Blog

  • “ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი და ვდგევარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას“– ნინო სუხიშვილი 17 მაისის კონცერტზე

    საქართველოს ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა 17 მაისისთვის დაგეგმილ კონცერტზე მათი ანსამბლის მონაწილეობის შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. ანსამბლი 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობს.
    17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საერთაშორის მაშტაბით იმართება ღონისძიებები, რომლებიც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.
    2014 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა. მანამდე, 2013 წელს ლგბტ თემის უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა დაარბიეს და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
    მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები იმართება, რაც ლგბტ თემის მხრიდან რაიმე აქციის გამართვას გამორიცხავს.
    წელსაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიებაა დაანონსებული. 17 მაისს სამების ტერიტორიაზე გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც აფიშის მიხედვით ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილებიც მონაწილეობს. . ღონისძიების ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანია.
    სუხიშვილების ამ გადაწყვეტილებას ლგბტ თემის პროტესტი მოყვა. მათ განცხადებაც გაავრცელეს, რომლითაც სუხიშვილებს კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.
    “უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას!
    მოვუწოდებთ სუხიშვილებს, უარი თქვან ამ სამარცხვინო ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამით გადაარჩინონ საკუთარი რეპუტაცია!“ – ნათქვამია განცხადებაში.
    თუმცა, ნინო სუხიშვილი თვლის, რომ მისთვის კონცერტში მონაწილეობა დიდი პატივია და უარის თქმას არ აპირებს.
    “მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და აგრესიის, ყველა ფორმის გამოვლენის. წარმოუდგენელია ჩემთვის და არ მივესალმები ამას არასდროს. სამების სავანე ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი, ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ.ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. მე ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგევარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას…
    ჩემთვის ღმერთი არის სიყვარული და სიკეთე და არ მესმის რატომ მოიაზრება ეს აგრესიად. კი, ალბათ რაღაც ინციდენტების გამო არის ეს დამოკიდებულება. ეკლესიის მიმართ, მაგრამ ცუდი და კარგი და ბოროტი და კეთილი ყველგან არის, ერშიც და ბერშიც.
    საერთოდ ვთვლი, რომ ძალადობა დაუშვებელია. აგრესია არც აქეთა მხრიდან, არც იქითა მხრიდან. მე ბავშვობიდან სიძულვილი და ზიზღი არ ვიცი, საერთოდ არ გამაჩნია საერთოდ არავის მიმართ და არ მესმის ეს სიძულვილი და აგრესია რატომ მოდის კონკრეტულად ჩვენზე, რომლებიც ყოველთვის ერის საქმეს ვაკეთებთ და თვითმყოფადობის შენარჩუნების სამსახურში ვართ.“ განაცხადა ნინო სუხიშვილმა.
  • 7–9 მაისს რიკოთის გვირაბში გარკვეულ საათებში მოძრაობა აიკრძალება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით რიკოთის გვირაბში, მიმდინარე წლის 7-9 მაისს, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან  დაკავშირებით,  საავტომობილო მოძრაობა  აიკრძალება.

    კერძოდ:

    • 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;

    • 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;

    • 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

    რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.

  • 5 პოპულარული მითი უძილობის შესახებ

    უძილობის პრობლემას ცხოვრების განმავლობაში პრაქტიკულად ყველა ადამიანი აწყდება. სტატისტიკა ამტკიცებს: პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 45% –ს ძილის დარღვევები აწუხებს. ამასთან, ასაკთან ერთად ეს პრობლემა უფრო ინტენსიურია. უძილობის შესახებ თითქოს ყველაფერი ვიცით: ჩაძინება გვიჭირს, ვიფიტებით, ენერგიას და ძალებს ვკარგავთ, ადამიანის უძილობა პრაქტიკულად ზომბად აქცევს. ამავე დროს, უძილობასთან დაკავშირებით მრავალი მითი არსებობს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს, რათა ჯანმრთელობას უფრო მეტი ზიანი არ მიადგეს.

    მითი1: უძილობა პრობლემა არ არის. დღეს თუ ცუდად გეძინა, ხვალ გამოიძინებ
    ეს მოსაზრება სრულიად მცდარია. “ხვალ გამოძინება“ არ გამოვა. უძილობა ეს არ არის ეპიზოდური “გამოუძინებლობა“. ეს არის პათოლოგია, რომელიც ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემას სერიოზულად აზიანებს. ზრდასრულ ადამიანს დღის მანძილზე დახარჯული ენერგიის აღსადგენად 7–8 საათიანი ჯანსაღი და სრულფასოვანი ძილი სჭირდება. დღეს გამოტოვებულ ძილს ხვალინდელი ძილი ვერ აგინაზღაურებთ და დღეს მიღებულ ზიანს ვერ გამოასწორებს.

    მითი2: უძილობაა ის არის, როცა დაძინება არ შეგიძლია
    სინამდვილეში უძილობა მრავალგვარია. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა ჩაძინების გართულებაა. თუ ჯანმრთელ ადამიანს დასაძინებად 10 წუთი ჭირდება, უძილობისას ეს პროცესი შესაძლოა 2–3 საათი და მეტი გაგრძელდეს. პრობლემის კიდევ ერთი გამოვლინება ღამით ხშირად გამოღვიძებაა, რაიმე გარეშე მიზეზის გარეშე. “წყვეტილი ძილის“ შემთხვევაში ადამიანი იმასაც კი ვეღარ იხსენებს, მართლაც ეძინა თუ უბრალოდ დაძინებას ცდილობდა. უძილობის ერთ–ერთი ფორმაა ასევე გაღვიძების შემდეგ სისუსტე და მოდუნება.

    მითი3: დღის ძილს შეუძლია ღამის უძილობის კომპენსირება
    ეს მითი რეალობას არ შეესაბამება. ადამიანის ორანიზმი სრულფასოვან აღდგენას მხოლოდ ღამის ძილის დროს ახერხებს. თუნდაც დღისით იმდენივე ხანს დაიძინოთ, რამდენსაც ღამით აპირებდით, ეფექტი ბევრად ნაკლები იქნება. დღის ძილი მხოლოდ ავსებს და ვერ ანაცვლებს ღამის ძილს.

    მითი4: ასაკში ადამიანს ნაკლები ძილი ჭირდება და ამიტომაც უძილობა ისეთი საშიში აღარ არის

    სინამდვილეში უფროსი ასაკის ადამიანები ხშირად იტანჯებიან უძილობით. მათი ძილი არ არის ღრმა, ზედაპირულია, ღრმა ძილის ფაზა შემოკლებულია, ძილის დროს ხირად იღვიძებენ. ძილის დაბალი ხარისხის გამო ხანდაზმულ ადამიანს გამოსაძინებლად სინამდვილეში უფრო მეტი დრო სჭირდება.
    მითი5: უძილობას მკურნალობა არ ჭირდება

    ასე არ არის. უძილობა ორგანიზმისთვის დიდი პრობლემაა. მისი პირველი შედეგი შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობა, მეხსიერების მოშლა, სახის არაჯანსაღი ფერი და ნევროზია. არის უფრო მძიმე შედეგებიც. ხანგრძლივი უძილობისას იმუნური სისტემის მუშაობა ქვეითდება, მწვავდება ქრონიკული დაავადებები. ზიანდება რეპროდუქტიული სისტემაც: მამაკაცებში სპერმატოზოიდების რაოდენობა იკლებს, ქალებში კი მენსტრუალური ციკლის დარღვევა ხდება. ისინი კი, ვინც მანქანას მართავენ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არიან –შესაძლოა საჭესთან ჩაეძინოთ და საფრთხე შეუქმნან როგორც საკუთარ, ისე სხვის სიცოცხლეს.

    დასკვნები:

    ძილის დარღვევისას აუცილებელია რაჟიმს გადახედოთ. შეეცადეთ ერთი და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად. არ ჭამოთ ღამით, შეძლებისადგვარად ძილის წინ მშვიდად ისეირნოთ. ძილის ხარისხის ამაღლებაში და უძილობის დაძლევაში მსუბუქი საძილე წამლებიც დაგეხმარებათ, რომლებსაც ექიმი გირჩევთ. თანამედროვე პრეპარატების ნაწილი მიჩვევას, დღისით ძილიანობას არ იწვევს. ზოგიერთ მათგანს კი დამატებით ანტიჰისტამინური, ანუ ანტიალერგიული ეფექტიც აქვს.
  • ახალი შეტევა რუსთავი2–ზე და ახალი სარჩელი. ნიკა გვარამიას თანამდებობიდან ჩამოშორებას უპირებენ

    “რუსთავი 2 გადადის საგანგებო მდგომარეობაზე გადადის”-ნიკა გვარამიამ  საგანგებო ბრიფინგზე რუსთავი-2-ის წინააღმდეგ ახალ სარჩელზე განაცხადა.

    “დაიწყო რუსთავი 2-ზე შეტევის ახალი ფაზა და რა თქმა უნდა ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი არა მხოლოდ რუსთავი 2 -სთვის არამხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის ამ ქვეყანაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ძალიან სიმბოლურია რომ ეს ბრძოლა რუსული ორიენტაციის ძალებსა და დასავლური ორიენტაციის ძალებს შორის და იმედი მაქვს რომ ყველა დასავლური ორიენტაციის ზალა გააცნობიერებს ამას, ეს ბრძოლა გადის რუსთავი 2-ზე.

    რუსთავი2–ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ხელისუფლების ახალ გეგმაზე ისაუბრა კომპანიის დირექტორობიდან მისი ჩამოშორების შესახებ, რაც მისი თქმით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის და რუსთავი2–ზე კონტროლის დამყარების მორიგი მცდელობაა.
    გვარამიას თქმით, სასამართლოში შევიდა კომპანიის 9% წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი დანარჩენი მეწილეების და პირადად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე რუსთავი2–ის ყოფილი დირექტორის და მოწილის, გიორგი გეგეშიძის მეუღლეა და მას ეს წილი მემკვიდრეობით ქმრის გარდაცვალების შემდეგ ერგო.
    გვარამიას თქმით ნინო ნიჟარაძე კომპენსაციას ითხოვს პირადად გვარამიასგან, სხვა მეწილეებისგან და გაყიდვების სახლისგან, რომელიც რუსთავი2–ის რეკლამას ყიდის. საუბარია 26 მილიონ ლარზე, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს. ნიკა გვარამიას განცხადებით მოთხოვნა აბსურდულია და  სრულიად დაუსაბუთებელი, თუმცა სარჩელი უკვე შესულია ქართულ სასამართლოში, მას ე.წ. მოსამართლეთა კლანის წევრი მოსამართლე ქოჩიაშვილი განიხილავს და წინასწარ ცნობილია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის.
    ნიკა გვარამია ამბობს, რომ უშუალოდ სარჩელში მისი გადაყენების მოთხოვნა არ წერია, თუმცა მათი ინფორმაციით საქმის წარმოებაში პირველივე მოთხოვნა სწორედ დირექტორობიდან მისი ჩამოშორება იქნება.
    გვარამია ამბობს, რომ ამ აბსურდული დავის მიზანი რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დროებითი მენეჯმენტის დანიშვნა, კომპანიის გაკოტრებისკენ წაყვანა და შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი შეძენაა.

    სასამართლოს მორიგ სარჩელს ნიკა გვარამია მოსარჩელეს ალტერნატიულ დავას სთავაზობს.

    “მე ვთავაზობ ქალბატონ ნიჟარაძეს გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და შეიტანოს ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში, ვიდავოთ იმ სასამართლოში, რომლიოსაც ორივე მხარესაც გვჯერა, თუ ეს არის დავა 2 ბიზნესსუბიექტს შორის, შეიტანოს სარჩელი ნებისმოერ არბიტრაჟში”-განაცხადა გვარამიამ.

    2017 წლის 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ამის შემდეგ, ევროსასამართლომ, 39-ე მუხლის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

  • ცხინვალის რეჟიმი ეგრეთ წოდებულ საზღვარს კეტავს

    სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილების შესახებ იუწყება. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ე.წ. საზღვრის დაკეტვას 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის აღსანიშნავ ღონისძიებებს უკავშირებენ. 

    „უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, 8 მაისის 20 საათიდან, დროებით შეჩერდება მოქალაქეთა გადაადგილება სახელმწიფო საზღვარზე“, – წერია განცხადებაში. დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, გამშვები პუნქტები 10 მაისს დილის 6 საათზე გაიხსნება.

    .

  • “ვერც ერთ ქართველ ემიგრანტს ვერ შეიყვანენ შეცდომაში”-ოთო ნემსაძე

    „​დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთ ქართველ ემიგრანტს ვერ შეიყვანენ შეცდომაში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე წერს.

    ევროვიზიის კონკურსის ქართველი მონაწილე სოციალურ ქსელში იმ ფაქტს აპროტესტებს, რომ ემიგრანტებს თამთა გოდუაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

    “აი ესეთი გამყიდველები ჩაგრავდნენ ჩვენს ქვეყანას ყოველთვის.შანსებიც გვაქვს და მაგარ ლაივსაც დავდებთ.დარწმუნებული ვარ რომ ვერც ერთ ქართველ ემიგრანტს ვერ შეიყვანენ შეცდომაში.

    აქ საქმე არ ეხება ოთო ნემსაძეს აქ საქმე საქართველოშია, ასე რომ ყველა ერთად დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას გვერდში,წარმატებები თამთას”-წერს ოთო ნემსაძე.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა თამთა გოდუაძის ვიდეომიმართვა, სადაც ის უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ევროვიზიის კონკურსზე კვიპროსის სახელით მონაწილეობს.

  • “უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება”-პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

    “სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება,”-თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეციალურ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

    “თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება 2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის რაიონში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების, იარაღის გამოყენებით, შესაძლო გადამეტების ფაქტზე, (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

    ამ ეტაპზე, საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო და კომპლექსური (გენეტიკური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური) ექსპერტიზები.

    გამოძიებამ გამოკითხა არაერთი პირი, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მეზობლები. ასევე გამოკითხულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები).

    გარდა ამისა, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნით, მათი და მათ მიერ მოწვეული ექსპერტების უშუალო მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. ამასთანავე, გამოძიების ყველა ეტაპზე, საგამოძიებო ორგანოსა და აღნიშნულ პირებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს კომუნიკაცია. ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატები არაერთხელ გაეცნენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს.
    ამავდროულად, საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად, რომელიც დღეის მდგომარეობითაც არ დასრულებულა.

    ამჟამად, მოცემულ საქმეზე კვლავ ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება,”-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • პეტრო პოროშენკო პროკურატურაში დაიბარეს

    უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პროკურატურაშია დაბარებული.პოროშენკოს სავარაუდოდ, 7 მაისს დაჰკითხავენ. 

    როგორც უკრაინის გენერალურ პროკრატურაში განაცხადეს, პოროშენკოს დაკითხვა ევრომაიდნის აქტივისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების ფარგლებში სურთ.

    აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოროშენკოს გენერალურ პროკურატურაში იბარებენ.

    2016 წლის ნოემბერში უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ჩვენება ამ საქმეზე მისცა, თუმცა მას დაკითხვის პროტოკოლისთვის  ხელი არ მოუწერია. 

  • მომღერალი თამთა გოდუაძე ქართველებს ევროვიზიაზე მხარდაჭერას სთხოვს

    საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას იღებს და ქართველებს მხარდაჭერას სთხოვს. ვიდეომიმართვა
    ევროვიზიის ქართული ფანკლუბის იუთუბის გვერდზე გამოჩნდა.

    თამთა კვიპროსის სახელით იასპარეზებს და შეასრულებს სიმრერას „RERLAY“.

    ევროვიზიის ნახევარფინალის კონკურსი 14 მაისს გაიმართება, 18 მაისს კი ფინალში, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.

    საქართველოს ევროვიზიაზე ოთო ნემსაძე წარადგენს. ქართველი მონაწილე რომან გიორგაძის სიმღერას „სულ წინ იარეს“ შეასრულებს.

  • კახეთში სტიქიის შედეგად წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა

    კახეთში კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ალაზანმა საავტომობილო გზა დატბორა. შედეგად, წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა.

    ამ დროისთვის კახეთში მაშველები მუსაობენ, ისინი  წყალში ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანას ცდილობენ.

    მდინარე ალაზანში წყლის დონე ისევ მატულობს.