Category: ახალი ამბები

  • მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, კომპასი გაასწოროს! წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან – აუსტრევიჩიუსი

    2008 წლიდან პირველად, გაქრა ჩანაწერი NATO-ში საქართველოს გაწევრიანების განზრახვა შესახებ. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, დაამარცხონ “ლიბერალური ფაშიზმი”. მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან.

    წერს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი სოციალურ ქსელ X-ზე.

  • როგორი ამინდი იქნება 14 ივლისამდე საქართველოში

    14 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    დედაქალაქში – თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

  • ჩვენი პრინციპია, შორი გზიდან მოვუაროთ და შინ მშვიდობით მივიდეთ – ხუნდაძე

    ჩვენი პრინციპია, შორი გზიდან მოვუაროთ და შინ მშვიდობით მივიდეთ – ხუნდაძე

    “ჩვენი პრინციპი არის, რომ შორი გზიდან მოვუაროთ და შინ მშვიდობით მივიდეთ, იმიტომ რომ მშვიდობას, მით უმეტეს, ამ პერიოდში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. გრძელი გზა იქნება რამდენიმე თვით დაგრძელებული გზა, რამეთუ არჩევნები არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და საქართველოშიც და რეალურად, გადატვირთვა დაიწყება სწორედ არჩევნების შემდეგ, რა დროსაც ხელისუფლებას ისევ მისცემს საზოგადოება ლეგიტიმაციას. ამის ყველა ნიშანი არსებობს, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა და ამიტომ არის რომ ამ წინასწარი პროგნოზების შემხედვარე გააქტიურებულა გარე ძალები და უიმედო ოპოზიციას გარედან ეხმარებიან, რომ რამენაირად იქნებ მეტი შევიდნენ პარლამენტში, ვიდრე მათ შეუძლიათ,”

    ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა

    პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. ამის შესახებ ბრიფინგზე მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

    პარლამენტმა კანონში ცვლილებები ივნისის ბოლოს მიიღო.

    “საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებს და აღნიშნული კანონი დაუბრუნდა პარლამენტს.

    განხორციელებული ცვლილებებით საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერმინისტრი, მაშინ, როცა ადრე მოქმედი მოდელით, ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. მიუღებელი და დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია.

    აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.

    პენსიის რეფორმა საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც, გაუმართლებელია ასეთი ცვლილებების მიღება, რომელიც რეპუტაციულად აზიანებს ამ რეფორმას, არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენსიო სისტემა და მისი სანდოობა პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან, შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს მილიონ ნახევარზე მეტი საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

    აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული არ ნიშნავს პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით კანონის დაბრუნებას, ე.წ. ვეტოს, პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას, აგზავნის კანონს უკან პარლამენტში და მას პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს ხელს”. – თქვა მსხილაძემ.

  • რამდენად ლოგიკურია, ამნისტია არ ვრცელდებოდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე? – ხვიჩია

    „კანონპროექტს რომ წაიკითხავს პატიმარი, ხვდება, რომ ამ კანონის მიხედვით შეიძლება მას გათავისუფლება შეეხოს და იმის გამო, რომ პროცედურულად ზაფხულია, სხდომები არაა, ციხეში ტყუილად ორი თვე უწევს ჯდომა. ჩემი შეთავაზება იყო – ყველაფერს ვიხილავთ დაჩქარებულად, საჭიროა ეს თუ არა, მოგვეწვია რიგგარეშე სხდომა და მიგვეღო კანონი დაჩქარებული წესით, რაზეც გვითხრეს უარი. მე არ მგონია, რომ ციხეში ერთი ან ორი ზედმეტი თვე ჯდომა ვინმესთვის მოსაწონი იყოს.

    „მადლი თუ ქენი, ზედ მარილიც მოაყარეო“, – დაახლოებით ამის მცდელობა მქონდა, მაგრამ არ გამოვიდა.

    არის მუხლები ამ კანონში, რომელიც მომწონს. არის მუხლები, რომელიც უფრო მომწონს, ვიდრე არა, მაგრამ გაუმჯობესებას საჭიროებს და არის მუხლები, რომელიც არ მომწონს. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ამნისტია არ ვრცელდებოდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე? ეს ხომ არაფერ შუაში არაა სამართლიანობისა და თანასწორად მოპყრობის პრინციპთან. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, ადამიანებს, რომლებიც ციხეში ამ მუხლით იხდიან სასჯელს, რატომ არ უნდა შეეხოთ ამნისტია?“

    ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

  • NATO-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს – პაპუაშვილი

    NATO-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს – პაპუაშვილი

    “პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ თქვა, რომ 2008 წელს ბუქარესტში იმით, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს საქართველოს მიღება ნატოში, მისცეს გარკვეული შესაძლებლობა რუსეთს იმისთვის, რომ აგრესია განეხორციელებინა, ამიტომ, ალბათ, NATO-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს […] ჩვენ არ გვინდა პირობები, ჩვენ გვინდა გადაწყვეტილებები. უკვე 16 წელია ამ ღია კარში ვდგავართ და როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რაც დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები, როდესაც ზედმეტად დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება, ამ ორპირ ქარში გაცივდეს ადამიანი. ამიტომ, ამაზე უნდა იფიქრონ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა”.

    თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

  • “ოცნება” საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს – კუბილიუსი

    “ქართული ოცნება საქართველოს ევროკავშირში ვერ შემოიყვანს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართველებს შეუძლიათ ხმა მისცენ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და დააბრუნონ თავიანთი ქვეყანა [ევროატლანტიკური ინტეგრაციის] გზაზე.

    თუმცა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება უნდა დარჩეს ერთიანი და ერთგული ქართული ქარტიის მიმართ”.

    წერს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი.

  • ენმ-ის მხრიდან მათი უცხოური მფარველების კარნახით საარჩევნო აფერა მზადდება  – პაპუაშვილი

    ენმ-ის მხრიდან მათი უცხოური მფარველების კარნახით საარჩევნო აფერა მზადდება – პაპუაშვილი

    „რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანიის მზადება, რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით დალაგება, შინაარსობრივი თემების შეთანხმება. ყველა ხედავთ რაზეც არის საუბარი. საუბარია იმაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორ დააბნიოს საზოგადოება ისე, რომ არჩევნებზე ვიღაცები ვერ მიხვდნენ, რომ მათ აძლევენ სინამდვილეში ხმას. ეს არის საარჩევნო აფერა, რომელიც ახლა მზადდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათი უცხოური მფარველების კარნახით. ეს პროექტია ზუსტად, რაც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ხდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელიც კი გადაირქვა. მართალია, რიცხვ 5-ს ვერ შეელივნენ, მაინც კაბალისტური აზრები დევს მათში და ნუმეროლოგიისკენ შეიძლება მიდრეკილება აქვთ. იმდენად ხვდებიან და რცხვენიათ, რომ „ნაცებად“ იწოდებიან, სახელს იცვლიან, რომ რამენაირად დააბნიონ მოქალაქეები და შემთხვევით ვიღაცამ მათ მისცეს ხმა. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ხედავს და ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის დაბნეულობის ტაქტიკა, თითქოს არსებობს რაღაც სხვა ძალები ან ალტერნატივები „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით. ყველაზე მარტივი არჩევანი ექნება ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს. უნდა აირჩიონ ომი უნდათ თუ მშვიდობა. ვინც ხმას მისცემს „ნაცებს“, ის ომის მხარეს არის. წერტილი. ეს მათი გაცხადებული პოლიტიკაა. ესენი კიდევ ბედავენ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, პირდაპირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით მოქმედმა ადამიანებმა“,

    ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

  • 1 524 223 ლარის გადასახადს თავი აარიდა – დააკავეს კომპანიის დირექტორი – საგამოძიებო

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

    “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან განზრახ თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 1 524 223 ლარის ოდენობით” – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

  • კეზერაშვილს არაფერი საერთო, პოლიტიკურად, ამ პლატფორმასთან არ აქვს – ნიკა მელია

    [კეზერაშვილზე] წელიწად-ნახევარი ვსაუბრობდი და ეს მოსაზრება ჩემი არსად არ წასულა. უბრალოდ, ეს ადამიანი არის დაკავშირებული კონკრეტულ პარტიასთან, ნაციონალურ მოძრაობასთან, არის იმ პარტიის დამფინანსებელი. ვფიქრობ, რომ დღემდე იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

    არაფერი საერთო პოლიტიკურად ამ პლატფორმასთან (ახალისა და გირჩი-დროას საარჩევნო გაერთიანებასთან) მას არ აქვს. მეც შევხვედრივარ ამ ადამიანს და ამ გაგებით, შეიძლება მეც მკითხოთ იყო თუ არა პარტნიორი. მაგრამ ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს პლატფორმა იყოს ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, ყველაზე წარმატებული ელექტორალურად. თუმცა, თუ გახდა არჩევნების შემდეგ საჭირო ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობა ივანიშვილის წინააღმდეგ… რასაც დაუკვეთავს საზოგადოება, რა პროპორციითაც გადავინაწილებთ ხმებს, იმ პროპორციით მოგვიწევს თანამშრომლობა პარლამენტის შიგნით უკვე.

    თქვა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემა რეაქციაში.