში, ეკონომიკურ არასტაბილურობაში და იზოლაციაში. ახლა საფრთხე უკვე საქართველოს საბანკო სისტემას ემუქრება, რომელსაც სახიფათო თამაშები შესაძლოა ძვირი დაუჯდეს. და ამ ფასს არა მხოლოდ საბანკო სისტემა, არამედ მთელი ქვეყანა და თითოეული მოქალაქე გადაიხდის.
რუსეთთან გაზრდილი მჭიდრო ურთიერთობების გამო 2022 წლის თებერვლიდან საქართველო არაერთხელ აღმოჩნდა საერთაშორისო მედიის, მკვლევარების თუ სანქციებზე მომუშავე ჯგუფების ყურადღების ქვეშ. არაერთი სტატია, კვლევა თუ გამოძიება მიეძღვნა საქართველოდან რუსეთში სანქცირებული პროდუქტების გატანას, მათ შორის ავტომობილების. ყოველ ჯერზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ყველაფერი ტყუილია და საქართველო საერთაშორისო სასანქციო მოთხოვნებს იცავს. ასე მოხდა სექტემბრის ბოლოსაც, როცა სქაი ნიუსმა სიუჟეტი მიუძღვნა საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული ბრიტანული ავტომობილების გატანის თემას. ასე ხდება ყოველ ჯერზე, როცა საქართველოდან მეორადი დანიშნულების პროდუქტის ექსპორტზეა საუბარი, მათ შორის მესამე ქვეყნების გავლით. საქართველო, თურქეთთან, ყაზახეთთან ყირგიზეთთან და სომხეთთან ერთად არაერთხელ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და ორმაგი დანიშნულების პროდუქტის შეტანაში ეხმარებიან. ამ საკითხზე განხილვა შარშან აშშ–ს სენატშიც გაიმართა. საქართველოს არაერთხელ სტუმრობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი.
2023 წლის 1 აგვისტოდან,შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გამკაცრების გამო საქართველოს მთავრობამ შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში რეექსპორტი აკრძალა. 26 სექტემბრიდან კი მსგავსი აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტზეც გავრცელდა. შესაბამისად, ავტომობილების რეექსპორტი რუსეთში, რომელიც მანამდე მუდმივად იზრდებოდა, შეწყდა და ჯამში, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი 11%-ით შემცირდა. თუმცა, შემოვლითი გზები დარჩა. და არა მხოლოდ ავტომობილებისთვის.
საქართველომ მოულოდნელად მკვეთრად გაზარდა ექსპორტი სომხეთში, ყირგიზეთში და ყაზახეთში. რუსეთთან შეწყვეტილი რეექსპორტის შემდეგ მკვეთრად – 4 ჯერ გაიზარდა ყაზახეთში და ყირგზეთში ავტომობილების ექსპორტი.არაერთი კვლევა და ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ეს ავტომობილები საბოლოო ჯამში რუსეთის ბაზარზე ხვდება, ისევე, როგორც ყირგიზეთში, ყაზახეთში და სომხეთში საქართველოდან ექსპორტირებული სხვა პროდუქტები.
2023 წლიდან დასავლეთის დღის წესრიგში რუსეთისთვის შემოვლითი გზების და ხვრელების ჩახერგვა დადგა, რომლითაც ის სანქციების გვერდის ავლას ახერხებდა და რომლითაც რუსეთის ომის მანქანა კვლავ ახერხებს საჭირო კომპონენტების მიღებას. მიუხედავად არაერთი ღონისძიებისა, ასეთი სქემები დღემდე მუშაობს, მათ შორის საქართველოს გავლით. და ეს დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს. ერთ–ერთი რუსი ბიზნესმენი ამის შესახებ ღიად საუბრობს.
რუსული პოდკასტი – ჭკვიანი ლოჯისტიკა ღიად საუბრობს რუხ სქემებზე, რომლითაც რუსეთში სანქცირებული საქონელი შედის. აგვისტოს ბოლოს, პოდკასტს რუსი ბიზნესმენი, ნიკიტა კრილოვი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ ბიზნესზე ვრცლად ისაუბრა. ის სატვირთო გადაზიდვებით არის დაკავებული. რუსი ბიზნესმენი ამბობს, რომ მისი ბიზნესი 2022 წლის თებერვალში კატასტროფულად შემცირდა, შემდეგ კი გამოსავალი იპოვა და ბიზნესი სწრაფად გაიზარდა. მან რუსეთში სანქცირებული პროდუქტის შეტანის სქემები შეიმუშავა, სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს გავლით. მან მოძებნა პარტნიორი ყაზახეთში, დროებითი განთავსების საწყობი მოიძია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტვირთების ჩატანა დაიწყო. შემდეგ კი ეს ტვირთი რუსეთში იგზავნებოდა. ტვირთის განბაჟება ხან ყაზახეთში ხდებოდა, ხან კი რუსეთში.
რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მუდმივად განახლებადი სქემების შესაჩერებლად დასავლეთმა მესამე ქვეყნების კომპანიები და კერძო პირებიც დაასანქცირა, თუმცა, რუსეთი, მიუხედავად მის მიმართ დაწესებული ყველა სანქციისა, აგრძელებს საზღვარგარეთ საქონლის შეძენას, რომელსაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იყენებს. ამისათვის ის ქმნის შუამავლების რთულ ჯაჭვებს, რომელთა აღმოჩენა არც ისე ადვილია. თუმცა, აშშ–მ და ევროკავშირმა საქონლის ამ ნაკადების დასაბლოკად. ამ ჯაჭვებში სუსტი რგოლი იპოვეს- სხვა ქვეყნების ბანკები, რომლებიც რუსეთში საქონლის იმპორტისთვის გადახდებს ამუშავებენ.ეს ზომა ეფექტური აღმოჩნდა.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთში ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების კრიზისი დაიწყო.
მიზეზი შეერთებული შტატების პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება გახდა.
2023 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა ახალ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აძლიერებს შეერთებული შტატების სანქციების უფლებამოსილებას რუსული სამხედრო მანქანის ფინანსური შუამავლების წინააღმდეგ. ბრძანება მკაფიოდ ცხადყოფს უცხოური ფინანსურ დაწესებულებებისთვის , რომ ისინი შეერთებული შტატების ფინანსურ სისტემასთან წვდომის დაკარგვის რისკის წინაშე არიან, თუ ხელს შეუწყობენ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო–ინდუსტრიულ ბაზასთან არიან დაკავშირებული. ბრძანება ასევე იძლევა უფლებამოსილებას გაფართოვდეს შეერთებული შტატების აკრძალვები ზოგიერთი რუსული საქონლის იმპორტზე.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქონლის ჩამონათვალის განსაზღვრებაც. ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც ბრძანებაში მოცემული რომელიმე კრიტერიუმით იქნება სანქცირებული, ემუქრება სულად მაბლოკირებელი სანქციები, ან წვდომის დაკარგვა, ან პირობების გამკაცრება აშშ–ს საკორესპონდენტო ანგარიშებზე.ასეთი სანქცია ნებისმიერი ბანკისთვის გლობალურ საფინანსო სისტემასთან წვდომის დაკარგვას ნიშნავს, რაც პრაქტიკულად ბანკის გაკოტრებას უდრის. ბაიდენის ბრძანებამ მიზანს ზუსტად მიაღწია. მას გამყინავი ეფექტი აღმოაჩნდა.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთ უკვე ისეთ ქვეყნებთანაც გაუჩნდა პრობლემები, რომლებიც მანამდე საერთაშორისო სანქციების და უკრაინაში ომის მიუხედავად მის ფინანსურ და სავაჭრო პარტნიორებად რჩებოდნენ. პირველ რიგში ჩინეთთან და თურქეთთან. ჩინეთისა და თურქეთის ბანკებმა უკვე იანვრიდან დაიწყეს საბანკო ტრანზაქციების შეზღუდვა, რამაც რუსეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
დასავლური მედია წლის დასაწყისიდან აქტიურად წერდა იმაზე, რომ ჩინეთის და თურქეთის ბანკებმა რუსულ გადახდებზე შეზღუდვები დააწესეს.
ისინი სხვადასხვა წყაროზე, ასევე პორტალ https://ohmyswift.ru/transfer/RU/TR-pt- ზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ამ ქვეყნების ბანკებმა რუსული გადახდების დამუშავება შეაჩერეს. პორტალი, რომელიც 2022 წელს რუსეთში დაფუძნდა, Swift– ის საერთაშორისო ტრანსფერებს აანალიზებს. მათი მონაცემებით, რომელსაც საერთაშორისო მედია საკუთარ სტატიებში იყენებდა, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლის ბოლომდე რუსეთიდან თურქეთსა და ჩინეთში გადარიცხვების უმეტესობა არ შედგა, და საერთოდაც, თითქმის ყველა გადარიცხვა გაყინული იყო.
ჩვენ გადავწყვიტეთ ამავე პორტალის მეშვეობით გაგვეანალიზებინა ბოლოდროინდელი ტრანზაქციები, თუმცა, გაირკვა, რომ პორტალის ეს ფუნქცია აღარ მუშაობს და სვიფტის გადარიცხვების სტატისტიკა აღარ იძებნება. პორტალი მომხმარებლებს განუმარტავს, რომ 2024 წლის 7 აგვისტოს რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით სტატისტიკა საიტიდან წაიშალა. საიტი მომხმარებელს განუმარტავს, რომ ორწლიანი განვითარების შემდეგ მოუწიათ სერვისი შეეწყვიტათ, რადგან რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ინფორმაციის წაშლა უბრძანა იმ მოტივით, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა რუსეთის ფედერაციაზე სასანქციო ზეწოლისთვის ყოფილიყო გამოყენებული.
თუმცა, გადარიცხვების შეფერხებების შესახებ ინფორმაცია არ იმალება. სხვადასხვა მედიასაშუალებას სხვადასხვა წყაროები, მათ შორის რუსეთის სამთავრობო წრეებიდან უყვებიან, რა პრობლემებს აწყდება რუსეთი მის ახლო პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებისასაც კი.
ჩინური ბანკების მიერ დაწყებული ბლოკადა რუსეთში პანიკის საფუძველი გახდა. ბიზნესმენები, ბლოგერები, ოფიციალური პირები , რუსული მედია ღიად საუბრობდნენ, რომ სიტუაცია უკიდურესად მძიმეა.
ერთერთმა რუსმა ბიზნესმენმა, რომელიც ბიზნესს ჩინეთში აწარმოებს და პარალელურად საკუთარი იუთუბ არხი აქვს, განგაში მარტში ატეხა. მაიკ ნავალისი იმ სერიოზულ პრობლემებზე საუბრობდა, რაც რუს იმპორტიორებს და ექსპორტიორებს ჩინეთში შეექმნათ. მათ ჩინურმა ბანკებმა უარი უთხრეს გადარიცხვებზე არა მხოლოდ სანქცირებულ რუსულ ბანკებში, არამედ ნებისმიერ რუსულ ბანკში, ნებისმიერ ტრანზაქციაზე.
ბიზნესმენს იმედი ჰქონდა, რომ დროთა განმავლობაში პრობლემები მოგვარდებოდა. განსაკუთრებული იმედით ის რუსეთის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტს ელოდა, რომელიც 15 მაისს შედგა, თუმცა, გაირკვა, რომ პრობლემები არათუ მოგვარდა, არამედ გაიზარდა.
ჩინურ ბანკებს ფეხდაფეხ მიჰყვნნე თურქული ბანკებიც. იმის შესახებ, რომ თურქული ბანკები უარს ამბობენ რუსულ ბანკებთან მუშაობაზე ამერიკული სანქცების შიშით, მაშინვე კომერსანტიც წერდა მის წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანამოსაუბრეების ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს გადახდებთან დაკავშირებული პრობლემები გავრცელდა თითქმის ყველა თურქულ ბანკზე, მათ შორის Nurol Bank–ზე, რომელთანაც დაახლოებით 40 რუსული საკრედიტო ორგანიზაცია მუშაობდა და Emlak Bank–ზე.
“აშშ“–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანების გამოსვლის შემდეგ მეორადი სანქციების გამოყენების შესახებ იმ ბანკებთან მიმართებაში, რომლებიც რუსულ ბანკებთან თანამშრომლობენ, თურქეთი ერთ–ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომლის ბანკებმაც რუსეთთან საკორესპონდენტო ურთიერთობები დახურეს… დოლარით გადახდების სისტემიდან გათიშვა არცერთ ბანკს არ უნდა“– უთხრა გამოცემას ერთ–ერთმა რუსმა ბანკირმა.
რუსეთის ცენტრობანკმა რუსეთის ეკონომიკის დაღუპვის პირობა დაასახელა– ამ სათაურით გაავრცელა რუსულმა მედიამ 2024 წლის 26 ივნისს რუსეთის ცენტრობანკის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ჩისტიუხინის საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების სრული შეწყვეტა ექსპორტზე და იმპორტზე ორიენტირებული რუსეთის ეკონომიკისთვის დაღუპვა იქნება და სრულ კრახს გამოიწვევს. ეს განცხადება მან პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიული ფორუმის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
რუსეთმა აქტიურად დაიწყო შემოვლითი გზების ძიება ჩინეთიდან და თურქეთიდან იმპორტისთვის. აგვისტოს ბოლოს სააგენტო როიტერი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ზოგიერთი რუსული კომპანია შუამავლების ჯაჭვებს იყენებს მესამე ქვეყნებში საკუთარი ტრანზაქციების დამუშავებისთვის შესაბამისობის შემოწმებისთვის გვერდის ასავლელად, რომელსაც ჩინური ბანკები ახდენენ. შედეგად, ტრანზაქციების დამუშავების ხარჯები მინიმუმ 6%–მდე გაიზარდა, არადა მანამდე ეს ხარჯი თითქმის ნულის ტოლი იყო.
შემოვლით გზებად გარკვეული პერიოდის მანძილზე შუა აზიის ქვეყნების ბანკები გამოიყენებოდა, თუმცა ზაფხულიდან მოყოლებული ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის ბანკებმა ასევე დაიწყეს რუსული ტრანზაქციების დახარვეზება. ბანკებმა შესაბამისობის შემოწმება გაამკაცრეს. ისინი სულ უფრო მეტ დამატებით დოკუმენტს და განმარტებებს ითხოვენ. რუსეთის რამდენიმეთვიანი მცდელობა, ურთიერთობა მოეგვარებინა თურქულ ბანკებთან კრახით დასრულდა.თითქმის ყველა თურქულმა ბანკმა უარი განაცხადა რუსეთსა და ბელორუსთან დაკავშირებული გარიგებების მომსახურებაზე.
თურქეთში რუსეთთან ვაჭრობის მომსახურებისთვის ერთადერთი ბანკი რჩება და ისიც მხოლოდ რუბლსა და ლირაში გადარიცხვებს აგრძელებს, დოლარსა და ევროში გადახდებს კი ყველა ავტომატურად ბლოკავს“, – წერს რუსული სააგენტო ტასი.
-რუსეთის ცენტრობანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამ, რომელიც რუსეთში ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა და ქვეყნის ფულად საკრედიტო პოლიტიკას განსაზღვრავს, 13 სექტემბერს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების შეფერხებები რუსეთს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ნაბიულინა რუსეთის ეკონომიკის პრობლემებზე და მძიმე პროგნოზებზე ღიად საუბრობს. მისი თქმით, მთავარი პრობლემებია: ინფლაციური ზეწოლა და ინფლაციური მოლოდინები, ფასების ზრდა, მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და საწვავზე, შრომით ბაზარზე კადრების დეფიციტი, რაც კომპანიებს და საწარმოებს აიძულებს მეტი დახარჯონ კადრების მოსაზიდად, ხელმისაწვდომი საწარმოო სიმძლავრეების ამოწურვა, გაზრდილი მოთხოვნა და შეზღუდული მიწოდება. იმის მიზეზად, რომ რუსულ ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, ნაბიულინამ სწორედ ტრანსსასაზღვრო გადახდების და ლოჯისტიკის პრობლემები დაასახელა.
რუსეთის ცენტრობანკი სიტუაციის გამოსასწორებლად და ინფლაციის შესანელებლად ფულად–საკრედიტო პოლიტიკას პრაქტიკულად ყოველდღიურად ამკაცრებს, თუმცა ჯერჯერობით ტენდენციის შეცვლას ვერ ახერხებს.
რუსეთი საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნებს მიწოდებით ვეღარ პასუხობს და ამიტომ მოთხოვნის შემცირებას ცდილობს.
მთავარი კითხვაა, ეკონომიკური ვარდნა უფრო მეტად გამოწვეულია მოთხოვნის შემცირებით თუ მიწოდების შოკებით? თუ დადასტურდა, რომ ეს ძირითადად მიწოდების შოკებია და გრძელვადიანი ხასიათისაა, მაშინ მონეტარული პირობები უფრო მკაცრი უნდა იყოს. ჩვენ მოგვიწევს მოთხოვნის მორგება საქონლისა და მომსახურების შეზღუდულ მიწოდებაზე.რაც შეეხება ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებს, მართლაც, ბოლო თვეებში სიტუაცია რთულდება, ეს კომპანიებისთვის იწვევს თანხების გადარიცხვის ხარჯების ზრდას. და ეს ყველაფერთან ერთად, ინფლაციური ფაქტორიც არის. ჩვენ ამასაც ვითვალისწინებთ, თუმცა რა ზომებს ვიღებთ სიტუაციის გამოსასწორებლად, ამაზე კომენტარს არ ვაკეთებთ.
იმ ფონზე, როცა დასავლეთმა რუსეთთან ფრონტის ხაზი საფინანსო სისტემაზე გაავლო და შედეგსაც მიაღწია, ჩვენ დავინტერესდით, რა ხდება ქართულ საფინანსო სისტემაში და იჩენს თუ არა ის ისეთივე სიფრთხილეს რუსეთთან ტრანზაქციებისას, რაც რუსეთის სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა გამოიჩინეს. იმ ფონზე, როცა საქართველოს რუსეთთან მჭიდრო სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები აქვს გაგვიჩნდა კითხვა, რა მოცულობით და რამდენად უხარვეზოდ ემსახურებიან ქართული საფინანსო ინსტიტუტები ამ ურთიერთობებს.ინფორმაცია იმაზე მეტად დახურული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით.
საქართველო რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ბოლომდე გახსნილია.საქართველოში რუსული რუბლის კონვერტაცია სხვადასხვა ვალუტაში უპრობლემოდ ხდება. სავალუტო ჯიხურების მეპატრონეები გვეუბნებიან, რომ ნებისმიერი რაოდენობის რუბლს იღებენ მომხმარებლისგან. შემდეგ კი ამ რუბლების ნაწილს თვითონვე იყენებენ, ნაწილს კი ქართულ ბანკებს აძლევენ. ბანკები რუბლს სავალუტო ჯიხურებისგან შეუზღუდავი რაოდენობით ყიდულობენ.
საუბარია ძირითადად ორ უმსხვილეს ბანკზე – საქართველოს ბანკზე და თიბისიზე. სავალუტო ჯიხურები ძირითადად მათთან თანამშრომლობენ.
სად მიდის ბანკებში მოხვედრილი ამდენი რუბლი. ამ კითხვასთან ერთად, ჩვენ კიდევ რამდენიმე კითხვა გაგვიჩნდა და ეროვნულ ბანკს ინფორმაციის მოთხოვნით მივმართეთ:
ჩვენ ეროვნულ ბანკს ვკითხეთ, რა რაოდენობით რუსული რუბლი შეისყიდეს საქართველოს სავალუტო ჯიხურებმა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის წინა წლების მონაცემებიც გამოვითხოვეთ – 2018 წლიდან.
ასევე გავუგზავნეთ კითხვა ბანკების მიხედვით სავალუტო ჯიხურებისგან რუსული რუბლის შესყიდვის მოცულობების შესახებ 2018 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. გარდა ამისა, გამოვითხოვეთ ქართული ბანკების მიერ რუსული რუბლის შესყიდვის და გაყიდვის მონაცემები იგივე პერიოდში და საქართველოდან საბანკო გადარიცხვების მოცულობის სტატისტიკა ქვეყნების, ბანკების და ვალუტების მიხედვით 2018 წლიდან 2024 წლის ჩათვლით.
ამ ინფორმაციის ნაწილს, მაგალითად სავალუტო ჯიხურების ბრუნვას ეროვნული ბანკი წარსულში საკუთარ სტატისტიკაში ისედაც აქვეყნებდა, თუმცა, დღეს მათ ვებგვერდზე ეს ინფორმაცია აღარ იძებნება.
ეროვნულ ბანკს კიდევ რამდენიმე კითხვა გავუგზავნეთ, თუმცა ვერცერთ მათგანზე კანონით დადგენილ ვადაში, და ვერც ამ ვადის ამოწურვის შემდეგ პასუხი ვერ მივიღეთ. რამდენჯერმე ბუნდოვანი დაპირების შემდეგ პრესსამსახურმა ბოლოს ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.
ჩვენ გვაინტერესებდა, მოახდინა თუ არა გავლენა შეერთებული შტატების გამკაცრებულმა სასანქციო პოლიტიკამ საფინანსო სექტორის მიმართ ქართული ბანკების მუშაობაზე, და რა მოცულობით გადარიცხვები ხორციელდება რუსეთში. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესის სფერო საქართველოდან ჩინეთში გადარიცხვებიც იყო იმის გასარკვევად, ხომ არ სცადა რუსულმა ბიზნესმა საქართველოს გამოყენება ამ წლის დასაწყისიდან პრობლემებისთვის გვერდის ასავლელად. რა ხარისხის სიფრთხილეს იჩენენ ქართული ბანკები რუსეთთან დაკავშირებული ტრანზაქციებისას იმისათვის, რომ რისკის ქვეშ არ აღმოჩნდნენ, ამის გარკვევა უშუალოდ ბანკებთანაც ვცადეთ, თუმცა, უშედეგოდ.
საბანკო სფერო საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დახურული სფეროა.ინფორმაცია კი მკაცრად გასაიდუმლოებული. მედიასთან საუბარი არც თიბისის და საქართველოს ბანკის პრესსამსახურებს სურთ. ისინი გვეუბნებიან, რომ კომენტარს არ გააკეთებენ იმასთან დაკავშირებით, როგორ იცავენ მათი ბანკები სასანქციო პოლიტიკას. ორივე ბანკმა ბანკების ასოციაციასთან გადაგვამისამართა.
ბანკების ასოციაციას ვთხოვეთ კომენტარი და კითხვა წერილობით გავუგზავნეთ:
შეკითხვა ბანკების ასოციაციას:2023 წლის დეკემბერში აშშ–ს პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების ამოქმედების შემდეგ არაერთი ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის და თურქეთის,მოგვიანებით კი შუა აზიის ქვეყნების ბანკების უმრავლესობამ რუსეთთან ტრანზაქციები ან შეწყვიტა, ან შეამცირა, ან უმკაცრეს კონტროლს დაუქვემდებარა მეორადი სანქციების გამოყენების რისკის გამო. ბანკების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ მათთვის შეუძლებელი იქნებოდა სრულად გაკონტროლება, ხომ არ იდგა რომელიმე ტრანზაქციის მიღმა, რომელიმე რგოლში, სანქცირებული კომპანია ან პიროვნება, ან მიზანი, რომელიც ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანების დარღვევას გამოიწვევს. საეჭვო ტრანზაქციები კი შესაძლოა ბანკებს სანქცირებად დაუჯდეთ. რუსეთის მჭიდრო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ბანკებიც კი მკაცრად უდგებიან ტრანზაქციების დამუშავებას და შესაბამისობის შემოწმებას და ზოგჯერ სრულად წყვეტენ რუსული ტრანზაქციების მომსახურებას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართული ბანკებიდან პრაქტიკულად შეუზღუდავად არის შესაძლებელი როგორც რუბლის, ასევე დოლარის და ევროს გადარიცხვები რუსეთის არასანქცირებულ ბანკებში. როგორც ვიცით, ყველა ქართულ ბანკს გააჩნია შესაბამისობის შემოწმების გარკვეული მეთოდი, თუმცა ჩვენთვის უცნობია მათი ეფექტურობის შესახებ. ჩვენ გვაინტერესებს, შესაბამისობის შემოწმების რა მეთოდებს იყენებენ ქართული ბანკები სანქციების თავიდან ასარიდებლად, არსებობს თუ არა საერთო რეგულაციები, რომლებსაც თქვენი ასოციაციის ყველა წევრი იზიარებს რისკების თავიდან ასაცილებლად თუ ყველა ბანკი ინდივიდუალურად უმკლავდება ამ საკითხს?
ბანკების ასოციაციისგან მოკლე პასუხი წერილობით მივღეთ. ამ პასუხში ნათქვამია, რომ საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს.
იმის გასარკვევად, თუ რომელი ბანკები და რა ფორმით ახდენენ რუსეთში თანხების გადარიცხვას რუბლში და დოლარში, ჩვენ ბანკებში დავრეკეთ, როგორც რიგითმა კლიენტებმა. პრესსამსახურებისგან განსხვავებით მომსახურების ოპერატორები უფრო გახსნილები არიან და ფაქტიურად ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევენ. ირკვევა, რომ ზოგიერთი ქართული ბანკი რუსეთში რუბლის გადარიცხვებს საერთოდ არ აწარმოებს, მაგალითად პროკრედიტბანკი და ტერაბანკი, სადაც რუბლში ანგარიშსაც კი ვერ გახსნი. რუბლის რუსეთში გადარიცხვაზე უარი გვითხრა ლიბერთი ბანკმაც, თუმცა აქ რუბლში ანგარიშის გახსნა შესაძლებელია. საქართველოს ბანკიდან და თიბისიდან რუსეთის არასანქცირებულ ბანკებში ნებისმიერი რაოდენობის რუბლის გადარიცხვა უპრობლემოდ შეიძლება. შესაძლებელია დოლარის გადარიცხვაც. ვცადეთ გაგვერკვია, რა დამატებითი დოკუმენტაციაა ამისთვის საჭირო, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, განსაკუთრებული არაფერი:
კიდევ ორი ბანკი, რომლებიც რუსეთში ტრანზაქციებს შეუზღუდავად ახორციელებენ ქართუ და ბაზისბანკია. როგორ ახერხებენ ქართული ბანკები ტრანზაქციების სანქციებთან შესაბამისობის შემოწმებას. არსებობს სხვადასხვა საშუალებები და სიები, რომლითაც სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შემოწმებაა შესაძლებელი. მაგალითად, შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ვებგვერდზე, სანქცირებული ორგანიზაციების და პირების მოძებნა მარტივად შეიძლება. ვწერთ გვარს მორგოშია, და ვიღებთ ინფორმაციას, რა ტიპის სანქციებს ექვემდებარება ის. სანქცირებულ პირთა მოძებნა აქ ქვეყნების მიხედვითაც არის შესაძლებელი. მაგალითად, ვწერთ საქართველოს და ვიღებთ შედეგად სანქცირებული პირების სიას, მათ შორის ოთარ ფარცხალაძეს , რომელიც აქ ორი გვარით – ფარცხალაძე–რომანოვით არის მოხსენიებული, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, ზურაბ მახარაძეს და კოკა მორგოშიას.
იგივე ინსტრუმნტებს ფლობენ იმ ქვეყნების ბანკები, რომლებმაც ამის მიუხედავად რუსულ გადარიცხვებზე უარი თქვეს თავის დაზღვევის მიზნით, რადგან შეუძლებლად ჩათვალეს ყველა ტრანზაქციის შესაბამისობის დეტალურად შემოწმება. რატომ არ ეშინიათ ქართულ ბანკებს იმის, რისიც თუნდაც ჩინურ და თურქულ უმსხვილეს ბანკებს ეშინიათ. ქართული ბანკები მზარდი რისკის პირობებში ოპერირებენ.
ჩვენს რესპოდენტებს დავუსვით კითხვა,არის თუ არა შესაძლებელი ინტენსიური სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების და ტრანზაქციების პირობებში სასანქციო მოთხოვნების სრულად დაცვა და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქართული ბანკები შეცდომას დაუშვებენ – რა დაუჯდება ეს საქართველოს საბანკო სისტემას.
ქართულ ბანკებს ჯერჯერობით უმართლებთ. ამერიკის ხაზინა უფრო მეტად ჩინურ და თურქულ ბანკებზეა ფოკუსირებული, რადგან მათი განეიტრალებით რუსულ სამხედრო მანქანას უფრო დიდ დარტყმას აყენებს. თუმცა, არავინ იცის ,როდის დადგება ქართული ბანკების ჯერი. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქართული ბანკები ჩინური და თურქული ბანკების მსგავსად შეწყვეტენ რუსეთთან ტრანზაქციებს. რა ელის ამ შემთხვევაში ქართულ ეკონომიკას , ექსპორტს, იმპორტს და სამომხმარებლო ბაზარს, რომელმაც ბოლო ორ წელში რუსეთზე დამოკიდებულება გაზარდა.
ქართული კომერციული ბანკები და ეროვნული ბანკი ჯერჯერობით დუმილს ირჩევენ იმ საფრთხის შესახებ, რომელიც არა მარტო მათ, არამედ მთელ ქართულ საფინანსო სისტემას, ქართულ ეკონომიკას და საქართველოს ყოველ მოქალაქეს ემუქრება.
ხმის მიცემის უფლების მქონე ემიგრანტების რაოდენობა 95 834-ს შეადგენს. შესაბამის ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ამასთანავე ისინი ხვალინდელ სხდომაზე საზღვარგარეთ დამატებით 7 უბნის გახსნაზე იმსჯელებენ. ასევე, ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხს განიხილავენ, რომელიც იქ მდებარე საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული.
“საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობას შეადგენს 95 834 მოქალაქე.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. განახლებული მონაცემების საფუძველზე კი ცესკოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით დამატებით საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი. კერძოდ საუბარია დამატებით 7 უბნის გახსნის შესახებ.[…] ხვალ ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნული საფუძველს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ცესკოში შემოსული წერილი, სადაც საუბარია, იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამათგანში შექმნილ ვითარებას და ამ სიტუაციაში საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს”, – განაცხადეს ცესკოს ბრიფინგზე.
“აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში, იმას ვისაც იარაღი არ ეკავა, შერიგება სხვანაირად ვერ მოხდება… [ისტორიკოსი] არ ვარ, მაგრამ ისტორია ძალიან კარგად ვიცი… შერიგება როგორ ხდება თქვენი აზრით? რა თქმა უნდა მოსახდელი გვაქვს ერთმანეთისთვის ბოდიში… მასეთ კითხვებს რომ სვამთ, თქვენ ხართ სეპარატისტი. მასეთ შეკთხვას რომ სვამთ, თქვენ ხართ ზუსტად სეპარატისტი და ამ ქვეყნის მტერი”,
აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების დეპუტატი, საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ბაციკაძე.მის კომენტარს “ბათუმელები” ავრცელებს.