Category: ახალი ამბები

  • ეკვადორში უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც ამაზონიის გათხრების ისტორიაში უდიდესია

    ამაზონის აუზში უზარმაზარი უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მცენარეებით იყო დაფარული

    მეცნიერთა აზრით, აღმოჩენა მნიშვნელოვნად შეცვლის აქამდე არსებულ  წარმოდგენებს ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების შესახებ.

    ქალაქი განლაგებულია აღმოსავლეთ ეკვადორში, უპანოს ველზე, რომელიც ვულკანის ჩრდილში მდებარეობს. მეცნიერთა აზრით, დიდი წარმატებაა, რომ ვულკანმა არ გაანადგურა მრავალი ათასწლეულების განმავლობაში აქ მცხოვრები თემების ცხოვრება.

    სამხრეთ ამერიკის მთიანეთის სხვა უძველესი დასახლებების კვლევების საფუძველზე, ადრე ითვლებოდა, რომ ეს ადგილები მომთაბარეებით იყო დასახლებული. ყველა მათგანი, მათ შორის პერუში ცნობილი მაჩუ-პიქჩუ, შედარებით მცირე და  ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით მარტივი იყო.

    უპანოს აღმოჩენამ მეცნიერები გააოცა გზებისა და არხების რთული ქსელით, რომლებიც  ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს აკავშირებენ.

    არქეოლოგები თვლიან, რომ ქალაქი  დაახლოებით 2500 წლის წინ აშენდა და დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში იყო ხალხით დასახლებული.

    მეცნიერთა აზრით, ძნელია ზუსტად შეაფასო რამდენი ადამიანი ცხოვრობდა აქ ერთდროულად, მაგრამ აუცილებლად მინიმუმ 10 ათასი ადამიანი (ზედა ზღვარი 100 ათასამდეა).

    გათხრები  300 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის სხვადასხვა უბანზე ჩატარდა. თუმცა ტერიტორიის ნაწილი სამუშაოდ ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა იმის გამო, რომ მცენარეებით მჭიდროდ იყო დაფარული.

    შემდეგ, LiDAR ტექნოლოგიის გამოყენებით – თვითმფრინავის ბორტზე დაყნებული ლაზერული სენსორებით – ეს ადგილები ერთმანეთთან დააკავშირეს და მიიღეს უძველესი ქალაქის ნანგრევების საერთო სურათი.

    ”ეს ადგილი უფრო ძველია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჩვენთვის ცნობილი ქალაქი ამაზონში. აქამდე, სხვა კულტურებისა და ცივილიზაციების შესახებ ჩვენი გაგება განპირობებული იყო ჩვენი ევროპული შეხედულებებით განვითარების მექანიზმების შესახებ, მაგრამ ეს აღმოჩენა გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი მიდგომა“, – ამბობს პროფესორი სტეფან როსტეინი, სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS)  კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი. რომელიც ხელმძღვანელობდა ექსპედიციას ეკვადორში.

    „უმრავლესობის აზრით, ეს ტერიტორია დასახლებული იყო ადამიანთა მცირე ჯგუფებით, რომლებიც, სავარაუდოდ, შიშვლები დადიოდნენ, ქოხებში ცხოვრობდნენ და მიწას ამუშავებდნენ. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ უძველესი ხალხი ცხოვრობდა რთულ ურბანულ თემებში“, – ამბობს კვლევის თანაავტორი ანტუან დორისონი.

    მკვლევარებმა პირველად აღმოაჩინეს ქალაქის არსებობის მტკიცებულებები ჯერ კიდევ 1970-იან წლებში. სამუშაოს 40 წელზე მეტი დასჭირდა, მისი დასრულება მნიშვნელოვნად დააჩქარა  ბოლო წლებში გაჩენილმა ახალმა ტექნოლოგიებმა.

    საოცარი აღმოჩენა

    LiDAR ტექნოლოგიის გამოყენებით აღმოაჩინეს 6 ათასი მართკუთხა თიხის პლატფორმა – თითოეული მათგანის სიგრძე 20 მეტრია, სიგანე 10 მეტრი და სიმაღლე 2-3 მეტრი.

    ისინი განლაგებულია სამიდან ექვს ერთეულამდე  ჯგუფებად  არიან განლაგებული მთავარი მოედნის გარშემო, რომლის ცენტრში ერთი დიდი პლატფორმა ჩანს.

    მეცნიერთა აზრით, ყველა ეს პლატფორმა არის ყოფილი სახლებისა და ცერემონიული დაწესებულებების საფუძველი. მათი უმეტესობა აგებულია კლდეებში ჭრით.

    ერთ-ერთი ასეთი კომპლექსი კილამოპის ტერიტორიაზე მოიცავს 140 მეტრი სიგრძისა და 40 მეტრი სიგანის პლატფორმას.

    ყველა კომპლექსი ერთმანეთთან დაკავშირებულია სწორი გზების ქსელით, რომელთაგან ერთი 25 კილომეტრზე ვრცელდება.

    ანტუან დორისონის თქმით, ეს გზები აღმოჩენის ყველაზე საოცარი ნაწილია.

    „გზის ქსელი ძალიან რთულია. ის უზარმაზარ მანძილზე ვრცელდება, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. და არის სწორი კუთხეები, რაც ძალიან შთამბეჭდავია“, – ამბობს ის და განმარტავს, რომ სწორი გზის აშენება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ლანდშაფტზე მორგებულის.

    მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს კაშხლები ორივე მხრიდან თხრილებით, რომლებიც, მათი აზრით, გამოიყენებოდა რეგიონის უხვი წყლის რესურსების სამართავად.

    თხრილები ასევე გამოიყენებოდა ზოგიერთ დასახლებამდე მისასვლელად, რაც მეზობელი დასახლებების მხრიდან საფრთხის არსებობაზე მიუთითებს.

    მეცნიერთა აზრით, ეს ყველაფერი მიუთითებს აქ მცხოვრებ დიდ და განვითარებულ თემზე, რომელიც ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ყველაზე დიდია არა მხოლოდ სამხრეთ, არამედ ცენტრალურ ამერიკაშიც – უფრო დიდი ვიდრე მექსიკური მაია.

    „წარმოიდგინეთ, რომ აღმოაჩინეთ მაიას მსგავსი სხვა ცივილიზაცია, მაგრამ სრულიად განსხვავებული არქიტექტურით, მიწათსარგებლობით, კერამიკით“, – ამბობს ხოსე ირიარტე, არქეოლოგიის პროფესორი ექსეტერის უნივერსიტეტში.

    აღმოჩენილი ქალაქის მშენებლობის ზოგიერთი თავისებურება უნიკალურია სამხრეთ ამერიკისთვის, მაგალითად, რვაკუთხა საძირკველი ან საძირკვლების ჯგუფურად განლაგება, განმარტავს არქეოლოგი.

    მისი თქმით, ეს საზოგადოება აშკარად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ბევრი რამ არ არის ცნობილი ამ ადგილებში მცხოვრები ხალხის შესახებ.

    მეცნიერები მათ კილამპეს და უპანოს უწოდებენ, ტერიტორიის სახელის მიხედვით.

    ისინი, სავარაუდოდ, ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, ჭამდნენ სიმინდს და ტკბილ კარტოფილს და, ალბათ, სვამდნენ ჩიჩას, ტკბილ ლუდს.

    ზოგან აღმოჩენილია ორმოები და კერები, ქილები, მცენარეების დასამტვრევი ქვები და დამწვარი თესლის ნაშთები.

    კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ როსტეინის თქმით, მისი კარიერის დასაწყისში კოლეგებმა გააფრთხილეს იგი ამ კვლევისთვის თავი აერიდებინა, რადგან ითვლებოდა, რომ ამ ადგილებში უძველესი ხალხები არ არსებობდნენ.

    ”მაგრამ მე ძალიან ჯიუტი ვარ და ეს მაინც გავაკეთე. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი აღმოჩენა გავაკეთე“, – ამბობს ის.

  • უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში ისტორიულ შეთანხმებას.რას გულისხმობს ის და რა ვალდებულებები აიღო დიდმა ბრიტანეთმა

    ლონდონი „მუდმივ და ყოვლისმომცველ მხარდაჭერას“ გაუწევს კიევს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

    ურაინაში მყოფმა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ.

    შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მომავალში რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სწრაფად და დაუყოვნებლად მიაწვდის აუცილებელ დახმარებას, მათ შორის თანამედროვე იარაღს ხმელეთზე, ზღვაზე და საჰაერო სივრცეზე აგრესიის მოსაგერიებლად.

    “დღეს არის დღე, როდესაც შეიცვალა ევროპის ისტორია. უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ გააფორმეს ახალი და უპრეცედენტო შეთანხმება უსაფრთხოების შესახებ. ეს არ არის მხოლოდ დეკლარაცია. ეს არის რეალობა, რომელიც დადგება ჩვენი თანამშრომლობის წყალობით და კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიების წყალობით დიდი ბრიტანეთის გამოჩენილი გლობალური ძალისგან“, – თქვა  ზელენსკიმ.

    რას გულისხმობს უფრო კონკრეტულად ორმხრივი შეთანხმება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ და რა ვალდებულებები აიღო საკუთარ თავზე დიდმა ბრიტანეთმა.

    შეთანხმება 10 წელზეა გათვლილი და პრაქტიკულლად ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

    თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია:

    • თავდაცვა და სამხედრო თანამშრომლობა
    • უსაფრთხოება ზღვაზე
    • თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის სფეროში
    • კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა
    • თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში
    • საინფორმაციო უსაფრთხოება და პროპაგანდასთან ბრძოლა
    • კოოპერაცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში
    • პოლიტიკური თანამშრომლობა(აქ მხარეები აღიარებენ, რომ ვერც უკრაინა და ვერც ევროპა ვერ იქნებიან უსაფრთხოდ მანამ, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება სრულად აღდგენილი და არ დადგება სამართლიანი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინის უფლებებს საერთაშორისო სამართლის და გაეროს წესდების შესაბამისად).
    • ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი აღდგენა და რეკონსტრუქცია.
    • თანამშრომლობა ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში.
    • რეფორმების გატარება, რომლებიც აუცილებელია უკრაინის კოოპერაციისთვის ევროკავშირთან და ნატოსთან.

    შეთანხმება ასევე ცალკე ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას უცხოური შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში.

    ამ შემთხვევაში, შეთანხმების ტექსტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი იღებს ვალდებულებას, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს უკრაინის სწრაფი და მუდმივი დახმარება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე იღებს ვალდებულებას მიაწოდოს უკრაინას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა ყველა სფეროში, ასევე აუცილებელი ეკონომიკური დახმარება.

    ეკონომიკური და სხვა ხარჯები აგრესორს დაეკისრება. ბრიტანეთი ასევე პირობას დებს, რომ კონსულტაციებს გამართავს კიევთან მისი საჭიროებების შესახებ, როცა უკრაინა მოახდენს მისი თავდაცვის უფლების რეალიზებას, რომელიც გამყარებულია გაეროს წესდების 51–ე მუხლით.

    დიდი ბრიტანეთი გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა მსგავს შეთანხმებას. ლონდონში მას “ისტორიული” უწოდეს. შეთანხმება ძალაში იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე.

    უკრაინაში მყოფმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს დარჩება მარტო.

    დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის დახმარების შესახებ უკრაინისთვის შემდეგ საფინანსო წელს, რომელიც აპრილში დაიწყება.

    ეს არის უმსხვილესი მსგავსი ვალდებულება, რომელიც ბრიტანეთმა 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აიღო.

    პრემიერმა სუნაკიმ ეს განცხადება პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისა და ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის მიღწეულზე არ გაჩერდება.

    ოფიციალური ინფორმაციით ბრიტანეთის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის დიდი მანძილის რაკეტების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და საარტილერიო ჭურვების მიწოდებას გულისხმობს.

    ამავე პაკეტით განხორციელდება უკრაინისთვის დრონების უდიდესი პარტიის მიწოდება, რომლის ნაწილი ბრიტანეთში იქნება წარმოებული.რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ისტორიაში ყველაზე დიდ დრონების პარტიას გადასცემს.

    “ეს იქნება სადაზვერვო, შეტევითი და საზღვაო დრონების ყველაზე დიდი პარტია, რომელიც უკრაინას სხვა სახელმწიფოს მხრიდან ოდესმე მიუღია“– თქვა სუნაკმა.

    პაკეტი ასევე შეიცავს 18 მილიონი გირვანქა სტერლინგის ჰუმანიტარულ დახმარებას, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და დამატებით დაფინანსებას ინგლისური ენის ონლაინ შესწავლისთვის.

    რიში სუნაკს არ აუღია გრძელვადიანი, რამდენიმე წელზე გათვლილი ფინანსური ვალდებულებები, თუმცა, თქვა, რომ მომავალ ფინანსურ წელს ბრიტანეთი დახარჯავს 200 მილიონი ფუნტით მეტს, ვიდე ბოლო ორ წელიწადში, როცა ბრიტანეთის სამხედრო დახმარება ურაინისთვის წელიწადში 2.3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

    დაუნინგ სთრითი აცხადებს, რომ მხარდაჭერის პაკეტი გახდება პირველი ნაბიჯი ურაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის საუკუნოვანი ურყევი პარტნიორობის გზაზე.

    “ხელმოწერილი ხელშეკრულება არის ნათელი სიგნალი პუტინისთვის და სხვებისთვის, რომ ჩვენ აქ დიდი ხნით ვართ. ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში – თქვა სუნაკმა.

  • Reuters:ჩინეთი რუსეთის ეკონომიკის მთავარი მაშველი რგოლი გახდა

    როგორც Reuters-ი ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, 2023 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 240 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდულია. მოსკოვმა ასევე გააძლიერა ჩინური საქონლის შესყიდვები – მანქანებიდან დაწყებული სმარტფონებით დამთავრებული – რუსული ბაზრიდან ევროპული და ამერიკული ბრენდების გასვლის შემდეგ. რუსული ბაზრიდან.

    ჩინეთის საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, ჩინეთ-რუსეთის ვაჭრობის მოცულობა წინა წელთან შედარებით 26,3%-ით გაიზარდა. ჩინეთის მიწოდება რუსეთში 46,9%-ით გაიზარდა 2023 წელს წინა წელთან შედარებით და 64,2%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით.

    რუსეთიდან იმპორტი გასულ წელს 2022 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ჩინეთმა ასევე გაზარდა იუანის გამოყენება რუსული საქონლის შესაძენად. ფაქტობრივად, ჩინეთი გახდა მთავარი ეკონომიკური სამაშველო რგოლი რუსეთისთვის, ენერგოექსპორტიორისთვის, რომელიც ამჟამად დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, აღნიშნავს სააგენტო.

  • ოჩამჩირის სამხედრო ბაზამ რუსული სამხედრო ხომალდები შესაძლოა წელს მიიღოს – სერგეი შამბა

    “სამშენებლო სამუშოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი საზღვაო ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს. მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, თუმცა გამჭირდება მისი გაშვების ზუსტი დროის დასახელება და ასევე იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა განთავსდება პუნქტში. ეს იქნება ბაზირების ადგილი, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. რუსეთს აქვს აღებული ვალდებულებები აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ისინი. 2008 წლიდან ზღვაზე გემის დაკავების არანაირი შემთხვევა არ გვქონია, საზღვაო ზონაში მშვიდი ვითარებაა. შეთანხმებით ვალდებულებები აქვს აფხაზურ მხარესაც და ჩვენც ვასრულებთ მათ”

    ამის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა რითიც  დაადასტურა, რომ ოჩამჩირის სამხედრო ბაზამ შესაძლოა რუსული სამხედრო ხომალდები უკვე რამდენიმე თვეში მიიღოს.

  • დანიის ელჩის განცხადება ივანიშვილისთვის საგანგაშო გზავნილია.. არ არის გამორიცხული ივანიშვილი არჩევნებამდე დასანქცირდეს – გოცირიძე

    „არ არის გამორიცხული ივანიშვილი არჩევნებამდე დასანქცირდეს, რადგან არჩევნებამდე უნდა იქნას შესრულებული ევროკავშირის ვალდებულებები, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. თუ წინასაარჩევნო გარემო იქნება ისეთივე, როგორც წინა არჩევნების დროს, უკვე ნახევრადლეგალიზებული ივანიშვილი გამოჩენილია პოლიტიკურ არენაზე და ბუნებრივია, პასუხისმგებლობა არჩევნების გაყალბებაზე დაეკისრება მას. არ არის გამორიცხული დასანქცირებული ვიხილოთ, სანამ მოსკოვში წავა, თუკი მართლა წავა. მას ვერდიქტი გამოუტანა ევროპარლამენტმა, როცა თავის რეზოლუციაში ვერდიქტი გამოუტანა და მოსთხოვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სანქციების დაწესება. მორჩა, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ვერ წაშლი, ვერსად გადააგდებ. მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი და დანიის ელჩი წარმოადგენს დანიის მთავრობას, ეს არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშო ივანიშვილისთვის. ეს არის გზავნილი, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება და ძალაუფლების მიტაცება 2024 წლის არჩევნებში, ამ 9 რეკომენდაციიდან ნომერ პირველი მოთხოვნა არის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, ეს არის პირდაპირი მინიშნება, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი, როცა მთავრობების წარმომადგენლები გააფრთხილებენ დიპლომატიური არხებით. კულუარულად, ალბათ, მიდის მასთან ამაზე საუბარი. მას უახლოვდება სანქციები. სტატუსის მიღებამდე მისი დასანქცირება ნიშნავდა სტატუსის არ მიცემას ქვეყნისთვის, დღეს უკვე სხვა ვითარებაა, დღეს არ იქნება დანდობა, ლოიალური მიდგომა. სტატუსის ჩამორთმევის არც მექანიზმი არსებობს და არც პრაქტიკაში მომხდარა მსგავსი რამ. ამიტომ ევროკავშირი განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება ხელისუფლების და პერსონალურად ივანიშვილის მიმართ”,

    ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა დანიის ელჩის OpEd-თან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და რასაც მისი საგარეო უწყებაში დაბარება მოჰყვა.

  • მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

    13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

  • რუსეთის ეკონომიკა მის არმიაზე ძლიერი აღმოჩნდა, დასავლეთის ამჟამინდელი სანქციები საკმარისი არ არის – ბუდანოვი

    „რუსეთი დღეს სულაც არ შიმშილობს, მისი ეკონომიკა მის არმიაზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ადრე ყველა პირიქით ფიქრობდა.[…]  დასავლეთის ამჟამინდელი სანქციები საკმარისი არ არის. ისინი უნდა შეხებოდნენ რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს: ენერგეტიკას, მეტალურგიას და მთლიანად ფინანსურ სისტემას”

    ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

  • შენდობას ვითხოვ, ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის – არქიმანდრიტი მჭედლიშვილი

    “მე,როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.

    ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთან”

    აცხადებს სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.

  • გახარია ბასიანში თვითნებურად შევარდა, 20 ივნისს კი ლომჯარიას კარნახით მოქმედებდა – კობახიძე

    “გახარია ბასიანში თვითნებურად შევარდა, 20 ივნისს კი ლომჯარიას კარნახით მოქმედებდა” – ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას ეხმაურება და მას რამდენიმე ბრალდებას უყენებს.

    “გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ამ 5-სიტყვიან ანეკდოტს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, 2-პროცენტიანი გახარია ნაცური თავხედობის ეტალონური მაგალითი რომ არ იყოს.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიორგი გახარიას ჯერ მოვალეებთან აქვს “დებატები” გასამართი, რომლებიც კრახით დასრულებული 2021 წლის არჩევნების შემდეგ მრავლად დარჩა როგორც გადაგდებული კომპანიების, ისე ყოფილი თანაპარტიელების სახით.

    გიორგი გახარიას განცხადების აბსურდულობის მთავარი მიზეზი ის არაა, რომ 2-პროცენტიანი პარტიის კომპრომეტირებული და ხელმოცარული თავმჯდომარე ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანს თავხედურად დებატებში იწვევს. აბსურდულობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქმეში ჩახედულ კაცს გიორგი გახარიასთან კითხვაც კი არ აქვს არცერთ თემაზე დასასმელი:

    ჩვენ არ გვაქვს მასთან არავითარი კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ შევარდა თვითნებურად ბასიანში და რატომ შექმნა სრულიად ხელოვნურად ახალგაზრდებისა და პოლიციის დაპირისპირების პირველი პრეცედენტი; რატომ გვატყუებდა, რომ ბასიანში შეჭრისას ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი უამრავი ვიდეომტკიცებულება ამოიღო და რატომ დაიმალა მეორე დღეს, როდესაც ჩვენი მოთხოვნით ეს მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა; რატომ შეუქმნეს მას სრული კომფორტი აქციის ევრონაცმა და ენჯეოშნიკმა ორგანიზატორებმა, როდესაც მან თავისივე დარბეულ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა და რატომ არ დაუშინეს მას ბოთლები მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით;

    ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ გამოაძევებინა მესტიაში ტყის დასაცავად ასული პოლიციელები ადგილობრივებს; არც იმის შესახებ, თუ რატომ აქცია მძიმე შეურაცხყოფის ობიექტად პოლიციელები პანკისის ხეობაში; რატომ ახდენდა სისტემატურად ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას, რაც სახელმწიფოს დასუსტების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია;

    ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ნინო ლომჯარიას კარნახით – რატომ დააყენა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის წინ და არა ჭიშკრის უკან და შესაბამისად, რატომ აქცია ისინი აგრესორების პირდაპირ სამიზნედ; რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და რატომ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება;

    ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვდა აგრესიულად პარლამენტარებისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, რატომ პირდებოდა მათ მის დაკავებას და შემდეგ ურცხვად რატომ თქვა უარი დაკავებაზე; რატომ ითხოვდა სპეცოპერაციის ორი დღით გადავადებას, როდესაც დაგვიანება სპეცოპერაციას მხოლოდ გაართულებდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც; რატომ ამტკიცებდა, რომ სპეცოპერაციას სისხლისღვრა მოჰყვებოდა, როდესაც ვახტანგ გომელაურმა ეს ოპერაცია ერთ კვირაში ყოველგვარი სისხლისა და თმის ღერის ჩამოვარდნის გარეშე ჩაატარა;

    ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ შექმნა ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია ნაცმოძრაობასთან და რატომ ჩაყვა ნაციონალებს პოლიტიკურ სამარეში, როდესაც პრემიერმინისტრობის დროს საზოგადოებას მათ დამთავრებას პირდებოდა.

    არცერთი ეს ფაქტი არავითარ კითხვა-პასუხს არ საჭიროებს. ის, რომ გიორგი გახარია მოღალატეა, არა თეორემა, არამედ აქსიომური ჭეშმარიტებაა. მადლობა ღმერთს, დღეს საქართველო ბევრად უფრო დამოუკიდებელი და სუვერენულია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ასეთი ადამიანები მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს აღარ იკავებენ.

    შესაბამისად, გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან”.- ამბობს კობახიძე.

  • 2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და სტალინი ვერ შევამჩნიე – მეუფე ნიკოლოზი

    2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და სტალინი ვერ შევამჩნიე – მეუფე ნიკოლოზი

    2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და [სტალინი] საერთოდ ვერ შევამჩნიე. იცით, რატომ ვერ შევამჩნიე? იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი – რომელსაც, რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას ხედავ, რომელიც უდიდესი წმინდანია და შემდეგ, თუ გაინტერესებს, ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და გარშემო მისი ცხოვრების სცენები დაათვალიერო – რომელიც, როგორც წესი, ხატებზე რომ გამოისახება, თუ თვითონ ცხოვრება არ იცი, სცენების მიხედვით, ისე ვერ აღიქვამ. ეს არის ხატწერა და არა მხატვრობა.სტალინის ისტორია, რომ ის მატრონასთან სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა, ეს არის გამოგონილი ისტორია […] ის, რაც ამას მოჰყვა, ნამდვილი ვანდალიზმია. ეს არ შეიძლება, ეს არ არის საუბრისა და ურთიერთობის გზა. თუ ასეთი რამ მოხდა და [სტალინის გამოსახულება] ვიღაცას გაეპარა, ამაში სასკანდალო და საჩხუბარი არაფერი არაა  […] შემომწირველებმა თქვეს, რომ წაიღებენ. იმხელა ხატს ასე ხელს ხომ ვერ მოკიდებ და წაიღებ, მომზადება სჭირდება. აუცილებლად წაიღებენ და გადაწერენ.

    ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მატრონა მოსკოველის ხატზე.