Category: ახალი ამბები

  • ცესკოს წევრებს იარაღის ტარების უფლება ექნებათ – კანონპროექტი

    ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ. ეს ცვლილებები “იარაღის შესახებ” კანონში არის დაგეგმილი.

    პროექტის ავტორები არიან – გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

    • “იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება ცესკოს იმ წევრს, რომელიც თავის უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდა უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრისა, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით” – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

    ამავე ცვლილების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება ცესკოს იმ წევრს, რომელიც თავის უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდა უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრისა, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით.

     

  • მზია ამაღლობელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, როდესაც ტელევიზიით ვნახეთ უსასტიკესი ძალადობა ადამიანებზე ნიღბიანების მიერ და არავინ დაუკავებიათ – ჰერჩინსკი

    მზია ამაღლობელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, როდესაც ტელევიზიით ვნახეთ უსასტიკესი ძალადობა ადამიანებზე ნიღბიანების მიერ და არავინ დაუკავებიათ – ჰერჩინსკი

    “მე შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით, რომელიც უკვე 16 დღე გრძელდება. ის წინასწარ პატიმრობაშია. საშუალო ასაკის ქალს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, როდესაც ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ უსასტიკესი ძალადობა ადამიანებზე, ნიღბიანების მიერ, და არავინ იქნა დაკავებული. ეს არის უპრეცედენტო რამ. სწორედ ამიტომ, სანქციების შესახებ მსჯელობა ევროკავშირში კვლავაც გაგრძელდება. სამწუხაროდ ჯერ ერთსულოვნება არ გვაქვს, რადგან არსებობს ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ სანქციებს შეუერთდნენ. თუმცა, გამომდინარე ევროკავშირის ლიდერების მონდომებიდან, ჩვენ ამაზე მუშაობას დავუბრუნდებით და მივაღწევთ ერთსულოვნებას, რომელიც სანქციების დასაწესებლად არის საჭირო.”

    განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.  

  • მზია ამაღლობელი დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა.ახლავე უნდა გაათავისუფლონ – კონგრესმენი კოენი

    “როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის, მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი”

    წერს დემოკრატი ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი X-ზე.

  • აგენტების კანონის პასუხად დიპ. პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერება უცნაურია..დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ! – ზურაბიშვილი

    აგენტების კანონის პასუხად დიპ. პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერება უცნაურია..დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ! – ზურაბიშვილი

    ევროკავშირის გადაწყვეტილება, უცხო ქვეყნის აგენტების კანონის საპასუხოდ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის, გარკვეულწილად უცნაურად ჩანს. საქართველომ მას შემდეგ უარესი გადაიტანა: წართმეული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასშტაბური აქციები, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ!

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

  • “აჭარის ტერიტორიაზე, 3 წერტილში, საეჭვო დაზიანება დაფიქსირდა” – “მაგთი” გუშინდელ ხარვეზზე

    “აჭარის ტერიტორიაზე, 3 წერტილში, საეჭვო დაზიანება დაფიქსირდა” – ნათქვამია მაგთიკომის განცხადებაში.

    გუშინ, 27 იანვარს, მაგთიკომის აბონენტებს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისები არ მიეწოდებოდათ.

    “გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა.

    რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება (გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე).

    მაგთიკომის ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება.

    ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს ნიკოლოზ ბერიანიძეს ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

    უკრაინის მხარეს მებრძოლ, საქართველოს მოქალაქეს, ნიკოლოზ ბერიანიძეს ოკუპირებული დონეცკის “სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ქართველ მებრძოლს “დაქირავებულ მებრძოლობასა” და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე თავდასხმაში სდებენ ბრალს.

    ე.წ. დნრ-ის პროკურატურის თანახმად, ბერიანიძის დატყვევება ქალაქ მარიუპოლში, 2022 წელს მოხდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ბერიანიძე წარსულში საქართველოს არმიაში მსახურობდა და, სავარაუდოდ, ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში იღებდა მონაწილეობას.

    “სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წელს ჩავიდა კიევში, სადაც შეუერთდა უკრაინულ ნაციონალისტური ბატალიონის „აზოვის“ რიგებს. იგი დათანხმდა მონაწილეობა მიეღო როგორც დაქირავებულს, დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკების”  წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ბატალიონში ქართველი სამხედრო ინსტრუქტორად მსახურობდა.

    ბერიანიძე 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისამდე მსახურობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უსაფრთხოების ნაწილებში ქალაქ მარიუპოლში. 2022 წლის 18 მარტს დაქირავებულმა სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლი გაუხსნა რუსი სამხედროების ჯგუფს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. შემდგომში ქართველი რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა დააკავეს.” წერს რუსული მედია. 

  • მზია ამაღლობელი თავს გრძნობს ნორმალურად – ლევან იოსელიანი

    “ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად” – განაცხადა ამის შესახებ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელზე მზია ამაღლობელზე საუბრისას.

    “მე როდესაც მას შევხვდი, მისი პოზიცია იყო, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღესაც იგივე პოზიციაზე რჩება.[..]ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. ჩვენ მიერ მისი დაკავებიდან დღემდე ქალბატონი მზია მონახულებული იქნა შვიდჯერ, მათ შორის ჩემ მიერ პირადადაც იქნა მონახულებული. ჩვენ ვიცით მისი განთავსების პირობები, მე უშუალოდ ვიყავი მასთან საკანში. ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

    რაც შეეხება ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, ამასთან დაკავშირებითა ქალბატონ მზას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი. უტარდება კვლევები. ექიმი დღეში სამჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად, იღებენ ინფორმაციას. ასევე, ჩვენმა წარმომადგენელმა ნახა ყველა დოკუმენტაცია, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით ამ პერიოდში იქნა შედგენილი და ეს ინფორმაცია ჩვენ მიერაც არის გამოთხოვილი და იმედია, ამ დღეებში მოგვაწვდიან. გარდა ამისა, ის ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულების ექიმს და მისგანაც მიიღო დამატებით ინფორმაცია.[…]არსებობს სხვა საკითხები, რომლებიც უშუალოდ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, რომელიც პერსონალური ინფორმაციაა და ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რასთან დაკავშირებითაც მეტი ყურადღებაა საჭირო შიმშილობის პერიოდში და ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მეთვალყურეობას. ამ საკითხზე უფრო აქცენტირებული ვიქნებით რომ არც ჩვენ და არც პენიტენციურ დაწესებულებას არ გამოეპაროს რამე, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას” – თქვა იოსელიანმა.

  • ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

    ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს გააფორმეს. შეზღუდვა. 

    დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების თაობაზე, რამაც საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირში მოგზაურობისას ვიზაზე განაცხადის გაკეთების საჭიროება შეიძლება გამოიწვიოს.

    „ძირითადი უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებია. იმ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ამ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ“ – ტომაშ სიმონიაკი, პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრი.

    ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელმაც სავიზო მოთხოვნები აღადგინა, საქართველოს დიპლომატები და ოფიციალური პირები ასევე აღარ ისარგებლებენ ისეთი შეღავათებით, როგორიცაა: შემცირებული ვადა განაცხადის შესატანად, დაბალი სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები დამატებითი დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობა.

    • დემოკრატიული უკუსვლა და რეპრესიები

    ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მიერ გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღების საპასუხოდ. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ძირითად უფლებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ასევე ზრდის სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას.

    საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც დაიდო გამარტივების შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს.

    ეს ასევე არის რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ განაგრძობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესს.

    • პირები, ვისაც შეზღუდვები ეხება

    სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხება:

    საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ;
    საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს;
    დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
    საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, კვლავ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.

    • საკითხის ისტორია

    ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმება 2011 წლის 1 მარტს შევიდა ძალაში. იგი ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებას ევროკავშირში ყოფნისთვის არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

    შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ მხარეს „სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ეს შეთანხმება საზოგადოებრივი წესრიგის, ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით“.

    2017 წლის 1 მარტს საბჭომ და ევროპარლამენტმა მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მოგზაურობისას უვიზო რეჟიმი დაწესდა.

    • შემდეგი ნაბიჯები

    შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ – და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ – ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ ინდივიდუალურად დააწესონ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის.

  • დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი! – 300-ზე მეტი ჟურნალისტის განცხადება

    მედიის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. განცხადებას, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია მეცხვარიშვილმა წაიკითხა, ხელს ამ დროისთვის 311 ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი აწერს.

    “ონლაინ გამოცემების – ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში. მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.

    12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა – მზია ამაღლობელი, თითოეულ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე. ქართული ოცნების მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო.

    გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.

    2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეები. 2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი.

    ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის “ბრალდებით” დააპატიმრეს აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორ ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსში და მეზობელ აზერბაიჯანში.

    მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჟურნალისტების მასობრივად დევნის აქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში”- აცხადებენ მედიის წარმომადგენლები.

     

  • ”ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს” -კობახიძე დიპლომატიური ვიზების შეჩერებაზე

    ”ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს” -კობახიძე დიპლომატიური ვიზების შეჩერებაზე

    ეს არის, რაღაც სამწუხარო მოვლენების გაგრძელება – საუბარია მუდმივად შანტაჟზე ჩვენი ქვეყნის წინაშე.

    ეს შანტაჟი არ იყო ეფექტიანი გასული 4 წლის განმავლობაში და ვერ იქნება ეფექტიანი ვერც ახლა – ეს არის ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით.

    თავისთავად, ასეთი დისკუსიები წარმოაჩენს იმ პრობლემებს რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი.

    ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას.

    […] რეალურად ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, მე ასე შევაფასებდი, თუმცა ამაში მე ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ.

    მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, სიმბოლური საკითხია ეს ყველაფერი.

    ჩვენთვის მთავარია ქვეყანაში მშვიდობას არ შეექმნას საფრთხე და ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე.

    რაც შეეხება იმას, ვინმე ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში თუ არ მოითხოვს, ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი

    შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ ევროკავშირში და შეგვიძლია გავემგზავროთ უვიზოდაც – ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

    ერთადერთი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ ქვეყანას უნდა შევუნარჩუნოთ მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები.

    თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.