Category: ახალი ამბები

  • მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს – 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული

    “მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი” – ამ სიტყვებით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს მიმართა.

    სასამართლოზე ექსპერტმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს.სპეციალისტის თქმით, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა.

    “ხელითაც შევხებივარ.. “კაიფში” ვიყავი, ფხიზელი არ ვიყავი, ღამე იყო, რაღაც ელემენტარულზე დავიწყეთ, მკვლელობა მოხდა, არ მახსოვს, გამთენიისას მოვედი გონს და ქალაქგარეთ ვიყავი, როგორ მოვკალი არ მახოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე”,- ეს სიტყვები ოთარ ცინდელიანს ეკუთვნის, რომელიც მან ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტს განუცხადა  [IPN].

    ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

  • BUS LANE-ზე მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება დასაშვები გახდა

    მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მე-3 მოსმენით 77-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.

    “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. ამ მიზნით ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, ენიჭება მოტოციკლს ან/და მოპედს”,- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

    ცვლილებების ინიციატორი “ქართული ოცნების” დეპუტატები  არიან.

  • როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

    21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. როგორც გარემოს ეროვნული  სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 21-22 ივლისს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს.

    „თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • 128 ჯავშანმანქანა და 18 ჰაუბიცა – საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გადასცემს

    ფრანგული გამოცემა France Info-ს ცნობით, საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც უკრაინელი სამხედროების გადამზადებას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჯავშანტექნიკისა და ჰაუბიცების გამოყოფას მოიცავს.

    France Info-ს ცნობით, კიევი პარიზიდან მიიღებს 128 ჯავშანმანქანას VAB, 18 თვითმავალ ჰაუბიცა Caesar-ს და 24 მსუბუქ ტანკს. ასევე უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, სატვირთო მანქანები და რადარები გადაეცემა.

    საფრანგეთის შამპან-არდენის პროვინციაში 2100 უკრაინელი ჯარისკაცი ორთვიან გადამზადებას გაივლის. უკრაინელი სამხედროები საფრანგეთის ძალებთან ერთად წვრთნებს ღია სივრცეში გაივლიან. ასევე, აღნიშნული 2100 სამხედროდან მცირე ჯგუფი სპეციალურად ტანკების მართვის მიმართულებით გადამზადდება.

  • ამნისტია არ იქნება ვაჭრობის საგანი! – მამუკა მდინარაძე

    ამნისტია არ იქნება ვაჭრობის საგანი! – მამუკა მდინარაძე

    შეიძლება, რაღაც საკითხები ჩავამატოთ კიდევაც. არავის არ ვაძლევ ამის დაპირებას, ოღონდ აუცილებლად დაზარალებულის თანხმობით. ყველას ვაფრთხილებ, რომ ეს [ამნისტია] არავითარ შემთხვევაში არ იქნება ვაჭრობის საგანი; რაიმე პოლიტიკური ვაჭრობის და სხვა სახის – მითუმეტეს.

    განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

  • დააკავეს პირი, რომელიც იღებდა როგორ გადაუკეტა პატრულმა ბაიკერს გზა, რის გამოც ბიჭი მანქანას შეეჯახა და დაიღუპა

    თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი, 20-დან 25 წლამდე ბიჭი, ადგილზე დაიღუპა.

    შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა კიდევ ერთი მოქალაქე, გიკა მოდებაძე.მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ  მოგვიანებით მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა.  ოჯახის ინფორმაციით, მოდებაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მიზეზად დასახელდა პოლიციელის შეურაცხყოფა.

     

  • კახეთში 2 710 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლნენ – დააკავეს 3 პირი

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთი უცხოეთის მოქალაქეა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, საზღვარგარეთ დამზადებულ იქნა ყალბი მინდობილობა, რომლითაც მესაკუთრე თითქოსდა ანიჭებდა უფლებამოსილებას ერთ-ერთ ბრალდებულს მოეხდინა მისი მიწის ნაკვეთის გასხვისება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის საფუძველზე გაფორმებულ იქნა კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ იქნა „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“, – წერია განცხადებაში.

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

  • განმუხურში, მდინარეში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

    განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

    მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად საბანაოდ წავიდა. მანამდე მდინარის ნაპირზე მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი იპოვეს.

  • “ქართული ოცნებიდან ბევრი გადმოვა ჩვენთან” – გიორგი გახარია

    “პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩვენ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით დამოუკიდებლად და არაფერი არ შეცვლილა ამასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” მონაწილეობს დამოუკიდებლად…ქართული ოცნებიდან ბევრი გადმოვა ჩვენთან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ღირსეული ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღიაა”

    განაცხადა პარტია ” საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ.

  • განმუხურში, მდინარეში მოზარდს ეძებენ

    განმუხურში, მდინარე ენგურში პოლიცია და მაშველები მოზარდს ეძებენ.

    გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად საბანაოდ წავიდა.

    მდინარის ნაპირზე ნაპოვნია მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი.

    სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.