Blog

  • უკრაინასთან მოლაპარაკებებზე საქართველოს როგორ განვიხილავთ? – პესკოვი

    “ახლა ბევრ რაღაცას ფიქრობენ. ხშირად ამის დიდი ნაწილი აბსოლუტურად მცდარი, ან ფეიკი, ან ცხადი ტყუილია. ამ ყველაფერთან ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო, იმ გაგებით, რომ მიმდინარეობს პოზიციების, მიდგომების გაცვლა.[…]როგორ შევძლებთ საქართველოს განხილვას უკრაინასთან მოლაპარაკებებზე? ეს ორმხრივი, პირდაპირი მოლაპარაკებებია.[…] ჩვენ [საჯაროდ] არ განვიხილავთ შესათანხმებელი დოკუმენტების შინაარსს. ვთვლით, რომ ეს დისკრეტულ რეჟიმში, არასაჯაროდ უნდა ხდებოდეს. პრესის მეშვეობით გარკვეული პოზიციების გაცვლა ძალიან არასწორი იქნებოდა.”

    ასე გამოეხმაურა, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი Reuters-ის გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინი თანახმაა ომის დასრულებისთვის, თუ მიიღებს წერილობით გარანტიას, რომ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები NATO-ში არ გაწევრიანდებიან.

  • გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს

    გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას გერმანია  დააფინანსებს. მან ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    “შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება და გაფართოვდება, რათა უკრაინამ ახლაც და მომავალშიც რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მნიშვნელოვან ნაწილს დავაფინანსებთ”. – თქვა მერცმა.

  • ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო იყვნენ. რჩება კობახიძის ანაბარა – ზურაბიშვილი

    ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო იყვნენ. რჩება კობახიძის ანაბარა – ზურაბიშვილი

    „ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ჩამოშლის, რყევების პროცესს ვხედავთ. პრაქტიკულად, დღე არ გადის ისე, რომ [არ დავინახოთ] ახალი ნიშანი იმის, რომ ის პირველი წრე იშლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მას აქამდე ამაგრებდა. ეს არის ნიშანი იმის, რომ ერთი მხრივ, სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სხვათა შორის, ეს დამახასიათებელია სანქციების, რომ ის მოქმედებს ჯერ ნელ-ნელა და მერე აჩქარებული ტემპით.

    მეორე ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, ამ ბოლო გადაადგილებებით, ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო, სანდო და მისი საყრდენი იყვნენ. ის რეალურად შიშველი რჩება და ანაბარა ერთი ირაკლი კობახიძის, რაც იმის მაჩვენებელი არ არის, რომ ეს რეჟიმი შინაგანი ძლიერებით სარგებლობდეს. ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც მათ თვალი უნდა გაუსწორონ.

    ამავე დროს, ჩვენს დემოკრატიულ მეგობრებთან ყველა პარტნიორობა იკარგება, ესეც ნათელია. თუნდაც წერილები, გზავნილები ამერიკის საელჩოსთან, ადმინისტრაციასთან გაცვლა, იმის მაჩვენებელია, რომ დალაგებების იმედები სწრაფად ქრება, თუ არა ჩამქრალია. ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. მგონი, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც არასოდეს, უფრო მძლავრად უნდა ვიყოთ, ჩვენს თავში დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლა არის მართალი ბრძოლა და ეს არის ბრძოლა, რომელიც ბოლოს გამარჯვებას მოიტანს.“

    განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • “როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს მაგნიტსკის სიიდან ამოღებული” – რომან გოცირიძე გომელაურზე

    “როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს მაგნიტსკის სიიდან ამოღებული” – რომან გოცირიძე გომელაურზე

    მაგნიტსკის სიაში მყოფი პირი მინისტრად რომ ვერ დარჩებოდა ისეთ ხელისუფლებაშიაც კი, როგორიც ეს რუსული რეჟიმია, ყველასათვის ნათელი იყო.
    დასავლეთის კარები და საფინანსო მომსახურება სიცოცხლის ბოლომდე რომ ჩაეკეტა, ესეც ნათელია. როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს მაგნიტსკის სიიდან ამოღებული.
    დამთავრდება ომი და ადრე თუ გვიან რუსეთის ნომრიან აგენტს, ფარცხალაძე-რომანოვსაც კი მოუხსნიან სანქციებს. გომელაური ნამდვილად არ იყო აგენტი, მაგრამ ივანიშვილის მონა იყო და ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა.

    ასე ეხმაურება შს მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომას პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე.

  • ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ თქვა უარი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე

    ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც  განმარტავს, რატომ თქვა უარი საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე.

    „დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც „ტრამპის ადმინისტრაციის“ გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული.

    ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და „მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა“, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე.

    ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე.

    წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)

    ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც.

    ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ – 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე.

    გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა.

    იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა.

    აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.

    შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი.

    იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

  • ქვეყანას ჰყავს პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაც შეუძლიათ კომუნიკაცია და არა რაღაც კულუარებში – ზარქუა

    ქვეყანას ჰყავს პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაც შეუძლიათ კომუნიკაცია და არა რაღაც კულუარებში – ზარქუა

    “ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ ელჩს სურს, რაიმე პოზიცია გაუზიაროს, ან წერილი გადასცეს, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები. ასე რომ, ნუ ართულებენ ურთიერთობებს. წინა ადმინისტრაციის დროს, ისედაც საკმაოდ ჩიხში შეიყვანა [ურთიერთობები] იმ არასწორმა პოლიტიკამ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ, რომ პოზიტიურ რელსებზე გადავიდეს [ურთიერთობები] და მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ,”

    აცხადებს ირაკლი ზარქუა აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

  • კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც რუსეთის დროშის შეურაცხყოფა დაგმო – გავრილოვი

    „მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ სცენაზე დროშასთან დაკავშირებით ჩადენილი კადნიერი საქციელი გამბედაობის აქტი კი არა, ბანალური თავხედობაა. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც ინციდენტი დაგმო“,

    ამის შესახებ,  რუს ჟურნალისტებს დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაუცხადა.

  • ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე – აშშ-ის საელჩო

    “ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა” – აშშ-ს საელჩო პარტია ქართულ ოცნებასთან კომუნიკაციის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

    “ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს” – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

  • აქტივისტ ლუკა ნაცვლიშვილს სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

    ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ლუკა ნაცვლიშვილს  12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

    ლუკა ნაცვლიშვილი გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

    შსს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

  • შეიძლება მომდევნო სხდომიდან მე აქ აღარ მოვიდე – ონისე ცხადაძე

    პირველი პროცესიდან მოყოლებული ვცდილობ, რომ ამ სიტუაციაში მაინც ვიხუმრო, გავიცინო, ვიღაც გავამხიარულო – ეს ხდება იმიტომ, რომ ჩემთვის ესაა საუკეთესო თავდაცვის ინსტინქტი ასეთ სიტუაციებში, ასეთ სიტუაციებში ადამიანები არ ვხუმრობთ. მაგრამ ეს უკვე გადაიზარდა თავის მოტყუებაში ჩემთვის.

    ამიტომ ახლა რომ ვთქვა, რომ რაღაცაზე უნდა ვიხუმრო და რამე სასაცილოა ჩემთვის, არ ვაპირებ თავის მოტყუებას და არ მგონია, რომ ისე უნდა მოვიქცე, რომ თითქოს აქ, ბრალდების სკამზე არ ისხდნენ პატარა ბავშვები, რომლებსაც ეკრანებიდან ეტყობათ, რომ უდანაშაულოები არიან. ვერც იმას ვერ მოვატყუებ თავს, რომ აქ სხედან ადამიანები, რომლებსაც შვილები და შვილიშვილები ელოდებიან გარეთ და ისინი ვერ ხვდებიან, რატომ სხედან მათი ნათესავები აქ.

    ვერც იმას ვერ მოვატყუებ თავს, რომ თითქოს აქ არ იჯდეს ადამიანი, რომელსაც უდიდესი პერსპექტივა აქვს გარეთ დატოვებული და ვინ იცის, მისი გამოყენება შეიძლება საკუთარ თავზე მეტად ქვეყანას გამოადგეს.

    ფიზიკურად ვეღარ ვხვდები აქ რა ხდება, მინდოდა რამესთვის მეკითხა, ახალს თუ გვეტყვი რამესთვის. მოვდივართ და რისთვის მოვდივართ ვეღარ ვხვდები.

    შეიძლება მომდევნო სხდომიდან მე აქ აღარ მოვიდე. ერთადერთი რისთვისაც მოვდივარ არის, რომ ადამიანები დავინახო, თუნდაც უცხო, იმიტომ რომ ძალიან მახარებს და გარეთაც ასეთი ადამიანი ვიყავი ყოველთვის მიყვარდა ბევრ ხალხთან ურთიერთობა. მაგრამ ახლა ეს გამოდის, რომ ამითაც თავს ვიტყუებ და რაღაცას ვეგუები, რომ მოვდივარ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას, ჩემს ძმას შევხედო და ამით ვიყო კმაყოფილი.

    […]

    უბრალოდ აზრი არ აქვს ბატონო მოსამართლე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა, თქვენ სულ რომ გინდოდეთ ჩვენი გაშვება, ბოლოს მაინც ისე იქნება, როგორც ზემოთ იტყვიან. თქვენ რომ მიგაჩნდეთ, რომ ჩვენ მტყუანები ვართ და გინდოდეთ ჩვენი ციხეში გაშვება და ვიღაცამ გითხრათ, რომ არა, არ გაუშვათ, თქვენ მოგიწვეთ ჩვენი გათავისუფლება და პირიქით.

    მე არ მეპარება ეჭვი თქვენს ადამიანობაში, პირიქით, მადლობაც გადამიხდია, მაგრამ სამწუხაროა, რომ სასამართლოზე მოსამართლეს მადლობას ვუხდით მხოლოდ იმის გამო, რომ საუბრის საშუალება მაქვს. ამას მხოლოდ თქვენზე არ ვამბობ, ზოგადად სასამართლოზე ვამბობ. იმიტომ რომ ამის ნათელი მაგალითებია ყველა აღკვეთის ღონისძიება. ადამიანებს უთხრა, რომ მიიმალებიან, როცა არსად წასვლას არ აპირებენ. წავიდნენ ქოცები, მე არსად წასვლას არ ვაპირებ აქედან.

    აბსურდია, The Truman Show-ს რომ ვუყურე, მაგის მერე ყველგან კამერებს ვეძებ, სადმე ჩართული ხო არაა, იმიტომ რომ მოვდივართ და ერთი და იგივე ხდება ყოველდღე, ყოველ სასამართლოზე.

    მეორე მიზეზი ის არის, რომ არ მინდა პროპაგანდისტულმა მედიებმა მოწმის საუბრის ფონზე იქიდან გადამიღონ და ისე გააშუქონ, როგორც თვითონ აწყობთ და უნდათ. მერე ოპერატორი, ან თანამშრომელი, რომელიც ამას იღებს გავიდეს და მეგობრებთან ერთად გააგრძელოს ცხოვრება ჩვეულებრივად, არ მინდა ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, შეიძლება მე აღარ მოვიდე, ამას ადვოკატთან გავივლი რა ჯობია, როგორ ჯობია.

    განაცხადა რეჯიმის პარტიმარმა, ონისე ცხადაძემ სასამართლოზე.