Blog

  • დედამიწის “სახიფათო დაბერება“. ხანდაზმულთა რაოდენობამ ბავშვებისას გადააჭარბა

    კაცობრიობის ისტორიაში პირველად დადგა მომენტი, როცა მსოფლიოში უფრო მეტი მოხუცია, ვიდრე პატარა ბავშვი. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და ჩვენი პლანეტისთვის?

    გაეროს მონაცემებით 2018 წლის ბოლოს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც 65 წლიან ზღვარს გადააბიჯეს იმ ადამიანების რიცხვზე მეტი აღმოჩნდა, ვისაც ჯერ 5 წელი არ შესრულებია.

    დედამიწაზე ამჟამად 65 წლის ასაკს გადაცილებული დაახლოებით 705 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 680 მილიონ ადამიანს კი ჯერ 5 წელი არ შესრულებია.

    ამჟამინდელი ტენდენციები აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის ეს სხვაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება – ყოველ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვზე ორზე მეტი 65 წელს გადაცილებული ადამიანი იქნება.

    ეს ტენდენცია დემოგრაფებმა დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს და მუდმივად ადევნებენ თვალს: ქვეყნების უმრავლესობაში ადამიანები სულ უფრო დიდხანს ცოცხლობენ და სულ უფრო ნაკლებ შვილებს აჩენენ.

    როგორ აისახება ეს ჩვენზე, ან როგორ აისახა უკვე?

    ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორის, კრისტოფერ მარეის განცხადებით ის, რომ 65 წელს გადაცილებული ადამიანების რიცხვი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე ბავშვების, ძალიან გაართულებს მსოფლიო საზოგადოების “ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას“.


    მარეი ავტორია 2018 წლის კვლევისა, რომელშიც ის ვარაუდობს, რომ მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობას “შობადობის გაბანკროტება ემუქრება“. ქვეყნების უმრავლესობაში არასაკმარისი ბავშვი იბადება საიმისოდ, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა ამჟამინდელ ნიშნულზე შენარჩუნდეს.

    “წარმოიდგინეთ ყველა ღრმა სოციალურ და ეკონომიკურ შედეგზე, რომლებიც საზოგადოებას დაემუქრება, სადაც უფრო მეტი ბებია და ბაბუა იქნება, ვიდრე შვილიშვილი“– ამბობს ის.

    მსოფლიო ბანკის მონაცემებით 1960 წელს შობადობის კოეფიციენტი მსოფლიოში დაახლოებით ერთ ქალზე ხუთი ბავშვი იყო.
    თითქმის 60 წლის შემდეგ ის ორჯერ შემცირდა და 2.4 შეადგინა.

    ამავე დროს სოციალურ–ეკონომიკური და სამედიცინო–ტექნოლოგიური განვითარება თანამედროვე ეპოქაში დაბადებულთათვის სიცოცხლის გახანგრძლივების გზა აღმოჩნდა. თუ 1960 წელს ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52 წელი იყო, 2017 წელს საშუალო ხანგრძლივობამ 72 წელი შეადგინა.
    ეს იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ასაკში სულ უფრო მეტი რესურსები გვჭირდება. საპენსიო სისტემაზე და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა იზრდება.
    მოსახლეობის დაბერების პრობლემა მწვავედ დგას განვითარებულ ქვეყნებში. იქ, როგორც წესი შობადობა დაბალია. ამის მიზეზი ძირითადად ეკონომიკაა: ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია, შობადშობაზე კონტროლის საშუალებები ხელმისაწვდომი, ბავშვის გაჩენა და გაზრდა კი საკმაოდ ძვირი.
    ასეთ ქვეყნებში ქალები ხშირად გვიან ასაკში აჩენენ შვილებს და ამიტომაც ნაკლები შვილები ყავთ.
    ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტები კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. საუკეთესო მაგალითი იაპონიაა, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია, მოსახლეობის 27 % კი 65 წელს გადაცილებულია, რაც ასევე მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 5 წელზე მცირე ასაკის მოსახლეობა კი გაეროს მონაცემებით 3.83%–ს შეადგენს.
    ეს ციფრები იაპონიის ხელისუფლებას დიდი ხანია აწუხებს. გასულ წელს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აპირებს საპენსიო ასაკი 65–დან 70 წლამდე გაზარდოს. ასეთი მაღალი საპენსიო ასაკი მსოფლიოში არსად არის.
    დისბალანსი, რომელზეც უკვე მოგახსენეთ განვითარებად ქვეყნებსაც ემუქრება. ჩინეთში ხანდაზმული ადამიანების რიცხვი უფრო მცირეა, ვიდრე იაპონიაში (მოსახლეობის 10%), თუმცა შობადობის კონტროლის მკაცრი ზომების გამო, რომლებიც 1970 წელს შემოიღეს, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას შედარებით დაბალი შობადობის კოეფიციენტი აქვს – საშუალოდ 1.6 ბავშვი ერთ ქალზე. 5 წლამდე ბავშვების რაოდენობა კი ჩინეთში 6 პროცენტია.
    ბავშვების რაოდენობა ცხოვრების ხარისხის წინააღმდეგ
    ქვეყნებს შორის, სადაც შობადობა მაღალია აფრიკის ქვეყნები დომინირებენ. მაგალითად ნიგერია, მსოფლიოს “ყვველაზე ფერტილური ქვეყანაა“. 2017 წელს იქ საშუალოდ ერთ ქალზე 7.2 ბავშვი მოდიოდა. თუმცა იგივე ქვეყნებში მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ნიგერიაში 1000 ახალდაბადებულიდან 85 იღუპება.
    კვლავწარმოების კოეფიციენტი

    დემოგრაფებისთვის 2.1 მაგიური ციფრია. ითვლება, რომ შობადობის ასეთი კოეფიციენტი საკმარისია იმისათვის, რომ მოსახლეობა არ შემცირდეს.
    გაეროს ბოლო მონაცემებით ეს ბალანსი მხოლოდ მსოფლიოს 113 ქვეყანაში არსებობს.
    მკვლევარები მიუთითებენ, რომ ქვეყნებში, სადაც ბავშვთა სიკვდილიანობა მაღალია და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაბალი, აუცილებლად ესაჭიროებათ 2.3 კოეფიციენტი, თუმცა ამ ზღვარს მხოლოდ მათი ნაწილი აღწევს.
    ბევრ ქვეყანაში შობადობის შემცირების გამო მოსახლეობის რაოდენობა სავარაუდოდ მნიშვნელოვნად დაიკლებს, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის მოსახლეობა ზოგადად იზრდება და ვარაუდობენ, რომ 2024 წლისთვის 8 მილიარდს მიაღწევს.
    ერთ–ერთი ყველაზე ექსტრემალური მაგალითი რუსეთია: შობადობის კოეფიციენტი ამ ქვეყანაში 1.75ს შეადგენს და რამდენიმე ათწლეულში სავარაუდოდ მისი მოსახლეობა მკვეთრად შემცირდება.
    გაეროს გათვლებით 2050 წელს რუსეთის მოსახლეობა ამჟამინდელი 143 მილიონის ნაცვლად 132 მილიონი იქნება.
    გავლენა ეკონომიკაზე
    შემცირებადი და ხანდაზმული მოსახლეობა პირველ რიგში შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირებას ნიშნავს, რაც თავის მხრივ პროდუქტიულობის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის შენელებას იწვევს.
    გასული წლის ნოემბერში სავალუტო ფონდმა დაწერა გაფრთხილება, რომ მოსახლეობის დაბერების გამო იაპონიის ეკონომიკა შემდგომი 40 წლის განმავლობაში შესაძლოა 25%–ით შემცირდეს.
    ოქსფორდის უნივერსიტეტის მოსახლეობის დაბერების ინსტიტუტის დირექტორის, ჯორჯ ლისონის განცხადებით დემოგრაფიული სიტუაცია ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე მოქმედებს.
    შეძლებს თუ არა ტექნოლოგიები პლანეტის მოსახლეობის დაბერებით გამოწვეული უარყოფით ეფექტს მოერიოს.
    ოჯახი და პოლიტიკა
    ერთ რამეზე სპეციალისტები თანხმდებიან: ხელისუფლებებმა უნდა იმოქმედონ, რომ “დაბერების პრობლემა“ მოაგვარონ.
    ჩინეთმა 2015 წელს “ერთი შვილის პოლიტიკის“ გადახედვა დაიწყო და 2018 წელს მიანიშნა, რომ ერთ წელიწადში ყველა შეზღუდვა მოიხსნება. თუმცა სიტუაციას ამან შეიძლება ვერ უშველოს. 2018 წელს ჩინეთში სულ 15 მილიონი ბავშვი დაიბადა. ეს არის ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
    ჩინელი მეცნიერები შობადობის ასეთი შემცირების მიზეზად რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობის შემცირებას თვლიან, გარდა ამისა, ახალგაზრდა ოჯახები ბავშვის გაჩენას ფინანსური მოსაზრებებით არ ჩქარობენ. განსაკუთრებით ის ოჯახები, სადაც განათლებამიღებულ ქალებს არ სურთ ტრადიციული როლით დაკმაყოფილდნენ.
    ასაკი და ჯანმრთელობა
    დემოგრაფები და ექსპერტები გვაფრთხილებენ: დაბერებული მოსახლეობის ეფექტის შესამსუბუქებლად სახელმწიფომ ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს.
    ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ მეტ ხანს იყვნენ შრომისუნარიანები, გარდა ამისა ეს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ამცირებს.
    თანაც, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტები ამბობენ, იმ ქვეყნების ეკონომიკებში, სადაც ქალები მამაკაცების თანასწორად შრომობენ, ვარდნები უფრო იშვიათია. სამუშაო ძალაში რაც მეტი წილი უკავიათ ქალებს, მით უფრო მდგრადია ეკონომიკა.
  • აიკრძალება თუ არა ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში, მეპატრონეების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან

    მთავრობის ადმინისტრაციასთან ელექტრომობილების მეპატრონეებმა აქცია გამართეს. ისინი ბათუმიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

    აქციის მონაწილეები ბათუმის საკრებულოს 5 მარტის დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილების მოძრაობა იკრძალება.

    ეს გადაწყვეტილება  ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.

    ელექტრომობილების მეპატრონეები ნებართვის გაცემას მოითხოვენ,რადგან მათი ძირითადი შემოსავალი ელექტრომობილებით ტურისტების მომსახურებაა.

    შეგახსენებთ, რომ ბათუმის  ბულვარში და ასევე პარკში ელექტროტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება, ახალი რეგულაცია 1 მაისიდან ამოქმედდება.

    ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ  აკრძალვის წესი საერთაშორისო ქვეყნების გამოცდილების მიხედვით შემუშავდა და აღნიშნული დადგენილება ბულვარში უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

    ტურისტულ სეზონზე ბათუმის ბულვარში, ელექტრომობილებით გადაადგილების შედეგად, არაერთი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.

  • თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილი დაიწვა

    თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილი დაიწვა. ცეცხლი “კია”-ს მარკის მსუბუქ ავტომობილს გაუჩნდა.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ავტომობილში მყოფმა  მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო. უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი. ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხერხდა.

  • ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

    ფოთში გვიან ღამით, მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა,  ბოძი კი ქვეითად მოსიარულეს დაეცა. დაშავებულია 2 პირი, მათ შორის  მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი.

    დაშავებულები ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში  არიან გადაყვანილები.

    ექიმების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, მისი მდგომარეობა შედარებით  სტაბილურია.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • პანკისში დაშავებული 16 პირი საავადმყოფოში იმყოფება

    პანკისის ინციდენტის შედეგად დაშავებული 16 პაციენტი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში  რჩება.

    ექიმების ინფორმაციით, მათი უმეტესობა პოლიციელია.  მათ დაზიანებები თავის არეში მიიღეს.

    ამ ეტაპზე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება  40-ზე მეტ დაშავებულს დასჭირდა.

  • უკრაინაში ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს

    უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80% დათვლილია. საპრეზიდენტო კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს.

    ამ ეტაპზე პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს.

    შედეგები უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. 

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 2.32% გაბათილლდა. 

  • “სახელმწიფომ გადააბიჯა დიქტატის ზღურბლს“! “ნუ აწიოკებთ ხალხს!“ პანკისის სპეცოპერაციის შეფასებები

    პანკისში განვითარებული მოვლენების პარალელურად მთელი დღის მანძილზე პროცესს სოციალურ ქსელში აფასებდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები, ჟურნალისტები. გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას:

    გია ნოდია. პოლიტოლოგი

    “სულ არ მიმაჩნია ჰესების მშენებლობა კაცობრიობის წინაშე დანაშაულად და არ მგონია, რომ მათ წინააღმდეგ მოპროტესტე ხალხი ყოველთვის მართალია.

    მაგრამ მაინცდამაინც პანკისში 5-მეგავატიანი ჰესის მშენებლობის გამო რომ აგზავნი სპეცრაზმს, ცოტა ჭკუა ხომ უნდა გქონდეს?

    ძირეული პრობლემაა, რომ ქვეყანას არ ჰყავს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ერთ კაცს მოეკითხება, რომელსაც პოლიტიკა არც ესმის და არც აინტერესებს. დანარჩენი ტექნიკური „სტაფია.“

    ირაკლი ოქრუაშვილი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი

    “ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო უგნური მმართველებისაგან. დანარჩენს ჩვენ თვითონ მოვერევით.“

    არჩილ გამზარდია. ექსპერტი

    “დღევანდელმა ხელისუფლებამაც ისევე გადააბიჯა დიქტატის ზღრუბლს, როგორც მისმა წინამორბედმა. 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მეთოდებამდე მივიდა პრაქტიკულად “ქართული ოცნება” პანკისში. არსებობს რამე, რაც ამართლებს ხელისუფლების სისასტიკეს საკუთარი მოქალაქეების მოიმართ? – არა.

    როდესაც არც საკუთარ მოქალაქეს ეკითხები, საიდან აჰყარო და სად გადააცხოვრო, როდესაც არ ეკითხები, რა სურს, რა არ სურს და ძალით და სისასტიკით ახვევ კერძო ინტერესებს თავს – საბჭოური დიქტატის მეთოდებია ეს და ხელისუფლება უკვე გადადის სისასტიკის რეჟიმშიც, რაც აქამდე არ ჰქონია.

    როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” ზონდერ ბრიგადებიც კარგად შემოუნახავს წინა ხელისუფლებისგან, რეზინის ტყვიებიც, ხელკეტებიც და ცრემლსადენის გაზიც“

    თამარ ჩერგოლეიშვილი. ტაბულას დირექტორი

    “შს მინისტრს ვინმემ აუხსნას, რომ დები და ძმები კი არა, ერთი ქვეყნის თანასწორი მოქალაქეები ვართ.

    არაა საჭირო ეს სახიფათო კონოტაციები – თითქოს ერთი ტომის წარმომადგენელი, მეორეს მიმართავს.“

    სალომე ასათიანი. ჟურნალისტი

    რამდენჯერ უნდა გვანახონ ახლა ეს პიესა, ერთი და იმავე დრამატურგიული ხაზით – სახელმწიფო ჯერ საკუთარ მოქალაქეებს რეპრესიული აპარატებით უპირისპირდება და მუსკულებს აჩვენებს სრულიად უადგილოდ, მერე კი, შუა დაძაბულობაში, სცენაზე გამოდის შსს მინისტრი და თავისი მწირი მაგრამ ძაან “ქულ” რიტოროკით უცებ “დაალაგებს” თუ “განმუხტავს” საქმეს? სერიალია? თუ ის სპექტაკლი,რა ერქვა – “ისევ ვოდევილები”?? თავიდანვე რომ არ მიიყვანონ საქმე აქამდე და უცებ არ შემოაწვეთ ხოლმე ადამიანებისთვის ძალის დემონსტრირების სურვილი, არ გამოვა ხომ არაფრით?

    ლევან ლორთქიფანიძე. პოლიტოლოგი

    “სასამართლოში დავა მიმდინარეობს, ხეობის ხალხს განხილვების გაგრძელებას შეპირდნენ.

    მოლაპარაკებებზე, განაჩენის მოლოდინზე, კონსენსუსის, შეთანხმების ძიებაზე უარი თქვეს და პოლიციით, სპეცრაზმით შევარდნენ ხეობაში.

    ველურებო, ტყიდან გამოვარდნილებო 5 მეგავატის გამო, ნუ აწიოკებთ ხალხს!!!“

    თენგო გოგოტიშვილი. ჟურნალისტი


    ბ-ნო ბორის:
    1. ორი თვის განმავლობაში თქვენი მინისტრები რისთვის დადიოდნენ პანკისში? ცქიტიშვილი, ციხელაშვილი, თურნავა, სხვები და სხვები – ამ ყ@@@ბის მოსაწყობად?
    2. პანკისი რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავდება ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, არავინ გითხრათ?
    3. პოლიციის სპეცრაზმის წვრთნაში მიტინგის დაშლა აღარ შედის? თუ შედის, ამათ მომზადებსა და დაგეგმვისა რა ეტყობათ?
    4. ისევ ელოდებით, როდის “მოიღლებიან” და ნებით დაიშლებიან? ვერ ხვდებით, რომ არ იქნება ასე?
    5. არ გენიშნათ, რომ ძალიან სწრაფად გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები? და ვერ ხვდებით, რომ, თუ მეტ ლეღვობას ჩაიდენთ, სხვა რამეც გამოჩნდება?
    6. თქვენი მეორე სამშობლოს სპეცსამსახურებს არ გაუფრთხილებიხართ, რომ მანდ არიან ადამიანები, ვინც 20 წლის წინ ერთ ღამეში ღრუსების სატანკო პოლკი ასანთივით დაწვა და ამ პიკაპებით ვერ შეაშინებთ?
    7. არავის უთქვამს, რომ მანდ არეულობას ყველაზე დიდი სიხარულით პუტინი და კადიროვი ელოდებიან? პატარა მსხვერპლი და თავისი სისხლისა და ხორცის (შეიძლება მოქალაქეებისაც) დასაცავად აქ იქნებიან
    8. ან იქნებ, პუტინის მაგალითით, თქვენი რეიტინგული კრიზისის მოსაგვარებლად “მალენკი და პაბედონოსნი” ომი გჭირდებათ და ფიქრობთ, რომ ყურადღების გადატანა პანკისურ საფრთხეზე რამენაირად გიშველით?
    9. მაჩალიკაშვილი არ გყოფნიდათ?
    10. თქვენი წინამორბედების შეცდომებით ვერაფერი ისწავლეთ?
    11. პოლიციელებისა და ქისტების ერთდროული დამცირებით რა მოგება გაქვთ?
    12?
    13. ?

    ხათუნა ლაგაზიძე. ექსპერტი

    1. 1. სამართალდამცავებზე თავდასხმა არაფრით “არ პრავდება”, თორემ სახელმწიფო დაგვემხობა თავზე და ეს არ ეპატიება საქართველოს არც ერთ მოქალაქეს: არც პანკისის ხეობიდან, არც არც ივრის ჭალებიდან და არც კოლხეთის სანახებიდან;
    2. თუ სვანეთის ან პანკისის მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს პრობლემები აქვთ, ეს ჩვენი საერთო პრობლემებია და მათ არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი მარტონი არიან საკუთარ პრობლემებთან. ასე რომ, სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენც გვაქვს, საზოგადოებას – სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირის – დამოკიდებულებას რომ ვერ გავცდით;
    3. ხელისუფლებამ იცოდა, რომ ჰესის მშენებლობის დაწყებას პრობლემები მოჰყვებოდა, ამიტომაც გააყოლა თავიდანვე პოლიციის რაზმი;
    4. ამიტომაც, ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და აუცილებლად პასუხი უნდა აგოს მან, ვინც სახელმწიფო ამ პროვოკაციაზე წამოიკიდა ანუ ვინც პანკისიდან სწორი ინფორმაცია არ ჩამოიტანა დედაქალაქში;
    5. ეს იმის ბრალია, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ და არ ისწავლა დიალოგი საკუთარ მოსახლეობასთან და სულ უფრო უჯდება ძვალ-რბილში დაუსჯელობის სინდრომი;
    6. შესაბამისმა სტრუქტურებმა ყურადღებით უნდა შეისწავლონ “ლაივ” ჩართვების კადრებში ისმოდა თუ არა ცალკეული, სხვადასხვა ტიპის მოწოდებები რუსეთთან ურთიერთობის თუ რუსული იარაღის შესახებ;
    7. გადახედეთ რუსული მედიის გამოხმაურებებს დღეს განვითარებულ მოვლენებზე და დავფიქრდეთ, ის რაც დღეს მოხდა იწყება და მთავრდება თუ არა ჰესით;
    8. იქნებ ახლა მაინც მიხვდეს „ოცნებებში“ ჩარჩენილი ხელისუფლება, რომ – თუ სახელმწიფო გინდა იყო და არა დუქანი – აუცილებლად გჭირდება უსაფრთხოების სისტემისთვის ისეთი ფუძემდებლური დოკუმენტები, როგორიცაა საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და ა.შ. უბრალოდ, ელემენტარულია, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფოს სჭირდება უსაფრთხოების გამოწვევების სისტემატიზაცია;
    9. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად დაძრული გაფხორილ-გასნობებული ქართული ბიზნესი: პანკისში სოციალური პროგრამების დაფინანსება დაიწყოთ ის დროა, სანამ თავზე დაგმხობიათ ქვეყნის სტაბილურობა და თქვენი გაბღენძილი ბიზნესებიც;
    10. პასუხისმგებლიანი იყო გრიგოლ ვაშაძის გამოსვლა;
    11. ასევე, პასუხისმგებლიანად იმუშავა მედიამ;
    12. ამჯერად გახარიამ კვლავ შეძლო სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ სანამ უნდა იყოს ეს ხელისუფლება თავის მიერვე დანთებული ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმში?! დიდხანს ვეღარ გაუძლებს ვერც ხელისუფლება და ვერც ქვეყანა ასეთ რყევებს.

    გოგი გვახარია. კინომცოდნე

    “ბზობა დღეს პანკისის დარბევა იმას ჰგავდა კომუნისტები აღდგომის ღამეს კინოებს რომ უჩვენებდნენ ხალხი ეკლესიაში რომ არ წასულიყო.
    მერე ეს არ იკმარეს და ”ლოცვის ფოტო” გაავრცელეს პირველ არხზე, აი ასე ლოცულობს ეს ხალხიო. იფიქრეს ყველაფერს ხუთიანზე დავასრულებთ და არ იქნება არანაირი პროტესტი, ვის სცალია ახლა პანკისისთვისო. მაგრამ სხვა დროა ბატონებო, სხვა. პირდაპირ ეთერში ვუყურეთ დარბევას. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოგიხდათ გეთქვათ ”ბოდიში”..

    იაგო ხვიჩია. გირჩი

    “საპროტესტო აქციების დროს ხშირად ხდება შეტაკება მოქალაქეებს და პოლიციელებს შორის.
    ხან მოქალაქეები ილახებიან, ხან პოლიციელები, უფრო ხშირად ორივე, ისევე როგორც დღეს.
    ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი არსებობს, დუღილის ტემპერატურის დაწევა და კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა.
    ეს რომ მოხდეს აუცილებელია, კონფლიქტის მონაწილეებმა იცოდნენ, რომ ჩხუბის გამო მათ გასამართლება და ციხეში წასვლა არ მოუწევთ.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ პოლიციელს ისინი შეხედავენ როგორც მტერს, რომელიც მათ დაჭერას უპირებს და თუ ასეთი ადამიანი ბევრია, ისინი მობილიზებული არიან, რომ ნებისმიერი გაუგებრობის დროს ისევ ერთად დადგნენ და ერთმანეთი დაიცვან.
    ეს ძალიან ბუნებრივი და ადამიანური ამბავია, მაგრამ თან საშიში კონფლიქტის წყაროა.ამიტომ ასეთი მასობრივი შეხლა შემოხლის დროს თუ პოლიციას სიტუაციის განმუხტვა უნდა (და უნდა უნდოდეს), კონფლიქტის მონაწილეებს დაჭერით კი არ უნდა ემუქრებოდეს, არამედ სთავაზობდეს შერიგებას და ერთობლივი გამოსავლის პოვნას.
    ,,ფორმიანს ხელი როგორ დაარტყი ბიჭო” არის საბჭოთა პოლიციის მორალს მორგებული მიდგომა, რადგან ფორმიანიც და უფორმოც ერთმანეთის მტრები კი არა ამ ქვეყნის შვილები არიან, რომელთაც სისტემის (შეიძლება კანონისაც) წაქეზებით იჩხუბეს და უნდა შერიგდნენ, ოღონდ მართლა უნდა შერიგდნენ.დაკავების მუქარა ამ პროცესს შეუძლებელს ხდის.
    ამიტომ სჭირდება ახლა ყველა ნაბიჯს დაფიქრება და წყენის და გაბრაზების გვერდზე გადადება, რაც ჩემი აზრით, პოლიციის, როგორც პროფესიის სამუშაო აღწერილობაში უნდა შედიოდეს.
    ამას უნდა ითხოვდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქე მისგან და არა იმას, რომ მუნდირის დაცვის მოტივით, ხელახლა გააღვივონ კონფლიქტი.
    ამიტომ არ ზიან ციხეში, სხვადასხვა აქციის დროს მოჩხუბარი ხალხი (ნახევარი პარიზი უნდა იჯდეს) და ამიტომ არ თვლის ამას არავინ ნორმალურ ქვეყანაში პოლიციელის სისუსტედ.“
  • „კავკასიური სახლი“ აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მიერ პანკისის აწიოკებას

    კავკასიური სახლი პანკისში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით აპროტესტებს სათაურით – „კავკასიური სახლი“ აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მიერ პანკისის აწიოკებას
    გთავაზობთ განცხადების ტექსტს სრულად:
    „კავკასიური სახლი“ აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მიერ პანკისის აწიოკებას: იქ სპეციალური რაზმების შეყვანას,
    ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას, მოსახლეობის მასიურად მოწამვლასა და დარბევას! ჩვენ ვგმობთ ამ აღვირახსნილ ძალადობას!
    როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გავლენიანი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს, მართლაც აგონიაშია და ეს აგონია სულ უფრო დამღუპველი ხდება ქვეყნისთვის.
    პარლამენტში წარმოდგენილი მილიონერთა კლასი და მთავრობაში განფენილი ბიზნესჯგუფები საქართველოს დედაქალაქსაც და რეგიონებსაც, ჩვენს უნიკალურ ბუნებას (რომლის მეტი, მათი წყალობით, აღარაფერი დაგვრჩა) თავიანთი უსასრულოდ გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებად განიხილავენ და სხვა არაფრად.
    ამ თვალსაზრისით, ქვეყნისთვის ყველაზე საშიში ის ე.წ. ენერგეტიკული პოლიტიკა იქცა, რომელიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო და „ქართულმა ოცნებამ“ გააათმაგა; პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ლამის ყველა მდინარისა და შენაკადის გაყიდვა-დაგუბება -მოსპობას ითვალისწინებს.
    პარლამენტში გაჩაღებული ღრიანცელით, გაუთავებელი შეხლა-შემოხლით, ტელევიზათა ტრადიციული კორიდებითა და სხვა საშუალებებით იჩქმალება მთავარი ისტორიული დანაშაული: საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების მზარდი გაჩანაგება ფინანსური კლანების მიერ „აღმშენებლობისა“ და „ეკონომიკური პროგრესის“ სახელით !
    დიდი ხანია, ჩვენი მოქალაქეების პროგრესული ნაწილი, მიუხედავად მასობრივი უმუშევრობისა და სიღატაკისა, დაღლილობისა და გამოფიტვისა, რაც თავს დაგვატეხეს წინა და ახლანდელმა ხელისუფლებებმა, – აპროტესტებს საქართველოს მდინარეების გაყიდვასა და დაგუბების გეგმას, ბუნების მომსპობი, უზარმაზარი, ხიფათების შემცველი გიგანტური ჰესების მშენებლობას! მაგრამ აგონიაში მყოფი, მატყუარა „ოცნება“, თავისი სიძაბუნისა და ეკოლოგიური გაუნათლებლობის დასაფარავად სულ უფრო ხშირად მიმართავს არაპროპორციული ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც თავის საცხოვრისს: თავისი შვილების სიცოცხლეს, თავის სახლკარსა და ბუნებას იცავს მისი მსახვრელი ხელისაგან.
    რამდენიმე თვის წინ სპეცრაზმი შეიყვანეს გმირ სოფელ ხაიშში, რომელიც უკვე 30 წელია ებრძვის ტექნოკრატიულ ტერორს და არ ანებებს სვანეთის წყალში ჩაძირვას.
    დღეს კი, ბზობას, დიდ ქრისტიანულ დღესასწულზე მთელი პანკისი დააწიოკეს (რაც ბუნების ცნობილი მტრის, ჩლუნგი და მტაცებლური ტექნოკრატიის დედოფლის ქ-ნ თურნავას ეკონომიკის მინისტრად „აღსაყდრებას“ უნდა უკავშირდებოდეს).
    „ქართულო ოცნებავ“ ! კარგა ხანია, ხალხი ყველანაირი ოცნებების სამარედ აღგიქვამს!
    შენ უკვე ისტორიული დამნაშავე ხარ! ბავშვების მასობრივი შიმშილისა და სიკვდილიანობის გამო! ყოვლად დაუცველი მეშახტეებისა და მუშების მასობრივად მოსპობის გამო! იმის გამო, რომ ყველანაირად ხელს უწყობ ახალგაზრდების გადაკარგვას საკუთარი სამშობლოდან! საყდრისის გამო! ზნეობრივი და სამართლებრივი პრინციპების ფუნდამენტური გამრუდების გამო!
    შენთან ხალხი აღარ არის. შენ ახლა მხოლოდ იარაღს, ხრიკებსა და ფულს ფლობ. ძალიან გაღატაკდი და ღმერთის, საკუთარი ხალხისა და ბუნების წინააღმდეგ მიდიხარ! ეს კი როგორ მთავრდება, წესით უნდა იცოდე. მთავარია, ქვეყანამ რაიმენაირად გაძლოს.
    ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პანკისელ, სვან, ლეჩხუმელ, აჭარელ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი ძალებით იბრძვიან მშობლიური კუთხეებისა და ამდენად, მთელი საქართველოს გადასარჩენად!
    მოვუწოდებთ ყველას სიტყვით და საქმით დავუდგეთ გვერდით ამ გმირ ხალხს!

  • უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გახდა. პირველი რეაქციები

    არჩევნებში დამარცხებული მოქმედი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ეგიტპოლების შედეგების გახმაურებისთანავე საკუთარ შტაბში სიტყვით გამოვიდა და ზელენსკის გამარჯვება აღიარა.
    “მზად ვარ მხარი შევუდგა ზელენსკის, დრო დავხარჯო, რომ ის საქმის კურსში ჩავაყენო.“– განაცხადა მან. პოროშენკომ პირობა დადო, რომ ოპონენტს მალე დაურეკავ სდა გამარჯვებას მიულოცავს. პეტრე პოროშენკო პირობას დებს, რომ ახალ პრეზიდენტს ძალიან ძლიერი ოპოზიცია ეყოლება.
    “ვიბრძოლებ უკრაინისთვის და მინდა განვმარტო რატომ: იმიტომ რომ ჩვენმა გუნდმა უნდა დაიცვას ის მიღწევები, რომლებიც ჩვენ უკრაინელ ხალხთან ერთად ბრძოლით მოვიპოვეთ უკიდურესად მძიმე პირობებში ამ ხუთი წლის განმავლობაში.“
    თავისი გამოსვლა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დაასრულა სიტყებით: “ღმერთო, დაიფარე უკრაინა“.

    გამარჯვებული ზელენსკი ეგზიტპოლების გამოცხადებას საკუთარ შტაბში ცოლთან ერთად შეხვდა. ის გამარჯვებას თვალცრემლიანი შეხვდა.

    “ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. მადლობს ვუხდი ყველას. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მშობლებს მათი მხარდაჭერისა და იმისათვის, რაც გადაიტანეს. მადლობა ჩემს ცოლს ძალისა და გამძლეობისთვის. ის ყველაფერი რომ სცოდნოდა, რასაც ჩემზე ამ კამპანიის დროს ამბობდნენ, ცოლად არ გამომყვებოდა.“– განაცხადა ზელენსკიმ და ასევე მადლობა გადაუხადა მთელ შტაბს, მოხალისეებს, დამკვირვებლებს, უკრაინას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა და პირობა დადო, რომ მათ იმედს არასოდეს გაუცრუებს.

    მან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებსაც მიმართა: “მე ჯერ ოფიციალურად არ ვარ პრეზიდენტი, თუმცა მინდა მივმართო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს: შემოგვხედეთ, ნახეთ – ყველაფერი შესაძლებელია.“

    რუსეთის რეაქცია:

    “ეგზითპოლები გვიჩვენებს, რომ უკრაინის მოქალაქეებმა ხმა მისცეს ცვლილებებს. ახლა ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის ჯერია გაიგოს და რეალიზება გაუკეთოს ამომრჩეველთა იმედებს. ეს ეხბა რა თქმა უნდა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. უკრაინის ისტორიაში საპასუხისმგებლო ეტაპია“– განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.
    “იმედი გვაქვს, რომ ზელენსკი ნაბიჯებს გადადგამს დონბასელი ხალხიის მიმართულებით, მინსკის შეთანხმების შესასრულებლად.“– განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა. ის დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური გამოცდილების არქონა ზელენსკის ხელს არ შეუშლის.
    რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ–ს კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი კი ამბობს, რომ რუსეთის პარლამენტი განაგრძობს მუშაობას დადგენილებაზე უკრაინის არჩევნების არცნობის შესახებ. მისი განხილვა ჯერ დუმაში ჯერ კიდევ კენჭისრამდე დაიწყეს.

    ეგზიტპოლების შედეგებით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკიმ  73,7%, პეტრე პოროშენკომ კი ხმების  26,3% მიიღო.

  • პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერდა

    პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა  დროებით შეჩერებულია. დღეს პანკისსში განვითარებული მოვლენების გამო ხეილისუფლებამ განაცხადა რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ახალი პროექტის განხორციელებას მხარს არ დაუჭერს მაშინ ჰესის აღარ აშენდება. 

    როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დღეს განვითარებული მოვლენების დროს ისინი იძულებულნი იყვნენ რომ თავი დაეცვათ, რადგან  შეტაკებების პროვოცირება სწორედ სამართალდამცავებმა მოახდინეს. 

    „ორი ჰესი გვაქვს, პატარა და დიდი. მეტი რად უნდა ამ პატარა ხეობას. რატომ სხვაგან არ აკეთებენ ამ ჰესებს. გააკეთონ ალვანში გადასასვლელთან? რაღა ამ პანკისის ხეობას დაშურდნენ. ალბათ უნდათ ჩვენი გასახლება აქედან. ბარემ დაგვბომბონ. თქვენც დაისვენებთ, ჩვენც დავისვენებთ. ლოგინშიც ხომ გვხრეტავენ ესენი, ბარემ დაგვბომბონ, ჩვენც დავმშვიდდებით და ეს ხელისუფლებაც დაისვენებს,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.