Category: ახალი ამბები

  • “ოცნების” ანტიდასავლური რიტორიკა არ გაჩერდება და მივა იქამდე, რომ მოგვიწევს გადაწყვეტა, გვინდა რუსეთში ცხოვრება თუ ევროპულ ქვეყანაში –  გვარამია

    “ოცნების” ანტიდასავლური რიტორიკა არ გაჩერდება და მივა იქამდე, რომ მოგვიწევს გადაწყვეტა, გვინდა რუსეთში ცხოვრება თუ ევროპულ ქვეყანაში – გვარამია

    “ანტიდასავლური რიტორიკის აღმავალი ხაზია და ეს არ გაჩერდება, გამორიცხულია, რომ გაჩერდეს, ჟანრის კანონებს ეწინააღმდეგება ეგეთი რამ. არ გაჩერდება არცერთ შემთხვევაში და მივა იქამდე, რომ ჩვენ მოგვიწევს იმის გადაწყვეტა, გვინდა რუსეთში ცხოვრება თუ გვინდა საქართველოში ცხოვრება, ევროპულ ქვეყანაში. საქართველოს როცა ვამბობ, მე წარმომიდგენია, რომ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევს ქვეყანაზე მომავალში, რამდენიმე წელიწადში, მაქსიმუმ 10-ში. სასურველია, რომ 5-ში. თუმცა, ეს რეალისტურია. ამ გადაწყვეტილების მიღება როდის მოგვიწევს, ვნახოთ, როდის დააყენებს ამ მომენტუმს “ქართული ოცნება” და აყენებს მაშინ, როდესაც ჩათვლის, რომ ყველაზე ძლიერია და ოპოზიცია ყველაზე სუსტია. ეს შეიძლება მოხდეს წელს, ეს შეიძლება მოხდეს გაზაფხულზე, ეს შეიძლება მოხდეს 2024-ზე. 2024-ზე ეს დანამდვილებით მოხდება. ამიტომ, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ, მე ვფიქრობ, და დამხვდა ის, რომ ამისთვის მაინც და მაინც მზად არ ვართ.

    ძაღლის თავი მარხია იქ, რომ ჩვენ მხარეს დღის წესრიგი არ არის. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკოსებს კვლავ ვიტყვი, მე არა ვარ ქართველ პოლიტიკოსებზე დაბალი შეხედულების. ეგ არის, ზოგადად, პრობლემა ჩვენთვის. ჩვენ ვართ მოპასუხეების რეჟიმში და მოპასუხეები მე ვფიქრობ, ფინიშამდე პირველები ვერ მიდიან, ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან არიან. ან ისე უნდა უპასუხო, რომ წააქციო მოწინააღმდეგე, ჯერჯერობით ეს ვერ შევძელით,”

    ამის შესახებ კი ნიკა გვარამიამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

  • Astoria Grande-მ შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო

    საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგ რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.

    აღნიშნული ლაინერი, ბათუმის პორტში 2 კვირაში ერტხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ბათუმი აღარ იძებნება.

    დღეს, 31 ივლისს გამთენიისას Astoria Grande-მ რუსი ტურისტები საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიყვანა. გემზე ასევე იმყოფებიან ომისა და კრემლის პროპაგანდისტები.

  • ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავეს

    ბათუმში, სადაც რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე მოქალაქეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა.

    ბათუმის პორტთან, აქცია გუშინ, გვიან ღამით დაიწყო.  ადგილზე მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

    საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, პორტში 6-ის ნახევარზე შემოვიდა. გემზე იმყოფებიან უკრაინაში ომისა და პუტინის მხარდამჭერებიც.

  • ბათუმში პოლიციამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა. აქტივისტები რუსული საკრუიზო გემის დასახვედრად ემზადებიან

    რამდენიმე საათში ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერი უნდა შემოვიდეს, რომელიც სოჭიდან გამოვიდა და თურქეთის სანაპიროს გავლით ბათუმში მოდის. ბორტზე ასეულობით რუსეთის მოქალაქე იქნება. ლაინერის დასახვედრად ემზადებიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, თუმცა ბათუმის პოლიციამ ბათუმის პორტისკენ მიმავალი გზები გადაკეტა.

    “ამ წუთას პოლიციამ ბათუმის პორტთან მისასვლელი გზაც გადაკეტა. ასე იცავენ ოკუპანტებს ჩვენ ქვეყანაში”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ ბატიაშვილი წერს და ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

    აქტივისტები საპროტესტო  შეკრებას ღამის 12:00 საათიდან იწყებენ და პორტში გამთენიისას შემოსულ ლაინერს პროტესტით დახვდებიან.

    საკრუიზო ლაინერ Astoria Grande–ს პირველი რეისი  საქართველოში 27 ივლისს შედგა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში  საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.

  • “მოვუწოდებ ჩემს ძმებს“– რომის პაპი რუსეთის ხელისუფლებას მარცვლეულის შეთანხმების განახლების თხოვნით მიმართავს

    “მოვუწოდებ ჩემს ძმებს“– რომის პაპი რუსეთის ხელისუფლებას მარცვლეულის შეთანხმების განახლების თხოვნით მიმართავს

    რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის ხელისუფლებას შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების განახლების თხოვნით მიმართა .

    ეს შეთანხმება, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევდა მიეწოდებინა საკვები მსოფლიო ბაზრებზე საკვები მიეწოდებინა, მოსკოვმა ივლისის შუა რიცხვებში შეწყვიტა.

    „მოვუწოდებ ჩემს ძმებს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, განაახლონ შავი ზღვის ინიციატივა, რათა შესაძლებელი იყოს მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირება“, – თქვა პაპმა ვატიკანში მორწმუნეებისთვის საკვირაო მიმართვაში.

    ფრანსისკმა დაგმო უკრაინაში მარცვლეულის განადგურება და მას “ღმერთის მძიმე შეურაცხყოფა” უწოდა.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თავის Twitter-ზე პონტიფიკოსის მიმართვას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, „მსოფლიო სულიერი ლიდერების რეაქცია რუსეთის სარაკეტო ტერორზე და უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების განადგურებაზე ძალზე მნიშვნელოვანია, რათა დავიცვათ მთელი მსოფლიო სასურსათო კრიზისისგან და განსაკუთრებით აფრიკისა და აზიის ხალხები, რომლებსაც ყველაზე მეტად ემუქრებათ შიმშილის საფრთხე“.

    მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლის შემდეგ, რუსეთმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელა ოდესასა და ოდესის რეგიონზე.

    უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მოსკოვის მიზანი მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებაა. რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ ისინი პორტებში სამხედრო ობიექტებს პორტებში უტევენ და ამ შეტევებს  ყირიმის ხიდზე აფეთქებების გამო “საპასუხო დარტყმებს” უწოდებენ.

  • მოსკოვის საქმიან კომპლექს “მასკვა–სითი“–ს წუხელ დრონებმა შეუტიეს

    კვირას ღამით ორმა დრონმა მოსკოვის ბიზნეს ცენტრში შენობები დააზიანა. კიდევ ერთი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჩამოაგდეს. ეს არის დრონებით მეოთხე თავდასხმა მოსკოვზე მაისის დასაწყისიდან.

    „წუხელ უკრაინული დრონების შემოტევა იყო. მსუბუქად დაზიანდა ქალაქის ორი საოფისე კოშკის ფასადები. მსხვერპლი და დაშავებული არ არის“, – ნათქვამია მესიჯში, რომელიც მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ტელეგრამის არხზე კვირას დილის 5-ის ნახევარზე გამოჩნდა.

    შედეგად, IQ- კვარტალის 50-სართულიანი კორპუსი მეხუთე და მეექვსე სართულების ირგვლივ დაზიანდა. აქ რუსეთის სამი სამინისტროს ოფისები და საცხოვრებელი აპარტამენტებია განთავსებული.

    ტელეგრამის არხმა „ფრთხილად, ახალი ამბები“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ციფრული განვითარების სამინისტროს აფეთქების შედეგად მიმოფანტული დოკუმენტები.

    ზოგიერთი ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთიდან ორამდე ადამიანი დაშავდა, თუმცა ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურა.

    ტელეგრამის არხის Mash-ის ცნობით, მოსკოვზე თავდამსხმელი ორი დრონიდან პირველი 3:20 წუთზე აფეთქდა. ამავდროულად, გამოჩნდა ცნობები მოსკოვის რეგიონის ოდინცოვოს რაიონში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

    დაახლოებით 4:10 საათზე მიიღეს ინფორმაცია მეორე აფეთქების შესახებ – “ოკო-2“ ბიზნეს ცენტრში.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემებით განადგურდა ჰაერში, „კიდევ ორი ​​უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს რადიოელექტრონული  ბრძოლის სისტემებმა და და კონტროლი დაკარგა მოსკოვის ტერიტორიაზე, არასაცხოვრებელი შენობების კომპლექს “მასკვა–სითის“ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

    უკრაინას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

    ინციდენტთან დაკავშირებით, დედაქალაქის ვნუკოვოს აეროპორტი მცირე ხნით დაიხურა გამგზავრებისა და ჩამოსვლისთვის, ხოლო ფრენები აიკრძალა მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონის საჰაერო ზონაში, წერს TASS.

    გარდა ამისა, მოსკოვის მიდამოში, ტესტოვსკაიას ქუჩაზე, მოძრაობა გადაკეტილი იყო.

  • სექს-სკანდალი ირანში: ჩინოვნიკი, რომელსაც ისლამური ღირებულებების დაცვა ევალებოდა სხვა მამაკაცთან ურთიერთობის ვიდეოს გამო თანამდებობიდან მოხსნეს

    ირანელი რეგიონალური თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელია ისლამური ღირებულებების დაცვაზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ვიდეო კადრების გამო, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ,  სხვა მამაკაცთან მისი სექსია ასახული.

    ვიდეო, რომელზეც ჩანს  გილანის პროვინციის (ის კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და აზერბაიჯანს ესაზღვრება) ისლამური კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეზა ცაგატი ინტერნეტში გამოქვეყნდა. ის პირველად ოპოზიციურმა ტელეგრამ არხმა, რომლის რედაქტორმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ირანის ოფიციალური პირების მხილებას.

    ვიდეოჩანაწერზე ასახული პირების ვინაობა ბოლომდე დადასტურებული არ არის, თუმცა ცაგატი საქმის ყველა გარემოების გარკვევამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

    ვიდეო სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება და უამრავ გამოხმაურებას იმსახურებს. ბევრი აღნიშნავს, რომ ცაგატი იყო კულტურული ცენტრის დამფუძნებელი, რომელიც ღვთისმოსაობის და ჰიჯაბის ტარების პროპაგანდით არის დაკავებული.

    შაბათს, ირანის კულტურის მინისტრმა მოჰამედ მეჰდი ესმაილიმ განაცხადა, რომ ვიდეოს გამოჩენამდე მას არ ჰქონია არანაირი ნეგატიური ინფორმაცია რეგიონალური ოფიციალური პირის შესახებ.

    იმავდროულად, გილანის ისლამური კულტურის დეპარტამენტმა 22 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ცაგატის მიერ სავარაუდო ჩადენილი “დანაშაულის შესახებ ეჭვებზე”. ხელისუფლება აცხადებს, რომ საქმე „გაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს“ და მოუწოდეს ყველას, რომ ვიდეო აღარ გამოიყენონ „ისლამური რევოლუციის დიდებული კულტურული ფრონტის შესუსტებისთვის“.

    როგორც სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი წერს, ცაგატის მოხსნა იმის დასტურია, თუ რამდენად განსხვავებულად ექცევა ირანის ხელისუფლება  ოფიციალურ პირებსა და ქვეყნის რიგით მოსახლეობას, რომლებსაც ლგბტ თემის წევრობა ედებათ ბრალად, ან ქალებს, რომლებიც არღვევენ ისლამურ ჩაცმულობის დრესკოდს.

    ირანში ჰომოსექსუალური ურთიერთობა კანონით აკრძალულია, ასეთი დარღვევისთვის მაქსიმალური სასჯელი სიკვდილით დასჯაა. ამ შემთხვევებში სიკვდილით დასჯა იშვიათად გამოიყენება, მაგრამ ლგბტ თემის წევრები მუდმივად აწყდებიან დისკრიმინაციას.

    ირანელი ქალები ასევე ისჯებიან ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმისთვის.

    გასული წლის სექტემბერში ირანში მასიური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო.

    ამინი პოლიციის ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და მისი ოჯახისა და აქტივისტების თქმით, ის ცემის შემდეგ გარდაიცვალა. ხელისუფლება კვლავ ამტკიცებს, რომ ქალის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო.

  • ტეილორ სვიფტის კონცერტებმა სიეტლში მინი მიწისძვრები გამოიწვია

    ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის ტეილორ სვიფტის ორმა დიდმა კონცერტმა ქალაქ სიეტლში სეისმური აქტივობა გამოიწვია, რომელიც 2,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ექვივალენტური იყო .

    ადგილობრივმა სეისმოლოგმა ჯეკი კაპლან-აუერბახმა დაარეგისტრირა ეს მონაცემები სვიფტის ანშლაგით მიმდინარე კონცერტების   დროს Lumen Field-ის სტადიონზე 22 და 23 ივლისს, რაც  მისი Eras Tour-ის ნაწილია.

    მეცნიერის თქმით, მინი მიწისძვრის წყარო შეიძლება გამხდარიყო  მოცეკვავე სვიფტის ფანები ან ხმის სისტემა. კაპლან-აუერბახმა, დასავლეთ ვაშინგტონის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორმა,  თავისი დაკვირვებები CNN-ს გაუზიარა.

    ორი საღამოს განმავლობაში ამ კონცერტებზე მომღერლის 144 000 ფანი ცეკვავდა.

    წინა მსგავსი რეკორდი სიეტლში 2011 წელს ამერიკული ფეხბურთის მატჩის დროს დაფიქსირდა. მას ერქვა “ბესტ კვაკი” – “ცხოველთა მიწისძვრა”.

    მაშინ სეისმური მოვლენის მიზეზი სიეტლ სიჰოუკსის გუნდის გულშემატკივრები გახდნენ. მათ ვერ შეიკავეს სიხარული, როდესაც მარშონ ლინჩმა გაიტანა შთამბეჭდავი 6-ქულიანი დარტყმა განახორციელა და კლუბის გამარჯვება უზრუნველყო  მოქმედ ჩემპიონთან ნიუ ორლეან სენტსის ჩემპიონატზე .

    კაპლან-აუერბახის მიხედვით, სხვაობა NFL თამაშისა და სვიფტის ბოლო კონცერტებტს დროს დაფიქსირებულ ბიძგებს შორის მხოლოდ 0,3 ბალი იყო, მაგრამ რყევა ორჯერ ძლიერი იყო, რამაც ეფექტი გააორმაგა.

    ”მე მივიღე კონცერტების ორივე საღამოს მონაცემები და მაშინვე შევამჩნიე, რომ [ორივე დღეს] იყო ერთი და იგივე სიგნალები,” – განმარტა ექსპერტმა. ”თუ მათ ერთმანეთს გადავადებთ, ისინი თითქმის იდენტური იქნებიან.”

    სიეტლში ათასობით კონცერტის შემდეგ, სვიფტმა თავის ინსტაგრამზე დაწერა, რომ შაბათ–კვირას გამართული კონცერტები მის ცხოვებაში მართლაც ყველაზე საყვარელი იყო.  “Მადლობა ყველაფრისთვის.  აპლოდისმენტებისთვის, ყვირილისთვის, ხტუნვის, ცეკვის, სიმღერისთვის”, – დასძინა მომღერალმა.

    არსებობს მონაცემები, რომ მუსიკალური კონცერტები ადრეც იწვევდა სეისმურ აქტივობას, მაგალითად, Foo Fighters-ის გამოსვლა ახალ ზელანდიაში 2011 წელს. მაშინ  50 ათასმა გულშემატკივარმა გამოიწვია მიწისქვეშა  ბიძგები ოკლენდის რაიონში, რაც მეცნიერებმა  ვულკანურ აქტივობას შეადარეს.

  • 2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა-გაერო

    2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა. გაეროს დაქვემდებარებაში მყოფი მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე 2019 წლის ივლისი იყო, თუმცა წლევანდელი ივლისის პირველ სამ კვირაში წინა რეკორდი უკვე მოიხსნა და  წინა რეკორდზე 0.2 გრადუს ცელსიუსით მეტი ტემპერატურა დაფიქსირდა.

    მსოფლიოს 3 კონტინენტზე ივლისის პირველ 3 კვირაში იმდენად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რომ  მსოფლიოში ორმა ყველაზე ავტორიტეტულმა კლიმატის გლობალურმა ორგანიზაციამ ივარაუდა, რომ ეს თვე მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცხელი იქნებოდა. ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის განცხადებით, ასეთი მაჩვენებელი არა მხოლოდ ტემპერატურაზე დაკვირვების ისტორიაში არ ყოფილა, არამედ სავარაუდოდ მინიმუმ ბოლო ასი ათასი წლის მანძილზე.

    გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მტკიცებით, 1900-იანი წლების შემდეგ პლანეტაზე გლობალური ტემპერატურა 1.5 გრადუს ცელსიუსით არის გაზრდილი, ტემპერატურის მატება კი კლიმატური კატასტროფების რაოდენობას მკვეთრად ზრდის.

  • კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი – თინა ბოკუჩავა

    “მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მხრიდან პატრიოტების რეაქციებს თუ ქაჯობას უწოდებს ვინმე, ეს მგონი, უფრო მეტად ამხელს მათ პოლიტიკურ მოტივაციას. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ საქართველოს პატრიოტები იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას, რომელზეც უარი თქვა და გაყიდა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა.

    მე დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე იქნება და ყველა საკვანძო მომენტში საქართველოს მოქალაქე აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმს, რომ რუსიფიკაციის მცდელობა წარუმატებელი იქნება ყოველთვის.

    მისი (კობახიძის) განცხადება არის ქვეყნის ღალატი და მორიგ ჯერზე საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაბრალება, რასაც თავისუფალ სამყაროში არავინ აკეთებს პუტინის რუსეთის გარდა. ისინი ამ განცხადებებით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ კოლაბორაციონისტი მოღალატეები არიან და პუტინთან ერთად აბრალებენ ომს საკუთარ ქვეყანას.[…]  ასეთი სავიზო რეჟიმი არსად არ მოქმედებს. ის, რასაც “რუსული ოცნება” აკეთებს, არის ღია კარის პოლიტიკა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, მათ შორის, სასათბურე ეკონომიკური პირობებით, სადაც რუსეთის მოქალაქეები იკავებენ საქართველოს მოქალაქეების ადგილებს,ათ შორის სამუშაო ადგილებს და ჩვენი მოქალაქეების ტოტალური გაღარიბების ფონზე რუსეთის მოქალაქეები მდიდრდებიან საქართველოში და ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული შედეგი,”

    ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ პარლამენტში, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც მან “ქაჯობა” უწოდა.