Category: ახალი ამბები

  • რუსები მოვლენების შემდგომ განვითარებასთან და შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან- ზელენსკი

    რუსები მოვლენების შემდგომ განვითარებასთან და შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან- ზელენსკი

    „ჩვენი გუნდები უკრაინისთვის ძლიერი და მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიების არქიტექტურის მომზადებაზე აქტიურად მუშაობენ. დეტალების განსაზღვრის პროცესს ვაჩქარებთ. უკვე ლიდერთა დონეზე მოლაპარაკებების ფორმატის ორგანიზების დროა, რათა მთავარი პრიორიტეტები და ვადები განვსაზღვროთ. სამწუხაროდ, ამჟამად რუსები მოვლენების შემდგომ განვითარებასთან და შეხვედრებთან დაკავშირებით ნეგატიურ სიგნალებს გზავნიან“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

  • პროკურატურის მოთხოვნით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს

    პროკურატურის განცხადებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს. დაყადაღებულია “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, „დემოკრატიის მცველების”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”, „საფარისა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.

    პროკურატურა აცხადებს, რომ ორგანიზაციების მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”.

    “ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

  • პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ხატია წერეთელია

    პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია. სპეცოპერაცია ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც სავარაუდოდ, მომღერალი ფლობდა გარკვეულ ობიექტს.

    12 პირის დაკავების და 13 ობიექტის დახურვის თაობაზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

    სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ – აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ: აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ. გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ. ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მულით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

  • პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემისთვის 12 პირი დააკავეთ – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.დაკავებულთა შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. დანაშაულები 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.აღნიშნული პირები სისტემატურად გადასცემდნენ ფართებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.

    სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ: აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.

    გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ.

    ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მულით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს“,- განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.

  • “გირჩის” მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება

    “გირჩის” მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება.

    “არჩევნები იქნება იმის შანსი, რომ ჩვენ ის იდეები, რომელსაც გლობალურ იდეებს ვეძახით ხოლმე, დავამიწოთ და კონკრეტულ თბილისის პრობლემებს მოვარგოთ და, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები ეფექტური არ იქნებოდა, რომ ჩვენ ჩვენი ძალები არ გვეცადა, მათ შორის, მერის თანამდებობაზეც და რაღაცნაირად მაქსიმუმი არ დაგვედო ამ არჩევნებზე. ჩვენ უმეტესად ესეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ პრაიმერიზით, პრაიმერიზი დასრულდა გუშინ 00:00 საათზე და ჩვენი კანდიდატი თბილისის მერობის პოზიციაზე იქნება იაგო ხვიჩია.” – განაცხადა პარტია “გირჩის” წარმომადგენელმა, ჰერბან საბომ იაგო ხვიჩიას წარდგენისას.

    2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

  • მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია

    „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელიდა დირექტორი, მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია. მასთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ უკრაინელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები – მაკსიმ ბუტკევიჩი და ულვი ჰასანლი

    ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემია არის საერთაშორისო ჯილდო, რომელიც 2013 წელს დაარსდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკისა და „ქარტია 77“ ფონდის მიერ. ეს პრემია ენიჭებათ იმ ადამიანებს ან ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული გამორჩეული ნაბიჯებისთვის.

    ვაცლავ ჰაველის ჯილდოს გამარჯვებული სტრასბურგში 29 სექტემბერს დასახელდება.

    მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა. ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წაყენებული, „სამართალდამცავზე თავდასხმა“, თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.

  • “მიზანშეწონილი იქნებოდა FARA-ს უკან გაწვევა” – ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნა

    ექსპერტთა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობის შესახებ, ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის ექსპერტთა ორგანომ, “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოელი აგენტების” (ე.წ. FARA-ს) შესახებ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვყენა.

    დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონში გათვალისწინებული ზომები სერიოზულ გავლენას მოახდენს შეკრების თავისუფლების უფლებაზე და სხვა გარანტირებულ უფლებებზე.

    ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის ექსპერტთა ორგანო წერს, რომ კანონის მრავალი დებულება არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილი მოთხოვნას ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებზე ნებისმიერი შეზღუდვის დაწესების შესახებ.

    ”აქტში არსებულ ზომებს სერიოზული გავლენა ექნება შეკრების თავისუფლების უფლებასა და სხვა უფლებებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის გარანტირებული.” – წერია დოკუმენტში.

    დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონის დებულებების გათვალისწინებით, რომლებიც ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიიღონ უცხოური დაფინანსება ევროპულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისი მიზნების მისაღწევად, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გადაჭარბებული ვალდებულებების, დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შეუზღუდავი ფარგლების, ჩანაწერების წარმოების მძიმე მოთხოვნებისა და დაწესებული ჯარიმების გადაჭარბებული ხასიათის გამო, კანონით გათვალისწინებული ზომები არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლად.

    “ამ გარემოებებში, კანონის აღსრულება გამოიწვევს სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რაც არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ამ წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა ფართო სპექტრს და, ამგვარად, იქნება სრულიად შეუფერებელი”, – წერია დასკვნაში.

  • ქობულეთში, შავ ზღვაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

    ქობულეთში, შავ ზღვაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტრო-სადენების გაუმართაობამ გამოიწვია – შსს მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე

    თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ვიდეოკამერების ჩანაწერების გადახედვის შედეგად ირკვევა, რომ ხანძრის პირველი კერა, სავარაუდოდ, სწორედ ელექტრო-სადენებიდან გაჩნდა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ვაჭრობისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ შენობა-ნაგებობაში ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტრო-სადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

    აღნიშნული ობიექტის მიმდებარედ განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების დათვალიერებით ირკვევა, რომ ხანძრის, სავარაუდოდ, პირველი კერა, სწორედ ელექტრო-სადენებიდან ჩნდება.

    მომხდარის ზუსტი მიზეზის დასადგენად, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

    თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის გაჩენის ფაქტზე შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, დღეს – 26 აგვისტოს, გამთენიისას შემოვიდა.

    შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
    ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები.

    არსებობდა, ხანძრის მიმდებარედ არსებულ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.
    შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის”, – წერია შსს-ის განცხადებაში.

  • 27-29 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 აგვისტოს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 28-29 აგვისტოს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

    ქ. თბილისში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება.