Category: ახალი ამბები

  • ჩინეთში დააკავეს მაღალჩინოსანი რომელიც ოცნების დელეგაციებს მასპინძლობდა 

    ჩინეთში დააკავეს მაღალჩინოსანი, ლიუ ძინჩაო, რომელიც ოცნების დელეგაციებს მასპინძლობდა – დაკავების შესახებ ინფორმაციას გამოცემები: Wall Street Journal და Reuters ავრცელებენ.

    ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება, ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულია. თუმცა მედიის ცნობით, ის მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტიდან პეკინში დაბრუნების შემდეგ, “გამოკითხვის მიზნით” დააკავეს

    ლიუ ძინჩაო ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

  • მიქაძეებიდან ერთი დაიჭირეს, ერთი გაქცეულია, მათ უკან ფარცხალაძე დგას – ხაბეიშვილი

    “დღევანდელი ბრიფინგი დადასტურებაა იმის, რომ შიდა ომია ივანიშვილის გუნდში და ახლა უკვე მისი ყოფილი თანაგუნდელები, ფაქტობრივად, ივანიშვილისთვის რომ იღწვოდნენ ძმები მიქაძეები – ერთი დაიჭირეს, ერთი – გაქცეულია. ამბობენ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა, დააორგანიზეს და ლამის სამუდამო ციხე ემუქრება ამ ადამიანებს და ამ ხალხის უკან ვინ დგას? – ფარცხალაძე. ფარცხალაძე, რომელსაც წლების განმავლობაში ქართული ოცნების ყველა სპიკერი კბილებით იცავდა.

    აი ამ დანაშაულების უკან, რასაც ახლა გამოძიება ამბობს, შეუძლებელია ფარცხალაძის გარეშე მომხდარიყო და ფარცხალაძის გუნდთან, მიქაძეებთან დაპირისპირება ოცნებაში რას ნიშნავს, ჩემზე უკეთ კითხეთ ახლა ზარქუას და ის გადაგითარგმნით. ეს არის აბსოლუტური დაპირისპირება და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ”,

    აცხადებს ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

  • ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ! – ზელენსკი ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე

    ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ! – ზელენსკი ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე

    “რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ნებისმიერ შემთხვევაში ის მნიშვნელოვანია ლიდერების დონეზე, მაგრამ უკრაინაზე უკრაინის გარეშე საუბარი შეუძლებელია და არავინ ამას არ მიიღებს.

    ამიტომ პუტინისა და ტრამპის საუბარი შეიძლება მნიშვნელოვანია მათი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, მაგრამ ჩვენ გარეშე უკრაინის შესახებ არაფრის მიღება არ შეუძლიათ. ძალიან მჯერა და იმედი მაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ეს ესმის და იაზრებს”

    ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მიქაძე დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მიქაძე დააკავა.

    “შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი – გ.მ, გ.კ და მ.ბ დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს – გ.ჯ-სა და დ.მ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ”, – განაცხადეს შსს-ში.

    დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი ბრიფინგიდან გახდება ცნობილი, რომელიც 18:00 საათზეა ჩანიშნული.

    15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.

  • აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, წვიმა

    აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, წვიმა

    12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია გაფრთხილებაში.

  • ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი კალაძე კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს – ელისაშვილი

    „თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე, კორუმპირებული მერი კალაძე, რომელიც ჯერ კიდევ მერია, კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს. ჩვენ ახლა ვართ ნაძალადევში, ვაგონშემკეთებელი ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე. ეს ქარხანა არ ფუნქციონირებს და ქალაქის უშუალო შუაგულში არის მოქცეული. ქალაქის ნებისმიერი პატიოსანი ხელმძღვანელი, ნებისმიერ ცივილიზებულ ქალაქში ცდილობს, რომ ასეთი ტერიტორიები ქალაქის სასარგებლოდ გამოიყენოს, ააშენოს პარკები, რეკრეაციული ზონები, სკვერები, სათამაშო მოედნები, სპორტული ობიექტები, იყოს მშენებლობაც, მაგრამ ძალიან მიზერული. ასეთი შესაძლებლობები და ტერიტორიები, რომელიც ძალიან ცოტა დარჩა თბილისის შუაგულში, მაქსიმალურად ხალხის და ქალაქის ინტერესებისთვის უნდა გამოიყენოს. რას აკეთებს კალაძე?.[…] ვინ იყიდდა თუ არა კალაძის „მარჯვენა ხელი“, მისი კორუფციული სქემის შემოქმედი და ბუღალტერი, ილია წულაია. აქაც აპირებენ ააშენონ 51 კორპუსი. 15- სართულიანზე ნაკლები არ იქნება არცერთი, ეს გეგმა შეითანხმეს აპრილში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მფარველობს კალაძე. ყველაზე მექრთამე მერი, რაც კი თბილისს თავისი არსებობის განმავლობაში ჰყოლია“

    აცხადებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

  • სააპელაციომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

    სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლოს კოლეგიამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა.

    ბაჩიაშვილის ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით იყო წარდგენილი, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებით.

  • პარლამენტთან დაკავებულ აქტივისტ იოსკა ჯანდიერს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

    პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქტივისტ იოსებ (იოსკა) ჯანდიერს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

    მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

    იოსკა შარინგერი (ჯანდიერი) ადმინისტრაციული წესით 9 აგვისტოს დააკავეს.

  • უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღალატად ჩათვალა- ბაჩიაშვილი

    “დღეს უფრო ცხადია ამ საქმის აბსურდულობა და ფაქტები, რომლებზეც აპელირებს ბრალდების მხარე. დოკუმენტები მიგვითითებს, რომ ეს იყო სესხი, თუმცა ბრალდების მხარე და ივანიშვილის ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფული იყო ინვესტიცია. მაშინ, რატომ არ დასვა კითხვა, თუ სად იყო ინვესტიციით მიღებული შემოსავალი?

    ამ ვითარებაში ვიმყოფები 2 წელია. ეს გამოიწვია ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობამ, „გლობალურ ომის პარტიასთან“ დაკავშირებულ რიტორიკასთან მიმართებით და ეს რიტორიკა ჩემს წინააღმდეგ საქმის დაწყებასთან ერთად უფრო გაღრმავდა. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ეს მან [ბიძინა ივანიშვილმა] ღალატად ჩათვალა. როდესაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, რომლის მიხედვით მე ფულის დაბრუნებას მთხოვდა და წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ფულს არ დავაბრუნებდი, მისი ოდენობა გაიზრდებოდა, ამ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ პროცესი.

    შემდეგ მივიღე ინფორმაცია, რომ ციხეში შენს წამებას აპირებენო და ამიტომ ქვეყნის დატოვება მომიწია. თავზე მეშოკჩამოკიდებული ჩამომიყვანეს, ვითომ მწვანე ზონაში მნახეს და იზოლატორში მომათავსეს. ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

    ამის შემდეგ, ციხეში ხდება ის, რასაც ივანიშვილი დამპირდა, ჯალათი შემომიგზავნეს, რომელმაც დაზიანებები მომაყენა. დღემდე არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი.

    ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით. დღეს ხართ არჩევანის წინაშე, იმედი მაქვს, რომ თქვენზე ზეწოლა არ გაჭრის [ბაჩიაშვილი პროკურორს].

    ვერ შემაშინებთ ვერაფრით, ვერც 11 წლიანი სასჯელით[…][პროკურორი] ზეწოლის ქვეშ არის და რის გამო აკეთებს ამას? ეშინია რამის? ეს წინა მთავრობის დროსაც იყო. ახლა გაქვთ შანსი, რომ არ შერცხვეთ და წლების შემდეგ არ შეგრცხვეთ შვილებისთვის თვალებში ჩახედვის.

    რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდება მტკიცებულებების მაღალ ხარისხზე საუბრობდა, თუმცა დაბალი ხარისხის ინტერპრეტაციით. ივანიშვილის ჩვენებაში 2 აბზაცსაც ვერ ნახავთ, რომ არ იტყუებოდეს”,

    ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა, სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.

  • ”ოცნებამ” 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა

    ქართულმა ოცნებამ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. მათი ვინაობა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა.

    კახეთი

    • ახმეტა – ალექსი ფიცხელაური
    • გურჯაანი – გიორგი მაჭავარიანი
    • დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი
    • ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი
    • სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი
    • ყვარელი – ილია მზექალაშვილი
    • საგარეჯო – ვახტანგ კაკუტაშვილი
    • თელავი – ვაჟა მაღრაძე

    ქვემო ქართლი

    • რუსთავი – ნინო ლაცაბიძე
    • გარდაბანი – დავით კარგარეთელი
    • დმანისი – კობა მურადაშვილი
    • წალკა – ილია საბაძე
    • მარნეული – დაური ისმაილოვი
    • თეთრიწყარო – მიხეილ აფციაური
    • ბოლნისი – ზამური ჭითანავა

    მცხეთა-მთიანეთი

    • თიანეთი – ლევან წიკალური
    • მცხეთა – გოგი აბუაშვილი
    • დუშეთი – კახაბერ ჩიტაური
    • ყაზბეგი – კობა გელაძე

    შიდა ქართლი

    • გორი – კონსტანტინე ბუზალაძე
    • ქარელი – ზაზა გულიაშვილი
    • კასპი – ვახტანგ მაისურაძე
    • ხაშური – პაატა ჩადუნელი

    სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტი

    • ადიგენი – გოჩა ქიმაძე
    • ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე
    • ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი
    • ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი
    • ახალციხე – ვარლამ წიკლაური
    • ბორჯომი – მამუკა გელაშვილი

    იმერეთი

    • ქუთაისი – დავით ერემეიშვილი
    • საჩხერე – ლევან ივანაშვილი
    • ჭიათურა – გივი მოდებაძე
    • ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი
    • თერჯოლა – მანუჩარ რობაქიძე
    • ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი
    • სამტრედია – დავით ბახტაძე
    • ხონი – ლადო ჯურხაძე
    • წყალტუბო – გენადი ბალაჩინვაძე
    • ბაღდათი – ნოდარ გიორგიძე
    • ზესტაფონი – ვახტანგ ღამბაშვიძე
    • ტყიბული – დავით კუბლაშვილი

    რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი

    • ცაგერი – ჭაბუკი ჭაბუკიანი
    • ლენტეხი – გიორგი გაზდელიანი
    • ამბროლაური – ზაზა ქევანიშვილი
    • ონი – დავით ლობჟანიძე

    სამეგრელო – ზემო სვანეთი

    • ფოთი – ბექა ვაჭარაძე
    • ხობი – დავით ბუკია
    • სენაკი – ვახტანგ გადელია
    • აბაშა – გიგა გაბელაია
    • მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი
    • ზუგდიდი – დათო კოდუა
    • ჩხოროწყუ – ჯუმბერ იზორია
    • მარტვილი – გიორგი ნაჭყებია
    • წალენჯიხა – ნიკა კანკია

    გურია

    • ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი
    • ოზურგეთი – პაატა კუნჭულია
    • ჩოხატაური – მინდია ჟღერია

    აჭარა

    • ქობულეთი – ირაკლი ცეცხლაძე
    • ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე
    • შუახევი – ომარ ტაკიძე
    • ქედა – მამუკა თურმანიძე
    • ხულო – ვახტანგ ბერიძე
    • ბათუმი – გიორგი ცინცაძე

    7 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა – სია

    საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.