Category: ახალი ამბები

  • საგამოძიებომ ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე დეპუტატი ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო.

    დეპუტატი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა.

    გუშინ,  კანცელარიასთან,  რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ელისაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    დეპუტატს დაზიანებები აქვს სახის არეში და ასევე აქვს ნეკნის მოტეხილობა.

  • საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული – იუკნევიჩიენე

    საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული – იუკნევიჩიენე

    “საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები, და არა რუსული უცხოელი აგენტების კანონი თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის გაწმენდას კრემლის აგენტებისგან.

    მე სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, რადგან ეს კანონი რუსეთში მიდის და არა ევროკავშირში”.

    წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე და გუშინ, რუსთაველზე გამართული აქციის ვიდეოს აზიარებს.

  • კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ რომც იყოს რა? – კვიჟინაძე ოფშორების კანონპროექტზე

    “ბატონ ბიძინაზე მინდა ვთქვა, საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, ჯერ ერთი, რომ გადმოიტანოს რა, თქვენ არ იძახით, გაუმჭვირვალეა და რაღაცო? გამჭვირვალე გახდება. რა არის ცუდი თუ გადმოიტანს… არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს რა? ცუდი რა ხდება? გამჭვირვალე გახდება უფრო მეტად, სხვა ცუდი რა ხდება, ამიხსნას ვინმემ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სანქციებთან ამას დააკავშირებს ისეთი ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის სანქციები… ბატონ ბიძინაზე ვერიდები ხოლმე საერთოდ საუბარს, მაგრამ თუ საქართველოში, სახელმწიფოს გარდა, სახელმწიფოს არ ვგულისხმობ, რაიმე კარგი გაკეთდა, ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის ყველაფერი?!”

    აცხადებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებზე.

  • “ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის” – ოპოზიციური პარტიების განცხადება

    “ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის”  – ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

    “უკანასკნელ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსასვსე ქართველი ერი და ჩვენს გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებული სამყარო.

    “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან.
    შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება.
    მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას და ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.
    საქართველოს ხალხი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მთავარი გარანტი, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ამ არჩევანის წინააღმდეგ გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული.
    კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!”

    ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები:

    • “ახალი”
    • “გირჩი მეტი-თავისუფლება”
    • “დროა”
    • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
    • “ლელო საქართველოსთვის”
    • “სტრატეგია აღმაშენებელი”
  • ნებისმიერ უცხოელს, ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში აქციების შემოტანა, ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! – გოცირიძე

    “ნებისმიერ უცხოელს, ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში აქციების შემოტანა, ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! ” – განაცხადა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილზე, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.

    “2028 წლამდე, ნებისმიერ პირს ოფშორიდან საქართველოში წილის, აქციების შემოტანა შეეძლება, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს და ამ შპს-ში წილის 100% გადმოიტანოს – ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! […] შეღავათს ერთი ადამიანისათვის აკეთებთ, რადგან იძულებული ხართ, რომ ეს გააკეთოთ. ამით ქვეყნის საფინანსო სისტემას უზარმაზარი რისკის წინაშე აყენებთ.

    კანონის მიღება გეჩქარებათ, რადგან ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ თავშესაფრად უკვე ოფშორებიც არ გამოდგება. დემოკრატიის ძალა და დემოკრატიული სახელმწიფოების მსახვრალი ხელი ყველგან მისწვდა სანქციების სახით, მათ შორის მისწვდა ოფშორებს. ამიტომ მას ყველა აქტივის გადმოტანა უნდა – უნდა დაარეგისტიროს “ქართუს“ ან “ელიტა ბურჯის“ ბალანსზე, არ გადაიხადოს გადასახადები და საქართველო თავის ციხე-სიმაგრედ შექმნას. არის სანქციების მოლოდინში, მათ შირის აგენტების კანონიდან გამომდინარე – თქვენც დაელოდეთ სანქციებს! ასე მარტივად ვერ გადარჩებით!“ – განაცხადა გოცირიძემ.

  • 20-მდე პოლიციელი მოვიდა და მითხრა, გენაცვალე მარჯვენაშიო – ელისაშვილი

    პერსონალურად, ვაჟა სირაძე ძალიან აგრესიული იყო. ასევე, მის გარშემო, უახლოეს გარემოცვაში რამდენიმე პოლიციელი ვინც იყო, ისინიც. ყველაზე აგრესიულები კანცელარიასთან იყვნენ, მანქანაშიც როგორ ჩამტენეს, კადრებში კი ნახეთ. თუმცა, რომ მოვდიოდი, როგორც კი ეპიცენტრს გამომარიდეს, დაახლოებით 20 პოლიციელი მოვიდა და მითხრა, გენაცვალე მარჯვენაშიო. ოღონდ, ძალიან ჩუმად მეუბნებოდნენ, ისე, რომ ვერავის გაეგო.

    განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

  • რუსეთი ჩვენი მთავრობის დახმარებით ცდილობს საქართველოს ევროპული გზის შეჩერებას – ზურაბიშვილი

    რუსეთი ჩვენი მთავრობის დახმარებით ცდილობს საქართველოს ევროპული გზის შეჩერებას – ზურაბიშვილი

    მოსახლეობის დემონსტრაციების დამსახურებით ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ახლა ჩვენ ევროკავშირთან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ, რადგან წლის ბოლოს, შესაძლებელია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. სწორედ ამიტომ, რუსეთი იწყებს ჰიბრიდულ სტრატეგიას და რასაკვირველია, ხელისუფლების დახმარებით ცდილობს შეაჩეროს ჩვენი ეს გზა.

    ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი CNN-ის ეთერში.

  • შსს მოქმედებდა ზეპროფესიონალურად, შეიძლება, ევროპელებსაც ბევრი ვასწავლოთ – რიჟვაძე აქციაზე

    ჩვენ გაპრავების საჭიროება არ გვიდგას თქვენგან განსხვავებით. თქვენ მოგიწევთ, გააპრავოთ ის დაფინანსებები კანონის საფუძველზე, რომელსაც იღებთ.

    რაც შეეხება აქციაზე მყოფი ადამიანების მიმართ, მათგან წამოსულ აგრესიაზე, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ძალები მოქმედებდნენ ზეპროფესიონალურად და შეიძლება, ევროპელებსაც ძალიან ბევრი ვასწავლოთ ამ მიმართულებით, პასუხი გავცეთ ამ აგრესიაზე და მათ შორის, ზღვარგადასულ ბულინგზე.

    აგრესიას, რომელიც იყო დაფიქსირებული, გაეცა შესაბამისი პასუხი. ჩვენ ყველას ვასწავლით, რომ პროპორციული ძალის ფარგლებში ხდება უწყებების მოქმედება. დაზიანდნენ ასევე სამართალდამცველები, ასე რომ, მაქსიმალური მხარდაჭერა მათ… თქვენ ნახეთ ამ ხელისუფლების პირობებში, როგორ მოქმედებს პოლიცია. ყველაფერი მიდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

    ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გუშინდელ აქციაზე.

  • ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ – პაპუაშვილი

    ამ აქციებმა, ამ დღეებმა დაგვანახეს საჭიროება ამ კანონის და მეორე – დაგვანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტადაც ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე.

    ამბობს შალვა პაპუაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე.

  • პოლიციელები დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი – ელისაშვილი

    პოლიციელები დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა და დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „ფორმულას“ განუცხადა, მას შემდეგ რაც მან საავადმყოფო დატოვა.

    “უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური გარემო იყო. მოვედი, კლინიკაში შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი”, – ამბობს ელისაშვილი.