Category: ახალი ამბები

  • ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა

    78 წლის ასაკში ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა.

    გერმანული გამოცემა ოჯახზე დაყრდნობით წერს, რომ ბეკენბაუერი კვირას, 7 იანვარს გარდაიცვალა.

    ფრანც ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად 1972, 1976 წლებში. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში.

    მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ გახდა მწვრთნელი. სხვადასხვა წლებში წვრთნიდა გერმანიის ეროვნულ ნაკრებს და მიუნხენის ბაიერნს.

  • 23 წლის, ცნობილი უკრაინელი მფრინავი “ლურჯი ჩაფხუტი” დაიღუპა 

    უკრაინაში,საბრძოლო დავალების შესრულებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების 114-ე ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის 23 წლის პილოტი, ვლადისლავ ზალისტოვსკი, მეტსახელად  “ლუჯი  ჩაფხუტი” (Blue Helmet) დაიღუპა. ის ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო, სასწავლებელმა ასევე დაადასტურა მისი დაღუპვა.

    ვლადისლავ ზალისტკოვსკი MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი იყო.

    • “ვერცერთი ჩვენგანი ვეღარ  იხილავს ახალ ლურჯი_ჩაფხუტის ვიდეოებს. ვლადისლავი ჩვენი ცის დასაცავად დაიღუპა, თუმცა ის მხოლოდ 23 წლის იყო. უბრალოდ დაფიქრდით ამ რიცხვზე 23 წელი, და ის იყო MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი და უკვე ჰქონდა ათობით საბრძოლო გაფრენა შესრულებული. ქედს ვიხრი მის წინაშე და პატივს ვცემ, როგორც ნამდვილ მებრძოლ პილოტს, რომელიც დაიღუპა უკრაინის დასაცავად!” – წერს მისი თანამებრძოლი მეტსახელად Air Fighter “ინსტაგრამზე”.
  • პოლიციამ მარნეულში ძაღლზე ძალადობისთვის 1 პირი დააკავა

    შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა.

    გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. მუხლი ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით შინაპატიმრობას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ძაღლზე ძალადობის კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა. შემთხვევა სოფელ გაჩაღანში მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ცხოველს სასტიკად სცემს ჯოხით. არსებული ინფორმაციით, ცხოველი მოკვდა.

    უფლებადამცველი, სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ გუშინ ადგილობრივებმა გაავრცელეს ინფორმაცია აღნიშნული პირის მხრიდან, წარსულში, ბავშვის მიმართ, სავარაუდო, სექსუალური შევიწროების ფაქტზეც.

  • რატომ ატეხეს ამბავი? ხატზე უარყოფითი პერსონაჟიც შეიძლება მოხვდეს – ჯაღმაიძე

    რატომ ატეხეს ამბავი? ხატზე უარყოფითი პერსონაჟიც შეიძლება მოხვდეს – ჯაღმაიძე

    “მიმაჩნია რომ, იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესი ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან დააკნინონ ქართული ეკლესია. 200 პროექტი განახორციელა საპატრიარქომ წელს, რომელიც ეხებოდა კომუნისტურ პერიოდში მოწამე ქართველ წმინდანებს, დახვრეტილებს, დევნილებს, არც ერთი მათგანი არ გაუშუქებია იმ ტელევიზიებს, რომლებმაც შობის დღესასწაულის მოგონილი სკანდალით გადაფარვა სცადეს. დავუკვირდეთ და ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას? გავიხსენოთ საეკლესიო დღესასწაული, როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე?

    დღეს ინტერვიუ მთხოვა რადიო თავისუფლებამ, აქ ვდებ კომენტარს:

    პირველი შეკითხვაა, რატომ ატეხეს ასეთი ამბავი მაინცდამაინც შობის ღამეს? ამ დღისთვის რატომ შემოინახეს ეს თემა? რას მიაღწიეს? ხალხს წაართვეს სიხარული და ეს უფრო მეტი ბოროტებაა არაა, ვიდრე დავუშვათ სტალინის ხატზე გამოსახვა. ასეთი რამ ბოლო წლებში არაერთხელ გაუკეთებიათ, როდესაც სადღესასწაულო დღეს, სკანდალის გამოგონებაში იყვნენ. ეს უკვე ერთგვარი ტექნოლოგიაა.

    მხოლოდ ერთს დავამატებ, მატრონასთან სტალინის მისვლის ისტორია ჩემი აზრით უფრო მითია, ვიდრე რეალობა. მისი ცხოვრების აღმწერი ახსენებს ამას. ჩემი პირადი აზრით, რადგან წმინდანის ცხოვრება მის ღვაწლს უნდა უკავშირდებოდეს, მატრონას შემთხვევაში ნაკლებად შეიძლება ასეთი ღვაწლის გამოკვეთა, თუმცა მრავალი მორწმუნე და არა მხოლოდ რუსეთში, მისადმი ლოცულობს. გარდა იმისა, რაც მის ცხოვრების აღმწერი გადმოსცემს, არის ბევრი მითქმა-მოთქმა, რაც მისი ღვაწლის შესახებ მსჯელობას ნაკლებად შესაძლებელს ხდის, არა მხოლოდ ჩემი აზრით. ასე რომ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

    რაც შეეხება სტალინის ხატზე გამოსახვას, პირველ რიგში სათქმელია, რომ ეს არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, რადგან ხატზე შეიძლება უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს, მაგალითად დიოკლიტიანე, თუმცა აქ განსხვავებული შინაარსია, ამ ხატზე სტალინი უარყოფით კონტექსტში არაა. იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის სტალინის ხატი და სტალინი აქ არ არის პირი რომელზეც ლოცულობს ვინმე, როგორც ეს ამ ატეხილ აჟიოტაჟში დახატეს. მთლიანობაში ეს ორი დღეა მათი მსმენელი სტალინზე ფიქრობს, ხოლო მორწმუნეები იესო ქრისტეს სასწაულებრივ განკაცებაზე და კაცობრიობის ხსნის დასაწყისზე. თქვენ აირჩიეთ ვისი სიახლე სჯობს. გილოცავთ შობას!”,

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სამებაში სტალინის გამოსახულებით ხატის გამოჩენას ეხმაურება.

  • ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს რომ დაღუპულთა რიცხვი 23 000-ს აღემატება

    ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23 000-ს აღემატება.

    „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 23 084-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 58 926-ს აღწევს.

    სამინისტროს ცნობით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 249 ადამიანი დაიღუპა და 510 დაშავდა.

  • ბოლნისში მანქანა 2 მოზარდს დაეჯახა – ორივე ძმა ადგილზე გარდაიცვალა

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში მანქანა ორ მოზარდს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

    არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე არასრულწლოვანებს დაეჯახა. ისინი ძმები იყვნენ.

    როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

  • ისრაელმა საჰაერო იერიშით ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაური მოკლა

    სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაურო მოკლეს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Reuters-ს უშიშროების საკითხებში სამმა წყარომ აცნობა. გამოცემა Times of Israel-ის თქმით, ლიბანური წყაროების ცნობით, ჰეზბოლას ელიტური “რადავანის რაზმის” უფროსი მეთაურის მკვლელობამ ტერორისტულ დაჯგუფებას “მტკივნეული” დარტყმა მიაყენა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ვისამ ალ-თავილია, რომელიც რადავანის რაზმის მეთაური იყო და სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მოქმედებების წარმართვაში მოწინავე როლი ჰქონდა.

    ის ჰეზბოლას მებრძოლთან ერთად ლიბანის სამხრეთში მდებარე სოფელში, მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც ისრაელმა მასზე საჰაერო იერიში მიიტანა.

  • ზალუჟნის თქმით, ღამით რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, გასულ ღამეს  რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს.

    “უკრაინელმა დამცველებმა 8-ვე უპილოტო საფრენი აპარატი Shahed 136/131 და 18 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. რუსები თავს დაესხნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ასევე სამრეწველო, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს. მტერი უკრაინის სხვადსხვა რეგიონს უმიზნებდა”, – თქვა ზალუჟნიმ.

  • თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – 9 იანვრიდან ამინდი გაუარესდება

    9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

    ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

    10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს.

    დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

    “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

  • განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში – აზარაშვილი

    “დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები ტრიალებს, არა მარტო საქართველოში, ეს მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ. ვაქცინაციას, რაც შეეხება და გრიპის ვაქცინებს, ეს მარაგში დღესაც გვაქვს და ყველა მსურველს შეუძლია ჩაიტაროს შესაბამისი ვაქცინაცია”,

    ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი .