Category: ახალი ამბები

  • დაფიქსირდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ნაწილის უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვა – ლილუაშვილი

    “დაფიქსირდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ნაწილის უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა. აღნიშნულის მიუხედავად, ადგილზე კვლავ რჩებოდა საოკუპაციო ძალების შესაძლებლობათა 50%-ზე მეტი. აღნიშნული ძალები განაგრძობდნენ უკანონო სამხედრო წვრთნებს და სხვა უკანონო აქტივობებს.
    ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ, გასული წლების მსგავსად, საოკუპაციო ძალის მხრიდან მიმდინარეობდა ეთნიკური დისკრიმინაცია და გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა.
    ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურები. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებზე განთავსებულმა საოკუპაციო ძალებმა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რამდენიმე ათეული უკანონო სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, ხსენებულ ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლების პროცესი.
    აღსანიშნავია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ე.წ. მოხალისეები როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ისე აფხაზეთიდან. მათ შორის, დადასტურდა არაერთი პირის დაღუპვის ფაქტი.
    რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის პირობებში, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის როკის მონაკვეთზე ამოქმედდა სამხედრო გაწვევის პუნქტი, რომლის მეშვეობითაც გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით ხორციელდებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის კონტროლი“,

    განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა.

  • მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა III მოსმენით მიიღო

    მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.კანონში ცვლილებებს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღდეგი იყო.

    პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავდა.

    კანონპროექტით იცვლება “სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის” გავრცელებასთან დაკავშირებით თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. დაინტერესებულ პირს უფლება ექნება, თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივროს. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომუნიკაციების კომისის უფლება ექნება, მაუწყებელი დააჯარიმოს. ამასთანავე კანონის ახალ რედაქციაში მმართველი გუნდის დეპუტატებმა “უხამსობის” პუნქტი მოქმედი კანონმდებლობის 56-ე მუხლიდან ამოიღეს, უცვლელად გადაიტანეს 561-ე მუხლში (მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა) და კომუნიკაციების კომისიის განსჯას დაუქვემდებარეს.

    “მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და სოციალიზაციას.

    იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“ – წერია კანონპროექტში.

    კანონპროექტის ავტორი და ინიციატირი არიან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: – დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

    კანონის ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერა არის საჭირო.

  • იმედია, საქართველოს ხელისუფლება თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს – ბჟანია

    “[უკრაინის პრეზიდენტის] ეს განცხადებები მიუთითებს იმას, რომ ზელენსკის და მის უკან მყოფ ძალებს სურთ ახალი სისხლიანი ომის დაწყება კავკასიის რეგიონში. უკრაინა ცდილობს, გააფართოოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას არასტაბილურობის დამატებითი ზონა რუსეთის გარშემო. […] იმედი მაქვს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს. არ მგონია, რომ ომი დღეს მათთვის მომგებიანი იყოს”.

    აცხადებს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია.

  • “ევროკავშირშია გაგზავნილი, თითი დაადეს სამიდან ერთ ვარიანტს” – კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე

    “ევროკავშირშია გაგზავნილი, თითი დაადეს სამიდან ერთ ვარიანტს” – ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

    “ეს კანონპროექტი არის გაგზავნილი ევროკავშირში. ვარიანტი შევთავაზეთ, თითი დაადეს სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს და ვიღებთ ამას. დამთავრებული ამბავია. დირექტივაა ევროკავშირის. უხამსობას რაც შეეხება, ჩანაწერი არის ძველი, ეს ჩანაწერი რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც”,-ამბობს კობახიძე.

     

  • ამაზე ცინიკური არაფერია, როცა პუტინი სამოქალაქო მსხვერპლზე აფრთხილებს ყველას – შოლცი

    გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღშფოთება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ  პუტინის განცხადებაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში ომს შეიძლება მოჰყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, მან ამ განცხადებას უკიდურესი ცინიზმი უწოდა.

    “აღშფოთებული ვარ, როცა მესმის რუსეთის პრეზიდენტის გაფრთხილებები, რომ შეიარაღებულ კონფლიქტებში შეიძლება იყოს მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის. ამაზე უფრო ცინიკური რამის პოვნა რთულია” – განაცხადა  კანცლერმა.

  • პარტნიორებისგან მოველით, რომ ზურაბიშვილს ვიზიტებზე უარს ეტყვიან – პაპუაშვილი

    “16 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია რომ ასეთი ვიზიტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, ამიტომ რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არ უნდა იყოს ხელშეწყობა კონსტიტუციის დარღვევისა.

    ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნების ნაწილი გავხდით იმიტომ, რომ გვინდოდა გვქონოდა ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი კონსტიტუცია, რომელსაც პატივს სცემდნენ სხვა სახელმწიფოები. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პატივისცემა სხვების მხრიდან, გამოიხატება ჩვენი კონსტიტუციის პატივისცემაში. თუკი ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე, ჩვენმა პარტნიორებმაც ამას უნდა სცენ პატივი.

    ჩვენს ხინკალს და ხაჭაპურს პატივს სცემს ძალიან ბევრი ადამიანი და მათ შორის, ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაც პატივს სცემდა ხინკალსა და ხაჭაპურს – ეს არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნის პატივისცემისთვის. ვისაც უნდა აჩვენოს პატივისცემა ქართველი ხალხის და ქართველი სახელმწიფოს მიმართ, მან უნდა აჩვენოს პატივისცემა საქართველოს კონსტიტუციის მიმართ. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ თუკი იქნება
    მოთხოვნები ასეთი ვიზიტებისა და შეხვედრებისა, ამაზე უპირველეს ყოვლისა მოიკითხავენ არსებობს თუ არა მთავრობის თანხმობა და თუ ასეთი თანხმობა არ არსებობს, ასეთი ვიზიტის განხორციელებაზე მას ეთქმევა მას უარი”,

  • გამოგვეცხადა პავლიკ მოროზოვად, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე – კობახიძე ზურაბიშვილზე

    მისი გამოსვლის ტექსტი არა მარტო ინსტიტუტების მიმართ შეურაცხმყოფელი იყო, არამედ, ისეთ პასაჟებს შეიცავდა, რაც ზრდილობის ზღვარს მიღმა გადიოდა. განსაკუთრებით მძიმე ის პასაჟი იყო, რომელიც შვილების თემას უკავშირდებოდა. ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, მაგრამ ეს დაწერილი ტექსტი იყო – ზურაბიშვილს ქაღალდზე პავლიკ მოროზოვის ტექსტი ჰქონდა დაწერილი და ამას კითხულობდა. სინამდვილეში, ამ თავისი ტექსტით, გუშინ სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც პავლიკ მოროზოვი, რომელმაც ნიკო ნიკოლაძე გაყიდა. ეს ამ ტექსტის ერთადერთი რელევანტური შეფასება იყო.

    ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმპიჩმენტის განხილვის დროს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას.

  • თუ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგი საქართველოსთვის – დეკანოიძე

    „ეს არის გაფრთხილება, რომელიც მას მისცა კობახიძემ. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რატომ საუბრობს პროკურატურაზე?! არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ მეორე პრეზიდენტს გავასამართლებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე მოცემულობა და შედეგი საქართველოსთვის.[…] ივანიშვილის მითოლოგიზაცია არის ძალიან საშიში. ის არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან და დაკავებულია საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებით, ამიტომ მას არ სჭირდება პროდასავლური ანტურაჟი. მმართველი პარტია, რომელიც ასევე დაკავებულია რუსული გავლენების გაძლიერებით, არის მისი სახე. ყველაფერს გამოაჩენს დრო, მე არ შემიძლია წინასწარმეტყველება, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ იმპიჩმენტი იყო პროცესი პროცესისთვის, რომლითაც მმართველი პარტია შეეცადა, გადაეფარა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ეხება ფარცხალაძის დასანქცირებას, ღარიბაშვილის კორუფციას და ა.შ.”

    ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს”.

  • ღაზაში შექმნილი კრიზისი შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს – ლავროვი

    „ჩვენ ვაკვირდებით მცდელობებს, რომ ყველაფერი ირანს დააბრალონ, რაც საკმაოდ პროვოკაციულად მიგვაჩნია. მე მჯერა, რომ ირანის ხელმძღვანელობა საკმაოდ პასუხისმგებლიან, დაბალანსებულ პოზიციას იკავებს და ცდილობს არ დაუშვას კონფლიქტის რეგიონში გავრცელება.[..]ღაზაში შექმნილი კრიზისი შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს“,

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფხენიანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ჩვენ გვსურს, ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი – შამბა

    “ჩვენ ისეთი ურთიერთობები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროზეა მორგებული და რუსული სამყაროს შექმნაში მონაწილეობს. ჩვენ გვსურს, ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი”,

    აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, სერგეი შამბა.