მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე სამი არასრულწოოვანი: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ზომას 8 აპრილს გამოაცხადებს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 5 აპრილს გამოცხადდა.
ორ მოზარდს – ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ბრალად ედებათ:
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი). მათ 14 წლამდე პატიმრობა ემუქრქებათ.
კიდევ ერთ მოზარდს, დემეტრე ჩიქოვანს ბრალად ედება:
ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).
მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
გიგა ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ საქმე ჯგუფური დანაშაულის მუხლით გამოიძიოს და დასაჯოს ყველა, ვინც 28 წლის მასწავლებლის საქმესთანაა დაკავშირებული, მათ შორის ისინიც, ვინც იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. ახალგაზრდა მასწავლებლის დედას, ეკა კუპატაძეს მიაჩნია, რომ მოზარდებმა ჯგუფურად დაგეგმეს მისი შვილის, გიგა ავალიანის მკვლელობა. პროკურატურას ამ საქმეში მკვლელობის მუხლი არ გამოუკვეთია.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ ქვეყყანაში პოლიტიკური დევნილია, დღეს დილით, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართულმა შსს–მ საქართველოდან აზერბაიჯანში გააძევა.
საქართველოში მცხოვრები ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს პოლიციამ დააკავა – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო. ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში წუხელვე დაინიშნა. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გადაწყვეტილება დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე გამოაცხადა.
შსს-ს ცნობით, მოსამართლემ სადიგოვს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აუკრძალა.შსს–მ კი სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე საათში აღასრულა.
სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სადიგოვის დაკავებას საფუძვლად დაედო 1 აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, – ამ პოსტს თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.
აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.
სადიგოვის გადაცემას აზერბაიჯანული მხარე თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. ადვოკატები ამბობდნენ, რომ ეს საფრთხის შემცველი იყო და ექსტრადიციის შესახებ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც აღსრულების პროცესი შეაჩერა.
თუმცა, სტრასტურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ოცნების ხელისუფლებამ სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევა, სადაც მას საფრთხე ემუქრება.
შსს განმარტავს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.
ოპოზიციური ალიანსი და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აზერბაიჯანელის ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან სამშობლოში იძულებით დაბრუნებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევად მიიჩნევენ.
„ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
ოპოზიციურ ალიანსს ჟურნალისტის საქართველოდან გაძევებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის გადაწყვეტილებად და რეჟიმის პირად შურისიძებად თვლის იმის გამო, რომ სადიგოვის პოზიცია ივანიშვილის მიმართ კრიტიკულია.
აფგან სადიგოვის საქმეში ფორსირებულმა, რამდენიმე საათში ინიციირებულმა და გვიან ღამის საათებში ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა „ფორმალურ-სამართლებრივი“ ილუზიის შექმნა სცადა, რასაც ევროპული კონვენცია ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილებას.
როგორ ონიანი აღნიშნავს, ვერანაირი სამართლებრივი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლას და „კანონიერების ილუზიის“ შექმნას, ვერ გაამართლებს სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებას.
„ევროსასამართლო ხშირად იმეორებს, რომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები არ უნდა იქცეს ილუზორულად.
შესაბამისად, ვერანაირი სამართლებრივი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლას და „კანონიერების ილუზიის“ შექმნას, ვერ გაამართლებს აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებას იქ, სადაც თავად ღონისძიების გამოცემის ფაქტი მიუთითებდა „გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გარდაუვალ რისკზე“.
დროებითი ღონისძიების გამოცემა ნიშნავს სიცოცხლისთვის ან წამების/არასათანადო მოპყრობის რეალური და გარდაუვალი საფრთხის დეკლარირებას. ამ საფრთხის შეფასების ვალდებულება კი სახელმწიფოს აქვს თავადაც, მიუხედავად იმისა, გამოცემულია თუ არა ღონისძიება. ეს მისი კონვენციური ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობისთვისაც, ასევე, დგება პასუხისმგებლობა.
ამიტომაც, აფგან სადიგოვის საქმეში საქართველო უკვე იყო სტრასბურგის სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო ფორსირებულმა, რამდენიმე საათში ინიციირებულმა და გვიან ღამის საათებში ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა, რომელმაც უგულებელყო ეს კონტექსტი და კონვენციის სტანდარტები, სწორედ იმ „ფორმალურ-სამართლებრივი“ ილუზიის შექმნა სცადა, რასაც ევროპული კონვენცია ეწინააღმდეგება“, – წერს ონიანი.
აფგან სადიგოვი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს:
“სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ღამის 4 საათზე.
მოსამართლე, თორნიკე ქოჩქიანმა პროცესზე არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს არ დაურთო მისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი.
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა. შესაბამისად, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მას შეეძლო ნებაყოფლობით დაეტოვებინა ქვეყანა და ეს შანსი სასამართლოს მისთვის უნდა მიეცა.
ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის.
ამდენი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვს საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევდა სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რის გამოც მანამდე თავშესაფრის პროცედურების დაწყება ფორმალურად შეუძლებელი იყო.
სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოსა და კონვენციის ასეთი ხარისხის შერყევა ბოლო წლების არც ერთ საქმეში არ მინახავს.
ეს არის კატასტროფა. ეს არის მიზანმიმართული სპეცოპერაცია ამ ადამიანის წინააღმდეგ.
დააკვირდით:
1 აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა.
2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს.
3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა.
4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს და რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცემენ.
ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ორი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან.“
აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებას სოციალურ ქსელებში ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საუბრობენ იმაზეც, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გარიგება. არაოფიციალური ინფორმაციით, ახლო მომავალში საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩამოდის.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანში ჩამოგდებული ამერიკული გამანადგურებლის F-15-ის მეორე პილოტი უსაფრთხოდ არის.
„ჩვენ ის ვიპოვეთ! ძვირფასო თანამოქალაქეებო, ბოლო რამდენიმე საათში ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული საძიებო-სამაშველო ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში,“ — დაწერა ტრამპმა.
მან დაამატა, რომ დაკარგული ეკიპაჟის წევრი, „უაღრესად პატივსაცემი პოლკოვნიკი“, აღმოჩნდა ფრონტის ხაზს მიღმა, ირანის „მოღალატე მთებში“, სადაც მას „მტრები დასდევდნენ“, თუმცა ამერიკელი სამხედროები „24 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ მის ადგილმდებარეობას“.
ორადგილიანი F-15 „იგლი“, რომელშიც ორი ოფიცერი იმყოფებოდა, თეირანის განცხადებით, პარასკევს ირანის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო — ეს ინფორმაცია დასავლურ მედიასთან საუბარში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს.
ირანის სამხრეთ პროვინციის — კოჰგილუიე და ბოიერაჰმედის — გუბერნატორმა განაცხადა, რომ პრიორიტეტია ნებისმიერი ჩამოგდებული ამერიკული ეკიპაჟის „ცოცხლად დაკავება“, რისთვისაც ჯილდო (დაახლოებით 66 000 დოლარი) გამოცხადდა.
გრინვიჩის დროით დაახლოებით 16:00 საათზე CBS-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი უკვე გადარჩენილია. მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თვითმფრინავები ცეცხლის ქვეშ მოყვნენ — დაზიანდა მხარდაჭერის თვითმფრინავი A-10 „უორთოგი“, რომლის პილოტმაც კატაპულტირება მოახერხა სპარსეთის ყურეში, სადაც ის გადაარჩინეს.
ვერტმფრენს, რომლითაც გადარჩენილი პილოტი გადაჰყავდათ, ასევე ესროლეს მიწიდან; ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ, თუმცა მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
შაბათს მეორე პილოტის ძებნის შესახებ ინფორმაცია მწირი იყო. ხოლო კვირას, გრინვიჩის დროით დაახლოებით 04:00 საათზე, ამერიკულმა მედიამ განაცხადა, რომ მეორე პილოტი ნაპოვნია.
რამდენიმე წუთში ტრამპმა დაწერა, რომ დაკარგული პილოტი „ცოცხალია და ჯანმრთელია“ და მიუხედავად იმისა, რომ დაშავდა, „ყველაფერი კარგად იქნება“. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა, თუმცა BBC-ის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ამერიკულ და ირანულ ძალებს შორის შეტაკება მოხდა.
BBC-ის მიხედვით, ტრავმები შესაძლოა მიღებული იყოს მაშინ, როდესაც ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახდინა თვითმფრინავიდან, მისი ჩამოგდების შემდეგ.
ოფიციალური დადასტურების მიღებამდე ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებდა ინფორმაციას ავიადარტყმების შესახებ კოჰგილუიე და ბოიერაჰმედის პროვინციაში, სადაც სავარაუდოდ პილოტი იმყოფებოდა.
სააგენტო „ტასნიმმა“, რომელიც დაკავშირებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, ადგილობრივ გუბერნატორზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. პასუხისმგებლობა გუბერნატორმა აშშ-სა და ისრაელს დააკისრა.
პილოტის ოფიციალურ გადარჩენამდე ძებნაში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ მიდის ასობით ადამიანი მთიან რეგიონში დაკარგული ამერიკელი მფრინავის მოსაძებნად.
ირანული მედიის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჩამოაგდო ამერიკული დრონიც, რომელიც პილოტის ძებნაში მონაწილეობდა. სააგენტო „ფარსის“ ცნობით, დრონი ირანის ისფაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა. ასევე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ადამიანები „ბლექ ჰოუკის“ ტიპის ვერტმფრენებს ესვრიან.
აშშ-ს ამ ცნობების დადასტურება ჯერ არ გაუკეთებია.
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გადამდგარმა პოლკოვნიკმა ბრენდან კირნიმ თქვა, რომ ასეთი ოპერაციების წარმატების შანსი „ჩვეულებრივ ძალიან, ძალიან დაბალია“.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პილოტს კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებოდა, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან „საკმარისია, ერთმა ადამიანმა მაინც შენიშნოს“.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვე პანიკას,“ — აღნიშნა მან.
კირნიმ ასევე თქვა, რომ არსებული ცნობებით, პილოტს შესაძლოა მოუწია „სიმაღლეზე გადასვლა და დამალვა“, რაც „მისი მომზადების დასტურია“.
ასეთი სიტუაციებისთვის პილოტები სპეციალურ წვრთნას გადიან.
„მათი მთავარი ამოცანაა — გადარჩენა და ტყვეობისთვის თავის არიდება,“ — განაცხადა ჯენიფერ კავანამ, ანალიტიკური ცენტრის Defense Priorities სამხედრო ანალიზის დირექტორმა.
მისი თქმით, პილოტებს ასწავლიან, რომ თუ ფიზიკურად შეუძლიათ, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ კატაპულტირების ადგილი და დაიმალონ, რათა უსაფრთხოება უზრუნველყონ.
გარდა ამისა, ისინი სწავლობენ გადარჩენის ტექნიკებს, რათა შეძლონ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობა მინიმალური რესურსებით — საკვებისა და წყლის გარეშე ან მათი მოპოვებით.
დასრულდა კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩეს ახალი კათალიკოს-პატრიარქი – მომავალი ჩვენი არის ნათელი,- ამის შესახებ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგებისას განაცხადა.
ის ამბობს, რომ ერი და ეკლესია სწორი გზით მიდის:
“ ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩეს ახალი კათალიკოს-პატრიარქი. მე მინდა გავიხსენო კირილე ათონელის წინასწარმეტყველება საქართველოსთან მიმართებით, რომ ბოლო ჟამს, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი იმპერიაო. ეს არ არის ფიზიკური და პოლიტიკური გაგებით იმპერია, ეს არის სულიერი გაგებით, რომ საქართველოში შეიქმნება სულიერი იმპერია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დაინახავს ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე ღვთის უდიდეს მადლს. ბევრი გახდება მართლმადიდებელი. მეორედ მოსვლის წინ უფალი მიმართავს საქართველოს – „აღსდექ საქართველო“ – აი, როგორც ლაზარეს მიმართა და მართლაც აღდგება ტაძარი და მასთან ერთად აღდგება საქართველო, როცა ეს დრო დადგება.
ჩვენ ერთმანეთში უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ეს პროცესები იწყება საქართველოში, აღდგინების პროცესი – ბოლო ჟამს კეთილმსახური მეფისა და კეთილმსახური პატრიარქის ხელში გაბრწყინდება სრულიად საქართველო. ასე რომ, მომავალი ჩვენი, არის ნათელი. მომავალში იწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი და ჩვენი სამოციქულო ეკლესია მიდის სწორი გზით”, – აცხადებს მეუფე იობი, რომელიც პატრიარქობის ერთ–ერთ სავარაუდო კანდიდატად ითვლება.
ამ კვირაში – ორშაბათს, 30 მარტს – პარიზში „მასონური მაფიის“ საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. 22 ადამიანი, მათ შორის პარიზის გარეუბან პიუტოს მასონური ლოჟა „ათანორის“ რამდენიმე წევრი, ეჭვმიტანილია მთელი რიგი დანაშაულების ჩადენაში — გამოძალვიდან შეკვეთილ მკვლელობამდე. პოლიცია მასონების კვალზე სრულიად შემთხვევით გავიდა.
„დაგომარი“ და „აბელარი“ „მოსადის“ წინააღმდეგ
ისტორია 2020 წლის 24 ივლისს დაიწყო, როცა პარიზის გარეუბან კრეტეის მცხოვრებ კაცს შვილი საბავშვო ბაღში მიჰყავდა, წერს ფრანგული გამოცემა BFM TV. მან შენიშნა საეჭვო მანქანა, რომელშიც ორი ადამიანს თითქოს ეძინა. მიუხედავად სიცხისა, მათ ხელთათმანები ეცვათ. ახალგაზრდა მამამ პოლიცია გამოიძახა.
ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცები მაშინვე დააკავა. ავტომობილზე ყალბი ნომერი სკოჩით იყო მიკრული ორიგინალ ნომერზე. თავად მანქანა 2019 წლის სექტემბრიდან გატაცებულად ითვლებოდა. შიგნით პოლიციამ აღმოაჩინა, სხვა ნივთებთან ერთად, სათვალთვალო მოწყობილობები და 9 მმ კალიბრის პისტოლეტი.
დაკავებულთაგან ერთმა, 28 წლის პიერ ბურდენმა, განაცხადა, რომ ისინი საფრანგეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ, კოდური სახელებით „დაგომარი“ და „აბელარი“, და ასრულებდნენ მისიას. მათი დავალება იყო სახელმწიფოს ინტერესებში „ლიკვიდაცია“ გაეკეთებინათ მარი-ელენ დინისთვის, რომელიც თითქოს საიდუმლოდ მუშაობდა ისრაელის დაზვერვაზე — „მოსადზე“.
60 წლის დინი – ორი შვილის დედა და ბიზნესმენი, რომელიც ქოუჩინგის მომსახურებას სთავაზობს – გაოცდა, როცა პოლიცია მივიდა და აცნობა, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმებოდა. „მოსადთან“ მას არასოდეს ჰქონია კავშირი — ისრაელშიც კი არასოდეს ყოფილა.
„ვგრძნობდი თავს ისე, თითქოს რუსეთში ვყოფილიყავი. თითქოს, ჩემთვის შეუმჩნევლად, რაღაც ნახევრად მაფიურ ისტორიაში აღმოვჩნდი ჩათრეული“, — ჰყვებოდა დინი გაზეთ Le Monde-ს.
ბურდენის მონათხრობში ერთი ნაწილი მაინც აღმოჩნდა სიმართლე. საფრანგეთის საგარეო დაზვერვის გენერალურმა დირექტორატმა (DGSE) დაადასტურა, რომ როგორც ბურდენი, ისე მისი თანამზრახველი — 25 წლის კარლ ენო, კოდური სახელით „აბელარი“ — მართლაც იქ მსახურობდნენ.
მარი-ელენ დინი გაოცდა, როდესაც პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმებოდა.
თუმცა ისინი იცავდნენ სამხედრო ბაზას კომუნა სერკოტში, სადაც ჯაშუშებსა და საიდუმლო აგენტებს ამზადებენ, და მათ არასოდეს ჰქონიათ დაკისრებული რაიმე საიდუმლო მისია — მით უმეტეს ისეთი, რაც DGSE-ის კომპეტენციას სცდება, როგორც იქნებოდა მკვლელობა საფრანგეთის ტერიტორიაზე.
„პათოლოგიური მატყუარა“
პიერ ბურდენი — „დაგომარი“ — 2014 წელს საკუთარი სურვილით შევიდა DGSE-ში სამსახურში. პირველი წლები ხელმძღვანელობის თვალში თავი დადებითად წარმოაჩინა, თუმცა მალე იმედგაცრუება დაეწყო კარიერული პერსპექტივების არარსებობის გამო.
„მან უფრო ფრთხილად უნდა იმოქმედოს, როდესაც ინიციატივას ავლენს, და ყოველთვის უნდა ახსოვდეს თავისი როლი. <…> მისი სექციის მეთაური მას არ ენდობა“, — ციტირებს BFM TV მის შეფასებას.
„იქ 12 საათი ზიხარ მონიტორებთან, ტელეფონის გარეშე, წიგნის გარეშე, მთელი კვირა არაფერს აკეთებ, დასვენების დღეების გარეშე, როგორც სრული იდიოტი“, — ასე აღწერდა ბურდენი თავის სამუშაოს ბაზაზე.
„დაგომარმა“ ორჯერ ვერ ჩააბარა ოფიცრის გამოცდა და უარი მიიღო შიდა გადაყვანაზეც. კოლეგები გამომძიებლებთან საუბარში მას „პათოლოგიურ მატყუარად“ ახასიათებდნენ.
2018 წელს ბურდენმა გაიცნო იანიკ ფამი — DGSE-ის რეზერვისტთან და DGSI-ის (საფრანგეთის შიდა დაზვერვის გენერალური დირექტორატი) აგენტი. ფამმა მალევე შესთავაზა მას „საიდუმლო მისიებში“ მონაწილეობა — თითქოს DGSE-ის საიდუმლო განყოფილების ფარგლებში — და გააცნო კერძო დაცვის თანამშრომელი სებასტიან ლერუა.
პიერ ბურდენი იმედგაცრუებული იყო საგარეო დაზვერვაში თავისი სამუშაოთი და ორჯერ ჩააგდო ოფიცრის გამოცდა.
ლერუას კონტაქტები გამომძიებლებმა ბურდენის ტელეფონში იპოვეს. 2020 წლის 26 ივლისს ლერუა დააკავეს.
სწორედ ლერუამ მისცა ბურდენს დავალება — „ლიკვიდაცია“ გაეკეთებინა მარი-ელენ დინისთვის — თითქოს DGSE-ის ხელმძღვანელობის დავალებით. მანვე მიაწოდა „დაგომარსა“ და „აბელარს“ გატაცებული ავტომობილი. მკვლელობისთვის ლერუა მზად იყო მათთვის 30 000 ევრო გადაეხადა.
ჯერ კიდევ 2019 წელს დინზე თავდასხმა მოხდა: უცნობებმა მას სცემეს და კომპიუტერი მოჰპარეს. ბურდენის თქმით, ლერუამ თავად აღიარა, რომ ამ თავდასხმის უკან იდგა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სებასტიან ლერუა მუშაობდა დანიელ ბოლიოსთვის — DGSE-ის ყოფილი ოფიცრისთვის და მასონური ლოჟა „ათანორის“ წევრისთვის.
მასონები პარიზის გარეუბანში
განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა ლოჟა „ათანორის“ სამი წევრი (ალქიმიაში ასე ეწოდება სპეციალურ ღუმელს): ჟან-ლუკ ბაგიური, ფრედერიკ ვალიო და დანიელ ბოლიო.
„ათანორი“ 2008 წელს დაარსდა. მასში დაახლოებით 20 ადამიანი შედის. ისინი მკაცრად იცავენ ძველ და მიღებულ შოტლანდიურ წესდებას (მე-19 საუკუნის დასაწყისში შემუშავებულ მასონურ რიტუალთა სისტემას) და თვეში ერთხელ იკრიბებიან — ტრადიციულ შავ სიურტუკებსა და თეთრ ხელთათმანებში — ფილოსოფიური საკითხების განსახილველად და „ცოდნასთან წვდომისთვის“.
ბაგიურმა, რომელიც ლოჟაში მაღალ პოზიციას („გრადუსს“) იკავებდა, ვალიოს — ყოფილ ჟურნალისტს და რამდენიმე უსაფრთხოების კომპანიის მფლობელს — სთხოვა მარი-ელენ დინის „ლიკვიდაცია“. ნამდვილი მიზეზი არ ყოფილა ქალის თითქოსდა თანამშრომლობა „მოსადთან“, არამედ ბიზნესინტერესების კონფლიქტი: დინის კოუჩინგის ბიზნესი ბაგიურის ბიზნესს უწევდა კონკურენციას. მკვლელობისთვის ბაგიურმა ვალიოს 70 ათასი ევრო გადაუხადა (BFMTV-ის მონაცემებით — 50 ათასი).
ვალიომ საქმე დანიელ ბოლიოს გადააბარა. ბოლიომ, თავის მხრივ, დაიქირავა ლერუა და უთხრა, რომ ეს იყო დაზვერვის არაოფიციალური მისია, ხოლო დინი — ისრაელის ჯაშუში. ლერუამ იგივე ინფორმაცია გადასცა უშუალო შემსრულებლებს — „დაგომარსა“ და „აბელარს“.
„მოსადის შესახებ ისტორია მე მოვიგონე, რათა ლერუა მომეტყუებინა და დაეჯერებინა, რომ ეს სახელმწიფო შეკვეთა იყო“, — აცხადებდა მოგვიანებით ბოლიო.
ყოფილი პოლიციელი და DGSI-ის გადამდგარი თანამშრომელი ბოლიო 2021 წლის 21 იანვარს დააკავეს. როგორც გამოცემა Libération წერს, ბოლიო ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა: ოჯახური, წესრიგიანი ადამიანის იმიჯის მიღმა, რომელსაც ცოლი 15 წლიდან იცნობდა, 1992 წლიდან საყვარელი ჰყავდა.
სწორედ ბოლიომ მოუყვა გამოძიებას „ათანორის“ ლოჟის როლის შესახებ ამ საქმეში.
„დაგომარისა“ და „აბელარის“ დაკავების შემდეგ დაწყებულმა გამოძიებამ გამოავლინა კრიმინალური ქსელი, რომელიც ბაგიურისა და ვალიოს ირგვლივ იყო ჩამოყალიბებული. დინი მათი პირველი მსხვერპლი არ ყოფილა; გამოძიება მიიჩნევს, რომ მასონები 2018 წელს ავტოგონელ ლორან პასკუალის მკვლელობის დამკვეთებიც იყვნენ.
მრბოლელი-მოვალე
ლორან პასკუალი — ავტომრბოლელი, რომელიც მონაწილეობდა მრავალ პრესტიჟულ შეჯიბრში, მათ შორის საფრანგეთის Porsche-ის თასსა და „ლე-მანის 24 საათში“. როგორც BFM TV წერს, პასკუალი მდიდრულ ცხოვრებას იყო მიჩვეული — მაშინაც კი, როცა ამის საშუალება არ ჰქონდა.
2018 წლის ბოლოს პასკუალის დედამ, ჟიზელმა, პოლიციას შვილის დაკარგვის შესახებ აცნობა. ძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა, სანამ 2019 წლის სექტემბერში სოკოს შემგროვებელმა ტყეში, ოტ-ლუარის დეპარტამენტში, დაახლოებით 40 სმ სიღრმეზე დამარხული თავის ქალა და ძვლები არ აღმოაჩინა. დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ისინი დაკარგულ ავტომრბოლელს ეკუთვნოდა.
ლორან პასკუალის სიკვდილის გამოძიება წინ ვერ მიიწევდა, სანამ პოლიციამ ბოლიოს დაკითხვა არ დაიწყო. 2021 წელს მან აღიარა, რომ ავტომრბოლელის მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდა.
გამოირკვა, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს პასკუალმა გაიცნო შეძლებული ოჯახი, რომელიც მანქანებითა და რბოლებით იყო დაინტერესებული. მათ პასკუალის 100 ათასი ევრო ასესხეს კარიერის განვითარებისთვის. მან თანხა არ დააბრუნა და 2013 წელს გაკოტრების პროცედურაც გაიარა, რათა ვალის გადახდა აერიდებინა.
2016 წელს ეს ოჯახი ფრედერიკ ვალიოს გაეცნო. მან შესთავაზა დახმარება — მრბოლელის მოძებნასა და თანხის დაბრუნებაში. ოჯახმა მას თავდაპირველად 5 ათასი ევრო გადაუხადა, შემდეგ კი კიდევ 12 ათასი.
ვალიომ პასკუალის მოძებნა დანიელ ბოლიოს დაავალა. ასე დაიწყო ოპერაცია კოდური სახელით „911“ — Porsche-ის ყველაზე ცნობილი მოდელის პატივსაცემად.
დილან ბილეოდი (მარცხნივ) იყო სებასტიან ლერუას თანამზრახველი ავტოგონელ ლორან პასკუალის მკვლელობაში, მიიჩნევს გამოძიება.
ბოლიომ, როგორც ყოველთვის, „ბინძური საქმისთვის“ ლერუა დაიქირავა. ამჯერად მან ავტომრბოლელი წარმოადგინა როგორც „საფრთხე საფრანგეთის სახელმწიფოსთვის“, თითქოს მას „კორსიკულ მიწისქვეშეთთან“ კავშირები ჰქონდა.
დაკითხვებზე ვალიო ამტკიცებდა, რომ მის თანამზრახველებს მხოლოდ პასკუალის თვალთვალი და მისი კომპიუტერის მოპარვა დაევალათ, თუმცა ლერუა ამტკიცებდა, რომ დავალება მისი მოკვლა იყო.
2018 წლის შემოდგომაზე ლერუამ თავის ძველ მეგობართან, დილან ბილეოდთან ერთად, პასკუალის ავტოფარეხში შეაღწია და როცა ის სახლში დაბრუნდა, გულში გასროლით მოკლეს. დაკითხვებზე ლერუა ამბობდა, რომ ესროლა ბილეოდმა, ხოლო ბილეოდი ამტკიცებდა, რომ გასროლა ლერუამ განახორციელა. ორივე ბრალდებულთა სკამზე ზის.
თანამზრახველებმა შემდეგ მრბოლელის ცხედარი ოტ-ლუარის ტყეში გადაიტანეს, ხოლო ლერუამ ფოტო გაუგზავნა ბოლიოს, რომელმაც თავის მხრივ ვალიოს აცნობა მომხდარის შესახებ.
ვალიო და ბოლიო დაკითხვებზე ამტკიცებდნენ, რომ პასკუალის მოკვლა არ უთხოვიათ, თუმცა გამოძიებამ ლერუას ვერსია გაიზიარა. ორ მასონს წაუყენეს ბრალი მკვლელობისკენ წაქეზების მიზნით შეთქმულებაში.
ოჯახურ წყვილს ბრალი დასდეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ მკვლელობაში თანამონაწილეობასა და კრიმინალურ შეთქმულებაში მონაწილეობაში.
რაში კიდევ ადანაშაულებენ ლოჟა „ათანორის“ მასონებს
სულ, ბოლიომ ლერუას დაახლოებით ათამდე დავალება მისცა, რომლებიც თავად ვალიოსგან მიიღო.
მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის გარდა, ჯგუფს ბრალად ედება სამრეწველო ჯაშუშობაც: გამოძიების ვერსიით, ლერუას თანამზრახველები ქუჩაში თავს დაესხნენ მეწარმე ქალს და კომპიუტერი წაართვეს.
2019 წელს, გამოძიების მიხედვით, მათ ცეცხლი წაუკიდეს ბაგიურის თანამშრომლის მანქანას, რომელმაც მის კომპანიაში ფინანსური თაღლითობის ნიშნები აღმოაჩინა.
2020 წლის ზაფხულში ბოლიომ მიიღო დავალება „მომაბეზრებელი პროფკავშირის წარმომადგენლის“ მკვლელობის შესახებ, თუმცა მისი შესრულება ვერ მოხერხდა.
ჯგუფს ასევე ედება ბრალი არაერთ თავდასხმაში.
სასამართლო პროცესი
საქმეში სულ 22 ბრალდებულია, ასაკით 30-დან 73 წლამდე. მათ შორის არიან:
მასონური ლოჟის 4 წევრი,
DGSE-ის 4 თანამშრომელი,
3 პოლიციელი,
6 ტოპ-მენეჯერი,
ასევე დაცვა, ექიმი და ინჟინერი.
მათ უმეტესობას ადრე ნასამართლეობა არ ჰქონია.
ბაგიურს, ვალიოს, ბოლიოს და ლერუას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
უცნობია, შეძლებს თუ არა ბოლიო სასამართლოში ჩვენების მიცემას. 2021 წლის იანვარში, დაკავებიდან და პირველი დაკითხვებიდან ცოტა ხანში, იგი საკანში სისხლის გუბეში და თავის მძიმე ტრავმით იპოვეს. სავარაუდოდ, მან თვითმკვლელობა სცადა — საკანში შეღწევის კვალი არ აღმოჩნდა.
ბოლიო კომაში ჩავარდა, თუმცა შემდეგ გონს მოვიდა — თუმცა მეხსიერების დაკარგვით და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემებით.
პარიზის სასამართლო საქმეს სამი თვის განმავლობაში — 17 ივლისამდე — განიხილავს.
რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
რუსეთის საგარეო დაზვერვა ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სურს, საკუთარ გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქობის საკუთარ კანდიდატებს ლობირებს.
განცხადებაში ნათქვამია:
“რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიურო აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვაში შემოსული ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე კვლავაც დაჟინებით აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის გაყოფისკენ მიმართულ ვერაგულ ხაზს, ხელმძღვანელობს პრინციპით — „გაყავი და იბატონე“. ამჯერად იგი ცდილობს თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისარგებლოს რა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებით.
ფანარელი ცდილობს, ვაკანტურ პოზიციაზე წარადგინოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლსიის ისეთი წარმომადგენელი, ვისზეც შეძლებს დაყრდნობას. ამ როლისთვის ბართლომე კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). საკუთარ ახლო გარემოცვაში ის მათ წარმოაჩენს, როგორც მის ნების საუკეთესო შემსრულებლებს.
საეკლესიო წრეებში აღნიშნავენ, რომ ძალაუფლებისკენ სწრაფვა კონსტანტინოპოლელი განხეთქილების შემტანის მუდმივ თანმხლებ თვისებად იქცა. მისი მოქმედებებით „ღირსებით პირველობა“ კვლავაც ჩანაცვლებულია „ძალაუფლებით პირველობით“, როცა იგი ერევა კიდევ ერთი ეკლესიის — თანაც ერთ-ერთი უძველესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის — შიდა საქმეებში. აშკარაა, რომ იგი, ისევე როგორც უკრაინის, სერბეთისა და ბალტიის ქვეყნების შემთხვევებში, ივიწყებს II მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე წესს: „საეპისკოპოსოებმა არ უნდა გაავრცელონ თავიანთი ხელისუფლება იმ ეკლესიებზე, რომლებიც მათი ოლქის ფარგლებს გარეთ მდებარეობს…“– წერია რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაში.
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას განცხადებით, სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემცვლელად, ჯერ არცერთი კანდიდატურა არ დასახელებულა.
მეუფე ისაიამ დღეს ქადაგებისას თქვა, რომ „ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს“.
„იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ. ამას თავისი დრო აქვს, როდესაც უნდა მოხდეს ეს ამბავი. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან – ვლოცულობ, რომ თქვენ გახდეთო, მას ვუპასუხე: „იმაზე კი ნუ ლოცულობთ ვინ გახდეს და ვინ არა, ილოცეთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება“. უფლის ნება როგორია, ეს არის მთავარი, თქვენც გთხოვთ, რომ ილოცოთ, როგორც არის ღვთის ნება, რომ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს. ეს არ არის ადვილი, სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ასე ვთქვათ, ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს. ვისაც დააკისრებს, ალბათ, ამაზე უარი არ უნდა თქვას და ეს ჯვარი უნდა იტვირთოს. ამას ვერავინ იტვირთებს, თუ ღვთის შეწევნა არ იქნება, ეს უფლის შეწევნაა, თუ უფალი არ შეეწია ადამიანს, ვერც ჩვენი უწმინდესი შეძლებდა ამას, მას რომ ღვთის შეწევნა არ ჰქონოდა. ამდენად, ინებოს უფალმა, რომ გამოარჩიოს ის, ვინც არის მისთვის საჭირო, ვისაც ის ხედავს“,- აღნიშნა მეუფე ისაიამ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე ისაიამ პატრიარქობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, რაზეც მეუფე ისაიამ უპასუხა:
„ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ჯერ ვერავინ მოხსნიდა თავის კანდიდატურას, მგონია, გასაგებად ვამბობ…დანარჩენს კი დრო გამოაჩენს, რა როგორ იქნება“.
ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანის ჯარები „ელოდებიან, როდის გადმოვლენ ამერიკელი ჯარისკაცები ხმელეთზე, რათა მათზე ცეცხლის ქარიშხალი დაატეხონ“. ამერიკული მედიის ცნობით, პენტაგონი ემზადება ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის, თუმცა უცნობია, დაუჭერს თუ არა ამას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ირანი მზადაა სახმელეთო შეჭრის მოსაგერიებლად
ირანულმა მედიამ, მათ შორის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ IRNA, გამოაქვეყნა ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაღერ ღალიბაფის მიმართვა, რომელიც ომის დაწყებიდან პირველი თვის დასრულებას მიეძღვნა.
ღალიბაფი ირანის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ცოცხლად გადარჩენილ ფიგურად ითვლება. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი აშშ-სთან გარკვეულ კონტაქტებს ინარჩუნებდა ომის დასრულების საკითხზე, თუმცა თავად ამას საჯაროდ უარყოფდა.
მისი განცხადებით, „მტერი საჯაროდ სიგნალს აგზავნის მოლაპარაკებების მზადყოფნის შესახებ, ხოლო ფარულად ამზადებს სახმელეთო შეტევას“. მისი თქმით, აშშ „15-პუნქტიანი მოთხოვნების სიის წარდგენა არის მცდელობა, აშშ–მ მიაღწიოს იმას, რასაც ომის გზით ვერ მიაღწია“.
ღალიბაფის თქმით, ირანის ჯარები „ელოდებიან, როდის დადგამენ ამერიკელი ჯარისკაცები ფეხს ირანის მიწაზე, რათა მათ ცეცხლის ქარიშხალი დაატეხონ“.
რაც შეეხება კაპიტულაციას, თეირანის პოზიცია „მკაფიოა“ – ქვეყანა „დამცირებას არ მიიღებს“.
რეგიონში ახალი ამერიკული ძალები ჩავიდა
მანამდე აშშ-მ განაცხადა, რომ რეგიონში სამხედრო ხომალდ USS Tripoli-ზე დაახლოებით 3 500 სამხედრო ჩავიდა. გამოცემა The Washington Post იუწყება, რომ პენტაგონი ამზადებს ირანში სახმელეთო ოპერაციებს, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დაამტკიცებს თუ არა ამას დონალდ ტრამპი. მარტის დასაწყისში ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა: „მე ჯარებს არსად ვაგზავნი“, თუმცა მაშინვე დაამატა: „და თუ გავაგზავნიდი, ამას ნამდვილად არ გეტყოდით“.
პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიო განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანში თავისი მიზნების მიღწევა „სახმელეთო ჯარების გამოყენების გარეშე“. მისი თქმით, სპარსეთის ყურეში სამხედროების განლაგება მიზნად ისახავდა პრეზიდენტისთვის სხვადასხვა მოქმედების ვარიანტის მიწოდებას: „ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით, პრეზიდენტს მივაწოდოთ მაქსიმალური შესაძლებლობები გაუთვალისწინებელ ვითარებებზე რეაგირებისთვის“.
ისრაელმა თეირანს დაარტყა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დაასრულეს თეირანზე მორიგი საჰაერო დარტყმების სერია, რომლის სამიზნე დროებითი სარდლობებისა და იარაღის წარმოების ობიექტები იყო.
მათივე ინფორმაციით, ირანის რეჟიმმა ნაწილობრივ გადაიყვანა სარდლობის პუნქტები მობილურ რეჟიმში მას შემდეგ, რაც წინა ობიექტები დაიბომბა. ისრაელის სამხედროების განცხადებით, ამ პუნქტების ნაწილი უკვე განადგურებულია.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმები განხორციელდა იმ მეთაურებზე, რომლებიც შტაბებში მოქმედებდნენ.
დარტყმები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში არაერთი შეტევა დაფიქსირდა, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ ბოლო საათებში 10 დრონი ჩამოაგდო. სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა, განაცხადეს ღამით განხორციელებული თავდასხმების შესახებ.
შაბათს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. კომპანია Emirates Global Aluminium იუწყება, რომ აბუ-დაბიში მდებარე მისი დიდი ქარხანა დაზიანდა და რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.
კომპანიამ დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიიღო, თუმცა დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქუვეითში კი საერთაშორისო აეროპორტის რადარული სისტემა სერიოზულად დაზიანდა.
25 წლის ესპანელი ნოელია კასტილიო რამოსი წელიწადნახევარი სასამართლოში იბრძოდა მამის წინააღმდეგ, ევთანაზიის უფლების მოსაპოვებლად. გოგონამ გადაიტანა სექსუალური ძალადობა და სცადა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა — ის პარალიზებული დარჩა და მუდმივ ტკივილს განიცდიდა. ხუთშაბათს, დღისით, მისი სურვილი – სიცოცხლის დასრულება – შესრულდა.
ევთანაზია ჩატარდა სანტ კამილის საავადმყოფოში, სან-პერე-დე-რიბესში — ბარსელონის პროვინციის მუნიციპალიტეტში, სადაც ნოელია კასტილიო ცხოვრობდა.
გოგონამ ითხოვა, რომ სიკვდილამდე ოთახში მარტო დაეტოვებინათ.
„არ მინდა, რომ ვინმე ოთახში იყოს,“ – თქვა მან. – „არ მინდა, ნახონ, როგორ ვხუჭავ თვალებს.“
ამ ისტორიამ მწვავე დებატები გამოიწვია მისი ახალგაზრდა ასაკის გამო და ასევე იმიტომ, რომ ის არ იმყოფებოდა იმ მდგომარეობაში, რომელსაც საზოგადოება ჩვეულებრივ ტერმინალურ დაავადებად აღიქვამს.
კასტილიო ესპანურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ყოველთვის „თავს მარტო გრძნობდა“ და არასოდეს ეპარებოდა ეჭვი საკუთარ გადაწყვეტილებაში, ევთანაზიის გზით დაესრულებინა სიცოცხლე.
„ჩემს ოჯახში ამას არავინ უჭერს მხარს,“ — ამბობდა კასტილიო. — „მე მივდივარ, თქვენ კი აქ რჩებით მთელი ამ ტკივილით, მაგრამ რა ვუყოთ იმ ტანჯვას, რაც მე ამ წლების განმავლობაში გამოვიარე? მე უბრალოდ მინდა მშვიდად წავიდე და ტკივილი დასრულდეს. მამის, დედის ან დის ბედნიერება არ უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ქალიშვილის ბედნიერება.“
რთული ბავშვობა და სექსუალური ძალადობა.
თავის პირველ და ერთადერთ ინტერვიუში ესპანურ ტელეარხ Antena 3-თან მან განაცხადა, რომ მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როცა ის 13 წლის იყო და ოჯახში მძიმე გარემო სუფევდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ზრუნვის ცენტრში იმყოფებოდა; მას დაუდგინეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და პიროვნების ზღვრული აშლილობა.
ნოელიას ცხოვრებაში იყო მძიმე კრიზისული პერიოდები, როცა მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
ერთ-ერთი ასეთი პერიოდის შემდეგ დედამ ის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსა, სადაც ის მკურნალობას გადიოდა.
გოგონამ ასევე ისაუბრა მის მიერ გადატანილი სექსუალური ძალადობის რამდენიმე შემთხვევაზე – მათ შორის ყოფილ პარტნიორთან და სხვადასხვა საჯარო სივრცეში მომხდარ ინციდენტებზე.
2022 წლის ოქტომბერში მომხდარი გაუპატიურების მძიმე ეპიზოდის შემდეგ, მან თვითმკვლელობა სცადა, თუმცა გადარჩა. მაგრამ პარალიზებული დარჩა და ინვალიდის ეტლზე აღმოჩნდა მიჯაჭვული.
ნოელია ბებიასთან ერთად
„ძალიან მიჭირს დაძინება და თან ზურგისა და ფეხების ტკივილიც მაწუხებს,“ –ამბობდა ის.
თუმცა მისი ტანჯვა მხოლოდ ფიზიკური არ ყოფილა. „ჩემი სამყარო ძალიან ბნელი იყო… არ მქონდა არც მიზნები, არც მისწრაფებები,“ — თქვა მან.
2024 წლის აპრილში მან ევთანაზიაზე შეიტანა განაცხადი, რომელიც კომისიამ სამი თვის შემდეგ დააკმაყოფილა.
სასამართლო დავა მამასთან
ნოელიას დედამ, იოლანდამ, განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა შვილის გადაწყვეტილებას, თუმცა „პატივს სცემდა“ მას. ხოლო მამამ, ხერონიმო კასტილიომ, დანიშნულ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე, იმავე წლის აგვისტოში, სარჩელი შეიტანა ევთანაზიის შესაჩერებლად.
ის ამტკიცებდა, რომ ნოელია ფსიქიკურ აშლილობებს განიცდიდა და ამიტომ ვერ იღებდა სრულად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, რეაბილიტაციის კურსზე გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო მისი წარმომადგენლები სასამართლოში აცხადებდნენ, რომ ნოელიამ ევთანაზიის საკითხზე პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა.
ხერონიმოს ადვოკატები მოითხოვდნენ, რომ გოგონასთვის დაევალდებულებინათ ფსიქოლოგიური მკურნალობის გავლა, სანამ დახმარებით სიკვდილის ნებართვა მიეცემოდა, და სისტემას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ არ ამოწურა ყველა შესაძლო თერაპიული გზა შეუქცევადი პროცესის დაწყებამდე.
მთელი პროცესის განმავლობაში ხერონიმოს კონსულტაციას უწევდა კათოლიკური ჯგუფი „ქრისტიანი ადვოკატები“.
კატალონიის სასამართლომ პროცედურა დროებით შეაჩერა და შვიდი თვის შემდეგ ნოელია სასამართლოს წინაშე წარსდგა. მან განაცხადა, რომ რელიგიური ჯგუფების მხრიდან ზეწოლას განიცდიდა – მისი თქმით, ცენტრში, სადაც ცხოვრობდა, ოთახი სავსე იყო ნახატებით, ჯვრებითა და რელიგიური სიმბოლოებით.
ნოელია დედასთან ერთად
სასამართლომ ნოელიას მხარი დაუჭირა. თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა: გადაწყვეტილება რამდენიმე ინსტანციაში გაასაჩივრეს. კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინეს, რომ ნოელია კასტილიო აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და შეეძლო დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება. საბოლოოდ, 10 მარტს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ უარყო “ქრისტიანი ადვოკატების“ შუამდგომლობა პროცესის დროებით შეჩერების შესახებ.
„ვხვდები, რომ ის მამაა და არ სურს შვილის დაკარგვა,“ – ამბობდა ნოელია კასტილიო ინტერვიუში და დასძენდა, რომ მათ შორის ახლო ურთიერთობა არ ყოფილა.
ევთანაზია ესპანეთში
ევთანაზიის შესახებ კანონი ესპანეთში 2021 წელს მიიღეს.
ხელმისაწვდომი ბოლო ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს დახმარებით სიკვდილის 426 მოთხოვნა იქნა დამტკიცებული.
კატალონიის „ღირსეული სიკვდილის უფლების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ქრისტინა ვალესმა სააგენტო EFE-სთან კომენტარში განაცხადა, რომ ევთანაზიის ლეგალიზაციის შემდეგ ამ უფლებით ქვეყანაში დაახლოებით 1300 ადამიანმა ისარგებლა.
“ქრისტიანი ადვოკატების“ ჯგუფმა ნოელიას გარდაცვალების კომენტირებისას პლატფორმა X-ზე, გააკრიტიკა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი მონიკა გარსია, რომელმიც ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღების ვადების შემცირების ინიციატივით გამოვიდა.
„ევთანაზია არ უნდა იქცეს სწრაფ გამოსავლად იმ სიტუაციებში, სადაც არ არის საკმარისი მოვლა, მხარდაჭერა ან რეალური ალტერნატივები,“ — აცხადებს ორგანიზაცია.
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია. ის საქართველოში ილია II-ის პატივის მისაგებად ჩამოვიდა. მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად წესის აგების მსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.
აეროპორტიდან მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის საქართველოში იმყოფებიან სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა, ასევე, ჩამოსულია ვატიკანის და რუსეთის ეკლესიების დელეგაციები, ისე როგორც დაკრძალვას ესწრებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სამების საპატრიარქო ტაძრიდან 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო, ფეხით მსვლელობა მოეწყობა.