Category: ახალი ამბები

  • დღეს ვხედავთ პუტინისეულ ქმედებას – ზურაბიშვილი “ოცნების” კონტრაქციაზე

    გუშინ ვნახეთ რუსული კანონის წინააღმდეგ მასობრივი, სპონტანური პროტესტისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მეთხუთმეტე დღე.

    დღეს ვხედავთ პუტინისეულ ქმედებას – “ავტობუსებით ჩამოყვანილ” საჯარო მოხელეებს, მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შესაგებებლად.

    ნამდვილი საქართველო, თავისუფალი საქართველოა!

    ევროპული საქართველო!

    ასე აფასებს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების მიერ გამართულ კონტრაქციას.

  • იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა

    იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა. საკითხს პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ ხვალ გაიტანენ.

    ჯერჯერობით უცნობია ხვალვე უყრიან თუ არა კენჭს დოკუმენტს.

     

  • თუ აგენტების კანონს მიიღებენ, გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არ უნდა დაიწყოს – EPP-ის რეზოლუცია

    ევროპულ სახალხო პარტიამ (EPP)  ევროპარლამენტში დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც,  თუ საქართველო მიიღებს “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.

    • “კანონი არღვევს ევროპული კომისიის რეკომენდაციებს საქართველოს კანდიდატის სტატუზე, შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ირეკლავს პუტინის მიერ მიღებული კანონს. გამჭვირვალობისა რეალური გაძლიერებისა და კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მაგივრად, აღნიშნული კანონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებას” – ამბობს ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი.

     

    • “საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული კანონი იმ ქვეყანაში, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. კრემლი ძალიან გააქტიურდა ევროკავშირში, მაგრამ ასევე ევროკავშირის სამეზობლოში. ჩვენ სრულად მარს ვუჭერთ უცხო აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციებს, რადგან ეს არის კანონი, რომელსაც ქვეყანა რუსეთისკენ და ევროკავშირისგან შორს მიჰყავს” – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.
  • რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დისევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დისევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

    “აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

    ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას” – წერია სუს-ის განცხადებაში.

  • ”სხდომა არის ბუტაფორია” – იაგო ხვიჩიამ პროტესტის ნიშნად რუსული კანონის განხილვისას სხდომა დატოვა

    გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც  რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვა.

    “სულ 30 წამი მჭირდება – ზოგადად, მგონი ყველა ვხედავთ, რომ ეს კომიტეტის სხდომა არის ბუტაფორია და მე, პროტესტის ნიშნად, ვტოვებ ამ სხდომას”. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

    რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დღეს, 09:00 საათზე დაიწყო. ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა, ლევან ხაბეიშვილი, ანა წითლიძე, თამარ კორძაია, ქეთი თურაზაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი და თაკო ჩარკვიანი.

    საერთო ჯამში, ოხანაშვილმა დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.

  • “ივანიშვილმა და ოცნებამ კურსი რუსეთისკენ შეცვალა” – დიპლომატების განცხადება

    “ივანიშვილმა და ოცნებამ კურსი რუსეთისკენ შეცვალა” – ვრცელდება  57 ქართველი დიპლომატის განცხადება, რომელშიც წერია, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო კურსი “180 გრადუსით შემოატრიალა” დასავლეთიდან რუსეთისკენ და ევროკავშირსა და აშშ-ს თავს ესხმის.

    ”საქართველოს დიპლომატების განცხადება

    ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ ყოფილა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გზაგასაყარზე, მაგრამ არასოდეს ასე ნათელი და მორალურად ცხადი არ ყოფილა,თუ რა არის სწორი გზა.

    “ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა სრულიად ნათლად, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი. დღეს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არ არის მზად ევროკავშირისთვის, იღებს კანონებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ არჩეულ კურსს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს გვაშორებს ევროკავშირს. მეტიც, დღეს “ქართული ოცნება” პირდაპირ თავს ესხმის ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს – აშშ-ს და ევროკავშირს – რაც ასუსტებს ქვეყანას და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას.

    ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირმა გაგვიღო კარი გაწევრიანებისთვის და მოგვცა კანდიდატის სტატუსი, ხოლო გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე მხოლოდ 9 დათქმის შესრულება გვაშორებს. ევროინტეგრაციის გზა ნათელი და გასაგებია, “ქართულმა ოცნებამ” კი ამ გზას შეგნებულად გადაუხვია.

    ამერიკელი სენატორების წერილი, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების წერილი, ევროკომისრის, ნატოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და საქართველოს ბევრი სხვა მეგობარის განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მეგობრები წუხან საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე.

    ჩვენთვის, ამ ქვეყნის სხვადასხვა თაობის დიპლომატებისთვის, რომლებმაც მრავალი წელი დავუთმეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და სახელმწიფოებრივი ინტერესების განმტკიცებას, სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მოახდინა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება დასავლეთიდან რუსეთისკენ. ამ ცვლილების შესაჩერებლად, ერთადერთი გზა არის ყველა პატრიოტი ადამიანის მხრიდან ხმის ამოღება, პროტესტის დაფიქსირება და უსამართლო კანონებზე თუ გადაწყვეტილებებზე რეაგირება.

    გვსურს, შევახსენოთ ჩვენს კოლეგებს, საჯარო, თუ დიპლომატიურ სამსახურში, რომ ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც სიჩუმე უდრის თანამონაწილეობას, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული გზის დაცვა პასუხისმგებლობას და ვალდებულებასაც კი წარმოადგენს. ​

    ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არ გახდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების აქტიური თუ პასიური თანამონაწილე. მოგიწოდებთ – დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ოხანაშვილმა დარბაზიდან მეექვსე დეპუტატი, ქეთი თურაზაშვილიც გააძევა

    კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა მეექვსე ოპოზიციონერ დეპუტატს, პარტია მოქალაქეების წევრს ქეთი თურაზაშვილს დაატოვებინა. თურაზაშვილი მამუკა მდინარაძეს მიმართავდა, რა დროსაც, ანრი ოხანაშვილმა მას “მიკროფონის გარეშე საუბრის გამო”, დარბაზი დაატოვებინა.

    “მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ. ქალბატონო ქეთი, გაფრთხილებული ხართ. დატოვეთ სხდომათა დარბაზი”, – მიმართა ოხანაშვილმა თურაზაშვილს.

    დარბაზის დატოვების შემდეგ ქეთი თურაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზს ატოვებენ იმის გამო, რომ არ აქვთ პასუხები მათ შეკითხვებზე.

    “ნაცვლად იმისა, რომ მამუკა მდინარაძეს გაეცა ჩემს შეკითხვებზე პასუხი, რომელიც აბსოლუტურად რუსულ კანონთან დაკავშირებით იყო დასმული, მან დაიწყო ჩემი რეპლიკების შეფასება ძალადობასთან დაკავშირებით და ძალიან არ ესიამოვნათ, როდესაც მე ვთქვი, რომ ქართული ოცნება არის ძალა, რომელიც პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებს ძალოვან სტრუქტურებს, რაც ჩვენ ვნახეთ პოლიციის მხრიდან ალეკო ელისაშვილზე განხორციელებული წარმოუდგენელი ძალადობა. ისინი არ გვასმევინებენ შინაარსობრივ შეკითხვებს რუსულ კანონთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პასუხი არ აქვთ და დარბაზიდან გამოგვაძევეს იმიტომ, რომ პასუხები არ აქვთ შეკითხვებზე, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ”, – თქვა თურაზაშვილმა.

    მანამდე, ოხანაშვილმა ხუთ ოპოზიციონერ დეპუტატს – სალომე სამადაშვილს, თამარ კორძაიას, ლევან ბეჟაშვილს, თაკო ჩარკვიანს და გიორგი ვაშაძეს დაატოვებინა დარბაზი.

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს.

  • ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან კორძაია და სამადაშვილიც გააძევა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს – თამარ კორძაიას და ლელოს წევრს, სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა.

    თამარ კორძაია სხდომის დროს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ციტირებდა,სამადაშვილი ამბობდა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდეს, რა დროსაც, ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა. მიკროფონის გათიშვის შემდეგ სამადაშვილმა მომხსენებელ მამუკა მდინარაძესთან კამათი გააგრძელა რის გამოც მას დარბაზი დაატოვებინეს.

    მანამდე, ოხანაშვილმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ კორძაიას, ლევან ბეჟაშვილს და გიორგი ვაშაძეს დაატოვებინა დარბაზი. ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს.

  • შვილებს ვეტყვით: ვიდექით იქ, სადაც ქართულ სახელმწიფოს დასჭირდა ჩვენი ყოფნა  – პაპუაშვილი

    შვილებს ვეტყვით: ვიდექით იქ, სადაც ქართულ სახელმწიფოს დასჭირდა ჩვენი ყოფნა – პაპუაშვილი

    არის დრო ერთად დგომის და შემართების, შენი არჩევანის დაცვის, შენი განვლილი ცხოვრების და ბრძოლის შეფასების, შენი ხვალინდელი დღის რწმენის გამოხატვის, შენთვის ძვირფასის და სანუკვარის შენარჩუნების, სიყვარულის და თანადგომის გამოხატვის მათ მიმართ, ვისთანაც გაერთიანებს ერთი სიტყვა – სამშობლო.

    არც ისე ხშირად, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში რამდენჯერმე, დამდგარა დრო ერის ერთობის აუცილებლობის, და ყოველ ასეთ დროს საქართველომ დაამტკიცა რომ მას აქვს ღირსება, რომ ხიდი წარსულსა და მომავალს შორის არ ჩამტყდარა, რომ ქვეყნის გული კვლავაც მედგრად ძგერს.

    ჩვენ ვიამაყებთ დღევანდელი ერთად დგომით, და ჩვენ შვილებს ვეტყვით, რომ ვიდექით იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოს დასჭირდა ჩვენი ყოფნა.

    ჩვენი ხალხი ღირსეული და ბრძენია, მოთმინებით და ჭკუით შეჰყურებს ათას “კეთილმოსურნეს” და ელოდება თავის დროს, რადგან იცის რომ სიმართლე უძლეველია.

    დადგა დრო, ამ ქვეყნის შვილები დავდგეთ ერთად, შევიგრძნოთ ეს “უდიდებულესი წამი” და ვთქვათ – ძალა ერთობაშია.

    შევხვდებით დღეს, რუსთაველის გამზირზე, ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად, კიდევ ერთხელ საქართველოს დასაცავად.

    გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

    წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსული კანონის მხარდამჭერი კონტრაქციის შესახებ.

  • შსს–მ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და პროცესის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები.

    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, “მარიხუანა” და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.

    18 დაკავებულს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.