Category: კავკასია

  • ეკვადორში უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც ამაზონიის გათხრების ისტორიაში უდიდესია

    ამაზონის აუზში უზარმაზარი უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მცენარეებით იყო დაფარული

    მეცნიერთა აზრით, აღმოჩენა მნიშვნელოვნად შეცვლის აქამდე არსებულ  წარმოდგენებს ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების შესახებ.

    ქალაქი განლაგებულია აღმოსავლეთ ეკვადორში, უპანოს ველზე, რომელიც ვულკანის ჩრდილში მდებარეობს. მეცნიერთა აზრით, დიდი წარმატებაა, რომ ვულკანმა არ გაანადგურა მრავალი ათასწლეულების განმავლობაში აქ მცხოვრები თემების ცხოვრება.

    სამხრეთ ამერიკის მთიანეთის სხვა უძველესი დასახლებების კვლევების საფუძველზე, ადრე ითვლებოდა, რომ ეს ადგილები მომთაბარეებით იყო დასახლებული. ყველა მათგანი, მათ შორის პერუში ცნობილი მაჩუ-პიქჩუ, შედარებით მცირე და  ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით მარტივი იყო.

    უპანოს აღმოჩენამ მეცნიერები გააოცა გზებისა და არხების რთული ქსელით, რომლებიც  ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს აკავშირებენ.

    არქეოლოგები თვლიან, რომ ქალაქი  დაახლოებით 2500 წლის წინ აშენდა და დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში იყო ხალხით დასახლებული.

    მეცნიერთა აზრით, ძნელია ზუსტად შეაფასო რამდენი ადამიანი ცხოვრობდა აქ ერთდროულად, მაგრამ აუცილებლად მინიმუმ 10 ათასი ადამიანი (ზედა ზღვარი 100 ათასამდეა).

    გათხრები  300 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის სხვადასხვა უბანზე ჩატარდა. თუმცა ტერიტორიის ნაწილი სამუშაოდ ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა იმის გამო, რომ მცენარეებით მჭიდროდ იყო დაფარული.

    შემდეგ, LiDAR ტექნოლოგიის გამოყენებით – თვითმფრინავის ბორტზე დაყნებული ლაზერული სენსორებით – ეს ადგილები ერთმანეთთან დააკავშირეს და მიიღეს უძველესი ქალაქის ნანგრევების საერთო სურათი.

    ”ეს ადგილი უფრო ძველია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჩვენთვის ცნობილი ქალაქი ამაზონში. აქამდე, სხვა კულტურებისა და ცივილიზაციების შესახებ ჩვენი გაგება განპირობებული იყო ჩვენი ევროპული შეხედულებებით განვითარების მექანიზმების შესახებ, მაგრამ ეს აღმოჩენა გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი მიდგომა“, – ამბობს პროფესორი სტეფან როსტეინი, სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS)  კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი. რომელიც ხელმძღვანელობდა ექსპედიციას ეკვადორში.

    „უმრავლესობის აზრით, ეს ტერიტორია დასახლებული იყო ადამიანთა მცირე ჯგუფებით, რომლებიც, სავარაუდოდ, შიშვლები დადიოდნენ, ქოხებში ცხოვრობდნენ და მიწას ამუშავებდნენ. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ უძველესი ხალხი ცხოვრობდა რთულ ურბანულ თემებში“, – ამბობს კვლევის თანაავტორი ანტუან დორისონი.

    მკვლევარებმა პირველად აღმოაჩინეს ქალაქის არსებობის მტკიცებულებები ჯერ კიდევ 1970-იან წლებში. სამუშაოს 40 წელზე მეტი დასჭირდა, მისი დასრულება მნიშვნელოვნად დააჩქარა  ბოლო წლებში გაჩენილმა ახალმა ტექნოლოგიებმა.

    საოცარი აღმოჩენა

    LiDAR ტექნოლოგიის გამოყენებით აღმოაჩინეს 6 ათასი მართკუთხა თიხის პლატფორმა – თითოეული მათგანის სიგრძე 20 მეტრია, სიგანე 10 მეტრი და სიმაღლე 2-3 მეტრი.

    ისინი განლაგებულია სამიდან ექვს ერთეულამდე  ჯგუფებად  არიან განლაგებული მთავარი მოედნის გარშემო, რომლის ცენტრში ერთი დიდი პლატფორმა ჩანს.

    მეცნიერთა აზრით, ყველა ეს პლატფორმა არის ყოფილი სახლებისა და ცერემონიული დაწესებულებების საფუძველი. მათი უმეტესობა აგებულია კლდეებში ჭრით.

    ერთ-ერთი ასეთი კომპლექსი კილამოპის ტერიტორიაზე მოიცავს 140 მეტრი სიგრძისა და 40 მეტრი სიგანის პლატფორმას.

    ყველა კომპლექსი ერთმანეთთან დაკავშირებულია სწორი გზების ქსელით, რომელთაგან ერთი 25 კილომეტრზე ვრცელდება.

    ანტუან დორისონის თქმით, ეს გზები აღმოჩენის ყველაზე საოცარი ნაწილია.

    „გზის ქსელი ძალიან რთულია. ის უზარმაზარ მანძილზე ვრცელდება, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. და არის სწორი კუთხეები, რაც ძალიან შთამბეჭდავია“, – ამბობს ის და განმარტავს, რომ სწორი გზის აშენება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ლანდშაფტზე მორგებულის.

    მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს კაშხლები ორივე მხრიდან თხრილებით, რომლებიც, მათი აზრით, გამოიყენებოდა რეგიონის უხვი წყლის რესურსების სამართავად.

    თხრილები ასევე გამოიყენებოდა ზოგიერთ დასახლებამდე მისასვლელად, რაც მეზობელი დასახლებების მხრიდან საფრთხის არსებობაზე მიუთითებს.

    მეცნიერთა აზრით, ეს ყველაფერი მიუთითებს აქ მცხოვრებ დიდ და განვითარებულ თემზე, რომელიც ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ყველაზე დიდია არა მხოლოდ სამხრეთ, არამედ ცენტრალურ ამერიკაშიც – უფრო დიდი ვიდრე მექსიკური მაია.

    „წარმოიდგინეთ, რომ აღმოაჩინეთ მაიას მსგავსი სხვა ცივილიზაცია, მაგრამ სრულიად განსხვავებული არქიტექტურით, მიწათსარგებლობით, კერამიკით“, – ამბობს ხოსე ირიარტე, არქეოლოგიის პროფესორი ექსეტერის უნივერსიტეტში.

    აღმოჩენილი ქალაქის მშენებლობის ზოგიერთი თავისებურება უნიკალურია სამხრეთ ამერიკისთვის, მაგალითად, რვაკუთხა საძირკველი ან საძირკვლების ჯგუფურად განლაგება, განმარტავს არქეოლოგი.

    მისი თქმით, ეს საზოგადოება აშკარად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ბევრი რამ არ არის ცნობილი ამ ადგილებში მცხოვრები ხალხის შესახებ.

    მეცნიერები მათ კილამპეს და უპანოს უწოდებენ, ტერიტორიის სახელის მიხედვით.

    ისინი, სავარაუდოდ, ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, ჭამდნენ სიმინდს და ტკბილ კარტოფილს და, ალბათ, სვამდნენ ჩიჩას, ტკბილ ლუდს.

    ზოგან აღმოჩენილია ორმოები და კერები, ქილები, მცენარეების დასამტვრევი ქვები და დამწვარი თესლის ნაშთები.

    კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ როსტეინის თქმით, მისი კარიერის დასაწყისში კოლეგებმა გააფრთხილეს იგი ამ კვლევისთვის თავი აერიდებინა, რადგან ითვლებოდა, რომ ამ ადგილებში უძველესი ხალხები არ არსებობდნენ.

    ”მაგრამ მე ძალიან ჯიუტი ვარ და ეს მაინც გავაკეთე. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი აღმოჩენა გავაკეთე“, – ამბობს ის.

  • უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში ისტორიულ შეთანხმებას.რას გულისხმობს ის და რა ვალდებულებები აიღო დიდმა ბრიტანეთმა

    ლონდონი „მუდმივ და ყოვლისმომცველ მხარდაჭერას“ გაუწევს კიევს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

    ურაინაში მყოფმა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ.

    შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მომავალში რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სწრაფად და დაუყოვნებლად მიაწვდის აუცილებელ დახმარებას, მათ შორის თანამედროვე იარაღს ხმელეთზე, ზღვაზე და საჰაერო სივრცეზე აგრესიის მოსაგერიებლად.

    “დღეს არის დღე, როდესაც შეიცვალა ევროპის ისტორია. უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ გააფორმეს ახალი და უპრეცედენტო შეთანხმება უსაფრთხოების შესახებ. ეს არ არის მხოლოდ დეკლარაცია. ეს არის რეალობა, რომელიც დადგება ჩვენი თანამშრომლობის წყალობით და კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიების წყალობით დიდი ბრიტანეთის გამოჩენილი გლობალური ძალისგან“, – თქვა  ზელენსკიმ.

    რას გულისხმობს უფრო კონკრეტულად ორმხრივი შეთანხმება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ და რა ვალდებულებები აიღო საკუთარ თავზე დიდმა ბრიტანეთმა.

    შეთანხმება 10 წელზეა გათვლილი და პრაქტიკულლად ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

    თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია:

    • თავდაცვა და სამხედრო თანამშრომლობა
    • უსაფრთხოება ზღვაზე
    • თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის სფეროში
    • კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა
    • თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში
    • საინფორმაციო უსაფრთხოება და პროპაგანდასთან ბრძოლა
    • კოოპერაცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში
    • პოლიტიკური თანამშრომლობა(აქ მხარეები აღიარებენ, რომ ვერც უკრაინა და ვერც ევროპა ვერ იქნებიან უსაფრთხოდ მანამ, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება სრულად აღდგენილი და არ დადგება სამართლიანი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინის უფლებებს საერთაშორისო სამართლის და გაეროს წესდების შესაბამისად).
    • ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი აღდგენა და რეკონსტრუქცია.
    • თანამშრომლობა ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში.
    • რეფორმების გატარება, რომლებიც აუცილებელია უკრაინის კოოპერაციისთვის ევროკავშირთან და ნატოსთან.

    შეთანხმება ასევე ცალკე ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას უცხოური შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში.

    ამ შემთხვევაში, შეთანხმების ტექსტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი იღებს ვალდებულებას, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს უკრაინის სწრაფი და მუდმივი დახმარება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე იღებს ვალდებულებას მიაწოდოს უკრაინას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა ყველა სფეროში, ასევე აუცილებელი ეკონომიკური დახმარება.

    ეკონომიკური და სხვა ხარჯები აგრესორს დაეკისრება. ბრიტანეთი ასევე პირობას დებს, რომ კონსულტაციებს გამართავს კიევთან მისი საჭიროებების შესახებ, როცა უკრაინა მოახდენს მისი თავდაცვის უფლების რეალიზებას, რომელიც გამყარებულია გაეროს წესდების 51–ე მუხლით.

    დიდი ბრიტანეთი გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა მსგავს შეთანხმებას. ლონდონში მას “ისტორიული” უწოდეს. შეთანხმება ძალაში იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე.

    უკრაინაში მყოფმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს დარჩება მარტო.

    დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის დახმარების შესახებ უკრაინისთვის შემდეგ საფინანსო წელს, რომელიც აპრილში დაიწყება.

    ეს არის უმსხვილესი მსგავსი ვალდებულება, რომელიც ბრიტანეთმა 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აიღო.

    პრემიერმა სუნაკიმ ეს განცხადება პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისა და ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის მიღწეულზე არ გაჩერდება.

    ოფიციალური ინფორმაციით ბრიტანეთის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის დიდი მანძილის რაკეტების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და საარტილერიო ჭურვების მიწოდებას გულისხმობს.

    ამავე პაკეტით განხორციელდება უკრაინისთვის დრონების უდიდესი პარტიის მიწოდება, რომლის ნაწილი ბრიტანეთში იქნება წარმოებული.რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ისტორიაში ყველაზე დიდ დრონების პარტიას გადასცემს.

    “ეს იქნება სადაზვერვო, შეტევითი და საზღვაო დრონების ყველაზე დიდი პარტია, რომელიც უკრაინას სხვა სახელმწიფოს მხრიდან ოდესმე მიუღია“– თქვა სუნაკმა.

    პაკეტი ასევე შეიცავს 18 მილიონი გირვანქა სტერლინგის ჰუმანიტარულ დახმარებას, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და დამატებით დაფინანსებას ინგლისური ენის ონლაინ შესწავლისთვის.

    რიში სუნაკს არ აუღია გრძელვადიანი, რამდენიმე წელზე გათვლილი ფინანსური ვალდებულებები, თუმცა, თქვა, რომ მომავალ ფინანსურ წელს ბრიტანეთი დახარჯავს 200 მილიონი ფუნტით მეტს, ვიდე ბოლო ორ წელიწადში, როცა ბრიტანეთის სამხედრო დახმარება ურაინისთვის წელიწადში 2.3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

    დაუნინგ სთრითი აცხადებს, რომ მხარდაჭერის პაკეტი გახდება პირველი ნაბიჯი ურაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის საუკუნოვანი ურყევი პარტნიორობის გზაზე.

    “ხელმოწერილი ხელშეკრულება არის ნათელი სიგნალი პუტინისთვის და სხვებისთვის, რომ ჩვენ აქ დიდი ხნით ვართ. ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში – თქვა სუნაკმა.

  • Reuters:ჩინეთი რუსეთის ეკონომიკის მთავარი მაშველი რგოლი გახდა

    როგორც Reuters-ი ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, 2023 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 240 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდულია. მოსკოვმა ასევე გააძლიერა ჩინური საქონლის შესყიდვები – მანქანებიდან დაწყებული სმარტფონებით დამთავრებული – რუსული ბაზრიდან ევროპული და ამერიკული ბრენდების გასვლის შემდეგ. რუსული ბაზრიდან.

    ჩინეთის საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, ჩინეთ-რუსეთის ვაჭრობის მოცულობა წინა წელთან შედარებით 26,3%-ით გაიზარდა. ჩინეთის მიწოდება რუსეთში 46,9%-ით გაიზარდა 2023 წელს წინა წელთან შედარებით და 64,2%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით.

    რუსეთიდან იმპორტი გასულ წელს 2022 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ჩინეთმა ასევე გაზარდა იუანის გამოყენება რუსული საქონლის შესაძენად. ფაქტობრივად, ჩინეთი გახდა მთავარი ეკონომიკური სამაშველო რგოლი რუსეთისთვის, ენერგოექსპორტიორისთვის, რომელიც ამჟამად დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, აღნიშნავს სააგენტო.

  • პირველად ისტორიაში ქართველი წყვილი ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

    ქართული წყვილი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება მოახერხა.

    ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ასეთ დიდ ტურნირში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ისინი მოკლე პროგრამის შემდეგ სპორტულ წყვილებში ლიდერობდნენ. მეტელკინამ და ბერულავამ მოკლე პროგრამაში 71.30 ქულა მიიღეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ბოლო  დღეს თავისუფალი პროგრამის დროს ყინულზე ბოლო ნომრად მთავარი ფავორიტების რანგში გავიდნენ თუმცა ბოლო გამოსვლაში შეცდომები დაუშვეს. მათ 2 კომპონენტი ჩაუვარდათ და მსაჯებისგან მხოლოდ 124.84 ქულა მიიღეს, ჯამური ქულებით კი  ჩემპიონატზე  მეორე ადგილი დაიკავეს.

    ნახეთ წყვილის ბოლო გამოსვლა:

  • აშშ–მ და ბრიტანეთმა იემენელ ჰუსიტებზე შეტევა განახორციელეს

    პარასკევს ღამით შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის თვითმფრინავებმა და სამხედრო ხომალდებმაიემენში ჰუსიტების ჯგუფის სამხედრო ობიექტებს შეუტიეს , რომლებმაც ბოლო თვენახევრის განმავლობაში ირანის მხარდაჭერით  ნადირობა წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე დაიწყეს.

    თავად ჰუტისების, ასევე ამერიკული და ბრიტანული წყაროების განცხადებების თანახმად, დარტყმები განხორციელდა ძირითადად აეროდრომებზე, საიდანაც მოკავშირეთა დაზვერვის სამსახურების ვარაუდით, რაკეტების და თვითმფრინავების გაშვება ხდებოდა, ასევე იარაღის საცავებსა და რადარებზე.

    აშშ-ის ადმინისტრაციაში Reuters-ის თანამოსაუბრეების თქმით, დარტყმები თვითმფრინავებმა, გემებმა და წყალქვეშა ნავმა განახორციელეს. CNN იტყობინება, აშშ-ს მთავრობის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ გამოყენებული იქნა Tomahawk საკრუიზო რაკეტებიც.

    იემენის ჰუსიტების წარმომადგენლებმა დაასახელეს რამდენიმე სამიზნე, რომლებზეც შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა დარტყმები განახორციელეს. CNN-მა დაასახელა ამ ობიექტების სია, რომელშიც შედის:

    • კალანის სამხედრო ბაზა საადას პროვინციაში
    • ალ დაილამის საჰაერო ბაზა იემენის დედაქალაქ სანაას ჩრდილოეთით
    • ქალაქ ჰუდიდას აეროპორტის ტერიტორია წითელ ზღვაზე
    • ტაიზის ქალაქის აეროპორტი და სხვა ადგილები ტაიზის პროვინციაში იემენის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
    • ქალაქ აბსის აეროპორტი.

    აშშ-ს საჰაერო ძალებმა გამოაცხადეს, რომ პარასკევს ღამით იემენის ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაციის დროს დარტყმები განხორციელდა 60-ზე მეტ სამიზნეზე 16 ადგილზე: სამეთაურო პუნქტები, იარაღის საწყობები, წარმოების ობიექტები და საჰაერო თავდაცვის რადარები.

    ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა გამოაცხადეს, რომ მისმა თვითმფრინავმა დაარტყეს ორ სამიზნეს, რომელთაგან ერთი იყო აბსის მახლობლად მდებარე აეროდრომი. დაზვერვის მონაცემებით, ჰუტისებმა აქედან საკრუიზო რაკეტები და დრონები გაუშვეს.

    მეორე სამიზნე იყო ბანის კომპლექსი, საიდანაც, დაზვერვის მონაცემებით, სადაზვერვო და თავდასხმის დრონები გაუშვეს.

    პრესრელიზში, ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მისი ოთხი Typhoon თვითმფრინავი მონაწილეობდა იემენზე შეტევაში , რომლებიც ვიპროსის ბაზიდან გაფრინდნენ . მათ შეტევები განახორციელეს სატელიტური და ლაზერით მართვადი Paveway IV ბომბებით.

    თავდასხმებისთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ერთდროულად გააკეთეს განცხადებები.

    ბაიდენმა თქვა, რომ ეს იყო პასუხი ჰუსიტების თავდასხმებზე წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე და რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ დააყოვნებენ დამატებითი დარტყმების განხორციელებას საჭიროების შემთხვევაში.

    რიში სუნაკმა თქვა, რომ ბრიტანეთის თვალსაზრისით, ჰუსიტების წინააღმდეგ დარტყმა თავდაცვა იყო.

    „ბოლო თვეების განმავლობაში, ჰუსიტების ჯგუფებმა განახორციელეს რიგი საშიში და მადესტაბილიზებელი შეტევები სავაჭრო გემებზე წითელ ზღვაში, რაც საფრთხეს უქმნის ბრიტანულ და სხვა უცხოურ გემებს“, – თქვა სუნაკმა.

    „აქედან გამომდინარე, ჩვენ, შეერთებულ შტატებთან ერთად, ნიდერლანდების, კანადისა და ბაჰრეინის არასამხედრო მხარდაჭერით, მივიღეთ შეზღუდული, აუცილებელი და პროპორციული ქმედებები თავდაცვის მიზნით“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

    სუნაკი ირწმუნება, რომ ბრიტანული გემები გააგრძელებენ პატრულირებას წითელ ზღვაში, როგორც ოპერაცია Prosperity Guardian-ის მისიის ნაწილი, რომელიც იცავს სავაჭრო გემებს და მოუწოდა ჰუსიტებს  შეწყვიტონ მათზე თავდასხმები.

    წითელ ზღვაში გემების დასაცავად შექმნილი კოალიციის ქვეყნებმა იემენის ჰუსიტებზე აშშ-ისა და ბრიტანეთის დარტყმის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს დარტყმა ლეგიტიმურ თავდაცვად ითვლება.

    შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის, ასევე ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ კორეის განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა სახელმწიფოების ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის განუყოფელი უფლების შესაბამისად.

    განცხადების თანახმად, დარტყმები განხორციელდა ზუსტი იარაღით ჰუსიტების აქტივების წინააღმდეგ, რომლითაც ისინი „საფრთხეს უქმნიდნენ გლობალურ ვაჭრობას და უცხოელი მეზღვაურების სიცოცხლეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის გასწვრივ“.

    მომავალში, როგორც განცხადებაში ხელმომწერი ქვეყნები ირწმუნებიან, ისინი გააგრძელებენ წითელ ზღვაში დეესკალაციასა და სტაბილურობის აღდგენას.

    დეკემბერში შეიქმნა კოალიცია ჰუტისებისგან გემების დასაცავად. მას ეწოდა Operation Prosperity Guardian – Operation Guardian of Prosperity. კოალიციაში შედის 22 ქვეყანა, მაგრამ მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს აქვთ რეალური საშუალებები ჰუსიტების წინააღმდეგ წითელ ზღვაში გემების და რეგიონში ავიაციის სახით. მოგვიანებით, დანიამ და საბერძნეთმაც დადეს პირობა თითო ფრეგატის გაგზავნის შესახებ.

    შეერთებულ შტატებს რეგიონში, რამდენიმე ქვეყანაში ბაზების გარდა, ჰყავს ავიამზიდი დამრტყმელი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ავიამზიდი USS Dwight D. Eisenhower, ბრიტანელებს აქვთ ერთი გამანადგურებელი წითელ ზღვაში, ერთი არაბეთის ნახევარკუნძულის მეორე მხარეს.

    ჰუსიტების  განცხადებები

    „ამაში ყველა ჩართული ყველა მხარე გადაიხდის საფასურს. ჩვენ არ შევწყვეტთ თავდასხმას მანამ, სანამ რეგიონს არ დატოვებთ და არ შევწყვეტთ თქვენს გათელვას, სანამ დამცირებულს არ დაგინახავთ. იემენი ახლა ბრიტანეთსა და ამერიკას ასწავლის გაკვეთილს ზღვაზე“, – წერს ინტერნეტში გენერალ-მაიორი ჯაჰაფ აბდულსალამი, ჰუსიტების სამხედრო ხელმძღვანელობის წევრი.

    ცოტა მოგვიანებით, აბდულსალამმა გამოაცხადა, რომ ჰუსიტებმა საპასუხო შეტევები წამოიწყეს წითელ ზღვაში ამერიკულ და ბრიტანულ გემებზე. პარასკევს დილით მოკავშირეებისგან ჯერ კიდევ არ ყოფილა ამის დადასტურება ან უარყოფა.

    „ამერიკელებისა და ბრიტანელების არცერთი მუქარა არ გვაშინებდა და არ შეგვაშინებს და არ გვაიძულებს თავი დავანებოთ ღაზაში ჩვენი ძმების მხარდაჭერის მოვალეობას“, – წერდა ჰუსიტების  ხელმძღვანელობის კიდევ ერთი წევრი, აბდულკადერ ალ-მორტადა შეტევამდე სოციალურ ქსელებში. ”ისინი უფრო მეტად გააძლიერებენ ჩვენს რწმენას და ნდობას ჩვენი პოზიციის სისწორეში და ჩვენი საქმის სისწორეში.”

    ჰუსიტები, ირანის მოკავშირეები, გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჰამასთან ომი დაიწყო.  მათ ჯერ სცადეს რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების გაშვება ისრაელში, შემდეგ ნოემბერში დაიწყეს სავაჭრო გემებზე თავდასხმა.

    ისინი აცხადებენ, რომ ამ გზით ებრძვიან ებრაულ სახელმწიფოს, მაგრამ მათი თავდასხმის სამიზნე არაერთხელ აღმოჩნდა გემები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ისრაელთან.

    ჰუსიტები ირანიდან იღებენ რაკეტებს და თვითმფრინავებს.

    ჰუტისებზე დარტყმის შემდეგ, რუსეთმა 12 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა.

  • პენტაგონი: აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის ცუდად კონტროლდებოდა, თუმცა იარაღის დაკარგვის და გაჟონვის მტკიცებულებები არ არსებობს

    პენტაგონმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც აღიარა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარებისთვის თვალყურის დევნება და კონტროლი არასათანადოდ ხდებოდა.

    აშშ-ს თავდაცვის უწყების გენერალურმა ინსპექტორმა აღმოაჩინა, რომ თავდაცვის ჩინოვნიკებმა და დიპლომატებმა ვაშინგტონში და ევროპაში ვერ შეძლეს სწრაფად ან სრულად აღერიცხათ უკრაინაში გაგზავნილი თითქმის 40 000 ერთეული იარაღი, წერს New York Times, რომელიც ანგარიშს გაეცნო.

    პენტაგონის მოხსენებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები სათანადოდ არ ადევნებდნენ თვალყურს 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების  პორტატულ სარაკეტო სისტემებს, კამიკაძეების დრონებს და ღამის ხედვის აღჭურვილობას.

    ეს, ანგარიშის ავტორების თქმით, აჩენს შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მოპარული ყოფილიყო ან კონტრაბანდის საგანი გამხდარიყო.

    თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის დასკვნაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, არ არის მოყვანილი რაიმე მტკიცებულება ან ცნობა იმის შესახებ, რომ რომელიმე იარაღი არადანიშნულებისამებრ იქნა გამოყენებული პოლონეთში აშშ-ს სამხედრო ლოგისტიკის ცენტრში ან უკრაინის ბრძოლის ველზე  გაგზავნის შემდეგ, ხაზს უსვამს New York Times.

    „ჩვენი შეფასების სფერო არ იყო იმის დადგენა, მოხდა თუ არა ასეთი დახმარების გადამისამართება“, – ნათქვამია მოხსენებაში.

    ამავე დროს, პენტაგონი აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება უკრაინიდან შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღის გაჟონვის შესახებ.

    პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის დეპარტამენტს ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების ბოროტად გამოყენების ნიშნები არ უნახავს.

    ”ჯერჯერობით არ არსებობს სანდო მტკიცებულება უკრაინიდან შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული მოწინავე ჩვეულებრივი შეიარაღების უკანონო გაჟონვის შესახებ,” – თქვა მან.

    „ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ შემთხვევებს, როდესაც რუსეთი აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას, და საწინააღმდეგოს ამტკიცებს“, – განაგრძო რაიდერმა, „მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელები ამ შესაძლებლობებს იყენებენ ბრძოლის ველზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ეფექტურად იყენებენ მათ – სრულიად ცხადი მიზეზის გამო, რადგან რუსეთი  უკრაინის სუვერენიტეტის მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

  • ტეილორ სვიფტის კატამ 97 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ცხოველები

    34 წლის ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის კატამ ოლივია ბენსონმა $97 მილიონი გამოიმუშავა და  მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ცხოველი გახდა. კატის  ქონება ორჯერ აღემატება მისი მფლობელის ახალი ბოიფრენდის, NFL-ის ვარსკვლავის ტრევის კელსის ქონებას, რომელიც 40 მილიონ დოლარს შეადგენს.  ყველაზე მდიდარი ცხოველების რეიტინგი რესურსმა AllAboutCats.com-მა გამოაქვეყნა. ამ რეიტინგით ტეილორ სვიფტის კატა მხოლოდ ცნობილ კატას, სახელად ნალას ჩამორჩება, რომლის ქონება  100 მილიონი დოლარია.

    ოლივია ბენსონი შოტლანდიური ფოლდის ჯიშის კატაა. მომღერალს  ის 2014 წლიდან ყავს.სახელი დაარქვეს პერსონაჟ  მარიშკა ჰარგიტაის საპატივცემულოდ სერიალიდან კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსი“.

    ცხოველს „ აქვს პროდუქციის საკუთარი ხაზი და გამოჩნდა ბევრ მაღალბიუჯეტიან რეკლამაში, მათ შორის ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Diet Coke და Ned Sneakers“. ოლივია ბენსონმა ასევე ითამაშა მისი მფლობელის ვიდეოკლიპებში  “Blank Space” და “Me!”

    ტეილორს სვიფტს ჰყავს კიდევ ერთი კატა, ბენჯამინ ბატონი, რომელსაც ბრედ პიტის პერსონაჟის სახელი დაარქვეს 2008 წლის ფილმიდან „ბენჯამინ ბატონის იდუმალი ისტორია“ მაგრამ ის მდიდარი შინაური ცხოველების სიაში ვერ მოხვდა.

    უმდიდრესი ცხოველების სიაში პირველ ადგილზე წელსაც  გერმანული ნაგაზი აღმოჩნდა, რომელიც ცნობილია როგორც Gunther VI, რომელიც ფლობს Gunther Corporation-ს. კორპორაცია მართავს ძაღლის ქონებას და უძრავ ქონებაში  ინვესტიციების მეშვეობით 1992 წელს მემკვიდრეობით მიღებული ქონება – 80 მილიონი დოლარი 500 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

    მსოფლიოს უმდიდრესი შინაური ცხოველების რეიტინგში ადგილს იკავებენ ოპრა უინფრის ძაღლები სედი, სანი, ლორენი, ლეილა და ლუკი, რომელთა ქონება 30 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

    გარდაცვლილი კარლ ლაგერფელდის კატა შოუპეტი ასევე მაღალ ადგილს იკავებს 13 მილიონი დოლარის ქონებით, ხოლო გარდაცვლილი მსახიობის ბეტი უაიტის ძაღლის,  პონტიაკის ქონება  5 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

    ინსტაგრამში ცნობილმა ძაღლებმა Doug the Pug, Tucker და Marutaro თითოეულმა 1,5 მილიონი დოლარი მიიღეს.

    დავუბრუნდეთ ტეილორ სვიფტის ბოიფრენდს ტრევის კელსის, რომელსაც მომღერალი გასული წლიდან ხვდება, სუპერ ბოულის ორგზის ჩემპიონის კაპიტალი  რამდენიმე მომგებიანმა გარიგებამ გაზარდა კომპანიებთან, როგორიცაა McDonald’s, Papa John’s, Nike და Dick’s Sporting Goods.

  • ნატალი პორტმანი ქმარს გაშორდა

    42 წლის ამერიკელმა მსახიობმა ნატალი პორტმანმა 46 წლის მოცეკვავე ბენჯამინ მილეპიდთან განქორწინება დაადასტურა. ამის შესახებ WSJ წერს.

    ფილმ „შავი გედის“ ვარსკვლავმა რეპორტიორი პარიზში,  საკუთარ ბინაში მიიღო. ორი შვილის დედამ აღიარა, რომ ახლა საფრანგეთის დედაქალაქში,  ფართო ბინაში ცხოვრობს  12 წლის ვაჟთან ალეფთან და 6 წლის ქალიშვილთან ამალიასთან ერთად.

    ”მე აქ ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ”, – თქვა ისრაელში დაბადებულმა მსახიობმა. ამასთან, ნატალიმ საერთოდ არ ახსენა ქმარი და შვილების მამა, ბენჯამინ მილეპიდი.

    წყვილი 2012 წელს დაქორწინდა და ორი შვილი გააჩინა. თუმცა, 2023 წლის ზაფხულში, ცნობილი გახდა მეუღლეების სავარაუდო განშორების შესახებ, ბენჯამინ მილეპიდის 25 წლის გარემოსდაცვით აქტივისტთან რომანის შესახებ ჭორების ფონზე.

    წყვილს ოფიციალურად არ გაუკეთებია კომენტარი ჭორების შესახებ, თუმცა საზოგადოებაში უკვე საქორწინო ბეჭდების გარეშე გამოჩნდნენ.  ამ დღეებში,  2024 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ამერიკელი მსახიობი წითელ ხალიჩაზე მარტო და ასევე საქორწინო ბეჭდის გარეშე გამოჩნდა. 

  • ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად შესაძლოა კონსტანტინე გამსახურდია დაინიშნოს

    “კურიერის“ ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს.

    დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

    “პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა” – წერს გიორგი კეკელიძე.

    კონსტანტინე გამსახურდია 2020 წელს გერმანიაში საქართველოს დესპანის თანამდებობაზე დაინიშნა.

    მანამდე ის . 2008–2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტანტინე გამსახურდია გაერო-ს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა.

  • ფინელი მუსიკოსები ისრაელის ევროვიზიის კონკურსიდან ჩამოშორებას ითხოვენ

    ფინური მუსიკალური ბიზნესის თითქმის ათასხუთასმა მოღვაწემ ხელი მოაწერა პეტიციას ისრაელის ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან გარიცხვის მოთხოვნით. კონკურსის ორგანიზატორები ამის მიზეზს ჯერჯერობით ვერ ხედავენ.

    პეტიციის ავტორები ისრაელს ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებში ადანაშაულებენ. მათ მიაჩნიათ, რომ თუ კონკურსის ორგანიზატორი, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU), უარს იტყვის ისრაელების გარიცხვაზე, მაშინ ფინურმა მაუწყებელმა, Yle-მ უნდა ფინელი კონკურსანტი უნდა გაიწვიოს.

    პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა, კულტურის აქტივისტმა ლუკას კორპელაინენმა გაზეთ Hufvudstadsbladet-ს განუცხადა, რომ ევროვიზიის ორგანიზატორებმა არ უნდა მისცენ ისრაელს საშუალება კონკურსში მონაწილეობით „გაისუფთაოს თავისი იმიჯი“.

    ავტორები მაუწყებელს Yle-ს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ იმ მოტივით, რომ მისმა წარმომადგენლებმა პირველებმა მოითხოვეს რუსეთის გარიცხვა ევროვიზიიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

    Yle-ის მენეჯმენტის წევრმა ვილ უილენმა  რუსეთის უკრაინაში  შეჭრიდან მეორე დღეს თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებებს, რომლებსაც Yle და ევროპის სხვა მაუწყებლები წარმოადგენენ და ამიტომ რუსი მონაწილეები არ უნდა დაუშვან კონკურსში.

    ახლა ვილენი ამბობს, რომ რუსეთისა და ისრაელის ერთ დონეზე დაყენება შეუძლებელია.

    „რაც არ უნდა საშინელი იყოს [ღაზას მოვლენები], ეს არ არის აგრესიული ომი სახელმწიფოებს შორის, როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის“, განუცხადა მან გაზეთ „ილტა სანომატს“ რამდენიმე ხნის წინ.

    პეტიციასთან დაკავშირებით, Yle-ს სპიკერმა ჯერე ნურმინენმა განუცხადა გაზეთ Hufvudstadsbladet-ს, რომ კომპანია აკვირდებოდა სიტუაციას და განიხილავდა მას EBU-სთან და ევროპის სხვა საზოგადოებრივ მაუწყებლებთან. გარდა ამისა, მისი თქმით, Yle-ს მენეჯმენტი პეტიციის ავტორებთან შეხვედრას აპირებს.

    ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დეკემბერში განაცხადა, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მართავენ მაუწყებლები და არა მთავრობები და რომ ისრაელის კომპანია აკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობის ყველა მოთხოვნას.

    წლევანდელი ევროვიზია მაისის დასაწყისში შვედეთის ქალაქ მალმოში გაიმართება.

    კონკურსზე ბრიტანეთს პოპ მომღერალი ოლი ალექსანდრე წარადგენს , რომელიც ასევე გამოვიდა  ისრაელის წინააღმდეგ და  მხარი დაუჭირა განცხადებას, რომელიც ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელმა უპასუხა, რომ მსგავსი ბრალდებები აბსურდულია ისინი,  ვინც განცხადებას მოაწერეს ხელი, მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

    დეკემბერში ისლანდიის კომპოზიტორთა და სიმღერის ავტორ პოეტთა ასოციაცია  ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოიკოტისკენ  მოწოდებით გამოვიდა იმ დრომდე, სანამ ისრაელს კონკურსიდან არ მოხსნიან.

    ღაზას სექტორში სამთვიანი ომის დროს, ჰამასის ჯგუფის მიერ კონტროლირებადი ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

    ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰამასმა და სხვა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა 7 ოქტომბერს ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს  ისრაელის კიბუციებსა  და ქალაქებზე ღაზას სექტორის მახლობლად, მოკლეს  დაახლოებით 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა და მძევლად აიყვანეს 240-მდე ადამიანი.