Tag: ჯანმრთელობა და მედიცინა

  • როგორ განვასხვავოთ გრიპი,  ალერგია და  კორონავირუსი? – იმუნოლოგის რჩევები

    როგორ განვასხვავოთ გრიპი, ალერგია და კორონავირუსი? – იმუნოლოგის რჩევები

    რა ძირთადი სიმპტომებით ვლინდება კორონავირუსული ინფექცია, ჰგავს თუ არა ის გრიპს ან ალერგიას – ამ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია გოთუამ ისაუბრა.

    „მე, როგორც ალერგოლოგი,  ვცდილოდ ვისაუბრო ჩემი თვალსაწიერიდან. ახლა საქართელოში არის მცენარეთა ყვავილობის პერიოდი და პაციენტებს, რომელთაც აქვთ პოლინოზი, ანუ მცენარეული ალერგია, აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა ჰქონდეთ კატარალური მოვლენები, თვალების ქავილი, სურდო, ცემინება. ეს კი ერთის მხრივ, ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ვირუსულ ინეფექციას. მეორეს მხრივ, კატარალური მოვლენები შეიძლება  ახლდეს კორონავირუსულ ინფექციასაც. საქართველოს მოსახლება ახლა არის სახლში, ამიტომ ადამიანები იშვიათად გამოდიან გარეთ, მაგრამ თუ მაინც მოხდა კონტაქტი გარემოსთან, იწყება სიმპტომები, სურდო და ცემინება. ვირუსული ინფექცია კი, ადამიანს მთელი დღის მანძილზე აქვს და ის ალერგიაში ვერ აგვერევა.

    ვირუსული ინფექცია, მაგალითად გრიპი, იწყება უეცრად, მაშინ როდესაც კორონავირუსული ინფექცია იწყება თანდათანობით, ამიტომ ძალიან ძნელია თავიდან  მიხვდეთ, რომ ეს სწორედ ის ინფექციაა. გრიპი უეცარი და სწრაფია, ხოლო კორონავირუსული ინფექცია, თანმიმდევრობითი.

    კორონავირუსული ინფექციის მთავარი ნიშანი არის ცხელება, ამიტომ დღეს ყველგან, პირველ რიგში ხდება ტემპერატურის შემოწმება. ასევე ხშირი სიმპტომია ხველა, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი, იშვიათად სველი. ცხელებაც და ხველაც შეიძლება ასევე იყოს გამოხატული გრიპის დროს, მაგრამ ამ დროს დასაწყისი არის უეცარი, რაც მას უფო ალერგიასთან აახლოვებს, მაგრამ კორონავირუსული ინფექციის დროს, კატარალური მოვლენები ურო იშვიათია.

    ახლა დავუბრუნდები ალერგიას, რადგან ჩვენ ვაკეთებთ დიფერენციალურ ანალიზს, როდის არის ალერგია, გრიპი და ახალი კორონავირუსი. ალერგიის დროს, პირველი ეს არის კონტაქტი მცენარეებთან. წვიმიან ამინდში ადამიანს სურდო, ცემინება არ აქვს, ამ დროს ილექება მცენარეული მტვრის ნაწილაკები და შესაძლოა პაციენტს არც ჰქონდეს სიმპტომები, თუ მას გარე სამყაროსთან გამოხატული კონტაქტი არ ჰქონია. გრიპსა და ალერგიას კატარალური სიმტომები ახასიათებს, მაგრამ ალერგის შემთხვევაში ისინი კარგად ემორჩილება ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა კარგია. მაშინ, როდესა გრიპის ან კორონავირუსული ინფექციის შემთხვევაში, მას შეიძლება ჰქონდეს ინტოქსიკაციის ნიშნები. აქ მნიშვნელოვანია ასაკიც.  ატოპია ანუ ალერგისაადმი მიდრეკილება, უფრო ხშირია შუა ასაკში. ეს არ გამორიცხავს, რომ  ადამიანს ეს სიმპტომები სხვა ასაკშიც ჰქონდეს გამოხატული. გრიპი კი ნიბისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.

    უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ჩვენ სადიფერენციო სიმპტომებზე ვსაუბრობთ, ეს ყოველთვის არის მეტნაკლები, რადგან მკაცრი ხაზით ამის თქმა, რთულია.”

  • Covid-19  ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში მზად იქნება

    Covid-19 ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში მზად იქნება

    ფარმაკოლოგიური გიგანტი “ჯონსონი და ჯონსონი” აცხადებს, რომ კომპანიის მიერ შემუშავებული ექსპერიმენტალური ვაქცინის გამოცდა სექტემბერში დაიწყება და საგანგებო სიტუაციაში გამოსაყენებლად 2021 წლის დასაწყისში იქნება მზად.

    კომპანიის განცხადებით, ვაქცინის შემუშავებასა და ტესტირებაზე ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტთან ერთად ერთი მილიარდი დოლარი გამოყო. თუ ადამიანებში ვაქცინის ტესტირება წარმატებით ჩაივლის, კომპანია მომავალი წლისთვის 1 მილიარდ დოზაზე მეტი ვაქცინის წარმოებას გეგმავს.

    კომპანია ასევე დასძენს, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად 2021 წელის დასაწყისში იქნება მზად.

    კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ალექს გორსკიმ ტელეკომპანია “ენ-ბი-სის” უთხრა, რომ შემუშავებული აქვთ “კანდიდატი, რომელიც მაღალი ალბათობით წარმატებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.”

    გორსკის განცხადებით, კომპანია ვაქცინას “მოგების მიღების მიზნით” არ იმუშავებს. თუმცა შეკითხვაზე, თუ რა დაუჯდებათ ადამიანებს ვაქცინა, მან პროგნოზის გაკეთებისვგან თავი შეიკავა.

  • რა გვეკრძალება და რისი უფლება გვაქვს საყოველთაო კარანტინის პირობებში

    რა გვეკრძალება და რისი უფლება გვაქვს საყოველთაო კარანტინის პირობებში

    საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

    ხვალ, 31 მარტის 21 საათიდან დილის 6 საათამდე ყოველგვარი გადაადგილება აიკრძალა.როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, შეზღუდვა ეხება, როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით.

     რისი უფლება გვაქვს და რა გვეკრძალება საყოველთაო კარანტინის პერიოდში 

    ·        სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის.

    ·        დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

    ·        ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

    ·        იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.

    ·        ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

    ·        აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

    ·        იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და  ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

    ·        ყველაზე მნიშვნელოვანი – საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

    ·        პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

    ·        ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი – ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

  • არასწორად გამოყენების შემთხვევაში ხელთათმანი შესაძლოა ინფიცირების წყარო გახდეს – როგორ გამოვიყენოთ სწორად

    არასწორად გამოყენების შემთხვევაში ხელთათმანი შესაძლოა ინფიცირების წყარო გახდეს – როგორ გამოვიყენოთ სწორად

    კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოსახლეობა სამედიცინო ხელთათმანს და პირბადეს აქტიურად იყენებს. თუმცა  არასწორი გამოყენების შედეგად შესაძლოა ისინი ინფიცირების წყაროც კი გახდნენ. მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, ექი­მი-პე­დი­ატ­რი თა­მარ ობ­გა­ი­ძე ლა­ტექ­სის და ზო­გა­დად ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს მოსახლეობას.

    “როცა უხი­ლა­ვი მტე­რი გი­ტევს, რო­მე­ლიც არ ჩანს, მაგ­რამ იცი, რომ წვე­თე­ბით ვრცელ­დე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი ზე­და­პი­რი შე­იძ­ლე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს, ბუ­ნებ­რი­ვია, გიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, რო­გორ­მე და­იც­ვა თავი ზე­და­პი­რებ­ზე შე­ხე­ბი­სა­გან.

    ამი­ტომ სუ­ლაც არ მიკ­ვირს, რომ სულ უფრო ხში­რად მხვდე­ბი­ან ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ფე­რად-ფე­რა­დი ლა­ტექ­სის ხელ­თათ­მა­ნე­ბით. გვი­ცავს თუ არა ის?

    დიახ, თუ თქვენ გაც­ვი­ათ ხელ­თათ­მა­ნი, ზე­და­პი­რებ­ზე შე­ხე­ბი­სას თქვენს კან­ზე ნამ­დვი­ლად ვერ მოხ­ვდე­ბა ვერც კო­რო­ნა­ვირუ­სი და ვერც სხვა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი და ეს და­ცუ­ლო­ბის ბედ­ნი­ერ შეგ­რძნე­ბას გაძ­ლევთ.

    მაგ­რამ, თუ ასე შე­ფუ­თუ­ლი ხე­ლე­ბით, ეხე­ბით ფულს, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, რო­მე­ლიც სა­უბ­რი­სას ახ­ლოს გაქვთ სა­ხეს­თან, ხელ­თათ­მა­ნი­ა­ნი ხე­ლე­ბით ეხე­ბით ბან­კო­მა­ტებს, სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტებს და შემ­დეგ ის­წო­რებთ თმას, მი­გაქვთ ხელი სა­ხეს­თან, ეხე­ბით მას, იკე­თებთ და იხ­სნით სათ­ვა­ლეს, თქვენ ქმნით და­მა­ტე­ბით რისკს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ხელ­თათ­მა­ნე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის.

    ასე, რომ თუ იყე­ნებთ ლა­ტექ­სის ხელ­თათ­მანს, გა­მო­ი­ყე­ნეთ ის სწო­რად – გა­ი­კე­თეთ ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტი­სას, მისი მოვ­ლი­სას, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეს­ვლი­სას, აფ­თი­ა­ქებ­ში, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ნივ­თებ­თან და ზე­და­პი­რებ­თან შე­ხე­ბი­სას. შემ­დეგ ხელ­თათ­მა­ნი უნდა გა­და­აგ­დოთ ან შე­ი­ნა­ხოთ გა­რე­ცხვამ­დე და დე­ზინ­ფექ­ტან­ტით და­მუ­შა­ვე­ბამ­დე.

    იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მა­ინც გირ­ჩევ­ნი­ათ მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე გე­კე­თოთ ხელ­თათ­მა­ნი, სრულ­ყო­ფი­ლად უნდა აკონ­ტრო­ლოთ სა­კუ­თა­რი თავი, რომ თქვე­ნი ხელი არ მოხ­ვდეს სა­ხეს­თან. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ლა­ტექ­სის ხელ­თათ­მა­ნი დაც­ვის ნაც­ვლად საფრ­თხის რისკს გა­გიზ­რდით.

    და ბო­ლოს, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ! ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას!” – განაცხადა  თა­მარ ობ­გა­ი­ძემ.

  • მოკლავს თუ არა კორონავირუსს ზაფხულის სიცხე–რა მონაცემები არსებობს ამ დროისთვის

    მოკლავს თუ არა კორონავირუსს ზაფხულის სიცხე–რა მონაცემები არსებობს ამ დროისთვის

    ბევრი ინფექციური დაავადება თავდაპირველი აფეთქების შემდეგ თანდათანობით ცხრება – წელიწადის დროის მიხედვით. გრიპი როგორც წესი ზამთრის ცივ თვეებში აქტიურობს, ზოგი ინფექცია, მაგალითად ტიფი ზაფხულში ვრცელდება. წითელას დაავადებების შემთხვევები ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში ზაფხულობით იკლებს, ტროპიკულ რეგიონებში კი მკვეთრად იზრდება ცხელ სეზონებზე.

    ასე რომ, არაფერია გასაკვირი იმაში, თუ ბევრი სვამს კითხვას – უნდა ველოდოთ თუ არა Covid19–ის შემთხვევაში ასეთ სეზონურობას.

    მას შემდეგ, რაც დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვირუსმა ჩინეთში სწრაფად გავრცელება დაიწყო და ქვეყნის საზღვრებიც გადაკვეთა, ევროპასა და აშშ–ში დაავადებულთა რიცხვი ყოვლდღიურად იზრდება.

    ზოგიერთი ყველაზე სერიოზული აფეთქება ისეთ რეგიონებში მოხდა, სადაც შედარებით ცივი ამინდია, რის გამოც გაჩნდა იმედი, რომ პანდემია ზაფხულის დადგომასთან ერთად შესუსტდება. თუმცა ბევრი ექსპერტი გვაფრთხილებს: ნუ დავამყარებთ მეტისმეტად დიდ იმედს იმაზე, რომ ვირუსს ტემპერატურა მოკლავს.

    ასეთ სიფრთხილეს საფუძველი აქვს. ვირუს  SARS-CoV-2, რომელიც  COVID-19–ს იწვევს მკვლევარებისთვის მეტისმეტად ახალია. მეცნიერებს ჯერჯერობით უბრალოდ არ აქვსთ მონაცემები, სტატისტიკური მტკიცებულებები, რომ მისი აქტივობა სეზონურად შეიცვლება.

    ამ ვირუსის მსგავსი SARS–ის ვირუსი 2003 წელს მალევე ალაგმეს, ამიტომაც ამ შემთხვევაში ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, როგორ იმოქმედებდა მასზე წელიწადის სხვადასხვა დროები.

    თუმცა სხვა კორონავირუსებთან ბრძოლის მონაცემები გარკვეული ვარაუდების საფუძველს გვაძლევს იმის მისახვედრად, გახდება თუ არა ბოლო–ბოლო Covid19 სეზონური დაავადება.

    10 წლის წინ, ედინბურგის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ცენტრის მკვლევარის, კეიტ ტემპლტონის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის სამმა ტიპმა “შესამჩნევი სეზონური ხასიათი“ აჩვენა და ისინი ცივ თვეებში ვრცელდებოდა – დეკემბრიდან აპრილამდე, ანუ ზუსტად ისე, როგორც გრიპი. მეოთხე კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტების ორგანიზმში პოულობდნენხოლმე, ბევრად უფრო არაპროგნოზირებადად იქცეოდა.

    უკვე არსებობს გარკვეული მონაცემები, რომ COVID-19–ის ვირუსსაც ცივი და მშრალი პირობები ურჩევნია.

    ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ანალიტიკურ ნაშრომში, კორონავირუსის გავრცელების არეალად ქცეული მსოფლიოს 500 რაიონის კლიმატური პირობებია შედარებული. ანალიზი გვიჩვენებს, რომ სავარაუდოდ არსებობს კავშირი ვირუსის გავრცელებას, გარემოს ტემპერატურას, ქარის სიჩქარესა და ტენიანობის დონეს შორის.

    კიდევ ერთ ჯერჯერობით გამოუქვეყნებელ კვლევაში საუბარია იმაზე, რომ უფრო მაღალ ტემპერატურებზე COVID-19–ის შემთხვევები ნაკლებია.

    კიდევ ერთი კვლევის ავტორები, რომელიც ასევე ჯერ არ გამოქვეყნებულა პროგნოზირებენ, რომ კონტინენტური კლიმატის მქონე რეგიონები, სადაც ზამთარში ცივა და ზაფხულში ცხელა, ვირუსის გავრცელებისთვის უფრო ხელსაყრელი ადგილებია. მეორე ადგილზე საფრთხის შემცველ რეგიონებში ისეთი ტერიტორიებია, სადაც გვალვაა.

    ამ კვლევის ავტორები თვლიან, რომ ტროპიკული კლიმატი ახალი ვირუსისთვის ნაკლებად ხელსაყრელი გარემოა.

    სხვადასხვა სეზონზე ვირუსის აქტიურობის შესახებ მონაცემების არქონის პირობებში მეცნიერები მომავალი ერთი წლის მოვლენების განვითარების პროგნოზირებისას კომპიუტერულ მოდელირებას ეყრდნობიან.

    თუმცა ამოცანა რთულია, რადგან ეპიდემიური ვირუსების სეზონურობას ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რაც COVID-19–ის შემთხვევაში არააქტუალურია. ამიტომაც მეცნიერები დღემდე დაგროვილი ცოდნის და ინფორმაციის გამოყენებისას ფრთხილობენ.

     

    თუმცა, მაინც ვნახოთ, რატომ აქვთ სხვა კორონავირუსებს სეზონური ხასიათი და რატომ არის ეს იმედისმომცემი ამ შემთხვევაშიც.

    კორონავირუსები ე.წ. გარსიანი ვირუსების ოჯახია, რომლებსაც ლიპიდური, ცხიმიანი მემბრანა აქვს, საიდანაც ცილოვანი “რქებია“ წაზრდილი.

     

    სხვა გარსიანი ვირუსების კვლევები გვიჩვენებს, რომ გარსიანი ვირუსები მაღალი ტემპერატურის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან, ვიდრე გარსის არმქონენი.

    უფრო ცივ პირობებში ეს გარსი მყარდება და ერთგვარ რეზინის დამცავ გარსს ემსგავსება, რომელიც ვირუსს მაშინაც იცავს, როცა ის ადამიანის ორგანიზმს გარეთ იმყოფება. მაღალ ტემპერატურაზე კი ეს გარსი სიმყარეს კარგავს და ვირუსი ადვილად იღუპება. სწორედ ამის გამო აქვთ გარსიან ვირუსებს მკვეთრად გამოხატული სეზონური ხასიათი.

    კვლევები გვიჩვენებს, რომ SARS-Cov-2–ს 72 საათამდე აქვს სიცოცხლისუნარიანობა მყარ ზედაპირებზე, მაგალითად მეტალზე და პლასტმასზე, თუ ტემპერატურა 21–23 გრადუსია, ტენიანობა კი 40%.

    როგორ იქცევა ეს ვირუსი სხვა ტემპერატურისა და ტენიანობის დროს, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა სხვა კორონავირუსების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ისინი 4 გრადუსი ცელსიუსის პირობებში 28 დღეს ძლებენ.  მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის პირობებში კი ვირუსები იღუპებიან.

    “კლიმატის როლი იმაში მდგომარეობს, რომ ის ვირუსის სტაბილურობაზე ახდენს გავლენას, რომელიც ორგანიზმს მიღმა იმყოფება. მაგალითად, როცა ის ჰაერში ხვდება და ზედაპირზე მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულმა დაახველა ან დააცემინა. რაც უფრო დიდხანს ინარჩუნებს ვირუსი სტაბილურობას ორგანიზმს მიღმა, მით უფრო მაღალია მისი უნარი ადამიანები დააინფიციროს და ეპიდემია გამოიწვიოს.  Covid19-ის ყველაზე მაშტაბური აფეთქებები იქ ხდება, სადაც ცივი, მშრალი ამინდია   “– ამბობს ესპანელი მკვლევარი მიგელ აროუხო, რომელიც ბიომრავალფეროვნებაზე გარემოს ცვლილების გავლენას იკვლევს.

    მერილენდის (აშშ) უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი იმ ქალაქებში და პლანეტის იმ რეგიონებში გავრცელდა, სადაც საშუალო ტემპერატურა 5–დან 11 გრადუსამდე იყო, ტენიანობა კი დაბალი.

    თუმცა, დაავადების ბევრი შემთხვევაა ტროპიკებშიც. აზიაში ვირუსის გავრცელების ცოტა ხნის წინანდელმა ანალიზმა, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სპეციალისტებმა გააკეთეს აჩვენებს, რომ ეს პანდემიური კორონავირუსი უფრო ნაკლებად მგრძნობიარე იქნება კლიმატური პირობების მიმართ, ვიდრე ბევრი ისურვებდა.

    მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ  ჩინეთის ისეთ ცივ და მშრალ პროვინციებში, როგორიც არის გირინი და ჰეილუნცზიანი, ასევე ჩინეთის ტროპიკულ რეგიონებში – სგუანსისა და სინგაპურში გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მაღალი დემპერატურა და ტენიანობა ზაფხულის თვეებში ინფიცირების მნიშვნელოვან შემცირებას არ გამოიწვევს.

    საქმე იმაშია, რომ ვირუსის გავრცელება ბევრად მეტ ფაქტორზეა დამოკიდებული, ვიდრე უბრალოდ გარემო პირობებში მისი თვითგადარჩენის უნარია.

    Covid 19–ის მსგავსი დაავადებები ადამიანების მიერ ვრცელდება და სწორედ მათ ქცევაზეა დამოკიდებული წელიწადის ნებისმიერ დროს ვირუსის გავრცელების სიჩქარე.

    მაგალითად, ევროპაში წითელას გავრცელების ზრდა როგორც წესი დროში ემთხვევა სკოლებში სწავლის პეროიდს, ზაფხულში არდადეგების დროს კი მცირდება.

    როგორც ჩანს, ჩინური ახალი წლის პერიოდში (25 იანვარი)  ადამიანების კოლოსალურმა მიგრაციამ უხანიდან ჩინეთის სხვა ქალაქებში და მთელ მსოფლიოში Covid19-ის ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი.

    გარდა ამისა, ამინდი ჩვენს იმუნურ სისტემაზე ახდენს გავლენას და ინფექციების მიმართ მათ მდგრადობასაც განაპირობებს. არსებობს მონაცემები, რომ ვირუსზე გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმში D ვიტამინის დონე. ზამთარში, როცა მზის შუქი ნაკლებია და დიდ დროს ვატარებთ დახურულ შენობებში, ჩვენი ორგანიზმი ნაკლებ D ვიტამინს გამოიმუშავებს.

    თუმცა როგორც გითხარით, ჯერჯერობით არცერთი თეორიის სერიოზულად განხილვა Covid19-თან დაკავშირებით არ შეიძლება. უამრავი სამცნიერო ჯგუფი მუშაობს მონაცემებზე, რომლებიც ჯერჯერობით მწირია. საბოლოოდ იმის დადგენას, როგორია ახალი კორონავირუსის ქცევა და რა უფრო ეფექტურია მის წინააღმდეგ ბრძოლაში დრო ჭირდება, რომლის მოგებას მთელი მსოფლიო სხვადასხვა გზით ცდილობს.

     

     

  • როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი: 5 ეფექტური სტრატეგია(BBC)

    როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი: 5 ეფექტური სტრატეგია(BBC)

    კორონავირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდება და პანიკას თესავს: ყოველდღე იდება განახლებული ინფორმაცია დაინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევის და ასობით ახალი გარდაცვლილის შესახებ.

    მთელი ქალაქები და ქვეყნები კარანტინშია. გაუქმებულია ავიარეისები, საერთაშორისო მაშტაბის ღონისძიებები, სპორტული ასპარეზობები და მუსიკალური ფესტივალები.

    დაავადება მოედო ევროპას და ამერიკას, ლათინურ ამერიკას და ახლო აღმოსავლეთს.

    დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი განუხრელად იზრდება, თუმცა ამ ფონზე ზოგმა ქვეყანამ მოახერხა კორონავირუსთან წარმატებით გამკლავება და მისი გავრცელების შეკავება.

    ყველა ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის საკუთარ გზას ირჩევს, თუმცა რომელია მათგან ყველაზე ეფექტური სტრატეგია ბიბისის მიხედვით:

    1. ტესტირება, ტესტირება და კიდევ ერთხელ ტესტირება!

     

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე ბიბისის ექსპერტები ამბობენ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ვირუსის გავრცელების შეკავების ძირითადი ფაქტორია.

     

    მათი თქმით, ძნელია ამ ვირუსის ზემოქმედების რეალური მაშტაბები გაიგო, ან შესაბამისი ზომები მიიღო თუ არ იცი რამდენი ადამიანია დაინფიცირებული.

     

    აშშ–ს ტემპლის უნივერსიტეტის პროფესორი, ეპიდემიოლოგი კრის ჯონსონი ამბობს, რომ სწორედ ეს დაეხმარა ქვეყნებს ვირუსის შეჩერებაში: იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირებას ეყრდნობოდნენ ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, იმ ქვეყნებში, კი სადაც ეს პრიორიტეტული არ იყო ახალი დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

     

    სამხრეთ კორეის ხელისუფლება ყოველდღე 10 000 ადამიანის ტესტირებას ატარებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ დღეში მათ მეტი ადამიანის ტესტირება ჩაატარეს, ვიდრე აშშ–მ ერთი თვის მანძილზე – ამბობს პროფესორი ჯონსონი.

     

    ჯანმოს ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუს აღნიშნავს, რომ ყველა სიმპტომიანის ტესტირება პანდემიის ჩახშობის გასაღებია.

    ჯანმოს ყველა ქვეყანასთან ასეთი რჩევა აქვს : “ტესტირება, ტესტირება, ტესტირება“ .

    ჯანმოს ხელმძვანელმა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ქონდეს შესაძლებლობა ყველა საეჭვო შემთხვევის ტესტირების და პანდემიას დახუჭული თვალებით ვერ შეებრძოლები.

    ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანალიზები მხოლოდ მკაფიოდ გამოხატული სიმპტომების მქონე ადამიანებს უნდა აუღო, რადგან უსიმპტომო ავადმყოფები ვირუსის გამავრცელებლები შეიძლება იყვნენ.

    1. დაავადებულთა იზოლირება

    პროფესორ კრის ჯონსონის აზრით სამხრეთ კორეამ და ჩინეთმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაავადებულთა გამოვლენას, ტესტირებას და ყველა მათგანის კარანტინში ჩასმას.

     

    ტესტირება არა მხოლოდ დაავადებულთა გამოვლენის და ვირუსის გავრცელების აღკვეთის შესაძლებლობაა, არამედ ასევე ეხმარება ახალი პოტენციური დაავადებულების გამოვლენაში, რომლებიც შესაძლოა საწყის სტადიაზე იყვნენ.

     

    მისი თქმით, ჩინელებმა სუპერყურადღება გამოიჩინეს ვირუსის პოტენციური კერების ამოცნობაში. სავარაუდოდ სწორედ ეს დაეხმარა მათ ვირუსის დაძლევაში.

     

    მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანები სპეციალურ “სიცხიანთა კლინიკაში“ მიდიან და იქ მათ კორონავირუსის ტესტს უტარებენ. თუ მათ ვირუსი გამოუვლინდათ, მათი იზოლირება სპეციალურ საკარანტინე სასტუმროებში ხდება, რათა ოჯახის წევრები არ დააინფიცირონ. – ამბობს პროფესორი ჯონსონი.

     

    ტაივანმა, სინგაპურმა და ჰონკონგმა სხვა მიდგომა აირჩიეს – ისინი ყოველ პოტენციურად საშიშ შემთხვევას სახლში იზოლირებას უკეთებდნენ და ჯარიმას აწესებდნენ მათთვის, ვინც კარანტინის წესებს დაარღვევდა.

     

    თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარია ინფიცირებულთა გამოვლენაა და პოტენციური ინფიცირებულის კვალის პოვნა.

     

    3 .მომზადება და სწრაფი რეაქცია

    ექსპერტები თანხმდებიან, რომ ვირუსის ლოკალიზაციისა და შეჩერებისას მთავარია სწრაფი მოქმედება – სანამ ვირუსი მოსახლეობის დიდ ნაწილს მოედება.

     

    ტაივანმა და სინგაპურმა დაამტკიცეს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა და ახალ დაავადებულთა იზოლაცია შესაძლოა ეპიდემიის აღკვეთაში გადამწყვეტი ფაქტორი იყოს.

    ტაივანის წარმატებას ექსპერტები იმით ხსნიან, რომ კუნძული წინასწარ იყო მომზადებული ამ სიტუაციისთვის და ჯერ კიდევ 2003 წელს შექმნა ეპიდემიური კონტროლის ცენტრი ინფექციური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ.

    ეს ცენტრი რეგიონში SARS–ის ვირუსის აფეთქების შემდეგ შეიქმნა და რამდენიმე სამეცნიერო–კვლევით ცენტრს შეიცავს. მას უკვე ქონდა როგორც თეორიული ბაზა, ასევე რეაგირების კონკრეტული მეთოდები.

     

    მზადყოფნა და სისწრაფე კი ეპიდემიის შემთხვევაში გადამწყვეტია. ამ მხრივ ევროპაც და აშშ–ც გვიან გამოფხიზლდნენ. ტაივანმა ჯერ კიდევ იანვარში, როცა არ იყო დამტკიცებული, რომ ახალი ვირუსი ჰაერ–წვეთოვანი გზით გადადიოდა, დაიწყო ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება და კვლევა. ჰონკონგის ხელისუფლებამ ყველა შესასვლელ პუნქტში ტემპერატურის გაზომვა ჯერ კიდევ 2 იანვრიდან დაიწყო და ყველა ჩასული ტურისტი 14 დღიან კარანტინში ჩასვა.

    1. სოციალური დისტანცირება

    როგორც კი ვირუსი გავრცელებას იწყებს, შემაკავებელი ზომები აღარ მუშაობს. ამ სტადიაში ყველაზე ეფექტური ხერხი მოსახლეობის დასაცავად სოციალური დისტანცირების ზომების შემოღებაა, როგორც ეს ჰონკონგში და ტაივანში გააკეთეს.

    ჰონკონგის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს გამოაცხადა, რომ ადამიანები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიოდნენ, დახურა სკოლები და გააუქმა ყველა ღონისძიებები.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით სინგაპურის ხელისუფლებამ გადაწყვიტა სკოლები არ დაეხურა, მაგრამ სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებლების ყოველდღიური ტესტირება და მონიტორინგი დაიწყო.

    1. ჰიგიენის ზომების პროპაგანდა

    ჯანმო მუდმივად იმეორებს, რომ ხელების რეგულარული დაბანა და ჰიგიენის ზომების დაცვა მნიშვნელოვანია ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

     

    ბევრმა აზიურმა ქვეყანამ ეს SARS-ის 2003 წლის აფეთქების შემდეგ გააცნობიერა და მიხვდა, რომ ადამიანები ავად არ გახდებოდნენ და ინფექციას არ გაავრცელებდნენ, თუ ჰიგიენის ნორმებს დაიცავდნენ.

     

    სინგაპურში, ჰონკონგში და ტაივანში ქუჩებში ხშირად შეხვდებით სპეციალურ დისპენსერებს ანტიბაქტერიული გელით. ამ ქვეყნებში პოპულარულია ნიღბებით სიარული პროფილაქტიკის მიზნით, და მართალია ნიღბები ნაკლებად ეფექტურია დაავადების შესაკავებლად, ისინი მაინც ამცირებენ იმის ალბათობას, რომ ადამიანი ხველისა და ცემინების დროს ვინმეს გადასცემს ინფექციას.

  • იზოლაცია ბრუკლინში.ნიუ იორკელი ფოტოგრაფის პროექტი

    იზოლაცია ბრუკლინში.ნიუ იორკელი ფოტოგრაფის პროექტი

    მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იძულებულია თვითიზოლაციას მიმართოს და სახლში გამოიკეტოს. ფოტოგრაფმა სტივენ ლავკინმა ბრუკლინში იზოლირებული ოჯახების, წყვილების და მარტოხელა ადამიანების ფოტოების სერია გადაიღო.

    თავიდან მას აინტერესებდა ოჯახები, რომლებიც საკუთარი სახლის ზღურბლთან ისხდნენ, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ ჯობს ადამიანები ფანჯრების მიღმა გადაიღოს.

    ლავკინმა თხოვა ყველას, ვინც ფოტოებისთვის შეარჩია გარე სამყაროსთვის საკუთარი სათქმელი ეთქვათ. პროექტი სულ ერთი კვირაა დაიწყო, მაგრამ სოციალურ ქსელებში უკვე მიიქცია ყურადღება. ლავკინი პროექტზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

    “იმედი მაქვს ამ ქაოსისა და გაურკვევლობის პერიოდში ჩემი პროექტი დაეხმარება ადამიანებს გარე სამყაროსთან კავშირი იგრძნონ, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებულები ვართ და არავინ იცის როდემდე გაგრძელდება ეს.“ – ამბობს ფოტოგრაფი.

    ანა–ბეტ რუსაკისი ქალიშვილთან, მერი რუსაკისთან ერთად:“გაავრცელეთ სიკეთე და არა დაავადება. დარჩით სახლში.“

    ცოლ–ქმარი კლარის ინსი და ანსილ მაკკეინი. წარწერა: “მარტოები ერთად“

    პროფესორი და აქტივისტი კრისტინ ლოულერი “მანქანა შეიძლება გაჩერდეს“

    რობერტ კლარკ უმცროსი: “მძიმე დრო წავა, ძლიერი ადამიანები დარჩებიან.“

    კელი და ლუკას ლავკინები: “მალე ერთად ვიქნებით. დარჩით სახლში და გქონდეთ იმედი“.

    ტომ სმიტი და ლორა როსი ქალიშვილებთან– კეროლაინთან, ელიზაბეტთან და ებიგეილთან ერთად: “თქვენ მარტო არ ხართ, თუ გიყვართ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მარტო ხართ“.

    აგნეტა და მეთიუ სეპტიმუსები შვილებთან, ერზასთან და ნორასთან ერთად წარწერით: “იმედი“.

    მაიკ და დენიზ პერგოლები შვილებთან – ჰენრისთან, ჯეკთან და უილთან ერთად წარწერით: “ჩვენ ერთად ვიყავით. დანარჩენი აღარ მახსოვს.“

    მხატვარი შირლი ფიურსტი წარწერით: “ხელოვნება გადაგვარჩენს!“

  • რა ვიცით და რა არ ვიცით ახალ კორონავირუსზე  –  Euronews

    რა ვიცით და რა არ ვიცით ახალ კორონავირუსზე – Euronews

    ინფორმაციის ზღვა ნაკადის მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია  ახალი კორონავირუსის შესახებ, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა.  მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ადამიანების რაოდენობა  552,943-ს აღწევს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 25,045-ს შეადგენს.

    “რა ვიცით და რა არ ვიცით ვირუსის შესახებ?” – ამ სათაურით Euronews – აქვეყნებს ვიდეოს.

    რა ვიცით კოვიდ 19-ის შესახებ?

    • კორონავირუსი მარტივად გადამდებია და მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული

    • ვირუსმა გავრცელება ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან დაიწყო.

    • ბევრ დაინფიცირებულს ვირუსი მსუბუქად ან საერთოდ არ აქვს გამოხატული, რის გამოც მისი აღმოჩენა რთულდება.

    • ვიცით, რომ ვირუსი ბუნებრივად არის შექმნილი და არა ლაბორატორიაში.

    კორონა ვირუსთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს:

    • არასაკმარისი კვლევების გამო,  ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენი არის დაინფიცირებული კორონავირუსით.

    • ჩვენ არც ის ვიცით არის თუ არა კოვიდ 19 სეზონური ვირუსი და უნდა ველოდოთ თუ არა ზაფხულში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას.

    • არც ვიცით როგორია კორონავირუსის მკურნალობის გზები, ვაქცინამდე კი 18 თვე გვაშორებს.

     

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-ით ინფიცირების პირეველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ინფექციის მქონე საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

    ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 81 შემთხვევაა დაფიქსირებული და 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს.

  • რატომ არის იტალიაში ყველაზე მეტი მსხვერპლი: რამდენიმე ახალი ვერსია

    რატომ არის იტალიაში ყველაზე მეტი მსხვერპლი: რამდენიმე ახალი ვერსია

    ყველაზე მძიმე დარტყმა კორონავირუსის ეპიდემიამ იტალიას მიაყენა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 8,215 ადამიანი, დაინფიცირებულია 80,589. გარდაცვლილთა რიცხვი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ჩინეთში. თანაც, ოფიციალური სტატისტიკა მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებს ითვალისწინებს. რეალურად გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა ბევრად მეტი იყოს. რატომ განვითარდა ეპიდემია ასეთი ტრაგიკული შედეგებით მაინცდამაინც იტალიაში.

    “კორონავირუსით გარდაცვლილ ყოველ ადამიანზე მოდის კიდევ სამი ადამიანი, რომელიც პნევმონიისგან საკუთარ სახლში, ყოველგვარი ტესტების გარეშე გარდაიცვალა “–განაცხადა ქალაქ ბერგამოს მერმა, ჯორჯო გორიმ.

    ბოლო დღეებში ამ პროვინციაში თითქოს ეპიდემიის ოფიციალური ზრდა ოდნავ შენელდა, თუმცა იტალიის ექიმთა ფედერაციის პრეს მდივნის, პაოლა პედრინის თქმით, რეალობაში საქმე ბევრად ცუდად არის.

    “დაინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი დადასტურებულ შემთხვევათა სტატისტიკაში არ აისახება, რადგან მათ უბრალოდ ტესტით არც კი ამოწმებენ. თუ პირველ კვირებში ჩვენ ვთვლიდით, რომ რეალური შემთხვევები ოფიციალურ სტატისტიკაზე დაახლოებით ხუთჯერ მეტი იყო, ახლა ეჭვიც არ გვეპარება, რომ რეალურად დაინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებზე ათჯერ მეტია.“– ამბობს ის.

    თუ ეს მოსაზრება რეალობასთან ახლოს არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ იტალიაში შესაძლოა დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიო მაჩვენებელსაც კი აღემატებოდეს და მილიონს უახლოვდებოდეს.

    რატომ განვითარდა ეპიდემია ასე ფართოდ სწორედ იტალიაში, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა არის რამდენიმე ვერსია, რომლებიც ერთმანეთს არ გამორიცხავს, და პირიქით,  ავსებს.

    ფარული ეპიდემია: ვირუსი ინკოგნიტო

    Covid 19-ის დიაგნოზი იტალიაში პირველად 20 თებერვალს, ლომბარდიის ქალაქ კოდონიოში დასვეს. იმ მომენტისთვის მთელ მსოლიოში კორონავირუსით დაავადებული დაახლოებით 70 000 ადამიანი იყო. მათგან 90% ჩინეთში.

    სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ იტალიაში დაინფიცირებულთა რიცხვმა 50 000–ს გადააჭარბა. 4000–ზე მეტი პაციენტი დაიღუპა.

    ასეთი მკვეთრი მატების ახსნა 20 მარტს იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა სცადა. მათ მიერ ჩატარებულმა რეტროსპექტიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირველი დიაგნოზის დასმის მომენტისთვის სინამდვილეში ახალი კორონავირუსი ლომბარდიის ქალაქების უმრავლესობაში უკვე მოდებული იყო, თუმცა “ინკოგნიტოდ“ და მის შესახებ არავინ იცოდა. მისი ყოველი მატარებელი კი მინიმუმ 3 ჯანმრთელ ადამიანს აავადებდა.

    გამოკვლეულ პაციენტთ საშუალო ასაკი 69 წელია, თუმცა მათ შორის იყო ერთი თვის ჩვილიც, და 101 წლის ქალიც. ჰოსპიტალიზაცია დაავადებულთა თითქმის ნახევარს დაჭირდა, საიდანაც ყოველი მეხუთა მოგვიანებით რეანიმაციაში გადაიყვანეს.

    გამოქვეყნებული კვლევის ავტორების აზრით სინამდვილეში ვირუსის აფეთქება 20 თებერვალზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

    ფილადელფიის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი, ენრიკო ბუჩი უფრო ზუსტ ადრეულ ქრონოლოგიას გვთავაზობს. მისი თქმით იტალიაში COvid19 დეკემბრის შუა რიცხვებში შეიტანეს.

    თავისი არგუმენტები ბუჩიმ პირველი დიაგნოზის დასმიდან მალევე სამეცნიერო ბლოგში ჩამოაყალიბა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დეკემბრის ბოლო კვირას ქალაქ პიაჩენცაში, კოდონიოდან სულ რამდენიმე კილომეტრში ერთდროულად მკურნალობას გადიოდა 40 პაციენტი ფილტვების ანთებით. ამის შესახებ უკვე მაშინ გაოცებით წერდა ადგილობრივი პრესა.

    თებერვლის ბოლოსთვის ამ პაციენტებს ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდათ, რამაც ბუჩის ეჭვები დაადასტურა: ამ ადამიანებმა კორონავირუსი ჯერ კიდევ მაშინ გადაიტანეს, როცა ჯანმოს მისთვის ჯერ სახელწოდებაც კი არ ქონდა მინიჭებული.

    იმ მომენტისთვის, როცა იტალიაში ეპიდემია ოფიციალურად აფეთქდა, სინამდვილეში ის შეუმჩნევლად უკვე ორი თვის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული.

    ზუსტად როდის შევიდა იტალიაში ახალი კორონავირუსი უცნობია. გენეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ის ქვეყანაში ჩინეთიდან ჩავიდა.არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ვირუსი სწორედ დეკემბრის დასაწყისში ან შუა პერიოდში შევიდა. თუმცა, იტალიაში ვირუსი აშკარად ნოყიერ ნიადაგზე მოხვდა.

    ბოლო წლებში იტალიაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპით სიკვდილიანობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ მოსახლეობაში (65+) ორჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

    გასული წლის ნოემბერში იტალიელ ექიმთა ჯგუფმა გამოთვალა, რომ 2013–დან 2017 წლებში გრიპის ეპიდემიას ქვეყანაში თითქმის 70 000ადამიანი ემსხვერპლა “ნორმის ზევით“.

    2016 –2017 წლების ზამთარში იტალიაში გრიპით გარდაცვლილთა სიკვდილიანობამ 100 000 მოქალაქეზე 40–ს გადააჭარბა. შედარებისთვის: საშუალო სიკვდილიანობა მკერდის ან პროსტატის კიბოთი მსოფლიოში 100 000 ადამიანზე 10–ს შეადგენს, მალარიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ოცია, ტუბერკულოზის შემთხვევაში 25, შიდსის შემთხვევაში – 44. ამ ყველაფერს რამდენიმე შესაძლო ახსნა აქვს.

    პირველ რიგში, მოსახლეობის ასაკი. მკვლევარები თვლიან, რომ იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს არ შეიძლება მოულოდნელი ვუწოდოთ, თუ გავითვალისწინებთ იტალიაში მცხოვრებ ხანდაზმულ, სუსტი ჯანმრთელობის მქონე პაციენტებს. თუ იტალიელ პაციენტთა ასაკი 63 წელია, მაგალითად გერმანიაში ეს ასაკი 45–ს შეადგენს.

    მეორე შესაძლო მიზეზი იტალიის მიერ ანტიბიოტიკების გადაჭარბებული მოხმარებაა. ეს პრეპარატები ვირუსებზე არ მოქმედებს, თუმცა რეზისტენტული ინფექციების გაჩენას უწყობს ხელს, რომლებსაც შეუძლიათ მძიმედ დაავადებულთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმონ. სტატისტიკის მიხედვით, იტალიელები საშუალოდ ერთნახევარჯერ მეტ ანტიბიოტიკებს მოიხმარენ, ვიდრე ევროკავშირის სხვა მაცხოვრებლები. იტალელი ფერმერები ცხოველებისთვის ორჯერ მეტ ანტიბიოტიკს იყენებენ, ვიდრე დანარჩენ ევროკავშირში.

    გასაოცარი არ არის, რომ რეზისტენტული ინფექციები იტალიურ საავადმყოფოებში ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება.

    მთლიანობაში, როგორც უკვე გითხარით, იტალიაში კორონავირუსის მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დაეცა.

    ეპიდემიის ფართო გავრცელებას კი ბევრი ექსპერტის აზრით ძალიან შეუწყო ხელი საფეხბურთო მატჩმა, რომელიც 19 თებერვალს მილანში გაიმართა. თამაშზე ბერგამოდან თითქმის 50 000 მაყურებელი ჩავიდა , მათგან უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. პირველ იტალიელ პაციენტს ალზანო ლომბარდოს კორონავირუსის დიაგნოზი სწორედ მატჩის მეორე დღეს დაუსვეს.

  • როგორ ვრცელდება ვირუსები ოფისში

    როგორ ვრცელდება ვირუსები ოფისში

    კორონავირუსის პანდემიის ფონზე მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს მოუწია საკუთარი ოფისების დატოვება, რადგან მთავრობები კომპანიებს ავალდებულებენ თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანონ. ეს ზომები კორონავირუსის შესაკავებლად ტარდება და სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ გადავსებული ოფისების დაცლით ვირუსის გავრცელება შეჩერდება.

    ცენტრალიზებულ ოფისებში სამუშაოს აკრძალავა ეს არ არის მხოლოდ სიფრთხილის ზომა. ოფისები ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელების ძირითადი ადგილები იყო ყოველთვის და ახლაც ასეა. ალბათ დაახლოებით წარმოგიდგენიათ როგორ მუშაობს ეს ციკლი: ყოველ სეზონზე ჩნდება ვირუსი. ერთი ადამიანი მიდის ოფისში, ახველებს, აცემინებს და ვირუსს კოლეგებს გადასცემს. და ციკლი გრძელდება. ყოველ სეზონზე ვირუსი ახლიდან დატრიალდება ხოლმე კოლეგების წრეში.


    არაერთი მკვლევარი ხსნის იმას, თუ რაოდენ ადვილად ვრცელდება ოფისებში მიკრობები, ბაქტერიები და ვირუსები. მათი თქმით, ადამიანები ყოვლდღიური ცხოვრების დიდ ნაწილს ოფისებში ატარებენ, სადაც საერთო სივრცეებია და დიდია საერთო ზედაპირებზე შეხების ხარისხი, რაც ზედაპირებზე და ჰაერზე მიკრობების რაოდენობას ზრდის.

    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს ოფისებში ბერი ადგილი და სივრცე შესაძლოა ვირუსის გავრცელების ვექტორები იყოს.რაც უფრო ხშირად ეხებიან მათ კოლეგები, მით მაღალია დაინფიცირების რისკი.

    არიზონას უნივერსიტეტის ჯანდაცვის მკვლევარი ამბობს, რომ ისეთი ადგილები, როგორიც არის მაცივრები, უჯრების სახელურები, ონკანის სახელურები, კარის სახელურები, ყავის აპარატები, როგორც წესი მიკრობების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევიან.

    ეს მიკრობები ძალიან სწრაფად მოგზაურობენ. ამერიკის მიკრობიოლოგიის საზოგადოების მკვლევარება უვნებელი ვირუსი საოფისე შენობებში ერთადერთი კარის სახელურზე და მაგიდის ზედაპირზე განათავსეს. მკვლევარის, ჩარლზ გერბას თქმით ამის შემდეგ, პირველი ადგილი, სადაც მასობრივი დავირუსება მოხდა შესვენებების ოთახი იყო, სადაც თანამშრომლები ყავის დასალევად იკრიბებოდნენ. ამის შემდეგ კი ორ საათში ვირუსი უკვე ისე გავრცელდა, რომ თანამშრომლების 40–დან 60%–ს აღმოაჩნდა, ასევე ოფისის სტუმრებს და ობიექტებს, რომლებსაც ხშირად ეხებოდნენ.

    პრობლემა შეიძლება ოფისის თანამშრომელთა მხრიდან ჰიგიენის დაუცველობამ გააღრმავოს. დიდ ბრიტანეთში 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ოფისის თანამშრომელთა მხოლოდ 61% იბანდა სწორად ხელებს ტუალეტის მოხმარების შემდეგ.

    ჭუჭყიანი თითები და ზედაპირები ერთია, თუმცა ვირუსების გარვცელების მთავარი საფრთხე ის არის, რომ ისინი ჰაერში “მოგზაურობენ“. ეპიდემიოლოგი , პროფესორი ალი ჰანი ამბობს, რომ რისკი შენობას კი არა, დაავადებულ თანამშრომლებს უკავშირდება. “თუ ერთი ადამიანი დაავადებულია, მას შეუძლია ხველის, ცემინების, ზედაპირზე შეხების და სხვებთან მჭიდრო კონტაქტის დროს მიკრობები გაავრცელოს. შესაძლოა ეს საკუთარ მაგიდასთან მჯდომმაც მოახერხოს, რადგან მიკრობებს შეუძლიათ მფრინავი წვეთების სახით გავრცელდნენ.“მიკრობების გავრცელებას შესაძლოა ოფისის ცირკულირებადმა ჰაერმაც შეუწყოს ხელი. შენობებში მიკრობები ჰაერში, გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის საშუალებითაც ცირკულირებს.

    ჯერჯერობით ზუსტად არ არის დადგენილი ახალი კორონავირუსის ქცევა, რამდენ ხანს ჩერდება ის ზედაპირებზე, ჰაერში და რომელია მისი გადაცემის უფრო ეფექტური გზა. თუმცა ფაქტია, რომ საშინაო ოფისები, საიდანაც ახლა მილიონობით ადამიანი მუშაობს უფრო ადვილად კონტროლირებადი სივრცეა ნაკლები ადამიანით და ნაკლები დაბინძურებული ზედაპირით. თანაც მხოლოდ საკუთარ ჰიგიენურ ჩვევებზე ხართ დამოკიდებული და აღარ გიწევთ დარდი იმაზე, რამდენად კარგად იცავენ მას კოლეგები.

    რა თქმა უნდა, ბოლომდე დაცული არც ახლა ხართ, რადგან შეიძლება ვირუსი სახლში ქუჩაში გასვლის შემდეგაც მოიტანოთ. ვირუსი სახლში თავისთავად ვერ აღმოჩნდება. თქვენ ის დაინფიცირებული ადამიანისგან უნდა გადმოგეცეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთან კონტაქტში უნდა შეხვიდეთ, ან დაინფიცირებულ ზედაპირს შეხოთ, შემდეგ კი თქვენს სახლში არსებულ ზედაპირზე გადმოიტანოთ.

    თუნდაც ვირუსი თქვენს ხელზე იყოს, ის დაავადებისთვის არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ დაავადდეთ, ის თქვენს ორგანიზმში უნდა მოხვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც გზით თქვენვე უნდა შეიტყვანოთ თქვენს ორგანიზმში – მაგალითად, სახეზე ხელის ხშირად შეხებით. ეს ეხება ახალ კორონავირუსსაც. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სანიტარული ნორმების დაცვა.

    კორონავირუსის პანდემია და ის შიში, რასაც მილიონობით ადამიანი განიცდის ალბათ დაგვეხმარება იმ ჩვევების გამომუშავებაში, რომლებიც სამომავლოდაც გამოგვადგება, რათა უფრო დაცულები ვიყოთ სხვადასხვა ბაქტერიებისა და ვირუსებისგან, რომლებიც ოფისშიც შეიძლება გველოდეს და ქუჩაშიც.