Category: ახალი ამბები

  • ერთპარტიულმა პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების კანონსა და ადმინისტრაციულ კოდექსში რეპრესიული ცვლილებები მიიღო

    “ქართულმა ოცნებამ” ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები სამივე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით,  ორი პლენარული სხდომის განმავლობაში განიხილეს და დაამტკიცეს.

    მიღებული კანონი ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად მიხეილ ყაველაშვილს გადაეგზავნება. გამოქვეყნების შემდეგ კანონი ძალაში შევა.

    სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება განისაზღვრება და სპონტანური შეკრების დროს თვითმმართველი ორგანოს წერილობითი გაფრთხილება სავალდებულო ხდება.

    შეკრებისა და მანიფესტაციის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით იცვლება აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები განახორციელოს.

    რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის საკითხები.

    იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ასევე, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.

    15 – დღიდან 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა.

    წვრილმანი ხულიგნობა, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა – გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას, ნაცვლად 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმისა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3 000 ლარამდე ან 20 დღემდე პატიმრობას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმისა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობას.

    ვანდალიზმის განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 2 000 ლარი ჯარიმისა ან 5 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას ისევ 2 000 ლარის ოდენობით ან 20 დღემდე პატიმრობას.

    ცვლილების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა), – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

    გარდა ამისა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

    “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ასეთი ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

    ამავე პროექტით, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

    პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფაზე ასე გათვალისწინებულია იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, 3 წლამდე ვადით.

  • უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე ავრცელებს.

    „ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, – წერს  ნადირაძე სოციალურ ქსელში.

     

  • უკრაინამ ფრანგულ ავიაგამანადგურებლებთან ერთად, ნიდერლანდებისგან F-16-ებიც მიიღო

    უკრაინამ დღეს, ფრანგულ ავიაგამანადგურებლებთან ერთად, ნიდერლანდებისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიც მიიღო. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი  რუსემ უმეროვი ავრცელებს და აცხადებს, რომ თვითმფრინავები მალე შეასრულებენ საბრძოლო მისიებს.

    “ეს თვითმფრინავები, ფრანგულ Mirage-ის გამანადგურებლებთან ერთად, მალე საბრძოლო მისიებს შეასრულებენ და ჩვენს თავდაცვას გააძლიერებენ” – დაწერა უმეროვმა Facebook-ზე.

    უმეროვის თქმით, ნიდერლანდები უკრაინელი პილოტების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადებას გააგრძელებს.

    პირველი ავიაგამანადგურებლები უკრაინას 2024 წლის აგვისტოში მიეწოდა.

    ამასთანავე, ცოტა ხნის წინ უკრაინამ საფრანგეთისგან Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია  მიიღო.  

    „ახლა ის უკრაინის სადარაჯოზე დადგება უკრაინელ მფრინავებთან ერთად“ – აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნიუ.

    უკრაინელი მფრინავებმა, რამდენიმეთვიანი წვრთნა,  საფრანგეთში გაიარეს.

    უკრაინისთვის განკუთვნილი Mirage-ები თანამედროვე ტექნიკით არიან აღჭურვილი: „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებითა და რადიოელექტრონული დაცვის სისტემით.Mirage-ი ფრანგული ერთძრავიანი რეაქტიული, მრავალმხრივი გამოყენების მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებელია, რომელსაც აწარმოებს კომპანია Dassault-ი. განახლებულ ვერსიას, Mirage 2000 – 5F-ს, რომელიც უკრაინამ მიიღო, შეუძლია ატაროს და ფრთოსანი რაკეტები – SCALP-EG და Storm Shadow.

    2024 წლის 6 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას Mirage 2000-ებს მიაწოდებდა.

     

  • თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? – შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია! – ოქრიაშვილი

    თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? – შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია! – ოქრიაშვილი

    “ოცნებას”: თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? – შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!

    გუშინ დასრულდა ჩემი 21-წლიანი დეპუტატობა. პარლამენტში პირველად 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამირჩიეს, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი. ასეთივე დამოუკიდებელი დავრჩი ბოლომდე და ვარ ახლაც.

    სხვადასხვა წლებში ვთანამშრომლობდი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთაან, რომელთა მიმართაც მქონდა აზრთა ყველაზე დიდი თანხვედრა იმ პერიოდში. შეიძლება ამიტომაც ბევრს არ ვუყვარდი, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არც „ქართულ ოცნებაში“, რაც დიდად არ მადარდებდა და არც მადარდებს.

    ახლა აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო დე-ფაქტო ხელისუფლების ბოლოდროინდელ მოქმედებებს – ისინი ქაოტურ მოძრაობებს აკეთებენ, რაღაცას მიედ-მოედებიან. ამბობენ, ამერიკული „ფარას“ მსგავსი აქტი უნდა მივიღოთო და საინტერესოა, ე.წ. რუსულ კანონს უნდა დაამატონ, თუ მის ნაცვლად გადმოიტანონ. საქართველო ჩემი სამშობლოა და ყველა ქვეყანაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ვართ ამერიკა? მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა და ჯარი გვყავს, ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ვართ, ამერიკულ კანონის რომ ვიღებთ?! აი, ამ ამერიკას ჩინეთიდან დაწყებული, რუსეთით დასრულებული, ყველა ანგარიშს უწევს, შეურაცხყოფას არავინ აყენებს, ცდილობს, არ დაუპირისპირდეს და თქვენ კი, კონგრესმენებს და სენატორებს „ჩათლ… ბს“, იაფფასიანებს ეძახით?! ცნობილი კლასიკოსის სიტყვებია, გადაწყვეტილების მიღება და ნაბიჯების გადადგმა შედეგების გათვალისწინების გარეშე, შიზოფრენიის პირველი სიმპტომია. ჰოდა, მეგობრებო, კოლექტიური შიზოფრენია ხომ არ გჭირთ?! კარგი, დავუშვათ თქვენ გჭირთ და საქართველოს რას ერჩით – თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა?

    მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას – დაიწყოს მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის, რომ იქნებ, დარჩნენ პოლიტიკურ სივრცეში და ისე არ გაქრნენ, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“. რაც ცუდი და პრობლემატური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ასეთივე და უარესია ახლაც – არც მაშინ იყო და არც ახლაა კონკურენცია და ბალანსი პოლიტიკურ ველზე. კონკურენციის გარეშე კი არ არსებობს განვითარება.

    ზუსტადაც, არ ყოფილა პოლიტიკური კონკურენცია 2004-დან 2012 წლამდე, რადგან ხელისუფლება მოვიდა რევოლუციურ ტალღაზე და იგივე მოხდა 2012 წელსაც, რადგან „ოცნებაც“ მოვიდა თითქმის რევოლუციურ ტალღაზე. ახლა “ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა შეზღუდოს, დააჩაჩანაკოს, ციხე-ციხე ათრიოს, ფინანსურად გაანადგუროს პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური მედია და საერთოდ, ყველაფერი ოპოზიციური, მათ შორის, უბრალოდ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები.

    მე უწყვეტი ურთიერთობა მაქვს ჩვენს მოქალაქეებთან და ზუსტად ვიცი, რა განწყობებია ქვეყანაში, განსაკუთრებით დედაქალაქში – ის ხალხიც კი, ვისაც თავში აზრად არასდროს მოსვლია გინება, დღეს “ოცნებას” ღიად აგინებს. ასე რომ, შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!”

    აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, კახა ოქრიაშვილი.

  • შეეშვას სახელმწიფოს შანტაჟს – ზარქუა მზია ამაღლობელზე, რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს

    რაც შეეხება ქალბატონ ამაღლობელს – სახელმწიფოს უფლებამოსილებაა, რომ ხარისხიანი სერვისი მიაწოდოს, სამედიცინო სერვისი, მათ შორის, ბრალდებულს. დანარჩენი, იშიმშილებს თუ არა, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში ვეუბნებოდით, რომ მისი მოვალეობაა, მისი ფუნქციაა, მისი გადაწყვეტილებაა, როგორ გააპროტესტებს, მაგრამ სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ მას შეუქმნას ის პირობები, როგორც დანარჩენ მსჯავრდებულებს, ეს არის ხარისხიანი სამედიცინო სერვისი, თუ დასჭირდებათ და ამას ასრულებს სახელმწიფო და დანარჩენი, მისი არჩევანია.სააკაშვილსაც ვეუბნებოდით, რომ შეეშვას შანტაჟს თავისი ახლობლების, მეგობრების და სახელმწიფოს. თავიდან ვერ გაიაზრა, ვერ გააცნობიერა, მაგრამ შემდეგ უკვე მოვიდა და აგერ, მშვენივრად გამოიყურება, ერთვება კიდევაც და ამბებშია. როგორც სააკაშვილს არ გაუვიდა ეს შანტაჟი, არავის არ გაუვა სახელმწიფოსთან შანტაჟი. ჩვენი მოვალეობა კარგად ვიცით, ხოლო მათი არჩევანიც, ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ყველას თავისი არჩევანი აქვს.

    თქვა ირაკლი ზარქუამ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელზე მზია ამაღლობელზე საუბრისას, რომელიც უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.

  • არანაირი რეპრესიები არ არსებობს..ვისაც პროტესტი აქვს, გამოხატვა უპრობლემოდ შეუძლია – კალაძე

    პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არანაირი რეპრესიები არ არსებობს. ეს არის მოგონილი სიცრუე. იგივე ხდებოდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც, რომელიც ოპონენტებმა შეფუთეს, როგორც „რუსული კანონი“ […] ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თავისი მოსაზრება გამოხატოს, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ოპონენტები აკეთებენ. ეს არ გამოვა. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე […]

    ვისაც პროტესტი აქვს, მისი გამოხატვა უპრობლემოდ შეუძლია. ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება, ეს ნორმალურია და განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს, თუმცა, ძალადობრივი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია […] არ დავუშვებთ, რომ რამდენიმე კაცის მიერ მოძრაობის შეზღუდვა მოხდეს, რომ მათ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდნინო და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან.

    განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ

  • საგანგაშო მდგომარეობაა, სულ შეიძლება, გართულება იყოს – ჩხაიძე ამაღლობელზე

    ”საგანგაშო მდგომარეობაა, სულ შეიძლება, გართულება იყოს”.- აცხადებს ამის შესახებ, ვივამედის კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.

    “დღეს მოვინახულე მზია ამაღლობელი, მხნედ არის. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების ჩატარება და ამ კვლევების შედეგად, ექიმების მიერ კონსულტირება. რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მას დანიშნულება მიცემული აქვს, რაც სრულდება, თანხმობას აცხადებს […]კვლევები ძირითადად უკავშირდება შიმშილობის ეფექტს, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება, რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც, რომ კვლევები კიდევ გაგრძელდეს და კონტროლის ქვეშ იყოს. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი ორგანიზმზე თავის ზეგავლენას ახდენს”. – თქვა ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

    ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი რომელიც 26-ე დღეა,  შიმშილობს  საჭირო კვლევებისთვის საპატიმროდან კლინიკა ვივამედში 4 თებერვალს გადაიყვანეს.

  • ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკეს – მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია

    ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკეს – მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია.

    “დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული კ.ი., 1986 წელს დაბადებული ჯ.ნ., 1991 წელს დაბადებული რ.ა., 1997 წელს დაბადებული ე.მ., 1988 წელს დაბადებული პ.მ., 1985 წელს დაბადებული გ.ს., 2001 წელს დაბადებული კ.კ., 2004 წელს დაბადებული ს.ჩ., 1976 წელს დაბადებული მ.ბ., 2002 წელს დაბადებული ს.რ., 1989 წელს დაბადებული ი.კ., 1987 წელს დაბადებული გ.ა., 1991 წელს დაბადებული მ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ჩ., 1993 წელს დაბადებული რ.ჯ., 1982 წელს დაბადებული რ.ბ.,1999 წელს დაბადებული დ.კ., 1992 წელს დაბადებული გ.მ., 1984 წელს დაბადებული ლ.ა.:

    დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2003 წელს დაბადებული ვ.კ., 1996 წელს დაბადებული ტ.ს., 1998 წელს დაბადებული დ.კ.

    დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

    პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები” – წერს უწყება.

  • გამთენიისას თსუ-ს სტუდენტები დააკავეს

    დღეს გამთენიისას, თსუ-ს სამი სტუდენტი, აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე დააკავეს. როგორც ცნობილია, მათ ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

    დაკავებულებს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი მოინახულებს.

    სტუდენტები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო სტენსილის წერისას დააკავეს.

  • გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა რუსთავის ციხე დატოვეს

    გასულ ღამეს,  თბილისი მოლთან აქციაზე დაკავებულმა გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა რუსთავის ციხე დატოვეს.

    გუშინვე, ოლიგარქის სასამართლომ Tbilisi Mall-თან სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

    ბრალდებულების ნაწილის შემთხვევაში გირაო 5 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ნაწილის შემთხვევაში 3 500 ლარი.

    აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა.

    სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დააკავეს: ირაკლი წიგნაძე, გიგი უგულავა, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი. მათ ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.