Blog
-
რუსი დეპუტატი,რომელიც აფხაზეთს და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვლის თბილისში ჩამოდის და ქართველების სტუმართმოყვარეობის იმედი აქვს
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია – აცხადებს რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი და ქართველ ხალხს ამ “ისტორიულ ფაქტთან” შეგუებას ურჩევს.ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი თბილსში ხვალ ჩამოვა.ის მონაწილეობას მიიღებს მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში, რომელსაც ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე უმასპინძლებს.„იმედი გვაქვს რომ თბილისის შეხვედრა წარმატებული იქნება. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ურთიერთობები და გავამყაროთ დიალოგი, რომლებიც ეფუძნება ჩვენს საერთო კულტურულ და მართლმადიდებლურ ღირებულებებს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ბატონ ქუცნაშვილს და ქართულ მხარეს, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან და საერთაშორისო დონის ღონისძიებას გეგმავს. იმედი მაქვს, პარლამენტარებს შევხვდები და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. ყველა ტრადიციისა და ღირებულების დაცვით, როგორც ეს ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას შეეფერება.ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს უკვე ისტორიაა. ახლა საჭიროა დიალოგი. ჩემი აზრით, კავკასიის პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და თანასწორობაა. ამისთვის საჭიროა რომ პარლამენტარებმა რუსეთიდან და საქართველოდან უნდა აღადგინონ ურთიერთობები.ჩვენ ვაღიარეთ ოსეთიც და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად. ეს იყო ისტორიული მომენტი. ახლა ამ ახალი რეალობის მიხედვით უნდა ავაგოთ ურთიერთობები. სწორედ ამისთვის ჩამოვდივართ საქართველოში. გვინდა ვისაუბროთ საერთო ამოცანებზე და ყველაფერზე რაც გვაერთიანებს,“-აცხადებს გავრილოვი. -
“ასეთ რამეს ქართველი თუ იზამს მარტო“– 3 ქართველი მოჭიდავე ოლიმპიადისთვის გენო პეტრიაშვილის მთავარ კონკურენტს, თურქ მოჭიდავეს მოამზადებს
სოციალურ ქსელში უკმაყოფილება მოჰყვა სამი ქართველი მოჭიდავის გადაწყვეტილებას ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებაში დაეხმაროს თურქ სპორტსმენს თავისუფალ ჭიდაობაში, ტაჰა აკგულს იმ დროს, როცა ქართველი მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი მისი მთავარი კონკურენტია და ოლიმპიურ თამაშებში ისიც მიიღებს მონაწილეობას.ფეისბუქ მომხმარებელი, Georg Astamadze წერს:“ესეთ რამეს ალბათ ქართველი თუ იზამს მარტო. ასეთი ამბავია:თავისუფალ ჭიდაობაში მძიმე წონაში ბოლო 7-8 წელი დომინირებდა თურქი ტაჰა აკგული, რომელსაც ყველა შესაძლო ტიტული აქვს მოგებული. ამასობაში, საქართველოში გაიზარდა გენო პეტრიაშვილი, რომელმაც ბოლო 2 მსოფლიოს ჩემპიონატზე და პლიუს ერთ ევროპის ჩემპიონატზე მოიგო ტიტულები და მოუგო ტაჰა აკგულსაც. მოკლედ, დღეისთვის, გენოსა და აკგულის დაპირისპირება არის როგორც რეალი-ბარსელონა. გენომ საქართველოში დიდი კონკურენცია გაიარა და რამდენიმე ძლიერი ფალავანი ნაკრებს მიღმა დატოვა. ეს ხალხი, რომლებმაც გენოსთან კონკურენციას ვერ გაუძლო, ახლა დაირაზმა და დიდი ტურნირების წინ თურქეთში ჩადის სპეციალურად და ტაჰა აკგულს სპარინგპარტნიორობას უწევს, ფაქტიურად, გენოს დასამარცხებლად, რადგან ამ ორს სხვა თანაბარი კონკურენტი არ ჰყავს. ამაში თურქებისგან, ცხადია, ფულს იღებენ. შეფასება თქვენთვის მომინდვია.ფოტოზე: ცენტრში წითელი მაისურით ტაჰა აკგული, მარცხნივ ლევან ბერიანიძე, მარჯვინვ გიორგი მეშვილდიშვილი და დავით მოძმანაშვილი. სუფრასთან, დარწმუნებული ვარ, ამათ სადღეგრძელოებში ვერავინ მოერევა.“ –წერს ქართველი ფეისბუქ მომხმარებელი.
თურქული მედია კი ავრცელეს ინფორმაციას, რომ თურქ მოჭიდავეს, ტაჰა აკგულს ქართველი მოჭიდავეები, ლევან ბერიანიძე, გიორგი მეშვილდიშვილი და დავით მოზმანაშვილი ავარჯიშებენ. თურქული მედია წერს, რომ ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონს ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა, რომელიც თურქეთის ჭიდაობის ფედერაციის მონდომების შედეგად გადაწყდა. მას მძიმოწონოსანი პარტნიორის მოძებნა უჭირდა, რომელიც სპარინგ პარტნიორობას გაუწევდა. ამიერიდან მას პარტნიორობას სამი ქართველი მოჭიდავე გაუწევს. თურქული გამოცემა sportmaidani–ს ინფორმაციით ქართველი მოჭიდავეები მოხარულები არიან რომ თურქ მოჭიდავეს ვარჯიშში დაეხმარებიან.“ჩემი მთავარი პრობლემა პარტნიორის პრობლემა იყო. ქართველი მოჭიდავეები, ლევან ბერიანიძე, გიორგი მეშვილდიშვილი და დავით მოზმანაშვილი უკიდურესად წარმატებული მოჭიდავეები არიან და ჩემთვის კარგი პარტნიორები იქნებიან. ვაპირებ უკეთესად მოვემზადო ოლიმპიური თამაშებისთვის. მადლობელი ვარ მენეჯერების, განსაკუთრებით ფედერაციის პრეზიდენტის, რომელმაც ასეთი შესაძლებლობა მომცა. “ ტაჰა აკგულთან სამი ქართველი მოჭიდავე ოლიმპიურ თამაშებამდე იმუშავებს . -
ბიძის მიერ ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე ფსიქიატრიულის ექიმი დააკავეს
რუსთავში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი დააკავეს.დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.
„შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება მიმდინარეობს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
-
ვასაძე რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით, რომ მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან-ბოკუჩავა
ლევან ვასაძე რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით, რომ რეალურად, მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
„რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით, რომ რეალურად, ამ ადამიანს მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ამიტომ, მასზე, მის ორიენტაციასა და მის რუსეთუმეობაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა ყველაზე შემაშფოთებელი ხელისუფლების როლია, რადგან ნორმალურ სახელმწიფოში, როცა ძალადობრივი განცხადებები ისმის, ბიძინა ივანიშვილი ასე მშვიდად კი არ უნდა იყოს, მკაცრი და დროული რეაგირება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
-
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა.
მათი ინფორმაციით,ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმა მოხდა, თურქეთში საქართველოს კონსული თურქ სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობს. პარალელურად, დაწყებულია მუშაობა მოკლულის გადმოსვენების პროცედურაზე.
„გარდაცვლილია საქართველოს ერთი მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით, მოხდა ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმა, სადაც იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე. დაჭრილია ორი ადამიანი, ანუ თავდასხმის ობიექტები. დანარჩენი ორი პირი, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ, მიიმალა. არის ვერსია, რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან, დასტურდება პირველ ეტაპზე, რომ ისინი ეთნიკურად იყვნენ ქართველები. დიდი ალბათობით, ეს უკავშირდებოდა, შეიძლება კრიმინალური გარჩევა იყო და არ არის გამორიცხული, რომ იყო ძარცვის მიზნით. გადმოსვენების მიმართულებითაც მუშაობს საკონსულო,“- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
სტამბოლში სისხლიან გარჩევას დღეს საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება რუს და საქართველოს მოქალაქეებს შორის მოხდა. თურქი სამართალდამცავები საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ. დანაშაულში მონაწილე სხვა პირები პოლიციამ უკვე დააკავა.
-
“დედაქალაქი საჩხერეში გადაიტანეთ და საქართველოს სახელწოდებად საჩხერეთი განსაზღვრეთ.“–ნიკა გვარამია
ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნას რუსთავი2–ის დირექტორი ფეისბუქ სტატუსით აფასებს:“ახლა წულუკიანის მაგივრად საჩხერის სკოლის სამართლის მასწავლებელი დანიშნეთ იუსტიციის მინისტრად და კონსტიტუციითაც დედაქალაქი საჩხერეში გადაიტანეთ და საქართველოს სახელწოდებად საჩხერეთი განსაზღვრეთ.რა, არ გააპრავებენ კობახიძე, ვოლსკი და კობზონა, გაუჭირდებათ თუ რა?დავაი, მიაწექით ბოლომდე, მაგის დედაც ……. თუ მონათმფლობელობაა, ბარემ ბოლომდე იყოს!“–წერს ნიკა გვარამია. -
“მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით!”-თბილისი პრაიდის განცხადება
თბილისი პრაიდის ორგანიზატორები დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმებას არ აპირებენ. ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გავრცელდა, სადაც ორგანიზატორები საზოგადოებას მოუწოდებენ, შემოუერთდნენ კვირეულის ფარგლებში დაგგემილ ღონისძიებებსა და ღირსების მარშს.
“მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას. საჯარო მსვლელობაში ჩვენთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება.
ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეშია არა მარტო ლგბტქი ადამიანები და მათი უფლებები, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება.
ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით!”-აღნიშნულია თბილისი პრაიდის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.