Category: ახალი ამბები

  • კანონი პირდაპირ შეუქმნის საფრთხეს ხანგრძლივ ორმხრივ პარტნიორობას – პაუერი

    მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში დღევანდელ კენჭისყრას “უცხოური გავლენის” კანონის მხარდასაჭერად, რაც ძირს უთხრის საქართველოს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას და საბოლოო ჯამში გაართულებს მათ მიერ ქართველი ხალხისთვის საჭირო სერვისების მიწოდების გაგრძელებას. ღრმად შეშფოთებული ვართ მსგავსი კანონის ეფექტებით ორგანიზაციებზე, რომლებიც დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ.

    როგორც ევროკავშირმა ცხადად თქვა, ეს კანონი პოტენციურად საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში ინტეგრაციაში, რასაც მხარს უჭერს ქართველი ხალხის უმრავლესობა, გზიდან გადაიყვანს. და ის პირდაპირ შეუქმნის საფრთხეს ხანგრძლივ ორმხრივ პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის, რაც ორმხრივ ინტერესებსა და დემოკრატიის გაზიარებულ ერთგულებას ეფუძნება – პარტნიორობას, რომელიც სათავეს იღებს ადრეული 1990-იანი წლებიდან, რომლის დროსაც USAID-მა დასახმარებლად გამოყო 2 მილიარდი დოლარი.

    შეერთებული შტატები ყველა მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ესკალაციისგან ან ძალადობრივი ქმედებებისგან, ხოლო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ კონცენტრირდეს ძალისხმევასა და ინიციატივებზე, რომლებიც ქართველი ხალხის უდიდეს საჭიროებებს უპასუხებს.

    წერია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებაში რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით.

  • თუ დამასანქცირებენ, მექსიკიდან გადავიპარები, დავათვალიერებ და გადმოვიპარები – სამხარაძე

    ჩემს პირად მოკრძალებულ აზრს გაგანდობთ:

    თუ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ქართველები ოდესმე მოვესწრებით, რომ შეერთებულ შტატებში უვიზოდ ვივლით, ნამდვილად მივესალმები, მაგრამ ამ მოცემულობაში, მე თუ ვინმე დამასანქცირებს და ამერიკის ვიზას არ ჩამირტყამს, ვერც ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას.

    თუ ამერიკის ნახვა მომინდება, როგორც ქართველი ვიზიტორების 99.9 %-ია “დასანქცირებული” და სურვილის მიუხედავად არ აძლევენ ვიზას, მეც მათსავით მოვიქცევი, როგორც ეს ხალხი იქცევა ძირითად შემთხვევაში, მექსიკიდან გადავიპარები, დავათვალიერებ და გადმოვიპარები, ისე რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს, თუ არ “გავსთორე”.

    ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე.

     

  • ო’ბრაიენი: თუ კანონn შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს

    თუ ეს კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან და ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, იქნება ეს ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე , – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    მისი თქმით, თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, ის უნდა იყოს მშვიდობიანი და ასევე, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ პირები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებაში იქნებიან ბრალდებულნი.

    „თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, გვსურს, რომ ის მშვიდობიანი იყოს და გვსურს, რომ პოლიციის წარმომადგენლობა იყოს მშვიდობიანი, გვინდა, რომ არ იყოს დაშინების ფაქტები დემონსტრანტებისა თუ სხვების, იქნება ეს თავად აქციაზე, მათ სახლებში თუ მათი ქონების საწინააღმდეგოდ, როგორც ეს იყო უკანასკნელი დღეების განმავლობაში. დაშინებაზე პასუხისმგებელი ადამიანები უნდა მოიძებნონ და სამართალში იქნან მიცემულნი.

    თუ კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე და თუ ამგვარი რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მისამართით გაგრძელდება, ვფიქრობ, ურთიერთობები რისკის ქვეშ დადგება. რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ – ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, დაახლოებით, 319 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც ვგეგმავთ საქართველოს ხელისუფლებასთან, ნახევარს სამხედრო დახმარებისთვის, მესამედის დახარჯვას ვგეგმავთ ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტებისა და ასევე ინსტიტუციების მშენებლობისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველაფერი ეს უნდა გადაიხედოს, თუ ჩვენ ახლა განვიხილებით როგორც მოწინააღმდეგე და არა პარტნიორები. და თუ ეს კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან და ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, იქნება ეს ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე“,- განაცხადა ობრაიენმა.

    მისივე თქმით, აშშ-ს სურს, რომ საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ.

    „ამ რაღაცებს იმიტომ არ ვამბობ, რომ მსურს ეს მოხდეს, არამედ მსურს, რომ საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ. იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე კვლავ დაიწყება დღეს სიარული და თუ ასე არ მოხდება, მაშინ აღნიშნულ საკითხებს ძალიან სწრაფად გადავხედავთ”, – აცხადებს ის.

  • პრეზიდენტისა და ჯიმ ო’ბრაიენის შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა, საუბრის შინაარსი საჯარო არ არის – ადმინისტრაცია

    საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათნახევრი გაგრძელდა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით,  საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა.

    საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.

    ჯიმ ო’ბრაიენმა დღეს დილით შეხვედრა გამართა პრემიერ კობახიძესთან, შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

  • ”რუსულმა კანონმა შესაძლოა, დააბრკოლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება” – გაერო

    “რუსულმა კანონმა, შესაძლოა, დააბრკოლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება” – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში წუხილს გამოთქვამს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო. კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება. აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად”. – წერია გაეროს განცხადებაში.

  • “ოცნებამ” ცხადი გახადა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს! – ჯიმ რიში

    “დღეს სამოქალაქო საზოგადოების დამაზიანებელი კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ცხადი გახადა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს. ეს უდიდესი სილის გაწვნაა ქართველთა 80%-ისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს”

    წერს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში X-ზე

  • პარლამენტის წინ დავით ქაცარავა დააკავეს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავა დააკავეს.

    ცოტა ხნის წინ, პოლიციამ დააკავა ლაზარე გრიგორიადისიც.

    მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეები გააფრთხილა.

    საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

    აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.

    სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

    საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, – წერს შსს.

  • პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

    აქციაზე, პარლამენტის წინ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ადასტურებს.

    ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

  • არ დაუშვათ მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება – შსს აქციის მონაწილეებს

    “არ დაუშვათ მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება ” – რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან ანტირუსული აქციის მონაწილეებს აფრთხილებს.

    “პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

    მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.

    ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება”, – წერია განცხადებაში.

  • “ქართლმა ოცნებამ” რუსული კანონი III მოსმენით მიიღო

    “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი III მოსმენით რამდენიმე წუთის წინ  მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

    პარალელურად პარლამენტთან დილიდან საპროტესტო აქციები იმართება.

    ახლა პარლამენტი კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის ხელმოსაწერად, რომელსაც  სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვეტოს დაადებს.

    3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონი,” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა,” ნაცვლად “უცხოური გავლენის აგენტისა.”