Category: ახალი ამბები

  • ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა – ლევან სანიკიძე

    “ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

    „ლელო“ და გახარია ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ შევიდოდნენ, ხშირად ჩვენზე უფრო მძიმე რიტორიკა ჰქონდათ „ლელოს“ წარმომადგენლებს, ამბობდნენ, რომ ეს ბრძოლის ღალატი იქნებოდა, ასევე ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში დარჩა პუტინის თამაშს თამაშობს, თუმცა ყველაფერი გადათქვეს. ამბობდნენ, რომ ლეღვის ფოთოლი იქნებოდა, ვინ ამ პირობით შევა [არჩევნებში]. რას ამბობდნენ და რას არ ამბობდნენ, ნეიტრალურ კანდიდატს დააყენებენ თუ პარტიულს, მეასე ხარისხოვანია. რაც შეეხება ალეკოს, მე არ მგონია, რომ ქვეყანაში ვინმე დადიოდეს, არა თუ ალეკო ელისაშვილი, რომელიც იმ საზოგადოებრივ განწყობას შეცვლის, რომელიც პროდასავლურ ამომრჩევლებში არსებობს. როცა 70%-ზე მეტი ამბობს, რომ აპრიორი ეს არჩევნებში რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება, ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამ განწყობას.

    ამ ყველაფერს მე როგორც დოღს – მეორე ადგილისთვის, ისე ვუყურებ. თუ ვინ გავა მეორე ადგილას და ვის ექნება მთავარი ოპოზიციური პარტიის მანტია, როგორც „გორბმა“ დაწერა ეს რიცხვები, ისე დაწერენ საარჩევნოდაც. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პარტიები ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობენ, ჩვენი მხარდაჭერა ექნებათ?

    მე არ მგონია, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიციის ცვლილების რაიმე ობიექტური გარემოება არსებობდეს. უარესი ცესკო, უფრო მეტი პოლიტპატიმარი, საზოგადოებრივი განწყობა უფრო ანტისაარჩევნოა, ამიტომ რა არის მათი მოტივაცია, ალეკო ელისაშვილს ჰკითხეთ, რადგან უფრო და უფრო იშვიათად ისმის მათ რიტორიკაში სიტყვა – “გამარჯვება”. პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ივანიშვილს დამარცხებითა და გამოგლეჯით დაიწყო, ახლა სიტყვა – გამარჯვებას ვერ იყენებს.

    ჩვენ მსჯელობას ვიწყებთ ასე – 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, როგორც ვერ გააკონტროლებენ იმას თუ რას დაწერს „გორბი“, ისე ვერ გააკონტროლებ, რას დაწერს ცესკო და რა რიცხვი მოუნდება ბიძინა ივანიშვილს, რომ შენი პარტიული ნომრის გვერდით გამოსახოს. 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, სიტუაციის ნორმალიზაციაა და ამას საპროტესტო ტალღის გაძლიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პირიქით, ვინც ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას აღიარებს, რომ პროტესტის არ სჯერა.

    შესაბამისად, ჩვენი პოზიცია იყო, არის და იქნება – რასაც პრაგმატული აზროვნება და ქართველი ხალხის ინტერესი გვკარნახობს, ზუსტად იმ ნაბიჯს გადავდგამთ“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

  • სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილესა და კიდევ 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

    სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძესაღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განაცადა, რომ ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების ან მიმალვის საფრთხე არსებობს.

    ხაინდრავა და აღნიშნული კიდევ 2 პირი 27 ივლისს დააკავეს.

    მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა და გაფლანგვაში დახმარება ედებათ.

  • ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს – უილსონი

    „ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს, რომელსაც ახასიათებს, როგორც „ზესახელმწიფოს, რომელსაც უნდა მიბაძო“. “MEGOBARI აქტი” საჭიროა, რათა აშშ-მა შუა დერეფნით ვაჭრობასა და კრიტიკულ მინერალებზე წვდომა შეინარჩუნოს და ქართველებს ძნელად მოპოვებული თავისუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს“,

    ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

  • ტრამპმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, სანქციები მთავარი ელემენტია – ზელენსკი

    ტრამპმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, სანქციები მთავარი ელემენტია – ზელენსკი

    დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ეს სიმართლეა: სწორედ რუსეთი აკეთებს ყველაფერს სამშვიდობო ძალისხმევის ჩასახშობად და ომის გასაჭიანურებლად. ყოველ ღამე ხდება დარტყმები – რუსეთის მუდმივი მცდელობები, ზიანი მიაყენოს უკრაინას. მართლაც, მშვიდობა შესაძლებელია, თუ ჩვენ ძლიერად და გადამწყვეტად ვიმოქმედებთ. არაერთხელ განვაცხადეთ – და ყველა პარტნიორმა იცის ეს – რომ სანქციები მთავარი ელემენტია. რუსეთი მხედველობაში იღებს სანქციებს, ასეთ დანაკარგებს. მშვიდობა სიძლიერის დახმარებით შესაძლებელია.

    უკრაინა, როგორც ყოველთვის, მზადაა ითანამშრომლოს ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპთან, რაც შეიძლება პროდუქტიული გზით, რათა ეს ომი ღირსეულად და ხანგრძლივი მშვიდობით დასრულდეს. მადლობას ვუხდი უკრაინის საგარეო პოლიტიკის გუნდს. ყველას, ვინც ამისთვის – ამერიკასთან ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი ურთიერთობისთვის, მუშაობს“,

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

  • ზვიადს დაუპირისპირდნენ ამერიკულ დიფ სთეითზე დამოკიდებული ელიტები – კონსტანტინე გამსახურდია

    ”1991 წელს საუბარი იყო დინებაზე და რა იყო ეს დინება,  ეს იყო ამერიკული ღრმა სახელმწიფოს დათმობა რუსული ღრმა სახელმწიფოს [დიფ სთეითი]  მიმართ… იგივე ჯორჯ ბუში უფროსი, რომელსაც ეკუთვნის ეს სიტყვები, რომ ზვიად გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავს.

    [დასავლეთმა ზვიად გამსახურდიას] შესთავაზა თანამშრომლობა რუსულ ღრმა სახელმწიფოსთან [დიფ სთეითი] პირდაპირ, რამდენადაც ეს რუსული ღრმა სახელმწიფო [დიფ სთეითი] მიაჩნდათ თავის პარტნიორად, მათი სურვილი იყო, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის შენარჩუნება.

    და ეს გამოიხატებოდა ნოვო-ოგარიოვოს ხელშეკრულებაში, რომელიც მოამზადა გორბაჩოვმა და ყველა იმ ძალებმა, რომლებიც იყვნენ ამ ყველაფრის უკან და სხვათა შორის. პუტჩისტებიც ამ ყველაფრის უკან იდგნენ, ვგულისხმობ აგვისტოს პუტჩის მონაწილეებს. დინების წინააღმდეგ წასვლა ნიშნავდა იმას, რომ ის არ აპირებს ამერიკული ღრმა სახელმწიფოს [დიფ სთეითი]  მითითებით ითანამშრომლოს რუსულ ღრმა სახელმწიფოსთან [დიფ სთეითი].

    ჩვენ შემდგომში გვყავდა ლიდერები, რომლებიც ორივესთან თანამშრომლობდნენ და ორივეს მსახურები იყვნენ.

    [ჟურნალისტი: იყო თუ არა ამერიკული და რუსული დიფ სთეითი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეცვლასთან კავშირში?]

    აბსოლუტურად, პირდაპირ კავშირში იყო, და თუ თქვენ გახსოვთ, ზვიად გამსახურდიას მოგზაურობა ევროპაში, სადაც მან ამხილა ის რაც ხდებოდა საქართველოში და ობიექტური სურათი დახატა, მაშინ მას ვინ დაუპირისპირდა?! დაუპირისპირდა ეს ელიტები, რომლებიც დამოკიდებულები იყვნენ ამერიკულ ღრმა სახელმწიფოზე [დიფ სთეითი].”

    ამის შესახებ განაცხადა,  საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტატინე გამსახურდიამ

  • ტრამპი რუსეთისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადას 10-12 დღემდე ამცირებს

    ტრამპი რუსეთისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადას 10-12 დღემდე ამცირებს

    აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის  რუსეთისთვის უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად მიცემული 50-დღიანი ულტიმატუმის ვადას 10-12 დღემდე ამცირებს. ამის შესახებ მან შოტლანდიაში ვიზიტისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კიტ სტრამერთან გასამართი შეხვედრის წინ თქვა.

    “მე ვაპირებ ახალ ვადა დავაწესო, დღეიდან დაახლოებით 10 ან 12 დღის განმავლობაში. ლოდინის არანაირი მიზეზი არ არსებობს. იყო 50 დღე, მინდოდა გულუხვი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს”, – განაცხადა მან.

    4 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ 50 დღეში [რუსეთსა და უკრაინას შორის] შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთთან მიმართებით] მეორად სანქციებს დააწესებს”.

  • ლიეტუვამ „ოცნების“ მაღალჩინოსნები და მოსამართლეები დაასანქცირა

    ლიეტუვამ ახალი სანქციები დაუწესა საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფს, რომელშიც მოქმედი მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები შედიან. სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ლიეტუვის ტერიტორიაზე შესვლა.

    სიაში მოხვდნენ:

    • ნინო გალუსტაშვილი
    • ჯვებე ნაჭყებია
    • სულხან თამაზაშვილი
    • მარიამ ლაშხი
    • ნინო წილოსანი
    • რაჟდენ კუპრაშვილი
    • ვიქტორ მეტრეველი
    • ირაკლი შვანგირაძე
    • მარი მეშველიანი
    • ნათია თათიაშვილი

    ეს უკვე მეორე სანქცირების ტალღაა. მანამდე ლიეტუვამ 102 ქართველ მოქალაქეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, თეა წულუკიანს, კახა კალაძეს და სხვებს დაუწესა მსგავსი შეზღუდვები.

  • კალაძეს ისევ სურს მერობა, თუმცა სხვა კანდიდატურაც შეიძლება დასახელდეს – მახაშვილი

    „რა თქმა უნდა, მე წინასწარ ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, თუმცა როგორც ვიცი, მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერი კანდიდატის წარდგენას. დავიცვათ პროცედურები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან კანდიდატის წარდგენა ფორმალურად მოხდეს. მგონი, სიურპრიზი არავისთვის არის, რომ არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყო მერობის კანდიდატი. ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც სასურველია დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს. დავუცადოთ სულ რამდენიმე დღე ამ პროცესებს და საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. სანამ ფორმალური პროცედურები არ არის დასრულებული, რა თქმა უნდა, არის იმის შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის კანდიდატი იყოს წარდგენილი, მაგრამ დღევანდელ მერს, კახა კალაძეს აქვს გამოთქმული სურვილი და ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ დავასახელოთ თბილისის მერობის კანდიდატად, ამიტომ დღეს სხვა მოლოდინი არ მაქვს, თუმცა მაინც ფორმალური პროცედურების დასრულებას დაველოდები“,

    ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა.

  • ოცნების წევრები ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას და კომპანიებს აფუძნებენ – TI

    ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პარტია ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი წევრების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებების და კომპანიების შესახებ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)   ინფორმაციას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ოცნების წევრები ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას და კომპანიებს აფუძნებენ.

    “მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ავტორიტარული პოლიტიკის გამო საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის ზღვარზეა, თავად პარტიის მოქმედი თუ ყოფილი წევრები და თანამდებობის პირები სწორედ ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას, აფუძნებენ კომპანიებს და იღებენ ევროკავშირის მოქალაქეობას საკუთარი შვილებისთვის.

    ეს ფაქტი მარტივად ჩანს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდანაც. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ მოიძია 18 პირის შესახებ ინფორმაცია (ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი წევრები, თანამდებობის პირები და პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენები) ვინც ფლობს კომპანიებს ან უძრავ ქონებას ევროკავშირის ქვეყნებში: საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესპანეთი, დანია, სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, კვიპროსი”. – წერს TI.

    ივანიშვილების ოჯახის საერთაშორისო ბიზნესიმპერია, 20-მდე უცხოური კომპანია, რომელთა გავლით ოჯახი 125-მდე ქართული კომპანიას და დიდძალ უძრავ ქონებას ფლობს, ევროპულ იურისდიქციებშია რეგისტრირებული: დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში და საფრანგეთში.

    თავად ბიძინა ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა.

    უძრავი ქონება: ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე 2 უძრავ ქონებას ფლობენ პარიზში:

    1. 1 935 კვ.მ ფართობის მიწა და მასზე არსებული 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი პარიზში, მისამართზე: 1 Allée des Robichons, La Celle-Saint-Cloud, 78170. უძრავი ქონების მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.
    2. 110 925 კვ.მ ძირითადად ტყით დაფარული მიწა პარიზში, მისამართზე: 29 Rue de la Princesse, Louveciennes. უძრავი ქონების უშუალო მფლობელია საფრანგეთში რეგისტრირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანია სახელწოდებით SCI Du 29 Rue De La Princesse, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ერთად ფლობენ.

    კახა კალაძე პარიზში ფლობს 7 ოთახიან ბინას, რომელიც მან 2022 წლის დასაწყისში შეისყიდა 3.5 მილიონ ევროდ. ბინას ოფიციალურად ფლობს კომპანია სახელმწოდებით Kala Capital, რომელიც კახა კალაძემ და მისმა მეუღელს 2022 წლის დასაწყისში დაარეგისტრირეს, ხოლო ახლა სრულად ეკუთვნის მის მეუღლეს. კომპანია იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბინა – 49 Boulevard Lannes.

    კახა კალაძის ოთხივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეები არიან, რადგან ისინი იტალიაში და საფრანგეთში დაიბადნენ.

    ქართული ოცნების დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და მისი მეუღლე ფლობენ 130 კვ.მ ფართობის ბინას პარიზში, 33 Rue de Lubeck, რომელიც მათ 2014 წელს შეიძეს 1,165,030 ევროდ. 2019 წელს მათ ავტოფარეხიც იყიდეს 58,000 ევროდ.

    2024 წლის 28 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (ComCom) თავმჯდომარემ,

    კახი ბექაურმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, დააფუძნეს კომპანია Nap Real Estate პარიზში, 47 Avenue Hoche, 75008. კომპანიის ოფიციალური საქმიანობა უძრავი ქონების მართვაა. 2024 წლის დეკლარციის თახმად, ბექაურმა და მისმა მეუღლემ მთლიანობაში 1 764 991 ევრო შეიტანეს კოპანიის საწესდებო კაპიტალში. სავარაუდოა, რომ ეს თანხა საფრანგეთში უძრავი ქონების შესაძენად იყოს გამიზნული.

    ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვახტანგ ჯაოშვილის მეუღლე და შვილი საფრანგეთის მოქალაქეები არიან, მისი მეუღლე საფრანგეთში 3 უძრავ ქონებას ფლობს:

    1. 29 კვ.მ ფართობის ბინა, ქ. ფონტენბლო, 21 bd de Magenta, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს 147 926 ევროდ შეიძინა.

    2. 90 კვ.მ ფართობის ბინა, ქ. ავონი, 3 rue des Courtils, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2006 წელს 280 800 ევროდ შეიძინა.

    3. 140 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, ქ. ფონტენბლო, 39 rue des Provenceaux, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2018 წელს 370 000 ევროდ შეიძინა.

    ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტის ყოფილი წევრი ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე თამარ წულეისკირი, რომელიც თავად ყოფილი თანამდებობის პირია (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი უფროსი) გერმანიაში, კერძოდ ბერლინში 2 უძრავ ქონებას ფლობენ:

    1. 770 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 550 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2014 წელს 1 690 000 ევროდ შეიძინეს,
    2. 110 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს 945 000 ევროდ შეიძინეს.

    ლევან კობიაშვილის ორივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეა, რადგან ისინი გერმანიაში დაიბანდნენ.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის (ყოფილი) გიორგი ქაჯაიას გერმანელ მეუღელს ეკუთვნის 100 კვ.მ ფართობის ბინა ბერლინში, ზონნტაგშტრასე 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2008 წელს 200 000 ევროდ შეიძინა.

    ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტული მედიასაშუალების, TV იმედის მფლობელი

    ირაკლი რუხაძე მის ქართულ ბიზნეს აქტივებს ნიდერლანდებში რეგისტრირებული რამდენიმე კომპანიის გავლით ფლობს, ეს კომპანიებია:

    • ტელეიმედი → Media Finance Group B.V.
    • ლიბერთი ბანკი → Georgian Financial Group B.V.
    • ქართული ცემენტი (ყოფილი ჰაიდელბერგ ცემენტი) → Caucasuscement Holding B.V. და Cement Invest B.V.
    • რუსთავის ფოლადი → Tolanius Beheer B.V.

    საქართველოს ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში

    ნიკოლოზ ლალიაშვილი ფლობს 50%-იან წილს კომპანიაში Spacefoods Holding B.V. (Nassaukade 304A 2, 1053LN), რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.

    მისი მეუღლე, რომელიც სლოვაკეთის მოქალაქეა, ფლობს ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიას სახელწოდებით სს ზეტორ ბრნო.

    საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, ალექსი ახვლედიანს ჩეხეთში ორი უძრავი ქონება აქვს:

    1. 320 კვ.მ ბინა ჩეხეთში, პრაღა, კოვჩინუს 139, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს 860 000 ევროდ შეიძინა.
    2. 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, პრაღა, ლობანოვას 41/43, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2012 წელს 485 000 ევროდ შეიძინა.

    ახვლედიანი ფლობს 100%-იან წილებს ჩეხეთში რეგისტრირებულ ორ კომპანიაში: GSG Wine Company და Akhmusi; ასევე, 100%-იან წილს სლოვენიაში რეგისტრირებულ კომპანიაში Navtilus Doo.

    ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ფლობს 25%-იან წილს ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიაში S.R.O Almitrans (U Zvonařky 2536/1d).

    საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ფლობს 106 კვ.მ ფართობის ბინას სლოვაკეთში, ბრატისლავა, გაიოვას 17, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, მან 2008 წელს 278 000 ევროდ შეიძინა. მისი მეუღლე სლოვაკეთის მოქალაქეა.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის (ყოფილი) რომეო მიქაუტაძის საკუთრებაშია 120 კვ.მ ფართობის ბინა ესპანეთში, მადრიდი, ბარბიერის ქუჩა 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს 660 000 ევროდ შეიძინა.

    დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ნათელა მენაბდის საკუთრებაშია 154 კვ.მ ფართობის ბინა დანიაში, ჰელერუპი, გენტოფტე, ბრიგერტორვეტი 2, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2005 წელს 4 260 000 დანიურ კრონად (დღევანდელი კურსით 670,000 აშშ დოლარი) შეიძინა.

    სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე 87 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს უნგრეთში, ბუდაპეშტი, სოფიას 25-ში, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2006 წელს 100 000 ევროდ შეიძინა.

    გიორგი შარვაშიძის შვილი უნგრეთშია დაბადებული.

    თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გაიოზ ქაჯაიას საკუთრებაშია 60 კვ.მ ფართობის ბინა საბერძნეთში, სალონიკი, ხარიტონომუ 6.

    ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო კომისიის თავმჯდომარის, მაგდანა ყურაშვილი საკუთრებაშია  130 კვ.მ ფართობის ბინა კვიპროსში, ლიმასოლი, კანიკა, კენედის 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2007 წელს 100 000 ევროდ შეიძინა.

     

  • კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ! – მდინარაძე კალაძეზე

    „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო – არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს…“ინტერესით კვდებიან“, ვის დაასახელებს მმართველი პარტია. მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან, ერთკვირიანი „დაბნეულობისთვის“ ქართან ფლირტი გადაწყვიტეს… არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ!“

    ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.