Tag: დონალდტრამპი

  • პროტესტი ირანში: ხელისუფლება კიდევ უფრო სასტიკად მოქმედებს, მაგრამ მომიტინგეები არ ნებდებიან

    პროტესტი ირანში: ხელისუფლება კიდევ უფრო სასტიკად მოქმედებს, მაგრამ მომიტინგეები არ ნებდებიან

    ირანში, კვირა ღამის განმავლობაში, მომიტინგეები კვლავ გავიდნენ ქუჩებში მზარდი რეპრესიების მიუხედავად. ორი საავადმყოფოს მედიკოსებმა მედიას განუცხადეს, რომ ორ დღეში მათთან 100-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი შეიყვანეს.

    თვითმხილველთა მონათხრობი და საერთაშორისო მედიის მიერ გადამოწმებული ვიდეოები აჩვენებს, რომ ხელისუფლება სულ უფრო მკაცრ ზომებს მიმართავს.

    საერთაშორისო მედიას ირანის ტერიტორიაზე მუშაობის შესაძლებლობა არ აქვს. გარდა ამისა, ირანულმა ხელისუფლებამ ხუთშაბათიდან ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა, რაც ინფორმაციის შეგროვებასა და გადამოწმებას კიდევ უფრო ართულებს.

    მიუხედავად ამისა, ქვეყნიდან მაინც ჟონავს გარკვეული რაოდენობის ვიდეოჩანაწერები, ხოლო დასავლური მედია კავშირს ინარჩუნებს ირანში მყოფ ადამიანებთან, რომლებსაც მოვლენების უშუალოდ დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ.

    შაბათ საღამოს გადაღებულმა და გადამოწმებულმა ვიდეომ აჩვენა, როგორ დაიკავეს მომიტინგეებმა ქუჩები თეირანის გიშას რაიონში. რამდენიმე ახალი ვიდეო (BBC Verify-ის ფაქტების გადამმოწმებელმა გუნდმა დაადგინა, რომ ისინი ახლახანსაა გადაღებული) ასახავს შეტაკებებს მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მაშჰადში — ირანის სიდიდით მეორე ქალაქში.

    პროტესტების გაძლიერებასთან ერთად, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება. ორმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ 100-ზე მეტი დაღუპულის შესახებ განაცხადა, მათ შორის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებიც არიან. ორი საავადმყოფოს მედიკოსებმა BBC-ს უთხრეს, რომ ორ დღეში მათთან 100-ზე მეტი ცხედარი მიიყვანეს.

    რამდენიმე საავადმყოფოს თანამშრომლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ისინი დაშავებულებითა და დაღუპულებით გადატვირთულნი არიან. BBC-ის სპარსულმა სამსახურმა დაადასტურა, რომ პარასკევს საღამოს რაშტის ერთ-ერთ საავადმყოფოში 70 ცხედარი შეიტანეს, ხოლო ერთმა მედიკოსმა თქვა, რომ თეირანის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაახლოებით 38 ადამიანი გარდაიცვალა.

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ბოლო დღეებში არაერთხელ იმუქრებოდა ჩარევით, შაბათს სოციალურ ქსელებში დაწერა: „ირანი თავისუფლებისკენ მიისწრაფვის, ალბათ ისე, როგორც არასდროს. აშშ მზადაა დაეხმაროს მას!!!“

    ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამმად ბაგერ ყალიბაფმა კვირას განაცხადა, რომ თუ აშშ ირანს თავს დაესხმება, ისრაელი და რეგიონში არსებული ყველა ამერიკული სამხედრო და საზღვაო ბაზა ირანის საპასუხო დარტყმებისთვის კანონიერ სამიზნეებად ჩაითვლება.

    ინტერნეტის მკვლევარმა ალირეზა მენაფიმ თქვა, რომ ამჯერად ინტერნეტის გათიშვა ქვეყანაში 2022 წლის პროტესტების პერიოდთან შედარებით უფრო მძიმეა და ირანში ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი ფორმით ახლა „თითქმის სრულად გადაკეტილია“.

    მან დასძინა, რომ გარე სამყაროსთან დაკავშირების ერთადერთი შესაძლო გზა Starlink-ის სატელიტური ტერმინალის გამოყენებაა, თუმცა მათაც, ვისაც ეს შეუძლია, სიფრთხილე მართებთ, რადგან მსგავსი კავშირი შესაძლოა ხელისუფლებამ აღმოაჩინოს.

    ირანის შაჰის დინასტიის მემკვიდრემ რეზა ფეჰლევიმ შაბათს მოუწოდა ხალხს, რომ პროტესტი აჯანყებამდე გაფართოვდეს, მიზნად კი სასულიერო ხელისუფლების დამხობა დაისახოს.

    „ჩვენი მიზანი მხოლოდ ქუჩაში გამოსვლა არ არის. მიზანია, მოვემზადოთ ქალაქის ცენტრების ხელში ჩასაგდებად და მათ შესანარჩუნებლად,“ — თქვა მან ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნდა.

    ზოგი მომიტინგე ქუჩებში სკანდირებდა ფეჰლევის მხარდამჭერ ლოზუნგებს („გაუმარჯოს შაჰს!“), თუმცა დემონსტრანტების უმრავლესობა სასულიერო მმართველობის დასრულებას  ან ეკონომიკის გამოსაჯანმრთელებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა.

    პროტესტები, რომლებიც 28 დეკემბერს დაიწყო თეირანის ბაზრებში უკონტროლო ინფლაციის წინააღმდეგ გამოსვლებით, მას შემდეგ 100-ზე მეტ ქალაქზე გავრცელდა და ირანის რეჟიმისთვის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა.

    პროტესტებმა მალევე პოლიტიკური ხასიათი მიიღო — მომიტინგეები სასულიერო მმართველობის დასრულებას ითხოვენ. ხელისუფლება კი არეულობის გაღვივებაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.

    Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების მაღალჩინოსანმა სიტუაცია „გამძლეობის თამაშად“ (ანუ ძალების გამოფიტვაზე გათვლილ დაპირისპირებად) მოიხსენია: ოპოზიცია ცდილობს, ზეწოლით აიძულოს ხელისუფლება უკან დაიხიოს ან საკუთარ მხარეს გადაიბიროს, მაშინ როცა ხელისუფლება ცდილობს, შიში დათესოს, ქუჩები „გაასუფთავოს“ და აშშ-ს ჩარევისთვის საბაბი არ მისცეს.

    Amnesty International-მა განაცხადა, რომ სწავლობს „შემაშფოთებელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ხუთშაბათიდან უსაფრთხოების ძალებმა გააძლიერეს მომიტინგეების წინააღმდეგ მომაკვდინებელი ძალის უკანონო გამოყენება“.

    ხუთშაბათს ტრამპმა თქვა, რომ ფეჰლევისთან შეხვედრას არ აპირებს. მან ადრე დაიმუქრა, რომ ირანს თავს დაესხმებოდა, თუ ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას გამოიყენებდა, ხოლო სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ირანის ხალხს უჭერს მხარს.

    ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპს გააცნეს ირანზე სამხედრო დარტყმების შესაძლო ვარიანტები. The New York Times-მა და The Wall Street Journal-მა დაწერეს, რომ შესაბამისი ბრიფინგები გაიმართა, ხოლო WSJ-მ მათ „წინასწარი განხილვები“ უწოდა. WSJ-ს უცნობმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ ირანის მიმართ „მყისიერი საფრთხე“ არ არსებობს.

    ხამენეიმ ვაშინგტონი პროტესტების წაქეზებაში, ხოლო მომიტინგეები აშშ-ისა და ისრაელის ინტერესებში მოქმედებაში დაადანაშაულა; მან გააფრთხილა, რომ ხელისუფლება მკაცრად დევნის მათ, ვინც „დაქირავებული აგენტების“ როლში მოქმედებს.

    უფლებადამცველთა ინფორმაციით, ირანში ხელისუფლების მიერ შემოღებული ინტერნეტის გათიშვა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა თეირანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა CNN-ს უთხრა, რომ ამან პროტესტების ჩახშობა ვერ შეძლო.

    მომიტინგეებმა ტელეკომპანიას უთხრეს, რომ ქუჩაში ხალხის რაოდენობა არაფერს ჰგავდა, რაც მანამდე ოდესმე ენახათ, და ნანახი „იმედის მომცემად“ აღწერეს.

    CNN-ის წყაროების თქმით, პარასკევს საღამოს აიათოლა ხამენეის სატელევიზიო გამოსვლამ სიტუაცია შეცვალა — მათი თქმით, რეპრესიები წარმოუდგენლად სასტიკი გახდა.

    ხამენეიმ დემონსტრანტებს „ვანდალების ბანდას“ უწოდა, რომლებიც თითქოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გულის მოგებას ცდილობენ.

    ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა მოჰამმად მოვაჰედი აზადმა შაბათს განაცხადა, რომ ნებისმიერი მომიტინგე ჩაითვლება „ღმერთის მტრად“ — რისთვისაც ირანში სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული.

    ირანის პოლიციის ხელმძღვანელმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ პროტესტები კვლავ ძლიერდება და შაბათს საღამოს „საკვანძო ფიგურები“ დააკავეს. მან „სიკვდილის შემთხვევათა მნიშვნელოვანი ნაწილი“ „გაწვრთნილ და მართულ პირებს“ დააბრალა და არა უსაფრთხოების ძალებს, თუმცა კონკრეტული დეტალები არ დაუკონკრეტებია.

    სოციალური მუშაკი, რომელიც პარასკევს თეირანში აქციას ესწრებოდა, ყვება „კოშმარის შესახებ“, რომელიც დემონსტრანტებზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო: „ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, ყველაფერი — რასაც მოისურვებ, ყველაფერს ესროდნენ უწესრიგოდ“. მისი თქმით, მან ნახა, როგორ ურტყამდნენ გოგონას ელექტროშოკერით კისერში, სანამ ის გონებას არ დაკარგავდა, ხოლო მისი კოლეგის ვაჟი დაღუპულთა შორის აღმოჩნდა.

    „სამწუხაროდ, შესაძლოა, მოგვიწიოს რეალობას შევეგუოთ, რომ ეს რეჟიმი გარე ძალის გარეშე არ წავა,“ — უთხრა CNN-ს ერთ-ერთმა მომიტინგემ.

    ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ესკანდერ მომენიმ, „ზოგიერთი ხარვეზის“ აღიარების მიუხედავად, შაბათს სახელმწიფო ტელევიზიაში თქვა, რომ ირანელებს „უკეთესი ეკონომიკური მომავალი“ ელოდებათ.

  • ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო

    ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო

    ვენესუელამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო – ამ ეტაპზე, საუბარია ესპანეთის 5 მოქალაქეზე.ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ცნობა მათი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ.

    ვენესუელის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ საპატიმროს კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს.

    “მშვიდობიანი თანაარსებობის მიზნით, ვენესუელის მოქალაქეების და უცხოელების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაუყოვნებლივ გათავისუფლდება”, – განაცხადა ხორხე როდრიგესმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ძმაა.

    გათავისუფლდა, როსიო სან მიგელი, რომელიც  ნიკოლას მადუროს აქტიური კრიტიკოსი იყო. მიგელი  2024 წელს დააკავეს,  მას ბრალად ედებოდა მაშინდელი პრეზიდენტის მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობა, სახელმწიფო ღალატი და ტერორიზმი.

    ვენესუელის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის თანახმად, ამჟამად ციხეში 806 პოლიტიკური პატიმარი იმყოფება.

    პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილებას, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა  და “მნიშვნელოვან და ჭკვიანურ ჟესტად” შეაფასა.

    “აშშ და ვენესუელა კარგად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით მათი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბევრად უფრო დიდი, უკეთესი და მეტად თანამედროვე ფორმით აღდგენის საკითხში.ამ თანამშრომლობის გამო მე გავაუქმე წარსულში დაგეგმილი იერიშების მეორე ტალღა, რაც, როგორც ჩანს, აღარ იქნება საჭირო, თუმცა, ყველა ხომალდი ადგილზე დარჩება უსაფრთხოების მიზნით”, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

    ვენესუელაში ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩებიან უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები და დამფუძნებლები. ოპოზიცია და უფლებადამცველი ჯგუფები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მთავრობა დაკავებებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებდა.

  • ირანის მთავრობა გავაფრთხილე – თუ მკვლელობას დაიწყებენ, ძალიან ძლიერად დავარტყამთ – ტრამპი

    ირანის მთავრობა გავაფრთხილე – თუ მკვლელობას დაიწყებენ, ძალიან ძლიერად დავარტყამთ – ტრამპი

    “ირანის მთავრობა გავაფრთხილე – თუ მკვლელობას დაიწყებენ, ძალიან ძლიერად დავარტყამთ” – განაცხადა ამის შესახებ, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

    “მათ ვაცნობე, რომ თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, რასაც ისინი ძირითადად არეულობების დროს აკეთებენ, თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. მათ იციან და ძალიან მკაცრად უთხრეს, კიდევ უფრო მკაცრად, ვიდრე ახლა გეუბნებით, რომ თუ ამას გააკეთებენ, ჯოჯოხეთური ფასის გადახდა მოუწევთ.[…] თავისუფლებისადმი მტკიცე დამოკიდებულება უნდა გქონდეთ. თავისუფლების მსგავსი არაფერია. თქვენ მამაცი ხალხი ხართ. სამწუხაროა, რაც თქვენს ქვეყანას დაემართა. თქვენი ქვეყანა [ირანი] წარსულში დიდებული ქვეყანა იყო”, – თქვა დონალდ ტრამპმა.

    ირანში საპროტესტო აქციების მე-12 დღეს ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა.  ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.

  • მინდა მადლობა გადაგიხადოთ მშვიდობისადმი თქვენი ერთგულებისთვის – უიტკოფი ზელენსკის

    მინდა მადლობა გადაგიხადოთ მშვიდობისადმი თქვენი ერთგულებისთვის – უიტკოფი ზელენსკის

    პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ მშვიდობისადმი თქვენი ერთგულებისთვის, ასევე თქვენი გუნდისთვის. თქვენ გყავთ გამორჩეული გუნდი და მათთან ერთად მუშაობა ჩვენთვის დიდი პატივია.

    […]ჩვენ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლებზე მუშაობა ძირითადად დასრულებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ როცა ეს [ომი] დასრულდება, ის სამუდამოდ დასრულდება. ამასთანავე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ იმგვარი ძლიერი კეთილდღეობის შეთანხმების დასრულებასთან, როგორიც მსგავსი კონფლიქტების შემდეგ ძალიან ცოტა ქვეყანას უნახავს. ეს, მისწრაფების დონეზე, ნიშნავს დიდ შესაძლებლობებს უკრაინელი ხალხისთვის – მათთვის, ვინც ომიდან ბრუნდება და ვინც იქ შესანიშნავ სამუშაო ადგილებს იპოვის.

    ჩვენ ამ პროცესში ვმუშაობთ BlackRock-თან და ლარი ფინკთან ერთად და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ხალხისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ეკონომიკა პირდაპირ კავშირშია და ერთად მუშაობს ამ უსაფრთხოების პროტოკოლებთან. ეს უკრაინას ხდის ძლიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ვფიქრობთ, რომ ეს მისი გრძელვადიანი მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია .

    […] დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვფიქრობთ, რომ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. მოვისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკისა და აქ მყოფი სხვა ადამიანების პოზიცია ტერიტორიასთან დაკავშირებულ ვარიანტებზე – ეს იქნება ყველაზე კრიტიკული საკითხი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე დისკუსიებს და იმედია, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომპრომისების მიღწევას შევძლებთ.

    მაგრამ მინდა ესეც ვთქვა: ჩვენ აქ ვართ, რათა შუამავლობა გავუწიოთ და დავეხმაროთ მშვიდობის პროცესს და მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. პრეზიდენტ ტრამპს მტკიცედ და გულწრფელად სჯერა, რომ ეს მკვლელობები უნდა შეწყდეს, ეს სისხლისღვრა უნდა დასრულდეს და ჩვენ ყველას, ვინც აქ ვართ, გადაწყვეტილი გვაქვს, ამ პროცესის ნაწილი ვიყოთ.

    თქვა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტოკფმა პარიზში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში ზავის შემდეგ ჯარებს გაგზავნიან. რაზე შეთანხმდნენ აშშ და „მსურველთა კოალიცია“ პარიზში: უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის

    ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში ზავის შემდეგ ჯარებს გაგზავნიან. რაზე შეთანხმდნენ აშშ და „მსურველთა კოალიცია“ პარიზში: უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის

    საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოთქვეს განზრახვა  ომის შესაძლო შეწყვეტის შემდეგ. უკრაინაში გაგზავნონ ჯარები მშვიდობის უზრუნველსაყოფად. შეთანხმებას, რომელიც სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლებიც პარიზში „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე შეიკრიბნენ.

    სამიტის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე მოაწერეს ხელი „პარიზის დეკლარაციას“, რომელშიც გამოთქვეს მზადყოფნა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყონ.

    მოლაპარაკებებში  დაახლოებით 30 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და სხვები.

    პარიზის სამიტი გაიმართა მალევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. ისინი ერთმანეთს ახალი წლის წინ შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში — მარ-ა-ლაგოში, ფლორიდაში.

    ტრამპმა და ზელენსკიმ განიხილეს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა, რომელიც თავდაპირველად ვაშინგტონში შეიმუშავეს და რომელიც რამდენჯერმე შეიცვალა სხვადასხვა საერთაშორისო სამიტის მიმდინარეობისას.

    ფლორიდაში შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა განაცხადეს, რომ შეძლეს უკრაინისთვის აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება, თუმცა გადაუჭრელი დარჩა მთავარი საკითხი — რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინულმა ჯარებმა დატოვონ დონეცკის ოლქის ის ნაწილი, რომელიც კიევის კონტროლქვეშ არის.

    ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია, თუმცა აღიარა, რომ ყველაზე მეტი უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებზე რჩება.

     

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა და მრავალეროვნული ძალები: რა წერია „პარიზის დეკლარაციაში“

    სამიტის მთავარი შედეგი გახდა „პარიზის დეკლარაცია“, რომლის ტექსტიც ელისეს სასახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

    დოკუმენტი ხუთი პუნქტისგან შედგება:

    • აშშ უნდა კოორდინირებდეს ცეცხლის შეწყვეტის მომავალი რეჟიმის შესრულების მონიტორინგს. შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელიც რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ დარღვევაზე და დაადგენს პასუხისმგებელ მხარეს.
    • „მსურველთა კოალიციის“ წევრებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის აღკვეთის „პირველ ხაზს“ უნდა წარმოადგენდნენ. ეს მოიცავს უკრაინის არმიის დაფინანსებას, იარაღის მიწოდებას და გამაგრებითი ნაგებობების მშენებლობაში დახმარებას.
    • უკრაინაში მრავალეროვნული ძალების გაგზავნა, რომლებიც „მსურველთა კოალიციის“ წევრებისგან დაკომპლექტდება. მათი ამოცანა იქნება უკრაინული არმიის აღდგენის დახმარება და „შეკავების ხელშეწყობა“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩატარდა კოორდინირებული სამხედრო დაგეგმვა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების აღსადგენად. ეს ძალები უკრაინაში მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გაიგზავნება და მათ შესაძლოა აშშ-იც დაეხმაროს.
    • იურიდიულად სავალდებულო ვალდებულება უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსეთის მხრიდან შესაძლო მომავალი თავდასხმის შემთხვევაში, მშვიდობის აღსადგენად. აღნიშნულია, რომ დეკლარაციაზე ხელმომწერი ქვეყნები მომავალში საბოლოოდ დააზუსტებენ ასეთ ვალდებულებებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებას, სადაზვერვო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, დიპლომატიურ ინიციატივებს და დამატებითი სანქციების დაწესებას.
    • უკრაინასთან გრძელვადიანი თავდაცვითი თანამშრომლობის განვითარების ვალდებულება, რაც მოიცავს სამხედროების მომზადებას, იარაღის ერთობლივ წარმოებას და სადაზვერვო თანამშრომლობას.

    გარდა ამისა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს სამმხრივ დეკლარაციას, რომელშიც პარიზმა და ლონდონმა გამოთქვეს მზადყოფნა, ომის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნონ.

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განმარტა, რომ ეს დოკუმენტი „ხსნის გზას უკრაინის ტერიტორიაზე ბრიტანული, ფრანგული და პარტნიორი ძალების მოქმედებების იურიდიული დასაბუთებისთვის“.

    „ისინი უზრუნველყოფენ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოებას და მომავალისთვის აღადგენენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს,“ — თქვა სტარმერმა. — „შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში შექმნიან ‘სამხედრო ჰაბებს’ და ააშენებენ დაცულ ობიექტებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკისთვის, რათა უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები უზრუნველყონ“.

    რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებდა, რომ არასდროს დათანხმდება უკრაინაში უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნას, რადგან ამას საკუთარი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

    რას ამბობდნენ ლიდერები პრესკონფერენციაზე

    დასკვნით პრესკონფერენციაზე სამიტის მონაწილეებმა ეს ღონისძიება მშვიდობისკენ მიმავალ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად შეაფასეს.

    ჟურნალისტებთან ერთად გამოვიდნენ უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და გერმანიის კანცლერი, ასევე ტრამპის ორი სპეციალური წარმომადგენელი — სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი (რომლებსაც ერთი ტრიბუნის გაზიარება მოუხდათ).

    სამიტის ორგანიზატორმა მაკრონმა განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ წევრებმა აშშ-ის დახმარებით უკრაინას იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცენ. „ეს უნდა ნიშნავდეს, რომ სამშვიდობო შეთანხმება არასდროს გადაიქცევა უკრაინისთვის ახალ საფრთხედ“, — თქვა მაკრონმა და გაიხსენა, რომ წარსულში რუსეთს არაერთხელ დაურღვევია სამშვიდობო შეთანხმებები, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ ტერიტორიული საკითხი — ცეცხლის შეწყვეტის გზაზე მთავარი დაბრკოლება — კვლავ გადაუჭრელია. მან აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებების ხელმოსაწერად, თუმცა „კითხვები ჯერ კიდევ რჩება“. „ყველაზე დიდი საკითხები, რომლებზეც მუშაობაა საჭირო, ტერიტორიული საკითხებია“, — განაცხადა ზელენსკიმ.

    ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში მშვიდობის დამყარება სურს და განაცხადა, რომ მისი მისია „სამშვიდობო პროცესში შუამავლობაა“. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლების უმეტესობა უკვე დასრულებულია, რათა უკრაინაში ადამიანებმა იცოდნენ: როცა ეს დასრულდება, დასრულდება სამუდამოდ“, — თქვა უიტკოფმა.

    კონკრეტულად რა გარანტიებზეა საუბარი

    შობამდე ცოტა ხნით ადრე ბერლინში გაიმართა „მსურველთა კოალიციის“ მსგავსი შეხვედრა, სადაც აშშ ძალიან ახლოს იყო უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების სტრუქტურის მხარდაჭერის კონკრეტული ვალდებულებების აღებასთან, თუმცა ვაშინგტონმა ეს ფორმალურად მაინც არ დაამტკიცა.

    მედია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ მაკრონს აშკარად ჰქონდა იმედი, რომ ამ სამიტის შედეგად აშშ ხელს მოაწერდა დეკლარაციას  ან საჯარო ვალდებულებებს აიღებდა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე.

    „პარიზის დეკლარაციის“ ხელმოწერა შეიძლება მის წარმატებად ჩაითვალოს, თუმცა დასკვნით პრესკონფერენციაზე აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის.

    ზელენსკი ამ გარანტიებს ნატოს წესდების მეხუთე მუხლს ადარებდა, რომელიც ალიანსის ყველა წევრის კოლექტიურ დაცვას ითვალისწინებს ერთ-ერთზე თავდასხმის შემთხვევაში.

    უკრაინა აცხადებდა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის განზრახვას (ეს ჩანაწერი უკრაინის კონსტიტუციაშიცაა), თუმცა ახლა ზელენსკი აღიარებს, რომ აშშ და ზოგიერთი სხვა დასავლური ქვეყანა მის ალიანსში გაწევრიანებას არ უჭერს მხარს. ამიტომ კიევი ახლა ისეთ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რომლებიც პრაქტიკულად ნატოში გაწევრიანებას გაუტოლდება.

    თუმცა მედია აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი აზრს მხოლოდ მაშინ შეიძენს, თუ ცეცხლის შეწყვეტა რეალურად მოხდება — რაც ამ ეტაპზე ჯერ ახლოსაც არ ჩანს.

    რუსეთი მიანიშნებს, რომ ომის დასრულების მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე უარს არ ამბობს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, მოსკოვი მზად არის ცეცხლის შეწყვეტაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული ჯარები დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ტერიტორიებს, რომლებიც მათ კონტროლქვეშ არის. კიევი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება.

    მედია წერს, რომ მაკრონი ცდილობს, უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესები მაქსიმალურად დააშოროს ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამერიკულმა სამხედროებმა დააკავეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსადგენად.

    საფრანგეთის პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში ძლიერი ზეწოლისა და კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციაზე მისი თავდაპირველი რეაქციის გამო: მაკრონს არ უხსენებია საერთაშორისო სამართალი და არ უსაუბრია იმ ზიანზე, რაც ვაშინგტონის ქმედებებს საერთაშორისო ნორმებისთვის შეიძლებოდა მიეყენებინა. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მან ეს ქმედებები უბრალოდ მიღებულ ფაქტად ჩათვალა.

    ამის შემდეგ მაკრონმა გარკვეულწილად შეასწორა პოზიცია და განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართალი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა ამავე დროს აშკარაა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს უკიდურესად ფრთხილი ბალანსის დაცვა უწევს.

    პრინციპში, საფრანგეთი აშშ-ის ქმედებების წინააღმდეგია, მაგრამ ამავე დროს მათ სურთ, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის წევრად დარჩეს, აღნიშნავს მედია.

    სწორედ ეს ხსნის, რატომ მიმართავენ მაკრონი და სხვა ევროპელი ლიდერები სიტყვიერ მანევრებს და საჯაროდ არ აკრიტიკებენ აშშ-ის ოპერაციას მადუროს დაკავების გამო.

  • ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა – აშშ-ის საელჩო საქართველოში

    ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა – აშშ-ის საელჩო საქართველოში

    ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი ჰეზბოლასთვის, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის, როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება.

    ამის შესახებ, განცხადებას, საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

  • თეთრი სახლის მიმდებარედ, ეროვნული გვარდიის ორი წევრი მოკლეს

    ვაშინგტონში დაჭრილი აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორივე წევრი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ვაშინგტონის გუბერნატორი, პატრიკ მორისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    თეთრი სახლიდან 5 წუთის მოშორებით, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს.გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დედაქალაქში განლაგებულ ეროვნული გვარდიის წევრებს გამიზნულად დაესხა თავს.

    მომხდარს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მას საშინელი თავდასხმა და ბოროტების, სიძულვილისა და ტერორის აქტი უწოდა.

    როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეჭვმიტანილი თავადაც მძიმედაა დაჭრილი.

    პრეზიდენტის თქმით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ ეჭვმიტანილი აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.

    ტრამპის თქმით, საჭიროა ყველა იმ უცხოელის ხელახლა გამოკვლევა, რომელიც ქვეყანაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შევიდა ავღანეთიდან.

    “ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან შემოვიდა და ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი უცხოელის გაძევება, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს”- აღნიშნა ტრამპმა.

  • მისი ნდობა არ შეიძლება!უიტკოფი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს – კონგრესმენი ბეიკონი

    მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის თავდასხმასა და ვისთვისაც სასურველია, უკრაინა, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა, გამარჯვებული იხილონ, აშკარაა, რომ უიტკოფი სრულად რუსების მხარესაა. არ შეიძლება მისი ნდობა ამ მოლაპარაკებების წარმართვაში. დაქირავებული რუსი აგენტი მასზე ნაკლებს იზამდა? ის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.

    ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, დონ ბეიკონი Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ.

  • უიტკოფი კონკრეტულ რჩევებს აძლევდა კრემლს, თუ რაზე და როგორ ესაუბრა პუტინს ტრამპთან – BLOOMBERG

    შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვთან, რომელსაც უკრაინაში ომის დასამთავრებლად ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მსგავსი გეგმის შემუშავება შესთავაზა. ამის შესახებ Bloomberg-ი მათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე დაყრდნობით წერს.

    ჩანაწერი 14 ოქტომბრით თარიღდება, ხუთწუთიან ზარში უშაკოვი პუტინის უმაღლესი საგარეო პოლიტიკის მრჩევლის სტატუსით მონაწილეობდა.Bloomberg ასაჯაროებს უიტკოფსა და უშაკოვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის სრულ ტრანსკრიპტსაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    სტივ უიტკოფი: გამარჯობა იური.

    იური უშაკოვი: დიახ, სტივ, გამარჯობა, როგორ ხარ?

    უიტკოფი: კარგად იური. შენ როგორ ხარ?

    უშაკოვი: მე ნორმალურად. გილოცავ, ჩემო მეგობარო.

    უიტკოფი: მადლობა.

    უშაკოვი: დიდებული საქმე შეასრულე. უბრალოდ დიდებული. უღრმესი მადლობა. მადლობა, მადლობა.

    უიტკოფი: მადლობა იური და მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ თქვენი ქვეყანაც ემხრობოდა და მე მადლობელი ვარ.

    უშაკოვი: კი, კი, კი, კი. იცი, რომ ამ მიზეზით შევაჩერეთ პირველი რუსულ-არაბული სამიტის ორგანიზება.

    უიტკოფი: კი.

    უშაკოვი: კი, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონში რეალურ საქმეს ეწევი.

    უიტკოფი: კარგი მომისმინე. რაღაცას გეტყვი. ვფიქრობ, ჩემი აზრით, თუ შევძელით რუსეთ-უკრაინის მოგვარება, ყველანი სიხარულისგან იზეიმებენ.

    უშაკოვი: კი, კი, კი, კი, ამისთვის მხოლოდ ერთი პრობლემის გადაჭრა დაგჭირდება. [სიცილი]

    უიტკოფი: რისი?

    უშაკოვი: რუსეთ-უკრაინის ომის.

    უიტკოფი: ვიცი! როგორ მოვაგვაროთ ეს?

    უშაკოვი: ჩემო მეგობარო, მე მხოლოდ შენი რჩევა მინდა. შენი აზრით, სასარგებლო იქნება, თუ ჩვენი უფროსები ტელეფონით ისაუბრებენ?

    უიტკოფი: კი, ასე მგონია.

    უშაკოვი: ასე ფიქრობ, და შენი აზრით როდის იქნება ეს შესაძლებელი?

    უიტკოფი: ვფიქრობ, როგორც კი იტყვი, ჩემი კაცი მზადაა ამისთვის.

    უშაკოვი: კარგი, კარგი.

    უიტკოფი: იური, იური, აი რას ვიზამდი მე. ჩემი რეკომენდაცია.

    უშაკოვი: კი, გთხოვ.

    უიტკოფი: ზარს გავმართავდი და უბრალოდ გავიმეორებდი, რომ შენ ამ მიღწევას პრეზიდენტს ულოცავ, რომ მხარს უჭერდი ამას, რომ პატივს სცემ მას, როგორც მშვიდობის კაცს, და რომ უბრალოდ, ძალიან გიხარია, რომ ეს დაინახე. ასე რომ, ამას ვიტყოდი. ჩემი აზრით, ამით ძალზე კარგი სატელეფონო საუბარი იქნება.

    რადგან – მოდი, გეტყვი, რა ვუთხარი პრეზიდენტს. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ თქვენ – რუსეთის ფედერაციას ყოველთვის სურდა სამშვიდობო შეთანხმება. მე ამის მჯერა. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ამის მჯერა და ჩემი აზრით, პრობლემა ის არის, რომ გვყავს ორი ერი, რომლებსაც უჭირთ კომპრომისის მიღწევა და როცა ჩვენ ვიზამთ ამას, ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვექნება. მე ვფიქრობ კიდეც, რომ იქნებ ჩვე 20-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება შევადგინოთ, როგორც ღაზის შემთხვევაში ვქენით. ჩვენ 20-პუნქტიან გეგმას შევიმუშავებთ, როგორც სამშვიდობო 20 პუნქტი იყო და ვფიქრობ, შესაძლოა თქვენთანაც იგივე გავაკეთოთ. რისი თქმაც მინდა…

    უშაკოვი: კარგი, კარგი, ჩემო მეგობარო. ვფიქრობ, რომ სწორედ ამის განხილვა შეუძლიათ ჩვენს ლიდერებს. ჰეი სტივ, გეთანხმები, რომ ის მიულოცავს, იტყვის, რომ ბატონი ტრამპი ნამდვილი მშვიდობის კაცია და ასე შემდეგ. ამას იტყვის.

    უიტკოფი: მაგრამ აი რას ვფიქრობ, რომ შესანიშნავი იქნებოდა.

    უშაკოვი: კარგი, კარგი.

    უიტკოფი: რა იქნებოდა, თუ… თუ… მომისმინე…

    უშაკოვი: ამას ჩემს უფროსთან განვიხილავ და შემდეგ დაგიბრუნდები. კარგი?

    უიტკოფი: კი, რადგან მომისმინე რასაც ვამბობ. უბრალოდ მინდა, რომ პუტინს უთხრა, იქნებ მხოლოდ ეს უთხრა პრეზიდენტ პუტინს, რადგან როგორც იცი მე ღრმა პატივისცემა მაქვს პრეზიდენტი პუტინისადმი.

    უშაკოვი: კი, კი.

    უიტკოფი: იქნებ მან პრეზიდენტ ტრამპს უთხრას: იცით, სტივმა და იურიმ განიხილეს საკმაოდ ანალოგიური 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და რომ ჩვენი აზრით, ამის მეშვეობით შესაძლებელია ოდნავ წინ წაწევა, ჩვენ ვემხრობით ასეთ რაღაცებს – რათა განიხილონ, რა იქნება საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად: დონეცკი და შესაძლოა, ტერიტორიების გაცვლა სადმე. მაგრამ იმას ვამბობ, რომ ამგვარად საუბრის ნაცვლად, მოდი უფრო იმედისმომცემად ვილაპარაკოთ, რადგან ვფიქრობ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ და იური, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დიდ სივრცესა და მოქმედების თავისუფლებას მომცემს შეთანხმების მისაღწევად.

    უშაკოვი: ვხვდები…

    უიტკოფი: … ასე რომ, თუ ამ შესაძლებლობის შექმნას შევძლებთ, რომ ამის შემდეგ მე იურის ველაპარაკე და საუბარი გვქონდა, ვფიქრობ, დიდ რაღაცებამდე მიგვიყვანს.

    უშაკოვი: კარგი, ეს კარგად ჟღერს. კარგად ჟღერს.

    უიტკოფი: და კიდევ ერთი რამ: პარასკევს ზელენსკი თეთრ სახლში მოდის.

    უშაკოვი: მე ეს ვიცი. [ჩაცინება]

    უიტკოფი: ამ შეხვედრაზე ვიქნები, რადგან უნდათ, რომ იქ ვიყო, მაგრამ ჩემი აზრით, თუ შესაძლებელია ზარის გამართვა შენს უფროსთან ამ პარასკევის ზარამდე.

    უშაკოვი: მანამდე, მანამდე – ასეა?

    უიტკოფი: სწორია.

    უშაკოვი: კარგი, კარგი. მივიღე შენი რჩევა. ასე რომ, ამას ჩემს უფროსთან განვიხილავ და შემდეგ დაგიბრუნდები, კარგი?

    უიტკოფი: კარგი იური, მალე დაგელაპარაკები.

    უშაკოვი: დიდებულია, დიდებული. უღრმესი მადლობა. მადლობა.

    უიტკოფი: კარგად.

    უშაკოვი: კარგად.

  • “მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე” – ვოლოდიმერ ზელენსკი

    “უკრაინას აქვს ჟენევაში ჩვენი გუნდების მიერ შემუშავებული ჩარჩო. ეს ჩარჩო მაგიდაზეა და მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პრეზიდენტი ტრამპის პირადი მონაწილეობით, ევროპასთან ერთად, ლიდერებთან ერთად, და ყველა პარტნიორთან ერთად, ვისაც დახმარების ძალა და შესაძლებლობა გააჩნია. მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე – არის სენსიტიური მომენტები განხილვისთვის, ისინი ჯერ კიდევ არის, და გვჯერა, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა შეიძლება სასარგებლო იყოს,”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “მსურველთა კოალიციის” ლიდერებთან საუბარში განაცხადა.