Blog

  • განათლების მინისტრის კომენტარები კერზაის გარდაცვალების საქმეზე, რომელსაც პარლამენტში ხმაური მოყვა

    განათლების მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების თემაზე ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა.

  • ჩუგოშვილმა მდინარაძეს მიკროფონი გამოურთო – ხმაური პარლამენტში

    ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ერთმანეთს დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციამ მინისტრ ბატიაშვილისგან კონკრეტული პასუხების გაცემა მოითხოვა, ამ პოლემიკაში კი “ქართული ოცნების” წევრი, მამუკა მდინარაძე ჩაერთო – დებატების რეჟიმით უკმაყოფილო ჩუგოშვილმა კი, კოლეგას მიკროფონი გამოურთო.

  • ტრამპის ოპონენტის სარკასტული აპლოდისმენტი

    ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას დემოკრატმა პოლიტიკოსმა, ნენსი მელონიმ საკუთარი სარკაზმი ტრამპის მიმართ ჟესტებით და აპლოდისმენტებით გამოხატა. ტრამპის საათნახევრიანი გამოსვლიდან, რომელშიც ის უამრავ თემას შეეხო, ინტერნეტში ყველაზე პოპულარული სწორედ ეს მონაკვეთი გახდა. სოციალური ქსელები წალეკა ნენსის აპლოდისმენტების კადრების მიხედვით დამზადებულმა მემებმა. პოლიტიკური ოპონენტი ტრამპს იმდენად თეატრალურად უკრავდა ტაშს, რომ სოციალურ ქსელებში ირონიის და სარკაზმის განსახიერებად მონათლეს.

    ვიდეო მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა ნახა და ეს მომენტი უკვე აღიარეს “წლის საუკეთესო აპლოდისმენტებად“.

  • მზიურში თოჯინების მუზეუმი აღარ აშენდება, ვერეს ხეობაში მშენებლობაზე ნებართვა გაუქმდა

    ვერეს ხეობაში ორი ობიექტის მშენებლობაზე ნებართვა გაუქმდა. თბილისის მერის თქმით, საუბარი იყო სულ 4 ობიექტის მშენებლობაზე, თუმცა არასწორად გაცემული ნებართვის გამო 2 ობიექტი ვერეს ხეობაში აღარ აშენდება.

    დღესვე ცნობილი გახდა, რომ მერიის გადაწყვეტილებით ბავშვთა ქალაქ მზიურში თოჯინების მუზეუმი აღარ აშენდება. პროექტი სხვა ტერიტორიაზე განხორციელდება, რადგან მერის თქმით, მზიურში მუზეუმის მშენებლობა კანონს ეწინააღმდეგებოდა.

    თბილისის მერმა დღეს თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკებამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კახა კალაძის, თქმით გზის საფარი 2.5 კილომეტრზე დაიგება და აშენდება ბეტონის დამცავი კედელიც. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია მარტში დაასრულებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 250 000 ლარამდე დაიხარჯება.

  • ოთარ ფარცხალაძის მიერ ყოფილი მთავარი აუდიტორის ცემის საქმე

    სასამართლო პროცესი, რომელზეც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმე უნდა განეხილათ, გადაიდო. საქმის არსებითი განხილვა სხდომაზე ოთარ ფარცხალაძის გამოუცხადებლობის გამო ვერ დაიწყო. პროცესის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს ფარცხალაძის ადვოკატმა, მიმართა. გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სურს, განხილვა მის გარეშე არ ჩატარდეს, რადგან საკუთარი უდანაშაულობა თავად უნდა დაამტკიცოს. ადვოკატი ამბობს, რომ ფარცხალაძეს აბსურდული ბრალი აქვს წარდგენილი და დაცვის მხარე მისი უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.

    ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო ბრალდება ლაშა თორდიას ცემას ედავება. 2017 წლის მაისში მაშინდელმა მთავარმა აუდიტორმა განაცხადა, რომ ღამის კლუბ “ელ ცენტროში” ფარცხალაძე დაცვის წევრებთან ერთად მას ფიზიკურად გაუსწორდა. თორდიას თქმით, თავდასხმა მის საქმიანობას უკავშირდებოდა, რადგან აუდიტის სამსახური დასკვნას ამზადებდა მერიის იმ მასალებზე დაყრდნობით, სადაც მიწის ჩანაცვლების ეპიზოდში ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებდა.

  • ჯასტინ ბიბერის და ჰეილი ბოლდუინის ფოტოსესია

    24 წლის ჯასტინ ბიბერმა და 22 წლის ჰეილი ბოლდუინმა პირველი ოჯახური ფოტოსესია მოაწყვეს. წყვილი ჟურნალ Vogue–ს ამერიკული გამოცემის მარტის ნომრის ყდაზე გამოჩნდება. თუმცა ქსელში უკვე მოხვდა ჟურნალის პირველი გვერდი, რომელზეც ბედნიერი წყვილია გამოსახული. ეს მათი პირველი ერთობლივი ფოტოსესიაა. ბიბერი ფოტოზე წელსზევით შიშველია, ჰეილი კი რომანტიულ თეთრ კაბაშია გამოწყობილი, რომელიც ძალიან გავს საქორწილო კაბას.
    გადაღებები მთელი დღე გაგრძელდა. ჯასტინისთვის და ჰეილისთვის ფოტოსესიაში მონაწილეობა უცხო არ არის და პროცესს მშვენივრად გაართვეს თავი. მათ რამდენჯერმე გამოიცვალეს სამოსი. მოდელი საცურაო კოსტუმშიც გადაიღეს, მომღერალი კი კლასიკურ ცისფერ ჯინსში. “ჰეილი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ჯასტინი კი ძალიან ბედნიერი იყო. ძალიან მხიარული ფოტოსესია გამოვიდა. ორივემ ბევრი იცინა “ – ყვებიან თვითმხილველები. ახალგაზრდა ვარსკვლავები ამბობენ, რომ მათი ოჯახური ცხოვრება მშვენივრად მიდის.
    წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად ოთხი თვის წინ გააფორმა. მათი ოჯახური ცხოვრების ზოგიერთი დეტალი საზოგადოებისთვის უკვე გახდა ცნობილი. ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ამბობენ, რომ მალე შეიძლება ბავშვიც გააჩინონ, რადგან ბავშვები ძალიან უყვართ. ჰეილი კი ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ დედობისთვის უკვე მომწიფდა. “მიყვარს ბავშვები და ერთი სული მაქვს როდის მეყოლება საკუთარი შვილი. ახლა ეს რეალობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. – განაცხადა მოდელმა.

    ჰეილი მსახიობ სტივენ ბოლდუინის შვილია. ის წარმატებული მოდელია და ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს. ჯასტინ ბიბერს წარსულში გახმაურებული რომანი ჰქონდა მომღერალ სელენა გომესთან. ისინი ბევრჯერ დაშორდნენ და შერიგდნენ. ბოლო დაშორებისასაც ფანებს მათი შერიგების იმედი ჰქონდათ, თუმცა ამაოდ.
    ამ დრამის ფონზე დაიწყო ჯასტინ ბიბერის და ჰეილის ურთიერთობა. საბოლოოდ კი ბიბერმა მას ხელი სთხოვა და ცოლად მიყვანა. ჯერჯერობით მათ უბრალოდ ქორწინება გააფორმეს. საზეიმო ცერემონიალი კი არ ქონიათ. ქორწილის გამართვას წყვილი მაშინ აპირებს, როცა ამის საშუალებას დატვირთული სამუშაო გრაფიკი მისცემს.
  • სოფიო კილაძე: ოკუპანტი ყოველდღიურად ანადგურებს მართლმადიდებლურ ძეგლებს, ხატებს და ფრესკებს

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ახალი პროექტის “რელიგიები საქართველოში” ფარგლებში დაბეჭდილ ფოტოალბომში თავმოყრილია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების საკულტო ნაგებობების, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სალოცავების ფოტოსურათები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

    ამავე წყაროს თანახმად, სოფო კილაძემ, თავის გამოსვლაში, საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის ხანგრძლივ ისტორიაზე ისაუბრა. ამავე კონტექსტში, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე ისაუბრა.

    “დღეს, როცა არაერთი სალოცავი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა მოქცეული, ოკუპანტი მხარე ცდილობს წაშალოს ქართული კვალი და ამისთვის ისინი ყველაზე ვანდალურ გზას მიმართავენ. ისინი ყოველდღიურად ანადგურებენ მართლმადიდებლურ ძეგლებს, ხატებს, ფრესკებს. სამწუხაროა, რომ მაშინ, როცა სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელ სასულიერო პირებს აქვთ შესაძლებლობა, გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამის უფლება არ ეძლევა მართლმადიდებელ ეკლესიას. აღნიშნულ შემთხვევაში, ეთნიკურთან ერთად, სახეზეა რელიგიური ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის ფაქტი”, ამბობს სოფო კილაძე.