Category: ახალი ამბები

  • Washington Post-ის გამოძიება:როგორ არწმუნებს კრემლი ფრანგებს, უყვარდეთ რუსეთი და არ დაეხმარონ უკრაინას

    Washington Post-ის შაბათის ნომერში გამოქვეყნდა გამოცემის კორესპონდენტის კეტრინ ბელტონის სტატია, რომელიც ეძღვნება საფრანგეთის უკიდურესი მემარჯვენეების ახალ მცდელობებს შეცვალონ ქვეყნის პოლიტიკა რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

    კრემლის მხარდამჭერები უკიდურესი მემარჯვენეების ფლანგიდან, იყენებენ „მჯელობებს უკრაინაში ომისთვის გადახდილი ფასის შესახებ და სულ უფრო მეტად აზავებენ მას იმ აზრთან, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკული იდეაა და საფრანგეთი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც დიდ ზესახელმწიფო და აღადგინოს  კავშირები რუსეთთან“.–ასკვნის ავტორი.

    კრემლმა კი, როგორც ვაშინგტონ პოსტის წყაროებით მოპოვებული დოკუმენტები ცხადყოფს, იცის მემარჯვენეების მზარდი პოპულარობის შესახებ და სურს ამით ისარგებლოს.

    დოკუმენტები, რომლებზეც ბელტონი წერს, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით იქნა მოპოვებული.

    სერგეი კირიენკო

    ამ დოკუმენტების თანახმად, სერგეი კირიენკომ, პუტინის შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, დაავალა კრემლის პოლიტიკურ სტრატეგებს, განავითარონ პოლიტიკური დესტაბილიზაციის კამპანია საფრანგეთში სოციალური ქსელების, ფრანგი პოლიტიკური აქტივისტების და საზოგადოებრივი აზრის ლიდერების გამოყენებით.

    მაგრამ იმ პირთა კონკრეტული სახელები, ვინც ამაში უნდა იყოს გამოყენებული, დოკუმენტებში არ არის ნახსენები.

    ამ პროექტის მონახაზების პირველი პრეზენტაციები კრემლს უკვე 2022 წელს გადაეცა და აჩვენა, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ საფრანგეთში, სადაც რუსეთისადმი სიმპატიით განწყობილი ადამიანების მნიშვნელოვანი ფენა დარჩა, შესაძლებელი გახადა მსგავსი პროპაგანდისტული კამპანიის განხორციელება.

    წელს კრემლის რეკომენდაციები მედია სტრატეგებისთვის უფრო კონკრეტული იყო: გაზარდეთ მესიჯების რაოდენობა, რომლებიც ხელს შეუწყობდა იმ აზრს, რომ სხვისი ომისთვის ფასის გადახდა ცუდი იდეაა.

    მერკელი, პუტინი მაკრონი 2019 წლის ბოლოს

    საპასუხოდ, მიღებული დოკუმენტების მიხედვით, შემუშავდა სახელმძღვანელოები „ბოტ ფერმებისთვის“. მაგალითად, ეს: შექმენით 200-სიმბოლოიანი კომენტარი შუახნის ფრანგის სახელით, რომელიც საფრანგეთის მხარდაჭერას უკრაინისადმი „იდიოტურ ავანტიურად“ მიიჩნევს.

    ამ წარმოსახვითი ფრანგისთვის ერთ-ერთი არგუმენტი იქნება ის, რომ უკრაინის მხარდაჭერა იწვევს „ინფლაციას და ცხოვრების დონის დაქვეითებას“.

    კრემლის სპიკერს, დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს ასეთი დოკუმენტების არსებობის შესახებ.

    მან ამ ინორმაციას უწოდა „კიდევ ერთი ფეიკი და სრული სისულელე“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კირიენკო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაკავებულია საშინაო პოლიტიკით და რომ „მთელი ევროპა იტანჯება“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით და ამის კიდევ ერთხელ დამტკიცება არ არის საჭირო.

    მაგრამ, როგორც ვაშინგტონ პოსტი წერს, სოციალურ ქსელებში აქტივობის ანალიზი აჩვენებს, რომ იყო მცდელობები საფრანგეთის შიდა პრობლემები პრორუსული ნარატივების პოპულარიზაციისთვის გამოყენებინათ.

    Alto Intelligence არის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ევროპაში ანომალიური ციფრული მედიის აქტივობის მონიტორინგზე. მათი დათვლით,  პარიზში არაბი მოზარდის მკვლელობით გამოწვეული არეულობის შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა კომენტარის თითქმის მესამედი მომხმარებელთა პატარა  – 1,2% -იანმა ჯგუფმა უზრუნველყო.და კომენტარების ამ მასაში 24,2% პრორუსული იდეების პოპულარიზაციას ეწეოდა.

    ანგარიშების უმეტესობა, რომლებმაც ეს კომენტარები დაწერეს, დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან – მარინ ლე პენთან, ნაციონალური გაერთიანების ხელმძღვანელთან (ყოფილი ეროვნული ფრონტი) და ერიკ ზემურთან.

    შემოდგომაზე, ჰამასის თავდასხმების შემდეგ ისრაელის დასახლებებზე და ისრაელის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ ღაზაში, გაჩნდა მტკიცებულება, რომ ანტიისრაელური პროტესტი საფრანგეთში, ირიბად ან რუსული დეზინფორმაციული ქსელების გამოყენებით დაკავშირებული იყო მოსკოვთან.

    ექვსთვიანი საპარლამენტო გამოძიება საფრანგეთის პოლიტიკაში საგარეო ჩარევის შესახებ მივიდა დასკვნამდე: “რუსეთი აწარმოებს მდგრად დეზინფორმაციულ კამპანიას ჩვენს ქვეყანაში” და ხაზი გაუსვა ლე პენის პარტიის როლს, რომელიც, ანგარიშის მიხედვით, “ბევრ განსაკუთრებულ კავშირს ინარჩუნებს კრემლთან”, და, არსებითად, მოქმედებს როგორც „საკომუნიკაციო არხი“ რუსული შეხედულებების გავრცელებაში.

    ლე პენს მოსკოვთან კავშირში დიდი ხნის განმავლობაში ადანაშაულებენ, მას შემდეგ რაც მისმა პარტიამ 2014 წელს რუსეთიდან სესხი აიღო. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ლე პენი აღარ არის ისეთი აქტიური პუტინის მხარდასაჭერი და მისი კომენტარები ომის შესახებ ძირითადად ხაზს უსვამს იმას, რომ ანტირუსული სანქციები ზიანს აყენებს საფრანგეთის ეკონომიკას.

    თუმცა, მისმა “ნაციონალურმა გაერთიანებამ“ უარი თქვა უკრაინის მხარდაჭერაზე რამდენიმე საპარლამენტო კენჭისყრაში.

    და ბოლო თვეებში, ამ  პარტიის წევრები და სხვა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები კვლავ ალაპარაკდნენ  მოსკოვთან კავშირების აღდგენის აუცილებლობაზე.

    ბევრი მათგანი არ მალავს, რომ საფრანგეთის არასტაბილური პოლიტიკური ვითარება და საგარეო პოლიტიკური არასტაბილურობა რუსეთს აძლევს კარგ შანსს, შემდგომშიც სცადოს ძირგამომთხრელი საქმიანობა და რყევების გამოწვევა.

  • ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით აბორტის გაკეთების წესი იცვლება

    ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ 26 ოქტომბერს შესული ცვლილებებით აბორტის გაკეთების წესსები იცვლება. ახალი წესები 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ზურაბ აზარაშვილის მიერ ხელმოწერილი ცვლილებებით აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, სავალდებულო იქნება ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა. 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

    „აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება (შემდგომში – აბორტისწინა კონსულტირება) ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის (სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან) მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში”, – წერია ბრძანებაში.

    5-დღიანი მოცდის ვადის ამოწურვის შემდეგ, პროცედურის ჩატარების შემთხვევაში, პროცედურის წინ სავალდებულო იქნება რადიოლოგიური კვლევა (ექოსკოპია) ორსულობის ვადის მითითებით.

    მედიკამენტური აბორტის შემთხვევაში, 7 კვირამდე (< 49 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა გაკეთდეს „I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით”.

    7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ქირურგიული მეთოდით შესაძლებელი იქნება სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება.

    10 კვირამდე (70 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტის განხორციელება შესაძლებელი იქნება სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონე მინიჭებულ ამბულატორიაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით. მედიკამენტური აბორტის გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმ მეან-გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დანიშნულებით.

    12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა ხორციელდება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში (გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს დაწესებულების დონეზე) სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და შეტყობინება (სამედიცინო დოკუმენტაციის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული ასლი) უნდა გაეგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს.

    ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით სამედიცინო ჩარევა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტა“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) გათვალისწინებით.“.

    12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შესაწყვეტად საჭირო არის სამედიცინო ჩვენების არსებობა, რომლის ჩამონათვალსაც ბრძანება მოიცავს.

    ყველა სხვა შემთხვევაში, თუ ორსული ქალის დაავადება, რომელიც არ არის მინიშნებული ჩამონათვალში და ორსულობის გაგრძელების შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს, ბრძანების თანახმად, საკითხი ორსულობის შეწყვეტის შესახებ იხილება კომისიურად (პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით), პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონის დაწესებულებაში –კომისიური წესით.

  • ოქროს უნიტაზის ქურდობის საქმე: ინგლისში ძველებური სასახლიდან უნიტაზის მოპარვაში ბრალდებულთა პროცესი დაიწყო

    დიდი ბრიტანეთის სამეფო  პროკურატურამ ბრალი წაუყენა ოთხ მამაკაცს ოქროს უნიტაზის ქურდობაში, რომელიც იტალიელი კონცეპტუალური მხატვრის მაურიციო კატელანის ნამუშევარია სახელწოდებით “ამერიკა”. უნიტაზი ინგლისში 2019 წლის შემოდგომაზე გამოფენიდან მოიპარეს.

    ოთხივე ბრალდებული ოქსფორდის სასამართლოში 28 ნოემბერს გამოცხადდება სისხლის სამართლის პროცესის პირველ ეტაპზე, რომელიც დიდხანს გაჭიანურდება, რადგან ბრიტანეთის სასამართლო სისტემა უკვე გადატვირთულია და საქმეები სერიოზულად ჩამორჩება ვადას.

    მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში  18-კარატიანი ოქროსგან უნიტაზი  ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მოხვდა . ის  დაახლოებით 100 კგ-ს იწონის,  ღირებულება კი  თითქმის 6 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

    2016 წელს ის ნიუ-იორკში გუგენჰაიმის მუზეუმში დამონტაჟდა. მის გამოსაყენებლად რიგში 100 ათასი ადამიანი იდგა. ტუალეტის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად, წინასწარ უნდა ჩაწერილიყავით სიაში. ყველა მსურველს სამი წუთი ქონდა განკარგულებაში.

    კატელანის პირველი პერსონალური გამოფენისთვის დიდ ბრიტანეთში 20 წლის განმავლობაში, ტუალეტი  ბლენჰაიმის სასახლეში, მარლბოროს ჰერცოგების საგვარეულო რეზიდენციაში, ინგლისის ოქსფორდშირის საგრაფოში გადაიტანეს, იმ ოთახის მოპირდაპირედ მდებარე ოთახში, სადაც 1874 წელს უინსტონ ჩერჩილი დაიბადა .

    ბლენჰაიმის სასახლე

    ტუალეტის დამონტაჟებამდე ჰერცოგის ნახევარძმამ ედვარდ სპენსერ-ჩერჩილმა, ბლენჰეიმის ხელოვნების ფონდის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ტუალეტის მოპარვა, თუნდაც ვინმეს ასეთი აზრი მოსვლოდა თავში, მარტივი  საქმე არ იქნებოდა.

    მან Times-ს განუცხადა: ”პირველ რიგში, ის დაკავშირებულია კანალიზაციასთან და მეორეც, პოტენციურ ქურდს წარმოდგენა არ ექნება, ვინ გამოიყენა ბოლოს ტუალეტი ან რა ჭამა. ასე რომ, არა, მე არ ვაპირებ მის დაცვას.

    ტუალეტი მართლაც იყო დაკავშირებული სასახლის კანალიზაციასთან და მისმა ქურდობამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია დატბორვის გამო.

    გამოძახებით მისულმა პოლიციამ მხოლოდ ძვირფასი ხელოვნების ობიექტის გაუჩინარების ფაქტის  და დაღვრილი საკანალიზაციო სისტემის არსებობის კონსტანტირება მოახდინა  იმ ადგილზე, სადაც მანამდე უნიტაზი იდგა.

    როგორც ვარაუდობდნენ, გამტაცებლები ნაძარცვთან ერთად ორ მანქანით წავიდნენ. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია რვა პირი, რომლებსაც დეტექტივები ქურდობაში ეჭვმიტანილად თვლიდნენ, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია ამ დღემდე არ არსებობდა.

    უნიტაზის ქურდობის შემდეგ, ბლენჰეიმის სასახლის აღმასრულებელმა დირექტორმა დომინიკ ჰარემ იმედი გამოთქვა, რომ ის, რაც მან აღწერა, როგორც უაზრო ქურდობა, ნამუშევარს უკვდავყოფს. მან დასძინა, რომ ღრმა ირონიაა, რომ ნამუშევარი, რომელიც ასახავს „ამერიკული ოცნებას“ და ელიტარულ საგანს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, „ელვის სისწრაფით მოიპარეს და ცნობისმოყვარე თვალებისგან გადამალეს“.

    BBC-სთან ინტერვიუში ჰარემ მაშინ თქვა: „ხელოვნების ნიმუშების დემონსტრირება რისკთან არის დაკავშირებული.  ალბათ ყველაზე უსაფრთხოა მათი უბრალოდ სეიფში მოთავსება და ჩაკეტვა. თუმცა, ვფიქრობთ, რომ რისკი ღირს.”

    გაბედული ძარცვიდან მალევე, კატელანმა განუცხადა New York Times-ს, თავდაპირველად მას ეგონა, რომ ეს იყო გათამაშება.

    „ვინ იქნება ისეთი სულელი, რომ უნიტაზი მოიპაროს? – თქვა მან და აშკარად დაავიწყდა, რომ უნიტაზი სუფთა ოქროსგან იყო დამზადებული.

    მოგვიანებით კატელანმა გამოავლინა, რომ უნიტაზი  გამოშვებული სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი იყო.

    ჯერ კიდევ გაურკვეველია ოდესმე დაბრუნდება თუ არა მოპარული ხელოვნების ნიმუში – ჯერჯერობით ძებნას არაფერი მოჰყოლია. დაკარგული ნივთის შესახებ ინფორმაციისთვის სადაზღვევო კომპანიამ  100 ათას ფუნტამდე ჯილდო დააწესა, მაგრამ არავინ გამოჩენილა, ვისაც მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეეძლო.

    „ვნახავთ თუ არა კიდევ ოდესმე ამ უნიტაზს? პირადად მე მაინტერესებს, ექნება თუ არა მას ისევ  ფორმა, სიმართლე რომ გითხრათ“- განუცხადა პოლიციის კომისარმა მეთიუ ბარბერმა მედიას 2021 წელს.  „როცა ვინმეს ხელში ოქროს ამხელა მასა უვარდება, სავარაუდოდ ის მას სხვა ფორმით გაუკეთებს რეალიზაციას. კარგი იქნება, თუ ჩვენ ვიპოვით და დავაბრუნებთ უნიტაზს, მაგრამ პირადად მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი პირვანდელ ფორმაში იქნება შემონახული”, – დასძინა მან

  • “არ მაქვს ინფორმაცია” – პესკოვი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

    „არა, მე არ მაქვს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ინფორმაცია“,

    განუცხადაკრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

    შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

  • 2008 წლის ომის მონაწილეა, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც – თამაზ გინტურის ძმა

    “2008 წლის ომის მონაწილე, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც” – ამბობს კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური ჟურნალისტებთან საუბრისას.

    “ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი მშობლების საფლავზე. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქ ასვლა, ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა უკნიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო.

    2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით იყო მაიორი და მე როგორც ვიცი,  ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც. 9 კაცი იყო და 9 კაცს ორი კაცი როგორ გაუსწორდებოდა. 9 ავტომატიანს, ხელით ხომ ვერ გაუსწორდებოდნენ” – ამბობს ნიკოლოზ გინტური 

  • ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ყველას გვესმის! – ზურაბიშვილი ვოლსკის

    “ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!”

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გია ვოლსკის უპასუხა, რომელმაც ზურაბიშვილი იმ პოლიტიკოსთა შორის დაასახელა, რომლებსაც თამაზ გინტურის სიკვდილი გაუხარდათ.

  • ვგმობთ რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას! – ისრაელის საელჩო

    “ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას და მოუწოდებს დაკავებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილი გათავისუფლებისკენ.
    ღრმა მწუხარებით ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.
    ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას”

    კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას საქართველოში ისრაელის საელჩო გმობს და მოკლულის ოჯახს უსამძიმრებს.

  • ეს არის კოლაბორაციისა და ბოლომდე დაყვავების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი – სააკაშვილი

    ჩემი სამძიმარი თამაზ გინტურის ოჯახს. ძალიან განვიცადე ამ ძალიან ნათელი ადამიანის მკვლელობა ოკუპანტის ხელით. აი ეს არის კოლაბორაციისა და ბოლომდე დაყვავების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი.

    იმედია, ხვალ ბრიუსელში ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არ იცვლება მთავარი რამ – საქართველოს მართავენ ოკუპანტის დამქაშები და მანამ, სანამ ეს ასეა, ცალკეული ადამიანის სიცოცხლეებიც და ქართული სახელმწიფოებრიობა იქნება დარტყმის ქვეშ.

    რა უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი ტრაგედიები იქნას თავიდან აცილებული – ჯერ ერთი, უკან დაბრუნდეს პოლიციის სპეცრაზმი, რომელიც ჩვენ დროს იდგა და ოკუპაციის ხაზზე საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, მეორე – გატარდეს იმ ჩრდილოვანი პოლიტიკის სქემების შეზღუდვა და მოკეტვა, რომელსაც მთელი ეს დრო საქართველოს გავლით რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს დაბოლოს, ძალიან მძლავრად უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ოკუპაციის თემებზე. ცალყბად და სანახევროდ, ეს საქმე არ გამოდის.

    ჩვენ დროს, 2008 წლის შემოჭრის შემდეგ, რუსები არა მხოლოდ ვერ ახორციელებდნენ, არამედ ორ შემთხვევაში, უკან გადაწიეს ოკუპაციის ხაზი.

    სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ისევ მიიჩქმალება, სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში. ეს კი ნიშნავს, რომ რუსები სულ უფრო მეტად გავლენ თავს, როგორც ოკუპაციის ხაზებზე, ასევე ჩვენს ქალაქებში.

    ახლა ჩვენს საზოგადოებას სჭირდება მობილიზაცია ამ ყველაფრის არდასაშვებად.

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს უსამძიმრებს.

  • აშშ-ს ოთხი მიზანი ახლო აღმოსავლეთში პენტაგონის განცხადებით

    აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ოთხი მიზანი აქვს.  ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა რეგიონში ვითარების კომენტირებისას ისაუბრა:

    • რეგიონში ამერიკული ჯარებისა და მოქალაქეების დაცვა.
    • ისრაელისთვის უსაფრთხოების კრიტიკული დახმარების ნაკადის უზრუნველყოფა, რათა დაიცვას იგი ჰამასის შემდგომი ტერორისტული თავდასხმებისგან.
    • ისრაელელებთან კოორდინაცია, რათა დაეხმაროს  მათ ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების, მათ შორის ამერიკის მოქალაქეების გათავისუფლებაში.
    • რეგიონში ძალის პოზიციის გაძლიერება, რათა შეაჩეროს ნებისმიერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორი ღაზას ფარგლებს გარეთ კრიზისის ესკალაციისგან.
  • ერთადერთი მშვიდობის გზა NATO-სა და EU-ზე გადის – ბოკუჩავა

    ხდება ადამიანების გატაცება და გუშინდელი შემზარავი ფაქტი, როდესაც საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ადამიანი ზურგში სროლით, როდესაც ის მამის საფლავზე იყო მისული სალოცავად, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ არ არსებობს რუსული მშვიდობა, არ არსებობს ოცნების მშვიდობა. ერთადერთი რეალური მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გზა საქართველოსთვის გადის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

    განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.