Category: კავკასია

  • არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით–მელია კეზერაშვილის ავტომანქანაზე

    ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია იმ თანაპარტიელებს პასუხობს, ვინც მას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისგან საჩუქრად მანქანის მიღებაში ადანაშაულებენ. პასუხი მელიამ ფეისბუქზე დაწერა:

    “ღირსების მქონე საზოგადოებისთვის მართლაც ძნელი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც საუბრობს და რაზეც მიდის ჩემი კონკურენტის მხარე შიდაპარტიულ არჩევნებში.

    პრაქტიკულად გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არც ერთი წითელი ხაზი. დღეს “საჩუქრების” წამოძახებაზე გადავიდნენ. ეს ყველაფერი, გარდა იმისა რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე.

    ვწუხვარ და მეუხერხულება კიდეც ამ თემაზე, რომ ვწერ სტატუსს, მაშინ როცა უზარმაზარი გამოწვევევის წინაშე დგას პარტიაც და ქვეყანაც, მაგრამ პროპაგანდა ასე მუშაობს – დღეს ბევრი ამ თემაზე წერს და სატელევიზიო ეთერებსაც უთმობენ და მე ვალდებული ვარ პირველ რიგში ენმ მხარდამჭერებს ვუთხრა სიმართლე.

    ავტომობილზე ვწერ მეგობრებო, იმ ავტომობილზე, რითაც პარტიის თავმჯდომარე რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილდებოდა.

    ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ მჭირდებოდა დაცვა და შესაბამისად დამატებითი ავტომობილი. დაცვას გადავეცი ოჯახის საკუთრებაში მყოფი. მე კი ვსარგებლობდი პარტიის ავტომობილით (Mazerati), რომელიც პარტიას კობა ნაყოფიას თხოვნით, ათხოვა ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა. მახსოვს ამ ნათხოვარმა ავტომობილმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.არც ის იყო ჩემი.

    დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა, როდესაც ერთ დღეს , ჩემთვის მიულოდნელად პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა.

    მას შემდეგ რაც, დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა ჩარეულიყო შიდა პარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება.

    ბოლოს, ამ თვენახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და და იგი დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში.

    აი, ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ფუთავენ და ავრცელებენ მერაბიშვილი/კეზერაშვილის მხარდამჭერი კოლეგები.

    ბატონებო, კეზერაშვილის „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია.
    David Kezerashvili დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო/თ?“– წერს მელია

  • ისინი უშვებდნენ უკრაინის გაყოფის ვარიანტს: პოლონეთში დიპლომატიური სკანდალია

    პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველიმა პარტიამ დაუშვა უკრაინის ნაწილებად დაყოფის სცენარი. ამან გამოიწვია ვარშავის უმაღლესი თანამდებობის პირების აღშფოთება, ასევე რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტებისა და დიპლომატების მხარდაჭერა.

    სიკორსკიმ ეთერში გამოსვლისას განაცხადა,   რომ რუსეთის ფედერაცია დღემდე სთავაზობს ოფიციალურ ვარშავას მოსკოვთან უკრაინის გავლენის ზონების გაყოფას:

    „როდესაც ვთქვი, რომ პუტინი უცნაურ მინიშნებებს აკეთებს და ჟირინოვსკიმ (ვლადიმერ ჟირინოვსკი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი) უკრაინის დაყოფაც კი შემოგვთავაზა, თქვენ ამაზე სკანდალი ატეხეთ, არადა რუსები დღემდე ამას გვთავაზობენ“ – განაცხადა პოლიტიკოსმა.

  • ერდოღანი შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე უარს ამბობს

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მისი მხარდაჭერის იმედი ნატოში გაწევრიანების საკითხში შაბათის საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან გაიმართა, რომელსაც შემდგომ ყურანის დაწვა მოჰყვა.

    “შვედეთი არ უნდა მოელოდეს, რომ ჩვენ  მის ნატოში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს”, – თქვა ერდოღანმა და პირველად გააკეთა კომენტარი აქციაზე, რომელიც შვედეთის პოლიციამ არ აღკვეთა, მიუხედავად თურქეთის აღშფოთებისა.

    მანამდე თურქეთმა გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ანკარაში მომავალ კვირისთვის  დაგეგმილი ვიზიტი. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ვიზიტს უაზრო უწოდა.

    თურქეთი ჯერჯერობით თავს იკავებს შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესვლის რატიფიცირებისგან და სტოკჰოლმისგან 70-ზე მეტი ადამიანის ექსტრადირებას ითხოვს, რომლებიც ანკარაში ტერორისტებად ითვლებიან.

  • ლატვიამ რუსეთის ელჩს 24 თებერვლამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

    ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის ელჩი მიხაილ ვანინი 24 თებერვლამდე უნდა დატოვოს.

    ეს არის იანვარში დაწყებული დიპლომატიური კონფლიქტის გაგრძელება. ჯერ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვს რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რვა დიპლომატამდე შემცირება მოსთხოვა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მოთხოვნას რუსეთსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სტატუსის შემცირებით უპასუხა . ეს ნიშნავს, რომ ქვეყნები ორმხრივად იწვევენ თავიანთ ელჩებს და დიპლომატიურ მისიებს დროებითი თანამდებობის პირები უხელმძღვანელებენ.

    ლატვიამ დღეს დილით ასევე გამოაცხადა, რომ აპირებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების სტატუსის დაწევას, საღამოს კი თარიღები დაასახელა – რუსეთის ელჩმა ქვეყანა  რუსეთის უკრაინასთან ომის წლისთავამდე უნდა დატოვოს.

  • ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ

    ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განმარტა როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ვივამედის“ გენერალური დირექტორის თქმით, ყველაზე ცუდია, რომ სამედიცინო სფერო შეირჩა ბრძოლის ველად და ეს ბრძოლა ექიმების გამოყენებით მიმდინარეობს.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ოჯახი ექსპრეზიდენტს საკმარისი რაოდენობის საკვებით არ ამარაგებს.

    „ჩვენც არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული [მდგომარეობა] გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, იმიტომ, რომ ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება. მისთვის საჭიროა რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. ნამდვილად ვიცი, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია. რომ იცი, რომ მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული მისი გაჯანმრთელება, 1000 კალორია მაინც მოიტანე. 500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა წონაში კლება იქნება და ამას ვერსად გავექცევით. ის მიღებულ საკვებს ითვისებს. თუ ჭამ ბორშს ან რაღაც საჭმელს, ე.ი. შეგიძლია კვება, ამიტომ, იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ. არავის დავადებ ხელს, უბრალოდ ფაქტია, რომ როდესაც ენდოკრინოლოგი ითხოვს, მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადისაღმძვრელი სუნებით და ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“, – განაცხადა ნადირაძემ.

    მან ასევე განმარტა, რომ კლინიკა პენიტენციური სისტემის პაციენტების არ კვებავს.

  • რუსთავის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

    “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტობანზე, “მერსედესის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან არხში გადავარდა და ამოტრიალდა.

    ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

    ავტომობილში 23 წლის დავით ხუციშვილი იმყოფებოდა, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

  • გაზაფხულზე რუსეთი სავარაუდოდ ახალ ფართომასშტაბიან შეტევას დაიწყებს–ბორელი

    ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ გაზაფხულზე რუსეთი, სავარაუდოდ, ახალ ფართომასშტაბიან შეტევას შეეცდება.

    “Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მიწოდება არ დამტკიცდა, ძირითადად, გერმანიის თავშეკავების გამო, თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს აღჭურვილობა ესაჭიროებათ რუსეთის ახალი შეტევისგან დასაცავად”, – თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

    ბორელი მხარს უჭერს უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი მომავალ გაზაფხულამდე გაგრძელდება, როდესაც რუსეთი, სავარაუდოდ, ახალი შეტევის დაწყებას შეეცდება.

  • შოლცი უკრაინის დაცვის პირობას დებს “მანამ, სანამ საჭირო იქნება, ევროპაში მშვიდობისთვის“

    გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს აუცილებელია ევროპაში მშვიდობის დამყარებისთვის.

    “ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მას მივაწვდით ყველაფერს, რაც აუცილებელია ევროპაში მშვიდობის პროექტის დასაცავად”, – განაცხადა შოლცმა.

    მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ევროპას აღარ სჭირდება ფიქრი იმაზე, თუ როგორ აიცილოს ომი  კავშირის წევრებს შორის. ამის ნაცვლად, გერმანიის კანცლერის თქმით, მას სჭირდება “დაიცვას ჩვენი ევროპული წესრიგი მსოფლიოში და ჩვენი ღირებულებები ჩვენს გაერთიანებაში ცენტრიდანული ძალებისგან, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გარე საფრთხისგან”.

    ამის დასტურია, კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ბოლო დღეებში ჩვენსა და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს შორის მჭიდრო კონსულტაციების შედეგად, უკრაინაში ჯავშან ქვეითი მანქანების, სადაზვერვო მანქანების და საზენიტო დანადგარების მიწოდების შესახებ“, – თქვა შოლცმა.

    შოლცი კრიტიკის ობიექტია იმის გამო, რომ არ სურს დაუშვას კიევისთვის ლეოპარდ-2 ტანკების მიწოდება. ბერლინის თანხმობის გარეშე, უკრაინა ვერ მიიღებს ამ აღჭურვილობას არა მხოლოდ გერმანიისგან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, რომელთა არსენალშიც ეს ტანკები არსებობს.

  • კატასტროფული მდგომარეობაა, ძვლები დარჩა-გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

    კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს ვერ დაესწრება.

    „ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს, ხერხემალი ჩანს. გადასხმები კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება, აბა, რანაირი მკურნალობაა?

    ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან, ამათ ეს ასე არ შერჩებათ. არა მარტო სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს, დამხმარე საშუალებებით რომ გადაადგილდებოდა, იმდენად არის დასუსტებული, რომ ადამიანი იმითაც ვეღარ დადის“, – განაცხადა ალასანიამ.

  • ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკისას გრიფით საიდუმლო კიდევ 6 დოკუმენტი აღმოაჩინეს–CNN

    CNN–ის ინფორმაციით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკისას გრიფით საიდუმლო კიდევ 6 დოკუმენტი აღმოაჩინეს.

    აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩხრეკა დელავერის შტატში, ვილმინგტონში, ამერიკის  ლიდერის სახლში მოხდა. ნაპოვნი ზოგიერთი დოკუმენტი და მასალა  ბაიდენის სენატში ყოფნის პერიოდს უკავშირდება (1973 წლიდან 2009 წლამდე), ზოგი კი ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის პერიოდს (2009 წლიდან 2017 წლამდე).

    ჩხრეკა 12 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და საბუთების გარდა სახლში მის მიერ, როგორც ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებული რამდენიმე ჩანაწერიც აღმოჩნდა. ბაიდენი და მისი მეუღლე ჩხრეკისას სახლში არ იმყოფებოდნენ, თუმცა მანამდე  თავად პრეზიდენტი გამოვიდა მის სახლში ჩხრეკის ჩატარების შეთავაზებით.

    პრეზიდენტმა გამომძიებლებს უფლება მისცა, გაეჩხრიკათ მთელი შენობა, რათა ენახათ, იყო თუ არა აქ რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია მისი, როგორც ვიცე-პრეზიდენტის საქმიანობასთან,  ან რაიმე საიდუმლო მასალასთან, თქვა ბაიდენის  ადვოკატმა.

    პირველი ანგარიშები დოკუმენტების აღმოჩენის შესახებ, რომლებიც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს ეხებოდა, მუშაობდა (2009-2017) იანვარში გამოჩნდა.

    პირველად დოკუმენტები ნაპოვნი იქნა ვაშინგტონში მდებარე პენსილვანიის უნივერსიტეტის ანალიტიკური ცენტრის – პენ ბაიდენის ცენტრის ოფისიდან გადასვლის დროს, რომელსაც პრეზიდენტი ზედამხედველობს როგორც საპატიო პროფესორი. დოკუმენტები მის პირად ოფისში აღმოჩნდა, რომელიც ბაიდენს 2017 წლიდან 2019 წლამდე ეკავა.

    კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ ვაშინგტონის ფაილები  ჯერ კიდევ 2 ნოემბერს აღმოაჩინეს, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ გახდა ცნობილი.

    წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკარტიმ უკვე დაადანაშაულა პრეზიდენტი ბაიდენი შუალედური არჩევნების წინ საზოგადოებისგან საიდუმლო მასალების აღმოჩენის განზრახ დამალვაში, რადგან სკანდალურ ამბებს შესაძლოა დემოკრატების პოზიცია შეესუსტებინა.

    დოკუმენტების მეორე პარტია 20 დეკემბერს ვილმინგტონში ბაიდენის სახლში აღმოაჩინეს, კიდევ ერთი  დოკუმენტი კი 12 იანვარს.

    როგორც ამბობენ, დოკუმენტების აღმოჩენის შემდეგ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს და იუსტიციის დეპარტამენტს.

    საიდუმლო დოკუმენტების საქმის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორი რობერტ ჰური დაინიშნა.

    ანალოგიური გამოძიება მიმდინარეობს პრეზიდენტ ბაიდენის წინამორბედთან მიმართებაში. გასულ წელს FBI-მ გაჩხრიკა დონალდ ტრამპის რეზიდენცია ფლორიდაში, სადაც ასევე იპოვეს 300-ზე მეტი გრიფით „საიდუმლო“ და “სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტი.

    მანამდე, ტრამპის სახლის ჩხრეკის შედეგები კომენტირებისას, ბაიდენმა მისი წინამორბედის საიდუმლო დოკუმენტებისადმი დამოკიდებულებას  აბსოლუტურად უპასუხისმგებლო უწოდა.

    ამჯერად, როდესაც მას მსგავსი ინციდენტი დაემართა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დელავერში აღმოჩენილი დოკუმენტები „ქუჩაში არ ეყარა“, არამედ ავტოფარეხში იყო ჩაკეტილი.