Category: სლაიდერი

  • პაველ ჰერჩინსკი: თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, ის პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ – უმოკლესი გზა არ არსებობს

    პაველ ჰერჩინსკი: თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, ის პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ – უმოკლესი გზა არ არსებობს

    პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

    „ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების ეს შესაძლებლობა საქართველოსაც გავუზიარეთ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ დაიკარგება“, – აღნიშნა ელჩმა.

    ასევე, მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვა კანდიდატი ქვეყნების მსგავსი პროცედურები უნდა გაიაროს.

    „ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა გაეხსნა. ეს საქართველოს ხელისუფლების ნებას ეფუძნება. მანამდე, ჩვენ წერილი მივიღეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ. ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება იყო. გაწევრიანება მკაცრ წესებს ეფუძნება, რომელსაც ჩვენ ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ. უმოკლესი გზა არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, მაშინ მათ ზუსტად ის ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, როგორც ყველა სხვამ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

  • “მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება“–ხარება თვლის,  რომ მისი სპეცრაზმელები “ჩაუშვეს”

    “მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება“–ხარება თვლის, რომ მისი სპეცრაზმელები “ჩაუშვეს”

    გდდ-ს ყოფილი შეფი, ზვიად ხარაზიშვილიი ფიქრობს, რომ მისი სპეცრაზმელები “ჩაუშვეს”. ამის შესახებ მან ტვ პირველთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა.

    ხარებასთვის გაუგებარია, როგორ დაადგინეს ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე მოძალადე პირების ვინაობა, როცა ყველა მათგან დარბევის დროს ნიღაბი და სპეციალური ეკიპირება ეკეთა.

    “რა გითრხა ერთი, ჩემი პასუხი არის ყველასთან, ჩემი ბიჭების წინაშე და ჩემი სამხედროს წინაშე, მე ადრეც ვთვქი ბევრჯერ, გუშინ მთელი დღე ტელეფონმა ტვინი წაიღო, ყველა ჩემთან რეკავდა, ან მე რას მირეკავთ, ვერ გავიგე?

    მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ ვერ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ.

    (ჟურნალისტი: – ბატონო ზვიად, თქვენც იყავით საგამოძებო უწყებაში დაბარებული?) არ არის ეგ თქვენი საქმე, თუ დამიბარებენ პრობლემა არ მაქვს მისვლის. მე არაფერი არ დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებია. ეს ყველამ კარგად იცის. 

    არვიცი იდენტიფიცირება მოხდა რომ? ეს არ ვიცი. ახლა მასკიანი ადამიანები, იცით ნიღბიანები , ეკიპირებით… ჩაშვებულია აბა რა არის ახლა. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს ახლა რა გამოლევს, ხელს რომ იშვერეს. შიგინიდან ჩაუშვეს ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორე ეს ბჭები რა შუაში არიან.

    ვინმეს კი არ ვამართლებ და ხელს კი არ ვაფარებ, გადაცდომა ყველგან ხდება. გადახედეთ იმ სხვა ქვეყნებს, ვსიაც თქვენ ებაძებით, რეებს უშვებიან იქ ხალხს – ქალებს,  ბავშვებიანად ბოდიში და წიხლის ქვეშ იდებენ.

    არ ვიცი ადამიანი დაჭერილია და საჩვენებლად დაჭერილი მე არ მინახია. ციხეში ახლა მე რომ ვიჯდე და დამიჭირონ, რგორო ფიქრობთ, საჩვენებლად ვიქნები დაჭერილი? პატიმარი პატიმარია, ციხე ციხეა, საჩვენებელი მე არ ვიცი, რას ნიშნავს.

    დასავლეთი რა შუაშია, რეები ხდება იმ ქვეყნებში თქვენ უკეთ არ იცით? ვინმეს თვალები გამოვთხარეთ, ვინმე მოვკალით?რა გავაკეთეთ ისეთი ჩენ, პირიქით, მივიღეთ იმდენი შეურაცხყოფა, დამცირება, ცეცხლები, მოლოტოვები გვესროლეს, რეები არ მოვითმინეთ”, – ამბობს ხარება.

    შეგეხსენებთ, რომ 7 მაისს, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს – განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.

    5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

  • ოპოზიციური ალიანსი: 4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი

    ოპოზიციური ალიანსი: 4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი

    4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა მიმართ გამოტანილ განაჩენზე ოპოზიციური ალიანსი განცხადებას ავრცელებს:
    “4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ დღეს გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი. ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს.
    ყველა დაკავებული პირი არის პოლიტიკური პატიმარი და დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ რეჟიმის პასუხისმგებლობას ამძიმებს.
    ამ უკანონობასთან ბრძოლის ჩვენი მთავარი გზა მშვიდობიანი პროტესტია!
    სწორედ ამიტომ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე.
    ეს არის ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებისთვის.
    გელოდებით ყველას 26 მაისს, 19:00 საათზე გამარჯვებისთვის – ერთად, ბოლომდე!“–ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.
    4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
  • ზელენსკი არავის ურჩევს მოსკოვის აღლუმზე ჩასვლას, რუსეთი კი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში კიევზე დარტყმით იმუქრება

    ზელენსკი არავის ურჩევს მოსკოვის აღლუმზე ჩასვლას, რუსეთი კი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში კიევზე დარტყმით იმუქრება

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 8 მაისის 00:00 საათიდან 10 მაისის 00:00 საათამდე რუსეთის ჯარები ფრონტზე ცეცხლს შეწყვეტენ და უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმებს არ განახორციელებენ — ამით სამხედრო უწყებამ დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების მიერ გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში გამოცხადებული ზავი.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რუსეთის ქმედებებს „სარკისებურად“ უპასუხებს, თუმცა გააფრთხილა უცხოელი ლიდერები, რომ მოსკოვში აღლუმზე ჩასვლა არ ღირს.

    რუსეთის სამხედრო უწყებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 8 მაისის შუაღამიდან მისი ჯარები ფრონტზე „სრულად შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს“.

    „ამავე დროს შეწყდება სარაკეტო ძალებისა და არტილერიის, საზღვაო და საჰაერო ბაზირების შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებსა და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რომლებიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და შეიარაღებულ ძალებთან არის დაკავშირებული“, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

    უწყებამ ასევე მოუწოდა „უკრაინულ მხარეს, მიჰყვეს ამ მაგალითს“.

    თუ უკრაინა ზავს დაარღვევს, რუსეთის არმია „ადეკვატურ პასუხს“ გასცემს, — განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში. განცხადებაში სამხედროებმა გაიმეორეს ის მუქარები, რომლებიც ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააჟღერა: მოსკოვში „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის“ მცდელობის შემთხვევაში „კიევის ცენტრზე მასირებული სარაკეტო დარტყმის“ მიყენება.

    „კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ კიევის სამოქალაქო მოსახლეობასა და უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს ქალაქის დროულად დატოვების აუცილებლობის შესახებ“, — ნათქვამი იყო განცხადებაში.

    რა თქვა ზელენსკიმ

    ხუთშაბათს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც შეახსენა ყველას, რომ კიევი 6 მაისის შუაღამიდან სიჩუმის რეჟიმის დაწესებას სთავაზობდა, თუმცა რუსეთს ოფიციალურად არ უპასუხია და უკრაინულ ქალაქებსა და ფრონტზე სამხედროებზე დარტყმების განხორციელება განაგრძო.

    „მათ [რუსეთის ხელისუფლებას] უკრაინისგან სურთ ნებართვა, ჩაატარონ თავიანთი აღლუმი, რათა წელიწადში ერთხელ ერთი საათით უსაფრთხოდ გამოვიდნენ მოედანზე, შემდეგ კი ისევ გააგრძელონ ჩვენი ხალხის მოკვლა და ომი“, — თქვა ზელენსკიმ.

    „მივიღეთ მიმართვები რუსეთისთვის ახლობელი ზოგიერთი სახელმწიფოსგან, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ჩასვლას აპირებენ. უცნაური სურვილია… ასეთ დღეებში. ჩვენ არ ვურჩევთ“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

    ამასთან, მან გაიმეორა ის, რაც მანამდეც ჰქონდა ნათქვამი: „უკრაინის პოზიცია მაქსიმალურად გამჭვირვალე და პატიოსანია: უკრაინა იმოქმედებს სარკისებურად. სიჩუმე რომ ყოფილიყო, უკრაინული შორი მოქმედების სანქციებიც არ იქნებოდა“.

    „შორი მოქმედების სანქციებს“ ზელენსკი უკრაინის სამხედროების დარტყმებს უწოდებს რუსეთის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ფრონტის ხაზიდან მნიშვნელოვან მანძილზე მდებარეობს. ამ მიმართვაშიც უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა უკრაინული ძალების ბოლო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე, მათ შორის სამხედრო გემზე კასპიის ზღვაში და ნავთობის ობიექტზე პერმის მხარეში.

    მანამდე, ხუთშაბათს, კრემლმა გამოაქვეყნა უცხოელი ლიდერების სია, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში ჩავლენ. ამ სიის მიხედვით, გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოსკოვში ჩავლენ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ლაოსის პრეზიდენტი ტჰონგლუნ სისულიტი, მალაიზიის უზენაესი მმართველი სულთან იბრაჰიმი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმზე დასწრებას არ გეგმავს.

    გარდა ამისა, მოსკოვში იქნებიან ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა სერბსკას წარმომადგენლები და თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები.

    „საზეიმო ღონისძიებაზე სპეციალურად არ მოგვიწვევია უცხოელი სტუმრები, ისევე როგორც გასულ წელს“, — განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

    ეს კრემლის 9 მაისის სტუმრების ყველაზე მოკლე სიაა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან მოყოლებული. იმ წელს მოსკოვში აღლუმზე არცერთი უცხოელი ლიდერი არ ჩასულა. მაშინაც კრემლმა განაცხადა, რომ არავინ მიუწვევია.

    მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2026 წელს წითელ მოედანზე აღლუმში, პირველად რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სამხედრო ტექნიკის კოლონა, ასევე სუვოროველები და ნახიმოველები მონაწილეობას არ მიიღებენ.

    კრემლმა აღლუმის ფორმატის შეცვლა საჰაერო თავდასხმების შიშითა და იმით ახსნა, რომ წელს თარიღი საიუბილეო არ არის.

    9 მაისს მოსკოვში მობილური კავშირი სრულად გაითიშება, არ გაიხსნება არც ე.წ. „თეთრი სიების“ საიტები.

    მუქარები კიევზე დარტყმის შესახებ

    ოთხშაბათს საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 4 მაისს უცხოურ საელჩოებს წერილი გაუგზავნა მოწოდებით, „წინასწარ უზრუნველყონ“ თავიანთი თანამშრომლების ევაკუაცია კიევიდან.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ეს ახსნა „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კიევზე, მათ შორის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე, საპასუხო დარტყმის მიყენების გარდაუვალობით“.

    მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინა 9 მაისს მოსკოვზე დარტყმით იმუქრებოდა და პირობას დებს, რომ თუ ეს მოხდება, უკრაინის დედაქალაქზე მასირებული შეტევით უპასუხებს.

    ზელენსკის პირდაპირი მუქარა არ გამოუთქვამს მოსკოვზე დარტყმის შესახებ სამხედრო აღლუმის დროს. ერევანში გამოსვლისას მან თქვა: „რუსეთმა განაცხადა, რომ 9 მაისის აღლუმი მოსკოვში სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში. მათ არ შეუძლიათ თავს მისცენ სამხედრო ტექნიკის გამოყვანის უფლება და ეშინიათ, რომ დრონებმა შეიძლება წითელ მოედანზე გადაიფრინონ. ეს მეტყველი ფაქტია და აჩვენებს, რომ ისინი ძლიერები არ არიან“.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების საპასუხოდ, ევროკომისიის პრესსპიკერმა ანვარ ალ-ანუნიმ თქვა, რომ ევროკავშირი კიევიდან დიპლომატების ევაკუაციას არ აპირებს.

    „რუსეთის საჯარო მუქარები კიევზე თავდასხმის შესახებ მისი უგუნური ესკალაციის ტაქტიკის ნაწილია“, — განაცხადა მან ხუთშაბათს ბრიფინგზე. „რაც ჩვენ, ევროკავშირს, გვეხება, ჩვენ ჩვენს პოზიციასა და კიევში ყოფნას არ შევცვლით“.

    „რუსული თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა კიევსა და უკრაინის სხვა ნაწილებში“, — განაცხადა ალ-ანუნიმ და აღნიშნა, რომ წინა დარტყმებმა ზიანი მიაყენა დიპლომატიურ მისიებსაც, მათ შორის ევროკავშირის მისიას.

    რუსეთმა უგულებელყო უკრაინის წინადადება 6 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაგრძო უპილოტო აპარატების გაშვება ხარკოვის, სუმის, დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქებისა და სხვა ადგილების მიმართულებით.

    უკრაინელმა სამხედროებმა უპასუხეს შორი მოქმედების უპილოტო აპარატების ახალი გაშვებებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. კერძოდ, 7 მაისის დილით დრონებმა ისევ, ორ კვირაში უკვე მესამედ, შეუტიეს ნავთობის ობიექტებს პერმში.

  • ანდრია ჯაღმაიძე:იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარებიც, მაგრამ დღევანდელი სინოდი შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი

    ანდრია ჯაღმაიძე:იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარებიც, მაგრამ დღევანდელი სინოდი შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ, 11 მაისს, 13:00 საათზე სამების ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ  გარკვეული „არაკორექტული გამოსვლების, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის.

    „საზოგადოება მიჩვეულია საერო არჩევნებს და იქ მომხდარ დაპირისპირებებს, სინოდში ასეთი რამ არ ხდება. იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარებიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელი სინოდი, შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული იმაზე, რომ როგორც აქამდე, ღირსეულად ტარდებოდა სინოდი იქნებოდა თუ სხვა პროცესები, ასევე სამაგალითო და სანიმუშო იქნება ეს არჩევნებიც. ეს იყო მათი სულისკვეთება, ხოლო მცდელობები, რომ ერთმანეთში დაპირისპირება წარმოაჩინონ, არარეალურია“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

    დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებას, რომ საპატრიარქოში არაფორმალური ე.წ. „ენდემოსას სინოდი“ არსებობს.

    მამა ანდრია აცხადებს, რომ საპატრიარქოს ყოველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან თანხმდებოდა.

    „საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის პერიოდში არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და განცხადება არ გაკეთებულა მასთან შეუთანხმებლად. ასეთი კონსპირაციები გვესმის და შეიძლება მასაც უთხრა ვიღაცამ, მაგრამ რეალურად ასეთი რამ არ ხდება“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

    რაც შეეხება მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის დიპლომის დაკარგვის საკითხს, მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, რადგან დაკარგული დიპლომის აღდგენა სრულიად შესაძლებელია.

    „დიპლომის მოპარვასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, დაიკარგა ეს დიპლომი თუ მოიპარეს. ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ დიპლომი არ არის ცარიელი ყდები და ფურცელი, ეს არის არქივში ჩანაწერები. ადამიანი რომ კარგავს პირადობის მოწმობას თუ მართვის მოწმობას, ამის აღდგენა სრულიად შესაძლებელია და ახლიდან არ აბარებინებენ გამოცდას“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

  • თეორიულად, მოსკოვში კრემლის გუმბათს შეიძლება მოვახვედროთ-ექსპერტი 9 მაისს კრემლზე შესაძლო დარტყმის შესახებ

    თეორიულად, მოსკოვში კრემლის გუმბათს შეიძლება მოვახვედროთ-ექსპერტი 9 მაისს კრემლზე შესაძლო დარტყმის შესახებ

    “2022 წელს ვინმეს რომ ეთქვა, პუტინი მოსკოვში აღლუმის ჩატარების საშუალებას შეგვეხვეწებოდაო, ეს სრულიად გაუგებარი იქნებოდა. ახლა კი ის ფაქტობრივად ტრამპს სთხოვს, ზეგავლენა მოახდინოს ზელენსკიზე, რათა უკრაინამ ამ დღეებში რუსეთზე ზედმეტად ძლიერი დარტყმები არ განახორციელოს. ეს მართლაც ძალიან საინტერესო და უნიკალური სიტუაციაა “— მიიჩნევს ავიაციის ექსპერტი კონსტანტინ კრივოლაპი.

    „თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვზე ჩვენი მხრიდან არსებითი დარტყმები არ იქნება. თუმცა პირადად მე ვისურვებდი, რომ ჩვენს „ფლამინგოს“ რაკეტებსა და დრონებს მოსკოვის აღლუმზე გადაეფრინათ და შემდეგ მოხვედროდნენ, პირობითად, ვოტკინსკის მანქანათმშენებელ ქარხანას, რომელიც აწარმოებს რაკეტებს: „ისკანდერს“, „ორეშნიკს“ და ა.შ.“ — აღნიშნა მან.

    ამასთანავე, მან დასძინა, რომ ტექნიკურად მოსკოვზე დარტყმა შესაძლებელია, მაგრამ ამის ეფექტიანობა დაბალი იქნება:

    „თეორიულად, მოსკოვში კრემლის გუმბათს შეიძლება მოვახვედროთ. მაგრამ აქვს კი ამას აზრი? წმინდა ფსიქოლოგიურ კმაყოფილებას, რა თქმა უნდა, მივიღებთ, მაგრამ როგორი იქნება ეფექტიანობა?“

  • Times: უკრაინელმა ჰაკერებმა Starlink გამოიყენეს რუსული პოზიციების კოორდინატების მისაღებად

    Times: უკრაინელმა ჰაკერებმა Starlink გამოიყენეს რუსული პოზიციების კოორდინატების მისაღებად

    ბრიტანული გაზეთი Times-ის კორესპონდენტები ყვებიან, როგორ გამოიყენეს უკრაინელმა ჰაკერებმა წარმატებით ის მომენტი, როდესაც SpaceX-მა უკრაინის ფრონტზე მყოფ რუსულ დანაყოფებს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტსერვისზე წვდომა გაუთიშა.

    პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედროებმა კონტრაბანდით შეძლეს Starlink-ის ათიათასობით ტერმინალის შეტანა, თუმცა თებერვალში მათი გამოყენების შესაძლებლობა დაკარგეს.

    შედეგად, კავშირის გარეშე მოულოდნელად დარჩენილმა რუსმა სამხედროებმა დაიწყეს უკრაინელების ძებნა, რომლებიც თანხის სანაცვლოდ დათანხმდებოდნენ ამ ტერმინალების საკუთარ სახელზე რეგისტრაციას. ამით ისარგებლეს უკრაინული ჯგუფის — „256-ე კიბერშტურმის დივიზიის“ — სამოქალაქო ჰაკერებმა.

    ისინი თავს IT-სპეციალისტებად ასაღებდნენ, რომლებიც მზად იყვნენ რუსი სამხედროებისთვის „მომსახურება“ გაეწიათ, და საჭირო ინფორმაციის მისაღებად AI-ჩატბოტებს იყენებდნენ.

    თავდაპირველად ისინი ტერმინალების შესახებ ზოგად მონაცემებს ითხოვდნენ, მაგალითად სერიულ ნომრებს, თუმცა საბოლოოდ მათ GPS-კოორდინატების დასახელებას სთხოვდნენ. შედეგად, პუბლიკაციის თანახმად, მათ 2,6 ათასზე მეტი ტერმინალის შესახებ ზუსტი მონაცემების მიღება შეძლეს.

    ეს მონაცემები დაუყოვნებლივ გადაეცემოდა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც მათ სატელიტურ სურათებს ადარებდნენ, შემდეგ კი ზუსტ დარტყმებს აყენებდნენ სამეთაურო პუნქტებსა და დრონების გაშვების ადგილებს.

    ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო, რომელსაც პუბლიკაციის ავტორები ესაუბრნენ, ამბობს, რომ ასეთი დარტყმების დაწყების შემდეგ9 და Starlink-ის სერვისის გათიშვის შედეგად ამ სექტორში რუსული შეტევების რაოდენობა 45%-ით შემცირდა.

  • რუსული ელიტები უკმაყოფილონი არიან ომით, ეკონომიკითა და ცენზურით: კრემლი განხეთქილებას უახლოვდება-The Washington Post

    რუსული ელიტები უკმაყოფილონი არიან ომით, ეკონომიკითა და ცენზურით: კრემლი განხეთქილებას უახლოვდება-The Washington Post

    The Washington Post წერს, რომ რუსეთის ჩინოვნიკებსა და კრემლთან დაახლოებულ წრეებში იზრდება გაღიზიანება უკრაინის წინააღმდეგ ომის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და შეზღუდვების გამკაცრების გამო — მათ შორის, ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებისა და ქვეყნის შიგნით „ხრახნების მოჭერის“ გამო.

    ერთ-ერთ მაგალითად ასახელებენ ყოფილ Z-პროპაგანდისტს ილია რემესლოს, რომელიც ადრე ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობდა და პუტინის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა, ახლა კი საჯაროდ მოითხოვა მისი გადადგომა და ის სამხედრო დამნაშავედ მოიხსენია.

    ამის შემდეგ რემესლო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა უკვე ერთ თვეში გაათავისუფლეს, რაც თანამედროვე რუსეთისთვის უჩვეულოა.

    თავად ის ამტკიცებს, რომ სისტემის ნაწილი „უკვე იწყებს პუტინის წინააღმდეგ მუშაობას“ და მიმდინარე პროცესებს საბჭოთა კავშირის ბოლო წლებს ადარებს, როდესაც ელიტებმა თავად დაიწყეს სისტემის შიგნიდან ნგრევა.

    ამასობაში პუტინის ადმინისტრაციასა და ძალოვნების ნაწილს შორის კონფლიქტზე საუბრობს მიხეილ ხოდორკოვსკიც. მისი თქმით, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი თითქოს ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ რუსეთში ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს.

  • სომხეთი და ევროკავშირი 2.5 მილიარდიან ინვესტიციებზე შეთანხმდნენ

    სომხეთი და ევროკავშირი 2.5 მილიარდიან ინვესტიციებზე შეთანხმდნენ

    ევროკავშირი და სომხეთი Global Gateway-ის პროგრამის ფარგლებში ინვესტიციებზე შეთანხმდნენ, რომელთა მოცულობაც 2,5 მილიარდ ევროს მიაღწევს.

    გადაწყვეტილება დღეს ერევანში გამართულ ევროკავშირ–სომხეთის სამიტზე მიიღეს.

    გარდა ამისა, მხარეებმა მიიღეს პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელშიც, სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრულ სფეროებში თანამშრომლობაა განსაზღვრული.

    ევროკავშირ-სომხეთის სამიტის შემდეგ ერევანმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები გააფორმა ოთხ ქვეყანასთან — დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ხორვატიასა და ბულგარეთთან.

    ევროკავშირმა ასევე 30 მილიონი ევრო გამოყო სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად.

    „რუსეთმა სომხეთი მიატოვა, რის შემდეგაც რესპუბლიკამ მოულოდნელად გაიღვიძა და ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ შეტრიალდა“, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

    ბრიუსელმა ასევე მხარი დაუჭირა სომხეთის „ევროპულ მისწრაფებებს“. მხარეები შეთანხმდნენ, იმოძრაონ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისკენ, გააფართოონ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და გააძლიერონ ძალისხმევა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პრევენციისთვის.

    თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში ცალკე, საკვანძო მიმართულებად გამოიყო.

    Global Gateway არის ევროკავშირის გლობალური საინვესტიციო სტრატეგია, რომლის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ციფრული კავშირების, ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის განვითარება. ეს არის ევროკავშირის პასუხი იმაზე, როგორ უნდა გააძლიეროს ევროპამ პარტნიორი ქვეყნები ფულით, ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით — ისე, რომ ისინი ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული რუსეთზე, ჩინეთზე ან სხვა ავტორიტარულ ცენტრებზე.

    ევროკომისიის განმარტებით, Global Gateway მიზნად ისახავს „ჭკვიანი, სუფთა და უსაფრთხო კავშირების“ გაძლიერებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების მხარდაჭერას. პროგრამა 2021 წელს დაიწყო და თავდაპირველი მიზანი იყო 2021-2027 წლებში 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის მობილიზება.

    ეს არ არის მხოლოდ გრანტების პროგრამა. Global Gateway-ში ერთიანდება ევროკავშირის, წევრი სახელმწიფოების, ევროპული საფინანსო ინსტიტუტების და კერძო სექტორის რესურსები. ანუ ფული შეიძლება მოდიოდეს პირდაპირი დახმარების, სესხების, გარანტიების, კერძო ინვესტიციების ან შერეული დაფინანსების სახით. ევროკავშირი ამას „Team Europe“ მიდგომას უწოდებს — როცა ევროკავშირი, წევრი ქვეყნები და ფინანსური ინსტიტუტები ერთად მოქმედებენ.

    პოლიტიკურად Global Gateway მნიშვნელოვანია, რადგან ის ევროკავშირის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტიც არის. ჩინეთს აქვს Belt and Road Initiative — „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რუსეთი კი ენერგეტიკას, ბაზრებსა და უსაფრთხოებას ხშირად გავლენის ბერკეტებად იყენებს. Global Gateway-ის იდეა არის, რომ პარტნიორ ქვეყნებს შესთავაზოს ალტერნატივა: ინფრასტრუქტურა, ენერგოდივერსიფიკაცია, ციფრული კავშირები და ევროპულ ბაზრებთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, მაგრამ უფრო მაღალი სტანდარტებით — გამჭვირვალობით, გარემოსდაცვითი მოთხოვნებით და ნაკლები პოლიტიკური დამოკიდებულებით.

    სომხეთის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით საინტერესოა. ევროკავშირ-სომხეთის სამიტის ერთობლივ დოკუმენტში წერია, რომ Global Gateway-ის ფარგლებში ევროკავშირის ინვესტიციები სომხეთში 2,5 მილიარდ ევროს მიაღწევს. პრიორიტეტებად დასახელებულია ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული მიმართულება — ანუ სწორედ ის სფეროები, რომლებიც სომხეთს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში და ევროპასთან დაკავშირებაში ეხმარება.

    ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული პროექტი. სომხეთისთვის Global Gateway ნიშნავს გზებს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ციფრულ ინფრასტრუქტურას, ევროპულ ბაზრებთან უკეთეს კავშირს და რუსეთისგან დისტანცირებისთვის მანევრირების სივრცის გაზრდას. ევროკავშირისთვის კი ეს ნიშნავს სამხრეთ კავკასიაში უფრო ძლიერ პოზიციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სომხეთი აშკარად ცდილობს მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირებას.

  • ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო

    სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის გარემოცვასა და პროპაგანდისტულ მედიებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა  და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე მთელი მოსახლებისთვის –  ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით, 14-ის წინააღმდეგ, მიიღო რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ. ანგარიში 2025 წელს მიმოიხილავს.

    დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება. ასევე ნათქვამია, რომ საქართველო კვლავ არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას. ანგარიშით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მიიღონ კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, ოფიციალური პირისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ. დოკუმენტის მიხედვით ეს მოიცავს სანქციების სიების გაფართოებას, აქტივების ყოვლისმომცველ გაყინვას და სავიზო აკრძალვებს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფოს მიტაცებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე. ანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ.

    “ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მიიღოს კოორდინირებული, ევროკავშირის მასშტაბის შეზღუდვითი ღონისძიებები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, მაღალჩინოსნისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ — სანქციების სიების გაფართოების, სახელმწიფოს მიტაცებაში, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაში პასუხისმგებელ პირთა ქონების სრული გაყინვისა და სავიზო შეზღუდვების ჩათვლით. ევროპარლამენტარები დაჟინებით მოუწოდებენ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ დააწესოს პირადი, მიზანმიმართული სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, ხოლო ევროკავშირს მოუწოდებენ, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან. ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროპულ საბჭოში ამ საკითხში ერთსულოვნება ვერ იქნება მიღწეული, წევრმა სახელმწიფოებმა გამოიკვლიონ სხვა კოლექტიური მექანიზმები ეფექტიანი და ერთიანი ევროკავშირის პასუხის უზრუნველსაყოფად.“–წერია ანგარიშში.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სერიოზული გაგრძელების ფონზე, ევროპარლამენტარები სინანულით აღნიშნავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნეგატიური ტენდენციების უკუქცევისთვის. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების ქართულ ხელისუფლებასთან ჩართულობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადადგამს თუ არა ხელისუფლება ხელშესახებ და გადამოწმებად ნაბიჯებს – დემოკრატიული რეგრესის, რეპრესიების და რუსული სტილის ანტიევროკავშირული დეზინფორმაციის შეჩერების მიმართულებით. როგორც ანგარიშში წერია,  დოკუმენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც კვლავ მიისწრაფის ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის. ამასთანავე, მოხსენება ინარჩუნებს ევროპარლამენტის წინა პოზიციას საქართველოს პარლამენტის და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების შესახებ.

    ფრაგმენტი ანგარიშიდან  საქართველოს შესახებ

    ევროპარლამენტარები, რომლებიც დიდი ხანია, 2024 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ სრული ავტოკრატიისკენ გააქტიურებულ სვლას. ეს მოიცავს: დაუსჯელობის სისტემის შექმნას პოლიტიკური რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი მაღალჩინოსნებისა და ინსტიტუტებისთვის; ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველების შევიწროებას; ოპოზიციური ფიგურების დევნას; ოპოზიციური ხმების, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას; ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და პლურალისტური საარჩევნო გარემოს განადგურებას; საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ცენტრალიზებული კონტროლის დამყარებას; ასევე, სამართალდამცველთა მხრიდან მომიტინგეებზე, დაკავებულებსა და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს

    ანგარიშში ასევე არის მოწოდება, „ქართულმა ოცნებამ“ გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები და აღნიშნავს, რომ ასეთი პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ქვეყნის ვალდებულებებთან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. დოკუმენტის თანახმად  „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც „ქართული ოცნება“ სრულად იქნება პასუხისმგებელი.

    “ევროპარლამენტი აღნიშნავს კომისიის წინადადებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგი; წუხს, რომ დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა შეუძლებელი გახდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო; აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება.“– ნათქვამია ანგარიშში

    ყოველწლიური ანგარიში, რომელზეც ევროპარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, წარმოადგენს ევროპარლამენტის პასუხს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების შესახებ. ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი აფასებს საქართველოს პროგრესს კომისიის 2025 წლის ანგარიშის საფუძველზე და მიიღებს რეზოლუციას, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს შესახებ. საკითხზე მომხსენებელია ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე. კომიტეტის სხდომაზე მან  განაცხადა,რომ , „ქათულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანების დასარწმუნებლად, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის კრიტერიუმებს.

     

    ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს:

    “მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მომხსენებელს ამ დოკუმენტის მომზადებაში მათი წარმოუდგენელი ერთიანობისთვის. როგორც ჩანს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს. მეორეს მხრივ, ჩვენ ამ ანგარიშს ერევანში სპეციალური ფორუმის ფონზე ვიღებთ. ვფიქრობ, ყოველი პროდასავლურად განწყობილი ქართველი ბედნიერია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის მათი – ქართველების – იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა. ამ ეტაპზე მე მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის.“

    ანგარიშის პირვანდელ ვერსიას თან ერთვის ათობით შესწორების პროექტი, რომელთა უმეტესობაც ასევე კრიტიკულია ხელისუფლებისადმი, თუმცა ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მთავრობას. მათ უმეტესობას კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტარების, რასა იუკნევიჩიენესა და მირიამ ლექსმანის შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გმობს „იმედისა“ და „პოსტივის“ მიერ „ევროკავშირის წინააღმდეგ სისტემური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებას და იწონებს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დაეწესებინა ფინანსური სანქციები ამ ორი მაუწყებლისთვის. შესწორების კიდევ ერთ პროექტში, „იმედთან“ და „პოსტივისთან“ ერთად ნახსენებია „რუსთავი 2“,  სამივე ტელეარხი მოხსენიებულია, როგორც „ქართული ოცნების” რეჟიმის დე ფაქტო კომუნიკაციების დეპარტამენტი. ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი პირების სანქცირებას. ანგარიში, რომელსაც საგარეო კომიტეტმა მხარი დღეს  დაუჭირა, პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე ივნისში გავა.