Category: ახალი ამბები

  • 8-11 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, თოვლი, ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი

    8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ინფორმაციას ამის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

    ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

  • ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ბრალდება წარუდგინეს

    თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ერთპარტიულ, პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო ბრალდება წარედგინა.

    “არავის აქვს მორალური უფლება, გამოცხადდეს იმ მასკარადზე, ე.წ კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის, მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი”- თქვა ოქრუაშვილმა.

    27 მარტს, ე.წ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურას გადასცა.

  • თუ “ოცნება“ გადაწყვეტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვოს, პირდაპირ დაადგება გზას, რაც რუსეთმა გაიარა – ანა ნაცვლიშვილი

    „ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იქნა გაცემული რეკომენდაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. ასევე, აპრილის თვეში ჩანიშნოს თარიღი, როცა ამ ქვეყანაში, უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები იმიტომ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და შესაბამისად, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ აქვს აღიარება. თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ იმის ნაცვლად, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აიღო ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, დატოვოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭო, ის პირდაპირ დაადგება იმ გზას, რა გზაც გაიარა რუსეთმა. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს არა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რუსეთის მითითებით. ამიტომ ეს ტესტი, რომელიც მან უნდა ჩააბაროს რამდენიმე საათში, კიდევ ერთხელ იქნება იმის ტესტი, ემსახურება „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ინტერესებს თუ არა. ასევე, შეასრულებს სამართლიანი არჩევნების დანიშვნის და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების საკითხს თუ ბოლომდე გაჰყვება პუტინის რუსეთის გზას, რომელმაც თავის დროზე სწორედ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და დემოკრატიული გზიდან გადახვევის შემდეგ, დატოვა ევროსაბჭო და ამით განამტკიცა ავტორიტარიზმი. რუსულ გზაზე საბოლოოდ შედგომის შემთხვევაშიც კი ეს იქნება დროებით, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს, რომ ამ ქვეყანას მართავდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით“,

    ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

  • თუ საქართველო ევროსაბჭოდან გაირიცხება, შესაძლოა, EU-მ ვიზალიბერალიზაციას გადახედოს – პაატა ზაქარეიშვილი

    „არავინ შეგვაქებს და არ იქნება თავზე ხელის გადასმა. არანაირი განტვირთვა არ იქნება, იქნება მდგომარეობის აშკარა გაუარესება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ სახით, დემონსტრაციულად არ ასრულებს პირობებს – არ გაუთავისუფლებია პატიმრები, არ დაუნიშნავს ახალი არჩევნები. პირიქით, მძიმდება ადამიანის უფლებები. იქნება ეს ქუჩაში, ჯარიმების, სასამართლოს თუ კანონების კუთხით. ყველა კანონს იღებენ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ. შეგნებულად, დემონსტრაციულად, უტიფრად უტევენ ევროპულ ინსტიტუტებს, ჩვენს შემთხვევაში ევროპის საბჭოს. აშკარად, სხვა შანსს არ უტოვებენ ევროსაბჭოს და ევროპის სხვა ინსტიტუტებს, რომ კიდევ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღონ. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე შედეგი იქნება, რომ საქართველო ევროსაბჭოდან გაირიცხოს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება და შეიძლება უფრო მძიმე პირობები დაგვიყენონ, რათა შესრულდეს. მეორე ვარიანტია გადაიტანონ გარკვეული ვადით, რათა არ დასაჯონ საქართველო ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს ევროკავშირთან პირდაპირი ბმა არ აქვს, თუ მძიმე გადაწყვეტილება იქნება, ევროკავშირმა შეიძლება ეს გამოიყენოს, რათა გადახედოს საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციას. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის არგუმენტები, სადაც დარწმუნდება, საქართველო უბრუნდება თუ არა ევროკავშირის გზას. თუ აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია იქნება ძალიან მკაცრი, ბუნებრივია, მათ მოუწევთ რაღაც რეაგირება,“

    ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხად.

  • საბა სორდიას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა – ძველიშვილი

    ინდიგოს აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, დაკავებულ ჟურნალისტ საბა სორდიას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს.

    “ახლა გავიგეთ, რომ საბას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა. როდის იქნება სასამართლო, ამასაც წინასწარ არავინ ამბობს, ესეც შემთხვევით უნდა გავიგოთ”- წერს ძველიშვილი.

    გამოცემა ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ პოლიციელთან დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

  • ბოლნისში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში 6 აპრილს საკუთარ სახლში 71 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ,  Aktual.ge– ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილას სისხლის ნაკვალევი ნახეს.

    ადგილზე პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

    სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა – შაჰინი

    „ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ის [ქართული ოცნება] აპირებს ჩინურ კომპანიას გადასცეს პროექტი, რომელიც შავ ზღვაზეა. ეს ის საკითხია, რომელზეც შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ამ შესაძლებლობის გაქრობის ხილვა.”

    ამბობს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი. განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

  • პანიკის საფუძველი არ არსებობს! – სეს-ის უფროსი რძის ნიმუშებზე

    სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან აფლატოქსინ M1-ის შემცველობა კრიტიკული არ არის.

    “მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, უპირველესად იმის გამო, რომ აფლატოქსინ M1-ის შემცველობა კრიტიკული არ არის.

    ჩვენ, 2016 წლამდე გვქონდა ძველი კანონმდებლობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხდით ასოცირების წევრი და DCFTA-ის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ავიღეთ მსოფლიოში არსებული აფლატოქსინ M1-ის უმაღლესი სტანდარტი 0, 05, 0,5-ის მაგივრად. ეს არის ყველაზე მკაცრი სტანდარტი, რაც შეიძლება იყოს მსოფლიოში”. – განაცხადა სეს-ის ხელმძღვანელმა იმედის ეთერში.

    ცნობისთვის სოფლის ნობათის რძის პროდუქტებში აფლატოქსინ M1-ის გამოვლენის შესახებ ინფორმაცია, 3 აპრილს, თავად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

  • თუკი რაიმე დარჩენილია ამ პარტიებიდან, აქტიურად მიმდინარეობს მათი გამოთხოვა ბაზრიდან – სეს რძის ნიმუშებზე

    სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანა გემაზაშვილი “სოფლის ნობათის” პროდუქციაში,  აფლატოქსინის გამოვლენას ეხმაურება და ამბობს, რომ “შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება”.

     

    “გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი. მათ შორის რძე და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის შემოწმებული. არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა. მათ შორის ამ მაჩვენებელზეც გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ “ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული რძე და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა.

    ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად. სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნესოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან.

    მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან”, – თქვა სეს-ის წარმომადგენელმა.

  • პუტინი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის გაჭიანურებას – გხედავთ, ვლადიმერ პუტინ! – დევიდ ლემი

    “ჩვენი შეფასებაა, რომ პუტინი აგრძელებს გაბუნდოვანებას, აგრძელებს ფეხის თრევას. [….] ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის ენერგომომარაგება. გხედავთ, ვლადიმერ პუტინ! ვიცით, რასაც აკეთებ!“

    განუცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს. ლემიმ ეს განცხადება მისი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს სახელით გააკეთა, რომელიც ჟურნალისტებთან საუბრისას მის გვერდით იდგა.