მივესალმები სულით, გულით და დიდი სიყვარულით ყველა იმ თანამებრძოლს, რომელიც 3 თვის განმავლობაში, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში ყოველდღე სამშობლოს სადარაჯოზე დგას. ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ყველა თქვენგანით.
30 წლის წინ პირველად საქართველოში ჩამოვედი, ვისწავლე ისტორია და გავიცანი ეროვნული გმირები. მანამდე მე ვიცნობდი გმირად მხოლოდ, ჩვენი ანუ “ჩვენებურების” ბელადს ახმედ მელაშვილს, რომელმაც თავი შესწირა 1981 წელს ქართველების-სამშობლოსთვის.
თუმცა შემდეგ კი გავიგე, რომ ქართველ ერს უამრავი გმირი, ეროვნული გმირი ჰყოლია. ამჟამად შემიძლია მათგან მხოლოდ შემდეგების სახელი-გვარები დავასახელო: 9 ძმა ხერხეულიძე, მიხა ხელაშილი, მარო მაყაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ხასან თხილაიშვილი, გულო აღაკაიკაციშვილი, იუსუფ ქათამაძე, ლომან ეფენდი, ქარცივა ხასანეფენდისურმანიძე, ასლანბეგ აბაშიძე, მემედ აბაშიძე, გიორგი მაზნიაშილი, ალისულთან ზოვაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, სერგი მესხი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, 9 აპრილის გმირები, აფხაზეთის ომის გმირები, ცხინვალის ომის გმირები, შინდისის გმირები და სხვები. როცა საჭირო გამხდარა სამშობლოს გადარჩენისთვის ამ ადამიანებს თავშეწირვით, თუ სხვა ფორმით თავისი მოვალეობა შეუსრულებიათ.
ჩემს თანამებრძოლებში, ე.ი. ყველა თქვენგანში, დღეს, მე ვხედავ ზუსტად ზემოთ აღნიშნული ეროვნული გმირების გულწრფელ პატრიოტულ სულისკვეთებას. ამ ფაქტიდან გამომდინარე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს თქვენ ხართ დიადი ქართველი ერის ნამდვილი თანამედროვე, თავისუფალი, ცივილიზებული, დემოკრატიული, პატრიოტი, საამაყო მამულიშვილები. ასევე, თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს სამი თვის ბრწყინვალე ბრძოლით ქართველი ერის ნათელი და მებრძოლი სახე. ყველა თქვენგანს სულით, გულით და დიდი პატივით გაფასებთ. ყველანი უზომოდ მიყვარხართ, ყველას გეხუტუნებით, უფროსებს ხელებზე, უმცროსებს თვალებზე გკოცნით.
ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხებისთვის, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი ფორმა. დღეს სამშობლოს გადარჩენისთვის მიმდინარე პროტესტში ჩემი ბრძოლის ფორმით, პირადი წვლილის შეტანის დიდი სურვილი მაქვს. ამჟამად ჩემი ბრძოლის ფორმა შიმშილობა არის. გთხოვთ, პატივი ეცით ჩემს პატრიოტულ, გულწრფელ ნებისყოფას და სამშობლოსთვის ბრძოლის შეწყვეტა შემდეგში აღარ შემომთავაზოთ. … მსგავსი რამ თქვენ რომ შემოგთავაზონ, მე დარწმუნებული ვარ, თქვენი პასუხი იგივე იქნება. ჩვენი საერთო მუხტის და გამძლეობის შენარჩუნებისა და ხანგრძლივობისთვის, ყველა სინდისის პატიმრის აქ, ციხეში ბრძოლის გაგრძელება და თქვენი რუსთაველის გამზირზე და სხვა ქალაქებში ბრძოლის გაგრძელება, ჩვენი გამარჯვებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოს, საქართველოს გადარჩენისთვის. წმინდა ბრძოლა ერთად უფრო ძლიერი არის.
მინდა იცოდეს ქართველმა საზოგადოებამ, რომ:
ჩვენ ვართ საქართველო, უფალი ჩვენთან არის, მე მჯერა გამარჯვების!
“ჩვენ გადავცურავთ ზღვას და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!”
“სოლიდარობა სამშობლოს ყველა თანამებრძოლს და სინდისის ყველა პატიმარს!”
“ცეცხლი ოლიგარქიას და ჯოჯოხეთი ივანიშვილს!”
“საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე: არასდროს, არასდროს არ დანებდე!”
“ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე, არ დანებდეთ!”
მე აქ ძალიან კარგად და მხნედ ვარ, მინდა რომ თქვენც ჩემსავით იყოთ… ძალა ერთობაშია!
21.02.2025 მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი.
Category: ახალი ამბები
-
ჩემი ბრძოლის ფორმა შიმშილობაა, აღარ შემომთავაზოთ სამშობლოსთვის ბრძოლის შეწყვეტა – თემურ ქათამაძე
-

”იმისთვის ვარ, რომ მივიღო მეტი ინფორმაცია დაგავაძლიერო ზეწოლა ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებზე” – რასა იუკნევიჩიენე საქართველოშია
”იმისთვის ვარ, რომ მივიღო მეტი ინფორმაცია დაგავაძლიერო ზეწოლა ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებზე” – ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოშია.
დღეს, 26 თებერვალს, იუნევიჩიენემ შეხვედრა გამართა საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ასევე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
“ჩვენ, ევროპარლამენტმა, გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. რეზოლუცია იყო ძალიან ძლიერი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მას მხარი 400-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი არ ფიქრობს ასე. ჩვენ აღმასრულებელ ორგანოებს წარვუდგინეთ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღმასრულებელი ორგანოები იმოქმედებენ სწრაფად, მაგრამ ეს არც ისეთი მარტივია, მხოლოდ საქართველო არ არის დღის წესრიგში. ჩვენ ჩვენი უსაფრთოხებისთვის და თავდაცვის უნარიანობისთვის ბევრი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვარ აქ იმისთვის, რომ მივიღო მეტი ინფორმაცია და გავაძლიერო ზეწოლა ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რათა ჩამოაყალიბონ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადაარჩინონ დემოკრატია, თავისუფლება და საქართველოს ევროპული ცხოვრების წესი, რათა დაეხმარონ საქართველოს დაბრუნდეს ევროპულ გზაზე.
რაც შეეხება უნგრეთს და სლოვაკეთს, ისინი მხოლოდ საქართველოს საკითხს არ ეწინააღმდეგებიან, მათ შორის, უკრაინის საკითხსაც. ჩვენ რეზოლუციაში ვახსენეთ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ უნდა წავახალისოთ 27-დან 25 სახელმწიფო, რომ დაუწესონ სანქციები ივანიშვილის რეჟიმს ეროვნულ დონეზე და აჩვენონ ერთიანობა ივანიშვილის რეჟიმს, რადგან მათი ქმედებები არ არის შესაბამისობაში არცერთ ევროპულ ღირებულებასთან”. – ამბობს ევროპარლამენტარი TV პირველთან [ტელევიზიის თარგმანი].
-
აქამდე არ გვაქვს არცერთი კრიტიკული შემთხვევა, როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა – კობახიძე
„მაქსიმალურად, სადაც საჭიროება იქნება, უზრუნველვყოფთ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებით. ძალიან აქტიურად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არცერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო დახმარების გაწევას.[…] დღისა და ღამის განმავლობაში ისინი აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რჩება სერიოზული სირთულეები და პრობლემები. ჯერ კიდევ არის დასახლებები, რომლებიც მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს, შესაბამისად, იქ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამახვილებული, რათა კომუნიკაცია აღდგეს. სხვადასხვა საშუალება იქნება ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში“,
განაცხადა ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ.
-
გერმანიის განათლების სამინისტრო საქართველოსთან თანაშმრომლობას აღარ განაახლებს – ფიშერი
“გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ შეაჩერა გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება, რომელიც ასევე მოიცავს სტუდენტების მობილობას, კვლევასა და საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის პროგრამებში – საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო. ქართველებმა, რომლებიც დადიოდნენ გერმანულ სკოლებში, ძირითადად გერმანული გრანტებით, იციან დანაკარგის ფასი”
წერს ამის შესახებ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი X-ზე.
?? Minister for Education & Research @BMBF_Bund has frozen upgrade of ???? science co-op, incl. student mobility, research & ?? in ?? programs – due to ?? curbs on academic freedom & halt of EU accession. Georgians who attended ?? unis – mostly on ?? scholarships- know the loss. pic.twitter.com/DxXZiujFxa
— Peter Fischer (@Diplo_Peter) February 26, 2025
-
შსს ₾7 მილიონად მობილურებში დაცული ინფორმაციის წამკითხველ სისტემას ყიდულობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისრაელის კიბერუსაფრთხოების კომპანია Cellebrite-ისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებისა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლებიც მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ციფრულ აპარატურაში დაცული ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამის ინფორმაციას, BM.GE ავრცელებს.კონტრაქტი გაფორმდა შპს “ქომუნალ ტექნოლოჯი”-სთან, რომელიც საქართველოში Cellebrite-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, Cellebrite-ის სისტემები გამოიყენება ანდროიდის, ეფლის, მაიკროსოფტის, ლინუქსისა და სხვა ოპერაციულ სისტემებში დაცული მონაცემების წაკითხვისთვის.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, აპარატურას საქართველო 20 კალენდარული დღის ვადაში მიიღებს და ლიცენზიები 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
შესყიდვა მოიცავს:
Cellebrite Inseyets – 3 წლიანი 4 ერთეული ლიცენზია (არსებული 4 Premium ადაპტერის გამოყენებით), რომელიც აერთიანებს Cellebrite UFED Premium, Cellebrite UFED 4PC, Cellebrite Physical Analyzer, Cellebrite Cloud და Cellebrite Commander სისტემებს 4,413,820 ლარი;
Cellebrite Inseyets – 3 წლიანი ლიცენზია (ახალი Inseyest ადაპტერის გამოყენებით), რომელიც აერთიანებს Cellebrite UFED Premium, Cellebrite UFED 4PC, Cellebrite Physical Analyzer, Cellebrite Cloud და Cellebrite Commander სისტემებს 1,156,636 ლარი;
Cellebrite Digital Collector – 1 ლიცენზია (არსებულის განახლება), ღირებულებით 69,000 ლარი.მოწყობილობები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვისაა განკუთვნილი, რაც კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის ლაბორატორიას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად დაამუშაოს საგამოძიებო მონაცემები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არქივის თანახმად, სახელმწიფო კომპანია Cellebrite-თან 10 წელზე მეტია თანამშრომლობს, აქამდე გაფორმებული ყველაზე მსხვილი შესყიდვა ეკუთვნოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რისი ღირებულებაც 900 ათას ლარს შეადგენდა.
შსს-ს განმარტებით, ამ ტექნოლოგიის შეძენა აუცილებელია იმ მიზნით, რომ კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის ლაბორატორიის შესაძლებლობები გაფართოვდეს. აღნიშნული სისტემები საშუალებას იძლევა პარალელურად ექვსი პროცესის გაშვება, მონაცემების სწრაფი ანალიზი და კატეგორიზაცია, რაც საგამოძიებო პროცესებს მნიშვნელოვნად აჩქარებს.
Cellebrite-ის როლი და საერთაშორისო გამოცდილება Cellebrite-ის პროდუქტებს აქტიურად იყენებენ აშშ-ის, ევროპის და აზიის ქვეყნების სამართალდამცავი უწყებები. თუმცა, კომპანია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი იმ ქვეყნების მიერ, სადაც მისი ტექნოლოგიები სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვისთვის იქნა გამოყენებული. აღნიშნულის გამო, 2021 წელს კომპანიამ რუსეთთან და ბელარუსთან პარტნიორობა შეწყვიტა.
მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში, რაც შესყიდვის განცხადებას ახლავს თან Cellebrite-ის გაყიდვების მენეჯერი ალბერტ კაცირი აღნიშნავს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომლისთვისაც მათ აპარატურის მიყიდვის უფლება გააჩნიათ, თუმცა კაცირი აცხადებს რომ ეს შესაძლოა შეიცვალოს, აქედან გამომდინარე ის მთავრობას სთავაზობს აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა შეიძინონ იქამდე, სანამ საქართველოში მომსახურების მიწოდების შეზღუდვის შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
-
იმერეთში ჩაკეტილია 149 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს – ზალკანიანი
დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდდნენ ქალაქის, ასევე, სოფლამდე მისასვლელ გზებს. ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია 149 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის.არის გარკვეული მუნიციპალიტეტები, სადაც დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში.
-
საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 12 სოფელი ჩაიკეტა
საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 12 სოფელი: ნიგვზარა, კორბოული, სპეთი, შომახეთი, მოხვა, ცხომარეთი, ბახიოთი, ცხამი, დურევი, ჭალოვანი, ლიჩი, ღოდორა ჩაიკეტა.
“თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს. სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და უკვე 24 საათის განმავლობაში მუშაობს გზების გასაწმენდად. ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს. ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეფერხებულა.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ დროისთვის შეწყვეტილია სწავლა 20 საჯარო სკოლაში-არგვეთი, გამოღმა არგვეთი, გორისა, იტავაზა, ლიჩი, მერჯევი, მოხვა, მოძვი, მახათაური, ნიგვზარა, სარეკი, სისვაძეები, ქორეთი, შომახეთი, ჭალოვანი, ჯალაურთა, ცხომარეთი, საირხე, სავანე, ჭორვილა.
მოსალოდნელი გართულების თავიდან არიდების მიზნით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შეაჩერა სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც”. – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
რკინიგზა 26, 27 და 28 თებერვალს რამდენიმე რეისს აუქმებს
დიდთოვლობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი კვლავ გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
26 თებერვალი:
№ 804 თბილისი – ბათუმი;
№801 ბათუმი – თბილისი;
№869 ზუგდიდი-თბილისი;
№874 თბილისი -ფოთი;
№617 ბორჯომი-თბილისი;
№686 თბილისი – ბორჯომი;
27 – 28 თებერვალი:
№ 854 თბილისი-ოზურგეთი;
№ 853 ოზურგეთი-თბილისი;
№ 6355/6356 ქუთაისი-რიონი;
№ 6353/6354 ქუთაისი -რიონი;
№ 682/681 ქუთაისი- ბათუმი;
№ 684/683 ქუთაისი-ბათუმი;
№ 613/614 ბათუმი-ოზურგეთი;
№618/617 თბილისი – ბორჯომი;
№685 ბორჯომი-თბილისი;
მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ.
საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე, კრიტიკულ ობიექტებზე მუშაობენ – სამინისტრო
თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის თქმით, დასავლეთ საქართველოში მოვლენილი სტიქიური დიდთოვლობისგან დაზარალებულ კრიტიკულ ობიექტებზე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გამოწვეული “პრობლემების აღმოფხვრასა და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად” მუშაობენ.
“საქართველოს თავდაცვის ძალები დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობს დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ.
დღეს დილიდან სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით გავიდნენ ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე, სადაც მოსახლეობა დახმარებას საჭიროებს.
ჯარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადი შემადგენობითა და შესაბამისი ტექნიკით არის ჩართული. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-ს სამაშველო სამსახურთან, მოსახლეობის დახმარების მიზნით, მუდმივ კოორდინაციაშია.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო.
თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები”. – წერია განცხადებაში.
-
ბათუმში ჩამოინგრა სახლი, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 2 მოქალაქე გამოიყვანეს – საგანგებო
“ბათუმში ჩამოინგრა სახლი, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 2 მოქალაქე გამოიყვანეს”- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გამოსვლას.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სხვა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი , სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე.
მაშველებმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. ისინი კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – წერია განცხადებაში