Category: კავკასია

  • ხულიო ეგლესიასი დომინიკის რესპუბლიკაში აეროპორტში დააკავეს

    80 წლის მომღერალი ხულიო იგლესიასი დომინიკის რესპუბლიკის აეროპორტში საკვების ჩემოდნით დააკავეს, იუწყება Dominican Today.

    მომღერალს, რომელიც აქ ბაჰამის კუნძულებიდან ჩაფრინდა, მებაჟეებმა 40 კგ-ზე მეტი საკვები, მათ შორის ხორცი, კენკრა, ბოსტნეული და ხილი აღმოუჩინეს. სანიტარული რეგულაციები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დომინიკის რესპუბლიკაში, კრძალავს ასეთი საქონლის იმპორტს კერძო პირების მიერ. შედეგად, იგლესიასი რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავეს, მოგვიანებით კი ჩემოდნის შიგთავსი ამოიღეს. მომღერლის დაკავება საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე პირველად არ მომხდარა.

    ხულიო იგლესიასი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანურენოვანი შემსრულებელია. მისი დისკოგრაფია მოიცავს ათეულობით ალბომს. ის მრავალი ჯილდოს, მათ შორის გრემის მფლობელია და ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი ვარსკვლავიც არსებობს. 

  • დანიას ახალი მეფე ყავს–ტახტზე ავიდა მეფე ფრედერიკ X-ე

    ათეულათასობით დანი შეიკრიბა კოპენჰაგენში, სამეფო სასახლესთან, დანიის მეფე ფრედერიკ X-ის მეფობის დასაწყისის აღსანიშნავად.

    დანიის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა კრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან ფრედერიკი დანიის, გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების მეფედ გამოაცხადა და სამჯერ თქვა ფრაზა “გაუმარჯოს მეფე ფრედერიკ მეათეს!”

    იმავე აივნიდან ფრედერიკმა პირველი სიტყვა წარმოთქვა და ხალხს მიმართა:

    „იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი დღის გამაერთიანებელი მეფე გავხდები. ეს არის ამოცანა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვასრულებ. ეს არის ამოცანა, რომელსაც სიამაყით, პატივისცემით და სიხარულით ვიღებ“.

    მის სიტყვებს გულშემატკივართა ოვაციები მოჰყვა. პოლიციის ინფორმაციით, კოპენჰაგენის ცენტრში 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

    მეფე ფრედერიკი, როგორც ჩანს, გულწრფელად გაოცებული იყო კოპენჰაგენში ხალხის სიმრავლით  და რეაქციით და ცრემლიც კი წამოუვიდა

    მეფემ ასევე მადლობა გადაუხადა დედას, დედოფალ მარგრეტე II-ს და თქვა, რომ ის ყოველთვის დარჩება გამოჩენილ მმართველად.

    დედოფალი მარგარეტე

    მარგრეტე II-მ მოულოდნელად გამოაცხადა ტახტიდან გადადგომის შესახებ ერისადმი საახალწლო სატელევიზიო მიმართვის დროს.

    ტახტიდან გადადგომის ოფიციალური ცერემონია კვირას გაიმართა, რის შემდეგაც მისი ვაჟი ავტომატურად გახდა მეფე. დანიაში კორონაციის ცერემონია არ ტარდება.

    ახალი მეფის აივანზე გამოსვლის შემდეგ, მას  ცოლი, დედოფალი კონსორტ მერი და მათი შვილები, პრინცი კრისტიანი, პრინცესა იზაბელა, პრინცი ვინსენტი და პრინცესა ჟოზეფინა, შეუერთდნენ.

  • კატეგორიულად არ ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან გაქცევას, მითუმეტეს, არაფერი არასწორი არ გამიკეთებია–ნატა ფერაძე

    სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც, სამების საკათედრო ტაძარში, მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ რადიკალური დაჯგუფებების მუქარის ობიექტი გახდა,  ამბობს, რომ  საფრთხის მიუხედავად, საქართველოს დატოვებას არ გეგმავს.

    “დიდი მადლობა ყველას ზრუნვისთვის და შეთავაზებებისთვის, უბრალოდ გუშინდლიდან ვფიქრობ და რაც ზუსტად გადავწყვიტე, კატეგორიულად არ ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან გაქცევას, მითუმეტეს, არაფერი არასწორი არ გამიკეთებია და “შეურაჯღობა” არა რწმენას, არამედ ტირანს მივაყენე და არაერთი მორწმუნე მიხდის ამაზე მადლობას.

    სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ საქციელზე და არაფერს ვნანობ, იგივეს ვიზამდი.
    დროა სტალინის მსხვერპლთა მემორიალზე და კონკორდატის გაუქმებაზე ვიფიქროთ (ეს 2 რომ ერთად არ გამოდის, ამას, ალბათ მიხვდით)

    ჭავჭავაძის სახლმუზეუმს კითხეთ, სტალინის პორტრეტი რომ აქვთ, ზეთი/ტილო და ილია მეორის იქ ჩასვლისას რომ უკიდებდნენ ხოლმე. ამიტომ იმაშიც ეჭვი მეპარება, მატრონას ხატზე სტალინი წაშალონ.

    დანარჩენი – ვნახოთ, რა და როგორ იქნება, აქ ვარ“– წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში.

    13 იანვარს, პრორუსული, რადიკალური ჯგუფის – „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ, ნატა ფერაძისა და მისი მომხრეების მისამართით მუქარის შემცველი არაერთი განცხადება გაკეთდა.

    აქციის ორგანიზატორებმა და მათმა მომხრეებმა აქტივისტის სისხლის სამართლის წესით დასჯა მოითხოვეს და მიმართეს სახელმწიფოს, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ შესრულდება – „სამართალს თავად აღასრულებენ“.

    მანამდე ალტინფოს დაჯგუფებამ ნატა ფერაძის სახლთან აქცია გამართა. პოლიციამ მათ სახლთან მიახლოებს უფლება არ მისცა.

  • ვულოცავთ ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს-აშშ–ს საელჩო

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დროშის დღეს ულოცავს.

    “ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს!”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

    საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.

  • ელტონ ჯონი 10 მილიონი დოლარის ღირებულების პერსონალურ ნივთებს აუქციონზე გაიტანს – Bloomberg

    ბრიტანელი როკ-მუსიკოსი ელტონ ჯონი კრისტის აუქციონზე 10 მილიონი დოლარის ღირებულების მხატვრული ფოტოსურათების, ანტიკვარიატისა და ხელოვნების საგნების კოლექციას გაიტანს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

    როგორც სააგენტომ შეიტყო, 2023 წელს ატლანტაში საკუთარი სახლის გაყიდვის შემდეგ პოპ-ვარსკვლავმა მისი მთელი შიგთავსის  აუქციონის გზით გაყიდვა გადაწყვიტა. ჯერჯერობით, ნიუ-იორკში რვა სხვადასხვა  აუქციონზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 900 ლოტი, რომელთა ღირებულება 10 მილიონ დოლარზე მეტია.

    „ლოტები მოიცავს ყველაფერს მომღერლის 1970-იანი წლების პლატფორმის ვერცხლის  ჩექმებიდან  დაწყებული,(5000$-დან 10000$-მდე) დამთავრებული 1990 წლის Bentley-ის ორკარიანი კაბრიოლეტით ($25000-დან $35000-მდე)“ – აღნიშნავს Bloomberg.

    სააგენტოს ცნობით, აუქციონის მნიშვნელოვან ნაწილს მომღერლის კოლექციიდან განსაცვიფრებელი პერსონალური ნივთები დაიკავებს. მათ შორისაა Rolex Daytona საათი 18 კარატიანი ოქროთი, ბრილიანტები და ნარინჯისფერი საფირონები ლეოპარდის ციფერბლატით და სამაჯურით (40-60 ათასი დოლარი); Yamaha-ს ფორტეპიანო, რომელიც იდგა ელტონ ჯონის მისაღებში ($30-50 ათასი), ისევე როგორც სხვადასხვა ნივთები, რომლებიც სიმბოლურად განასახიერებს მომღერალს.

    აუქციონის მთავარი კომპონენტი იქნება 360 ფოტო სხვადასხვა თემაზე  ელტონ ჯონის დიდი კოლექციიდან ,  რომელიც  სოციალურ საკითხებს ეძღვნება.

    იმის გათვალისწინებით, რომ ელტონ ჯონის აუქციონი ლონდონის Sotheby’s-ში ფრედი მერკურის ქონების ძალიან წარმატებული გაყიდვის შემდეგ იმართება,  ექსპერტები უკვე ემზადებიან ამ ორი აუქციონის შედარებისთვის. თუმცა, დარიუს ჰიმსი, Christie’s-ის ფოტოგრაფიის საერთაშორისო განყოფილების  ხელმძღვანელი, გვაფრთხილებს, რომ გარკვეული გადაკვეთის მიუხედავად, ეს ორი გაყიდვები ძალიან განსხვავებულია.

    “ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ ეს იყო (მერკური. – რედ.) მშვენიერი ხელოვანის ქონების გაყიდვა, რომელიც გარდაიცვალა. გარკვეულწილად, ეს იყო ბოლო გზა დიდი ადამიანის განდიდებისა. ჯონის აუქციონები, პირიქით, გამიზნულია იმისთვის, რომ დაეხმარონ მას სახლის გაყიდვის შემდეგ მისი შიგთავსის გასუფთავებაში“, – ხაზს უსვამს ექსპერტი.

    აუქციონის რვავე ეტაპი 21-დან 23 თებერვლამდეა დაგეგმილი.

  • დიდთოვლობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვებია. როდის მოიმატებს ტემპერატურა ქვეყანაში

    ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო,საქართველოს  გზებზე შეზღუდვები მოქმედებებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული ნამქერისა და ლიპყინულის გამო, ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ამავე მონაკვეთზე სხვა ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგენილია.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ასევე, მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს ხაშური-აწყურის საავტომობილო გზაზეც.

    საქართველოში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ დღეიდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი ქარბუქი და გზებზე ლიპყინული. 14 და 15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 15 იანვრიდან კი სინოპტიკოსები უნალექო ამინდს და ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.

  • “პოლონელისთვის ჰიტლერი და სტალინი ერთი და იგივეა…ჩვენთვის ეს ისეთი მოულოდნელი და უსიამოვნო იყო“–პოლონეთის ელჩი მატრონას ხატზე და სტალინისადმი ქართველების დამოკიდებულებაზე

    საქართველოში პოლონეთის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას პასუხი მოსთხოვა სტალინთან დაკავშირებული განცხადების გამო. მარიუშ მაშკევიჩმა ონლაინგამოცემა Sova.News-თან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა საქართველოში სტალინიზმზე და სტალინთან დამოკიდებულებაზე.  ჟურნალისტის კითხვაზე, მან უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება მისთვის ადგილის მიჩენას ცდილობდა განცხადების შემდეგ, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ერთ–ერთ კონფერენციაზე გააკეთა და საქართველოს ხელისუფლებას სტალინის მუზეუმის დახურვა ურჩია.

    “ეს იყო კონფერენცია, რომელიც რონდელის ფონდმა დააორგანიზა და სადაც მე მიმიწვიეს. ეს იყო უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე. მე ვთქვი, რომ რასაც პუტინი აკეთებს უკრაინაში, ეს არის სტალინიზმის მემკვიდრეობა. მაშინ მოვუწოდე მთავრობას ძალიან დელიკატურად, რომ თუ არ შეგიძლიათ სანქციებს შეუერთდეთ, რამე სიმბოლური ჟესტი მაინც გააკეთეთ. მაგალითად სტალინის მუზეუმის დახურვა. მე არ მეგონა, თუ ეს ასეთ ძლიერ მღელვარებას, ძლიერ რეაქციას გამოიწვევდა. წარმოიდგინეთ, ელექტრონული ფოსტით წერილებს ვიღებდი, რომ მშვიდად ვერ ვივლიდი თბილისის ქუჩებში, რომ ვაწყენინე დიდ ქართველ გმირს. ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრი გმირი გყავთ ისტორიაში, რომლებითაც ქართველებმა შეგიძლიათ იამაყოთ, მაგრამ სტალინი  არ არის ის ადამიანი .

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ჩემთვის ადგილის მიჩენას, მაგრამ მე ძალიან უხეში სიტყვა ვთქვი… ვუთხარი, მე ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. გესმით, კატინში ასევე დაიღუპნენ პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრები, ეს არის პრობლემა, რომელიც არანაირ დისკუსიას არ ექვემდებარება.

    ეს არ არის რელიგიური გრძნობების ან ემოციების პრობლემა. ის რომ მე ვეხები რაღაც დელიკატურს, ვიღაცას შეურაცხყოფას ვაყენებ… ეს უბრალოდ ობიექტური სიმართლეა. ის უნდა მიიღო. შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ რთულია, მაგრამ ეს უნდა მიიღო, როგორც დიაგნოზი დაავადების დროს“. – თქვა ელჩმა

    შეკითხვაზე, გამოიძახეს თუ არა ის ამის გამო  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  ელჩმა უპასუხა, რომ დეტალებს არ დააზუსტებს და  ეს იყო არაოფიციალური შენიშვნა.

    “ მე მაშინ ძალიან დელიკატურად, მაგრამ გავუშვი… ცხადია, როგორც პოლონეთის წარმომადგენელს, არ შემიძლია სხვანაირად რეაგირება“.– თქვა ელჩმა.

    ვრცელ ინტერვიუში პოლონეთის ელჩმა ისაუბრა მისი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებაზე სტალინის მიმართ და იმ გაოცებაზე, რომელიც სტალინის მიმართ ქართველების დამოკიდებულებამ გამოიწვია საქართველოში დიპლომატიური სამსახურის დაწყების შემდეგ.

    “ როცა საქარველოში ელჩად მუშაობა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ სტალინის მიმართ ქართველებში სენტიმენტებია შემორჩენილი, მის გამო სიამაყის გრძნობა,  ნოსტალგიის გრძნობა, ბევრი ისეთი ელემენტი, რომლებიც გარკვეულ ემოციებს ეფუძნება, ალბათ ნაციონალურ ემოციებს. ძალიან გაოცებული დავრჩი, რადგან პოლონეთში ყოველთვის ითვლებოდა, რომ ქართველები ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან , არადა თურმე არსებობს საკითხები, რომლებსაც სრულიად განსხვავებულად ვუყურებთ. და ეს საკითხია სტალინი და სტალინიზმი.საშუალო პოლონელისთვის ჰიტლერი და სტალინი ერთი და იგივეა.

    სამებაში მატრონას ხატთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ჩვენ ფეისბუქზე დავდეთ პოსტი , უბრალოდ ინფორმაცია, იმის შესახებ, რა მსხვერპლი მოჰყვა სტალინურ რეპრესიებს უშუალოდ პოლონეთში, სხვა ქვეყნების და თავად საბჭოთა კავშირის მონაცემები არ დაგვითვლია. მილიონნახევარზე მეტი ადამიანი დაზარალდა გადასახლებებით, რეპრესიებით, ციხეებით, სადაც ადამიაანები ცხოვრებას კარგავდნენ, ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს, ჯანმრთელობას და ყველაფერს.

    ზუსტი მონაცემები, 1945 წლის შემდეგ რამდენი ადამიანი მოკლა სტალინის რეჟიმმა პოლონეთში არ გვაქვს, თუმცა მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურება რაც შეგვიძლია, ეს არის 150 000 მოკლული ადამიანი. ჩვენ დავდეთ ეს ინფორმაცია ქართულ სივრცეში, რომ გვეჩვენებინა, რატომ არის ეს საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არ შეგვიძლია გვერდით მშვიდად ჩავუაროთ, თითქოს ეს არის რაღაც ფოლკლორული მოვლენა. ეს უფრო ღრმა პრობლემაა.“– ამბობს ელჩი.

    პოლონეთის ელჩი ინტერვიუში საუბრობს იმაზეც, როგორ უნდა ამოვიცნოთ სტალინიზმი თანამედროვე პოლიტიკაში. მისი თქმით, დღეს რუსეთში სტალინიზმი სახელმწიფო პოლიტიკაა:

    “ სტალინიზმში  ადამიანი მეორე პლანზე იყო.  წინ იყო სხვა მიზნები. ადვილად შეგვიძლია განვსაზღვროთ, სად არის სტალინიზმი და არ არის სტალინიზმი.  ამ ერთი ინსტრუმენტით თავისუფლად შეგვიძლია განვსაზღვროთ  რამდენი სტალინიზმია კონკრეტულ მიდგომაში ან პოლიტიკურ აზროვნებაში. თუ იქ ადამიანი არ დომინირებს და მისი ფასეულობა, ესეიგი ძალიან ახლოს ვართ სტალინიზმთან.

    ახლა რუსეთში სამწუხაროდ  სახელმწიფო პოოლიტიკაა სტალინი სპოლიტიკა, რომელშიც ადამიანი არაფრად ითვლება. პუტინი ასობით ათას ადამიანს მოსაკლავად უშვებს, უბრალოდ კლავს, იმიტომ რომ ეჩვენება, რომ  საზღვრის რომელიღაც მონაკვეთი სხვაგვარად უნდა იყოს და არა ისე, როგორც არის.“

    მარიუშ მაშკევიჩი ამბობს, რომ სამების ტაძარში სტალინის გამოსახულებიან მატრონას ხატთან დაკავშირებით ატეხილ ვნებათაღელვას  პოლონეთში ყურადღებით ადევნებენ თვალყურს და ეს საკითხი პოლონურ მედიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რადგან პოლონეთში, სადაც ქართველები ძალიან უყვართ, უკვირთ, როგორ შეიძლება აქ სტალინი ასეთი პატივცემული იყოს. კითხვაზე, სად გრძნობს საქართველოში სტალინს ყველაზე მეტად, პოლონეთის ელჩი პასუხობს:

    “მე ვფიქრობ, რომ ქართველების  ნაწილის თავში. ვკითხულობდი სოცილოლოგიურ კვლევებს, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მოსახლეობის 30 პროცენტი სტალინს კარგ ადამიანად, ეროვნულ გმირად,  თვლის, რომ მას თვლიან კარგ მაგალითად, საზღვარგარეთ წარმატების. რომ აი, ჩვენი სოფლიდან გავიდა და ასეთი გმირობა ჩაიდინა, წარმატებას მიაღწია. არა ბიზნესში, როგორც ზოგიერთბემა, მაგრამ პოლიტიკაში, ისტორია შექმნა. ეს საშინელებაა. ერთხელ ლანჩხუთში მერიასთან ჩემი დიპლომატიური მანქანით გავჩერდი, ბევრი ხალხი იყო,  ხმამაღლა ვიკითხე, სად არის თქვენთან ნოე ჟორდანიას მუზეუმი, ყველამ გაოცებულმა შემომხედა, ასეთი მუზეუმი არ გვაქვსო. ეს არ არის კარგი. ის დიდი ადამიანი იყო. მე პოლონეთიდან ვარ და ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ნოე ჟორდანიას და ვფიქრობ, რომ  ლანჩხუთში უნდა იყოს ნოე ჟორდანიას მუზეუმი, განსხვავებით გორისგან, სადაც არსებობს სტალინის მუზეუმი.

    არაერთხელ მსმენია, რომ ადამიანები სტალინის სადღეგრძელოს სვამენ. ქორწილებში, გასვენებებში, სუფრებზე. სოფლებში სტალინის ბიუსტები დგას. ეს ჩვენთვის, პოლონელებისთვის გაუგებარია, დიდი ტკივილით ვიღებ ამას, ისევე, როგორც ყველა პოლონელი.

    რაც სამებაში მოხდა, ხატთან დაკავშირებით, თითქოს სტალინი მატრონას ელაპარაკება, რაც ლეგენდაა და არასოდეს არ ყოფილა სინამდვილეში, ეს ფაქტი პოლონეთში ყველა მედიამ შეამჩნია. ყველა განიხილავს ამას. დღესაც, ყველაზე მთავარ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომ ასეთი რამ მოხდა. პოლონეთში ისეთი გაკვირვებულები არიან. პოლონეთში ძალიან გვიყვარს ქართველები, პატივს ვცემთ, ვიღებთ ჩვენთან, ბევრი ადამიანი მუშაობს პოლონეთში, და ჩვენთვის ეს ისეთი მოულოდნელი და უსიამოვნო იყო, თითქოს… რა პარალელი მოვიყვანო, თითქოს საყვარელი ადამიანი გღალატობს. ჩვენთვის გაუგებარია. პოლონეთში ასეთი რეაქცია იყო.

    ამასწინათ ბიბისიზე ვუყურებდი ათწუთიან  გადაცემას თემაზე, რატომ უყვართ ქართველებს სტალინი. ექსპერტი ცდილობდა ამის ახსნას. წარმოიდგინეთ, ბიბისი მთელ მსოფლიოში აჩვენებს და ხალხი მთელ მსოფლიოში გაოცებულია , და ეს პუტინს აწყობს, იმიტომ რომ პუტინი არაერთხელ ქირქილებდა, რომ  აი, ქართველებს სტალინი უყვართ და ისინი ჩვენიანები არიან.“– ამბობს ელჩი.

    პოლონეთის ელჩის ინტერვიუს იმ ეპიზოდს, რომელშიც ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მისთვის ადგილის მიჩენის მცდელობაზე საუბრობს, საქართველოს საგარეო უწყება ჯერ არ გამოხმაურებია.

  • ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩინეთისთვის ყველაზე მიუღებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა

    ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულად. ტაივანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უკვე მიმართა მიტინგზე საკუთარ მხარდამჭერებს, რომლებიც ფავორიტის გამარჯვებას ზეიმობენ.მმართველი დემოკრატიულ–პროგრესული პარტიის კანდიდატი, ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი, უილიამ ლაი, იგივე ლაი ცინ დე  რომელიც თავს ტაივანის დემოკრატიული წესწყობილების დამცველს უწოდებს, მთავარმა ოპოზიციონერმა მთავარმა კონკურენტმა გამარჯვებულად ჯერ კიდევ ხმების დათვლის პროცესის დასრულებამდე აღიარა, მას შემდეგ, რაც  გამოიკვეთა, რომ პირველ ადგილზე გასული კანდიდატის უპირატესობა დაუძლეველი იყო.

    მმართველი დემოკრატიულ პროგრესული პარტიის კანდიდატი, 64 წლის უილიამ ლაი საპრეზიდენტო მარათონის დაწყებიდანვე ფავორიტი იყო. ლაის უპირატესობა წინასაარჩევნო კვლევებითაც ცხადი იყო.

    ჩინეთის ხელისუფლება მას სეპარატისტს უწოდებს.

    მისი მთავარი ოპონენტი, ოპოზიციური პარტია გომინდანის კანდიდატი, ჰოუ იუი პირიქით, მატერიკულ ჩინეთთან დაახლოების მომხრეა.

    დილიდან ტაივანის საარჩევნო უბნებთან  რიგები იყო ჯერ კიდევ უბნების გახსნამდე . არჩევნებში მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა.

    ტაივანში ჩატარებულ არჩევნებს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, რადგან პეკინი კუნძულს ომით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებით ტაივანელები ჩინეთისგან ფორმალური დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოინდომებენ.

    არჩევნების წინ ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს აქტივობა ტაივანის გარშემო. ტაივანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კუნძულის გარშემო ჰაერში რვა ჩინური სამხედრო თვითმფრინავი მოძრაობს, რომელთაგან ერთმა საჰაერო სივრცე დაარღვია დილის ექვს საათზე, სამხრეთ დასავლეთის მხრიდან, საარჩევნო უბნების გახსნამდე ცოტა ხნით ადრე.

    დღევანდელ განცხადებაში თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ექვსმა ჩინურმა სამხედრო გემმა კუნძული რკალში მოაქცია.

    ტაივანის შეიარაღებული ძალები აკვირდებიან სიტუაციას. საჰაერო საბრძოლო პატრულებს, სამხედრო საზღვაო ფლოტის გემებს და სახმელეთო სარაკეტო სისტემებს დაევალათ რეაგირება მტრულ ქმედებებზე საჭიროების შემთხვევაში – ნათქვამია ტაივანის სამხედრო უწყების განცხადებაში.

    მანამდე აშშ–მ არაერთხელ განაცხადა, რომ  ჩინეთის მხრიდან ტაივანის მიმართ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში სიტუაციაში ჩაერევიან.

    ჩინეთი ტაივანს მის სეპარატისტულ პროვინციად თვლის, ტაივანი კი თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს. მას საკუთარი კონსტიტუცია, ჯარი და არჩეული მთავრობა ჰყავს.

    ტაივანის დამოუკიდებლობას რიგი სახელმწიფოებიც აღიარებენ. ამასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც და ტაივანიც თავს დიდი ჩინეთის ნაწილად თვლიან.

    ტაივანი მატერიკულ ჩინეთთან გაერთიანებას დასაშვებად თვლის, თუმცა არა ჩინეთის კომპარტიის მმართველობის ქვეშ, არამედ სტატუს ქვოს შენარჩუნების პირობით – ანუ ფორმალურად ერთად ყოფნით, ფაქტიურად კი ცალკე სახელმწიფოდ არსებობით.

    გამოკითხვების თანახმად, ტაივანელების 90%–ს არ არ უნდა ჩინეთთან დაუყოვნებლივ გაერთიანება. თუმცა, ტაივანელების უმრავლესობას არც დამოუკიდებლობის გამოცხადება უნდა, რადგან ეს ნაბიჯი ჩინეთთან გარდაუვალ ომს გამოიწვევს.

    შაბათს ბევრი ამომრჩეველი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ხმას თავისუფლებას აძლევენ.

    ამასთან, ტაივანელი სოციოლოგების თქმით, არჩევნების წინ კუნძულის მოსახლეობას უფრო მეტად ეკონომიკური პრობლემები აწუხებდა, ვიდრე ჩინეთთან ურთიერთობები.

    გამარჯვებულმა კანდიდატმა თქვა, რომ ტაივანს ძალიან უნდა დიალოგი მატერიკულ ჩინეთთან, თუ დაცული იქნება პარიტეტი. მისი განცხადებით, აპირებს სტატუსქვო შეინარჩუნოს ტაივანის ყურეში, გამოიყენოს დიალოგი კონფრონტაციის ნაცვლად და მხად არის კუნძულის დასაცავად მუქარებისა და დაშინებისგან მატერიკული ჩინეთის მხრიდან.

    ტაივანის არჩევნებს თვალს არა მხოლოდ ჩინეთის მთავრობა, არამედ რიგითი ჩინელებიც ადევნებენ. ჰეშთეგი “არჩევნები ტაივანში“ შაბათს დილით ჩინური სოციალური ქსელის, Weibo-ს ტრენდებში ლიდერობდა.

    თუმცა, ჩინური ინტერნეტ ცენზურა სწრაფად ამუშავდა და ჰეშთეგი წაშალა, რის შემდეგაც ძიებიდან არჩევნების შესახებ პოსტები პრაქტიკულად გაქრა.

    თუმცა, ძველი პოსტების კომენტირება კვლავ შესაძლებელია. კომენტატორთა დიდი ნაწილი ჩინეთის ხელისუფლების ხაზს მიყვება და ტაივანის შესაძლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგია.

    “სამშობლო ერთიანი უნდა იყოს და იქნება ერთიანი“– წერს ერთ–ერთი მომხმარებელი. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებიც.

    “რატომ არ გვაქვს ჩვენ არჩევნები. მეც მინდა ხმის მიცემა“– წერს ერთი მომხმარებელი.

    “რატომ არ გვაქვს ჩვენ აქ, მატერიკზე ასეთი მოდელი. არასოდეს მინახავს არცერთი საარჩევნო უბანი და მხოლოდ ახალი ამბებიდან ვიგებ, ვინ დანიშნეს ჩვენთან ჩინონიკებად. არც კი ვიცი, ვინ არიან“– ნათქვამია კიდევ ერთ პოსტში, რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გავრცელება მოყვა.

  • სააკაშვილის განთავისუფლებით თქვენ შეძლებთ პოლარიზაციის შემცირებას საქართველოში–ემიგრანტების მოწოდება ზურაბიშვილს

    აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში, რომელიც ონლაინ პეტიციას თან ახლავს, ნათქვამია, რომ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია და მის მიმართ შურისძიება საქართველოს პრორუსული მთავრობის ხელით ხორციელდება. განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ  რომ სააკაშვილის შეწყალებით ზურაბიშვილი საქართველოში მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

    პეტიცია სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით

    “საქართველოს მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოიყენოთ თქვენი ექსკლუზიური უფლებამოსილება, შეწყალების უფლება, და პოლიტიკური პატიმრობისაგან გაათავისუფლოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი პუტინის მიერ ისჯება იმისათვის, რომ მან 9 წლის განმავლობაში საქართველო გაათავისუფლა რუსეთის გავლენებისაგან და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მაქსიმალურად დაუახლოვა ევროკავშირის გენერალურ პოზიციას. სააკაშვილის განთავისუფლებით თქვენ შეძლებთ პოლარიზაციის შემცირებას საქართველოში, რაც ასევე არის ჩვენი ევროპელი მეგობრების და ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნა. პრეზიდენტი სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან განთავისუფლებით, თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენებთ თქვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ხელს შეუწყობთ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას.“– წერია პეტიციაში

  • “არასდროს არსად წასულა“–შეფასებები ივანიშვილის დაბრუნებაზე ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში

    „ვიმედოვნებ, ახლა, როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებასთან საჯაროდ ასოცირდება, იპოვის მეტ ინტერესს ღია, ნაკლებად ავტორიტარული პოლიტიკისადმი. მეტ დაინტერესებას იმაში, რომ საქართველო კვლავ იქცეს პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის ძლიერ მაგალითად“, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი.

    რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკაში? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მის საჯარო პოლიტიკურ საქმიანობას, საქართველოში წარმოებულ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეიძლება თუ არა, მისი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანი, შესაძლო დასავლური სანქციებისგან თავის დაცვა იყოს, როგორც ამას მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებში განიხილავენ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას, ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები და შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატები, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობენ, რომ სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილი, ქართული პოლიტიკიდან არასდროს, არსად წასულა.

    მისია – „ქართული ოცნების“ გადარჩენა?

    ანალიტიკოსთა ნაწილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის შესაძლო კლებას უკავშირებს.

    ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და უკრაინის საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის თქმით, ყოველთვის ცხადი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში როლს კულისებიდან თამაშობდა. ამის სცენის მიღმა კეთებას კი, რაიმე სახის ფორმალური როლის შესრულება სჯობს, – „გამჭვირვალობა ყველასთვის უკეთესია“, ამბობს ვოლკერი. გამოცდილ ამერიკელ დიპლომატს მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, „შესაძლოა, აჩვენებდეს მის შეშფოთებას, რომ „ქართული ოცნება“ იმდენად კარგად არ მუშაობდა, როგორც მას სურდა“.

    „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესაძლო მთავარ მოტივად განიხილავს საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი.

    „ვფიქრობ, დასავლეთში არის ზოგადი განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო პირდაპირ, აშკარად და თვალსაჩინოდ იმისთვის დაბრუნდა, რომ მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, რომლის მიმართაც საზოგადოების მხარდაჭერა შესუსტებულად აღიქმება. ბატონ ივანიშვილს, ალბათ, აღელვებს ფიქრი იმაზე, რომ თუ თავად არ შეასრულებს უფრო მნიშვნელოვან როლს, „ქართული ოცნების“ პოზიციები შესაძლოა ჩამოიშალოს“, – ამბობს, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი.

    თავად ბიძინა ივანიშვილმა, 30 დეკემბერს გამართულ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი არა არჩევნებში პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფა, არამედ „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებისგან დაცვაა“.

    „ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება, ჩემსა და გუნდს შორის, ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს“, – თქვა ივანიშვილმა.

    შესაძლო სანქციების ფაქტორი

    ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში, ძირითადად, არ იზიარებენ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკას მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ერთგვარი პრევენციის მიზნით დაუბრუნდა. „ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი ლუკ კოფი გვეუბნება, რომ მაშინაც კი, თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რაიმე სახის სანქციების დაწესება რეალური შესაძლებლობა იქნებოდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფორმალური თანამდებობა მას ამისგან დაიცავდა.

    „ვიცი, რომ ბევრი საუბარია ბატონი ივანიშვილისა და შესაძლოა, მისი გარემოცვის წინააღმდეგ, შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სანქციების თაობაზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რასაც ვაშინგტონში ვისმენ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს მხოლოდ საუბრებია. ამ თვალსაზრისით, რაიმე მოქმედებებს ვერ ვხედავ. იურისტი არ ვარ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რაიმე მნიშვნელობა აქვს იმას, ექნება თუ არა ბატონი ივანიშვილის მსგავს ხალხს ოფიციალური როლი. არ ვფიქრობ, რომ ეს ფორმალური როლი, დასავლური სანქციებისგან მას დაიცავს. თუმცა, კიდევ ერთხელ, უახლოეს მომავალში, მის მიმართ დასავლეთის სანქციების გამოყენების შესაძლებლობას ვერ ვხედავ“, – ამბობს კოფი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

    ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი ამბობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით თავად ბიძინა ივანიშვილს „ერთგვარი გაუგებრობა“ აქვს, რომ თითქოს ის უკვე ექვემდებარება გარკვეულ სანქციებს.

    „სინამდვილეში, ეს ასე არ არის. მას ჰქონდა გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით შვეიცარიულ ბანკთან, რამაც შეაფერხა ფულზე წვდომა, მაგრამ როგორც მე მესმის, ეს უკავშირდებოდა არა მის პერსონას, არამედ – მასთან ასოცირებულ სხვა პირებს, რომლებიც სანქცირებული არიან. ბანკებმა კი უკიდურესად ფრთხილად იმოქმედეს. მან, ამ პრობლემის გადასაჭრელად დიდი სასამართლო საქმეც მოიგო. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ სანქციების საკითხი [პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზეზების] ნაწილია. ვფიქრობ, ის ცდილობს „ქართული ოცნების“ განგრძობითი წარმატება უზრუნველყოს, რაც ვფიქრობ მას აშფოთებს“, – ამბობს ვოლკერი.

    პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნებული ივანიშვილი ამბობს, რომ ის „რეალურად სანქცირებულია“.

    „ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე სანქცირებული ვარ. ვისაც გიხარიათ, მე რეალურად სანქცირებული ვარ დე-ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით და უხეში გზებით, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით, მე უკვე, რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში, რეალურად, ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად სანქცირებული ვარ, ამიტომ ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, – დაასანქცირეთო. ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რომ ქვეყანას დავეხმარო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

    ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკა

    კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, გასული წლის განმავლობაში წარმოებული ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკაა. ისინი იმედოვნებენ, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ფორმალური დაბრუნება ამ ტენდენციას შეცვლის.

    „თუ ზოგიერთმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა, იქნებიან ისინი „ქართული ოცნების“ მოქმედი თუ ყოფილი წევრები, ანტიამერიკული განცხადებები შეწყვიტეს. ეს კარგია. შესაძლოა, არის კავშირი, ბატონი ივანიშვილის საჯარო ოფიციალურ პირად გახდომასა და ამგვარი რიტორიკის დასრულებას შორის. თუ ეს ასეა, ან ასე იქნება, კარგია“, – ამბობს, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ჯონ ჰერბსტი.

    კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ამგვარი რიტორიკა უკვე შეცვლილია. მისი თქმით, ამერიკისა და საქართველოს საერთო მიზანია იმაში დარწმუნება, რომ საქართველოს რუსეთზე დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს ასრულებს.

    „ვიმედოვნებ ეს შეიცვლება. ვფიქრობ, ეს უკვე შეიცვალა. ჩვენი ახალი ელჩის მიმართ ტონი უკეთესია. ზოგიერთი არასწორი რამ, რაც შეერთებულ შტატებზე ბოლო დროს ითქვა – მაგალითად ის, რომ თითქოს შეერთებული შტატები ომის “მეორე ფრონტის გახსნას” ცდილობდა და სურდა საქართველო ამ კონფლიქტში ჩაეთრია, აღარ განმეორებულა. ვფიქრობ, ამერიკამ და საქართველომ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების განხორციელების კუთხით ყველაფერს სწორად აკეთებს. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ მისი ფინანსური ინსტიტუტები შესაძლოა რაიმე სახის სანქციებს დაექვემდებაროს. იმაში დარწმუნება, რომ ეს არ მოხდება, ვფიქრობ, შეერთებული შტატებისა და საქართველოს საერთო მიზანია“, – უთხრა „ამერიკის ხმას“ ვოლკერმა.

    ლუკ კოფის უჭირს თქვას, რა შეიძლება შეცვალოს ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნებამ საქართველო-ამერიკის ან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. „რადგან ვფიქრობ, რომ კულისებიდან მისი გავლენა არასდროს გამქრალა, ვფიქრობ, ახლა ეს უბრალოდ უფრო ფორმალიზებულია“, – ამბობს კოფი.

    „ბუნდოვანი ფინანსური კავშირები რუსეთთან“

    ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეების წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში საჯაროდ დაბრუნების შესახებ ასევე ისაუბრეს 11 იანვარს, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში“ (CSIS) გამართულ დისკუსიაზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რუსეთისგან მომდინარე გამოწვევებზე იმსჯელეს.

    CSIS-ში გამართულ დისკუსიაზე, აშშ-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა, დოქტორმა ჯეფრი მანკოფმა, რომელიც ახლა CSIS-ში რუსეთის და ევრაზიის პროგრამების უფროსი მკვლევარია, ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და თქვა, რომ მას რუსეთთან „ბუნდოვანი ფინანსური კავშირები“ აქვს.

    „განვიცდი საქართველოში არსებულ მდგომარეობას. იქ ბოლოს 2022 წელს ვიყავი, მას შემდეგ ვითარება მხოლოდ გაუარესდა. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ეს დეზინფორმაციის პრობლემას სცდება. როგორც იცით, ქვეყნებში, როგორიც უნგრეთია, საქმე გვაქვს ხელისუფლების დამხმარე რგოლებთან, ან თავად ხელისუფლების ელემენტებთან, რომლებიც აქტიურად მიისწრაფვიან რუსეთთან თანამშრომლობისკენ. ვფიქრობ, ისინი ცდილობენ ამის პროევროპული, პროდასავლური საზოგადოებისთვის მიყიდვას, უკრაინის კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების საფუძველზე. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საქმე ეხება სახელმწიფოს მიტაცებას, მმართველი პარტიის მთავარი სპონსორის, ოლიგარქის ბუნდოვან ფინანსურ კავშირებს რუსეთთან, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. ასე რომ, არსებობს მოსაზრება, განცდა, რომ საქართველო დიდი ხანია ჩართულია პროდასავლურ და პრორუსულ ელემენტებს შორის მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაში. ოპოზიციაზე ზეწოლა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჩასმა და ახლა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება, გაცილებით მეტ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს, ერთგვარად, უკან, რუსეთის გავლენის სფეროში ექაჩებიან მაშინ, როცა მსგავს დინამიკას სხვა ქვეყნებშიც ვხედავთ“, – თქვა მანკოფმა.

    CSIS-ის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორმა, მაქს ბერგმანმა თქვა, რომ „საქართველოში ერთგვარი შემობრუნება უფრო მოსკოვისკენაა, ვიდრე დასავლეთისკენ“.

    „როგორც ჩანს, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ერთი მხრივ, როდესაც მთავრობა „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებას ცდილობდა, ევროპული მომავლის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის რეალური მოზღვავება ვიხილეთ. ჩვენ ვნახეთ მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები ქუჩებში, ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, მაგრამ ასევე ვიხილეთ აშშ-ის ელჩის შევიწროება. საქართველოში, ერთგვარი შემობრუნება უფრო მეტად მოსკოვისკენაა, ვიდრე დასავლეთისკენ“, – განაცხადა CSIS-ში, 11 იანვარს გამართულ დისკუსიაზე, ბერგმანმა.

    ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნების შესახებ განცხადება 2023 წლის 30 დეკემბერს, მმართველის პარტიის ყრილობაზე გააკეთა.

    წყარო: ამერიკის ხმა