Category: ახალი ამბები

  • ევროკავშირის დელეგაცია თბილისშია – ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელ პარტნიორებს ხვდებიან

    ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები არიან, თბილისში იმყოფება.

    ახლა ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

    დახურულ კარს მიღმა ისინი რუსულ კანონსა და მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

    შეხვედრას არ დაესწრება ქართული ოცნება. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 13-14 მაისი ვიზიტისთვის კარგი დრო არაა, რადგან ამ პერიოდისთვის რუსული კანონის მიღებას აპირებენ და “საგნობრივი” მსჯელობა ვერ შედგებოდა.

  • გაფიცვას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

    გაფიცვას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან.  აქციებზე დასწრებას გააგრძელებენ მანამ, სანამ რუსული კანონს არ გაიწვევენ.

    “ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, კანონს, რომელიც გვიზღუდავს თავისუფლებას, იმ თავისუფლებას, რაც ჩვენმა წინაპირებმა გადმოგვცეს. 

    ასევე, ვაგრძლებთ იმ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რაც ჩვენს მთავრობას ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა შეესრულებინა. ჩვენ დავიცავთ ამ მომავალს და აუცილებლად შევალთ ევროკავშირში. ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა არ შეცვლის მის გადაწყვეტილებას და რუსულ კანონს არ გაიწვევს”, – ამბობენ სტუდენტები.

  • ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – მდინარაძე ოპოზიციაზე

    “ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს.

    ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი”

    აცხადებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.

     

  • პარლამენტთან აქციაზე 20 პირი დააკავეს

    პარლამენტთან აქციაზე 20 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.  მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

    “დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება.

    აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს” – აცხადებს შსს.

  • პუტინმა თავდაცვის მინისტრი შოიგუ თანამდებობიდან მოხსნა

    რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს შეცვლა გადაწყვიტა და ის თანამდებობიდან მოხსნა.

    შოიგუს შემცვლელად პუტინმა ფედერაციის საბჭოს წარუდგინა მთავრობის მეთაურის პირველი მოადგილის ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა, სერგეი შოიგუ კი პუტინის ბრძანებულებით უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.

    კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას „რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის შესახებ“, რომლითაც შოიგუ დაინიშნა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნად.

    დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

    კიდევ ერთი ბრძანებულება პატრუშევს ეხება. ამ ბრძანებულებით პუტინმა ნიკოლაი პატრუშევი გაათავისუფლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან „სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო“.

    კრემლის პრესმდივანმა, პესკოვმა თქვა, რომ პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირი უნდა ხელმძღვანელობდეს და უწყება გახსნილი უნდა იყოს ინოვაციებისა და მოწინავე იდეებისთვის.

  • ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ თამაშში შევალ და კანონს გავაპატიოსნებ–ზურაბიშვილი რუსულ კანონზე პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს არ გაუგზავნის

    საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ პარლამენტს განსახილველად მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს  და ცვლილებები შესავაზოს. პრეზიდენტი ამბობს,„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს უბრალოდ ვეტოს დაადებს, შემდეგ კი ოცნების უმრავლესობამ უნდა იფიქროს, რას გააკეთებს. “გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? – თქვენი ნებაა: ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ პარლამენტში მეორე მოსმენაზე, მოუსმინეთ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ“– თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

    ირაკლი კობახიძემ 2 დღის წინ მედიასთან შეხვედრისას თქვა, რომ კანონს მესამე მოსმენით აუცილებლად მიიღებენ, თუმცა პრეზიდენტს შეუძლია მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს პარლამენტს და ვეტოს დაძლევისას მათ გაითვალისწინებენ, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ თამაშში ოცნებას არ შეყვება:

    „რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა ეძახა მოღალატე, საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ „მოდით ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, რაღაცები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ, უცხოელები ან აქაური „ენჯეოები“, წარმოგვიდინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ“ – იფიქრეთ თქვენ და იყავით!

    მე ნამდვილად წარმოვადგენ ვეტოს, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და თამაშს არ დავიწყებ. რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი – ეს არის რომ ხალხში გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? – თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ პარლამენტში მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ; ან მარტივად, თქვენ თვითონ გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ ვინც მოვა ხელისუფლებაში ის გადაწყვეტს ეს კანონი რუსულია თუ რაღაც სხვა კანონების გადამღერება.

    ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ ამ თამაშში შევალ და ამ კანონს გავაპატიოსნებ. არა, ეს არის რუსული, დარჩება რუსულად და თქვენც ამ კანონთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

  • გომელაური: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა მისი მუშაობა, ისჯება პატიმრობით 4 წლამდე

    შს მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტის წინ დაგეგმილმა აქციებმა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს და გამოთქვამს იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება “პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს.“

    როგორც ბრიფინგზე გომელურამა განაცხადა, დაგეგმილია, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის ბლოკირება სცადონ, მინისტრმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან მუხლი დაასახელა, რომლის საფუძველზეც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ობიექტის ნორმალური მუშაობა, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მინისტრი განმარტავს, რომ მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პროპორციულად, გამონაკლისის გარეშე, ამოქმედდება.

    „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი.

    ამასთან, კანონმდებლობა სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, მიიღოს სათანადო, პროპორციული ზომები ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო შეკრების წინააღმდეგ.

    როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება.

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.

    გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ.

    მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. ჩვენი სურვილი არაა, რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას სათანადო ზომებით უპასუხოს.

    გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული”, – განაცხადა გომელაურმა.

  • დაშინება ხალხს ვერ აკავებს-სალივანი თბილისის პროტესტზე

    თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი 11 მაისს თბილისში გამართულ “ევროპულ მარშსა” და ევროპის მოედანზე უჩვულოდ ხალმრავალ აქციას X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება.

    “ქართველი ხალხი თავის შეხედულებებს აფიქსირებს. დაშინების ტაქტიკა მათ ვერ აკავებს, ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, წვიმიან თბილისში გარეთ გამოვიდა იმისთვის, რომ ქართული ოცნებისთვის კანონმდებლობის უკან გაწვევა მოეთხოვათ” – წერს ჯეიკ სალივანი

  • ფინანსური დახმარების გადახედვა, სავიზო შეზღუდვები, ფინანსური სანქციები მათთვის, ვინც პასუხისმგებელი საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე–29 კონგრესმენის მიმართვა კობახიძეს

    10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი.

    წერილის ბოლოს, კონგრესში საგარეო პოლიტიკის წამყვანი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან კოლეგა სენატორებს, რომლებიც საქართველოსთვის განსაზღვრული, ამერიკის ფულადი დახმარების გადახედვას არ გამორიცხავენ. ამასთან, შესაძლოა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას”.

    ორპარტიულ მიმართვას პრემიერისადმი სხვებთან ერთად ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის წევრები, კონგრესმენები: მაიკლ მაკკოლი – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თომას კინი – ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, უილიამ კიტინგი, გრეგორი მიქსი, ოსტინ სკოტი, ჯერალდ კონოლი და სხვები.

    გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს.

    “გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ხელახლა შემოიტანა, ერთი წლის შემდეგ, რაც მან სამართლიანად ამოიღო იგი განხილვიდან. ეს კანონპროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის მიერ განცხადებულ სურვილს, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის შესახებ და აშშ-საქართველოს 2009 წლის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, თქვენს ქვეყანაში რუსეთის ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და ხელახლა აიღოს საქართველოს [სახელით] ვალდებულება, რომ გააფართოვებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს მის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია ამოტვიფრული.

    „ნათლად ჩანს, რომ უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის საბაბი არის კონტროლის დაწესება იმავე პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ხალხის გვერდით, მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს.

    ჩვენ უარვყოფთ იმ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი შედგენილია აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით. ამის ნაცვლად, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ შემოთავაზებული კანონპროექტის მსგავსებაზე ვლადიმირ პუტინის მიერ 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონთან „უცხოეთის აგენტების“ წინააღმდეგ, რომელიც ასევე „გამჭვირვალობის“ საბაბით მართლდებოდა. მოგეხსენებათ, რომ იქიდან მოყოლებული, ამ კანონს პუტინი და მისი ავაზაკები ოპოზიციის გასაქრობად იყენებენ, რამაც დაასრულა რუსეთის დაღმასვლა საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენი რწმენით, ქართველ ხალხს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი სურს და [ამას] იმსახურებს. ამ კანონის მიღება საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მავნე გავლენის გავრცელების საშუალებას იძლევა.

    ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა, რომელიც ამ კანონპროექტს ახლავს თან. 29 აპრილს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დასჯის“ ოპოზიციას, ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის. 1. ბ-ნი ივანიშვილი გამოსვლაში ასევე მიუთითებდა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ შეერყიათ საქართველოს სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათ შორის – 16 წლის მანძილზე მას შემდეგ, რაც 2008 წელს, რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო საქართველოს ნაწილი. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.

    ჩვენი შეშფოთება კიდევ უფრო გააღრმავა თქვენი მთავრობის რეაგირებამ, რაც კანონპროექტის ხელახლა ინიცირების წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა. ჩვენთვის ცნობილია ათობით მომიტინგის თაობაზე, მათ შორის – ამერიკის მოქალაქეებზე, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს და პოლიციაში სცემეს. გასულ კვირას, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ასევე თქვენი პარლამენტის მოქმედი წევრია, თბილისის ქუჩებში ხელისუფლების სპეცრაზმმა სცემა.

    საინტერესოა, რომ ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა და ფაშისტურმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 2. ის, რომ თქვენს ქმედებებს მოჰყვა დაგმობა თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორების მხრიდან და ქება იმ ქვეყნისგან, რომელიც იკავებს თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ს, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საქართველოს არასწორ გზაზე აყენებთ.

    საქართველოში სიტუაცია ნათელია. მთავრობას შეუძლია აირჩიოს, რომ მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმებს, ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ არაბუნდოვნად ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ურთიერთობის ხასიათის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ავტორიტარული მოქმედება ბელარუსში და 2004-ში ორპარტიულად მიიღო ბელარუსის დემოკრატიის აქტი, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ შემდგომ თავდასხმებს საქართველოს აყვავებულ, ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ის იმსახურებს. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარული ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების მიზნით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ეს დამაზიანებელი კანონმდებლობა არ გაუქმდება, ჩვენ შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების წახალისებაში, მათ შორის – აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის თაობაზე, შეერთებულ შტატებში სავიზო შეზღუდვების გაფართოებისა და ფინანსური სანქციების ჩათვლით მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე”.

  • ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა

    შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა.

    ტელეკომპანია „პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯიმ ობრაიენი საქართველოში ორშაბათს ღამით იქნება. მათივე ცნობით, უკვე ჩანიშნულია შეხვედრა ოპოზიციასთან.