Category: ახალი ამბები

  • ისრაელის არმიამ ღაზაში სასწრაფო დახმარების მანქანაზე მიიტანა დარტყმა, რადგან ჩათვალა, რომ მას ჰამასი იყენებდა

    ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ღაზას სექტორში სასწრაფო დახმარების მანქანაზე საჰაერო დარტყმა განახორციელა. IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მისმა ჯარებმა დაადგინეს, რომ მანქანა გამოიყენებოდა “ჰამასის ტერორისტული უჯრედის” მიერ და დარტყმის შედეგად დაიღუპა ორგანიზაციის რამდენიმე შეიარაღებული წევრი.

    ”ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს”, – აცხადებენ ისრაელის სამხედროები. ”რაიონში მცხოვრებ სამოქალაქო პირებს არაერთხელ სთხოვდნენ ევაკუაციას სამხრეთისენ საკუთარი უსაფრთხოებისთვის.”

    მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ღაზას ქალაქ ალ-შიფას ჰოსპიტალთან აფეთქების შესახებ.

    გადამოწმებული კადრები აჩვენებს დაზიანებულ სასწრაფოს მანქანას და რამდენიმე დაშავებულს, რომლებიც საავადმყოფოს გარეთ იწვნენ.

    IDF-ის განცხადებაში არ არის განმარტებული, იყო თუ არა ეს იგივე ინციდენტი.

  • პენტაგონი: ჩვენ ვიყენებთ დრონებს ღაზას თავზე მძევლების მოსაძებნად

    შეერთებულმა შტატებმა პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ ღაზას სექტორზე უიარაღო სათვალთვალო დრონებს იყენებს.

    პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა თქვა, რომ დრონები გამოიყენეს „მძევლების გათავისუფლების მცდელობის მხარდასაჭერად“.

    „აშშ ახორციელებს უიარაღო უპილოტო თვითმფრინავების ფრენებს ღაზას სექტორზე და აწვდის რჩევებსა და დახმარებას, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს ისრაელელ პარტნიორს მძევლების დაბრუნების მცდელობებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ”ამ უპილოტო საფრენი აპარატების ფრენები დაიწყო 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ,” – თქვა რაიდერმა.

    მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული MQ-9 Reaper დრონები, რომლებიც არ ატარებდნენ იარაღს, შენიშნეს ღაზას თავზე.

  • დღეში მხოლოდ 22 წუთიანი აქტივობა ხანგრძლივი უძრაობით გამოწვეულ სიკვდილიანობის რისკს ანეიტრალებს

    ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზომიერი ან ენერგიული ვარჯიშის 22 წუთი მნიშვნელოვნად შეამცირებს სიკვდილიანობის რისკს 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

    კვლევა მიუთითებს რომ უმოძრაო ცხოვრების წესი ფართოდ არის გავრცელებული და ადამიანების დიდი ნაწილი დღეში 8 საათზე მეტს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს.

    ბრიტანული სპორტული მედიცინის ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 22 წუთიანი ზომიერი და ენერგიული ფიზიკური აქტივობა ამცირებს სიკვდილის რისკს, თუ თქვენ გაქვთ მჯდომარე ცხოვრების წესი. კვლევა მოიცავდა 11,989 მონაწილის მონაცემების ანალიზს ნორვეგიაში, შვედეთსა და აშშ-ში.

    კვლევაში ჩართული ყველა მონაწილე  50 წელზე უფროსი ასაკის იყო.

    დოქტორი კარლ ცირინო, ორთოპედი ქირურგი ნიუ-იორკის სპეციალური ქირურგიის ჰოსპიტალში, ამბობს, რომ კვლევაში პრაქტიკოსებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი  ინფორმაციაა თავმოყრილი:

    „ჩვენ ყველანი დატვირთული ცხოვრებით ვცხოვრობთ, გადავედით მონადირე-შემგროვებელი მომთაბარე ცხოვრების წესიდან, ლამაზ ბინებში და სახლებში ცხოვრებაზე, განათებითა და ელექტროენერგიით, კომფორტით. თუმცა, რაც არ უნდა ფუფუნებაში ვცხოვრობდეთ, აუცილებელია გამოვიდეთ გარეთ და ვიყოთ ისეთივე აქტიურები, როგორებიც ასობით წლის წინ ვიქნებოდით.

    ეს კვლევა განსაზღვრავს, თუ რა დროა საჭირო დღეში ადამიანებისთვის, რათა შეამცირონ სიკვდილიანობის რისკი და მინიმუმამდე დაიყვანოს იგი მართლაც ძლიერი სამეცნიერო მეთოდით.  ვფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი მცდელობა იყო.“

    რაც კვლევამ დაადგინა

    მონაცემები შეგროვდა ბარძაყის აქსელერომეტრით, რათა დაედგინათ, როდის იყვნენ ადამიანები უძრავ და აქტიურ მდგომარეობაში. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათთვისაც კი, ვინც დღე-ღამეში 12 ან მეტი საათის განმავლობაში მჯდომარე მდგომარეობაში იყო, სიკვდილიანობის რისკი აღმოიფხვრა, თუ აქტიური მდგომარეობის ზღვარი 22 წუთიანი იყო.

    მათთვისაც კი, ვინც ბოლომდე ვერ აღწევდა  22 წუთიან ნიშნულს,  ზოგიერთი ზომიერი ან ენერგიული აქტივობა მაინც ნიშნავდა სიკვდილიანობის რისკის შემცირებას.

    მაგალითად, მათთვის, ვინც 10 წუთს უთმობდა ფიზიკურ აქტივობას,  მჯდომარე მდგომარეობაში კი დღეში 6 საათს ატარებდა,  სიკვდილიანობის რისკი 32%-ით მაინც შემცირდა.

    მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ფოკუსირებული იყო ხანდაზმულებზე, დოტორი ტრეისი ზასლოუ, პირველადი ჯანდაცვის სპორტული მედიცინის ექიმი Cedars Sinai Kerlan-Jobe Institute-ში, ამბობს, რომ ამ კვლევის შედეგებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ახალგაზრდებზეც.

    „ვფიქრობ, ეს არის შეხსენება ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის და არასპორტსმენებისთვის, ახალგაზრდებისთვის და მოზარდებისთვის, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია კუნთების სიძლიერის და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნება, რათა შეძლონ ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება. რაც უფრო მეტს აკეთებენ ისინი ახალგაზრდობაში, რაც უფრო ძლიერია ეს საფუძველი, მით უფრო ადვილია მისი შენარჩუნება, როდესაც ისინი მოხუცდებიან. ”

    ენერგიული თუ ზომიერი აქტივობა

    ისეთ აქტივობას, როგორიც არის სწრაფი  ნაბიჯით სეირნობა და გაზონის კრეჭა სპეციალური აპარტით, ექსპერტები ზომიერი აქტივობის მაგალითებად თვლიან იმ დროს, როცა ლაშქრობები ან კალათბურთის თამაში, როგორც წესი, ენერგიულ აქტივობად ითვლება.

    როგორც ცირინო ამბობს,  ზოგიერთი ადამიანი სხვადასხვა მიზეზების, მაგალითად ოპერაციის გამო კარგავს წვდომას მათთვის სასურველ ფიზიკურ აქტივობასთან, ეს კვლევა კი მათ დაეხმარება განსაზღვრონ, რომელი აქტივობა შეესაბამება მათ მიზნებს ჯანმრთელობის თვალსაზარისით და ამავე დროს, მათთვის უსაფრთხო იქნება.

    მკვლევარები ამბობენ, რომ არ არის აუცილებელი ყველა ინტენსიურად დარბოდეს ან ველოსიპედით დადიოდეს, ჩოგბურთს თამაშობდეს ან აქტიურად იყოს დაკავებული სპორტის სახეობით ან ვარჯიშით სავარჯიშო დარბაზში. მთავარია იმოძრაოთ, თუნდაც იაროთ შენობაში, გააკეთოთ ჩაჯდომები, ადით და ჩამოდით კიბეზე, გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები და მოძრაობები. მოძებნეთ გზა ფიზიკური აქტივობისთვის ნებისმიერ სიტუაციაში. სულ არაფერს ეს ნამდვილად ჯობს.

    მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ხანდაზმული ადამიანების წახალისებას, მონაწილეობა მიიღონ თუნდაც მცირე აქტივობებში, შეიძლება მათთვის მკურნალობის ეფექტი ქონდეს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ძალისხმევა დაიხარჯოს ახალგაზრდებში და ბავშვებში უმოძრაო ცხოვრების წესით გამოწვეული ზიანისა და რისკების შემცირების კვლევაში.

    ჯერჯერობით კი, გამონახეთ დღეში თუნდაც 22 წუთი წუთიანი ზომიერი ან აქტიური ფიზიკური აქტივობისთვის, რაც  მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს, რომლებსაც ხანგრძლივი ჯდომა და ცხოვრების უძრავი წესი გვიქმნის.

  • ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები – სააკაშვილი

    “მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს
    მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
    ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.”

    წერს ამის შესახებ, საქარტველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • ვეწინააღმდეგებით ცეცხლის დროებით შეწყვეტას, სანამ მძევლები არ გათავისუფლდებიან – ნეთანიაჰუ

    ისრაელი ეწინააღმდეგება ცეცხლის დროებით შეწყვეტას, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება”,

    აცხადებს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

  • ჰესბოლა, ღაზაში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობაზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს

    ტერორისტული დაჯგუფების ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა აშშ-ს პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე.

    ეს ნასარალას პირველი განცხადებაა მას შემდეგ რაც ჰამას-ისრაელის ომი დაიწყო.

    ”დღეს ღაზაში მსხვერპლი, მოწამეები, დაშავებულები ამხელენ ამ ერთეულის ბარბაროსობის ნამდვილ ბუნებას, ერების თანამონაწილეობას, ამერიკის პასუხისმგებლობას ყველა ჩადენილ დანაშაულში და ფარისევლობას საერთაშორისო რეგულაციების გამოყენებისას. გაეროს უშიშროების საბჭოში „ისრაელის“ დაგმობას სწორედ ამერიკა უშლის ხელს. ამერიკა არის ის, ვინც ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტას. ამერიკა არის უდიდესი სატანა, იმამ ხამენეის სიტყვებით, და უნდა დაისაჯოს ყველა დანაშაულისთვის.” – ამბობს ნასრალა.

  • აშშ-ის სწრაფი ჩართვა სიონისტების უუნარობის დასტურია – ჰეზბოლას ლიდერის პირველი მიმართვა ჰამას-ისრაელის ომზე

    ლიბანში, ბეირუთში, ტერორისტული დაჯგუფების ჰეზბოლას ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განცხადება გააკეთა. ეს ნასარალას პირველი განცხადებაა მას შემდეგ რაც ჰამას-ისრაელის ომი დაიწყო.

    იგი ათასობით ადამიანს ეკრანიდან მიმართავს, უშუალოდ ნასრალა სცენაზე არ იმყოფება.

    ”მივესალმები ღაზას შეუდარებელ, ლეგენდარულ ხალხს მოთმინებისთვის. სიტყვები ვერ აღწერს ამ ადამიანებს, მათ მოთმინებასა და გამძლეობას.დღეს ჩემი გამოსვლა ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რაც მოხდა, სად არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სად მივდივართ.[…]მივესალმები იემენისა და ერაყის წინააღმდეგობის მოძრაობებს, რომლებიც შეუერთდნენ ამ ბრძოლას გულში.[…] ალ-აქსას წარღვნამ, მართალი პალესტინის საქმე დააბრუნა მსოფლიოს მიზეზების წინა პლანზე. მას ახორციელებდა ალ-კასამის ბრიგადებკ. ეს ბრძოლა იყო 100%-ით პალესტინის დაგეგმვით და 100% პალესტინის აღსრულებით.[…] ჰამასის წინააღმდეგობის ფრაქციები სრულად უმალავდნენ თავიანთ გეგმებს ყველას, წინააღმდეგობის ღერძის სხვა ფრაქციებსაც კი, რომლებსაც ძალიან გაუხარდათ ეს. სწორედ ეს საიდუმლო იყო ამ ოპერაციის ლეგენდარული წარმატების გარანტი. ეს არის გულწრფელი დასტური იმისა, რომ წინააღმდეგობის ღერძის ფრაქციების გადაწყვეტილებები საკუთარია. ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აკონტროლებს ამ ფრაქციებს და არ კარნახობს მათ, როდის იმოქმედონ და როგორ იმოქმედონ. 7 ოქტომბერს, შეაზანზარა ოკუპაციის ქვეშ მყოფი მიწა; მან გამოიწვია უსაფრთხოების, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მიწისძვრა, რომლის შედეგები დარჩება ამ ერთეულზე ახლაც და მომავალშიც. ამ ბრძოლამ გამოავლინა სიონისტების სისუსტე; დაამტკიცა, რომ ისინი მართლაც ობობის ქსელზე სუსტები არიან, მათაც კი დაიწყეს ამის დაჯერება!სიონისტებმა კონტროლი ჯერ კიდევ ვერ აიღეს მოვნელებზე და ამერიკელების სწრაფი ჩართვა სიონისტების უუნარობის დასტურია.”- ამბობს, ჰასან ნასრალა.

    ჰასან ნასრალა აშშ-ს პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე

    ”დღეს ღაზაში მსხვერპლი, მოწამეები, დაშავებულები ამხელენ ამ ერთეულის ბარბაროსობის ნამდვილ ბუნებას, ერების თანამონაწილეობას, ამერიკის პასუხისმგებლობას ყველა ჩადენილ დანაშაულში და ფარისევლობას საერთაშორისო რეგულაციების გამოყენებისას”. -ამბობს ჰესბოლას ლიდერი.

  • საპარლამენტო ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის მხილება ეხმარება ივანიშვილის პროპაგანდას – ბოკერია

    საპარლამენტო ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის მხილება ეხმარება ივანიშვილის პროპაგანდას – ბოკერია

    ევროპული საქართველო თავიდანვე ვეუბნებოდით საზოგადოებას, მთელი დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებით, რომ ამ რეჟიმის პირობებში რომც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ეს ვერ გვეხმარება ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და უსაფრთხოების და თავისუფლების მოსაპოვებლად. ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, ხოლო მთელი ეს მოლოდინები, ეს შიდა ბრალდებები, საპარლამენტო ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის მხილებები არის ივანიშვილის პროპაგანდისთვის დახმარება და არასწორი მოლოდინების გაჩენა, ისევე, როგორც მილიონი ხელმოწერის აგროვება და გულზე ხელის ბრაგუნი, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, როდესაც ოპოზიციას ამაში როლი არ აქვს. ჩვენ დღეს ეს რეჟიმი წარმოგვადგენს საერთაშორისო ასპარეზზე და პირველ რიგში, ეს უნდა შევცვალოთ, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა მოვიპოვოთ.

    ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია.

  • გუშინწინ არ იყო, ერთმანეთს რომ ამხელდნენ, წინააღმდეგი იყავი სტატუსისო?! – ზარქუა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზე

    „მამაკაც ოპოზიციონერებს რას უწუნებენ? მაგალითად, ბატონ რომანს, რომელიც იბრძვის და იღწვის კანდიდატის სტატუსისთვის? რა ქნან, როგორ გაიპრავონ თავი, არ იციან. ახლა რომ გამოდიან და წერილს აგზავნიან, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში სად იყვნენ? – სამუშაო ჯგუფებში ვერ შემოვიყვანეთ. მაშინ სად იყო ამ ქალ ოპოზიციონერთა გაერთიანება? ესენი მაშინაც მავნებლობდნენ და ახლაც. იციან, რომ ყველაფერი გააკეთა მთავრობამ პრემიერის და პარლამენტმა შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების წინაშე დადგეს ევროკომისია. იციან, რომ სტატუსს ველოდებით და არ უნდათ ჩამორჩნენ ამ მატარებელს. ერთმანეთს არ იყო, რომ ეუბნეოდნენ გუშინწინ, შენ იყავი წინააღმდეგი და შენ არაო და ერთმანეთს ამხელდნენ?! აი, ეს არის ამათი მორალი, რომ ამორალურია, ამათი პრინციპი, რომ უპირნციპობაა, აქაც კი ჩანს! ე მანდ, იმ წერილში მელანი არ დაეწუწოთ, ამას ვურჩევდი!“

    ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან უსრულა ფონ დერ ლაიენისთვის ქალი ოპოზიციონერების ერთობლივ მიმართვას.

  • სათამაშო ბიზნესის შეზღუდვები მედიაბაზრის დასანგრევად იყო გამიზნული, ხელისუფლება ხეირობს ამ ბიზნესით – გვარამია

    სათამაშო ბიზნესის შეზღუდვები მედიაბაზრის დასანგრევად იყო გამიზნული, ხელისუფლება ხეირობს ამ ბიზნესით – გვარამია

    “ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვით პრაქტიკულად დაანგრია სარეკლამო ბაზარი და დანგრევის პირას მიიყვანა კრიტიკული მედიები.

    ახლა თვითონ ხეირობენ ამ ბიზნესით და საგადასახადო განაკვეთის გაზრდის გზით კიდევ 400 მილიონი მოაქვთ წინასაარჩევნოდ სოციალური ხარჯების ზრდისთვის. თან ფარისევლურად წუხან, რომ შემოღებულმა აკრძალვებმა ვერ იმუშავა და სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 48-დან 52 მილიარდამდე გაიზარდაო. თან წუხან, თან რა კარგია დამატებით 400 მილიონიო.

    ასეა, ყველა გულუბრყვილო და კეთილსინდისიერი უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს შეზღუდვები მედიაბაზრის დასანგრევად იყო გამიზნული, და არა სათამაშო ბიზნესის შესავიწროებლად და მოქალაქეების დასაცავად”,

    “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მთავრობის ახალი ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად.