Category: ახალი ამბები

  • თეთრი სახლი აცხადებს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ომი, შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს

    ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ომი, შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს

    “პრეზიდენტი ძალიან ღია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით: თუ ამერიკულ ჯარს ირანი და მისი მარიონეტები თავს დაესხმებიან, ჩვენ შესაბამისად ვუპასუხებთ. ვფიქრობ, ირანელებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს.

    ჩვენ ვცდილობთ, რომ ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე ომი, რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. რისკი რეალურია”, – ამბობს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი.

  • ”პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული” – სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა გათიშეს

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან” მოსამართლის  ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, გათიშეს.

    კოჭლამაზაშვილის თქმით, სააკაშვილი „გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული”.

    „ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. ბრალდებულს დღეს, ისევე როგორც ყველა წინა სასამართლო სხდომაზე, მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. მას სასამართლომ მოუსმინა, დაახლოებით, 13-14 წუთი. ამ დროის განმავლობაში, მას საწყის ეტაპზე, განცხადების გაკეთების წინ, მიეცა განმარტება, რომ ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და წარდგენილი ბრალდების გარშემო უნდა ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მას არაერთგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია მისი საუბარი, თუმცა ის არ დაექვემდებარა მოსამართლის მიერ არაერთგზის გაკეთებულ მოწოდებებს. ამ დროს სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის საუბრობს და გასცდება განსახილველ საკითხებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ეხება. ჩვენ, მოსამართლეებს, ამის უფლება კანონიერად გვაქვს შეძენილი, რომ ნებისმიერ დროს, მხარე იქნება, ბრალდებული იქნება თუ დასაკითხი პირი, რომელიც გასცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, მისი საუბარი მოსამართლემ შეაჩეროს. ამ შემთხვევაში, მოხდა სწორედ ეს“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

    მას შემდეგ რაც მოსამართლემ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას გათიშა,  სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს.

    ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, მოსამართლეს ამ საქმის გაგრძელების მორალური უფლება არ აქვს.

    „საავადმყოფოდან ადამიანი რომ გათიშეთ, არაჰუმანურ ქცევაზე ნაკლები შეფასება ვერ მიეცემა, სამართლებრივი ტერმინიდან გამომდინარე, არაადამიანური ქცევაა ეს, პიროვნულად ნუ მიიღებთ. სააკაშვილი ავადმყოფობის გამო წელიწადნახევარი ვერ ერთვება სხდომებს, ის საუბრობს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება მიმდინარეობს. სააკაშვილმა რომ საერთაშორისო ამბებზე ისაუბროს, რატომ არ არის საქმესთან კავშირში? იმის ნაცვლად, გეკითხათ, რამდენი დრო დაჭირდებოდა, გათიშეთ. ეს თუ გაძევება არ არის, აბა რა არის? გათიშვის ნორმა არსებობს? გააძევეთ, მაგრამ გაძევებას არ არქმევთ. რაც გააკეთეთ, მას შემდეგ მორალური უფლება არ გაქვთ, ეს საქმე გააგრძელოთ“, – განაცხადა ბასილაიამ.

    აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა, მათი განმარტებითაც, სააკაშვილი საქმის გარშემო არ საუბრობს და დაცვის მხარის შუამდგომლობაც დაუსაბუთებელი იყო.

    ბადრი კოჭლამაზაშვილმა სხდომათა დარბაზში წესრიგის დარღვევის გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე გააძევა. მოსამართლის განმარტებით, ბარამიძის „შესაფასებელი არ არის, ის როგორ მოიქცეოდა“.

    სხდომა 20 ნოემბერს, 12:00 საათამდე გადაიდო.

  • ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ, ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი – სააკაშვილი

    “დღეს არის დიდი საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს დამპყრობელიც არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ. ნახეთ როგროი არეულობებია რუსეთში, მანამდე პრიგოჟინის აჯანყება იყო, წკიპზე არის რუსეთი, რუსეთი აუცილებლად ჩამოიშლება იმიტომ რომ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ამას ყოველ დღე ვხედავთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ თავზე არ ჩამოგვემხოს ეს ჩამოშლილი რუსეთი, იგივე ჩრდილო კავკასიით, სადაც ახლა არის არეულობები და უბედურებები.

    იმისათვის, რომ ჩვენ იყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ. მე მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დარეკავს და შეგვატყობინებს. […]

    მათ შორის ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას”,

    აცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

  • არ გვაქვს განზრახვა, ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარები გავგზავნოთ – ჰარისი

    “ჩვენ არანაირი განზრახვა ან გეგმა არ გვაქვს, რომ საბრძოლო ჯარები ისრაელში ან ღაზაში გავგზავნოთ.

    ისრაელს ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, უფლება აქვს, თავი დაიცვას. როგორც ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰამასისა და პალესტინელების გაიგივება არ მოხდეს”,

     

    თქვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.

  • რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერების სიძულვილი სისტემური და ღრმად ფესვგადგმულია – ზელენსკი

    ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი მაჰაჩყალაში, ეს არის რუსეთში სხვა ერების მიმართ ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი, რომელსაც ავრცელებენ სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება.

    გასული წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთი ანტისემიტური განცხადება გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოიყენა ანტისემიტური შეურაცხყოფა. ოფიციალური ტელევიზიით რუსი პროპაგანდისტებისთვის სიძულვილის ენა ჩვეულებრივი მოვლენაა.

    რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერების სიძულვილი არის სისტემური და ღრმად ფესვგადგმული. სიძულვილი არის ის, რაც აღძრავს აგრესიას და ტერორს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ სიძულვილის წინააღმდეგ.

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რითიც ეხმაურება მაჰაჩყალაში, ებრაელებზე თავდასხმის მოტივით ბრბოს აეროპორტში შეჭრას.

  • აშშ-ს საზღვაო სწრაფი რეაგირების ძალები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ გადაადგილდებიან

    აშშ-ს საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის სწრაფი რეაგირების ძალები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთისკენ  მიიწევს, იტყობინება წყაროებზე დაყრდნობოით CNN-ის კორესპონდენტი ორენ ლიბერმანი.

    აშშ-ს საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის სწრაფი რეაგირების ძალები მიემართება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ, რადგან არსებობს ალბათობა,  რომ ღაზას სექტორში ომი რეგიონალურ კონფლიქტში გადაიზარდება, განაცხადა ორმა ოფიციალურმა პირმა.

    საზღვაო ფეხოსანთა 26-ე საექსპედიციო განყოფილება სადესანტო ხომალდ–ამფიბია USS Bataan–ის ბორტზე ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის წყლებში მოქმედებდა, თუმცა, გასული კვირის ბოლოს სუეცის არხისკენ დაიწყო გადაადგილება , აცხადებენ ოფიციალური პირები.

    ერთ–ერთი ოფიციალური პირის თქმით, Bataan ამჟამად წითელ ზღვაშია და სავარაუდოდ მალე გადავა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.

    ამ ნაბიჯით  აშშ–ს საზღვაო ქვეითები ლიბანს და ისრაელს მიუახლოვდებიან. აშშ აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვების აუცილებლობის შესახებ. საზღვაო საექსპედიციო კორპუსის ერთ-ერთი ტიპიური მისიაა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება.

    თეთრმა სახლმა სამშაბათს განაცხადა, რომ ”არაგონივრული და უპასუხისმგებლო” იქნება, არ დაიგეგმოს ამერიკელი მოქალაქეების შესაძლო ევაკუაცია ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის ისრაელიდან და ლიბანიდან. მაგრამ იმ დროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ თქვა: „ახლა ჩვენ არ ვართ აღსრულების ფაზაში“.

    მაგრამ პარასკევს, როდესაც ისრაელმა გააფართოვა თავისი სახმელეთო კამპანია ღაზას სექტორში, აშშ-ს საელჩომ ბეირუთში კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკელებს „დაუყოვნებლივ წასულიყვნენ“ და გააფრთხილეს, რომ ქვეყნის დატოვების საუკეთესო დროა „კრიზისის დაწყებამდე“.

    აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირას  მე-4 დონემდე გაზარდა რეკომენდაცია  ლიბანში წასვლის მსურველი მისი მოქალაქეებისთვის, რაც ნიშნავს: არ იმოგზაურო.

    მეტი ამ თემაზე:

    აშშ გამოდის გაფრთხილებით,  რომ არსებობს “გაზრდილი რისკი”, ომი ისრაელსა და ჰამასს შორის გადაიზარდოს უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში, მიუხედავად ბაიდენის ადმინისტრაციის მცდელობისა შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორში.

    ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკი მოდის ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ლიბანთან, სადაც სამხედრო დაპირისპირება ჰეზბოლასთან, ირანის ძლიერ მარიონეტულ წარმომადგენელთან, გრძელდება, თუმცა დაბალ დონეზე.

    2006 წელს, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ბოლო ომის დროს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა ბრძანება ლიბანში ამერიკელი მოქალაქეების არასამხედრო ევაკუაციის შესახებ, რის შედეგადაც დაახლოებით ორ კვირაში 15000 ამერიკელის ევაკუაცია მოხდა.

  • ისრაელი Starlink-თან კავშირების გაწყვეტით იმუქრება, თუ მასკი სისტემის ღაზაში გამოყენებას უზრუნველყოფს

    ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა შლომო კარჰიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება გაწყვეტს კავშირს ილონ მასკის კომპანია Starlink-თან, თუ ბიზნესმენი დაუშვებს ამ სატელიტური საკომუნიკაციო სისტემების გამოყენებას ღაზას სექტორში.

    შაბათს მასკმა თქვა, რომ Starlink-ს გადასცემს ღაზაში მოქმედ აღიარებულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს. ამ დროისთვის სექტორში არანაირი კომუნიკაცია არ არის, რის გამოც სხვადასხვა უწყება თანამშრომლებთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

    „ისრაელი ყველაფერს გააკეთებს ამის თავიდან ასაცილებლად“, – დაწერა კომუნიკაციების მინისტრმა სოციალურ მედია X-ზე (ყოფილი Twitter). „ჰამასი ამას გამოიყენებს ტერორისტული საქმიანობისთვის. ამაში ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ ვიცით და მასკმაც იცის. ჰამასი არის ISIS  ალბათ შესაძლოა მასკი მზად არის ეს პირობა დადოს ჩვენი გატაცებული ჩვილების, ვაჟების, ქალიშვილების და მოხუცების გასათავისუფლებლად. Ყველა მათგანის უკლებლივ!”

    მანამდე პალესტინის ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა იშაკ სიდრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქვს კავშირში მათი Starlink-თან დაკავშირების საკითხზე ღაზას სექტორში.

  • ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ჯარების რაოდენობა გაზარდა

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ოპერაციების გაფართოების ფარგლებში ადგილზე ჯარების რაოდენობა გაზარდეს, იუწყება Times of Israel.

    გარდა ამისა, ჯარები მოქმედებენ ანკლავის შიგნით უფრო დიდ სიღრმეზე.

    მანამდე, IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ კვლავ მოუწოდა ღაზას მოსახლეობას გადაადგილდნენ სამხრეთით, რადგან სამხედროები გადადიან ჰამასის წინააღმდეგ ოპერაციის შემდეგ ეტაპზე.

    ”სამოქალაქო მოსახლეობა ჩრდილოეთ ღაზაში, ქალაქ ღაზადან, დროებით უნდა გადავიდეს  ღაზას სამხრეთით, უფრო უსაფრთხო ადგილას, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები,” – თქვა ჰაგარიმ ინგლისურ ენაზე ვიდეომიმართვაში.

  • ”ჰეი, დასავლეთო! გინდა ისევ დაიწყოს ომი ჯვარსა და ნახევარმთვარეს შორის?“– თურქეთის პრეზიდენტი პალესტინელების მხარდამჭერ მიტინგზე 

    თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა  პალესტინელების მხარდასაჭერ მრავალათასიან აქციაზე, რომელიც შაბათს სტამბულში გაიმართა.

    მთავარი ციტატები მისი გამოსვლიდან:

    ისევე, როგორც [ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ] ნეთანიაჰუ არის ტერორისტი, ჰამასიც არის ტერორისტული ორგანიზაცია. Სირცხვილი!

    ისრაელო, ჩვენ გამოგაცხადებთ ომის დამნაშავედ მსოფლიოს თვალში. ჩვენ ამისთვის ვემზადებით ახლავე.

    ჰეი ისრაელი! აქ როგორ მოხვედი? როგორ მოხვდი აქ? შენ ხარ ოკუპანტი. შენ ორგანიზაცია ხარ. თურქმა ხალხმა ეს იცის.

    მე ვსაუბრობ დასავლეთზე. ღაზას ხოცვა-ჟლეტაზე უდიდესი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება.

    Hey West! შენ გელაპარაკები, გინდა ისევ დაიწყოს ომი ჯვარსა და ნახევარმთვარეს შორის? თუ ამას გააკეთებ, იცოდე, რომ [თურქი] ხალხი არ მომკვდარა. ისევ ფეხზე ვდგავართ. და იგივე მონდომებით, როგორც ჩვენ [ვმოქმედებთ] ლიბიაში, როგორც ყარაბაღში, ისევე ახლო აღმოსავლეთში.

  • მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

    მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს.

    “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბატონი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო!მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.