Category: ახალი ამბები

  • მიზანი ლეგიტიმურია, მიღწევა შეიძლება მოქმედ კანონში ცვლილებებით – იოსელიანი რუსულ კანონზე

    “მიზანი ლეგიტიმურია, მიღწევა შეიძლება მოქმედ კანონში ცვლილებებით” – ასე ეხმაურება, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას.

    “1 წლის წინ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული იყო მსგავსი კანონპროექტები, რომლებიც სახალხო დამცველის 2023 წლის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, შეფასებული აქვს ეუთო/ოდირს და მიჩნეული აქვს ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბამო ინიციატივებად.

    საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

    აღნიშნული განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, ვინაიდან, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს.

    შესაბამისად სახალხო დამცველის მოსაზრებით, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წლიდან საქართველოში არსებობს eAIMS მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად. აღნიშნული ბაზა განთავსებულია ვებ-გვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოიპოვოს ინფორმაცია ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის და თემატური მიმართულების შესახებ. ამავე პორტალზე, ძალიან იოლი საძიებო სისტემის საშუალებით შესაძლებელია ინახოს ორგანიზაციების მიერ გაწეული ხარჯების ოდენობაზე ინფორმაცია.

    სახალხო დამცველის მოსაზრებით, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და ზემოაღნიშნული eAIMS მონაცემთა ბაზის მოდიფიცირებით, შესაძლებელია მარტივად იქნას მიღწეული საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდის ლეგიტიმური მიზანი.

    ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის ორგანიზაციებთან სხვადასხვა სახის (შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო) ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი პირის შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების საფუძველს, რაც შესაძლოა ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას”- ნათქვამია განცხადებაში.

  • თუ 1 ღამეს გაატარებენ ხარკოვში, Patriot-ებს სწრაფად მოგვაწოდებენ – კულება

    “გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, რომელთა სამიზნეს ძირითადად კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. აქედან ექვსი ბალისტიკური რაკეტა იყო. უკრაინა მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნად რჩება, რომელზეც ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები ხორციელდება. ამჟამად არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც უნდა იყოს Patriot-ის ტიპის სისტემები. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვისზეც დამოკიდებულია უკრაინისთვის მათი მიწოდება, ერთ ღამეს თუ მაინც გაატარებენ ხარკოვში, ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული. მზად ვიქნები, გავყვე მათ”.

    აცხადებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

  • თურმე ახლა არის ევროკავშირთან შეუსაბამო ის კანონი, რომლის მსგავსიც და კიდევ უფრო მკაცრიც ევროკავშირშია დაინიცირებული – მდინარაძე

    თურმე ახლა არის ევროკავშირთან შეუსაბამო ის კანონი, რომლის მსგავსიც და კიდევ უფრო მკაცრიც ევროკავშირშია დაინიცირებული – მდინარაძე

    „ჩვენ ერთი წელი მოვუნდით იმას, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან სიტყვა „რუსული“ აღარ თქმულიყო, არ ვლაპარაკობ ცალკეულ ევროპარლამენტარებზე. ერთი წელი მოვუნდით, რომ სიტყვა რუსული ამოვარდნილიყო და ახლა არის ევროკავშირთა შეუსაბამო თურმე ის კანონი, რომლის მსგავსი კანონმდებლობა კიდევ უფრო მკაცრი ევროკავშირშია დაინიცირებული. ასევე, გაცილებით მკაცრი კანონი ქვედა პალატამ უკვე საფრანგეთში მიიღო და მოქმედებებს აშშ-ში და სხვა ქვეყნებში, დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროში. მათ შორის, ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკის მოქმედი ელჩის მიმართ, რომ მისი განწყობა, დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვა არის და ამის არ აღნიშვნა არ შეიძლება. თუმცა, გუშინ მანაც გაგვაკრიტიკა და თქვა, რომ „ეს არ არის ამერიკული კანონი“ და მართალი თქვა. შარშან ორი კანონიდან ერთი იყო პირდაპირი თარგმანი, ამას რუსული დაარქვეს და ეს არის გაცილებით ლოიალური ვერსია, არამკაცრი, სადაც ვალდებულება მხოლოდ დარეგისტრირებაში და დეკლარაციის შევსებაშია. მეტი ვალდებულება არ არსებობს, განსხვავებით სხვა ნებისმიერი ქვეყნების კანონებისგან. ოღონდ შარშან მეორე პროექტი არსებობდა, რომელსაც ასევე, რუსული დაარქვეს, რომელიც პირდაპირ თარგმანი ამერიკული ვერსიისა იყო და გაცილებით მკაცრი იყო.

    როგორც ვიცით, ერთ-ერთმა „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენელმა გაბედა, როგორც იქნა ვიღაც დისკუსიაში შემოვიდა და თქვა, რომ მეორე მუხლი არის რუსულიო. მეორე მუხლი, როგორც იქნა წამოსცდათ. მეორე მუხლი არის მთავარი განმასხვავებელი ყველა სხვა დანარჩენისგან ამიტომ არის ყველაზე არამკაცრი, რომ ფიზიკურ პირებს საქართველოში ჩვენი კანონპროექტი არ მოიცავს. მათ შორის, ფრანგულში, ამერიკულში, რუსულში ყველგან არის ფიზიკური პირი, ობიექტი ამ კანონმდებლობისა. მხოლოდ ქართულში არ არის ფიზიკური პირი. როგორც იქნა დაასახელეს ყველაზე არარუსული მუხლი ჩვენს ინიციატივაში.[…] ე.ი. ერთ ქვაბში ხარშავენ ყველასო? – ზუსტად იგივე წარმატებით ერთ ქვაბში ხარშავს ყველას ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი კანონმდებლობა. იქ არ არის ჩანაწერი, რომელი ქვეყნიდან ითვლება გავლენის აგენტად (ამერიკულში), ასე ჩანაწერები არ არის. ისინი ამბობდნენ, რომ ფრანგულ კანონმდებლობაში მოხსენიებულია რუსეთი, ჩინეთი და ა.შ. ეს არის ტყუილი. ფრანგულ კანონმდებლობაში მსგავსი ჩანაწერი არ არის.

    მეგობარი ქვეყნიდან წამოსული თანხით იყო დაფინანსებული ISFED, რომელმაც გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. საიდან იყო ISFED დაფინანსებული? დასავლეთიდან არ იყო? მიზნობრიობა იყო არჩევნების დაკვირვება და ობიექტური შეფასების დადება და მათ გააყალბეს. მიხვდით რაშია საქმე?! ანუ მიზნობრიობა გაყალბდა.

    „ეს კანონი არის ანტიევროპული, ეს კანონი არის რუსული“ – ამ სიცრუესთან გვაქვს საქმე. რატომ? – პასუხი არ ისმის. ჩემი აზრით, ეს არის უდიდესი უპატივცემულობა სახელმწიფოსი, ქვეყნის ეროვნული თავმოყვარეობის. რატომ? – რომ არ შემოდიან და არა არის რუსული, რომელი პუნქტია რომ არ შემოდიან ამ დისკუსიაში, ეს არის ჩემი აზრით, უდიდესი შეურაცხყოფა. თუკი მტერს და მოყვარეს ვეძებთ, იქ მტერი და მოყვარე არსად წერია. მტრული მოქმედებაა ყველა, რომელიც ფინანსდება…

    შინაარსში შემოსვლა იმიტომ არ უნდათ, რომ არგუმენტები არ აქვთ. რუსულს ვეღარ დაუძახებენ და შინაარსში ამიტომ არ შემოდიან“

    ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • საკანში 10 კაცი შემომივარდა, მცემა და დეესკალაციის ოთახში წამათრია – ბადრი ესებუა

    “საკანში 10 კაცი შემომივარდა, მცემა და დეესკალაციის ოთახში წამათრია” – აცხადებს, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, ბადრი ესებუა. პატიმრის წერილს TV პირველი ავრცელებს.

    “14 მარტს პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ამის მიზეზი ის ყოფილა, რომ სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა, რაზეც უარი უთხრეს და პროტესტის ნიშნად ყელი გამოიჭრა. სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დავიწყეთ. ციხის ადმინისტრაციამ კი რეპრესიები დაიწყო და მუქარით გვთხოვდნენ შიმშილობის შეწყვეტას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პირადად მე მითხრეს, რომ სარდაფში ობიან და ტარაკნებით სავსე კამერაში ან კარცერში გადამიყვანდნენ.

    მაინც რომ არ დავემორჩილე, კამერაში 10 კაცამდე შემომივარდა, იმ დროს ლოგინზე ვიწექი, მეცნენ და გინებით გადმომაგდეს. ძირს დამაგდეს და ფეხებით შემდგნენ. ხელბორკილები დამადეს და არაადამიანური, არაპროპორციული ძალის გამოყენებით დეესკალაციის კამერაში წამათრიეს.

    ამის შემდეგ, ყველა, ვინც კი შიმშილობდა, ზოგი კარცერში გაგზავნეს, ზოგი დეესკალაციის კამერაში, ზოგი კი სხვა ციხეში გადაიყვანეს. ახლაც ვერ ვხვდები, რას გვერჩოდნენ, რატომ მოგვიწყვეს პროვოკაცია და რატომ შეგვყარეს ასე ტყუილად კარცერში. ჩემ გვერდით კამერაში მყოფი მეგობარი ამბობს – თუ არ გაჩერდები, აკრძალულ ნივთს ჩაგიდებთ და სასჯელს გაგიხანგრძლივებთ, ასე დამემუქრნენო”. – წერს ესებუა.

  • კანონის მიღების შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის პოზიტიური შეფასების გაკეთება – ჰერჩინსკი რუსულ კანონზე

    “ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში” [IPN]

    ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინკიმ კითხვას, შეიძლება თუ არა რომ რუსული კანონი გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

  • “არა რუსულ კანონს” – 15 აპრილს პარლამენტთან აქცია გაიმართება

    პარლამენტში ქართული ოცნების რუსული კანონის განხილვის პარალელურად, 15 აპრილს, 10 საათზე აქცია დაანონსდა.

    “იურიდიულ კომიტეტზე განხილვის და დამტკიცების შემდგომ, ქართულ ოცნებას შეეძლება რუსული კანონი გაიტანოს პლენარულ სხდომაზე და პირველი მოსმენით მიიღოს. Ჩვენი უმთავრესი მიზანია, რუსული კანონი ვერ გასცდეს იურიდიულ კომიტეტს და არ გავიდეს პირველ მოსმენაზე, რადგან კანონის ინიციატორს კანონპროექტის გამოთხოვა შეუძლია მხოლოდ პირველ მოსმენამდე. თუ რუსული კანონი იურიდიულ კომიტეტს გასცდა, ერთადერთი შანსი კანონის პლენარულ სხდომაზე ჩაგდებაა, რაც მკვეთრად ართულებს მდგომარეობას”, – აღნიშნულია აქციის აღწერაში.

  • ჩვენი ევროპული მომავალი – ჩვენი ეროვნული არჩევანია – დინამო თბილისის განცხადება

    “ჩვენი ევროპული მომავალი – ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს.
    ჩვენი ევროპული ტიტულის მნიშვნელობას, ჩვენი ლეგენდების და წინაპრების მოტანილ საქართველოს სიამაყით ვიხსენებთ და ვუყურებთ.
    ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!”

    საფეხბურთო კლუბი დინამო რუსული კანონის მიღების მცდელობებს ეხმიანება.

  • ვიმედოვნებ, მთავრობა შეწყვეტს ამ კანონის წინ წაწევას და მოუსმენს საქართველოს მოსახლეობას – შაჰინი რუსულ კანონზე

    სენატმა უკვე გამოხატა შეშფოთება კანონის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით. ასევე ვიცით, რომ ქართველმა ხალხმაც გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით. წინა ჯერზე, ამ კანონის წინააღმდეგ ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან ვიცით, თუ რა გავლენა ექნება კანონს მათზე ადამიანებისთვის სერვისების მიწოდების საქმეში. ქვეყანა ამ გზით არ უნდა წავიდეს, თუ მას ევროპული ინტეგრაციისაკენ წინსვლის გაგრძელება სურს. ამ მხრივ მათ ევროკავშირისგან უკვე მიიღეს პოზიტიური პასუხი. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა შეწყვეტს ამ კანონის წინ წაწევას და ამის ნაცვლად, მოუსმინოს საქართველოს მოსახლეობას, რომლის სურვილიც ევროპული ინტეგრაციაა“,

    აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი რუსულ კანონზე საუბრისას.

  • ”სახეში სილის გაწნა დასავლეთისთვის” – კრამერი “რუსულ კანონზე”

    “განცხადებებისას მითითება იყო [ამერიკის] ყოფილ ელჩზე, მტკიცება, რომ ახალმა ელჩმა ისწავლა ძველი ელჩის შეცდომებზე. ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია. ეს არაა ის, რასაც ევროკავშირი მოელის მთავრობისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ბლოკში გაწევრიანებით და კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით პროგრესითაა დაინტერესებული”,

    ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი “ამერიკის ხმასთან” საუბრობს

  • ოპოზიცია ცდილობს, სპორტი და ხელოვნება თავის პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს – კობახიძე

    ოპოზიცია ცდილობს, სპორტი და ხელოვნება თავის პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს – კობახიძე

    2 კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება. სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს.

    ბოლო წლებში ქართულმა სპორტმა უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. ისტორიაში პირველად საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, პირველად ისტორიაში მორაგბეებმა 6 ერის გუნდებს მოუგეს, პირველად ისტორიაში კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა, პირველად ისტორიაში წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი, პირველად ისტორიაში ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

    როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია. თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა. კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ.

    სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, ოპოზიცია საერთოდ არ უფრთხილდება და აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც საქართველოს იდენტობა უკავშირდება. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებსა და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც.

    ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიასა და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას.

    წერს ამის შესახებ,  Facebook-ზე პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე.