რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევში „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებსა“ და სამეთაურო პუნქტებზე დარტყმების განხორციელებას გეგმავენ.
უწყების ინფორმაციით, სამიზნეები იქნება როგორც გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრები, ისე სამხედრო მართვის ობიექტები.
ამასთან, სამინისტრო უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ კიევი. ასევე, უკრაინის დედაქალაქის მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი აარიდონ სამხედრო და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
რუსული მხარის განცხადებით, აღნიშნული ობიექტები ქალაქის სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული.
„იმის გამო, რომ აღნიშნული ობიექტები მთელ კიევშია მიმოფანტული, ვაფრთხილებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს, რომ ქალაქი რაც შეიძლება მალე დატოვონ, ხოლო უკრაინის დედაქალაქის მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ არ მიუახლოვდნენ ზელენსკის რეჟიმის სამხედრო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის ობიექტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
