Blog

  • რას წერს მსოფლიო მედია ახლო აღმოსავლეთში დროებით ზავზე – ტრამპის დროებითი შვება თუ თეირანის გამარჯვება? – პერსპექტივები და სცენარები

    რას წერს მსოფლიო მედია ახლო აღმოსავლეთში დროებით ზავზე – ტრამპის დროებითი შვება თუ თეირანის გამარჯვება? – პერსპექტივები და სცენარები

    შესაძლოა, პრეზიდენტ ტრამპის მუქარებმა მოკლევადიან პერსპექტივაში იმუშავა: ირანმა და აშშ-მ შეძლეს დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, რაც ორივე მხარემ საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადა. თუმცა ირანთან ფუნდამენტური უთანხმოებები ისეთივე მწვავე რჩება, როგორც თებერვალში იყო.

    ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ შეთანხმებამ ტრამპს საშუალება მისცა გამოსულიყო სიტუაციიდან, რომელიც მას სახიფათო არჩევანის წინაშე აყენებდა — ან კონფლიქტის ესკალაცია მისი დაპირების შესაბამისად („მთელი ცივილიზაციის განადგურება“), ან უკან დახევა და ავტორიტეტის დაკარგვა. თუმცა გაურკვეველია, რამდენ ხანს გასტანს ზავი და რაზე შეძლებენ მხარეები შეთანხმებას ორი კვირის განმავლობაში –  მით უმეტეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესის მიღწევა ათწლეულების განმავლობაშიც ვერ ხერხდებოდა.

    ამ მხრივ განსაკუთრებული ოპტიმიზმი საერთაშორისო ანალიტიკოსებში არ შეინიშნება.

    ეჭვგარეშეა, ცეცხლის შეწყვეტა არის ბოლო მომენტში მიღწეული ტაქტიკური გამარჯვება, რომელმაც, სულ მცირე, დროებით მაინც უნდა უზრუნველყოს ნავთობის, სასუქებისა და ჰელიუმის მიწოდების განახლება ორმუზის სრუტის გავლით და დაამშვიდოს ბაზრები, რომლებიც შიშობდნენ, რომ გლობალური ენერგეტიკული შოკი მსოფლიო რეცესიას გამოიწვევდა, — აღნიშნავს New York Times. თუმცა მან ვერ გადაჭრა ვერცერთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელმაც ომი გამოიწვია.

    ირანის რეჟიმი კვლავ არსებობს და არ არსებობს საფუძველი იმედისთვის, რომ ის მალე დაემხობა ან უფრო ლიბერალური გახდება.

    არსად გამქრალა ირანის გამდიდრებული ურანის მარაგებიც, რომლებიც თეორიულად ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

    თუ ადრე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ირანის შესაძლებლობაში, გაეკონტროლებინა ან გადაეკეტა ორმუზის სრუტე, ახლა ეს ეჭვები გაქრა.

    ეს პრობლემები ადრეც არსებობდა, თუმცა ახლა მათ ახლებიც დაემატა.

    სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებმა გააცნობიერეს, რომ დუბაის ცათამბჯენები და ქუვეითის წყლის გამამტკნარებელი (დეზალინაციის) დანადგარები შესაძლოა ირანის რაკეტებისა და დრონების სამიზნე გახდეს.

    ტრამპის პოლიტიკური ბაზა გახლეჩილია — ყოფილი მხარდამჭერები მას ადანაშაულებენ იმაში, რომ დაარღვია დაპირება და აშშ კვლავ ჩაითრია ახლო აღმოსავლეთის უშედეგო ომებში, რაც  ბენზინის ფასების ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით არასასურველია შემოდგომაზე დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ.

    მიყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით:

    სამშვიდობო გეგმა

    ერთი თვის წინ ტრამპი თეირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ მოითხოვდა და აცხადებდა, რომ თავად გადაწყვეტდა, როდის იქნებოდა ირანი სრულად დამარცხებული. სამშაბათ საღამოს მისი ტონი შეიცვალა. ის  დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებების გამართვას ირანის მიერ წარმოდგენილი 10-პუნქტიანი გეგმის საფუძველზე, რომელიც პაკისტანის მხარეს გადაეცა. ტრამპმა მას უწოდა „მუშა საფუძველი მოლაპარაკებებისთვის“ .

    „ნახეთ ირანის გეგმა? — ამბობს რიჩარდ ფონტეინი, ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის ‘ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის’ აღმასრულებელი დირექტორი. — ის ჰგავს თეირანის სურვილების სიას, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე იყო შედგენილი: მასში მოთხოვნილია ირანის უფლების გლობალური აღიარება ურანის გამდიდრებაზე, ამერიკული ჯარების სრულად გაყვანა რეგიონიდან და ეკონომიკური სანქციების მოხსნა. ასევე, შეიცავს მოთხოვნას, ირანს გადაუხადონ კომპენსაცია ომის შედეგად მიყენებული ზიანისთვის.“

    რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საწყისი წერტილია მოლაპარაკებებისთვის. თუმცა ირანული და ამერიკული ხედვები ომისშემდგომი რეგიონული მოწყობის შესახებ იმდენად განსხვავდება, რომ სწრაფ შედეგებს არ უნდა ველოდოთ.

    ობამას ადმინისტრაციას ბირთვული შეთანხმების მისაღწევად ორი წელი დასჭირდა — და ეს მშვიდობის პირობებში ხდებოდა. იმის მოლოდინი, რომ ორ კვირაში დიპლომატები შეძლებენ ასეთი განსხვავებული პოზიციების შეთანხმებას და  სრულფასოვან სამშვიდობო შეთანხმებად ქცევას, მით უმეტეს, დაბომბვების განახლების მუქარის ფონზე – გეოპოლიტიკაში გადაჭარბებული ოპტიმიზმია.

    როგორ რეაგირებს ისრაელი

    აღსანიშნავია, რომ ისრაელმა, მიუხედავად იმისა, რომ მხარი დაუჭირა ტრამპის გადაწყვეტილებას სამხედრო მოქმედებების შეჩერების შესახებ (პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეს), აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ლიბანს არ ეხება. ბოლო კვირებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ძალები შეიყვანეს და განაცხადეს, რომ ლიტანეს მდინარის სამხრეთით ტერიტორიაზე კონტროლს შეინარჩუნებენ მანამ, სანამ „ჰეზბოლას“ მხრიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება.

    ამავე დროს, როგორც ირანის, ისე მოლაპარაკებებში შუამავლად ჩართული პაკისტანის განცხადებებში ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზეც ვრცელდება. ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ ამ დრომდე ოფიციალური რეაქცია არ გაუკეთებია, თუმცა ოთხშაბათ დილით ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმები, როგორც ჩანს, შეწყდა.

    თუმცა ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ისრაელი ზავის პირობებს ისე დაიცავს, როგორც ამას ვაშინგტონი (და რაც მნიშვნელოვანია, თეირანი) ხედავს. ირანის რეჟიმის დასუსტება ისრაელის სტრატეგიული მიზანია, მაგრამ ეს არ ხსნის „ჰეზბოლას“ და სხვა დაჯგუფებების პრობლემას, რომლებიც ქვეყნის საზღვრებთან მოქმედებენ. შეაჩერებს თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუ ოპერაციებს ლიბანში — ეს ცალკე საკითხია.

    „ნებისმიერი შეფასება უნდა ეფუძნებოდეს მთავარ ფაქტს: ირანს კვლავ აქვს გამდიდრებული ურანი. ეს რეალობა არ შეცვლილა,“ — აღნიშნავს ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსი დენის სიტრინოვიჩი.

    აშშ-ის პრეზიდენტები უკვე 20 წელია აწარმოებენ მოლაპარაკებებს ირანთან, აწესებენ სანქციებს და ცდილობენ მისი ეკონომიკის დასუსტებას. ახლა ტრამპის წინაშე დგას ამოცანა დაამტკიცოს, რომ მისი ომი ირანთან უკეთეს შედეგს გამოიღებს.

    თუ მას არ გამოუვა ქვეყნიდან გაიტანოს 400 კგ 60%-ით გამდიდრებული ურანი, ასევე გაცილებით დიდი მოცულობის დაბალგამდიდრებული ბირთვული საწვავი, მაშინ ამ ომში — რომელიც დღეში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ჯდება — ის მიაღწევს ნაკლებს, ვიდრე ობამამ 11 წლის წინ, სამხედრო მოქმედებების გარეშე შეძლო (2015 წლის შეთანხმების ფარგლებში ირანმა დაკარგა თავისი ბირთვული მარაგების 97%).

    იგივე ეხება თეირანის სარაკეტო არსენალს, რომლის დათმობას რეჟიმი არ აპირებს. აშშ-ის შესაძლებლობა სრულად გაანადგუროს ან მნიშვნელოვნად შეამციროს ირანის რაკეტების რაოდენობა ადრეც ეჭვქვეშ იდგა სამხედრო ექსპერტებში, ხოლო ბოლო თვის მოვლენებმა აჩვენა, რომ ირანს კვლავ შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება — თუ არა თავად აშშ-სთვის, მაშინ მისი მოკავშირეებისთვის რეგიონში.

    ორმუზის სრუტე

    ორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის, ხოლო ამერიკა-ისრაელის დაბომბვების შეწყვეტა – ირანისთვის. ომი არ დასრულებულა – მხოლოდ ზავი დადგა, რომლის განმავლობაში მხარეებს მოუწევთ მშვიდობის პირობებზე შეთანხმება, — აღნიშნავს BBC-ის სამხედრო მიმომხილველი პაველ აკსენოვი.

    ამასთან, თავად სრუტის ბლოკადის მოხსნა გამარჯვებად ვერ ჩაითვლება. ეს ბლოკადა ირანის თავდაცვითი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო და ომის შედეგად წარმოიშვა. შესაბამისად, ეს უფრო იმ პრობლემის მოხსნაა, რომელიც თავად ომმა შექმნა.

    თუმცა, მაშინაც კი, თუ ირანი სრულად გახსნის ორმუზის სრუტეს და არ დააწესებს გადასახადებს ან სხვა საფასურს გემების გავლაზე, მან უკვე აჩვენა, რომ შეუძლია გააკონტროლოს ეს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური „ბოთლის ყელი“.

    მას შემდეგაც კი, რაც ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თქვა, რომ ირანი შეწყვეტს „დაცვით ოპერაციებს“ და უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას ორმუზის სრუტეში — „ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით“.

    „ირანი ინარჩუნებს სრუტეზე კონტროლს, რაც ომამდე არ ჰქონდა,“ — აღნიშნავს რიჩარდ ფონტეინი. — „მიჭირს დავიჯერო, რომ შეერთებული შტატები და მსოფლიო მიიღებენ სიტუაციას, სადაც ირანი უსასრულოდ გააკონტროლებს ამ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ გასასვლელს. ეს ბევრად უარესი შედეგი იქნებოდა ომამდელ მდგომარეობასთან შედარებით.“

    დენის სიტრინოვიჩის შეფასებით, ორმუზის სრუტის გახსნა მოლაპარაკებების მთავარი მიზანი იყო. ნავთობის ფასებმა უკვე რეაგირება მოახდინა კლებით, თუმცა აშშ-ში ბენზინის ფასებზე ეს ჯერ არ ასახულა, რაც ტრამპისთვის კიდევ ერთ პრობლემად რჩება.

    ტრამპის პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყნის შიგნით

    მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პარტიაში ბევრმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტს, ეს მხარდაჭერა შორს იყო იმ თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერისგან, რომლითაც ის ხშირად სარგებლობს, — წერს BBC-ის ჩრდილოეთ ამერიკის კორესპონდენტი ენტონი ზურკერი.

    ერთი მხრივ, პრეზიდენტის ახლო მხარდამჭერებიც კი უსიამოვნოდ გააკვირვა „ცივილიზაციის განადგურების“ და მსგავსი მუქარების სერიამ, რომელსაც ტრამპი ბოლო დროს თითქმის ყოველდღიურად ავრცელებდა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე.

    ვისკონსინის სენატორმა რონ ჯონსონმა, რომელიც ჩვეულებრივ ტრამპისადმი ლოიალურია, განაცხადა, რომ „დიდი შეცდომა“ იქნებოდა, თუ ტრამპი ბოლომდე მიიყვანდა დაბომბვების კამპანიას. ტეხასის კონგრესმენმა ნათანიელ მორანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ უჭერს მხარს „მთელი ცივილიზაციის განადგურებას“. „ჩვენ ასეთები არ ვართ,“ — დაწერა მან, — „და ეს არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რომლითაც ამერიკა დიდი ხანია ხელმძღვანელობს.“

    პრეზიდენტის მიმართ იმედგაცრუება, რომელიც ომის დაწყებისთანავე გაძლიერდა, შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ ზავი დროებითი აღმოჩნდება და მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. ასეთი სცენარის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

    ამ დროისთვის ნავთობის ფასი რამდენიმე დღის შემდეგ პირველად ჩამოვიდა 100 დოლარზე ქვემოთ, ხოლო ამერიკული აქციების ფიუჩერსები მკვეთრად გაიზარდა. თუმცა ფინანსური ბაზრების ოპტიმიზმი, როგორც წესი, მოკლევადიანი და არამდგრადია.

    რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ამერიკელები ტრამპით და მისი პოლიტიკით, ეს უკვე ნახევარ წელიწადში გახდება ნათელი – ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე.

    მიუხედავად თეთრი სახლის გამარჯვების განცხადებებისა, ტრამპის დაბრუნებასთან დაკავშირებული დაპირებული „ოქროს ხანა“ ამერიკელთა უმრავლესობისთვის არ დამდგარა, ხოლო ომის პერიოდში გაზრდილი ბენზინის ფასები შეიძლება პრეზიდენტისთვის ისეთივე მტკივნეული აღმოჩნდეს, როგორც ადრე ტარიფების ომის შედეგები, რომლებმაც ამომრჩეველთა ჯიბეზე იმოქმედა.

    ტრამპისადმი დამოკიდებულება მსოფლიოში

    თუნდაც ამჟამინდელმა ზავმასაბოლოოდ მყარ მშვიდობამდე მიიყვანოს, ირანთან ომმა (და ტრამპის ბოლო განცხადებებმა) შესაძლოა ძირეულად შეცვალოს ის, თუ როგორ აღიქვამს დანარჩენი მსოფლიო შეერთებულ შტატებს, — აღნიშნავს ზურკერი.

    „უცნობია, მოახდინა თუ არა ასეთი შოკისმომგვრელი მუქარამ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ზეწოლა ირანზე და აიძულა ის დათანხმებოდა იმ ზავს, რომელსაც ადრე უარყოფდა,“ — წერს ის. — „ერთი კი ცხადია: ტრამპის გამაოგნებელი და პროვოკაციული განცხადება — სულ ორი დღის შემდეგ მსგავსი მოთხოვნისა, რომელიც არაცენზურული ფორმულირებებითაც იყო გამყარებული Truth Social-ზე — არაფერს ჰგავს იმასთან შედარებით, რაც ოდესმე უთქვამს ან თუნდაც მიუნიშნებია  ამერიკის რომელიმე პრეზიდენტს.“

    ტრამპის ტაქტიკა, რომელიც რიტორიკის უკიდურესად გამწვავებას ეფუძნება, აშკარად დაეხმარა მას გამოსავლის პოვნაში, — აღნიშნავს New York Times. ამან შესაძლოა კიდევ უფრო განამტკიცოს მისი რწმენა, რომ ნიუ-იორკის უძრავი ქონების სამყაროში ნასწავლი მიდგომა – ძველი შეთანხმებების იგნორირება და მაქსიმალისტური მოთხოვნების დაყენება – გეოპოლიტიკაშიც მუშაობს.

    ქვეყანა, რომელიც ტრადიციულად საკუთარ თავს მსოფლიო სტაბილურობის უზრუნველმყოფ ძალად წარმოაჩენდა, ახლა თავად არღვევს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს–წერს გამოცემა.

    ირანში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, აუცილებლად გაჩნდება კითხვა – რამდენად შეიძლება საერთოდ ენდო პრეზიდენტის სიტყვას. სულ ერთინახევარი თვის წინ ტრამპი ირანელ ხალხს მოუწოდებდა აჯანყებულიყვნენ და დაემხოთ საკუთარი მთავრობა, ამბობდა, რომ „დახმარება უკვე გზაში იყო“. ახლა კი ამავე მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. სამშაბათს მან ასევე განაცხადა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი ეკუთვნის „სხვა — უფრო გონიერი და ნაკლებად რადიკალიზებული“ ლიდერების თაობას.

    ამასთან, თუ მოლაპარაკებები ჩავარდება, შესაძლოა ახალი ომი დაიწყოს, — აღნიშნავს ჟურნალ Economist-ის ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი გრეგ კარლსტრომი. თუმცა ომი ამერიკაში უკიდურესად არაპოპულარულია, და ტრამპი ძალიან ცდილობს მის დასრულებას მაისში სი ძინპინთან შეხვედრამდე, რის გამოც მზად არის, სულ მცირე ამ ეტაპზე, თავიდან აიცილოს ესკალაცია და მოქნილობა გამოიჩინოს.

    მოკლევადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით თუ ნავთობის ფასები მართლაც დაბრუნდება ომამდელ დონეზე, ტრამპს შეუძლია არსებული ვითარება საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს, თუმცა არსებობს ეჭვი, დაიჯერებს თუ არა ამას  სი ძინპინი .  თუმცა პეკინში აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას იმას, რამდენად სწრაფად და მკვეთრად ცვლის პრეზიდენტი პოზიციას გარემოებების მიხედვით.

    და თუ ირანმა მართლაც მიიღო გარანტიები იმ „ათი პრინციპის“ საფუძველზე, რომელზეც ტრამპმა ისაუბრა – ეს მეორეხარისხოვანი შედეგი კი არა, არამედ სტრატეგიული გამარჯვებაა თეირანისთვის, – მიიჩნევს სიტრინოვიჩი. ტრამპის განცხადება, რომ აშშ-მ „მიაღწია და გადააჭარბა“ ყველა სამხედრო მიზანს, შესაძლოა მხოლოდ მის ყველაზე ერთგულ მხარდამჭერებს დააჯეროს, რომელთა რაოდენობაც, როგორც ჩანს, მცირდება.

  • პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გვეყოლება უიტკოფი, კუშნერი.. შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც – ტრამპი

    პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გვეყოლება უიტკოფი, კუშნერი.. შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც – ტრამპი

    გაზეთ The News York Post-თან ინტერვიუში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა,  დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებებისთვის.

    “ადგილზე გვეყოლება უიტკოფი, კუშნერი. შესაძლოა, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც, არ ვიცი. ეს უსაფრთხოების საკითხია,” – განაცხადა ტრამპმა.

    ტრამპმა აღნიშნა, რომ   ირანის წარმომადგენლების პირისპირ მოლაპარაკებები “ძალიან მალე” გაიმართება.

  • მივესალმებით განცხადებას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ – კობახიძე

    მივესალმებით განცხადებას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ – კობახიძე

    „საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დეესკალაციას და წაახალისებს დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებას, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”,

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

  • ყველამ კარგად იცის, რა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში –  მათიკაშვილი ადეიშვილზე

    ყველამ კარგად იცის, რა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში – მათიკაშვილი ადეიშვილზე

    „ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საერთოდ ყოველგვარი მორალური სტანდარტიდან არის ამოვარდნილი. ქართველმა ხალხმა პირადად ამ ადამიანისგან, ზურაბ ადეიშვილისგან წლების განმავლობაში განიცადა უამრავი ტანჯვა, მიიღო ზღვა ცინიზმი და ცინიკური დანაშაულები. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მისგან და სააკაშვილისგან იყო შექმნილი სადისტური წამების რეჟიმი, მისგან და სააკაშვილისგან იყო შექმნილი მოცემულობა, როდესაც ადამიანის უფლებები საერთოდ არაფერს ნიშნავდა ჩვენს ქვეყანაში, ქუჩებში ახალგაზრდებს ხოცავდნენ, ციხეში პატიმრებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, ბიზნესს და მესაკუთრეებს ართმევდნენ ქონებას. ამ ადამიანს, ასე ცინიკურად, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ყოველგვარი პატივისცემის გამოხატვის გარეშე, ჯერ იყო და დაატარებდნენ ბრიუსელის, თუ ევროპის სხვა დედაქალაქების ადმინისტრაციულ შენობებში და ახლა ის უკრაინის კონკრეტული თანამდებობის პირი გახდა, ინტერპოლის შეფად დაინიშნა, თუ არ ვცდები. ცინიკურ-სასაცილო არ არის?! ადამიანი, რომლის მიმართაც უნდა იყოს ისეთივე მიდგომა – სამართლიანი, როგორიც საქართველოშია, უნდა იყოს მთელ მსოფლიოში. არ შეიძლება არსებობდეს ცხრაგვარი სტანდარტი და 16 სიმართლე. არსებობს ერთი სიმართლე და ეს იცის აბსოლუტურად ყველამ, ვინც ოდნავ მაინც არის დაინტერესებული, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში, მაგრამ თვალებზე ხელებს იფარებენ, არ უნდა ამ ყველაფრის დანახვა უკრაინის ხელისუფლებას. რატომ?! იმიტომ რომ ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ზელენსკი აწარმოებს. სააკაშვილი გუბერნატორად ჰყავდათ დანიშნული, დღეს დამნაშავე პირი, მწამებელი და სადისტურ დანაშაულებში მხილებული პირი არის ინტერპოლის შეფად დანიშნული. [უკრაინის] ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და დღესაც აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად. ის, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ ჩვენი მეგობარი ხალხია უკრაინელები. დააკვირდით, რა გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს ხელისუფლება – უკრაინელ ლტოლვილებს შესაბამისი დახმარებები და ბენეფიტები უგრძელდებათ (ამას არავის ვაყვედრი, უბრალოდ მოცემულობაა), მიუხედავად იმისა, რომ პირადად ზელენსკის მხრიდან და ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან ხდება გაუგონარი თავდასხმა იმ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს“

    ამის შესახებ “ქართული ოცნების”” პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დანიშვნას გამოეხმაურა.

  • ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

    ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

    სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში გარეული ცხოველის მელიის პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა.   დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი.

    „მიმდინარე წლის 6 აპრილს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა.

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.

    დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები – ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.

    მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის სამი შემთხვევა.

    სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა) ცრის.

    ცოფის პრევენციისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველწლიურად აცრან საკუთარი შინაური ბინადარი ცხოველები (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგოდ; ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და სრულად აღმოფხვრაში“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა

    პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა

    საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლისძმას, ვასილ მხეიძესა და ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა. დღევანდელ  პროცესზე ბრალდების მხარემ სამივე მათგანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

    საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ერთ ბრალდებულთან – თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმდება. პროკურორ ანი ლეკიაშვილის განმარტებით, ღუდუშაურმა გამოძიებასთან პირველივე დღეებიდან ითანამშრომლა.

    დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ბურჭულაძის, ხაინდრავასა და მხეიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

    “ბრალდების მხარემ განიხილა საქმეში არსებული ინფორმაცია, განცხადებები, ბრალდებულების დამოკიდებულება – არსებობდა თუ არა მათი მხრიდან მზაობა, რომ გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება, მოცემულ შემთხვევაში პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მათ შორის, თანამშრომლობიდან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო ვლადიმერ ღუდუშაურთან. […]

    ფაქტობრივად, დასკვნით სიტყვებზე ვიყავით უკვე მოსულები, როდესაც მოგვმართეს [საპროცესოს გაფორმების თხოვნით]. ბრალდების მხარემ თქვა დასკვნითი სიტყვა, რომლითაც მოითხოვა მათ მიმართ არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა” – განაცხადა საქმის პროკურორმა, ანი ლეკიაშვილმა.

    ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც თავდაცვის უწყებას 2021-2024 წლებში ხელმძღვანელობდა, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია – სუს

    რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია – სუს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ცნობით, 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

    “საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • ბორჯომი-ბაკურიანის ე.წ. კუკუშკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება – კობახიძე

    ბორჯომი-ბაკურიანის ე.წ. კუკუშკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება – კობახიძე

    “ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელს, ე.წ. კუკუშკას, რომელიც  2020 წლიდან გაჩერებული იყო, ეაბილიტაცია ჩაუტარდება და ის მგზავრებს 2027 წლის იანვრიდან მოემსახურება.

    “ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკას რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მივიღეთ. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას – რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 შესაბამის სარკინიგზო სადგურს. გეგმის მიხედვით, მატარებელი მგზავრებს 2027 წლის იანვრიდან მოემსახურება”. – თქვა კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე.

  • პლასტმასის ბოთლებში სასმლის აკრძალვის რეგულაცია 4 წლით გადავადდება – კობახიძე

    პლასტმასის ბოთლებში სასმლის აკრძალვის რეგულაცია 4 წლით გადავადდება – კობახიძე

    “როგორც მოგეხსენებათ პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე გარემოს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით, ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

    თუმცა, ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციის შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.

    ბიზნესსექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე”

    განაცხადა, “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • ისრაელმა ირანში ხიდებსა და რკინიგზის მონაკვეთებს დაარტყა

    ისრაელმა ირანში ხიდებსა და რკინიგზის მონაკვეთებს დაარტყა

    ისრაელმა იერიშები მიიტანა,  ირანში ხიდებსა და რკინგზის მონაკვეთებზე. ინფორმაციას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს.

    მისი განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამ ინფრასტრუქტურას იარაღის დასამზადებელი პროდუქტების გადასატანად იყენებდა. მა ასევე აღნიშნა, რომ სამიზნე არა ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ მათი მთავრობაა.

    “ეს არ არის იგივე ირანი და არც იგივე ისრაელის. ჩვენ ძალთა ბალანსს პირველიდან მეორის სასარგებლოდ ვცვლით.” – თქვა ისრაელის პრემიერმა.