Category: კავკასია

  • სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა

    სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა

    საქართველოს პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა.

    ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, თბილისში, ღამის ბარ „მეტეორის“ შესასვლელთან, ბრალდებულმა, მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, დანის დემონსტრირებით, ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    ლაზარე გრიგორიადისი მანამდე,  3 წლის წინ, 2023 წლის 29 მარტსაც დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაში იყო ბრალდებული. 2024 წლის 12 აპრილს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმავე დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას შეიწყალებდა. ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო 2024 წლის 24 აპრილს დატოვა.

  • რა ელის დოლარს აშშ–ირანის ომის გამო?

    რა ელის დოლარს აშშ–ირანის ომის გამო?

    აშშ-ის თავდასხმამ ირანზე კვლავ გააცოცხლა საუბრები დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო და საანგარიშსწორებო ვალუტის სწრაფი დასასრულის შესახებ. ირანმა ჰორმუზის სრუტე დაბლოკა და ტანკერებისგან ხარკის აღება ჩინურ იუანებსა და სტეიბლკოინებში დაიწყო. რამდენად რეალურია საფრთხე მსოფლიოს მთავარი ვალუტისთვის და ჩაანაცვლებს თუ არა „ნავთობიუანი“ „ნავთობდოლარს“ ირანის ომის შედეგად?

    ნავთობის ფასები უხსოვარი დროიდან დოლარში განისაზღვრებოდა და დღესაც მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 85% ამერიკულ ვალუტაში იყიდება. ეს წილი ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ იცვლება, მიუხედავად რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების სურვილისა, ბოლო მოუღონ აშშ დოლარის დომინირებას ანგარიშსწორებებში.

    ანალოგიური ვითარებაა რეზერვებთან დაკავშირებითაც. მსოფლიო თავის დანაზოგებს ტრადიციულად დოლარში ინახავს. საერთაშორისო რეზერვებში დოლარის წილი 60%-ია, ევროსი — 20%, დანარჩენი კი სხვა განვითარებული დასავლური ქვეყნების ვალუტებზე მოდის: ბრიტანეთის, იაპონიის, კანადის, ავსტრალიის. ჩინურ იუანებში მხოლოდ დაახლოებით 2% ინახება.

    ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ აშშ მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე განვითარებული ეკონომიკაა. ამერიკაში გიგანტური ფინანსური ბაზარია, კანონის უზენაესობა, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი და დასავლეთში ყველაზე მომგებიანი და ინოვაციური ბიზნესი.

    მაგრამ გასულ წელს დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ ზოგიერთი ამ უპირატესობიდან საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, და დოლარის ტახტიც შეირყა.

    გასულ წელს დოლარმა 8% დაკარგა. მსოფლიოში დაიწყეს საუბარი ახალ ფინანსურ სტრატეგიაზე — „გაყიდე ამერიკა“. კურსის შემცირებაში ზოგიერთმა კომენტატორმა დოლარიდან გაქცევა დაინახა, რაც ტრამპის სავაჭრო ომს მთელ მსოფლიოსთან, მის შეტევებს მოკავშირეებზე და მზადყოფნას უკავშირდებოდა, აშშ-ის ფინანსური და სამხედრო ძალა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისთვის გამოეყენებინა. კურსის შემცირება 2026 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა – ირანზე თავდასხმამდე. მაგრამ როგორც კი ტრამპმა პლანეტის საკვანძო ნავთობ-გაზმომპოვებელი რეგიონი დესტაბილიზაციის ქვეშ მოაქცია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე დააყენა, ამერიკულმა დოლარმა ვარდნა შეწყვიტა და ზრდა დაიწყო.

    გადაურჩება თუ არა დოლარი ტრამპს?

    „მსოფლიო თავისი სიმდიდრის დიდ ნაწილს ამერიკულ აქტივებში, დოლარში ინახავს, სხვადასხვა მიზეზის გამო. მთავარი კითხვა ის არის, გააგრძელებს თუ არა ის ამას, თუ ჩვენ გიჟურ პოლიტიკას გავატარებთ“, – სვამს კითხვას ამერიკელი სავალუტო ანალიტიკოსი ბრედ სეტსერი.

    „ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი ერთი იყო — დიახ, გააგრძელებს.“

    ირანზე თავდასხმის შემდეგ დოლარის კურსის 2%-იანი ზრდა მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამერიკულ ვალუტას სარეზერვო სტატუსს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, აღნიშნავს რობინ ბრუკსი ამერიკული Brookings Institution-იდან.

    „უცხოეთიდან ამერიკულ აქციებსა და ობლიგაციებში ფულის შემოდინება ბოლო 25 წლის განმავლობაში რეკორდულია. დოლარის კურსის ბოლო ზრდა კი ადასტურებს, რომ ინვესტორები კრიზისულ დროს კვლავ განიხილავენ დოლარულ აქტივებს, როგორც უსაფრთხო თავშესაფარს“, — წერს ის.

    როგორც წინა კრიზისების დროს, ირანის დაბომბვის დაწყებისთანავე ინვესტორებმა დაიწყეს ფულის გამოტანა იმ ქვეყნებიდან და რეგიონებიდან, რომლებიც ომისგან პირველ რიგში დაზარალდებიან — აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და შედარებით ნაკლებად ევროპიდან – და მისი გადატანა დოლარულ აქტივებში. იმიტომ, რომ ისინი უფრო ლიკვიდური და მომგებიანია და, რაც მთავარია, იმიტომ, რომ აშშ-ის ეკონომიკამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სხვებზე სწრაფად შეუძლია ნებისმიერი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. ამჟამინდელი ენერგეტიკული კრიზისისგან კი ის დამატებით უკეთ არის დაცული, რადგან აშშ მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებელია.

    „ტრამპის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დოლარის დასასრული ამერიკული უპასუხისმგებლობისა და ძალის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი სამწუხარო შედეგი იქნება. მაგრამ მართლა დგას თუ არა დოლარი სპეციალური სტატუსის გარდაუვალი დაკარგვის საფრთხის წინაშე? და მართლა იქნება თუ არა ამ სტატუსის დაკარგვა დარტყმა შეერთებული შტატებისთვის?“ — სვამს კითხვას ამერიკელი ეკონომისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი.

    „ჩემი აზრით, ორივე კითხვაზე პასუხი ერთია — არა.“

    ნავთობდოლარის დასასრული და ნავთობიუანის განთიადი?

    მაშინაც კი, თუ ირანი, რუსეთი და თვით საუდის არაბეთიც კი ნავთობს იუანებზე გაყიდიან, დოლარის პოზიციები არ შეირყევა. მსოფლიო ნავთობის ბაზრის მასშტაბით რეალური ფიზიკური მიწოდებები მხოლოდ რამდენიმე პროცენტია. დანარჩენი არის ფინანსური კონტრაქტებით ვაჭრობა ვირტუალური ნავთობის მიწოდებაზე, ეს კი ამერიკაში და დოლარში ხდება.

    ნავთობის ბაზარზე დოლარის დომინირების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ 1970-იანი წლების პირველი ნავთობის კრიზისის შემდეგ,  რომელიც ჯერ არაბული ქვეყნების ისრაელთან ომმა, შემდეგ კი ირანში ისლამურმა რევოლუციამ გამოიწვია — აშშ და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, რომ ნავთობის ფასები დოლარში დადგენილიყო.

    მას შემდეგ ასე გაგრძელდა. თუმცა დოლარის დომინირების მთავარი მიზეზები ანგარიშსწორებებსა და რეზერვებში სულ სხვა რამეშია, მიიჩნევს ბრედ სეტსერი.

    „აშშ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი იყო 1930-იან წლებში, ჩვენ ვაწვდიდით ნავთობს ბრიტანელებს მეორე მსოფლიო ომის წლებში. ფართო გაგებით, ნავთობის ინდუსტრია აშშ-ში დაიბადა და ნავთობით ყოველთვის დოლარში ვაჭრობდნენ“, — წერს ის.

    1970-იანი წლების პირველი ნავთობის კრიზისის შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნებს თითქოს ოქროს წვიმა დაატყდათ. ისიც კი აღარ იცოდნენ, სად დაეხარჯათ ნავთობიდან მიღებული ზემოგებები თავიანთ მაშინ ჯერ კიდევ სუსტად განვითარებულ ქვეყნებში, ამიტომ დაიწყეს რეზერვების დაგროვება და მათი საზღვარგარეთ გამრავლება.

    გამომუშავებული დოლარების გაზრდის ყველაზე მომგებიანი და საიმედო გზა იყო მათი ამერიკისთვის სესხად მიცემა და ამერიკულ ბანკებში დეპოზიტებზე განთავსება. თუმცა ამერიკა ისრაელს უჭერდა მხარს და შეიხებისთვის უხერხული იყო მტრის ღიად დაკრედიტება. საბოლოოდ ისინი ამას მაინც აკეთებდნენ, ოღონდ ირიბად. ასე გაჩნდა მსოფლიო ფინანსური ცენტრები ლონდონში, ციურიხში და მოგვიანებით — ჰონკონგსა და დუბაიში.

    მაგრამ ნავთობდოლარების ის ზვავი დიდი ხანია შეჩერდა. სპარსეთის ყურის ბევრმა ქვეყანამ ხარჯვა დაიწყო და ეკონომიკის მომზადებას შეუდგა ნავთობისშემდგომი მომავლისთვის. შედეგად, საუდის არაბეთი კაპიტალის ექსპორტიორიდან მოვალედ გადაიქცა. ის აღარ აგროვებს – ახლა ვალით ცხოვრობს.

    შედეგად, ამერიკაში ნავთობდოლარების შემოდინება შემცირდა, მაგრამ დოლარი კვლავ შესანიშნავად გრძნობს თავს. რატომ?

    პირველ რიგში, ამერიკას იმპორტირებული ნავთობი აღარ სჭირდება. ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ის მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო, საუდის არაბეთი კი — ნავთობის წამყვანი ექსპორტიორი. ახლა ამერიკა საუდის არაბეთზე ორჯერ მეტ ნავთობს მოიპოვებს – ტექნოლოგიური რევოლუციისა და კაპიტალიზმის ერთობლიობის წყალობით. ეს კი ნიშნავს, რომ ის ახლო აღმოსავლეთში დოლარებით ნავთობს აღარ ყიდულობს.

    ახლა სწორედ ისინი, და არა შეიხები, ყიდულობენ დოლარულ აქტივებს. ამ პრაქტიკაზე უარის თქმა მათთვის რთულია, რადგან ეს ეკონომიკის საექსპორტო მოდელის გადაკეთებას მოითხოვს, რაც ძვირი ჯდება და სოციალური რყევების საფრთხეს შეიცავს. მეტიც, ამ ქვეყნებისთვის დოლარი არა მხოლოდ სიმდიდრის დაგროვების საშუალებაა, არამედ საკუთარი ვალუტის კურსის მიბმისა და სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების ორიენტირიც. ამის გარეშე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება გაცილებით უფრო რთული ამოცანა გახდება.

    რატომ არ ემუქრება დოლარს ჯერჯერობით არაფერი

    ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი ქვეყნების — სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისა და ნორვეგიის, რომელიც ევროკავშირის მთავარი მიმწოდებელია — ფულის სიჭარბემ, ანუ მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა, გასულ წელს დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი შეადგინა, დაითვალა ბრედ სეტსერმა.

    ეს არაფერია ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნების 1.5 ტრილიონ დოლარიან პროფიციტთან შედარებით — ქვეყნების, რომლებიც დასავლეთში ნავთობს კი არა, საქონელს ყიდიან.

    ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ომი სპარსეთის ყურის ნავთობის მონარქიებს მრავალი წლით ზედმეტ ფულს გამოაცლის, რადგან ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ფასების ზრდაზე ფულის შოვნას ვერ შეძლებენ, დოლარი მაინც არ დაკარგავს თავისი განსაკუთრებული სტატუსის ორ მთავარ საყრდენს.

    პირველი — ანალოგიურ მასშტაბებში ინვესტირების ალტერნატივების არარსებობაა. ჩინეთი — სახელმწიფო ბანკების მეშვეობით — და სხვა სახელმწიფოები კვლავ ყიდულობენ დოლარულ აქტივებს რეზერვებისთვის. სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნებიც კი, რომლებიც სიტყვით ამერიკულ ჰეგემონიას გმობენ, სინამდვილეში დოლარს კი არ ებრძვიან, არამედ სანქციების მოხსნასა და მსოფლიო ეკონომიკაში დაბრუნებას ცდილობენ.

    მეორე მიზეზი — მოგების წყურვილია.

    ამერიკული კომპანიები კვლავ უფრო მეტ მოგებასა და შემოსავალს აძლევენ აქციონერებს, ვიდრე მათი ევროპელი ან იაპონელი კონკურენტები. ამიტომ Amazon-ის, Google-ისა და Apple-ის აქციებში დაბანდება მეტ შემოსავალს იძლევა. იგივე ეხება ამერიკულ სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირებასაც, რადგან ამერიკაში საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში და მით უმეტეს იაპონიაში. ამასთან, ბაზრის ლიკვიდობა და სიღრმე შეუდარებელია სხვა განვითარებულ ქვეყნებთან, სადაც კაპიტალის არა მხოლოდ თავისუფლად დაბანდება, არამედ სურვილის შემთხვევაში გამოტანაც არის შესაძლებელი. ჩინეთი ამ ქვეყნების რიცხვში არ შედის.

    შედეგად, დანაზოგებს დოლარში ათავსებენ ისინიც, ვისაც მათი შენარჩუნება სურს, და ისინიც, ვინც მათ გაზრდას ცდილობს. დონალდ ტრამპსაც კი არ გამოსდის ამერიკული ვალუტის ამ ყველა მყიდველის დაფრთხობა.

    „ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო წლის მთელი ქაოსის მიუხედავად, უცხოელების დაბანდებები დოლარში საუკუნის დასაწყისიდან მაქსიმუმზეა. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-სთვის ადვილი არ იქნება დოლარისთვის სარეზერვო ვალუტის სტატუსის წართმევა. გასაკვირი არაფერია. ეს სტატუსი ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა და მისი შერყევა ერთ დღეში ვერ მოხერხდება“, — მიიჩნევს რობინ ბრუკსი.

    თუმცა, როგორც კი ირანში ომი დასრულდება, დოლარის კურსი კვლავ შემცირებას განაახლებს, დარწმუნებულია ის.

    პირველ რიგში იმიტომ, რომ მის ძველ მყიდველებს — სპარსეთის ყურის ნავთობის ექსპორტიორებსა და აზიის ნავთობის იმპორტიორებს — ნაკლები ფული ექნებათ. პირველებს თანხის დახარჯვა აღდგენასა და ხელახლა შეიარაღებაზე მოუწევთ, მეორეებს კი — ძვირ ენერგორესურსებზე, მარაგების შევსებაზე და ეკონომიკის გადაკეთებაზე, რათა წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულება შეამცირონ.

    მეორე – იმიტომ, რომ ტრამპი აგრძელებს შეტევას ამერიკული სავალუტო დომინირების საყრდენებზე. უპირველეს ყოვლისა – დამოუკიდებელ ცენტრალურ ბანკზე, სასამართლოებზე და შეკავებისა და გაწონასწორების მთელ სისტემაზე, რომელიც აშშ-ში მეწარმეობისა და კაპიტალის მოძრაობის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

    მაგრამ მთლიანობაში, ბიზნესში დოლარზე, როგორც გადახდის მთავარ საშუალებაზე, უარის თქმა ისეთივე რთულია, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის ინგლისურიდან ჩინურზე გადაყვანა, აღნიშნავს პოლ კრუგმანი.

    „ამერიკის ამჟამინდელი ქცევის გათვალისწინებით, შეიძლება, ის არც იმსახურებდეს მსოფლიოს მთავარი ვალუტის ემიტენტის სტატუსს. თუმცა ეკონომიკა და მორალი სხვადასხვა რამეა“, — წერს ის.

    „ზოგი ფიქრობს, რომ დოლარი მალე ჩამოიშლება და ყველა შეწყვეტს მის გამოყენებას. მაგრამ მაშინაც კი, თუ ამერიკა საბოლოოდ გადაირევა, ასეთი შედეგის მიღწევა ძალიან რთული იქნება. დოლარს ყველა იმიტომ იყენებს, რომ მას ყველა დანარჩენი იყენებს.“

    მეორე მხრივ, სპარსეთის ყურეში სხვა ქვეყნებიც არიან, რომლებიც იმაზე მეტს შოულობენ, ვიდრე ხარჯავენ — მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროები. მათ აქვთ დანაზოგი — სუვერენული სტაბილიზაციის ფონდები, მომავალი თაობებისთვის და შავი დღისთვის დაგროვებული თანხები. ანალოგიური ფონდი აქვს ფინანსური დეფიციტის მქონე საუდის არაბეთსაც. ამ ფულს ზრდაზე უშვებენ, და ისე გამოვიდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ამის გაკეთება ყველაზე მომგებიანი ამერიკაშია.

    და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი — ნავთობდოლარები დიდი ხანია აღარ თამაშობენ მთავარ როლს მსოფლიოში. ბოლო 20–30 წლის განმავლობაში ის მთავარი ქვეყნები, რომლებიც ექსპორტით იმაზე მეტს შოულობენ, ვიდრე ხარჯავენ, აღარ არიან ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მონარქიები. ეს ქვეყნები დღეს ჩინეთი და განვითარებული აზიური ეკონომიკებია — სამხრეთ კორეა, იაპონია, ტაივანი და სინგაპური.

  • 15 ივლისიდან შანხაი-თბილისს შორის პირდაპირი ფრენები იწყება

    15 ივლისიდან შანხაი-თბილისს შორის პირდაპირი ფრენები იწყება

    15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines – ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს. მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა. China Eastern Airlines – ი რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

    ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

    გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის

    „მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მთავარ საფინანსო ცენტრთან საქართველოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

    როგორც მინისტრმა განაცხადა, თბილისი – შანხაის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და დამატებითი შემოსავლების გენერირებას შეუწყობს ხელს“- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ავიასაწვავის გაძვირების გამო Lufthansa 20 000 რეისს გააუქმებს

    ავიასაწვავის გაძვირების გამო Lufthansa 20 000 რეისს გააუქმებს

    გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ზაფხულის სეზონზე მოკლე მანძილზე დაახლოებით 20 000 რეისს შეამცირებს. კომპანიის განმარტებით, საწვავის ფასების მკვეთრმა ზრდამ ბევრი რეისი მისთვის არარენტაბელური გახადა.

    სამშაბათს კომპანიამ განაცხადა, რომ ევროპულ მარშრუტთა ქსელს ამცირებს, თუმცა მგზავრებს „კვლავ ექნებათ წვდომა გლობალურ მარშრუტთა ქსელზე, განსაკუთრებით — შორ მანძილზე ფრენებზე“.

    „თუმცა ავიასაწვავზე ფასების ზრდის პირობებში ეს განხორციელდება მნიშვნელოვნად უფრო ეკონომიურად, ვიდრე ადრე,“ — აღნიშნა კომპანიამ.

    ამ გზით Lufthansa იმედოვნებს, რომ 40 ათას ტონაზე მეტ საწვავს დაზოგავს.

    უკვე სამშაბათს გაუქმდა პირველი 120 რეისი, მათ შორის — ფრანკფურტიდან პოლონეთსა და ნორვეგიაში მიმართულებით ფრენები.

    გასულ კვირას კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ აჩქარებს თავისი ევროპული ავიაგადამზიდავის, CityLine-ის, საბოლოო დახურვის პროცესს.

    პროგრამაში შემავალი 27 თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან მოიხსნება, ნაწილობრივ „ავიასაწვავის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის“ გამო, ასევე „შრომით კონფლიქტებთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების“ გამო. საუბარია პილოტებისა და ბორტგამცილებლების გაფიცვებზე, რამაც ასობით რეისის გაუქმება გამოიწვია.

    აშშ-სა და ისრაელის ირანთან ომის დაწყების შემდეგ ავიასაწვავი ორჯერ გაძვირდა, რადგან კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში მისი წარმოება და ტრანსპორტირება შეაფერხა.

    რეისების რაოდენობა დროებით შეამცირეს სხვა ავიაკომპანიებმაც, მათ შორის Air France-KLM-მა და Delta-მ. ზოგმა სხვა გზა აირჩია და ბილეთების ფასები გაზარდა, ანუ ხარჯები მომხმარებლებს გადააკისრა.

    ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ: თუ ომი გაგრძელდება, გაუქმებული რეისების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ბილეთების ფასები ზრდას გააგრძელებს.

    სპარსეთის ყურის ქვეყნები და მათი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ავიასაწვავის მთავარი წყაროა — მათზე მოდის ევროპული იმპორტის დაახლოებით 50%. მიწოდების დიდი ნაწილი ორმუზის სრუტით გადის, რომელიც ირანმა ფაქტობრივად გადაკეტა აშშ-ისა და ისრაელის შეიარაღებული ძალების თავდასხმების საპასუხოდ.

    Energy Intelligence-ის მონაცემებით, მხოლოდ ქუვეითში მდებარე ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ალ-ზური“ ევროპაში ავიასაწვავის იმპორტის დაახლოებით 10%-ს უზრუნველყოფს.

    ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გასულ კვირას გააფრთხილა ყველა, რომ ევროპულ ქვეყნებს ავიასაწვავის მარაგი შესაძლოა რამდენიმე კვირაში ამოეწუროთ.

  • აშშ-მ ირანული სატვირთო გემი დააკავა, ორმუზის სრუტე კვლავ დახურულია

    აშშ-მ ირანული სატვირთო გემი დააკავა, ორმუზის სრუტე კვლავ დახურულია

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და თეირანს კვლავ დაემუქრა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ხიდებისა და ელექტროსადგურების, განადგურებით. თავის მხრივ, ირანის ხელისუფლებამ აშშ ზავის დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ომანის ყურეში ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი დააკავეს.

    ამასთან, ორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც ჩვეულებრივ ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ტრანსპორტირება ხდება, კვლავ დახურული რჩება.

    „დღეს ირანის დროშის ქვეშ მცურავმა თითქმის 900 ფუტის სიგრძის [დაახლოებით 275 მეტრი] და ავიამზიდის მასასთან შესადარმა სატვირთო გემმა Touska-მ ჩვენი საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელმა Spruance-მა ‘ტუსკა’ ომანის ყურეში შეაჩერა და მკაფიო გაფრთხილება მისცა, რომ გაჩერებულიყო. ირანულმა ეკიპაჟმა დამორჩილებაზე უარი თქვა, ამიტომ ჩვენმა ხომალდმა ის შეაჩერა და ძრავის განყოფილებაში ხვრელი გაუჩინა,“ — დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

    „ამჟამად გემი აშშ-ის საზღვაო ქვეითების კონტროლის ქვეშ იმყოფება. Touska აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების ქვეშაა თავისი წარსული უკანონო საქმიანობის გამო. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ გემს და ვამოწმებთ, რა ტვირთი აქვს ბორტზე,“ — დაამატა ამერიკის პრეზიდენტმა.

    ირანის ხელისუფლებამ გემის დაკავებას „მეკობრეობის აქტი“ და „ზავის დარღვევა“ უწოდა და საპასუხო მოქმედებით დაიმუქრა.

    მოლაპარაკებების ბედი გაურკვეველია.

    რეგიონში ახალი ესკალაციის ფონზე გაურკვეველი რჩება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ახალი ეტაპის ბედი, რომელიც ამ კვირაში პაკისტანში უნდა გამართულიყო.

    ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები ისლამაბადისკენ მიემგზავრებიან.

    „ჩვენ ძალიან სამართლიან და გონივრულ გარიგებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, ისინი მას დათანხმდებიან. თუ არა, აშშ ირანში ყველა, გამონაკლისის გარეშე, ელექტროსადგურს და ყველა, გამონაკლისის გარეშე, ხიდს გაანადგურებს,“ — დაწერა ტრამპმა. „აღარავის ვეფერები! ისინი ძალიან სწრაფად და მარტივად დაეცემიან. ხოლო თუ შეთანხმებაზე არ წავლენ, ჩემთვის პატივი იქნება გავაკეთო ის, რაც ირანთან მიმართებით წინა პრეზიდენტებს ბოლო 47 წლის განმავლობაში უნდა გაეკეთებინათ.

    წარსულშიც ტრამპი არაერთხელ დამუქრებია ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებით, რის შემდეგაც მხარეებმა ორკვირიანი ზავი გამოაცხადეს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს.

    როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა BBC-ს აცნობა, ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ამერიკულ დელეგაციას კვლავ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს. კონსულტაციებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც ვენსთან ერთად ერთი კვირის წინ გამართულ პირველ რაუნდშიც იყვნენ ჩართული.

    არაოფიციალური ინფორმაციით, ირანის დელეგაცია ისლამაბადში შესაძლოა სამშაბათს ჩავიდეს. წინა შეხვედრაზე მას ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად-ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობდა.

    თუმცა ირანის სახელმწიფო მედია კვირას წერდა, რომ ირანელი წარმომადგენლები აშშ-სთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ გეგმავენ, სანამ ორმუზის სრუტეში ქვეყნის პორტების ამერიკული ბლოკადა გრძელდება.

    რას ამბობენ მხარეები ბლოკადაზე

    წინა დღეს ირანმა ორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა კვლავ დაბლოკა. ამასთან, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ სრუტე დახურული დარჩება იქამდე, სანამ აშშ ირანული გემებისა და პორტების ბლოკადას არ მოხსნის.

    ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საზღვაო ბლოკადის გაგრძელების გამო, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს, კვირას, ორმუზის სრუტეში კიდევ ორ ნავთობტანკერს არ მისცეს გავლის საშუალება.“

    Tasnim-ის ცნობით, ეს ორი ტანკერი, „რომლებიც ბოტსვანისა და ანგოლის დროშებით მოძრაობდნენ“, ორმუზის სრუტის გავლას აპირებდნენ, თუმცა „ირანის შეიარაღებული ძალების დროული მოქმედებების შედეგად იძულებული გახდნენ კურსი შეეცვალათ და უკან დაეხიათ“.

    ირანის მთავარი მომლაპარაკებელი და პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგერ ღალიბაფიც აცხადებს, რომ ორმუზის სრუტე დაბლოკილი დარჩება, სანამ აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადა შენარჩუნდება. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის „მხოლოდ“ ერთი ან ორი სადავო საკითხიღა დარჩა — არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რას ეხება ეს საკითხები და რამდენად მნიშვნელოვანია ისინი.

    კვირას გავრცელებულ განცხადებაში ტრამპმა ირანი ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თეირანმა „გუშინ ორმუზის სრუტეში ცეცხლი გახსნა“, სამიზნეები კი ფრანგული ხომალდი და ბრიტანული სატვირთო გემი იყვნენ.

    აშშ აცხადებს, რომ ორმუზის სრუტეში ირანული გემების მოძრაობის ბლოკირებას აგრძელებს. პენტაგონის ცნობით, ბლოკადის დაწყებიდან მოყოლებული, სრუტესთან ახლოს 23 გემი აიძულეს უკან შემობრუნებულიყო.

    თავის მხრივ, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა „ზავის პირობების დარღვევაა“.

    ბლოკადის ფონზე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გააფრთხილეს, რომ „არც ერთმა გემმა არ უნდა დატოვოს თავისი სადგომი სპარსეთის ყურეში ან ომანის ყურეში“.

    „ორმუზის სრუტისკენ მიახლოება შეფასდება როგორც მტერთან თანამშრომლობა, ხოლო გემი, რომელიც [ამ მითითებას] დაარღვევს, სამიზნე გახდება,“ — ნათქვამია IRGC-ის განცხადებაში.

    IRGC-მა ასევე განაცხადა, რომ „დონალდ ტრამპის განცხადებებს ორმუზის სრუტესთან დაკავშირებით არანაირი ძალა არ აქვს“.

  • სროლა ლუიზიანაში: დაიღუპა 8 ბავშვი. თავდამსხმელი მკლულია

    სროლა ლუიზიანაში: დაიღუპა 8 ბავშვი. თავდამსხმელი მკლულია

    კვირას დილით ადრე, აშშ-ის ლუიზიანის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ შრივპორტში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, ერთიდან 14 წლამდე ასაკის რვა ბავშვი დაიღუპა.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვების ნაწილი ამ კაცის ნათესავები იყვნენ.

    სროლა ადგილობრივი დროით დილის დაახლოებით 5 საათზე (გრინვიჩის დროით 10:00 საათზე) ქალაქის რამდენიმე ადგილზე მოხდა — ორ სახლში, რომლებიც ერთ კვარტალში მდებარეობს, და მესამეში, იმავე რაიონში, ახლოს.

    ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სროლის შემდეგ თავდამსხმელმა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ავტომობილი გაიტაცა და გაქცევა სცადა, თუმცა დევნის დროს პოლიციამ ის მოკლა.

    კიდევ ორმა ადამიანმა ცეცხლსასროლი ჭრილობები მიიღო, თუმცა მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

    „ვფიქრობთ, რომ ცეცხლი მხოლოდ მან გახსნა,“ — განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა კრის ბორდელონმა და ინციდენტს „ოჯახური კონფლიქტი“ უწოდა.

    „გვყავს დამწუხრებული ოჯახები, დამწუხრებული პოლიციელები, კორონერის სამსახურის თანამშრომლები,“ — თქვა შრივპორტის მერმა ტომ არსენომ. „ეს მთელ საზოგადოებას ეხება, ამიტომ ჩვენ ყველანი ამ ოჯახებთან ერთად ვგლოვობთ.“

    „ეს ტრაგიკული ვითარებაა — შესაძლოა, ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც შრივპორტი ოდესმე შეხებია,“ — დასძინა მან.

    შრივპორტის პოლიციის უფროსმა უეინ სმითმა განაცხადა, რომ გამოძიებაში შტატის პოლიციის დეპარტამენტი და სხვა უწყებებიც მონაწილეობენ.

    „უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო,“ — დაამატა მან. „ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, რათა პასუხები მივიღოთ იმაზე, თუ რა მოხდა.“

  • აფგან სადიგოვი:სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი საქართველოში დარჩენა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება

    აფგან სადიგოვი:სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი საქართველოში დარჩენა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება

    საქართველოდან გაძევებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებით:

    „მთელი ჩემი გული, ჩემი ფიქრები და ჩემი სული საქართველოში დარჩა – პარლამენტის წინ ხალხთან და ბრძოლაში ჩვენი მეგობრების გვერდით.

    უსაზღვრო მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩემს თანამებრძოლებს, ჩემს მეგობრებს მოედნიდან, და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა.

    ივანიშვილმა – მკვლელმა, კორუმპირებულმა მაღალჩინოსანმა, კრემლისა და პუტინის მონამ და თავისი ქვეყნის მოღალატემ – დიდი დარტყმა მიაყენა ქართული სახელმწიფოს იმიჯს ჩემი გაძევებით, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით. ამ ნაბიჯით მან ხალხის აწმყო და მომავალი თავის პირად ინტერესებს შესწირა.

    საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აფგან სადიგოვის საქართველოში დარჩენა ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის“.

    სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი საქართველოში დარჩენა და „დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაგრძელება ბოლომდე. მაგრამ მჯერა, რომ მამაცი, მებრძოლი და თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მონდომებითა და შეუპოვრად დარჩება და სამუდამოდ მოაშორებს „ქართული ოცნების“ კრიმინალურ დაჯგუფებას და ბანდიტების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური არენიდან. ბოლომდე გვერდში დავუდგები ძვირფას ქართველ ხალხს და ჩემს თანამებრძოლებს!

    გაურკვეველია რა მოხდება რაღაც დროის შემდეგ და რა ტრაგედიები დაგვატყდება თავს. პატიმრობა, რეპრესია, და საიდუმლო მკვლელობები ნებისმიერ დროს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს პოლიტიკური ბრძოლის არენაზე.

    ძირს დიქტატურა!

    თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“ – წერს სადიგოვი.

    შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

     

  • გურამ თუშიშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

    გურამ თუშიშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

    თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში თავისი პრინიპული მეტოქე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ნაკრებს კი მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.

    ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული შედეგია.

    ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედლები მოპოვეს, ხოლო ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

  • ძველად ნაცები იყვნენ ასე, ახლა ესენი არიან – მეუფე იაკობმა ქადაგებისას „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა

    ძველად ნაცები იყვნენ ასე, ახლა ესენი არიან – მეუფე იაკობმა ქადაგებისას „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა

    ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქის არჩევის პროცესში გარე ჩარევას არ დაუშვებს და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

    „ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ… პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და სახელმწიფოსაც დავეხმაროთ,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

    მთავარეპისკოპოსმა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეკლესიის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს.

    „ქუჩის და სახელმწიფოს კანონები თქვენ წერეთ და ჩვენსას საერთოდ ნუ შეეხებით, ან მოდით და გვკითხეთ. დაგარიგებთ, რომ ჭკვიანად მოიქცეთ.“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

    ეს უკვე მეორე ქადაგებაა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, როცა მთავარეპისკოპოსმა არჩევნებში ჩარევის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ამას გარდა, ხელისუფლებას მოუწოდა „პაპზე უფრო კათოლიკეები ნუ აღმოჩნდებიან“.

  • პაპუაშვილი BBC-სთან დავაზე: დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა არის ისეთი, რომელიც არის მტრული მსხვერპლის მიმართ

    პაპუაშვილი BBC-სთან დავაზე: დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა არის ისეთი, რომელიც არის მტრული მსხვერპლის მიმართ

    შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით,   ქართული ოცნება  აპირებს  ბიბისის  მესამე საჩივრით მიმართოს.   წინა ორი საჩივარი სამაუწყებლო კორპორაციამ არ დააკმაყოფილა. დღეს,  პაპუაშვილმა   დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა გააკრიტიკა და  თქვა, რომ   მესამე საჩივრის განხილვა, ისევე როგორც წინა ორის,  ტელეკომპანიის შიდარეგულაციის ფარგლებში წარიმართება.   მისი განმარტებით,   თავად  ბიბისიში გასაჩივრებას   როგორც ფორმალობას ისე უყურებენ და აპირებენ რომ ყველა ინსტანციას, მათ შორის სტრასბურგსაც მიმართონ.  ქართული ოცნების საჩივარი  დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტურ ფილმს ეხება, სადაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში, მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდოდ , პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერების „კამიტის“ გამოიყენებაზეა საუბარი. BBC-ს საგამოძიებო ფილმში ნახსენებია ასევე,  ქიმიურ გამხსნელი “ტრიქლორეთილენი“.  „ქართული ოცნება“  ფილმს ცილისწამებად აფასებს და მაუწყებლისგან  მასალების პლატფორმებიდან აღებასა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

    „არ ვიცი, რა პირით გვესაუბრებიან ხოლმე რაიმე მართლმსაჯულების თუ სამართლებრივ პროცედურებზე. ჩვენ იძულებული ვართ, ვიდრე მივმართავდით სასამართლოსთვის, მიგვემართა თავად BBC-თვის. ჯერ დასხდნენ იგივე ჟურნალისტები, ვინც ცილისწამება გაავრცელა. განიხილეს ჩვენი საჩივრები და თქვეს, რომ “არა ჩვენ ვართ მართლებიო”. ეს საერთოდ აბსურდია, ჟურნალისტებმა, ვინც ტყუილი გამოიგონა, განიხილეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს უარი. შემდეგ შევაბრუნეთ საჩივარი – სამწუხაროდ, რა გითხრათ, მართლაც მსხვერპლის საზიანო კანონმდებლობით , რომელიც ბრიტანეთში არსებობს და აბსოლუტურად არღვევს მაყურებლის თუ ადამიანის უფლებას, აბსოლუტურად აცდენილია – შევიტანეთ ხელახალი საჩივარი, ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის რედაქცია, სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა ეს სიუჟეტი, ჩაიბარა სიუჟეტი და გაუშვა სიუჟეტი – ამ რედაქციამ განიხილა და მათაც ჩვენდა გასაკვირად, თქვეს, რომ “არა, ჩვენ ვიყავით მართლებიო”, უარი შემოვიდა.

    ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი. კიდევ ისევ BBC-ის უნდა მივმართოთ, ცოტა ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა – მაგრამ ასევე BBC-ში, რომელმაც სიუჟეტი დაუკვეთა, ჩაიბარა და გაუშვა. ასე რომ ჩვენ ვამზადებთ ახლა მესამე საჩივარს, რომელიც შებრუნდება ასევე BBC-ში, ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება და შემდეგ, შემდეგი ეტაპებია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გასაჩივრებას უყურებს, როგორც ფორმალობას, რადგან დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა “მსხვერპლის მიმართ მტრულია”.

    „BBC-ში გასაჩივრებას ვუყურებთ, როგორც ფორმალობას, ფაქტია, რომ ვინც დააშავა, არ იტყვის, რომ მე ვარ დამნაშავეო, ფაქტია, რომ დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა არის ისეთი, რომელიც არის მტრული მსხვერპლის მიმართ. თქვენ წარმოიდგინეთ ამის უკან რამხელა შრომა და ხარჯი დევს. წარმიდგინეთ, რომ ამას ჩიოდეს არა პარტია, რომელიც ფინანსურად ძლიერია, შესაძლებლობაც აქვს, იურიდიული გამოცდილებაც ასეთ სარჩელებზე იმუშაოს, ჩვეულებრივ ადამიანს დაეჯახოს ამხელა BBC. ფაქტობრივად, მსხვერპლი არის ჭიანჭველას დონეზე, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

    ბიბისიმ“ საგამოძიებო ფილმი  2025 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა.  ამის  შემდეგ  სუსმა გამოძიება დაიწყო და ზუსტად 5 დღეში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,კამიტი“ არასდროს შეუძენია და გამოიყენებია. რაც შეეხება ,,ტიქლორეთილენს“  ირკვევა, რომ ეს ნივთიერება შსს-მ 2007 და 2009 წლებში შეიძინა და სუსის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში,  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებულ ნივთიერებებს შორის  აღმოჩნდა – ჩამოწერილი ნაშთის სახით  880 ლიტრის ოდენობით.    პირველად ქართულმა ოცნებამ  ბიბისის საჩივრით 2026 წლის იანვარში მიმართა.    ბრიტანულმა მაუწყებელმა   ოცნების საჩივარი არ დააკმაყოფილა და პასუხად განაცხადა, რომ საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას არ გადახედავს.