ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახური აცხადებს, რომ კვირას მას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაურეკა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ ასეთი საუბარი შედგა, სააგენტო AFP-ის წყაროები იუწყებიან, რომ მაკრონმა ლუკაშენკოს მართლაც დაურეკა.
ლუკაშენკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარი „ფრანგული მხარის ინიციატივით“ გაიმართა და ლიდერებმა „რეგიონული პრობლემები და ბელარუსის ურთიერთობები ევროკავშირთან და, კერძოდ, საფრანგეთთან“ განიხილეს.
თუმცა AFP-ის წყარომ, რომელსაც სააგენტო „მაკრონთან დაახლოებულ წყაროდ“ მოიხსენიებს, განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ლუკაშენკოს მოუწოდა, „არ ჩაერიოს მოსკოვის ომში უკრაინის წინააღმდეგ“.
სააგენტოს წყაროს ცნობით, მაკრონმა „ხაზი გაუსვა იმ რისკებს, რომლებიც ბელარუსს დაემუქრება, თუ ის თავს რუსეთის აგრესიულ ომში უკრაინის წინააღმდეგ ჩათრევის საშუალებას მისცემს“. წყაროს თქმითვე, „მან ასევე მოუწოდა ალექსანდრ ლუკაშენკოს, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ბელარუსსა და ევროპას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად“.
ეს მაკრონისა და ლუკაშენკოს პირველი საუბარია 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც საფრანგეთის ლიდერმა ბელარუსის ლიდერს ორჯერ დაურეკა — უშუალოდ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე და მის შემდეგ მალევე.
ბოლო კვირებში კიევი აფრთხილებს ყველას, რომ რუსეთი შესაძლოა ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმებისთვის ემზადებოდეს.
ახლახან მოსკოვმა და მინსკმა ასევე ჩაატარეს ერთობლივი სწავლებები ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებაზე.
2023 წლიდან რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ათავსებს. შეფასებების მიხედვით, ქვეყანაში ათობით ბირთვული ქობინია განთავსებული. გარდა ამისა, ბელარუსში იმყოფება რუსული საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსები „ორეშნიკი“, რომლებსაც ბირთვული მუხტის ტარება შეუძლიათ.
