Category: ახალი ამბები

  • სამართალი ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე საჯაროდ ვისაუბრო სამინისტროში არსებულ პრობლემებზე – შსს-ს დეპარტამენტის თანამშრომელი

    ”სამართალი ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე საჯაროდ ვისაუბრო სამინისტროში არსებულ პრობლემებზე ”- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე Facebook-ზე წერს და მის მიმართ გამოვლენილ ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს.

    ”მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გავიარე ყველა ეტაპი და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამართალი ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე საჯაროდ ვისაუბრო სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ჩემს მიმართ გამოვლენილ ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე. მიმაჩნია, რომ, მოცემულ სიტუაციაში, საჯაროობა არის თავის დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა და დეპარტამენტის გადარჩენის ერთადერთი შანსი.

    მინდა მოგიყვეთ, თუ როგორი დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ხორციელდება ჩემს მიმართ იმ უწყებაში, სადაც 12 წელია ღირსეულად ვმუშაობ.

    20 წლის ასაკში გავხდი პოლიციელი და ამ პერიოდიდან მოყოლებული, ვცდილობდი მემუშავა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეით.

    2018 წელს, მას შემდეგ, რაც შსს-ში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, კონკურსის წესით, ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ამავე დეპარტამენტში დავინიშნე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად.
    დეპარტამენტში თავი მოვიყარეთ ადამიანებმა, ვისაც გვქონდა რწმენა და სურვილი გვემუშავა ადამიანის უფლებების დასაცავად. სწორედ წარმატებული საქმიანობის გათვალისწინებით, ერთი წლის შემდეგ დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა. ჩემი საქმიანობის დადებითად შეფასების საფუძველზე, დავინიშნე ამავე დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსად.
    ვმუშაობდი დეპარტამენტში, სადაც თანამშრომლებს სამსახურში მოსვლა გვიხაროდა, რადგან ვმუშაობდით რეალურად და დიდი სულისკვეთებით ადამიანების დასახმარებლად.

    დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება. დეპარტამენტი აღარ მოიაზრებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულად. დეპარტამენტს აღარ ჰქონდა მონიტორინგის განხორციელების რეალური ბერკეტები. შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთანაც. ასევე, თანამშრომლები დავექვემდებარეთ ცენზურას. დაიწყო ჩვენი, მათ შორის, ჩემი საჯარო პოსტების კონტროლი და Facebook-ზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული პოსტების აღების მოთხოვნა, რომელიც სრულად ჯდებოდა საჯარო მოხელის ეტიკეტსა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. უფრო მეტიც, ამ დეპარტამენტის დანიშნულება სწორედ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების შემჩნევა და მათზე რეაგირება იყო.

    მე მქონდა რეაქცია ამ უკუსვლებზე და ვაფიქსირებდი ჩემს მოსაზრებებს დეპარტამენტის მოდგილეებთან, უფროსთან, მინისტრის მოადგილესთანაც. ამის გამო, მე დავექვემდებარე დისკრიმინაციას ჩემს მიერ გამოხატული განსხვავებული მოსაზრებების გამო – აღარ მრთავდნენ დეპარტამენტის საქმიანობაში (შეხვედრებში, ტრენინგებში, თათბირებში და ა.შ.). ჩამომაშორეს ყველა პროცესს. მიუხედავად ამისა, ვცდილობდი მეკეთებინა ჩემი საქმე, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რის საშუალებასაც იძლეოდა არსებული ვითარება.
    აღნიშნული მოვლენების ფონზე, დეპარტამენტში დაიწყო აუდიტის ჩატარება. აღნიშნული პროცესი დაიგეგმა სპონტანურად – 2023 წლის აუდიტის სამოქმედო გეგმით დეპარტამენტის შემოწმება საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. დეპარტამენტში არსებული ვითარების მხედველობაში მიღებით, ეჭვგარეშეა რომ აღნიშნული აუდიტის მიზანია რეორგანიზაცია, რომელსაც შედეგად მოჰყვება დეპარტამენტიდან ხელმძღვანელებისთვის „არასასურველი“ თანამშრომლების გაშვება და დეპარტამენტის ფუნქციების კიდევ უფრო შესუსტება.

    დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებისა და დაგეგმილი აუდიტის შესახებ, არაერთხელ მქონდა მცდელობა ჩემთვის მოესმინა მინისტრის მოადგილეს, თუმცა ჩემთვის დრო ვერც ერთხელ გამონახა.

    ამიტომ, ჩემი მოსაზრებები იმეილის მეშვეობით გავუგზავნე მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს.

    16 ივნისს იმეილით გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც მქონდა დაფიქსირებული ჩემი წუხილები დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებეზე, 11 ივლისს დამიბარეს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში.

    მზად ვიყავი ახსნა-განმარტების მისაცემად (იმ პირობით, რომ ოქმის ასლს გადმომცემდნენ), თუმცა მოულოდნელად ოთახში შემოვიდა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი. მან გააგრძელა ჩემთან გასაუბრება, რაც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მან საქმე გამირჩია იმის გამო, რომ ხელმძღვანელებისთვის მიწერილ წერილში დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. მთელი გასაუბრების განმავლობაში, იგი მეპყრობოდა დამამცირებლად და შეურაცხყოფდა ჩემს ღირსებას. აგდებულად მოიხსენიებდა იმ დეპარტამენტს, სადაც ვმუშაობ. მეძახდა ამბიციურს. მეუბნებოდა, თუ რა მიკეთებია ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მაიძულებდა ახსნა-განმარტების დაწერას. რამდენიმე თანამშრომელთან ერთად განიხილავდა ჩემს პირად Facebook პოსტებს და აკრიტიკებდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე სხვა დროისთვის გადაგვეტანა ახსნა-განმარტების მიცემა (რაც ნებაყოფლობითია), იგი არ მიშვებდა ოთახიდან და მეუბნებოდა, რომ თუ არ დავწერდი განმარტებას, „სამსახურიდან გამაგდებდა.“ ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო.

    ეს ფორმატი არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო დეტალურად ვისაუბრო ჩემს მიმართ გამოვლენილ უსამართლო, დისკრიმინაციულ და ღირსების შემალახველ დამოკიდებულებაზე, რაც მხოლოდ იმიტომ ,,დავიმსახურე”, რომ დავინახე ხარვეზები ამ დეპარტამენტის საქმიანობაში, ვისაუბრე ამ ხარვეზებზე და მინდოდა ამ დეპარტამენტის განვითარება.

    ყველაფრის მიუხედავად, ჩემი ნებით არ მივდივარ სამსახურიდან. ალბათ, ისედაც გამიშვებენ. ჩემი მენტალური ჯანმრთელობის ფასად კვლავ ვაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისა და ჩემი უფლებების დასაცავად.

    საჯაროდ მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით. მზად ვარ, დეტალური ინფორმაცია მივაწოდო ჩემს მიმართ 11 ივლისს განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.

    ასევე, უკვე მივმართე სახალხო დამცველს, ჩემს მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით.
    ასევე, მივმართავ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, უცხო ქვეყნის ელჩებს, მედიას – დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და არ დაუშვან ჩემი და ჩემი ოჯახის

    წევრების უსაფრთხოების ხელყოფა” – წერს გოგა რაზმაძე.

  • ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი MAP-ით.ქვეყანამ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს-ნატოს კომუნიკე

    ნატოს წევრი ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში საქართველოსთან დაკავშირებით წერია, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში .

    კომუნიკეში ნატოს წევრები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, (MAP) როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით.

    “ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენს მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უფლებას გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარები, რომლებიც საქართველოში მისი თანხმობის გარეშე იმყოფებიან. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და დანარჩენი საქართველოსგან მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.

    ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით, რომ სრულად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

    ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით; ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს… ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში, და მაქსიმალურად გამოიყენოს ANP”, – წერია კომუნიკეში.

  • ”რეალურად, დიპლომატიის სრულიად ახალი სკოლაა, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება” – სააკაშვილი უკრაინაზე

    როგორ მინდა, რომ მწყობრში ვიყო და პრეზიდენტის გუნდს ვეხმარებოდე. თუმცა, ის და მისი გუნდი ფანტასტიკურად მოქმედებენ და ჩემს ისედაც მაღალ მოლოდინსაც გადააჭარბეს.

    ვამაყობ ასეთი პრეზიდენტით. ვამაყობ, რომ ერმაკთან ერთად ვსწავლობდი. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ, თუ როგორ მუშაობს კულება და როგორ აანალიზებს სიტუაციას პოდოლიაკი. ეს, რეალურად, დიპლომატიის სრულიად ახალი სკოლაა, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება.

    ერთადერთი, რითაც მე შევეცადე, მათ დავხმარებოდი, იყო ის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს გავუგზავნე 2008 წელს, თითოეული დელეგაციის მიერ დაშვებული შეცდომების მემორანდუმი,

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს და უკრაინის ხელისუფლებაზე საუბრობს.

  • საქართველო მზადაა, რომ NATO-ს წევრი გახდეს, მაგრამ NATO არაა მზად – ზარქუა

    საერთაშორისო მისიებში გამოცდილებით, სხვადასხვა ოპერაციაში მონაწილეობით, აღჭურვილობით, იმ სტანდარტიზაციით, რაც ჩვენს საჯარისო შენაერთებს აქვს – დიახ, დღეს საქართველო მზად არის, რომ NATO-ს ღირსეული წევრი გახდეს, მაგრამ NATO არ არის მზად, რომ ეს თამამი ნაბიჯი გადადგას. ჩვენ რადიკალური ოპოზიციასავით პროვოკატორები ან მავნებლები ხომ არ ვართ, რომ კუთხეში მივამწყვდიოთ. ეს რა შედეგს მოგვცემს? როცა ამისთვის თვითონ იქნებიან მზად და გაბედულ ნაბიჯს გადადგამენ, აი, მაშინ მივიღებთ და ეს იქნება აღიარებული.

    აცხადებს, “ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი იმართება.

  • სიცხადე, მონდომება და სიმტკიცე არის საუკეთესო თავდაცვა – ზურაბიშვილი ზელენსკის განცხადებაზე

    ”სიცხადე, მონდომება და სიმტკიცე არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მუდმივი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”

    წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე  და უკრაინის პრეზიდენტის იმ განცხადებას აზიარებს, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს აკრიტიკებს.

  • დარჩიაშვილის ცოლის ძმა პოლიტიკური დევნის გამო აშშ-ში თავშესაფარს ითხოვს – “გირჩი ტივი”

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი დარჩიაშვილის ცოლის ძმა პოლიტიკური დევნის გამო აშშ-ში თავშესაფარს ითხოვს – ინფორმაციას ამის შესახებ, “გირჩი ტივი”,  საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    როგორც “გირჩი ტივი” წერს, დარჩიაშვილის ძმა თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნას ასახელებს.

    “გირჩი ტივის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი დარჩიაშვილის, ცოლის ძმა, ირაკლი ვაშაკიძე, იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს.

    მიზეზად კი, ასახელებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნას.” – ნათქვამია ”გირჩი ტივის” განცხადებაში.

  • შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება, მივიღებთ საპასუხო ზომებს – პესკოვი

    “რუსეთის ფედერაცია გეგმავს იმავე ზომების მიღებას, როგორც ფინეთის ალიანსში გაწევრიანებისას გეგმავდა,”

    ​კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და საპასუხო ზომებს მიიღებენ.

  • ყველას ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ მოლაპარაკებებს! – სალომე ზურაბიშვილი NATO-ს სამიტზე

    როცა ვილნიუსში NATO-ს სამიტი იწყება ამ მნიშვნელოვან დროს, ყველას ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ მოლაპარაკებებს.

    საქართველო ერთგულად აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას

    ამის შესახებ twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

    ცნობისთვის, ვილნიუსში 11-12 ივლისს NATO-ს სამიტი გაიმართება.

  • ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე, ვილნიუსში მივემართებით – ზელენსკი

    “ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბრებს. უკრაინა წარმოდგენილი იქნება ნატოს სამიტზე ვილნიუსში, რადგან საქმე პატივისცემას ეხება. მაგრამ პატივისცემას უკრაინაც იმსახურებს.

    ახლა, როდესაც ვილნიუსისკენ მივემართებით, ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

    უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის ნატოში მიპატიჟებისთვის და არც ნატოს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის ნატოში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისთვის და არც მისი ნატოს წევრად ქცევისთვის.

    ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენება იმისთვის, რომ უკრაინის ნატოში წევრობა გამოყენებულ იქნას რუსეთთან ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, რომ გააგრძელოს ტერორი. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ამის შესახებ ღიად ვისაუბრებ სამიტზე.”

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი twitter-ზე წერს და აღნიშნავს,  უკრაინა ვილნიუსში NATO-ს სამიტს დაესწრება.

  • უკრაინის მიმართ ომის მდგომარეობის გამო ყურადღება გასაგებია, არ უნდა შეგვშურდეს – კობახიძე

    როდესაც დიფერენციაციის საფუძველი არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა იყო ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, ენმ , უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით.

    უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები. ამის არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში. 2008 წელს, როცა ჩვენ ვიყავით ომში, მაშინ მაპიც კი არ მოგვანიჭეს. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. კარგია, რომ დღეს უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. რა თქმა უნდა, ამის არ უნდა შეგვშურდეს და არც შეგვშურდება

    აცხადებს ამის შესახებ,  ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დმიტრო კულებას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ NATO  უკრაინის გაწევრიანების გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდა.