მე ერთი რამე მინდა გითხრათ ასეთი კატაკლიზმები, ასეთი ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ამისი არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია და მე ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის.
Category: ახალი ამბები
-
ასეთი ტრაგედიები ყველა ქვეყანაში ხდება, არიდებაზე საუბარი არასერიოზულია – ღარიბაშვილი
-
შოვში ადგილობრივები სამძებრო სამუშაოებში ჩართვას ითხოვენ
შოვში სტიქიის ზონაში, ადგილობრივები და დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები, სამძებრო სამუშაოებში ჩართვას ითხოვენ. ისინი პოლიციას სთხოვენ სტიქიის ზონაში შეუშვან, თუმცა პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.
ადგილზე მაშველები 31 დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში მეწყერს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2 ადამიანის ცხედარი მაშველებმა გუშინ გვიან ღამით იპოვეს, 4 კი დღეს დილით.
სტიქიის ადგილიდან ევაკუირებულია 210 ადამიანი.
სამაშველო ოპერაციაში 2 თვითმფრინავი, სპეციალური ტექნიკა და 400-ზე მეტი მაშველი არის ჩართული.
სამუშაოებში ჩართული არიან კინოლოგებიც.
-

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭის მოვლენებს, ვწუხვართ გარდაცვლილთა გამო – ილია მეორე
მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო.
რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია. ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: “მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა” ამინ!
ასევე, ერთხელ 90-ე და 50-ე ფსალმუნი. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და ყოველნი მკვიდრნი მას შინა.
ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ რაჭის სტიქიასთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში
-
შოვიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 6 ადამიანი, 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროის მონაცემებით, 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით 35 ადამიანს ვერ უკავშირდებიან, 210 ადამიანი ევაკუირებულია
ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.
- თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში იმ ადგილას, სადაც კოტეჯები მდებარეობდა, ახლა “ფაქტობრივად არაფერი აღარაა”.
-
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს.ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობამ 6–ს მიაღწია. შოვში, მეწყერი გუშინ ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
-
ამ მომენტისთვის, სტიქიის ზონაში 35 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება – ქარსელაძე
“ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით ვერტმფრენების გამოყენებით და რა თქმა უნდა, უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება გადაზუსტება.”,
აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.
-
ნოვოროსიისკის პორტს ორი უკრაინული საზღვაო დრონი დაესხა თავს–რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია საზღვაო უპილოტო დრონების ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმის შესახებ.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს ღამით ორმა უპილოტო უკრაინულმა კატერმა რუსეთის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა სცადა.
”შეტევის მოგერიებისას, უპილოტო კატარღები ვიზუალურად იქნა აღმოჩენილი და განადგურდა რუსული გემების იარაღიდან, რომლებიც იცავდნენ სამხედრო–საზღვაო ბაზის გარე პერიმეტრს,” – ციტირებენ სააგენტოები უწყებას.
ნოვოროსიისკის პორტი რუსეთის მთავარი პორტია შავ ზღვაზე და ამავე დროს, სამხედრო–საზღვაო ბაზაც. ეს პორტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სანქციებში მოხვდა.
-
ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი–შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს:
“ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.
დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.“–ნათქვამია განცხადებაში -
ჩვენ გვყავს ვერტმფრენი და აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო მალე ჩამოფრინდებოდა? – ქარსელაძე
“პირველ რიგში იმისკენ მოგიწოდებთ, რომ ვითარება ისედაც მძიმეა, ნუ შევეცდებით რაღაც მიზეზების მოძებნას…ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი და გაგავრცელოთ დაზუსტებული ინფორმაცია ვინაიდან საუბარი არის პირველ რიგში ადამიანებზე. ძალიან გთხოვთ, რომ მიზეზ- მიზეზ ნუ ვიქნებით იმისთვის, რომ რაღაც მიზეზი ვიპოვით იმისთვის, რომ როდესაც კეთდება აბსოლუტურად მაქსიმალური ძალისხმევა.
მართალია მე არ ვარ ვერტმფრენის სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერს და მათ შორის ვერტმფრენსაც გააჩნია შესაბამისი სამობილიზაციო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე.შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება. ორწუთიან ინტერვალზე არის საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და გარდა ვერტმფრენისა და გარდა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა, 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში….
ჩვენ გვყავს ვერტმფრენი და აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო მალე ჩამოფრინდებოდა?
დაგვიანებაზე საუბარი საერთოდ უადგილოა, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ბრიგადა, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო, მყისიერი იყო მისი გამოცხადება…
თქვენ თუ ცოტა მეტს წაიკითხავთ ვერტმფრენებზე მიხვდებით, რომ ყველაფერს გააჩნია თავისი ობიექტური დრო. ნახვამდის
აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ვერტმფრენებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
-
მაშველებმა შოვში 6 ადამიანი იპოვეს, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ – ბოლო ცნობები
- თუ შოვში დაკარგულ ადამიანების შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.
რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში მაშველებმა 6 ადამიანი იპოვეს, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდნენ.
”მაშველებმა იპოვეს და უსაფრთხო ადგილას გამოჰყავთ ექვსი ადამიანი, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ”.- წერს ამის შესახებ, ჟურნალისტი და ამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.ამ დროისთვის სტიქიის ზონაში უსაფრთხო ლოკაციებზე 150-მდე ადამიანი მაშველებთან ერთად იმყოფება. მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ მათ შორის არიან ის ადამიანებიც, ვისაც ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებენ.ვერტმფრენით ადამიანების გამოყვანა ამ დროისთვის შეწყვეტილია და დილით განახლდება.მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში მობილიზებული იქნება ყველა საჭირო ტექნიკა და ამ დროისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება საჭირო არ არის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ადგილზე რთული ვითარებაა.
„რთული ვითარებაა, სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია. არეალისა და ჩამოსული მასის გათვალისწინებით უპრეცედენტოა. ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. შესაბამისად, ვითარება მძიმეა. ყველა ძალისხმევა ხორციელდება, რის შემდეგაც 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია, 152 ადამიანია რამდენიმე ლოკაციაზე უსაფრთხო ადგილას სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველა იმ საჭიროებით, რაც ამ მომენტისთვის და მთელი ღამის განმავლობაში დასჭირდებათ. ხვალ დაგეგმილია უკვე მათი გამოყვანა. ამავდროულად, დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირის დამყარება. სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. 400 მაშველია ჩართული სამაშველო ოპერაციაში და ღამის განმავლობაში დაახლოებით 150 მაშველია ადგილზე“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ცნობისთვის, რაჭაში, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ცხედარი იპოვეს. დაკარგულად ითვლება 50-მდე ადამიანი.