Category: ახალი ამბები

  • საფრანგეთის საელჩო საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

    პოლონეთის შემდეგ, საფრანგეთის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს, სადაც საფრანგეთის მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოში მოგზაურობამდე შეისწავლონ ის ფაქტორები, რომლებიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკის ქვეშ აყენებს, “მათ შორის საქართველოში გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში აქტივობა”.

    “28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველდღიურად დემონსტრაციები იმართება, ზოგჯერ მასშტაბურიც. ეს დემონსტრაციები ხშირად იწვევს პოლიციის მხრიდან დაპატიმრებებსა და დაშლას, განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ამ ღონისძიებებში მონაწილეობა შეიძლება დაისაჯოს მაღალი ჯარიმებით (თითო ჯარიმაზე 5000 ლარი ანუ 1600 ევროზე მეტი, რაც შეიძლება გაერთიანდეს რამდენიმე ჯარიმის შემთხვევაში). საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ შეკრებებში მონაწილეობისგან.

    შეგახსენებთ, რომ პოლიციის მიერ შემოწმების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს საკუთარი ვინაობის დამტკიცება. საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე შეიძლება უარი ეთქვათ იმ პირებსაც კი, რომლებსაც აქვთ საქართველოში ბინადრობის ნებართვა.

    მოგზაურებს მოვუწოდებთ, მოგზაურობამდე შეისწავლონ ის ფაქტორები, რომლებიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკის ქვეშ აყენებს, მათ შორის საქართველოში გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში აქტივობა.

    საქართველოში შესვლა შესაძლოა დამოკიდებული იყოს ასეთ დემონსტრაციებში სავარაუდო მონაწილეობისთვის დიდი ჯარიმების დაუყოვნებლივი გადახდაზე”. – ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია” – აირზენა ბაჩიაშვილის ბრალდებაზე

    “მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია” – ასე ეხმაურება, ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის საზღვარგარეთ გაიტაცეს და აირზენას თვითმფრინავით თბილისში ჩამოიყვანეს. ამის შესახებ, მათ “ფორმულას”განუცხადეს.

    “ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.

    გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია”, – აცხადებენ კომპანიაში.

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციაზე – პაპუაშვილი

    უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციაზე – პაპუაშვილი

    “ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციაზე. სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამ მხრივ ძალიან მკაფიო პოლიტიკას ატარებს, როდესაც მათ შორის, ვიზას უჩერებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ვიზის დანიშნულებით იმყოფებოდნენ აშშ-ში, დაკავებულები არიან სხვადასხვა მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტით…

    როდესაც პოლონეთის მოქალაქე დაინახავს, რომ პოლონეთის ელჩი ერევა შიდა საკითხებში, როდესაც ესტონეთის მოქალაქე დაინახავს, რომ ესტონეთის ელჩი ერევა შიდა საკითხებში, იმასაც ჰგონია, რომ ეს თავისთავადია, ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და თავს მოახვიო საზოგადოებას შენი პოლიტიკური მოსაზრებები”

    არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლონეთის საელჩოს განცხადებას ეხმაურება.

  • გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, 2 დღე თვალახვეული მატარეს – შემდეგ “აირზენას” თვითმფრინავში ჩამსვეს – ბაჩიაშვილი

    ” შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ აირზენას თვითმფრინავში ჩამსვეს და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.” –  თბილისის საქალაქო სასამართლოში “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო.

     

    “არანაირად არ ვარ დამნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიკაცია. დღეს ვარ ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი. დღეს მინდა ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ – რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ აირზენას თვითმფრინავში ჩამსვეს და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.

    საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს სხვადასხვანაირი გართულებებით, თუმცა ამ შემთხვევაში, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელი საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს ნამდვილად აჯობა თავის თავს. წარმოდგენა არ მაქვს, რა ტყუილები უთხრეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ჩემს მიმართ ასეთი მოქმედება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეგიყვანეს და გამოძალვის სპეცოპერაციამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ რომ ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად საქართველოს წარმომადგენლებმა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში.

    გთხოვთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. ყველა დეტალს გამოძიებას შევატყობინებ, იმიტომ არა, რომ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ რომ საზოგადოებას დავანახოთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ… წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ, ყველას გასაგონად ვამბობ”, – თქვა ბაჩიაშვილმა.

  • ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად მომწიფდა – რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გააქტიურების ტენდენცია გააჩნია”- კარასინი

    “დიპლომატიურ ურთიერთობებს სიამოვნებით აღვადგენთ. ამჟამად, ისტორიული მიზეზების გამო, ჩვენ გვაქვს შვეიცარიის საელჩოს ფილიალი თბილისში, რომელიც ჩვენი დიპლომატებისგან შედგება. მას ზუსტად ასე ჰქვია, ისევე როგორც შვეიცარიის საელჩოს ცალკეული ფილიალი მოსკოვში, რომელიც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს. და იქ ქართველი დიპლომატები მუშაობენ. ანუ, ურთიერთობებს ზოგადად გააქტიურების ტენდენცია აქვს.

    მიგვაჩნია, რომ ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად მომწიფდა. საქართველო სავსეა პასუხისმგებლობიანი მიდგომებით. მას აღარ სურს სხვისი ინტერესებისთვის ბრძოლა. ეს რუსეთის საზოგადოებრივ აზრს იზიდავს. თანდათან უმჯობესდება ტურიზმი, და ქართველი ტურისტები ჩვენთან ჩამოდიან”,

    აცხადებს, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი.

  • ევროპული ერი ვართ..არ გავცვლით იდენტობას პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე – კობახიძე

    ევროპული ერი ვართ..არ გავცვლით იდენტობას პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე – კობახიძე

    ჩვენ ვართ ევროპული ერი – ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტსა და დემოკრატიაზე – იყო პრო-ევროპული არ ნიშნავს, იყო ანტი-ქართული.

    ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის, თავისი ძლიერი იდენტობით და ჩვენ სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით, უნგრეთშიც და მის მიღმაც – ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა.

    ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებას და სუვერენიტეტს – ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე.

    თქვა ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში

  • “საქართველოში შესვლაზე უარის მრავალი ფაქტია – გაითვალისწინეთ..”-პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს

    პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს, ვისაც საქართველოში გამგზავრება სურს, აფრთხილებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

    “უცხოელებისთვის საქართველოში შესვლაზე, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, [საქართველში გამგზავრებამდე] გაითვალისწინოთ, თქვენს შემთხვევაში არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც ზრდის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს უცხოელის შემოსვლასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები და შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება ეხებოდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებსაც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის – თუნდაც სავარაუდო [მონაწილეობისთვის] – უცხოელები შეიძლება დაჯარიმდნენ მაღალი ჯარიმებით, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს”, – წერია განცხადებაში.

  • ალექსანდრე მუხაძეს, იგივე ქილერას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – პროკურატურა

    პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, მეტსახელად ქილერას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაუპატიურებით დაემუქრნენ. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

    სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას აყურებინეს და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ასევე, ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

    ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა. ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის საკმარისად ამომწურავი არ აღმოჩნდა, რის გამოც აიძულეს პატიმარი თავის დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს.

    სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, ასევე ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.

    ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.
    ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • ჩვენ დავამტკიცეთ შავი ზღვის ახალი სტრატეგია, EU-სთვის უდიდესი მნიშვნელობის რეგიონისთვის – კალასი

    ჩვენ დავამტკიცეთ შავი ზღვის ახალი სტრატეგია, EU-სთვის უდიდესი მნიშვნელობის რეგიონისთვის – კალასი

    დღეს ჩვენ დავამტკიცეთ შავი ზღვის ახალი სტრატეგია, ევროკავშირისთვის უდიდესი მნიშვნელობის რეგიონისთვის.

    ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას უსაფრთხოების საკითხებზე შემდეგი მიმართულებით:
    საზღვაო უსაფრთხოების ახალი ცენტრი;
    სამხედრო მობილობის გაუმჯობესება;
    ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერება”

    ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი 

  • გვეუბნება, ჩემი ფულის პრობლემის გამო არ შევხვდები ამერიკის ელჩს და არ მოვაგვარებ კრიზისს – ბოკერია ივანიშვილზე

    გვეუბნება, ჩემი ფულის პრობლემის გამო არ შევხვდები ამერიკის ელჩს და არ მოვაგვარებ კრიზისს – ბოკერია ივანიშვილზე

    „ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილისგან მორიგი უტიფარი აღიარება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის. კაცი გვეუბნება, რომ ჩემი ფულის პრობლემის გამო არ შევხვდები ამერიკის ელჩს და არ მოვაგვარებ კრიზისს, რომელიც შექმნილია ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებშიო, რასაც თავად იძახის და ორივე ქვეყნისთვის კარგი შედეგი რომც დგებოდეს, მაინც კომპლექსი მექნებოდაო – და ნუ ექნება მერე კომპლექსი.

    ქვეყნის ლიდერს, ამის ამბიცია ვისაც აქვს, საკუთარი ფულის პრობლემის გვერდით გადადება არ უნდა შეეძლოს, თუ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე?! თან ამ ყველაფერს კეთილშობილებად გვასაღებს, ეს თავხედი. თვითონვე აღიარებს, რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ მე არ შეგხვდებით, ჩემს პოლიტიკურ არარაობას შეხვდითო.

    და რაც მთავარია, ეს არ შეხვედრა ხომ ის განაცხადია, რომ სანამ ჩემი ფულის პრობლემა არ მოგვარდება, მანამდე გექნებათ ჩემთან პრობლემაო. რა თქმა უნდა, სიმართლე სხვა რამეშია, მთელი ეს კრიზისი ივანიშვილის შექმნილია და არანაირი ილუზია მე არ მაქვს და არავის უნდა ჰქონდეს, რომ ივანიშვილის პირობებში ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შესაძლებელია, სანამ მას ძალაუფლება აქვს, ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას”,

    განაცხადა პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.