Category: ახალი ამბები

  • ინაუგურაციაზე წარმოვადგენდი საქართველოს; ხვალიდან საქმიანი შეხვედრები დაიწყება – სალომე ზურაბიშვილი

    “ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც ამერიკის დიდი ხნის პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი. ოცდაათი წელია, რაც ამერიკა საქართველოს ეხმარება თავის სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩვენ ნამდვილად ორი მეგობარი ვართ. ასეთი გამოხატულება საჭირო იყო, რომ ამ ღონისძიებას მე დავესწარი.

    პირველი დღეები საზეიმო იყო. გუშინაც საინაუგურაციო ერთ-ერთი მეჯლისი იყო, ხვალიდან უფრო საქმიანი შეხვედრები დაიწყება. ინაუგურაციის შემდეგ ყველას აქვს საშუალება, გამართოს შეხვედრები და მეც ვაპირებ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო – იმ საფეხურზე, რაც საქართველოს და ამერიკას შეეფერება.”

    განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება.

  • მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველს პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ უამბო

    მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველს პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ უამბო

    სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მოინახულა. იოსელიანი ამაღლობელის მდგომარეობას გაეცნო და პოლიციის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ პირადად მოისმინა.

    “21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა, შეამოწმა მისი განთავსების პირობები და უფლებების დაცვის მდგომარეობა; ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ისაუბრეს ასევე, ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე.

    სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღესვე – დროებითი მოთავსების იზოლატორში და შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებაშიც მოინახულეს.

    მზია ამაღლობელს ეცნობა მის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შესახებ, რომლითაც სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

    სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

    მზია ამაღლობელი საპატიმროში უკვე 1 კვირაა შიმშილობს.

  • “დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს ესმის, რომ მის პასუხისმგებლობაზეა პოლიტიკური არასტაბილურობა.. თავად იქცა ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული” – ჯავახიშვილი

    “20 იანვარიც გადაგორდა. ტრამპი პრეზიდენტია. ახლა რა? ტრამპში კონცენტრირებული იმედები უკვე გამართლდა? მშვიდობა და დემოკრატია იქნება მისი დაცვის ობიექტი ყველგან. ჯერ კიდევ ბევრს შევიტყობთ. დასკვნების გამოტანა ადრეა.

    ტრამპს ასევე აუცილებლად ეცოდინება, რომ იმ შორეულ ჯორჯიაში, აშშ-ის ელჩი დაიბარეს და უთხრეს, თქვენი ქვეყნის ქმედებები წითელ ხაზებს უახლოვდება და ასე თუ გაგრძელდა, მოგვიწევს შესაბამისი ზომები მივიღოთო. ჩვენს ძლივს და დიდი შრომით გაერთგულებულ პარტნიორებთან კომუნიკაციის დეფიციტი კი არა, ნამდვილი კრახი მსგავსმა რიტორიკამ მოგვიტანა შედეგად.

    კიდევ ერთხელ ვიტყვი: რუსეთთან მიმართებაში ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების არ შემოღება, მაგრამ საერთაშორისო სანქციების სრული დაცვა, გასაგები პოლიტიკა იყო და ვფიქრობ, მომავალ მთავრობებსაც მოუწევთ ამ გეოგრაფიული და გლობალური გეოპოლიტიკის რეალობის გათვალისწინებით განსაზღვრონ მოქმედების სტრატეგია.

    მაგრამ თანდათან ვრწმუნდები, რომ ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან (რომელთა მიმართ წლების განმავლობაში უამრავი სამადლობელი გვაქვს დაგროვილი) რიტორიკის ჯიბრითა და მტრული ლექსიკით შეტევა გამიზნული სტრატეგიაა, რომ დასავლეთმა თავადვე თქვას ჩვენზე უარი, რომ იზოლაციაში დარჩენილებს, სახელმწიფოს დაღუპვის პირას მისულებს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირეობა დაგვრჩეს და თავის გასასამართლებლად ვთქვათ: მე დასავლეთში ინტეგრაცია მინდოდა, თქვენ კი ხელი მკარით და აი, ახია თქვენზე თუ დამკარგეთო.

    მგონი აღარავინ ტყუვდება იმ საკენკით, რომ თითქოს საქართველოს არავინ სჭირდება, არც დასავლეთი და არც რუსეთი, თავადვე მოახერხებს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ეს ასე, სამწუხაროდ ვერ იქნება და უკვე დროა, დამღუპველ ილუზიებს დავანებოთ თავი.

    შესაბამისად ეს რიტორიკა დღეს არა ქვეყნის, არამედ საქართველოში პოლიტიკის შემქმნელ-გამტარებლის ინტერესებს ემსახურება, ხოლო ყველა ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი ერთგული ჯარისკაცივით ასრულებს მის მითითებას. უფრო მეტიც, უფროსს რომ ასიამოვნოს მცდელობას არ აკლებენ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენონ უკვე გაფუჭებულ ურთიერთობებს.

    დღეს, ხელისუფლება მხოლოდ კაბინეტებში ჯდომა არაა და ერთადერთი რაზეც ახერხებენ ძალაუფლების განხორციელებას რეპრესიული პოლიტიკაა.

    პოლიტიკური ძალაუფლების მიერ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხელოვანების, ჟურნალისტების და საზოგადოების აქტიურ წევრთა მიმართ განხორციელებული რეპრესიები უკიდურესად მავნე შედეგებს იწვევს ქვეყნის დემოკრატიისთვის.

    ძალიან მაღელვებს ეს მდგომარეობა, უკვე სახეზეა სამოქალაქო დაპირისპირება, რაც ძალიან, ძალიან საშიშია:

    1. ზოგადად, ყველა საზოგადოებაში მსახიობები, ხელოვანი ხალხი, ჟურნალისტები ფუნდამენტურ როლს ასრულებენ იდეებისა და მოსაზრებების გამოხატვაში, ხშირად აპროტესტებენ უსამართლობას. მათი გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვა ნიშნავს საზოგადოებაში შიშისა დამკვიდრებას. დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არსებითი საყრდენია და მისი ეროზია გაანადგურებს ამ თავისუფლებას და ჩაახშობს განსხვავებულ ხმას, შემცირდება კრეატიულობა და ხელოვნება თანდათან გახდება კონფორმისტული. იგი გაუფასურდება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ : პირადად მე, ჩემი ქვეყნის დემოკრატიისთვის მირჩევნია ხელოვანებიცა და ჟურნალისტებიც ზედმეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ, ვიდრე თავისუფალი აზრის გამოთქმას ვერ ბედავდნენ.

    2. როდესაც ხელისუფლება ვერ ეგუება თავისუფალ კრიტიკას და აკავებს, აპატიმრებს, ემუქრება ხელოვანებს, ჟურნალისტებს (ანუ მათ, ვისთვისაც თავისუფლება არსებობის და შემოქმედების მთავარი წყარო-ჟანგბადია) თავისთავად იქმნება ცენზურა და სტიგმატიზაცია, რაც არა მხოლოდ რეპრესირებულ ხელოვანებზე, არამედ სხვა მოქალაქეებზეც მოქმედებს, აშინებს, აჩიავებს და აბეჩავებს მათ. შესაბამისად, როგორც ავადსახსენებელ წარსულში ხდებოდა გადარჩენის შიშის, უნდობლობისა და დენონსაციის ატმოსფეროში ადამიანებს აღარ სურთ ღიად ისაუბრონ მგრძნობიარე პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებზე. ამას აშკარად ვგრძნობ უკვე ყოველდღიურ ურთიერთობაში მეგობრებსა და ნათესავებში. ეს პარალელები რომ ჩნდება უკვე ცუდადაა საქმე.

    3. დიახ, იმ ადამიანებს, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს, მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე. წიგნიერი, კულტურული, საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე ხალხია, მათი ხმების ჩახშობით, პოლიტიკური ძალა ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას, მოსახლეობას კი აშინებს და ზღუდავს უსამართლობის წინააღმდეგ მობილიზებას დაგროვილი სათქმელის ან წუხილის გამოსახატად. პროტესტისადმი სოლიდარობის გამო განადგურებით ემუქრებიან ბიზნეს კომპანიებს, აზიანებენ მათ რეპუტაციას, გზის გადაკეტვისთვის აკავებენ, აპატიმრებენ სტუდენტებს. კარგით რა. არ გინახავთ ერთი ბატონი სამძიმარზე ან იუბილეზე რომ მიდის რა ხდება ? კანონებიც გავაპლასტელინეთ.

    4. ქვეყანა უკვე იზოლირებულია საერთაშორისო ასპარეზზე, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის, მოსახლეობის უმრავლესობის აზრის დაიგნორების (ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობაც ევროპული ინტეგრაციის გამო უჭერდა მხარს ოცნებას) გამო. დიდი ზიანი მიადგა ქვეყნის რეპუტაციას და შეზღუდა მისი დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობები, რასაც სულ მალე, აუცილებლად მოჰყვება მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგები. ნამდვილად მოჰყვება და მერე ერთმანეთზე გადაბრალება ვეღარ უშველის საქმეს. მოსახლეობა სრულად დაკარგავს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას და მღელვარება გახდება საყოველთაო.

    განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს.

    5. ბატონ ბიძინას, რომელსაც ვერ დავუკარგავთ გამჭრიახობის უნარს, დარწმუნებული ვარ კარგად ესმის, რომ მის პასუხისმგებლობაზეა ეს პოლიტიკური არასტაბილურობა, ხელისუფლებისა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი და აქედან გამომდინარე რისკები ქვეყნისა და მისი საკუთარი მოსახლეობისადმი. სამწუხაროდ იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული”,

    საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციასა და საქართელოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

     

  • რეალობისგან ახლა გაქცევა ნიშნავს მერე ქვეყნიდან გაქცევას ან მონობასთან შეგუებას – ზურა ჯაფარიძე

    რეალობისგან ახლა გაქცევა ნიშნავს მერე ქვეყნიდან გაქცევას ან მონობასთან შეგუებას – ზურა ჯაფარიძე

    ჯერ არაფერი დასრულებულა და ისიც არ ვიცით, გამარჯვებამდე გზაზე სადამდე ვართ წინ წაწეული

    მაგრამ სანამ გავიმარჯვებთ, ყოველდღე შეახსენე საკუთარ თავს, რომ:

    • ეს ქვეყანა ისევ სწრაფი ტემპით მიექანება ჩეჩნეთიზაციისკენ, მხოლოდ რუსეთისგან ხელდასმული მმართველი ოჯახის გვარია განსხვავებული
    • არჩევნები აღარ არსებობს, რუსეთთმა 26 ოქტომბერს გვითხრა, რომ ნებისმიერ გიჟურ იდეას გაამარჯვებინებს პირდაპირ დაწერილი რიცხვებით
    • თუ არ გაქვს არჩევანის უფლება, არ გაქვს არანაირი უფლება
    • ათობით ადამიანი ციხეშია, უკვე მისჯილი აქვს ან ელოდება მრავალწლიან პატიმრობის სასჯელს სისტემასთან სრულიად სამართლიანი დაპირისპირების გამო, თავისუფლების სიყვარულის გამო, რუსულ რეალობასთან შეუგუებლობის გამო
    • ასობით ადამიანია ნაწამები იგივე მიზეზით
    • ათასობით ადამიანს ყოველდღიურად ემუქრებიან, აშანტაჟებენ, უთვალთვალებენ, სამსახურებიდან უშვებენ, რომ პროტესტი ჩაკლან
    • აღარ არსებობს სამართალდამცავი სისტემა – ქართულ პოლიციად წოდებული რუსული ომონი იცავს ტიტუშკებს და ნადირობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ნიღბებისა და მაშხალების გამო
    • არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემა – მანდატური, ომონელი, პროკურორი, მოსამართლე – ყველამ ყველაფერი იცის, ყველა რუსული სისტემის მსახურია, ყველა ზუსტად ისე ამართლებს საკუთარ ქცევას, როგორც კონცლაგერების ნაცისტი მსახურები ამართლებდნენ ებრაელი ბავშვების ხოცვას – ‘მე კანონს ვასრულებ’
    • მმართველობის რუსული ფორმა ხდება უფრო შემზღუდავი და უფრო სასტიკი – სულ უფრო მეტი რამ იკრძალება და ჯარიმების ოდენობა სულ უფრო იზრდება
    • რუსებმა ქვეყანა ჩააბარეს უტვინო, გაუნათლებელ, უნიჭო და უსინდისო ნაბიჭვრების ხროვას, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის გადარჩენისთვის ხელს აწერენ და მიდიან ყველაფერზე
    • ამ ყველაფერთან შეგუება ამორალური და საშიშია
    • ამის შეცვლა მარტო შენ შეგიძლია, სხვა არავინაა დღეს და აქ

    თუ გავიწყდება ეს ყველაფერი

    • შეხვდი ნაწამებ ადამიანებს და მოაყოლე მათი ისტორიები
    • დაესწარი სასამართლო სხდომებს და პირადად ნახე, რა ხდება სასამართლოში
    • ნახე დაჭერილი ადამიანების მშობლები, როგორ არიან, როგორ აგრძელებენ ცხოვრებას
    • მობილურში, კომპში, სოც ქსელებში დაიყენე რაღაცები, რაც მუდმივად შეგახსენებს, რა გარემოში ცხოვრობ და საით მიგათრევენ დღევანდელი ორჯონიკიძეები

    არ გაექცე რეალობას და არ ჩაიკეტო საკუთარ ნაჭუჭში, ვერ გიშველის, ვერ დაიმალები.

    რეალობისგან ახლა გაქცევა ნიშნავს მერე ქვეყნიდან გაცევას ან მონობასთან შეგუებას.

    რუსთაველზე გასვლა როცა შეგიძლია, რამდენი ხნითაც შეგიძლია, არის დღეს მინიმუმის მინიმუმი.

    აცხადებს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

  • რეალობისგან ახლა გაქცევა ნიშნავს მერე ქვეყნიდან გაქცევას ან მონობასთან შეგუებას – ყაველაშვილი

    აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ინაუგურაციას ვულოცავ. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას შევძლებთ. წარმატებებს ვუსურვებ პრეზიდენტ ტრამპს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში, გაცხადებული ღირებულებების დაცვასა და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში.

    წერს Facebook-ზე ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი.

  • პუტინს კარგად არ აქვს საქმე, თითქმის მილიონი რუსი სამხედროა მოკლული.. ქვეყანა ასეთი გზით არ იმართება – ტრამპი

    პუტინს კარგად არ აქვს საქმე, თითქმის მილიონი რუსი სამხედროა მოკლული.. ქვეყანა ასეთი გზით არ იმართება – ტრამპი

    პრეზიდენტ პუტინს უნდა დაველაპარაკო, გავიგებთ. გულანთებული ვერ იქნება, კარგად არ აქვს საქმე. ის ნელა და დამღლელად ომობს, მაგრამ ადამიანებს მეტწილად ეგონათ, რომ ომი ერთ კვირაში დამთავრდებოდა და ახლა მესამე წელია. შეუძლებელია, აღფრთოვანებული იყოს, ეს მას კარგად არ წარმოაჩენს. ბოლოს და ბოლოს, ეს დიდი მანქანაა და რაღაცები მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, ის უკეთ იქნება, თუ ამ ომს დაამთავრებს.

    ჩვენი რიცხვებით, თითქმის მილიონი რუსი ჯარისკაცია მოკლული, დაახლოებით 700 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. რუსეთი უფრო დიდია, მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ქვეყანა ასეთი გზით არ იმართება.

    ასე უპასუხა აშშ-ს 45-ე და 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რამდენი ხანი დასჭირდება უკრაინაში ომის დამთავრებას.

  • აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის ღია ვართ – პუტინი

    აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის ღია ვართ – პუტინი

    „გვესმის მისი განცხადება იმის შესახებ, რომ საჭიროა მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების მიზნით ყველაფერი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, მსგავს დამოკიდებულებას მივესალმებით და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის დაკავებას ვულოცავთ. […] აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისთვის ღია ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაა, რის შესახებაც აქამდე არაერთხელ გვითქვამს“

    განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე  რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

  • “ქართველების წინააღმდეგობა ტირანიისადმი შთამბეჭდავია… ის შთააგონებს ხანგრძლივი ბრძოლისთვის თავისუფლებისთვის” – ფრიდი

    “ქართველების წინააღმდეგობა ტირანიისადმი შთამბეჭდავია და, თუ ისტორიით ვიმსჯელებთ, ის შთააგონებს ქართველებს ხანგრძლივი ბრძოლისთვის მათი და ჩვენი თავისუფლებისთვის”.

    აცხადებს ამის შესახებ, ამერიკელი დიპლომატისა და ატლანტიკური საბჭოს მკვლევრის დენიელ ფრიდი X-ზე.

  • “ტყუილია, რომ ჩემს მოვალეობას არ ვასრულებ” – იოსელიანი

    “ეს ბრალდება არ არის, ეს არის მოგონილი ტყუილი, რომ არ შევაფასე, რომ ამ ადამიანებს ყურადღებას არ ვაქცევ, რომ ჩემს ფუნქციას არ ვასრულებ. ამაზე ბევრი განმარტება გავაკეთე”,

    აცხადებს ამის შესახებ,  სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

  • თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება – ცესკო

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.

    “მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი).

    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს:

    ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

    ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

    ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

    ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.

    პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

    განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

    ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

    დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.